განათლება,მთავარი,სიახლეები

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულას უნივერსიტეტები ვერ დაადგენენ – გორგოძე

24.07.2019 • 10723
2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულას უნივერსიტეტები ვერ დაადგენენ – გორგოძე

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ დღეს, 24 ივლისს, ბათუმში, „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულებს უნივერსიტეტები ვეღარ დაადგენენ, რადგან სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.

გორგოძის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საბოლოო დებულება აგვისტოს შუა რიცხვებში, განათლების მინისტრის ხელის მოწერის შემდეგ გამოქვეყნდება.

„თავიდან ითქვა, რომ გამსვლელ ქულას დაადგენდნენ უნივერსიტეტები, თუმცა ეს ასე აღარ იქნება, რადგან უმაღლეს სასწავლებლებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ზოგ უნივერსიტეტს გაუჩნდა იმის შიში, რომ ზოგიერთმა უნივერსიტეტმა, იმის გამო, რომ ბევრი სტუდენტი მიიღოს, შესაძლოა ძალიან დაწიოს ბარიერი და ამან გამოიწვიოს სწავლის ხარისხის გაუარესებაო. საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება აღარ იქნა მიღებული. ორ კვირაში დამტკიცდება დებულება, სადაც გაწერილი იქნება 2020 წლის ეროვნული გამოცდების ჩაბარების სტანდარტი“, – ამბობს სოფიო გორგოძე.

ახალი სტანდარტის მიხედვით, სავალდებულო იქნება ორი გამოცდა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენაში. მესამე საგანს – ისტორიას ან მათემატიკას აბიტურიენტი იმის მიხედვით ჩააბარებს, თუ რა პროფილის ფაკულტეტს აირჩევს.

„თუ ტექნიკური მიმართულებით სურს აბიტურიენტს ჩაბარება – იქნება მათემატიკა, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე ჩააბარებს ისტორიას.

რაც შეეხება სამედიცინოს, აქ ცოტა სხვაგვარად იქნება, რადგან მიმდინარეობდა კონსულტაციები სფეროს ექსპერტებთან და რაღაც სხვანაირი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც საბოლოოდ განათლების მინისტრმა უნდა დაამტკიცოს“, – გვეუბნება სოფიო გორგოძე.

გორგოძის თქმით, მეოთხე საგნის დამატების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ გამსვლელ ქულას ვერ აწესებენ, უნივერსიტეტებს მაინც ექნებათ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ სჭირდება აბიტურიენტს მათემატიკის ჩაბარება, თუკი ის ბიოლოგიაზე აბარებს? სოფიო გორგოძე ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში, სადაც შეზღუდულია გამოცდების რაოდენობა, სტანდარტი სამი საგნის ჩაბარებას ითვალისწინებს.

„ეს არის უცხო ენა, მშობლიური და მათემატიკა, ეს არის უნივერსალური და ამაზე არავინ დავობს, რადგან ეს სამი საგანი არის ყველაფრის საფუძველი“.

დღეს, 24 ივლისს, ეროვნული გამოცდები დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. აქედან გამოცდებზე 95-პროცენტამდე აბიტურიენტი  გამოცხადდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: