მთავარი,სიახლეები

ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო – მითი და რეალობა 

14.05.2019 • 5697
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო – მითი და რეალობა 

მთავრობამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრად ოფიციალურად გამოაცხადა. ამისთვის მან რიგგარეშე სხდომა მოიწვია და საკითხი განხილვის გარეშე, იმავე დღესვე დაამტკიცა პარლამენტმა. ოპონენტი მხარე აღნიშნავს, რომ მთავრობა-პარლამენტის განმარტება ამ საკითხის გაოფიციალურობაზე – რაშიც წელს 893 340 ლარი დაიხარჯა, სუსტი, არადამაჯერებელი და სასაცილოც კია. როგორია მითი და რეალობა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის შესახებ და ვინ ვისი მსხვერპლია – მთავრობა, საპატრიარქოსი თუ – პირიქით.

მეათე საუკუნის საქართველო ქრისტიანული ქვეყნების ალიანსში

 თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამ საკითხის როგორც თეოლოგიურ, ისე ისტორიულ საფუძველს განმარტავს. მისი თქმით, „წილხვდომილობა“ როგორც ასეთი, თეოლოგიური თვალსაზრისით, არ არსებობს, რადგან „ძველი აღთქმის მიხედვით გამორჩეულმა ებრაელმა ერმა ვერ იცნო განკაცებული ღმერთი ქრისტე. პირიქით, ჯვარს აცვეს ის, რის გამოც მან დაკარგა გამორჩეულობის, პირმშოობის პატივი და ამის შემდეგ, არც ერთი კონკრეტული ეთნოსი, ერი, ქრისტიანობაში გამორჩეული არ არის,“- გვეუბნება ის.

თეოლოგის განმარტებით, ამაზე ყველაზე ნათლად მიანიშნებს სახარებიდან პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ, სადაც საუბარია, რომ „აღარ არის აღარც იუდეველობა, აღარ ელინობა, აღარ ქალი, აღარ კაცი, არამედ ყველანი ერთი ვართ ქრისტეში“.  მირიან გამრეკელაშვილის თქმით, შეუძლებელია, ღვთისმშობელი იყოს რომელიმე კონკრეტული ეროვნების, ეთნოსის მფარველი, „რადგან ეს დააკნინებდა ქრისტიანული თეოლოგიის უნივერსალისტურ ხასიათს“.

რაც შეეხება ისტორიულ კონტექსტს, გამრეკელაშვილის თქმით, არსებობს კვლევები, მათ შორის ქართველი მეცნიერების, რომელიც აღწერს იმ პერიოდს, დაახლოებით მე-10 საუკუნეში, როცა ქართველები პირველად შევიდნენ შეხებაში ბერძნულ ქრისტიანულ კულტურასთან.

მირიან გამრეკელაშვილი

 „უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინდელი ქრისტიანული ქვეყნების კლუბი, ეს იყო დაახლოებით ისეთივე გაერთიანება, დღევანდელი ნატო და ევროკავშირი რომ წარმოვიდგინოთ. აქ გაერთიანებული იყო მაღალი კულტურის მქონე ქვეყნები, რომელთაც მიიღეს ქრისტიანობა და შემდეგ ჩამოაყალიბეს დაწინაურებულ სახელმწიფოთა ალიანსი. ქვეყანა, რომელიც მიიღებდა ქრისტიანობას ავტომატურად, ამ ქვეყნების თანასწორი წევრი ვერ ხვდებოდა. იგივე „ქართლის ცხოვრებაში“, მირიან მეფე როცა იღებს ქრისტიანობას, ეს არ არის საკმარისი ბიზანტიასთან კავშირის დასამყარებლად. ის აგზავნის ჯარს, ჩრდილოეთ კავკასიაში და ამით ცდილობს თავისი შენატანი გააკეთოს ქრისტიანული ქვეყნების ალიანსში“.

თეოლოგის თქმით, როდესაც ქართველები შევიდნენ ბერძნულ კულტურასთან ახლო მიმოცვლის პროცესში, ბერძნებს  პრობლემა ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის ქართული ენა, ხატწერა, გალობა და ა.შ იყო კულტურულად სრულიად სხვა და უცხო მოვლენა. „შესაბამისად, ისინი ჩვენ არ გვიღებდნენ როგორც თანასწორს“.

ამას გარდა, ქრისტიანულ ქვეყნებს, როგორც თეოლოგი გვეუბნება, უკვე გააჩნდათ წარმოდგენები საკუთარი რჩეულობის შესახებ და „ასე რომ ვთქვათ, მოციქულები უკვე განაწილებული იყო“. ბერძნები თავიანთ მომაქცევლად მიიჩნევდნენ  ანდრიას, დანარჩენები – იაკობს და ა.შ. „როცა ქართველები შევიდნენ ამ კონფლიქტში და აღმოაჩინეს, რომ ბერძნები ქედმაღლურად უყურებდნენ, მათ დაიწყეს შესაბამისი ნარატივების გამომუშავება“.

თეოლოგის თქმით, ქართველებს რცხვენოდათ, რომ ისინი მოაქცია არა რომელიმე მოციქულმა, არამედ ვიღაც უსახელო ტყვე ქალმა და ამ ნარატივს გადააჯაჭვეს ღვთისმშობლის წილხვდომილობა, რომელიც სავარაუდოდ აიღეს თავად ბერძნებიდანვე.

„წილხვდომილობასთან დაკავშირებით პირველი წყაროები გვხვდება გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში. მე-8 საუკუნეში ავარებმა დაარტყეს ალყა კონსტანტინეპოლს და ქალაქი რომ გადარჩენილიყო, კონსტანტინეპოლის ყველა მცხოვრები ევედრებოდა ღვთისმშობელს გადარჩენას და მაშინ დაიწერა პირველად ღვთისმშობლის მიმართ საგალობელი, სადაც წილხვდომილობაზეა საუბარი. გიორგი მთაწმინდელის ტექსტში არის ერთი პასაჟი, როდესაც გიორგი მთაწმინდელს დაავიწყდება ქართული ენა და მას სიზმარში ესიზმრება ღვთისმშობელი, რომელიც დაუბრუნებს ქართულ ენაზე მეტყველების უნარს და შემდეგ ტექსტში, მამამისი იოანე მთაწმინდელი ეუბნება, რომ ღვთისმშობელს აქვს განსაკუთრებული სიყვარული ქართველთა და ებრალება იგი.

შემდგომ, ასეთი ტიპის ნარატივები არის არსენ ბერის ჩანაწერებში, ასევე ილარიონ ქართველის ცხოვრებაში. განსაკუთრებით დიდი ჯაჭვი კი შეიკრა მე-11-12 საუკუნეებში, როდესაც ნიკოლოზ გულაბერისძემ, სვეტიცხოვლის საკითხავში სცადა გაეშიფრა, თუ რატომ მოევლინა საქართველოს განმანათლებლად წმ. ნინო და არა რომელიმე მოციქული. მის მიერ წამოყენებული სამი არგუმენტიდან, ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ის არის, რომ რადგან საქართველო იყო ღვთისმშობლის წილხვედრი, ამიტომ გამოარჩია მან ნინო და გამოაგზავნა ქართველთა უხეში და ფიცხი ხასიათის გამო, რადგან ქალი ნაკლებ აგრესიას გამოიწვევდა ქართველ წარმართებში“.

მირიან გამრეკელაშვილის აზრით, ეს თხრობა თავის დროზე იყო ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული, რომელიც ისახავდა ორ მნიშვნელოვან მიზანს – „ეს იყო კულტურის აპოლოგია და ასევე გეოპოლიტიკურ სივრცეში ქრისტიანული ქვეყნების ალიანსში ინტეგრირების ერთ-ერთი ხერხი. იგივე ხერხი იყო, მაგალითად, ქართულ ენაზე აპელირება“.

თეოლოგის თქმით, საბოლოოდ, მივდივართ გარკვეული ტიპის ლეგენდარულ წარმოდგენებამდე, რომლებიც ისტორიულ კონტექსტში იყო ძალიან ქმედითი და ეფექტური, მაგრამ დღეს ამ კონტექსტების გაცოცხლება, მით უმეტეს სახელმწიფო დონეზე აყვანა, ემსახურება ერთადერთ მიზანს – „ხელისუფლება, რომელიც მიჩვეულია რეკლამას,  ეკლესიური წარმოდგენების ხარჯზე ცდილობს გაზარდოს საკუთარი პოპულარობა“.

„აქ საინტერესოა შემდეგი საკითხი, ივანიშვილი არის მატერიალისტი, მას ასევე გამოარჩევს ის თვისება, რომ უნდა საქმე ჰქონდეს არა პიროვნული ქარიზმის მქონე ადამიანთან, როგორიცაა, მაგალითად, პატრიარქი, არამედ, სწორედ ამ ტიპის ზოგადი ლეგენდების გამოყენებით დაიწეროს პოლიტიკური ქულები. რატომ დასჭირდა დღეს ეს, არ არის რთული გამოსაცნობი რადგან, ხელისუფლება იმყოფება მწვავე პოლიტიკურ კრიზისში. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე ხელისუფლება კარგავს ბევრ მნიშვნელოვან აქტივს, იქნება ეს ყარსის თუ ანაკლიის პროექტები; მოსახლეობა არის უკმაყოფილო შიდა ეკონომიკური მდგომარეობით და სწორედ ასეთ კონტექსტში, რელიგიით მანიპულირება არის ერთ-ერთი გამოსავალი“, – ამბობს გამრეკელაშვილი.

თეოლოგის აზრით, რწმენა არის გაცილებით ძნელი მოსაპოვებელი მდგომარეობა, რელიგიურობა კი ხშირად არის გარკვეული ტიპის იდეოლოგიის ერთგულება: „ჩვენი საზოგადოება არ არის მორწმუნე ამ ტერმინის არსობრივი გაგებით, ჩვენი საზოგადოება არის ლოიალური კონკრეტული რელიგიური ინსტიტუტის მიმართ და ის იმეორებს ამ ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებულ კონცეპტს, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობასთან კავშირში არ არის. სწორედ იმიტომ, რომ ძირითადად ის ბაზირებულია გარკვეული ტიპის მითო-რელიგიურ ლეგენდებზე“.

მირიან გამრეკელაშვილის თქმით, იმ ტექსტებში, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, პარალელურად, არის კარგი მაგალითები, თუ როგორ იაზრებდა იმ დროს ეკლესია სოციალურ პასუხისმგებლობას.  „როცა გიორგი მთაწმინდელი ხედავს, რომ მეფე ბაგრატი აგებს ტაძარს, ის ეუბნება, რომ ღვთისთვის ქვებით ნაშენ ტაძარზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანია და მას მიჰყავს 80 ობოლი ბავშვი, რომლებიც ათონის მთაზე ეკლესიის ხარჯებით ცხოვრობენ.

გამრეკელაშვილის თქმით, არც ივანიშვილი დგას ფორმალური ქველმოქმედებისგან შორს, თუმცა ამან მას პოლიტიკური კრიზისი ვერ ააცილა. „ამიტომ 50 ათასი ხატის დარიგება ასრულებს პოლიტიკური ბუკლეტის ფუნქციას. მათი მხრიდან ეს გათვლა არის მასობრივი ეფექტის შექმნაზე და არა თვისობრივად მნიშვნელოვანი საქციელის ჩადენაზე გათვლილი. ეს მეტყველებს, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასს დღემდე არ ესმის ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები, ამავე დროს, ისინი აზიანებენ ადამიანების რწმენას რადგან ახდენენ პოლიტიკის აღრევას რელიგიურ ნარატივებთან. ამიტომ არის ამ ქვეყანაში ქრისტიანული ფასეულობები ლეგენდებით გადადღაბნილი“.

„წილვეხდრობა“ – როგორც პოლიტიკური მოსყიდვის იარაღი

თამარ კორძაია, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ წილხვდომილობაზე მიღებული დადგენილების დისკრიმინაციულობის გარდა, პრობლემაა მისი მიღების ფორმაც.

თამარ კორძაია

„საკითხი არ გაციებულა, ისე დაამტკიცა პარლამენტმა და ამისთვის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. მთავრობამაც, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გამოყო ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა არჩევნებია და 2020 წელსაც, ეს ნიშნავს, რომ საპატრიარქო და ხელისუფლება კიდევ ერთხელ გარიგდნენ ერთმანეთში. ეს არის მანკიერი ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს სასულიერო პირებთან და ისინიც ცდილობენ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე“.

თამარ კორძაიას თქმით, სასულიერო პირები ყოველთვის ცდილობენ დააშანტაჟონ ხელისუფლება საკუთარი მრევლის ხმებით. „წილხვედრობაც“ არის მოსყიდვა ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსი და პირიქით. ეს სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით იმიტომ არის საშიში, რომ მიგვაქანებს სიბნელისკენ და არა ნორმალური ცივილური გადაწყვეტილების მიღებისკენ, როდესაც რეალურად ხდება მოქალაქეთა მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინება“, – ამბობს კორძაია.

პოლიტიკოსის თქმით, არსებითი საკითხების რელიგიური მითებით გადაფარვა არის რუსული პოლიტიკური კლასისთვის დამახასიათებელი და ამაში საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება რუსულს ხელისუფლება.

„ხელისუფლების უსუსურობამ ყველა ზღვარს გადააჭარბა – საპატრიარქოს თითის ქნევის გარეშე ვერცერთ რეფორმას ვერ აკეთებს. რომელი რომლის მსხვერპლია ვერ ვიგებთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისინი კრიტიკულ მომენტში ახერხებენ შეთანხმებას და მოქალაქეების ხარჯზე ორივე ძარცვავს თითოეულ ჩვენგანს“, – აცხადებს თამარ კორძაია.

საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები როგორ იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე ევროპულ ალიანსში? – თამარ კორძაიას აზრით, მსგავსი გადაწყვეტილებები ცნობიერების, ცივილიზაციის თვალსაზრისით არის საუკუნით უკან დახევა. „ჩვენ ვხედავთ, რომ სოფო კილაძე, მარიამ ჯაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად აამებს საპატრიარქოს. მარიამ ჯაშს თუ მოვუსმენთ, ჩვენ უნდა ვიყოთ სასაცილოები ევროპაში, რადგან ევროპის ნიშა არის გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა და გვითხრეს, რომ ჩვენც ამ საკითხებს მივხედოთ.

თანამედროვე სამყარო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე მსჯელობს, რომლის დაცვაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მარიამ ჯაშს, როგორც ჩანს, ეს არ სმენია. როდესაც მის გვერდით მსხდომ კოლეგებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს უვრცელებენ, როგორც ჩანს, ამაზე პრობლემა არ აქვს. სამაგიეროდ, სურს დაიცვას კიდევ უფრო ძლიერი, რომ მის ფრთის ქვეშ კარგად იგრძნოს თავი“.

თამარ კორძაიას აზრით, ივანიშვილის მხრიდან ეკლესიების მშენებლობა, შემდეგ მოხატვა თუ ხატების შესყიდვაზე ფულის ხარჯვა, არის ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა. „ეს არის პოლიტიკური დანაშაული, რადგან ჩვენ შეგვეკითხებიან, თუ რატომ არის 50 ათასი ბავშვი სიღატაკის მიღმა, რატომ შიმშილობს წილხვედრი ერი. ამიტომ, მოქალაქეებმა ამ ყველაფერზე თავიანთი პასუხი ხელისუფლებას არჩევნების დროს უნდა გასცენ“.

განათლების რეფორმა და მოშიმშილე ბავშვები „წილხვედრ“ ქვეყანაში

რისი გაკეთება შეეძლო განათლების სამინისტროს 480 ათას ლარად, რომელიც მას „წილხვდომილობის“ აღსანიშნავ ღონისძიებების ფარგლებში გადასცეს? განათლების სპეციალისტ სიმონ ჯანაშიას აზრით, ამ თანხით სამინისტროს შეეძლო „მინიმუმ ახალი პუბლიკაციების მომზადება, თარგმნა, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი წახალისების შექმნა, მაგალითად, კონკურსების ჩატარება იმისთვის, რომ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა თავიანთი თავი გამოსცადონ ახალ გარემოში. 500 ათას ლარად შეიძლება ასობით ბავშვის გაშვება საზაფხულო ბანაკებში, ვისაც არ შეუძლია თავად დააფინანსოს წასვლა, უცხოეთში სწავლის დაფინანსება შეიძლება და უამრავი რამ.

სიმონ ჯანაშია

სხვადასხვა ქალაქში შშმ ბავშვებისთვის ინფრასტრუქტურის  გაკეთება, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა და სუბსიდირება ვთქვათ რეპეტიტორობის,  რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს უმაღლესში მოხვედრის შანსებს“, – გვეუბნება სიმონ ჯანაშია.

მისი აზრით, განათლების სისტემაში უამრავი რამეა გასაკეთებელი, „ფული კი იხარჯება წყალში გადაყრილ  ნაბიჯებში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის ინტერესები, რომელიც თავის თავზე ირგებს სახელმწიფო ბიუჯეტს“.

ჯანაშიას აზრით, მთავრობის მხრიდან ფულის საგანგებო რეჟიმში გამოყოფა, რაიმე მნიშვნელოვან, გადაუდებენ მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ წილხვდომილობის გამოცხადებისას არც ერთი ეს გარემოება არ ყოფილა. 

ისიც ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი არ არის ბავშვების სასიკეთოდ გადადგმული, არც მათთვის ვინც შიმშილობს, ვინც სახლში რჩება, რომ პატარა და-ძმას მოუაროს. ბავშვების უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა ცურვაზე იაროს, ან სპორტის რომელიმე სახეობაზე. იმის მაგივრად, რომ ამ ბავშვების საჭიროებებზე იხარჯებოდეს ბიუჯეტი, პოლიტიკური პარტიის პრიორიტეტებზე იხარჯება“.

რამდენიმე თვეა სოციალური მუშაკები სახელმწიფოსგან ხელფასის გაზრდას და მიზერული პირობების შექმნას ითხოვდა, თუმცა მთავრობამ მათ უარი უთხრა ხელფასის გაზრდაზე. ხელისუფლება ეფექტურად ვერ ახორციელებს დაანონსებულ განათლების რეფორმას, „სამაგიეროდ ეკლესია იღებს ქონებას, დაფინანსებას, ერევა განათლების საკითხებში და ითხოვს მას შეუთანხმონ სახელმძღვანელოების გრიფირება და ა.შ. ის მოითხოვს მორჩილებას და აშანტაჟებს სამინისტროს“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, სწორედ მსგავსი შანტაჟების ანარეკლია ის, რომ „ადამიანების გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ სკოლებში არ ისწავლება საქართველოს ისტორია თუ „შუშანიკის წამება“, რომ სამინისტრო ებრძვის ქართულ ენას, ღირებულებებს და ა.შ“.

ჯანაშიას აზრით, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქედან, რომ დასაქმებულებს არ ჰყოფნით ცოდნა, ან მმართველები მოწყვეტილები არიან რეალობას და ვერ ხედავენ, რომ მათ გარშემო ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: