მთავარი,სიახლეები

რუსი არტისტების ნაწილს გაკმენდილი აქვს ხმა ლუკმაპურის დაკარგვის შიშით – იური დუდი

05.08.2019 • 1271
რუსი არტისტების ნაწილს გაკმენდილი აქვს ხმა ლუკმაპურის დაკარგვის შიშით – იური დუდი

3 აგვისტოს მინსკთან ახლოს როკფესტივალი «Рок за бобров» ჩატარდა, რომლის წამყვანმა, ჟურნალისტმა იური დუდმა, ,,დოჟდის” ცნობით რუსული პანკ-როკ ჯგუფის, „პორნოფილმის“ წარდგენის შემდეგ, მოსკოვის დემონსტრაციების და რუსი არტისტების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„გუშინ ჩამოვედი მოსკოვიდან, სადაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება. ასეთ დროს  რუსი არტისტები ორ კატეგორიად იყოფიან, ერთნი, რომლებსაც გაკმენდილი აქვთ ხმა იმის შიშით, რომ ლუკმა-პურს დაკარგავენ, რომ მაღლა ვინმეს გააბრაზებენ და მეორე კატეგორიის არტისტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, უმცირესობაში არიან, მაგრამ ყველაფერს თავის სახელს არქმევენ –  შემოქმედებაშიც და მის მიღმაც,“ – განაცხადა იური დუდმა.


მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ადამიანები სამართლიან არჩევნებს ითხოვდნენ, 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დარბევისას პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა.

აქციები რუსეთის დედაქალაქში ერთი კვირის წინ დაიწყო. დემონსტრანტები ითხოვენ, არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატებს მისცენ რეგისტრაციის საშუალება.

„დოჟდის“ ცნობით, გასულ კვირას აქციაზე 430-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მოსკოვის მერიასთან. მედიის ცნობით, აქციის დაწყებამდე დააკავეს დამოუკიდებელი კანდიდატები: დმიტრი დურკოვი, იულია გალიამინა, ივან ჟდანოვი, ილია იაშინი და ლუბოვ სობოლი.

 

გადაბეჭდვის წესი