მთავარი,სიახლეები

მამა ჩემს წარმოდგენებშია – აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის შვილი მამაზე

08.08.2019 • 2450
მამა ჩემს წარმოდგენებშია – აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის შვილი მამაზე

ნინიკო მჟავანაძე ათი წლისაა. როცა მისი მამა, კაპრალი რაულ მჟავანაძე აგვისტოს ომში დაიღუპა, ის ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. მამის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრების მონათხრობით იცის. წლების წინ, როცა უფრო პატარა იყო, მამას ხშირად ხატავდა, ისეთს, როგორიც მის ბავშვურ წარმოდგენებში იყო, – სიმპათიურ გმირს, რომელიც სამშობლოს გადასარჩენად იბრძოდა.

„ახლა აღარ ვხატავ… უფრო სწორად, ვეღარ ვხატავ მამას, არც ომობანას ვთამაშობ. არ მინდა, რომ ომი არსებობდეს, მინდა ყველა ჯანმრთელი იყოს და მშვიდობა იყოს საქართველოში“, – გვეუბნება ათი წლის ნინიკო.

ის ამბობს, რომ ომი ცუდია, რადგან ბევრი ადამიანი კვდება. ნინიკომ ჯერ არ იცის, რა მოხდა 8 აგვისტოს, ამაზე არც სახლში და არც სკოლაში არ ესაუბრებიან. „მხოლოდ ის ვიცი, რომ ომი იყო“.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2380386228846786/

 

ნინიკოს დედა, თეონა ივანაძე გვეუბნება, რომ შვილთან ამ თემაზე იშვიათად საუბრობს. „ჩვენთვის ეს ძალიან მძიმეა“, – ამბობს და თვალებზე ცრემლს იწმენდს.

თეონა ამბობს, რომ როცა ომი დაიწყო, მას და რაულს ოჯახი ახალშექმნილი ჰქონდათ. ხუთი თვის ფეხმძიმე იყო.

„როცა ომი დაიწყო, რამდენჯერმე დავურეკე,… არ მიპასუხა. მეგონა ცოცხალი იქნებოდა…“ – გვეუბნება თეონა. მოგვიანებით კი უთხრეს, რომ კაპრალი რაულ მჟავანაძე დაიღუპა.

ამ დღის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა.

თეონა არ მუშაობს. ამბობს, რომ სამსახური შესთავაზეს, თუმცა, რადგან ნინიკო პატარა იყო, შვილთან ყოფნა ამჯობინა. „ახლა მხოლოდ ჩემი შვილით ვარ დაკავებული“, – გვეუბნება ის.

ათი წლის ნინიკო მჟავანაძე. აგვისტოს ომში დაღუპული რაულ მჟავანაძის შვილი და მისი მეუღლე, თეონა ივანაძე
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ნინიკო სკოლაში კარგად სწავლობს და ამბობს, რომ მომავალი პროფესიაც შეარჩია. პოლიციელი უნდა გამოვიდეს. „მამაჩემი გმირი იყო. ის სამშობლოს იცავდა და მინდა მეც დავიცვა“, – გვეუბნება ის.

თეონა ამბობს, რომ სახელმწიფო დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს ყურადღებას აქცევს. „ბათუმში ჩვენი ბინა არ გვაქვს, მაგრამ თბილისში გადმოგვცეს. ფინანსურადაც გვეხმარებიან და ვახერხებთ თავის რჩენას.“

რაული მშობლიურ სოფელში, ლეღვაშია დაკრძალული. თეონა და ნინიკო მისი საფლავის მოსანახულებლად ხშირად მიდიან. ყოველ 8 აგვისტოს პატარა გოგონას ყვავილები მიაქვს მამის საფლავზე, რომელიც არასდროს უნახავს.

„სოფელი ძალიან მიყვარს, იქ კარგად ვერთობი. ბებო მეუბნება, აქ დარჩი და არ წახვიდეო. მე მგონი, ბებოს მართლა განსაკუთრებულად ვუყვარვარ, ალბათ, თავის შვილს ხედავს ჩემში“, – ამბობს ნინიკო.

როცა მამა ენატრება, საოჯახო ალბომს იღებს და დიდხანს უყურებს მამის ფოტოებს. „ეს მამაა, ნათლობაში“, „აქ დედა და მამა არიან“, „აი, ამ ფოტოზეც მამაა, ოღონდ არ ვიცი სადაა“, – ათვალიერებს ფოტოალბომს და თან ფოტოების ისტორიას გვიყვება.

საუბრის ბოლოს ალბომს ფრთხილად ხურავს და კარადაში ინახავს. რეალობიდან უფრო ფერად, ზღაპრების სამყაროში ინაცვლებს და „თოვლის დედოფლის“ და სხვა ზღაპრული გმირების შესახებ გვესაუბრება.

35 წლის კაპრალი რაულ მჟავანაძე 2008 წლის 8 აგვიტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა, ცხინვალში კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად. ის ჯარში კონტრაქტით მსახურობდა.  ამავე წელს რაულ მჟავანაძე მხედრული მამაცობისთვის დააჯილდოვეს.

გადაბეჭდვის წესი