მთავარი,სიახლეები

რა ეტაპზეა ბათუმის რესპუბლიკურის აღჭურვის პროცესი – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება 

14.07.2019 • 2614
რა ეტაპზეა ბათუმის რესპუბლიკურის აღჭურვის პროცესი – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლინიკების ერთიანი მართვის, ანუ ე.წ. „ეტალონური“ კლინიკების [მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს] შესახებ ხედვა, ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია“, – მოგვწერეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან.

„ეტალონური“ კლინიკების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სერგეენკომ „ბათუმელებთან“ 2018 წლის ნოემბერში განაცხადა. ყოფილი მინისტრის თქმით, 2019 წლის დასაწყისიდან ამუშავდებოდა პროექტი, რომლის მიხედვითაც „საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო, ეტალონური კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს მართვაში, სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს კლინიკები იქნება: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის სამედიცინო ცენტრი; ზუგდიდის რუხის კლინიკა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო…“

ამ თემაზე: დავით სერგეენკოს კომენტარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

„ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ინფორმაცია ბათუმის ახალი კლინიკის [რესპუბლიკური საავადმყოფოს] მართვისა და აღჭურვის შესახებ, წერილობით, 2019 წლის 26 ივნისს გამოითხოვა.

„დამტკიცებულია თუ არა აღნიშნული პროექტი/პროგრამა? თუ კი, გთხოვთ მოგვაწოდოთ პროექტის ელექტრონული ვერსია. თუ არ არის დამტკიცებული, მაშინ მოგვაწოდეთ ინფორმაცია რა ეტაპზეა ამ პროექტზე მუშაობა [სამინისტროს ან მთავრობის შესაბამისი დადგენილება, ბრძანება ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომ ამ პროექტზე მიდის/ან უნდა დაიწყოს მუშაობა, თუნდაც სამუშაო ჯგუფის ან კომისიის შექმნის შესახებ].

არის თუ არა ოფიციალურად გადაწყვეტილი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბათუმის რესპუბლიკური [ახალი, 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური] საავადმყოფო იქნება სახელმწიფოს მართვაში [გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტის ასლი]; ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის ასლი, რომელიც სამომავლოდ ბათუმის ახალი საავადმყოფოს მართვას შეეხება“.

„ბათუმელების“ ამ კითხვების პასუხად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ „ე.წ. „ეტალონური“ კლინიკების [მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს] შესახებ ხედვა, ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია“.

დავით სერგეენკომ 2018 წელს ისიც განაცხადა, რომ ბათუმის ახალი საავადმყოფოს აღჭურვა, ეს იქნებოდა ერთიანი პროექტი [ზემოაღნიშნული ოთხი კლინიკის], რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელდებოდაა. ამ პროექტზე მუშაობა კი, მაქსიმუმ 2019 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. თუმცა, ამ პროგრამის მიხედვით, 2019 წელს, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვისთვის 8 448 300 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვთხოვეთ, თუმცა პასუხად მხოლოდ ეს მოგვწერეს: „რაც შეეხება, რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკას, მისი მშენებლობა დაიწყო 2014 წელს, გათვლილია 220 საწოლზე. იგი იქნება გამყოფ ხაზთან მდებარე საავადმყოფო, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მულტიპროფილური სერვისებით დაკმაყოფილებას“.

ამ თემაზე: რატომ არ შეეხო რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამაში 14 მაისს შესული ცვლილებები

ახალი კლინიკის აღსაჭურვად თანხა არც აჭარის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. აჭარის ბიუჯეტიდან ამჯერად ახალ კლინიკაში გაზიფიცირების შიდა ქსელის მოწყობა დაფინანსდება, რისთვისაც 5630 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდება, რომელიც შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა.

ამ თემაზე: „რესპუბლიკურის“ ახალ შენობაში გაზმომარაგების შიდა ქსელის მოსაწყობად 5630 ლარია გამოყოფილი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა, რომლის მშენებლობაც 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობას დღემდე არ ჩაუბარებია.

ამ თემაზე:  „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ პოლიცია დაიცავს – როდის ჩაიბარებს ახალ შენობას მთავრობა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: