მთავარი,სიახლეები

აგვისტოში სიზმრებიც ომითაა გაჟღენთილი – გორის მცხოვრები

07.08.2019 • 1753
აგვისტოში სიზმრებიც ომითაა გაჟღენთილი – გორის მცხოვრები

ეკატერინე ქოთოლაშვილი 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში სოფელ ავნევში ისვენებდა. 7 აგვისტოს მან სოფელი დატოვა იმ იმედით, რომ პანიკა ჩაცხრებოდა და იმავე საღამოს დაბრუნდებოდა უკან. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ბოლოჯერ ხედავდა დიდ, ლამაზ, იისფერ სახლს, სადაც ყოველ შაბათ-კვირას იკრიბებოდნენ ბებიასთან მრავალრიცხოვანი ნათესავები.

 

ეკატერინე ქოთოლაშვილი

მეზიზღება აგვისტო. ამ დროს სიზმრებიც ომითაა გაჟღენთილი. ყველაზე მეტად ბებიაჩემი მეცოდება, 19 წლის იყო რომ დაოჯახდა და ავნევში დასახლდა.
60 წელზე მეტი იცხოვრა იქ პაპასთან ერთად, საკუთარი ხელით, დიდი შრომის ფასად აშენებულ სახლში. დეტალურად აქვს მოყოლილი, როგორ ეზიდებოდნენ მდინარიდან დილის ხუთ საათზე ქვას, ღორღს და ქვიშას. მერე უკვე შვილებთან ერთად უკეთესი სახლი ააშენა. მთელი ცხოვრება იქ გაატარა და იქაურობას მიუძღვნა, მეუღლის საფლავიც ავნევში აქვს და ერთ დღესაც ყველაფერი დაკარგა. 11 წელია ამ დარდით ცხოვრობს.

ჩვენ ,,გაგვიმართლა“ –  სახლი და სოფელი დავკარგეთ, მაგრამ ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, რა ქნას? აგვისტოს ომის ქრონიკა ბებიას ზედმიწევნით კარგად ახსოვს. ყველაფერს ომის მოგონებებს უკავშირებს და შეგრძნებები უახლდება, ისევ იქაა და იმ ცხოვრებით ცხოვრობს.

ჩვენი დიდი და ლამაზი სახლი გადაწვეს, პირველად სწორედ ასეთ სახლებზე მიიტანეს იერიში.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჩემთვის 13 აგვისტო იყო, როცა მეგობარს ველაპარაკე და მითხრა, რომ ავნევში ვეღარ დავბრუნდებით, ყველაფერი გადამწვარიაო. ფოტოებიც ვნახე. ეკლესია და სასაფლაოა მხოლოდ შემორჩენილი. ავნევი მიწასთანაა გასწორებული, ორი ოჯახია დარჩენილი, როგორც ვიცი. ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ბებია-ბაბუის ოჯახია.

მთელ ზაფხულს და შაბათ-კვირას ავნევში ვატარებდით, ბევრი რამ მაკავშირებდა ამ სოფელთან, ბებიას ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყავს, ყველანი აქ ვიკრიბებოდით ზაფხულობით. იმ ზაფხულსაც ივლისის ბოლოს ჩავედი სოფელში, 23 წლის ვიყავი. პირველიდან ექვს აგვისტომდე ჭორივით გვესმოდა, ცხინვალიდან ხალხი გაჰყავთ და ომისთვის ემზადებიანო, მაგრამ სხვა დროსაც ყოფილა მითქმა-მოთქმა, რაც მიწყნარდებოდა ხოლმე და ყურადღება არ მიგვიქცევია.

ბებია, დეიდა, მე, ჩემი ძმა და ბიძაშვილები ვიყავით ავნევში. არ ვაპირებდით წამოსვლას – სიტუაციის სერიოზულ დაძაბვას არ ველოდით. შვებულება მქონდა, მაგრამ რაღაც ახალი პროექტის შეხვედრა ჩანიშნეს და 6 რიცხვში წამოვედი ავნევიდან, ამ დროს უკვე დაძაბული იყო სიტუაცია და ჩემი ბიძაშვილებიც წამოვიდნენ. იმავე საღამოს ვაპირებდით უკან დაბრუნებას, იქ დარჩა ბებია და დეიდა. გორში ჩამოსულებმა ვნახეთ, რომ ომი რეალურად იყო მოსალოდნელი, სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა და არც სამუშაო შეხვედრა ახსოვდა ვინმეს.

ავნევი 8-ში დაიბომბა გორთან ერთად, დეიდაჩემმა სოფელი დატოვა. ბებია არ გამოყვა. სოფელი დაიცალა და ბებია ისევ იქ იყო, წამოსვლა არ უნდოდა.

მეზობელი გვყავდა, ოსი ქალი, რომელსაც ბიძაჩემმა დაურეკა და სთხოვა ბებიაჩემი წამოეყვანა გორამდე, როგორც შეძლებდა – რომც არ გამოგყვეს იქნებ ძალით წამოიყვანოო. ავნევიდან რომ წამოხვიდე ორი ოსური სოფელი უნდა გამოიარო, შემდეგ დვანია. ფეხით გამოიარა ბებიამ ეს სოფლები ქალის დახმარებით, ბოლოს მანქანაც წამოეწიათ და გორამდე ჩამოაღწიეს.

გორი რომ დაიბომბა მშობლებმა წინა ღამით თბილისში გაგვგზავნეს და თვითონ დარჩნენ. ბებია 11 წელია დევნილია, გორში ცხოვრობს. ახლა ორი მტკაველი მიწა აქვს, თითქმის არაფერი და მაინც, როგორც სოფელში დგებოდა დილით 8 საათზე დღემდე ამ დროს დგება, რომ იშრომოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: