მთავარი,სიახლეები

რა მოხდა 26 ნოემბერს გამთენიისას რუსთაველზე – აქციის დაშლის ქრონიკა

26.11.2019 • 3267
რა მოხდა 26 ნოემბერს გამთენიისას რუსთაველზე – აქციის დაშლის ქრონიკა

აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ, 25 ნოემბერს, საღამოს დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებას აპროტესტებენ, ჯერ რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველზე მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი პარლამენტთან შეიკრიბნენ პარლამენტის პიკეტირებისთვის.

აქციის დაწყებამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს საჭირო ნივთებით დატვირთული 4 სატვირთო მანქანა ჩამოართვა და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. სატვირთო მანქანებში იყო შეშა, რომელიც აქციის მონაწილეებს ღამის განმავლობაში, გასათბობად სჭირდებოდათ.

დემონსტრანტებს, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ელენე ხოშტარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას, პოლიციელებმა ჩამოართვეს კასრები, რომლებიც, მათი განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე გასათბობად სჭირდებოდათ. პოლიციის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ კასრები „დროებით ჩამოართვეს“ და რომ კასრების/შეშის მიტანა პარლამენტთან „არაკონსტიტუციურია“.

აქციის მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სალობიე „ბიაში“ ვახშმობდა. დემონსტრანტების ნაწილი სალობიესკენ გაეშურა. „ბიას“ შესასვლელთან უკვე იმყოფებოდა პოლიცია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პოლიციის კორდონის მეშვეობით დატოვა სალობიე. აქციის მონაწილეებმა მას ჯონჯოლი და კიტრის მწნილი მიუტანეს.

მოგვიანებით, სალობიე „ბიას“ მფლობელმა, შეფმზარეულმა გიორგი იოსავამ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა – „გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე „ბიას“ ესტუმრა სალომე „ბუა“. სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს. #სტუმარიღვთისაა”, –  დაწერა გიორგი იოსავამ ფეისბუკზე.

რუსთაველის გამზირზე აქცია გაგრძელდა, მიუხედავად ცივი ამინდისა. აქციის მონაწილეებს არ მისცეს ცეცხლის დანთების და გათბობის საშუალება. პოლიცია დასდევდა ყველას, ვისაც შეშის ნაჭრები მიჰქონდა რუსთაველზე და ართმევდა მათ შეშას. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პოლიცია შეშის ჩამორთმევით მანიფესტაციის უფლებას უკანონოდ ზღუდავს.

გასათბობად რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები წრეში ბურთს თამაშობდნენ და ცეკვავდნენ. საჯარო ლექცია და პანელური დისკუსია გამართა აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ.

უკვე 26 ნოემბერს, პირველ საათებში, პარლამენტთან ახლოს დააკავეს პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“, თენგიზ გუნავა და გიგა ბოკერია დააკავეს, რომელთაც წალამი მიჰქონდათ აქციაზე. დეპუტატები მალევე გაათავისუფლეს, შსს-მ დაკავების ფაქტი არ დაადასტურა.

გამთენიისას პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდნენ. დილის 5 საათზე სპეცრაზმმა აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლა.

აქციის დაშლიდან რამდენიმე საათის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ გამთენიისას პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად 28 პირი დააკავეს, 3 ადამიანი კი დაშავდა.

დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებს ედავებიან.

ამ დროისთვის [11:10] აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

პროცესი კი, რომელსაც თბილისში რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, დაიწყო 20 ივნისს, ე.წ. „გავრილოვის ღამეს“, როცა საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

__________

ფოტოზე: აქცია თბილისში, პარლამენტთან. ფოტო: „ნეტგაზეთი“/მარიამ ბოგვერაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: