მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მიწა 75%-იანი ფასდაკლებით იყიდა ახალშექმნილმა შპს-მ, რომლის მეწილე რუსული კომპანიაა

05.08.2019 • 2539
მიწა 75%-იანი ფასდაკლებით იყიდა ახალშექმნილმა შპს-მ, რომლის მეწილე რუსული კომპანიაა

ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე 75%-იანი ფასდაკლებით – 1 146 250 ლარად იყიდებოდა. ქონება პირობებიან აუქციონზე 30 ივლისს გაიყიდა. ნაკვეთი ერთი ბიჯით – 1 176 250 ლარად იყიდა შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანიმ“, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვენახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა.

შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ თბილისში 2019 წლის 11 თებერვალსაა დარეგისტრირებული. მისი პარტნიორები არიან: შპს „აგენტ პლიუსი“, რუსეთის ფედერაცია [34% წილის მფლობელი], ჟუჟუნა ქავთარაძე და ნელი თათულაშვილი [33-33%-ის მფლობელები].

„ჯორჯიან რიზორთს კომპანის“ დირექტორი კი გიორგი ხურციძეა, რომელიც შპს „ჯეოიმპორტის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორიცაა. ნელი თათულაშვილი კი, კიდევ სამი სხვადასხვა კომპანიის პარტნიორია, აქედან ერთ კომპანიაში წილის 100%-ს ფლობს [შპს „იბერია“]. ნელი თათულაშვილი ფლობდა ასევე შპს „მეგა პროდუქტის“ წილის 10%-ს, რომელიც მან 2011 წელს 20 ლარად გაყიდა.

აუქციონზე გატანილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, თორნიკე კუჭავა „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ პირდაპირი მიყიდვა ან 1 ლარად ამ ნაკვეთის გასხვისების საკითხი სამინისტროში არ განიხილებოდა: „ქონება გასხვისდება მხოლოდ აუქციონით, რომელმაც უნდა გამოაჩინოს, არის თუ არა დაინტერესებული პირი, ანუ უღირს თუ არა პირს, ბიზნესს, გადაიხადოს მოცემული პირობებით მოცემული ფასი.“ 

მინისტრის მოადგილე ასევე აცხადებდა, რომ ნაკვეთით დაინტერესებული მხარეების მიერ „აუქციონამდე შემოთავაზებული იყო თუ რისი განვითარების შესაძლებლობა არსებობდა და არა ფასი. ჩვენ ჩვენი პირობებიც ჩავდეთ და კორექტირებული პირობებით გამოვაცხადეთ აუქციონი“.

აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის მომავალმა მესაკუთრემ – შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანიმ“, საბოლოო საპრივატიზებო საფასური ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს; ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში სამინისტროში უნდა წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების 2%-ის ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი თვის ვადაში კი – საპროექტო ობიექტის ვიზუალური [მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის] ესკიზი.

ქონების შემძენმა ასევე უნდა უზრუნველყოს:

[checklist]

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაც მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში მრავალფუნქციური შენობა- ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის დაწყება; ორი წლის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის ნულოვანი ნიშნულის დასრულება; სამი წლის ვადაში – ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება; ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა- ნაგებობ(ებ)ის ფასადის სამუშაოების დასრულება; 4 წლის ვადაში კი მრავალფუნქციური შენობანაგებობ(ებ)ის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება;
  •  ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) თვის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის ამოქმედება და არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

[/checklist]

კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

– – – – –

ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს საპარტნიორო ფონდიც ეძებს

„საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს შეკვეთილის მხრიდან ესაზღვრება პლაჟსა და მდინარე ჩოლოქს შორის მდებარე 104 294 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც შპს „აკვაცენტრის“ საკუთრებაშია [აკვაცენტრი მიწას მდინარის მეორე ნაპირზეც ფლობს].

რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, „აკვაცენტრის“ დირექტორი კახა კობიაშვილია, ხოლო 100% წილის მფლობელია „ვენითი ოუვერსიზ [Vanity Overseas] ლიმითედი / ვირჯინიის კუნძულები [ბრიტანეთი].

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, Vanity Overseas ერთ-ერთი ოფშორული კომპანიაა, რომლის საშუალებითაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი საქართველოში სხვადასხვა კომპანიას ფლობს, მათ შორის შპს „აკვაცენტრს“.

ქობულეთის მხრიდან კი, „საპარტნიორო ფონდის“ ნაკვეთს ფიჭვნარში, კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საკუთრებაში არსებული 24 911 კვ.მ. ტერიტორია ესაზღვრება.

შემდეგ 70 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ამ ნაკვეთიდან, ვიდრე ქობულეთის მოსახლეობამდე [აღმაშენებლის ქუჩის ბოლო] კი, გარკვეული ნაკვეთები უკვე გასხვისებულია. დარჩენილი იყო ერთი ნაკვეთი – 11 235 კვ.მ ფართობი, რომელიც ახლა გაიყიდა

ფაქტობრივად, როცა ჯერ კიდევ გაუსხვისებელი ნაკვეთებიც გასხვისდება, ფიჭვნარის სანაპიროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი ნაკვეთი აღარ რჩება. აქ უშუალოდ პლაჟის ვიწრო ზოლი დარჩება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

ამ თემაზე:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: