საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ბათუმის კოლონადებთან

პირველად ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, რომელიც ივლისის თვეშია დაგეგმილი. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქვეყნიდან ეწვევიან მუსიკოსები, მათ შორის იტალიიდან.

როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ფესტივალის – „ბათუმის ცის ქვეშ“ პროექტის ავტორია ბათუმის მუსიკალური ცენტრის წამყვანი სოლისტი ინგა ჯახუტაშვილი.

„ბათუმის მუსიკალური ცენტრი წლების განმავლობაში თანამშრომლობს ცნობილ იტალიელ დირიჟორთან, ლორენცო ტაციერთან. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ საქართველო, კონკრეტულად ბათუმი, გახდა გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე. მას ევროკავშირის ფონდებმა და გენუის მუნიციპალიტეტმა დაუფინანსეს ფესტივალი, სადაც რამდენიმე ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიც და ახლა უკვე საქართველო,“ – გვითხრა თეა ჭანტურიშვილმა, სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ლორენცო ტაციერი წელს გენუის კულტურის ელჩი გახდა. „სწორედ ამ ადამიანის დამსახურებით იმყოფებოდა ორჯერ ბათუმის მუსიკალური ცენტრი იორდანიაში, საოპერო ფესტივალზე და აქედან ჩამოყალიბდა საქმიანი ურთიერთობებიც“.

ფესტივალი ივლისში გაიმართება ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან. ჯერ კონკრეტული თარიღი გადაწყვეტილი არ არის. „შესაძლებელია, ეს იყოს 25 ივლისი. გვინდა ფესტივალი ორდღიანი იყოს. გახდება თუ არა ფესტივალი ყოველწლიური, ეს დამოკიდებულია იმაზე, წელს როგორ ჩაივლის“.

ფესტივალის ბიუჯეტი 56 ათასი ლარია. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი საოპერო არიები და საოპერო უვერტიურები. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

თეა ჭანტურიშვილის თქმით, ფესტივალზე ჩამოვა ჩინეთის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი კი თავად  ლორენცო ტაციერი იქნება. ასევე ჩამოვლენ მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან: „ამ ეტაპზე  კონკრეტულ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ეს პერიოდი აქტიურია ტურისტულად, ამიტომ ვგეგმავთ დავარიგოთ ფლაერები სასტუმროებშიც, რომ ბევრი სტუმარი დაესწროს ფესტივალს. ვფიქრობ, კარგი სანახაობა იქნება.

ფესტივალს ყველა მონაწილე ქვეყანა მასპინძლობს, დახურვა კი 29 ივლისს იქნება გენუაშია. გვინდა, დახურვაში ჩვენმა შემსრულებლებმაც მიიღონ მონაწილეობა“.

როგორც ჭანტურიშვილმა გვითხრა, ფესტივალი ძირითადად კლასიკურია, თუმცა შესაძლებელია სხვა ჟანრის გატანაც. „გვინდა, კლასიკურ მუსიკასთან ერთად ფოლკლორიც გავიტანოთ, ამაზეც მიდის მოლაპარაკებები, რადგან ეს კარგი ტრიუკია ტურისტული თვალსაზრისით“.

თეა ჭანტურიშვილის თქმით, ამ ურთიერთობების მთავარი მესიჯი არის ევროპა-საქართველო. „ეს არის მთავარი გათვლა, რადგან ამ ურთიერთობებით ჩვენ შევდივართ ევროპულ კულტურასთან ინტეგრაციაში. ფესტივალში მონაწილეობს ჩინეთიც, რომელიც უმნიშვნელოვანესი კვანძია და კულტურული ხიდი აღმოსავლეთსა და ევროპას შორის“.

მთავარი ფოტო: ლორენცო ტაციერი, დირიჟორის ფეისბუქგვერდიდან.

უნდა ჰქონდეს თუ არა რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელს – დავა საკონსტიტუციოში

უნდა ჰქონდეს თუ არა კომერციული რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელს, როცა ის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება? – ამ შეკითხვას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უპასუხოს, სადაც სარჩელის განხილვა დღეს, 23 მაისს, დაიწყო.

„ეს არის შეუსაბამო, როცა ერთი კონკრეტული სუბიექტი იღებს ბიუჯეტიდან მსხვილ ფინანსურ დახმარებას და დანარჩენი მაუწყებლები არ არიან კონკურენტულ გარემოში… მაგალითად, 2017 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მარტო ბიუჯეტიდან მიიღო 50 მილიონზე მეტი, სხვა დანარჩენმა 98-მა არხმა კი ჯამში 89 მილიონი…“ – ამბობს თენგიზ ომანაძე, მოსარჩელეების ინტერესების დამცველი.

სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალი მეწარმეობის განვითარების უფლებას, ასევე თანასწორობას.

„ეს მიდგომა სრულად მოდის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან,“ – არ ეთანხმება მოსარჩელეებს პარლამენტის იურისტი, ქრისტინე კუპრავა. მან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებისკენ მიგვითითა, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციული რეკლამის შემოსავლებს არ მოუმატია 2018 წელს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ.

„აღნიშნული ცვლილებები შეფასდა დადებითად ევროპის სამაუწყებლო კავშირის მიერ, ასევე ევროპის საბჭოს მიერ. მოცემული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს,“ – გვითხრა ქრისტინე კუპრავამ.

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაციამ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისთვის“ და ტელეკომპანია „თრიალეთმა“ შეიტანეს. დღევანადელ პროცესზე მოსამართლეები საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამოს და იურიდიული სამსახურების უფროსების პოზიციებსაც მოისმენს.

გასაჩივრებულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება აქვს სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსების დროს.

იურისტი თენგიზ ომანაძე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

„ყველაზე ყურებადი რაც არის, იქ აქვთ რეკლამის განთავსების უფლება… მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაზეც ექსკლუზივი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს,“- დასძენს თენგიზ ომანაძე.

რა ოდენობის სარეკლამო შემოსავლები მიიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რა პირობებით და რა ხელშეკრულებებით – ეს საჯარო ინფორმაცია სრული სახით „ბათუმელებმა“ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ვერ მიიღო. „ბათუმელები“ მაუწყებლისგან ამ ინფორმაციის მიღებას უკვე სასამართლოში ცდილობს.

 

 

 

 

 

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის გამოხმაურება

საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, „ბათუმელებში“ დღეს, 23 მაისს, გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება.  ინტერვიუში ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების მკვლევარი, ნათია ანდღულაძე, პედაგოგებისა და სკოლის დირექტორების დაჯილდოების თემას შეეხო.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს სურს გამოეხმაროს  „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ნათია ანდღულაძესთან, რომელიც ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსებს ეხება.

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია ნამდვილად გახლავთ ჩვენი ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება, ამასთან პროფესიულ ასოციაციებსა და კერძო სექტორს ჩვენი  ინიციატივა არ უშლის ხელს, კონკურსები დააწესონ და სხვადასხვა საგანში საუკეთესო მასწავლებელი გამოავლინონ.

სახელმწიფოს ანუ ცენტრს კონკურსის ჩატარება მიზერული თანხა უჯდება.   ტიხრული მინანქრით მოოჭვილი გულსაბნევი, რომელიც ადგილობრივი წარმოებისაა, 30 ლარი ჯდება, გამარჯვებული კანდიდატისთვის დაწესებული აბსოლუტურად ყველა პრიზი კერძო სექტორის მიერაა დაწესებული.

საუკეთესო დირექტორისათვის დაწესებული ჯილდო გახლავთ სასწავლო ტური ესტონეთში, შესაბამის ფონდებთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკება.

ცენტრი ასევე მხარს უჭერს ყოველწლიურ კონკურსს  – მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს.

ამ ფონზე გაუგებარია, გავრცელებული ინფორმაცია რესურსების არამიზნობრივად მიმართვის შესახებ.“

 

ამავე თემაზე:

უნდა აჯილდოვებდეს თუ არა სამინისტრო მასწავლებლებს და დირექტორებს

„ბაბილონ თაუერი“ 25 მილიონ ლარად გაიყიდა

ბათუმში, რუსთაველის #30-ში, მშენებარე პროექტი „ბაბილონ თაუერი“ 24 მილიონ 990 000 ლარად გაიყიდა.  მშენებარე პროექტი „ემ სი ქონსთრაქშენმა“ იყიდა.

აუქციონით განსაზღვრული პირობების მიხედვით, ახალი მფლობელი ყველა იმ ვალდებულებას აიღებს, რასაც უკვე ყოფილ მეპატრონეს, Tam Geo- ს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.

„ემ სი ქონსთრაქშენი“ 2019 წლის 20 მაისს თურქეთის მოქალაქემ დააფუძნა.

2019 წლის 15 აპრილს აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა. ახალი  პირობებით Tam Geo-ს  2012 წელს აღებული ვალდებულება   2022 წლამდე უნდა შეესრულებინა. კომპანია ვადის გადაწევასთან ერთად გათავისუფლდა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგანაც.

ამ თემაზე: ბათუმში „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა გაგრძელდება – 141 მეტრიანი შენობა რუსთაველზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ქონების აუქციონზე გატანის მიზეზი შპს Tam Geo-სა და მის დამფუძნებლებს შორის დავა გახდა: „კომპანიას დამფუძნებლების მიმართ საკმაო დავალიანება დაუგროვდა. აუქციონზე ქონება, მართალია, იყიდება, თუმცა იმ პირობებით და ვალდებულებებით, რაც 2019 წლის 15 აპრილის შეთანხმების აქტითაა განსაზღვრული. ქონების მყიდველს ამ ვალდებულებების შესრულება მოუწევს.“

აუქციონზე  მიწის ორი ნაკვეთი იყო გატანილი, მასზე განთავსებული უძრავი ქონებით.

ამავე თემაზე:

„ბაბილონ თაუერი“ – დაუსრულებელი მშენებლობა ბათუმის ცენტრში

 

საპატრიარქოს შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის გამოცემაში მოხვდა

ვენეციის კომისიის ახალ გამოცემაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 5 გადაწყვეტილება მოხვდა. ვენეციის კომისიის გამოცემა (e-Bulletin on Constitutional Case-Law) აერთიანებს ევროპის კონტინენტზე და მის მიღმა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების პრეცედენტული მნიშვნელობის სასამართლო პრაქტიკას.

ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ვენეციის კომისიის გამოცემაში მოხვდა, საპატრიარქოს ეხება. საუბარია 2018 წლის 3 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია „ქონების შესახებ“ კანონის კონკრეტული ჩანაწერი. ეს კანონი უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, ასევე, დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებდა ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, თუ ეს სამუშაო შესრულებული იყო საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას.“

ვენეციის კომისიის გამოცემაში მოხვდა მარიხუანას მოწევაზე გასული წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაუქმდა მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის. გამოცემა ასევე წერს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის ნაკვეთის შეძენის აკრძალვა არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს.

ვენეციის კომისიის გამოცემაში ასევე მოხვდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაუქმდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმა. ამ ნორმის მიხედვით, ახალი მტკიცებულების გამოვლენის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საკითხი ზეპირი მოსმენების გარეშე განიხილებოდა.

კიდევ ერთი საქმე კულტურული მემკვიდრეობაა, რომლის სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური დაცვის ვალდებულებაზე პირველად იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წელს.

 

 

 

 

ანაკლიის სასწავლო ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელდება

2019 წლის 22 მაისიდან ანაკლიის სასწავლო ცენტრში სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამები დაინერგა.  ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ ისწავლოს და  ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს.

სასწავლო ცენტრი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID „ზრდა“ ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა. უშუალოდ სასწავლო პროცესს საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ განახორციელებს.

სასწავლო პროგრამები ანაკლიის სასწავლო ცენტრსა და ზუგდიდის ტექნო-პარკში გაიმართება. პროექტი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

[checklist]

  • ინგლისური ენა (6 თვე)
  • კომპიუტერული პროგრამები (5 თვე)
  • სარესტორნო მომსახურების სპეციალისტი (მიმტანი) (4 თვე)
  • სასტუმროს დასუფთავების სამსახურის სპეციალისტი (დამლაგებელი) (3 თვე)
  • სტუმრების მიღება-განთავსების სპეციალისტი სასტუმროში (5 თვე)
  •  მეწარმეობა და ბიზნეს ადმინისტრირება (3 თვე)

[/checklist]

ინგლისური ენის სასწავლო კურსებისთვის განსაზღვრულია სწავლების 3 დონე (beginner, intermediate და advanced), ხოლო “კომპიუტერული პროგრამების“ სასწავლო კურსებისთვის განსაზღვრულია 2 დონე (beginner და advanced).

მსურველებს განცხადების ფორმის გამოგზავნა შეეძლოთ როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ხელწერილი სახით ანაკლიის საინფორმაციო ცენტრსა და USAID ზრდა პროექტის ზუგდიდის ოფისში, 10 მაისის ჩათვლით. აპლიკანტების შერჩევა, მათ მიერ მითითებული კურსების მიხედვით, ტესტირების შედეგად მოხდა, რის საფუძველზეც მსმენელები შესაბამის სასწავლო ჯგუფებში გადანაწილდებიან. თუმცა სხვადასხვა დონის სწავლებისთვის აპლიკანტების შერჩევის პროცედურის დასრულებისას დამატებით გასაუბრებები გაიმართება.

კურსდამთავრებულები მიიღბენ სწავლის დამადასტურებელ აკრედიტებულ სერტიფიკატებს, რაც მათ დასაქმების და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს გააუმჯობესებს.

ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ანაკლიის პორტის) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და ანაკლიისა და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.


ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ACD) შესახებ: ADC-ი არის კონსორციუმი, რომელიც ქართულმა თიბისი ჯგუფმა და ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დააფუძნეს, საქართველოს მთავრობასთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და განვითარებას ახორციელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხედვა, ანაკლიის პორტის საერთაშორისო კლასის კომპლექსად ჩამოყალიბება და მის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო წერტილად გადაქცევაა, როგორც ცენტრალურ აზიასთან, ასევე ახალი აბრეშუმის გზის სავაჭრო გზაზე, ევროპასა და აზიას შორის. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიზნად ისახავს ანაკლიაში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარჯების შემცირებას, რომელიც  ადგილობრივად და მთელ რეგიონში დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების წინაპირობაა. სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ADC-ი მიზნად ისახავს ანაკლიისა და მიმდებარე სოფლების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.anakliadevelopment.com

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ამერილმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.  პროექტები, რომელთა მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება.   USAID-ი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.usaid.gov/georgia

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა, არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯიახალი ტალღა ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მიზანია მოამზადოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური და მოთხოვნადი კადრები. მუდმივი განვითარების გზით შეინარჩუნოს ლიდერობა მრავალფეროვანი პროგრამებისა და სწავლების მაღალი სტანდარტების დანერგვის, აგრეთვე კერძო და საჯარო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით. საზოგადოებრივი კოლეჯის მისიაა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდაში შრომის ბაზრის და კოლეჯის პროფილის შესაბამისად კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების გზით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.kpc.ge

საგნობრივ გამოცდაზე 5-ათასამდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისათვის მთლიანობაში 25 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. ცენტრის ინფორმაციით, 5 ათასამდე პირი, ვინც რეგისტრაცია გაიარა, მასწავლებლობის მსურველია, 20 ათასამდე კი – პრაქტიკოსი მასწავლებელი. რეგისტრაცია ხვალ, 24 მაისს, მთავრდება.

ცენტრის ინფორმაციით,  რეგისტრაციის დროს სტატუსს არ ამოწმებენ, შესაბამისად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც აქვს ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. „თუმცა შედეგების გამოყენებას მასწავლებლობის მიზნებისათვის ის მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, როდესაც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციას მოიპოვებს და შესაბამის პროცედურებს გაივლის“.

ცენტრი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირებულ აპლიკანტებს კონსულტაციების გავლას სთავაზობს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს“.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
  • პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ასევე მათ, ვისაც აქვთ სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია გამარტივებული ფორმატით მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

მოკვლით მუქარა თანასწორობაზე გაკეთებული განცხადების გამო – პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ივა ყურშუბაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის იმ მუხლით მიმდინარეობას, რაც მუქარას გულისხმობს. ივა ყურშუბაძემ პროკურატურას გუშინ მიმართა.

ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ – ამბობს ივა ყურშუბაძე. მისივე თქმით, სოფელ ჩაისუბანში ოჯახის ახლობლებისგან და ნათესავებისგან მუქარა მას შემდეგ დაიწყო, როცა ივამ 17 მაისს გადაცემა „ჰეშთეგში“ მონაწილეობა მიიღო, სადაც ის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანასწორობაზე საუბრობდა. ივას სოციალურ ქსელშიც ემუქრებიან.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მუქარა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

„ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ“

სუფსაში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

სუფსაში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო. ავტომანქანის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მარაბდა-კარწახის რკინიგზამ და სარკინიგზო კოლეჯმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“   და ა(ა) იპ „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს“  შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის  თანახმად, კოლეჯის კურსდამთავრებულებს, რომელთაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და  გამოცდილება, სწავლის დასრულების შემდეგ, საშუალება მიეცემათ გაიარონ სტაჟირება კომპანიაში  შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სწავლება დუალური საგანმანათლებლო პროგრამით მიმდინარეობს.

,,ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კოლეჯის კურსდამთავრებულები შეძლებენ თეორიული ცოდნა გაამყარონ პრაქტიულ საქმიანობაში. პრაქტიკული გამოცდილება კი მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკურენტულ გარემოში სამუშაოდ, ”- განაცხადა შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ წარმოადგენელმა.

„სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის“ ხელმძღვანელი მანანა მოისწრაფიშვილი   მემორანდუმის გაფორმებას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს და მიიჩნევს, რომ   საგანმანათლებლო და სასერთიფიკატო პროგრამების გავლის შემდეგ, რასაც კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს,  კომპანიას პროფესიული კადრებით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს სს ,,საქართველოს რკინიგზის“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“  მიერ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაფუძნდა.

კოლეჯის მიზანია, სარკინიგზო სპეციალობების პოპულარიზაცია და შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით  ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპაანიის – „საქართველოს რკინიგზისთვის“ პროფესიონალი კადრების მომზადება. თავის მხრივ, „საქართველოს რკინიგზა“ სრულად არის ჩართული   პროფესიული პროგრამების მომზადება/გადამუშავებაში, სათანადო ინვენტარისა და აღჭურვილობების, თანამედროვე სიმულატორების, სასწავლო და საგამოცდო მასალების შეძენასა და პროფესიულ მასწავლებელთა გადამზადების საკითხებსა და სხვა აქტივობაში.

უნდა აჯილდოვებდეს თუ არა სამინისტრო მასწავლებლებს და დირექტორებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, ხშირად აცხადებს კონკურსებს გამორჩეული მასწავლებლების დაჯილდოების მიზნით. ახლახან მასწავლებლის სახლმა „საუკეთესო დირექტორის“ კონკურსიც გამოაცხადა. უნდა ატარებდეს თუ არა სამინისტრო მსგავსი შინაარსის კონკურსებს იმ უწყებებში, რომლებსაც პირდაპირ თუ ირიბად აკონტროლებს და რა ზიანდება სამინისტროს მსგავსი პოლიტიკით? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების მკვლევარი ნათია ანდღულაძე საუბრობს.

ნათია, ფიქრობთ თუ არა, რომ „საუკეთესო მასწავლებელი“ ან „საუკეთესო დირექტორი“ სამინისტრომ უნდა გამოავლინოს და თუ არა, რატომ?

სამინისტრო და მისი რომელიმე უწყება არ უნდა აწყობდეს მასწავლებლებისა და დირექტორების კონკურსებს.  ეს სამინისტროს საქმე არაა. ეს საქმე უკვე კეთდება და თან ძალიან კარგად. ამიტომ გამოდის, რომ რესურსებს არასწორად მიმართავს. გარდა ამისა, ეს საქმე კარგად არ გამოსდის და ამით კონკურსების იდეის დისკრედიტაციის რისკებს ქმნის.

რატომ ფიქრობთ, რომ სამინისტრო არ უნდა აწყობდეს ასეთ კონკურსებს?

ასეთი კონკურსი არ არის სამინისტროს საქმე. ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმე. ზოგადად, სამინისტრო ან, თუნდაც, მთავრობა არ არის ერთადერთი პასუხისმგებელი მხარე, ერთადერთი აქტორი განათლების სფეროში. ამიტომ კანონი განსაზღვრავს სამინისტროს და მისი უწყებების უფლებამოსილებებს.

წესით, კონკურსებს პროფესიული ასოციაციები უნდა ატარებდნენ. ჩვენთან უკვე არსებობს რამდენიმე ასოციაცია. მაგალითად, ინგლისური ენის მასწავლებლების ასოციაცია, სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ასოციაცია. სწორედ ამ ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კონკურსმა გამოავლინა ლადო აფხაზავა, შემდეგ უკვე ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული. მაგრამ ასეთი ასოციაციები საკმარისად ძლიერი არაა.

მაგრამ საკმარისად ძლიერია არასამთავრობო ორგანიზაციები. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოც  არასამთავრობო სექტორის წამოწყებაა. კოალიცია „განათლება ყველასთვის“ განათლების სფეროში საქმიანობით დაკავებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და  გლობალური კოალიციის ნაწილია. ამ კოალიციამ განახორციელა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტი, რომელიც ყველა თვალსაზრისით სამაგალითოდ შეასრულეს. ამავე კოალიციამ შარშან დაიწყო სკოლების კონკურსზე მუშაობა. სამინისტროსთანაც გაიარეს კონსულტაციები და მალე კონკურსიც უნდა გამოაცხადონ.

სამინისტროს მხრიდან მასწავლებლების ან დირექტორების ამ ფორმით წახალისება რატომ არ არის სასურველი?  

სამინისტროსაც აქვს თავისი წილი ფუნქციები მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით. სამინისტრომ უნდა შექმნას განვითარების და რეგულირების ბერკეტები. მაგალითად, სამინისტრომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს პროფესიული ასოციაციების გაძლიერებაზე. არ ვგულისხმობ, რომ თავად უნდა შექმნას პროფესიული ასოციაციები. სამინისტროს მიერ შექმნილ ასოციაციას პროფესიული საზოგადოება საკმარის ნდობას ვერ გამოუცხადებს. ხელი უნდა შეუწყოს მათ შექმნასა და განვითარებას. და თუ სამინისტროს უნდა, რომ წაახალისოს სკოლების კარგად მართვა, კონკურსზე უფრო ძლიერი ბერკეტი სკოლების შეფასების სისტემაა, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს.

თქვენ ამბობთ, რომ მასწავლებლების კონკურსმა აჩვენა, რომ სამინისტროს არ გამოსდის ეს საქმე. კონკრეტულად რას გულისხმობთ?

განსხვავებით „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსგან“, სამინისტროს მიერ ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კონკურსი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ბევრი ადმინისტრაციული პრობლემა იყო. მაგალითად, დაწყებული იმით, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, ტექსტში, რომლითაც სამინისტრო მასწავლებლებს კონკურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ისეთი გრამატიკული შეცდომები იყო, ქართული ენის ცოდნის მიმართ სამინისტროს დამოკიდებულებაზე რომ დააფიქრებს ქართული ენის მასწავლებელს.

კონკურსი იყო სახელდახელოდ ორგანიზებული. მაგალითად, მასწავლებლებს კონკურსში განაცხადის შემოტანისთვის მხოლოდ ორი კვირა მისცეს. კონკურსში ხომ კომუნიკაციის ნაწილი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი; გარდა იმისა, რომ საკმარისი უნდა იყოს დრო, რომ ამბავი გავრცელდეს მასწავლებლებში, ეს პიარის ნაწილიცაა – საკონკურსო პერიოდი თუ გონივრულად ხანგრძლივია, ფართო საზოგადოებაში უფრო კარგად გავრცელდება ინფორმაცია იმაზე, რომ აი, სამინისტრო ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლებს დააჯილდოებს.

მეორე დიდი პრობლემა იყო ჟიური –  არავინ იცოდა ჟიურის შემადგენლობა. გამჭვირვალობა ასეთ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ასეთი კონკურსი არასდროს არის სრულიად ობიექტური. ამიტომ ჟიურის წევრები უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც საზოგადოებაში გარკვეულ ნდობას იმსახურებენ.

და ბოლოს, ჯილდოს საკითხი. მასწავლებლებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ, რა იყო კონკურსის ჯილდო. არსად იყო ნახსენები. სერტიფიკატის გადაცემა დაავიწყდათ ზოგიერთი გამარჯვებულისთვის. საჩუქრები იყო ისეთი, ალბათ, აჯობებდა, საჩუქარი საერთოდ არ გადაეცათ. როცა სამინისტრო აცხადებს, საუკეთესო მასწავლებლები უნდა შევარჩიო და დავაჯილდოვოო და დამსახურებულ, 80 წლის მასწავლებელს ici paris სასაჩუქრე პაკეტს გადასცემს, ამით იდეას, კონკურსს და საკუთარ თავსაც კომიკურ სიტუაციაში აყენებს.

თქვენ ამბობთ, რომ სამინისტროს მიერ დირექტორების კონკურსის ჩატარება რისკებს შეიცავს. რა რისკებზეა საუბარი?

გარდა იმისა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების კონკურსი ისე იყო ორგანიზებული, რომ მასწავლებლების დაფასების ინტენცია [მისწრაფება] იქ ნაკლებად ჩანდა, ამ კონკურსის პროცესის ვიწრო პოლიტიკური მიზნებით გამოყენების რისკი არსებობს. მთავრობას ისედაც დიდი გავლენა აქვს სკოლებზე და ამ გავლენას, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ვიწრო პარტიული ინტერესების გასატარებლადაც იყენებს. მაგალითად, ია კერზაიას საქმე აჩენს ეჭვს, რომ დირექტორი, რომელმაც არ ითანამშრომლა არჩევნებში, დასაჯეს სამინისტროს გენერალური ინსპექციის სკოლაში გაგზავნით და დირექტორს ბრალი დასდეს სანიტარული პირობების დარღვევაში მაშინ, როცა მთელს უბანს წყალი არ მიეწოდებოდა. როცა სამინისტრო ასეთ საქმეზე აწერს ხელს, მის მიერ ჩატარებული კონკურსის მიმართ თავიდანვე უნდობლობით ვარ განწყობილი და მგონია, რომ ეს კონკურსიც ფიქციად და სასკოლო საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაძლიერების კიდევ ერთ საბაბად იქცევა.

გამოდის, სამინისტრო ამ კონკურსის გამართვით სამინისტრო არამიზნობრივად ხარჯავს სახელმწიფო რესურსს. მაგრამ ხომ შეიძლება, რომ სამინისტრომ ამ კონკურსში ჩართვით დააინტერესოს კერძო სექტორი?

სამინისტროს საქმე არ არის მცირემასშტაბიან პროექტებში ფილანტროპიის ჩართვა. თუ ეს ამოცანა აქვს, პოლიტიკის დონეზე უნდა შეცვალოს რამე, კანონმდებლობით შემოიტანონ ისეთი ცვლილებები, რაც სექტორში ფილანტროპულ საქმიანობას წაახალისებს. ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო და ეს საქმე ნამდვილად შედის მთავრობის ვალდებულებებში. თუ კანონმდებლობას ვერ ცვლის, მაშინ კარგ პროექტებს გამოუცხადოს მხარდაჭერა. საქმე გაკეთდება, მაგრამ სამინისტროს ამ საქმის გასაკეთებლად თავისი ადმინისტრაციული რესურსი აღარ დასჭირდება. საკმარისი იქნება, სწორად განსაზღვროს, ვის უნდა დაუჭიროს მხარი. როგორც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მაგალითზე გამოჩნდა, ფართო საზოგადოება ასეთ პროექტს მაინც სამინისტროს მიაწერს. ამიტომ რა საჭიროა, რომ სამინისტროს უწყება ეძებდეს ფონდებს, არ მესმის.

თქვენ ამბობთ, რომ  მსგავს საკითხებში სამინისტროს ჩართულობა „საერთო საქმეზე ზიანის მიყენებაა“ – რაში გამოიხატება ეს ზიანი?   

პირველ რიგში, სამინისტროს მიერ ამ საქმის წამოწყება უკვე დაწყებულ საქმეს აზიანებს. არ ვგულისხმობ მხოლოდ ერთ კონკურსს. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, ასევე, სკოლების ჯილდო დააფინანსა კერძო ფონდმა. ხშირად გაგვიგია, როგორ აქტიურობენ კერძო ფონდები და მეცენატები საზღვარგარეთ. საქართველოშიც აქვს მეცენატობის მოკლე, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი ისტორია. მეცენატობას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ უფრო მეტი საერთო ძალისხმევა ჩაიდოს საერთო, განათლების საქმეში.

ასეთი კონკურსები არის ნიშა, რომელიც განათლების სფეროში კერძო ფონდების, ბიზნესის, ფილანტროპული საქმიანობის წახალისების საშუალებას იძლევა. პატარკაციშვილის ფონდმა დააფინანსა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ და ეს პროექტი იმდენად რეზონანსული იყო, სხვებიც მიბაძავენ. ცალკეულ პროექტში ბიზნესის და კერძო ფონდების ჩართვა პატარა ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის საქმეა და თუ რამე შესაძლებლობა გამოჩნდა, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. მაგრამ ამ დროს სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ისედაც მწირი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით შევიდეს იმ საქმეში, რაშიც კერძო სექტორი უკვე აქტიურობს.

გამოდის, რომ სამინისტრო იკავებს იმ ნიშას, რომელშიც ისედაც შედის ფილანტროპია და ამით ფილანტროპიულ საქმიანობას უკარგავს სტიმულს. მაგალითად, თუ სამინისტრო ატარებს მასწავლებლების კონკურსს, ქართული ფონდი ან ბიზნესი, რომელსაც, ალბათ, უნდა, რომ დააფინანსოს რამე გამორჩეული, განსხვავებული, იყოს რამეში პირველი, აღარ მოუნდება სამინისტროს საქმიანობის გამეორება. ის საქმე ხომ ისედაც კეთდება და გაუჭირდება თავისი როლის დანახვა.

მეორე პრობლემა, უკავშირდება კონკურსის იდეის დისკრედიტაციას. დისკრედიტაციის მიზეზი შეიძლება გახდეს ცუდად დაგეგმილი და განხორციელებული კონკურსები. ამაზე უკვე ვილაპარაკე. მაგრამ ეს მხოლოდ კონკურსის დისკრედიტაცია კი არ არის, სამინისტროს რეპუტაციასაც ულახავს. ამაზე ბევრი ხმამაღლა და ფეისბუქ პოსტებით არ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და არც სამინისტროს თანამშრომელს გაუზიარებს თავის წუხილს. მაგრამ ვიწრო წრეებში განიხილავენ. სამინისტროს რეპუტაციის შელახვაც საერთო საქმის გაფუჭებაა, რადგან ადამიანებს უკარგავს რწმენას ინსტიტუციებში.

მესამე პრობლემა, უფრო ფართოა და საზოგადოებასა და მთავრობას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას ეხება. ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია წარმოდგენა იმაზე, რომ მთავრობა მოაგვარებს ყველაფერს. მიჩვეულები ვართ, რომ მთავრობის ბრალია ყველაფერი, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა ყველაფერი. ეს ჩემი დაკვირვება არაა. მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ მთავრობამ ისე უნდა იზრუნოს მოსახლეობაზე, როგორც მშობელი ზრუნავს შვილებზე. ასეთი შეხედულება პასუხისმგებლობის სრულად არიდებას გულისხმობს.

ეს უნდა შეიცვალოს საზოგადოებაზე ფუნქციების და პასუხისმგებლობის დელეგირებით. განათლების სფეროშიც ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, ნელა, მაგრამ მყარად და შეუქცევადად პასუხისმგებლობები უნდა დელეგირდეს სკოლებზე, პროფესიულ ორგანიზაციებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არ შეიძლება ყველაფერი აკეთოს სამინისტრომ და, შესაბამისად, ყველაფერზე იყოს პასუხისმგებელი. თითქოს რიტორიკა დეცენტრალიზაციის და დერეგულაციის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ საქმეში ეს არ ჩანს. ამ კონკურსის შემთხვევაში კი გამოდის, რომ სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს ახალ საქმეზე, უფრო სწორად, პასუხისმგებლობას ართმევს საზოგადოებას.

აივ-ინფექცია/შიდსის გავრცელება აჭარაში [სტატისტიკა]

ბათუმში აჭარის რეგიონის აივ-ინფექცია/შიდსის სტრატეგიის შემუშავებაზე ადვოკატირებასა და კოორდინაციაზე შეხვედრა ტარდება. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ აჭარაში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის მიმდინარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა, რომლის მიხედვითაც 2019 წლის მაისის მდგომარეობით აჭარაშ, ჯამში, 29 488 ადამიანს ჩაუტარდა სკრინინგი, მათ შორის C ჰეპატიტზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა 340 შემთხვევაში, AIV-ზე – 27, ტუბერკულოზზე ეჭვი კი 344 შემთხვევაში მიიტანეს.

 

სტრატეგიის დოკუმენტზე ა(ა)იპ კავშირის საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა” მუშაობს.

აივი ნიშნავს ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსს, შიდსი კი არის აივ ინფექციით გამოწვეული მდგომარეობა. ეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს დაუცველი სექსუალური კავშირით, სისხლით, ასევე, დედიდან შვილზე (მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში).
ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აივ/შიდსი დროთა განმავლობაში აზიანებს ადამიანის იმუნურ უჯრედებს და ასუსტებს მას. თუმცა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ხელმისაწვდომია თანამედროვე პრეპარატები, რომლის წყალობითაც აივ/შიდსი უკვე წლებია არ არის მომაკვდინებელი.
ის მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად გადაიქცა. თუ ადამიანები დროულად იწყებენ მკურნალობას, ვირუსის რაოდენობა სისხლში იკლებს და ნულს უტოლდება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება და აივ-დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება არაინფიცირებულის ხანგრძლივობას. გაუმჯობესებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება — მედიკამენტის ყოველდღიურად მიღება, ასევე ჯანმრთელობის რეგულარული კონტროლი ექიმის მეთვალყურეობით.
აივ ახალი შემთხვევების წლიური რაოდენობა

 

2014-2018 წლებში აჭარაში აივ ახალი შემთხვევების 74% გადაეცათ სქესობრივი გზით, აქედან 45% – ჰეტეროსექსით. 17% მოდის ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებზე, 2% – გადავიდა დედიდან ბავშვზე, 7% გადაცემის გზა კი უცნობია.

 

ამ მხრივ აჭარაში ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად მიიჩნევა რეგიონში სპეციფიკური სტატისტიკური მონაცემების, ასევე დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაციის არარსებობა; სტიგმა/დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან; პრევენციული პროგრამების / მხარდაჭერის სერვისების დონორულ დაფინანსებაზე დამოკიდებულება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მიუხედავად მკურნალობის ხელმისაწვდომობისა, დაბალია გამოვლენა და არასაკმარისია მკურნალობაში ჩართვის მაჩვენებელი. 2019-2023 წლების აჭარის აივ/შიდსის სტრატეგიის მთავარი მიზანია, შეამციროს აჭარაში აივ ეპიდემია აივ პრევენციის, ინფიცირებულ პირთა გამოვლენის და მათი მკურნალობაში ჩართვის გზით.

2018 წლის ოქტომბრისთვის ქვეყანაში ოფიციალურად გამოვლენილი და რეგისტრირებული იყო აივ ინფიცირების 7283 შემთხვევა, თუმცა შიდსის ცენტრში ვარაუდობდნენ, რომ ქვეყანაში აივინფიცირებულთა რაოდენობა 12000-ს აღწევდა. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე იყო.

შიდსის ცენტრის თანახმად, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია.

მოქალაქეების თხოვნა ჟურნალისტებს: აკონტროლეთ შესრულებული სამუშაოს ხარისხი

ქედის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხარაულაში  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრას  მედიის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოქალაქეებმა აჭარის  ტელევიზიისა და „გაზეთ  ბათუმელების“ წარმომადგენლებს თავიანთ სოფელში არსებული პრობლემები და  მოსაზრებები გააცნეს.

ადგილობრივებმა პრობლემებზე საუბრისას, პირველ  რიგში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში  შესრულებული სამუშაოების ხარისხი გამოყვეს. მაგალითისთვის მათ გზის მოწესრიგება დაასახელეს. მათ  მედიის  წარმომადგენლებს სთხოვეს, მეტად ადევნონ  თვალი ამ პროცესს – რამდენად  ხარისხიანად სრულდება ესა თუ  ის სამუშაო სოფლებში.

ზაურ ხარაძე, ადგილობრივი მცხოვრები: ჩვენს სოფელში გზის პრობლემაა. იყო რაღაც პროექტი, განხორციელდა სამუშაოები, მაგრამ მთავარია, რასაც აკეთებენ, ხარისხიანი  იყოს, გაძლოს სამი წელი მაინც. ასევე გვაქვს  წყლის პრობლემა, ავზი გააკეთეს, თუმცა უხარისხოდ.

მარი ტაკიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და  რადიო“,  გადაცემა  „ჰეშთეგის“ წამყვანი: ჩვენი მთავარი მიზანია, ერთი მხრივ, მოსახლეობის ინფორმირება და მეორე მხრივ, მაუწყებელი არის ის სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ გააჟღეროთ თქვენი პრობლემები, ყოველდღიური გამოწვევები. ეს შეიძლება იყოს სოფლის კლუბი, სადაც იკრიბებით ყოველდღიურად, მაგრამ საღამოს შეიძლება ვერ შეიკრიბოთ იმის გამო, რომ შუქი არ არის. მოკლედ, ჩვენი მაუწყებელი არის ფოკუსირებული ადამიანებზე და მათ გამოწვევებზე, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ, რომელ რელიგიურ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან და ა.შ.

ნათელა ფარტენაძე, ადგილობრივი მცხოვრები:  სასმელი წყალი ეზოში ყველას  გვაქვს, მაგრამ, რადგან დაკავშირებული ვართ ბახჩა-ბოსტანთან, სარწყავი წლის საჭიროებაც არის. თუ ამდენი თანხა იხარჯება, სად არის გაკეთებული, ვინმემ ხომ უნდა შეამოწმოს? ამ კლუბში, სადაც ვიმყოფებით,  არ არის შუქი, არც გაზი და წყალი. არანაირი გასართობი საშუალება არ არსებობს. გვინდა ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება.

მურმან  ზაქარაძე: სოფელში პატარა ჩანჩქერი გვაქვს, მაგრამ ერთ თვეში აღარ იქნება. არ გვაქვს სველი წერტილები. წყლის რესურსი რაც არის, ვცდილობთ, სკოლას მოვახმაროთ, რომ იქ მაინც იყოს წყალი. ჩემი სურვილია, რომ მედიამ გააშუქოს ნებისმიერი შესრულებული სამუშაოს ხარისხი, იქნება ეს მინიპროექტი თუ სხვა.

ზაურ ხარაძე: სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ მოქალაქეები ადგილობრივად დაასაქმოს და ქვეყნიდან გასვლა არ მოუწიოთ. იქაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. დილის 6 საათიდან 8 საათამდე მუშაობენ უცხო ქვეყანაში. ხალხი მიეჩვია დღიურ შემოსავალს და საკუთარი გვერდზე რჩება. სკოლებიც ცარიელდება. მიგრაციაა სოფლებში. ადრე 300 მოსწავლე სწავლობდა, დღეს 77 მოსწავლე სწავლობს ჩვენს სკოლაში.

ნაზი ზოსიძე, „გაზეთი ბათუმელები“: რამდენი მოსწავლე ამთავრებს წელს სკოლას და რამდენს სურს სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში?

მურმან ზაქარაძე, ადგილობრივი მცხოვრები:   წელს მხოლოდ 9 მეთორმეტეკლასელი  გვყავს.  შემდეგ კლასებში კიდევ უფრო იკლებს რაოდენობა. ველოდები, რომ 5-6 აუცილებლად ჩააბარებს. სამინისტროც ეხმარება მაღალმთიანის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს, რაც ძალიან კარგია.  სწავლის საფასურისგან თავისუფლდებიან და ქალაქში აბარებენ. ძირითადად ეს ახალგაზრდები სკოლის ბაზაზე ემზადებიან, არ ჰყავთ დამატებითი რეპეტიტორები.

მარი ტაკიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის  ტელევიზია და  რადიო“,  გადაცემა  „ჰეშთეგი“: თქვენ რაში ხედავთ სოფლის განვითარების პერსპექტივას და რა გინდათ, რომ გაკეთდეს?

მურმან ზაქარაძე, ადგილობრივი მცხოვრები:  კარგი იქნება, თუ შესყიდვის მიკროპუნქტებს შექმნიან. ასე გლეხს აღარ მოუწევს მიღებული პროდუქტის ქალაქში ჩატანა და ჩაბარება. ქედაში არის საწარმო,  მაგრამ ქედამდეც გვჭირდება ტრანსპორტირება. კარგი იქნება, თუ აქ, ადგილზე, იქნება ჩაბარება. მაგალითად, 100 კილოგრამი ტყემალი რომ ჩააბარო ქალაქში, სადღაც 50 ლარი გამოდის და ტრანსპორტირება ითვისებს ამ თანხასაც. სოფლიდან ქალაქში და უკან  მგზავრობა 10 ლარი ჯდება.

მურმან  ზაქარაძე, ადგილობრივი  მცხოვრები: აქ რომ მოსახლეობა გაჩერდეს, ხელი უნდა შევუწყოთ თამბაქოს მოყვანას და რეალიზაციას. სხვა ისეთი არაფერი მოდის, რომ გაყიდო, ნიადაგი არ არის ნოყიერი.

ზაურ  ხარაძე: ჩემი შვილი მეუბნებოდა, რომ პროექტი დავწეროთ და სათბური გავაკეთოთო.  ჩვენთან არ არის ისეთი პირობები, რომ სათბურმა იმუშაოს. შეიძლება ნოემბერ-ოქტომბერში ჩამოთოვოს. საოჯახო ტიპის სასტუმროს აშენება უფრო მარტივია ამ პირობებში. ტურისტული მარშრუტის არარსებობის გამო ჩვენთან არ არის ასეთი სასტუმროები. ჩვენ ტრადიციული მეთოდებით ვაწარმოებთ ბოსტნეულსაც, მაგრამ ვეღარ მოგვყავს. შესაწამლი პრეპარატები უკონტროლოდ იყიდება და ყველგან ხელმისაწვდომია. არავინ კითხულობს, რამდენად ხარისხიანია. მაგალითად, ვიყიდე შაბიამანი და არ გამოდგა. გაფუჭდა პომიდორი. ვის უნდა მოვთხოვო პასუხი? ბოლოს ისევ ხელისუფლებასთან მივდივართ.

______

შეხვედრას  არ  ესწრებოდნენ  ახალგაზრდები, მიზეზი,  ისევე, როგორც  სხვა  არაერთ  სოფელში, ერთია –  ყველა თურქეთშია სამუშაოდ.  როგორც  ადგილობრივი  ნათელა  ფარტენაძე  ამბობს,  სოფელი  ხარაულაც  ცარიელდება ზაფხულში.

კიდევ  ერთი  პრობლემა, რაც აქ მცხოვრებლებს  აწუხებთ, სოფლებში – ხარაულასა და  უჩამბაში შიდა სასოფლო გზების დამცავი კედლების ჩამოსხმაზე მომუშავე მშენებლების უხელფასოდ დატოვებაა. აღნიშნულ საკითხზე  ვრცელ სტატიას  შეგიძლიათ  გაეცნოთ აქ: (https://batumelebi.netgazeti.ge/news/201514/)

სოფელ ხარაულას საჯარო სკოლაში სამუზეუმო ექსპონატებიც აქვთ შენახული, რომელთათვის ცალკე სივრცის მოწყობა და მათი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად  გამოყოფა სურთ.

დისკუსიის  ვიდეოჩანაწერი:  https://www.facebook.com/media.org.ge/videos/874132242939315/

_______

დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.

აჭარაში მოქმედი არასამთავრობოების მოწოდება ბსუ-ს: ჩაგვრთეთ ეთიკის კომისიაში

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მხრიდან სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს ეხმაურებიან  და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ როგორც უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს, ასევე ბათუმის საკრებულოს მხრიდან, რადგან შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბათუმის საკრებულოს წევრია.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

აჭარის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, სრულ თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ  სტუდენტებს და, ზოგადად, ყველა მოქალაქეს, ვინც თავს სექსუალური შევიწროების ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა სტუდენტი ლექტორს სავარაოდო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, რაზედაც შესაბამისი განცხადებები სტუდენტთა მხრიდან გაკეთდა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტს ადეკვატური რეაგირება არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და არც საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან არ მოყოლია.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოვუწოდებთ, ეთიკის კომისიაში მიიწვიონ განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობის
უზრუნველსყოფად. ასევე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს განხილვაში სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთა მონაწილეობა.

ამასთან, აუცილებელია, უნივერსიტეტმა, როგორც საჯარო დაწესებულებამ, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სასწრაფოდ შეიმუშავოს დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმები და უზრუნველყოს მათი შესრულება.

მოვუწოდებთ, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს დროულად იმსჯელოს საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე და საზოგადოებას კოლეგიური, წარმომადგენლობითი ორგანოს პოზიცია გაუზიაროს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გაჟღერებული ბრალდებები არ არის საკმარისი საკრებულოს წევრისა და თანამდებობის პირის უფლებემოსილებების შესაჩერებლად, თუ გადაწყვეტილებას ამაზე თავად ბრალდებების ადრესატი არ მიიღებს, თუმცა აუცილებელია, რომ ქალაქის საკრებულო ცალსახად გაემიჯნოს ყოველგვარი ძალადობის მცდელობას, სამართალდამცავ უწყებებს მოვუწოდებთ საქმის დროული, ეფექტური და გამჭირვალედ გამოძიებისაკენ არამარტო 2019 წლის 21 მაისს გამოვლენილი სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, არამედ სხვა ანალოგიური ხასიათის გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებითაც.
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები:

 

  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი
  • საზოგადოებრივი განვითარების აკადემია
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
    საზოგადოება
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
    თანადგომა

ბათუმის ბულვარში 15 ათას ლარად ახალი სკვერი მოეწყობა

ბათუმის ძველ ბულვარში, იქ, სადაც იასონ გორდეზიანის ძეგლი დგას, ახალი სკვერი მოეწყობა. სკვერის მოწყობაზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.

სკვერი მცირე ზომის იქნება. საპროექტო ტერიტორიაზე 60 კვ.მ. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, იქნება დასაჯდომი სივრცე. სკვერში უკვე დაირგო წითელ ნუსხაში შეტანილი უთხოვარის ჯიშის ხეები. სკვერი თეთრი ფერის დეკორატიული ქვიშით იქნება გაფორმებული, ასევე ღამით დეკორატიულად განათდება. დაგეგმილია 2000 ძირზე მეტი დეკორატიული მცენარისა და ერთწლოვანი ყვავილის დარგვა.

სკვერის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბულვარი 15 ათას ლარს დახარჯავს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ასეთი იქნება სკვერი

მთავარი ფოტო: ბულვარში მიმდინარე სამუშაოები

ბათუმის ბულვარში იასონ გორდეზიანის ძეგლი გაიხსნა

რას უყვებოდა სსრკ 1930-იანი წლების ბათუმზე ევროპელ მოგზაურებს

„როცა ბათუმში ზღვით მოდიხარ, ხედავ ამფითეატრივით განლაგებულ თეთრ შენობებს, მუდამ მწვანე, სუბტროპიკული მცენარეებით დაფარულ მთებს – მანდარინისა და ჩაის პლანტაციებით.

მგზავრები ავტობუსს პორტიდან ქალაქის ცენტრისკენ სუფთა, კიპარისებში ჩაფლული ქუჩების გავლით მიჰყავს. აქ თავმოყრილია სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები და კაფეები. რევოლუციამდე კი ბათუმი მხოლოდ ერთი პატარა ქალაქი იყო“ (იგულისხმება 1921 წლის საბჭოთა ოკუპაცია) – ასეა აღწერილი ბათუმი 1930-იანი წლების ტურისტულ ბროშურაში აჭარის შესახებ, რომელიც პარიზის მარქსისტული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში ინახება. ბროშურა მოსკოვში დაიბეჭდა გამომცემლობა «Внешторгисдат»-ში ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.

ტურისტული ბუკლეტი საბჭოთა პროპაგანდისტული სამუშაოს ნაწილია და აჭარას ევროპელ მოგზაურებს აცნობს.

ბროშურის რედაქტორი და ფოტოების ავტორი უცნობია. რეგიონის აღწერითი ხასიათის ტექსტს ერთვის ბათუმის ოცამდე შავ-თეთრი ფოტო.

ბათუმი, ქალაქის ცენტრი, ბაღის შადრევანი.

 

პარიზის მარქსისტული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში დაცული აჭარის ტურისტული ბუკლეტის ყდა

 

წარწერა ფოტოზე: ლეიტენანტ შმიდტის სანაპირო. ახლანდელი გოგებაშვილის გამზირი.

ფოტოკოლექცია აერთიანებს ტურისტული შინაარსის კადრებს, პალმებს, ბამბუკებს, ფორთოხლის ხეებს, ზღვის სანაპიროებსა და სანატორიუმებს, ნავთის ქალაქს მუშების საცხოვრებლებით, აქვეა ჩაის პლანტაციების, ჩაის ინსტიტუტისა და ჩაის ფაბრიკის ფოტოებიც.

წარწერა ფოტოზე: მწვანე კონცხი

ევროპელებისთვის განკუთვნილ საბჭოთა ტურისტულ ბუკლეტში აჭარა მზიან, სოციალისტურ სამოთხედაა წარმოჩენილი.

ტექსტის მიხედვით, 30-იანი წლების აჭარის ყველა სოფელში იყო დარბაზი მოძრავი კინოთეატრისთვის, რეგიონში მოქმედებდა 170 ბიბლიოთეკა. აჭარის მოსახლეობა ამ დროისთვის 63. 000 ათასი იყო.

ამავე ტექსტის მიხედვით, 30-იანი წლებში მეზღვაურებმა შავ ზღვაზე საბორნე მომსახურება დანერგეს და დიდი გემით შესაძლებელი იყო ბათუმის პორტიდან ყირიმის, ოდესის, კონსტანტინეპოლისა, საბერძნეთისა და სხვა მიმართულებებით მგზავრობა.

ლეიტენანტ შმიტის სანაპირო – ახლანდელი გოგებაშვილის გამზირი

ბუკლეტში წერია, რომ ბათუმისგან 22 კილომეტრით დაშორებულ ქობულეთში იდეალური პლაჟია:

„ყველა ვილა ზღვის ხედს გადაჰყურებს, აქ არის სანატორიუმი, დასასვენებელი სახლები, აბანოები და ორი სასტუმრო, ასევე სადღესასწაულო დარბაზი, სადაც ყოველდღე უკრავს ცოცხალი ორკესტრი“.

ტექსტში ვხვდებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მნიშვნელოვან პროპაგანდისტულ თემებს, როგორიც იყო კულტურული განვითარება, ეკონომიკური აღმასვლა (მოქმედი და ახალგახსნილი ფაბრიკა-ქარხნები) სოფლის მეურნეობა (მანდარინის, ჩაის პლანტაციები) ურბანიზაცია (მწვანეში ჩაფლული ახალი რაიონები) ბორნების ახალი ტერმინალი, კულტურისა და დასვენების პარკი ,,ახალი“ ბულვარი, მუშათა საცხოვრებლები და ა.შ.

წარწერა ფოტოზე: ნავთის ქალაქი, მუშათა ახალი საცხოვრებელი სახლები

ტურისტულ გზამკვლევში ბათუმი წარმოჩენილია, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და თითქმის არ არის ნახსენები ცარისტული წარსული. 1880 წელს გაშენებული ბოტანიკური ბაღის მხოლოდ რამდენიმე ფოტოა ტექსტში, სადაც რუსეთის იმპერიის დროს აშენებული არქიტექტურა ჩანს, თუმცა ეს თემა ნახსენებიც არ არის.

წარწერა ფოტოზე: ბათუმის ზღვისპირა ბულვარი და კოლონადები ბერძნულ სტილში.

წარწერა ფოტოზე: აჭარა, ჩაის პლანტაციები.

 

ქანდაკება ბათუმის ბულვარში.

 

მწვანე კონცხი, ციხისძირის სანატორიუმი

მთავარ ფოტოზე: პარიზის მარქსისტული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში დაცული აჭარის ტურისტული ბუკლეტის ყდა

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში,  ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში.

გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. www.hub.vtb.ge ვებ-გვერდიდან  თანხის გადარიცხვა, მარტივად არის  შესაძლებელი, ამისთვის მიმღების ტელეფონის  ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის შეყვანაა საჭირო. თანხა წამებში აისახება მიმღების ანგარიშზე, დღე ღამის ნებისმიერ დროს და კვირის ნებისმეირ დღეს.

რაც უფრო მეტჯერ გადარიცხავთ თანხას მით უფრო მეტია საგზურის მოგების შანსი. ყოველი გადარიცხვისას გროვდება ერთი ქულა, თანხის მიმღების მიერ ჩატარებულ ყოველ ტრანზაქციაზე დამატებით გროვდება თითო ბონუს ქულა. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ტრანზაქციების რაოდენობის და შესაბამისად დაგროვილი ქულების მიხედვით. ყველაზე მეტი ქულის ანუ პირველი ადგილის მფლობელი გაემგზავრება კოპენჰაგენში, მეორე ადგილზე გასული მიიღებს მობილურ ტელეფონს Samsung Galaxy S10, მესამე ადგილის მფლობელი კი 500 ლარიან ვაუჩერს.

ქულების დაგროვება შესაძლებელია 26 მაისის ჩათვლით, გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 3 ივნისისა.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

„ხელს არავის არ ვაფარებთ“ – საკრებულო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თავისი ლექტორი, ბათუმის საკრებულოს წევრი, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

სულიკო თებიძის განცხადებით, საკრებულო გმობს ყოველგვარ ძალადობას:

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ შევიწროებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არაოფიციალურად, საკრებულოს წევრისგან მოხდა იძულების ფაქტი. ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს, ხელს არავის არ ვაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს. ჩვენ, ჯერჯერობით, ოფიციალურად, არ ვიცით ვისზეა საუბარი, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დაველოდებით გამოძიების შედეგებს“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ლექტორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის, „ქართული ოცნების“ წევრია. სულიკო თებიძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე უმრავლესობის წევრებს ჯერ არ უსაუბრიათ.

„როცა ოფიციალურად იქნება საუბარი ვინ არის, არც მე დავმალავ. კანონის წინაშე მკაცრად აგებს პასუხს, შესაძლებელია დატოვოს უმრავლესობაც. ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება,“ – განაცხადა სულიკო თებიძემ.

დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც გაავრცელა განცხადება. საბჭომ მოუწოდა საკრებულოს თავმჯდომარეს, გენდერულ საბჭოს და საკრებულოს თითოეულ წევრს, დააფიქსირონ მკვეთრი პოზიცია ბათუმის საკრებულოს წევრის მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით. ხოლო საკრებულოს წევრს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი, მრჩეველთა საბჭო მოუწოდებს, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიჩეროს უფლებამოსილება.

სტატია იმის შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „ბათუმელებმა“ 21 მაისს გამოაქვეყნა. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორი მას ფეისბუქზე წერდა, სთხოვდა თამამ სელფებს და უკომპლექსოდ მოქცევას. ასევე, ჰპირდებოდა, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბრალდება „ბათუმელებთან” უარყო. მისი თქმით, ბოლო კვირაა რაც შენიშნა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს, თუმცა IT სპეციალისტთან მისვლა ვერ შეძლო.

სტუდენტმა განცხადებით მიმართა უნივერსიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

დღეს, 22 მაისს, კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა.

ფოტოზე: სულიკო თებიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. ფოტო: „ბათუმელები“, ლელა დუმბაძე

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს, „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნება. ფესტივალის სლოგანია – “ზაფხული იწყება აქ”. უცვლელია ფესტივალის ჩატარების ადგილიც. ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ჩატარდება.

ფესტივალს მუსიკალურად ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები  და დიჯეები გააფორმებენ. პლაჟზევე იქნება ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის დაგეგმილია სპორტულ-გასართობი აქტივობები, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზეა გათვლილი.

ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე დასრულდება. ფესტივალზე დასწრება უფასოა.

„ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

B COM – ახალი სივრცე ბიზნესსაზოგადოებისთვის

თიბისი ბიზნესი ბიზნესსაზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის. B COM არის ბიზნესკომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს. B COM ხელს შეუწყობს ბიზნესკლიენტებს ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში.

B COM-ში გაწევრიანებულ ბიზნესკლიენტებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ პრაქტიკულ ტრენინგებს და ლექციებს, დარგის ექსპერტებისგან შეიტყონ ბიზნესსფეროში მიმდინარე სიახლეები, მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ ფორუმებში. პლატფორმის წევრები, ასევე, ისარგებლებენ მათ ბიზნესებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებებით.

B COM-ში გასაწევრიანებლად საჭიროა სპეციალურად შექმნილი ბიზნესნაკრების გამოწერა: Fix, Agro ან Life. მათი გამოწერა შესაძლებელია ფიქსირებულ ფასად, რის შემდეგაც საზოგადოების წევრობის გარდა, ბიზნესკლიენტები მიიღებენ ყველა საბანკო პროდუქტს, რომელიც მათ ყოველდღიური ოპერაციებისთვის ესაჭიროებათ.

მაგალითად, FIX ნაკრების გამოწერით, თვეში ფიქსირებულ 10 (ფიზიკური პირებისთვის) ან 20 ლარად (იურიდიული პირებისთვის), ბიზნესკლიენტები მიიღებენ შემდეგ პროდუქტებს:

[checklist]

  • ბიზნესბარათს;
  • თანხის განაღდებას საკომისიოს გარეშე თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში;
  • ულიმიტო და უფასო გადარიცხვებს საქართველოს მასშტაბით
  • უფასო დიჯიპას აპლიკაციას სმს სერვისსა და ინტერნეტბანკს;

[/checklist]

B COM-ის მიზანია შექმნას ბიზნესეკოსისტემა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინსტუმენტები, კლუბის წევრები გაიცნობენ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ბიზნესებს და ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ მათთან კონტაქტები.

„ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ“

„ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ. ამოათრიე აქ და ლინჩის წესით გავასამართლებთო…“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ივა ყურშუბაძე. ივას თქმით, სოფელ ჩაისუბანში მარტოდ მცხოვრებ მის ბებიას შვილიშვილის ფიზიკური განადგურებით ახლობლები 18 მაისს დაემუქრნენ. 17 მაისს სოფელში „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგი“ ნახეს, სადაც ივა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაზე და თანასწორობაზე საუბრობდა.

„მუქარის გარდა, ბებიას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს… განსაკუთრებით ბებიას ძმისშვილი აქტიურობდა, როგორც მითხრეს. ამ დრომდე გრძელდება ჩემი ბულინგი სოციალურ ქსელში, მლანძღავენ და მემუქრებიან, ჭკუას გასწავლით და საგიჟეში წაგიყვანთო. ამიტომ პროკურატურას განცხადებით უკვე მივმართე.“ – გვიყვება ივა ყურშუბაძე, – „შეშინებული ვარ, რაადგნ საფრთხე ელოდება საჯარო სივრცეში ჩემს თავისუფლად გადაადგილებას… ბებიას მასაუბრეს. მითხრა, შენთან ვარო. მე მოვუსმინე იმ ვიდეოს და შენ თურმე ჩაგრულებს იცავ და სიმართლის მხარეს დგახარო. აქ კი მთელი სოფელი შემიყარესო“.

ივას დედ-მამა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ივა ამბობს, რომ ნათესავმა ქალმა ამ ამბის შემდეგ თურქეთში მის დედასაც მისწერა, კაცები არ გყოლიათ საგვარეულოში, მე ჩავალ ბათუმში და ვასწავლი მაგას ჭკუასო.

მთავარი ფოტო: ივა ყურშუბაძის ფეისბუქგვერდიდან

 

საკვებისა და მუსიკალური ცენტრის ჯგუფურ ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით გელაშვილმა, ჯგუფურ ქურდობაში ბრალდებულები გაამართლა. ამ საქმეში მთავარი მოწმე ტაქსის მძღოლი იყო, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციელებმა ჩვენების მიცემა აიძულეს.

შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში მოხდა. გამოძიების ვერსიით, სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზია ევგენი გ.-მ და დათო გ.-მ გატეხეს. მაღაზიიდან იმ ღამით 1300 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი წაიღეს, 300 ლარი და მუსიკალური ცენტრი. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა ბრალდებულების დაკავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაშვილის სახლში მუსიკალური ცენტრი იპოვეს. გამოძიებამ მოპარულ საკვებს ვერ მიაგნო.

„სასამართლოს ბრალდებულის ბიძაშვილმა უთხრა, რომ მუსიკალური ცენტრი იაფად იყიდებოდა და შეიძინა… მოწმე იყო ტაქსის მძღოლი, რომელმაც გამოძიების ეტაპზე ბრალდებულები ამოიცნო, სასამართლოში კი თქვა, რომ პოლიციელებმა მცემეს და მაიძულეს ეს მეთქვა, მამაჩემსაც დავადებდი ხელსო. ამაზე პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ იყო მასზე ზეწოლა…“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

ბრალდებულები ამ დროისთვის თურქეთში არიან. ადვოკატის თქმით, ისინი იქ სამუშაოდ წავიდნენ და გამოძიებამ მათი დაკავება ვერ მოასწრო. ბრალდებულებზე ამ დრომდე ძებნა იყო გამოცხადებული.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ევგენი გ.-ს და დათო გ.-ს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდათ.

 

„თვითონ შეიჩერა სტატუსი“ – ბსუ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, უნივერსიტეტმა ლექტორის სტატუსი დროებით შეუჩერა.

ბსუ-ს რექტორის, მერაბ ხალვაშის განცხადებით, თუ სასამართლო გაამართლებს ლექტორს, უნივერსიტეტი მას აღუდგენს განაცდური ლექციებს, კუთვნილ ხელფასს და სტატუსს.

„ეთიკის საბჭო იქნება დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, კანონის ზემოთ ეთიკის საბჭო არ დგას“, – აცხადებს მერაბ ხალვაში.

ეთიკის საბჭო რექტორის განცხადების საფუძველზე უნივერსიტეტში დღეს იკრიბება. სტუდენტმა ლექტორის მხრიდან შევიწროების ფაქტის შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადებით დღეს მიმართა.

უნივერსიტეტის ეთიკის კომისია დღესვე დაიწყებს საკითხის შესწავლას, თუმცა არ არსებობს დადგენილი ვადები, რომლის ფარგლებშიც კომისიამ საქმის შესწავლა უნდა შეძლოს.  უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება მათ მიერ საქმის მოკვლევა.

„პირველ ეტაპზე ლექტორმა შეიჩერა თვითონ სტატუსი, რომ არ გამოჩენილიყო, ვიდრე ეს ამბავი ასე ტრიალებს. ერთობლივად შევთანხმდით – ადმინისტრაცია და ლექტორი. გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე განრიდებოდა პროცესებს და დალოდებოდა საქმის ოფიციალურ მსვლელობას.

საქმეს შესწავლა და სასამართლოს მიერ კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.

დროებით სალექციო კურსის შეჩერება არ ნიშნავს ლექტორის უნივერსიტეტიდან დათხოვნას. თუ მას სასამართლო გაამართლებს, ის უნივერსიტეტში დაბრუნდება და სტუდენტს მოუწევს თავის მართლება ცილისწამების გამო და პასუხისმგებლობის აღება“, – ამბობს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი.

„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმის რომელ საჯარო სკოლებშია თავისუფალი ადგილები – პირველკლასელთა რეგისტრაცია

ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილები ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე საჯარო სკოლებში შევსებულია, გარეუბანში მდებარე სკოლებში კი 160 ადგილია დარჩენილი.

პირველკლასელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ იზღუდება და ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლაში რეგისტრაცია გარეუბნებში მცხოვრებ ბავშვებსაც შეუძლიათ.

ბათუმში სულ 27 საჯარო სკოლაა. აქედან პირველკლასელების მიღება ამ ეტაპზე  მხოლოდ შვიდ საჯარო სკოლას შეუძლია.

ეს სკოლებია: მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-17, მე-20 და 25-ე საჯარო სკოლები. ამ სკოლებში 175 ადგილი დაემატება პირველკლასელთათვის.

დადგენილი ნორმის მიხედვით, საჯარო სკოლას უფლება არ აქვს, კლასში 25-ზე მეტი მოსწავლე ჰყავდეს, თუმცა როგორც ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი,  გოჩა დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ისინი შეხვდნენ სკოლის დირექტორებს და ზემოთ აღნიშნულ სკოლებში ადგილების დამატებით გამონახეს გამოსავალი.

„რადგან გარკვეული კატეგორიის ბავშვები დარჩნენ დაურეგისტრირებელი, ამიტომ გადავხედეთ სკოლების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა ერთი საკლასო ოთახის დამატების, იმ სკოლებში დავამატეთ,“ – ამბობს გოჩა დავითაძე.

„ამდენი საცხოვრებელი კორპუსი შენდება და არც ბაღები ემატება და არც სკოლები. მოსახლეობა გაიზარდა, სკოლა კი წლებია არ აშენებულა, პირიქით რამდენიმე დაიხურა კიდეც წინა წლებში.

პრემიერ-მინისტრმა დააანონსა კომაროვის სკოლის მშენებლობა ბათუმში და როცა აშენდება, 250 ადგილი იქ გაჩნდება, მე-6 საჯარო სკოლაში იწყება მეორე კორპუსის მშენებლობა, რომელიც 500 ბავშვზეა გათვლილი. ვმუშაობთ, რომ მე-14 და მე-15 სკოლებშიც აშენდეს დამატებითი ფართები. გარდა ამისა, გვინდა ახალი სკოლის აშენებაც, მაგრამ ჯერ ადგილი ვერ გამოვნახეთ,“ – ამბობს გოჩა დავითაძე.

რაც შეეხება გარეუბნებში მდებარე სკოლებში თავისუფალ ადგილებს, პირველკლასელების მიღება შეუძლიათ ბათუმის 26-ე 27-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე და 31-ე სკოლებს. ამ სკოლებში ჯამში 160 ადგილია.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 12 ივნისამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის რამდენმა პირველკლასელმა ვერ მოახერხა სასურველ სკოლაში დარეგისტრირება, უცნობია. როგორც გოჩა დავითაძე ამბობს, დეტალური ინფორმაციის შეგროვებას ახლა იწყებენ.

მოსამართლე მუსლიმ თემს: „რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არის“

“ბათუმის მეჩეთის საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. მორიგი პროცესი 12 ივნისს გაიმართება და მოსამართლე მხოლოდ მხარეების რეპლიკებს მოისმენს.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს პროცესის ბოლოს არ დაუმალავს, რომ ამით მან მერიას კიდევ ერთი შანსი მისცა მოლაპარაკების მისაღწევად – დღეს, 22 მაისს, გამართულ სხდომაზე ბათუმის მერიამ სხდომის კიდევ ერთხელ გადადება მოითხოვა და ივნისის პირველ კვირაში შეხვედრა დააანონსა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა სხდომის ბოლოს თქვა, რომ “შესაძლოა, მერიას მართლაც ჰქონდეს რეალური შეთავაზება”.

მოსამართლემ დარბაზს ისევ გაუმეორა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მხოლოდ სასამართლოში საქმის მოგებით მუსლიმი თემი მიზანს ვერ მიაღწევს.

“არსებობს გენერალური გეგმა?”- ჰკითხა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მერიის იურისტს არსებითი განხილვის დროს.

“არა,”- უპასუხა მოსამართლეს მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ. მოსამართლემ ეს შეკითხვა მერიის გადაწყვეტილების რეალური საფუძვლების დასადგენად დასვა. გადაწყვეტილებაში მერია აღნიშნავს იმასაც, რომ იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც ახალი მეჩეთის აშენებას აპირებენ, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

მერიის იურისტმა პროცესზე ვერ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა პროექტების განხორციელებას გეგმავს მერია მეჩეთის ადგილას.

“ამაზე სპეციალისტები ისაუბრებენ,”- მიმართა მოსამართლეს მერიის იურისტმა.

“სპეციალისტები რატომ უნდა მოვიწვიოთ, თქვენი პროექტია ხომ, მუნიციპალურ პროექტებზეა საუბარი…”- თქვა მოსამართლემ.

კითხვა-პასუხში მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი, დავით ბერძული ჩაერთო:

“რომც იყოს დაგეგმილი პროექტები, ეს არ უშლის ხელს მეჩეთს… მას აქვს ცალკე მისასვლელი  გზა,”- აღნიშნა მან.

მერიის იურისტს კითხვა მუსლიმი თემის წარმომადგენელმა, ნოდარ პაქსაძემაც დაუსვა:

“თუ პროექტებია პრობლემა, როგორ გვეუბნებოდით მაშინ, რომ თუკი სამუფთოს გადავცემდით მიწის ნაკვეთს, მივიღებდით მშენებლობის ნებართვას?”- იკითხა მან.

ვიდრე მერიის იურისტი პასუხს მოიფიქრებდა, მოსამართლემ მიმართა მოსარჩელეებს.

“თუ ეს არის გამოსავალი, რატომ არის პრობლემა?”- იკითხა მოსამართლემ. ნოდარ პაქსაძემ მასაც უთხრა, რომ ეს დისკრიმინაციული მიდგომაა და მუსლიმ თემს აქვს უფლება, დამოუკიდებლად ააშენოს ახალი მეჩეთი ბათუმში.

“ეს არაა ჩვენი დავის საგანი…”- თავი აარიდა მოსამართლემ დისკუსიის გაგრძელებას და მორიგი მოთხოვნის განხილვაზე გადავიდა – არის თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა, როცა მუსლიმ თემს მეჩეთის აშენების საშუალება არ მისცეს?

“ამ ზონაში ეკლესიების ასაშენებლად მერიისთვის არ მოუმართავთ, ჩვენ არ გაგვიცია ნებართვები… შესაბამისად, დისკრიმინაცია არ არის,”- მიიჩნევს ვახტანგ გედენიძე, ბათუმის მერიის იურისტი.

“მაგრამ იმ ზონაში არსებობს, ფაქტია, სხვა სამლოცველოები… ეს საკმარისი არგუმენტია? მერიას აქვს სხვა მექანიზმებიც… ამ მოცემულობაში რას იტყვით?”- ჩაეძია მერიის იურისტს მოსამართლე.

“თანასწორობა უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში. თანასწორობა ვერ იქნება კანონიერი მოთხოვნა უკანონობაში,”- აღნიშნა ვახტანგ გედენიძემ.

მოსამართლე ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობდა მერიის იურისტი სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე.

“მერიის მიზანია მიღებულ იქნეს მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტილება.. უნდა მოხდეს ყველას ინტერესის გათვალისწინება, მათ შორის, სახალხო დამცველის,”- აღნიშნა მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ.

“სახალხო დამცველს არ უჭირს საჭიროების შემთხვევაში იმის თქმა, რომ საქმე დისკრიმინაციასთან გვაქვს… ამ შემთხვევაში რატომ არ გააკეთა მან ეს შეფასება?”- მიუბრუნდა მოსამართლე მუსლიმი თემის იურისტებს.

“სახალხო დამცველს არ ჰქონდა ეს შეფასება, რადგან როცა ეს რეკომენდაცია გამოიცა, სასამართლო განხილვა უკვე დაწყებული იყო…”-  უპასუხა მოსამართლეს მუსლიმი თემის ინტერესების დამცველმა იურისტმა, დავით ბერძულმა.

პაექრობის დასრულებამდე მოსამართლემ დარბაზს სხდომის გახანგრძლივების გამო მოუბოდიშა.

“ვიცი, მარხული ადამიანები ხართ… რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არის,”- დასძინა მოსამართლემ.

მუსლიმმა თემმა დღესვე სასამართლოს ფოიეში ლოცვა აღავლინა. სასამართლოს ადმინისტრაციას თემისთვის ხელი არ შეუშლია. ლოცვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ბათუმში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძის გამზირზე. ბათუმის მერიამ ღონისძიებათა ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნა.

მერიის ცნობით, ღონისძიებები ევროპის მოედანზე 13:00 საათზე დაიწყება და 22:30 საათამდე გაგრძელდება.

მემედ აბაშიძის გამზირზე გაიმართება ქართული ბაზარი, სადაც გამოფენილი იქნება ხელნაკეთი აქსესუარები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი ნაწარმი.

მოეწყობა ნობელების მუზეუმის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის ექსპონატების გამოფენა.

საბავშვო კუთხეში გაიმართება სპორტული და მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები, თემატური თამაშები, სახეზე მოხატვა. საბავშვო კუთხე მორთული იქნება ბუშტებითა და დროშებით. ღონისძიებას გააფორმებენ ზღაპრის გმირები.

ევროპის მოედანზე, სცენაზე, იმღერებენ „კახაბერი და ხანუმები“, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო ბედია, აჩიკო ნიჟარაძე, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, აჩიკო გოგიტიძე, მორის მელაძე, ავთო აბესლამიძე, ვაჟა ტუღუში, გიორგი დიასამიძე, ასევე, ჯგუფები “რესპექთ“, “ეროუ“, “4 up” და “ლურჯი იალქანი“.

ღონისძიება ღამით ფეიერვერკით დასრულდება.

როგორ ემზადება ბულვარი ტურისტული სეზონისთვის

ბათუმის ბულვარი ზაფხულის ტურისტულ სეზონს მრავალი სიახლით ხვდება. სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და  რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. დაგეგმილია ზოო-კუთხის რეკონსტუქცია, ფრინველების ახალი აუზის მოწყობა, ასევე, ახალ ბულვარში ბავშვთა ატრაქციონის სრული განახლება; სულ მალე დასრულდება ველო-ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულების ეტაპზეა ი.გორდეზიანის ახალი სკვერის მოწყობა და გამწვანებითი სამუშაოები. დაწყებულია ადაპტირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ირაკლი ჯინჭარაძე
ირაკლი ჯინჭარაძე

„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ბულვარი ახორციელებს არაერთ ინფრასტრუქტურული პროექტს, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია ადაპტირებული პლაჟის მოწყობა. პროექტის ფარგლებში პლაჟზე გადასასვლელი ხის ბილიკები უკვე დამონტაჟდა, მოეწყობა საშხაპეები და გამოსაცვლელები, დაგეგმილია ასევე ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობაც. რაც მთავარია, წელს სანაპირო ზოლი აღიჭურვება ტივტივა ეტლებით, რომელთა სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს. აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“ – აცხადებს ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე. მისი თქმით, მსგავსი სრულად ადაპტირებული პლაჟი წელს ერთ ლოკაციაზე, კერძოდ, რესტორან „ძველი გემის“ წინ მოეწყობა.

ბათუმის ბულვარი სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის
ბათუმის ბულვარში არსებული პლაჟი ადაპტირდა შშმ პირებისთვის
ბათუმის ბულვარი სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის
ბათუმის ბულვარში არსებული პლაჟი ადაპტირდა შშმ პირებისთვის

ზაფხულის ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებით, სსიპ ბათუმის ბულვარი არსებული ველო-ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება და შეიღებება 5100 გრძ.მეტრი ველობილიკი, რომელიც მარკირებული იქნება სპეციალური ნიშნულებით. მოწესრიგებული საველოსიპედო ბილიკი მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო იქნება ველომოყვარულთათვის.

აქტიურად მიმდინარეობს ბულვარში არსებული ველობილიკის რეაბილიტაცია
აქტიურად მიმდინარეობს ბულვარში არსებული ველობილიკის რეაბილიტაცია

ვიზიტორებისთვის დასვენების უსაფრთხო და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აიკრძალა ელექტრომობილების გადაადგილება ბათუმის ძველ ბულვარში, განხორციელდა რამდენიმე უსახური და უკანონო ობიექტის დემონტაჟი.

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 22 მაისს, ღრუბლიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექაა მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ხვალაც, ძირითადად, ღამის განმავლობაში.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 21 -26 გრადუსი 
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 18, 5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ, 2-3 ბალი იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მოსამართლემ ბათუმის მეჩეთის საკითხის განხილვა დაიწყო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს კიდევ ერთხელ მოსთხოვა პროცესის გადადება ბათუმის მერიამ. მერიის იურისტმა თქვა, რომ სხვადასხვა ღონისძიების გამო ვერ შეხვდნენ მუსლიმ თემს და შეხვედრა ივნისის პირველ კვირაში აუცილებლად გაიმართება.

“ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ, ეს არის უსამართლობა…” – მიმართა მოსამართლეს ერთ-ერთმა მუსლიმმა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სხდომის განხილვა აღარ გადადო და დასძინა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესი შესაძლოა დღეს დასრულდეს.

“ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა” ბათუმის მერიას სასამართლოში 2017 წელს უჩივლა. ბოლო სხდომა ამ საკითხზე 10 აპრილს გაიმართა. მუსლიმი თემი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც თემს შეძენილი მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრეს.

არსებითი განხილვის გაგრძელებამდე მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ “სასამართლოს არ სურს პროცესის გაჭიანურება”. მოსამართლემ თქვა ისიც, რომ ამას ჟურნალისტების გასაგონად ამბობს.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის განმარტებით, სასამართლოში დავის მოგება არ ნიშნავს იმას, რომ მუსლიმი თემი მშენებლობის ნებართვას მიიღებს. მოსამართლემ თქვა, რომ მხარეთა შეთანხმება ამიტომაც იქნებოდა მნიშვნელოვანი, რადგან მშენებლობის საბოლოო ნებართვის მისაღებად სამი ეტაპია გასავლელი, სადავო კი ჯერ მხოლოდ პირველია.

“სასამართლოს მცდელობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, ემსახურება იმ მიზანს, რომ საკითხი გადაიჭრას სწრაფად. ეს დავა მხოლოდ სამართლებრივი არ არის საზოგადიებისთვის, ეს საკითხი რეზონანსული და სენსიტიურია… მაგრამ სასამართლო მას განიხილავს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში… მხარეს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ სასამართლო განხილვას აჭიანურებს. ყველა დავა უნდა დასრულდეს ბოლოს,” – თქვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

ამჯერად მხარეები კითხვებს უსვამენ ერთმანეთს, რომლის შემდეგაც პაექრობა გაიმართება.

 

 

„თამამი სელფი გამომიგზავნე“ – სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

თამთა მ. [სახელი შეცვლილია] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელია. 19 წლის სტუდენტი ამბობს, რომ მას სამართლის ერთ-ერთი ლექტორი სექსუალურად ავიწროებს. სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს.

თამთას თქმით, სექსუალური ხასიათის მესიჯები მან ლექტორისგან პირველად 15 დღის წინ მიიღო. ჯერ იყო მოკითხვა – „როგორ ხარ“. მერე – „გყავს თუ არა ძმა, მამა“. შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა – „თამამი სელფი გამომიგზავნე“. მიმოწერაში სტუდენტი ყოველ ჯერზე სთხოვს ლექტორს, შეწყვიტოს ამის მოთხოვნა.

ლექტორი სტუდენტისგან ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა „თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ“.

მიმოწერას თან ახლავს ფოტოსურათებიც. ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს.

თამთა ამბობს, რომ ეს ლექტორი მას მუნიციპალურ სამართალს ასწავლის.

„პირველ კურსზე რომ ჩავაბარეთ, მაღალკურსელებმა გვითხრეს ამ და სხვა ლექტორზეც, ფრთხილად იყავით, ლექტორები სტუდენტებს წერენო. გამომწვევად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით არ იაროთო“, – ამბობს თამთა. ის დეტალურად იხსენებს, როდის და რა სახის შეტყობინებები მიიღო ლექტორისგან.

19 წლის გოგონა საკუთარი ვინაობის გასაჯაროებას არ თანხმდება, მაგრამ თანახმაა, მისი და ლექტორის მიმოწერა გავასაჯაროვოთ.

„თავიდან სოციალურ ქსელში მომწერა. უბრალოდ მკითხულობდა, როგორ ვიყავი და მეც თავაზიანად ვპასუხობდი. მერე საკუთარი ფოტო გამომიგზავნა და ჩემი სელფიც მთხოვა, მკითხა, შევძლებდი თუ არა „თამამი სელფები“ გამეგზავნა მისთვის – ,,თითქოს ზღვაზე ვიყავი“, რაზეც ჩემგან უარი მიიღო, მაგრამ მაინც აგრძელებდა თხოვნას, რომ ,,მომეხსნა კომპლექსები“ და „არ შემშინებოდა“, რადგან ,,ყველაფერი ჩვენს შორის დარჩებოდა“ და ყველაფერი ,,ჩვენ გვეცოდინება მხოლოდ”. ცდილობდა, ფოტოების გაგზავნაზე დავეყოლიებინე. მეგონა, გაჩერდებოდა და მაქსიმალურად ზრდილობიანად, მშვიდად მივუთითებდი, რომ ასეთი საქციელი შეუფერებელია ლექტორისთვის. ბოლოს ისიც კი მივწერე, რომ უსინდისოდ იქცეოდა. მაგრამ არ წყვეტდა მიმოწერას“, – ყვება თამთა.

ბსუ-ს ლექტორისა და სტუდენტის მიმოწერის სქრინები

ლექტორის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებით სტუდენტმა სამართალდამცავებს უკვე მიმართა, მერე კი ყველაფერი კურსელებს უამბო.

თამთა და მისი კურსელები ამ ლექტორის ლექციებზე დასწრებას აღარ აპირებენ. ისინი ლექტორის შეცვლას ითხოვენ. ამის თაობაზე სტუდენტებმა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანს, ლევან ჯაყელსა და ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს გუშინ, 20 მაისს მიმართეს.

„სამართალმცოდნეობის დეკანთან, ლევან ჯაყელთან შევედით და ყველაფერი მოვუყევით, დეკანმა ომარ ფარტენაძეს დაუძახა და სასწრაფოდ ჩვენი ლექტორის შემცვლელის პოვნა დაავალა. რექტორსაც ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ არ გავჩერდებოდი, ამას ლექტორისგან არ მოვითმენდი. „რა შემცვლელი, სასწრაფოდ უნდა წავიდეს უნივერსიტეტიდანო“ – ამბობდა რექტორი, გულის წვეთები დასჭირდა, მისგან და ლევან ჯაყელისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით“, – ამბობს სტუდენტი.

გუშინ, 20 მაისს, სტუდენტების ამ ჯგუფთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს  ლევან ჯაყელიც – ბსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი. ის ამბობს, რომ ყველაფრის საქმის კურსშია და სტუდენტებმა მას მიმოწერებიც გააცნეს. მისივე თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ამ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

„შემაშფოთებელი ამბავია, ემოციებს ვერ ვმალავ, მიმოწერა სტუდენტებმა გამაცნეს”, – ამბობს დეკანი. კითხვაზე, ყოფილა თუ არა აქამდე უნივერსიტეტში მსგავსი შემთხვევა, ლევან ჯაყელი პასუხობს, რომ დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა მისივე თქმით ყოფილა „მიმოთქმა და ასეთები, ბევრი რამ…“

„ეთიკური გადაცდომა დადასტურდება – ეთიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, სამართლებრივი დარღვევის შემთხვევაში იმოქმედებს სასამართლო. თუ სასამართლო არ დაადასტურებს სექსუალური შევიწროების ფაქტს, უნივერსიტეტის ეთიკის კომისია გამოსცემს საყვედურს, გაფრთხილებას, შენიშვნას, შესაძლოა ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში”, – ამბობს ფაკულტეტის დეკანი.

ლევან ჯაყელი მუნიციპალური სამართლის ლექტორს გუშინ, 20 მაისს, შეხვდა და ვითარება გააცნო. ასევე, სთხოვა შეეწყვიტა საკითხის გარკვევამდე სტუდენტების ამ კონკრეტულ ჯგუფთან სალექციო კურსი, რასაც ლექტორი დათანხმდა, თუმცა მან ლევან ჯაყელის თქმით, ბრალდება უარყო.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბრალდებას „ბათუმელებთანაც” უარყოფს. ის გუშინ, გვიან ღამით გაემგზავრა უკრაინაში მივლინებით. მან ჩვენს ზოგიერთ კითხვას სმს-ებით უპასუხა. გვითხრა, რომ დაბრუნების შემდეგ გაარკვევს ყველაფერს.

„ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა, ფეისბუქით თითქმის არ ვსარგებლობ, გარდა პოლიტიკური შეფასებებისა, ვიღაცამ შეიძლება ჩემი სახელით ისარგებლა. ბოლო ერთი კვირაა შევამჩნიე, რომ ჩემი გვერდი გატეხილია… დროის უქონლობის გამო „აიტიშნიკთან” ვერ მივედი, საარჩევნო სიტუაციებიდან გამომდინარე. ვინც ამ შეკვეთებს აკეთებს, სავარაუდოდ ვიცი და მერე ადრესატი მიიღებს პასუხს”, – მოწერა „ბათუმელებს“ თამთას ლექტორმა.

მისი თქმით, ყველაფერი გუშინ ღამით გაიგო და სტუდენტისთვის მისაწერად და სიტუაციის ასახსნელად დრო არ ჰქონდა. ლექტორი სრულიად უარყოფს ყველა ბრალდებას.

მივლინებიდან ის 28 მაისს დაბრუნდება.

ბსუ-ს ლექტორთან სხვა კითხვებიც გვქონდა, თუმცა მან მოგვწერა, რომ მეტს ვეღარ გვიპასუხებდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ამავდროულად ბათუმის საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირიც არის. ის ასევე სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ გავლენიანი წევრია ბათუმში. თუმცა, როგორც ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში ამბობს, ეს მას, როგორც უნივერსიტეტის რექტორს, ხელს არ შეუშლის სასამართლოს მიერ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში უმკაცრესი ზომები მიიღოს.

„არავის თანამდებობას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ყველა ლექტორი უნდა ურთიერთობდეს სტუდენტებთან საუნივერსიტეტო ეთიკის ნორმების დაცვით. ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, ეს არის უმნიშვნელოვანესი, ძალიან არასასიამოვნო ამბავი, მაგრამ რა უნდა ვქნათ”, – ამბობს მერაბ ხალვაში, რომელიც აღნიშნავს, რომ აქამდე მისთვის მსგავსი პრობლემით სტუდენტს არასდროს მიუმართავს.

„ამ ლექტორს დიდი გავლენები აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. ალბათ ფიქრობს, რომ ყველაფერი გაუვა, მაგრამ მე არ გავჩერდები, დავიცავ ყველა სტუდენტს იმისგან, რასაც მე მწერდა. არაფრის მეშინია. მაგრამ ყველა ჩემნაირი არ არის, სამომავლოდ შეიძლება უამრავ სუსტ ადამიანს სუიციდიც კი აფიქრებინოს მსგავსმა შემთხვევამ“, – ამბობს თამთა.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ხომ არ გაგრძელდება ამ საქმის გამოძიებაც წლობით ისე, როგორც არაერთი სხვა სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში ხდება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „ბათუმელებმა“ შს სამინისტროში იკითხა, თუ არსებობს ინსტრუმენტი ამ საქმის ოპერატიულად გამოსაძიებლად? შსს-ში გვიპასუხეს, რომ ამ მუხლის საქამეების გამოძიებაზე არავითარი დათქმა და ვადები არ არსებობს.

მთავარი ფოტო: ბსუ-ს ლექტორისა და სტუდენტის მიმოწერის სქრინები.

ამავე თემაზე

„თვითონ შეიჩერა სტატუსი“ – ბსუ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე

„ხელს არავის არ ვაფარებთ“ – საკრებულო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორზე

 

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

მარიხუანას თუ მოსაწევად იყიდი, 500 ლარით დაგაჯარიმებენ – სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

მარიხუანას შეძენისა და შენახვის კუთხით დღეს, 21 მაისს, ახალი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვა.

პოლიციელებმა სამი ადამიანის დაჯარიმება თბილისში მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა მათ ჩხრეკის დროს მცირე ოდენობით მარიხუანა აღმოუჩინეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა თქვეს, რომ მარიხუანა სახლში მიჰქონდათ იმისთვის, რომ პირად სივრცეში მოეწიათ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანებს მარიხუანას შენახვისთვის დაჯარიმებას უპირებდნენ – მარიხუანას მცირე ოდენობის ქონისთვის პოლიციელები მოქალაქეებს აღარ აჯარიმებდნენ, რადგან მარიხუანას მოწევა კანონით დასჯადი აღარ არის.

დავის საგანი ამჯერად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილი გახდა, რომლის მიხედვითაც, „მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“ ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ადამიანებს სისხლის სამართლის წესით დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.

რა არის სამართლიანი, თუკი მარიხუანას მოწევა დასჯადი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, კანონი მის შეძენას და შენახვას კრძალავს?

„კანონმდებლობა არ იცნობს მცენარე მარიხუანას მცირე ოდენობით კანონიერად შეძენის, შენახვის, გადატანის ან გადაგზავნის რეგულაციებს და, შესაბამისად, დადგენილია მარიხუანას შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის ბლანკეტური აკრძალვა, რაც გამორიცხავს მცირე ოდენობით მარიხუანის ნებისმიერი ფორმით შეძენას, რაც მოხმარების (კანონიერი ქმედების) აუცილებელი წინაპირობაა. ამდენად, კანონიერად მოხმარების შესაძლებლობას და მას მთლიანად უკანონოდ აცხადებს, რის გამოც, პირი იძულებული ხდება, გაიაროს უკანონო პროცედურა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობისთვის, რაც არაპირდაპირ გულისხმობს მარიხუანას მოხმარების დასჯადობას,“ – აღნიშნულია შუამდგომლობაში, რომლითაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებმა – ნიკოლოზ სიმონიშვილმა და გიორგი ანთაძემ სასამართლოს მიმართეს. ამ ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ კანონი ამ ნაწილში ბუნდოვანია და სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უნდა მიემართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართა და დაკავებულების ქმედება სამართალდარღვევად მიიჩნია, თუმცა მათ ჯარიმის შეფარდების ნაცვლად მხოლოდ შენიშვნა მისცა. საია-ს იურისტები ამ გადაწყვეტილების შეფასებას მას შემდეგ აპირებენ, როცა სასამართლოს დასაბუთება მათთვის ოფიციალურად ცნობილი გახდება.

შუამდგომლობაში, რომლითაც საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, ხაზგასმულია საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება „გივი შანიძის საქმეზე“, რომლის მიხედვითაც, „გართობისა და რეკრეაციული მიზნით მარიხუანის მოხმარების სისხლის სამართლის წესით დასჯადობა არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით.“

შუამდგომლობაში აღნიშნულია ისიც, რომ „პარლამენტმა თავი აარიდა ამ საკითხის რეგულირებას და არ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებისთვის სრული საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად.“

რაზე გაურიგდნენ „იალჩინ მარკეტს“ კონსულტანტები სასამართლოში

“არ აქვს აზრი არაფერს, იწელებოდა პროცესები… მოწმეები ვინც გვყავდა, ისინიც აღარ მოვიდნენ, რომ სიმართლე ეთქვათ. ჩვენ ერთიანად ისე გამოგვყარეს სამსახურიდან, რომ არავის უთქვამს, რატომ გაგვიშვეს,” – გვითხრა ირაკლი მამულაძემ. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც “იალჩინ მარკეტს” სასამართლოში უჩივლა, სამსახურში აღდგენა მოითხოვა და განაცდურის ანაზღაურებაც.

“იალჩინ მარკეტიდან” 10 კონსულტანტი ერთდროულად 2017 წლის 24 ნოემბერს გაათავისუფლეს. კონსულტანტებს მენეჯერთან ჰქონდათ კონფლიქტი და გასაუბრება დირექტორთან მოითხოვეს.

“ეს მოხდა ღამის საათებში, ადგილზე დირექტორი მივიდა, მაგრამ მას თანამშრომლების პრეტენზია არ მოუსმენია, უთხრა, რომ უშვებდა ყველას ერთიანად სამსახურიდან, რადგან ისინი თავთავიანთ ადგილებზე არ იყვნენ და ერთად შეგროვდნენ, დირექტორისთვის პრეტენზიები რომ ეთქვათ,” – განმარტავს ზურაბ ცეცხლაძე, რომელიც პროფესიული კავშირების იურისტია და სასამართლოში სამსახურიდან გათავისუფლებულების ინტერესებს იცავდა.

“დასაქმებულების მიერ სამუშაო ადგილის ჯგუფურად და თვითნებურად მიტოვება”, – ასე შეაფასა კონსულტანტების მოქმედება დამსაქმებელმა ბრძანებაში. თუმცა გათავისუფლების ბრძანებები კონსულტანტებმა სასამართლოში ჩივილის შემდეგ ნახეს. მანამდე არცერთი გათავისუფლებულისთვის ბრძანება არ ჩაუბარებიათ.

რამდენად სამართლიანი იყო ამ ფორმით დასაქმებულების გათავისუფლება? – ამ კითხვით “იალჩინ მარკეტის” ინტერესების დამცველს, ირაკლი ქამადაძეს მივმართეთ, ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვიდა. იურისტმა გვიპასუხა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

სარჩელში, რომლითაც 10-მა ყოფილმა კონსულტანტმა სასამართლოს მიმართა, აღწერილია სხვა პრობლემებიც: 12-საათიანი სამუშაო დღე, შესვენება ნახევარი საათი და ჯარიმა 1 ლარი თითოეულ დაგვიანებულ წუთზე. კონსულტანტები მარკეტში 350 და 400 ლარად მუშაობდნენ.

გათავისუფლებიდან სამი დღის შემდეგ პროფკავშირმა დამსაქმებელს ბრძანებების წარმოდგენა სთხოვა, თუმცა ბრძანებები “იალჩინ მარკეტმა” მხოლოდ სასამართლოში წარმოადგინა. სარჩელში ხაზგასმულია ეჭვიც, რომ ბრძანებები გვიან მომზადდა ძველი თარიღით.

რატომ თქვეს უარი ყოფილმა კონსულტანტებმა დავის გაგრძელებაზე? – იურისტი ზურაბ ცევხლაძე ამბობს, რომ მოწმეების გარეშე რთული იქნებოდა ამ დარღვევების დადასტურება.

“მორიგება საუკეთესო გამოსავალია, კანონმდებელიც  ამბობს ამას,” – დასძინა ზურაბ ცეცლაძემ.

მორიგება ხელფასის ნაწილობრივ ანაზღაურებაზე შედგა – “იალჩინ მარკეტი”ყოფილ თანამშრომლებს 1000-1000 ლარს გადაუხდის.

“მერე აღარ მინდაო ვეღარ იტყვით, იცოდეთ…” – მიმართა ორ მოსარჩელეს მოსამართლე სალიხ შაინიძემ. დღევანდელ პროცესს მხოლოდ ორი მოსარჩელე დაესწრო.

მოსამართლემ მოსარჩელეებს ასევე უთხრა, რომ ბაჟის საფასურიც დაუბრუნდებათ – 100 ლარი.

“ნაყინს შეჭამთ ალბათ ამით,” – დაასრულა მოსამართლემ ღიმილით და დარბაზიდან გავიდა.

როგორ აისახება დავის ასე დასრულება შრომით ურთიერთობებზე ზოგადად და ვინ ვერ დაეხმარა სამსახურიდან გათავისუფლებულებს ამჯერად? – ვკითხეთ პროფკავშირების იურისტს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

“რეალურად დამსაქმებელს ერთჯერადად მოუწევს ათი ათასი ლარის გადახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ იგივეს იგი სხვა ვითარებაში აღარ გააკეთებს, ეს არის შედეგი,” – აღნიშნა ზურაბ ცეცხლაძემ.

“ვინც მოიგო დავა, რა შეიცვალა? არაფერი იცვლება… მე ისევ კონსულტანტად ვმუშაობ უკვე სხვა მარკეტში, აღარ მინდა ამაზე საუბარი,” – ეს კიდევ ერთმა მოსარჩელემ, თამარ შარაძემ გვითხრა, ვიდრე ის სასამართლო შენობას დატოვებდა.

 

განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფო 210 943 ლარით აზარალა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2017-2019 წლის პირველ ნახევარში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის თქმით, საჯარო უწყების მიერ განხორციელებული ხარჯები კითხვებს აჩენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი 2017-2018 წლებში 382-ჯერ იყო ჩართული სასამართლო დავაში.

აქედან, 11 საქმე შეეხებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაცია-ავტორიზაციის მინიჭების ან გაუქმების საკითხებს. ამ პერიოდში ცენტრმა 139 საქმე წააგო, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტს 210 934 ლარი აზარალა.

„ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

ამავე წლებში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მოადგილეების, სამსახურებისა და სამმართველოს ხელმძღვანელების მიმართ გაცემულ ხელფასებზე, პრემიებსა და სახელმწიფო დანამატებზე 985 677 ლარი დაიხარჯა.

„ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017-2019 წლის პირველ ნახევარში, სამივლინებო ხარჯების სახით, 171 208 ლარი დახარჯა. ქვეყნის შიგნით მივლინებაში 13 473 ლარი, ქვეყნის გარეთ კი – 157 734 ლარი“, – ნათქვამია ახალგაზრდა ადვოკატების კვლევაში.

მივლინებაში გამოხატული ღირებულება, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  გულისხმობს მხოლოდ სასტუმროს ხარჯებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, სასამართლომ შეაჩერა ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელს 2019-2020 წლებში სტუდენტების მიღება ეკრძალებოდა.

თუმცა, „საბჭოს მიერ სადავო და შეჩერებული გადაწყვეტილებების თაობაზე, ცენტრი ინფორმაციას არ გასცემს. ამჟამად ცენტრის მიმართ ორგანიზაციის წარმოებაშია საერთო სასამართლოებში მიმდინარე სამი საქმე“, – აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამი წლის მანძილზე, მივლინების დროს სასტუმროებში დახარჯული თანხები

მოვაჭრეები: მოვიდეს ბათუმის მერი და საკუთარი თვალით ნახოს, რაც აქ ხდება

ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებიც მერიამ წერეთლის ქუჩიდან ავტოსადგურის შენობაში გადაიყვანა, პირობებით უკმაყოფილონი არიან. დღეს, 21 მაისს, ისინი მერიის წარმომადგენელს შეხვდნენ და სავაჭრო ადგილის შეცვლა მოითხოვეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე აგებულ სავაჭრო ცენტრში მყიდველი არ შედის, რის გამოც შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ერთ-ერთი მოვაჭრე, ლია შაინიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ისინი მერთან შეხვედრას და პირობების შეცვლას მოითხოვენ.

„ვითხოვთ მერთან შეხვედრას, იქნებ უკეთესი გამოსავალი მოძებნოს. მოვიდეს და ნახოს, რომ აქ მყიდველი არ შემოდის. მუშაობა არ არის, როდემდე ვიქნებით ასე.

მოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მყიდველი არ შედის.

კლიენტი არ შემოდის, რადგან მიუდგომელი ადგილია, დახურულია სივრცე. ერთი მხრიდან სამშენებლო მასალები გვადგას, მეორე კუთხიდან – მიკროავტობუსები და არც ჩანს გარედან. არ გაამართლა ამ ადგილმა,“ – გვეუბნება ის.

ლია შაინიძე ამბობს, რომ თავდაპირველად შეთანხმება იყო იმაზე, რომ გარემოვაჭრეებს დაუთმობდნენ წინა ხედს რკინიგზის მხრიდან, სადაც განთავსდებოდა მოვაჭრეებისთვის ჯიხურები.

„შემდეგ არ ვიცი, რატომ მოგვცეს უკანა მხარე სამშენებლო მასალების ტერიტორიაზე. გამოდის, საწყობში ვზივართ. ავტოსადგურის წინა მხარეს თუ დავსხდებით, ხალხი დაგვინახავს და ვაჭრობაც იქნება.“

ერთ-ერთი მოვაჭრე აქციის დროს შეუძლოდ გახდა.

ავტოსადგურის ტერიტორიაზე მერიის მიერ მომზადებული სიის მიხედვით, 104 მოვაჭრეა, თუმცა, როგორც ლია შაინიძემ გვითხრა, ადგილზე მხოლოდ 20 მოვაჭრეა. „იძულებული არიან ქუჩა-ქუჩა იარონ, რომ საღამოს პურის ფული მიიტანონ. ჩვენ გვინდა კანონმორჩილი ვიყოთ, თუმცა არ გვინდა მშიერი დაგვირჩეს ოჯახი,“ – გვეუბნება ლია შაინიძე.

ლია შაინიძე ამბობს, რომ თუ მერია პირობებს არ შეცვლის, იძულებული იქნებიან, პერმანენტული აქციები დაიწყონ.

სადგურის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ გარემოვაჭრეებმა აქცია ორ მაისს გამართეს. ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩის გათავისუფლება გარემოვაჭრეებისგან მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, რასაც გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.

ფემინისტთა ჯგუფი: საპატიო ბათუმელის წოდება სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულს მიანიჭეს

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი  ბათუმის მერიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართავს. განცხადებაში ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ეხმიანება საპატიო ბათუმელის წოდების მინიჭებას იმ ადამიანისთვის, რომელიც ორი წლის წინ ბსუ-ს სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ჯგუფი მოუწოდებს ბათუმის მერიასა და სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე იმ კომისიის წევრებს, რომელთა მხარდაჭერითაც მოხდა ამ წოდების მინიჭება – კარგად დაფიქრდნენ იმ ღირებულებებზე, რასაც „საპატიო ბათუმელის” წოდების მიღმა მოიაზრებენ.

საპატიო ბათუმელის წოდება 28 მაისს, „ბათუმობა 2019“-ზე ხუთ ადამიანს მიანიჭეს.

“საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა ადამიანს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, რომელსაც ორი წლის წინ სტუდენტი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ცხადია, სექსუალური შევიწროების ბუნებიდან გამომდინარე, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იმთავითვე რთული იყო, თუმცა, გამოძიება მალევე შეწყდა ფაქტების არარსებობის გამო…. რასაც წინ უძღოდა სტუდენტი ქალის გარდაცვალება  უბედური შემთხვევის შედეგად”, – წერს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი.

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფს ასევე აინტერესებს, რა კრიტერიუმებით ხდება საპატიო ბათუმელის წოდებაზე წარდგენილი ადამიანების შეფასება:

„ამ კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე, საპატიო ბათუმელის წოდება ატარებს სწორედ იმ მესიჯს, რომ:
1. ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების განხორციელება არ არყევს „საპატიო მამაკაცის“ იმიჯს და როგორც ფაქტები ცხადყოფს, პირიქით, აძლიერებს მას;
2. ქალაქის ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაული ნორმიდან გადახვევა არ არის.

ხელისუფლებისა და სახელმწიფო სასწავლო დაწესებულების მხრიდან სექსუალური შევიწროების საკითხის ამგვარი უგულებელყოფა განსაკუთრებით უხერხულია გლობალური Me Too კამპანიის ფონზე. ეს შემთხვევა ცდება ერთი კონკრეტული დანაშაულის ფარგლებს და ქალთა მიმართ ძალადობის სისტემური და ინსტუციონალიზებული კვლავწარმოების თვალსაჩინო მაგალითია”.

ორი წლის წინ, ამავე საქმეზე ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა, ასევე ქალთა მოძრაობამ, კავშირმა – “ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის”, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (ვისგი); პლატფორმამ – “ქალები საქართველოდან”, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა, „ქალთა მზერამ“ და „აუდიტორია 115-მა“, საჯარო განცხადება გაავრცელა.

ამავე თემაზე: 

სტუდენტი სექსუალურ ძალადობაში პროფესორს ადანაშაულებს

სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს

უკვე მეხუთედ ეწვია სკოლა ევრო 2000-ის 25 მოსწავლე (მე–10 და მე-11 კლასები) გერმანული ენის პედაგოგების ირმა დავითაძისა და მაია დუმბაძის ხელმძღვანელობით პარტნიორ სკოლას გერმანიაში. ქალაქ ელმსჰორნის ბისმარკის სახელობის გიმნაზია სკოლა ევრო-2000-ის ოფიციალური პარტნიორია, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს მოსწავლეებს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრონ გერმანიაში, ერთი წლის შემდეგ კი თავად უმასპინძლონ გერმანელ თანატოლებს.

პირველი მაისიდან ათი მაისის ჩათვლით განხორციელებული პროექტი მრავალმხრივად დატვირთული იყო და მოიცავდა როგორც სასწავლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ და გასართობ აქტივობებს.

სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს
სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს

ქართველი მოსწავლეები გაეცნენ გერმანული განათლების სისტემას და გახდნენ გერმანული სასკოლო ცხოვრების უშუალო თანამონაწილენი, გერმანელ მოსწავლეებთან ერთად ჯგუფებში იმუშავეს პროექტზე „დავიცვათ ჩვენი გარემო“ და  წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. ერთობლივი ექსკურსიები ჰამბურგში, ლუბეკსა და ლუნებურგში შესანიშნავი საშუალება იყო არა მხოლოდ გერმანიის სამი ქალაქის და მათი ღირსშესანიშნოებების  გასაცნობად, არამედ გერმანელ თანატოლებთან დაახლოების და მათთან გერმანულ ენაზე საუბრის.

წინასწარ გაწერილი და საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამის მიუხედავად, მოსწავლეებს მაინც ჰქონდათ თავისუფალი დრო, რომელიც კარგად გამოიყენეს ერთობლივი გასართობი აქტივობების ჩასატარებლად. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქართველი მოსწავლეები გერმანიაში ყოფნის დროს ცხოვრობენ გერმანულ ოჯახებში, საუბრობენ მხოლოდ გერმანულად და საკუთარი თვალით ეცნობიან გერმანულ ყოფა-ცხოვრების, არიან საქართველოს წარმომადგენლები და აცნობენ გერმანელ მასპინძლებს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს ტრადიციებისა და ჩვენი კულტურის მრავალფეროვნების ფართო მასშტაბით წარდგენის საშუალება ჩვენს მოსწავლეებს მიეცათ სკოლაში გამართულ გერმანულ-ფრანგულ-ქართულ საღამოზე, სადაც მათ ქართული ჰანგებითა და ცეკვის ხელოვნებით არა თუ გერმანელი მასპინძლები, არამედ მოწვეული ფრანგი სტუმრებიც კი აღაფრთოვანეს.

სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს
სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს

გაცვლითი პროგრამის მიზანი მიღწეულია. უამრავი დადებითი შთაბეჭდილებით, ბევრი ახალი ინფორმაციით დატვირთული, გაფართოებული თვალსაწიერით და რაც მთავარია, ახალი მეგობრების შეძენით  გამოწვეული სიხარულის განცდით დაბრუდნენ ევრო 2000-ის მოსწავლეები მშობლიურ სკოლაში. ახლა გერმანელი სტუმრების რიგია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მომავალი სასწავლო წლის მაისს, რათა ჩვეული მასპინძლობა გავუწიოთ ჩვენს უცხოელ სტუმრებს და კიდევ უფრო გავამყაროთ ქართულ-გერმანული მეგობრობა ორივე სკოლის მოსწავლეებს შორის.

მოსწავლეთა შთაბეჭდილებები

ირაკლი ვარშანიძე, მე-10 ბ კლასი: გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, საერთო ჯამში, იყო ძალიან კარგი და ნამდვილად გვაჩუქა დაუვიწყარი დღეები როგორც გერმანელ, ასევე ქართველ ბავშვებს. პირველ რიგში, პროექტი და პროგრამა იყო ძალიან კარგად დაგეგმილი და ნამდვილად საინტერესო აქტივობებს ითვალისწინებდა. პროექტმა, რომელიც ბუნების დაცვას უკავშირდებოდა, ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. მუშაობა იყო ნამდვილად სახალისო და, რა თქმა უნდა, საინტერესო. გერმანელ ბავშვებთან კონტაქტი არ გაგვიჭირდა და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. ასევე ძალიან კარგად გავატარეთ თავისუფალი დრო და საბოლოოდ ძალიან დადებითი ემოციებით დავბრუნდით შინ.

ანა ციხელაშვილი, მე-11 გ კლასი: გაცვლითი პროგრამა, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ მივიღე მინაწილეობა, დაუვიწყარი გამოცდილება იყო ჩემთვის. პირველად მინდა დავიწყო იმ თბილი დახვედრით, რომელიც ბავშვებმა მოგვიწყვეს, ძალიან მეგობრულ კლასთან მოგვიწია ურთიერთობა, თითოეული ბავშვი ცდილობდა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა და მაქსიმალურად დაგვხმარებოდნენ იმაში, რომ უცხო გარემოში არ გვეგრძნო თავი. გერმანელ მოსწავლეებთან ერთად ვიმუშავეთ საინტერესო თემებზე და გავაკეთეთ პრეზენტაციები, ბევრი ახალი და განსხვავებული ინფორმაცია მივიღე მუშაობის პროცესში. მასწავლებელი, მიხაელი, ძალიან მოწესრიგებული და მომზადებული იყო ამ გაცვლითი პროგრამისთვის, თითოეული წუთი წინასწარ განსაზღვრული ქონდა. დავათვალიეთ სამი ძალიან ლამაზი ქალაქი: ჰამბურგი, ლუბეკი და ლუნებურგი. ძალიან მომეწონა სამივე ქალაქის არქიტექტურა, ქუჩები, ხიდები. ერთ-ერთი დადებითი მხარე, რაც გერმანიას აქვს, ვფიქრობ, ყველაზე ღირსეული მხარეც კი, არის ის, რომ ქვეყანა ძალიან ზრუნავს გარემოზე, თითოეულ ოჯახში, სკოლსა და ქუჩებშიც კი იგრძნობა, რომ ბუნების მეგობრები არიან გერმანელები. ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბრო ჩემს ოჯახზე გერმანიაში. გოგონა, რომლის ოჯახშიც ეს ათი დღე გავატარე, ძალიან მეგობრული აღმოჩნდა, საერთო ინტერესები აღმოვაჩინეთ და ხშირად ვსაუბრობდით უამრავ თემაზე. ოჯახის სხვა წევრებიც ძალიან მზრუნველები და მეგობრულები იყვნენ, განსაკუთრებით დედას დავუმეგობრდი. საბოლოოდ კი მინდა ვთქვა, რომ ეს 10 დღე მართლაც ძალიან კარგად გავატარე, გავიუბჯობესე გერმანული ენის ცოდნა, ბევრი ახალი რამ ვისწავლე, ბევრი მეგობარიც შევიძინე და ახალი მიზნებით დავბრუნდი საქართველოში.

სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს
სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს

ნიკა ბერიძე, 10 ბ კლასი: ბავშვობიდანვე გადავწყვიტე ევროპაში მიმეღო განათლება, შესაბამისად გამიხარდა იმის გაგება, რომ მომეცა საშუალება წავსულიყავი გერმანიაში მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამით. რადგან ბავშვს მანამდეც ვეკონტაქტებოდი სოციალური ქსელის მეშვეობით, დარწმუნებული ვიყავი,რომ ხასიათით კარგად შევეწყობოდით ერთმანეთს და ასეც მოხდა. უმეტესობა მოზარდებისა ძალიან თავაზიანი და მეგობრულია. მომეწონა, თუ როგორ მიმიღეს ოჯახში-ძალიან თბილად, ერთად დავსხედით დიდ მაგიდასთან, მივირთვით გერმანელი დედის მიერ გამოცხობილი ნამცხვარი და გავეცანი მათ. მომეწონა გერმანელთა პუნქტუალურობა და მათი მოპყრობა ნივთებთან (თუნდაც ნაგავთან). ისინი აფასებენ ყველანაირ შრომას და იქ არა არის დისკრიმინაცია. 10 დღის განმავლობაში კარგად გავეცანი ევროპელთა ცხოვრებას, გავავრცე ენის ცოდნა და მივხვდი, რომ ქართულ საჭმელს არაფერი სჯობს. მთლიანობაში, პროგრამამ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა და დაზუსტებით გადავწყვიტე, განათლება გავაგრძელო გერმანიაში, რის საშუალებასაც მაძლევს სკოლა. ასევე, დიდ მადლობას ვუხდი სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს, რომელთა გარეშე არაფერი მოხერხდებოდა.

რუსუდან ბეჟანოვა, მე-10 ბ კლასი: გერმანიაში წასვლა ჩემთვის დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი გამოცდილება იყო. პროგრამის ფარგლებში,  ვეწვიეთ სხვადასხვა ქალაქს, სადაც გავიცანით უამრავი ხალხი, დავათვალიერეთ ისტორიული ადგილები და გავიგეთ ბევრი რამ, რაც უჩვეულოდ და განსხვავებულად მოგვეჩვენა. მიმაჩნია, რომ, საქართველოსა და გერმანიის წესები და ცხოვრების სტილი ერთმანეთისგან განსხვავდება. რაც მთავარია, მივიღე ისეთი გამოცდილება, რომელიც დამეხმარება ჩემი მომავალი ცხოვრების დაგეგვმაში.

სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს
სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა გერმანიაში იმოგზაურეს
Exit mobile version