მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს – კვლევა

25.11.2019 • 2232
ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს – კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შპს „აჭარგანათების“ ტენდერების შესახებ აქვეყნებს კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიუხედავად აუდიტის სამსახურის შენიშვნებისა, შპს „აჭარგანათებასთან“ ბათუმის მერია სატენდერო პირობების ერთ კომპანიაზე მორგების პრაქტიკას აგრძელებს.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, „აჭარგანათება“ ბათუმის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა, რომელსაც მისი ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე მართავს, ხოლო ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე კომპანიის 52-პროცენტიანი წილის მფლობელია. კვლევის თანახმად, კომპანიამ 2011 წლის თებერვლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით 94 ტენდერიდან და 22 გამარტივებული შესყიდვიდან მთლიანობაში 26 523 383 ლარი მიიღო.

„2011-2019 წლებში შპს „აჭარგანათებამ” 94 ტენდერიდან და 22 გამარტივებული შესყიდვიდან 26 523 383 ლარი მიიღო, მათ შორის, 72 უკონკურენტო ტენდერიდან – 18 797 797 ლარი (მთლიანი თანხის 71%) და გამარტივებული შესყიდვებიდან – 2 946 219 ლარი (მთლიანი თანხის 11%). ამ სახელმწიფო ტენდერების შემსყიდველთა უმრავლესობას (94-დან 68) ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირები წარმოადგენენ“, – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ბათუმის მერია არ ითვალისწინებს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს „აჭარგანათებასთან” დაკავშირებით.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ 2016 წელს „აჭარგანათებას” ბათუმის მერიისთვის ტენდერის პირობებით გათვალისწინებული მომსახურება არცერთ თვეში სრულყოფილად არ მიუწოდებია, თუმცა მიმწოდებელთან ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და კომპანიას არანაკლებ 270 200 ლარის ოდენობის ჯარიმა არ დაკისრებია. მსგავსი პრობლემა ნახსენებია 2017 წლის ანგარიშშიც – აქაც აუდიტის სამსახური განიხილავს კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების  შეუსრულებლობას და მერიის მხრიდან კომპანიისთვის დასაკისრებელი 731,400 ლარის ოდენობის ჯარიმის უგულებელყოფას.

„ბათუმის მერიამ უგულებელყო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები ტენდერებში კონკურენტული გარემოს შექმნასთან დაკავშირებით: 2018-2019 წლებში შპს „აჭარგანათებამ” ბათუმის მერიისა და მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 6 ტენდერში გაიმარჯვა, მათგან 4-ში უკონკურენტოდ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, აჭარაში განათების მომსახურების სფეროში გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში რამდენიმე კომპანია (შპს „მეოხი”, შპს „მარდი”, შპს „გუნგლი”, შპს „გელმარი”, შპს „მშენებელი 5” და ა.შ.) მონაწილეობს, ბათუმის მერიისა და მერიის ა(ა)იპის მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობები ნაკლებად აძლევს სხვა კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის საშუალებას, რადგან პრეტენდენტებს მრავალწლიანი გამოცდილება და ასობით ათასი ლარის ღირებულების ვიწრო სპეციფიკის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოეთხოვებათ“, – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში.

„გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში უნდა დაიწყოს მოკვლევა სატენდერო პირობების კონკრეტულ კომპანიაზე მორგების სავარაუდო ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით და, ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ  უახლოეს პერიოდში უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებით, მათ შორის არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო დააჯარიმოს კომპანია „აჭარგანათება” და დაამკვიდროს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანი კონტროლის პრაქტიკა.

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმს კვლავ „აჭარგანათება“ გაანათებს, მერიის ტენდერის გამარჯვებული კვლავ ეს კომპანიაა და მას ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა 428 423 ლარის ღირებულების სამუშაოებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: