ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ფიჭვნარში მიწა, რომელიც მთავრობას აუქციონზე 4,5 მილიონად ჰქონდა გატანილი, არ გაიყიდა

06.04.2019 •
ფიჭვნარში მიწა, რომელიც მთავრობას აუქციონზე 4,5 მილიონად ჰქონდა გატანილი, არ გაიყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდდა. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი არ შედგა.

eauction.ge-ს მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. ქონების გაყიდვაზე განაცხადს კი 500-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.

ნაკვეთი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის პირობით იყიდებოდა, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს. მთლიანობაში კი, მომავალ მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

ამ ნაკვეთს სამინისტრო გასაყიდად აუქციონზე, ალბათ, ხელახლა გამოიტანს. სამინისტროს აქვს უფლება საწყისი გასაყიდი ფასიც შეცვალოს [შეამციროს კიდეც] და პირობაც. არც ისაა გამორიცხული, ქონება მთავრობამ სხვა ფორმით განკარგოს.

გასაყიდი ტერიტორია ქობულეთში, ფიჭვნართან ახლოს, დავით აღმაშენებლის გამზირის N379-ის მიმდებარედაა. მომიჯნავე ნაკვეთები უკვე გასხვისებულია სხვადასხვა კერძო კომპანიებზე: „სის ინვესტი“, „ელერ კომპანი“, „არგო ანურია“.

შპს „ელერ კომპანიში“ 50% წილს ფლობს და ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია ლევან შერაზადიშვილი. ლევან შერაზადიშვილი, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა, შპს „გრინ რეზორტის“ ერთ-ერთი მეწილე და დირექტორიცაა. „გრინ რეზორტს“ კი აჭარის მთავრობამ გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად ქობულეთში 180 ჰექტარამდე მიწა 6 040 265 ლარად გადასცა. „გრინ რეზორტმა“ ამ პროექტში არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მიწა ფიჭვნარში, რომელიც ამჯერად აუქციონზე არ გაიყიდა, იმ ნაკვეთებთანაც ახლოსაა, სადაც გოლფის მოედანი და „მწვანე ქალაქი“ უნდა გაშენდეს. „გრინ რეზორტის“ წარმომადგენლის თქმით, აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთის შეძენა ამ ეტაპზე მათ ინტერესებში არ შედის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: