მთავარი,სიახლეები

კულტურის ეროვნული ფონდი 50 მილიონი ლარით დაფინანსდება

06.08.2019 • 1247
კულტურის ეროვნული ფონდი 50 მილიონი ლარით დაფინანსდება

განათლებისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, 6 აგვისტოს, კულტურის სფეროს რეფორმა დააანონსა და განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც 50 მილიონი ლარით დაფინანსდება.

მინისტრის განცხადებით, ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება „თანაბარი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება  კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა“.

პრესრელიზში, რომელიც სამინისტრომ ჟურნალისტებს მიაწოდა, საუბარია კულტურის ეროვნული ფონდის მიზნებსა და ამოცანებზე, რომლებიც, მინისტრის თქმით, ასეთია:

„კულტურის სფეროს დაფინანსების საჯარო, გამჭვირვალე და სამართლიანი სისტემის შექმნა, კულტურის სფეროსთვის განკუთვნილი ფინანსების რაციონალური და სტრატეგიული ხარჯვა, ასევე, კულტურის თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით – რეგიონების/მაღალმთიანი სოფლების, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, სპეციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის“.

ფონდის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანებით, ოთხი წლის ვადით ინიშნება. შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ როგორც საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

ამავე წყაროს ცნობით, საბჭოს გარდა შეიქმნება საკონკურსო კომისიები, სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გამოცხადებული თემატური კონკურსებისათვის. „კომისიის წევრთა დაკომპლექტება მოხდება ღია კონკურსის წესით“.

ფონდი ფუნქციონირებას 2020 წლიდან დაიწყებს და მას ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/361672/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: