ბათუმის მერია თანახმაა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ მუნიციპალურ ავტობუსებში რეკლამის განთავსების 20-წლიან უფლებაზე პირობიანი აუქციონი გამოაცხადოს. პირობებში, უფლების საფასურის გადახდის გარდა, ჩადებულია გამარჯვებულის მიერ „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ 10 ავტობუსის საკუთრებაში გადაცემა. საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მიიღებს. 30 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე შეტანილია.
მუნიციპალურ ტრანსპორტში [როგორც ავტობუსების გარე ფასადზე, ასევე შიგნით] რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას 20 წლით მოიპოვებს ის პირი, რომელიც აუქციონზე დაფიქსირებულ თანხასაც გადაიხდის, ამასთან შეიძენს და ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ საკუთრებაში გადასცემს 10 ავტობუსს.
პროექტის მიხედვით, აუქციონის [რეკლამის განთავსების უფლების მიღების] საწყისი საფასური 2,5 მილიონი ლარი იქნება [დღგ-ს ჩათვლით], ბიჯი კი – 10 ათასი ლარი.
უფლების მიმღების მიერ „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ გადაცემული 10 ავტობუსის ღირებულება კი გაიქვითება აუქციონზე დასახელებულ საფასურში და დარჩენილ თანხას აუქციონში გამარჯვებული გადაიხდის უნაღდო ანგარისწორებით.
თუ აღმოჩნდა, რომ ავტობუსების ღირებულება აღემატება აუქციონზე დასახელებულ ფასს, ამ შემთხვევაში „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გამარჯვებულს თანხას [სხვაობას] არ გადაუხდის:
აუქციონში მონაწილე ვალდებული იქნება 1 250 000 ლარის საბანკო გარანტია წარადგინოს, 10 ავტობუსი კი, „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ საკუთრებაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა გადასცეს.
ავტობუსებზე განსათავსებელი სარეკლამო მასალების შინაარსს უფლების მიმღები, „ავტოტრანსპორტთან“ შეთანხმების გარეშე თავად განსაზღვრავს; ამასთან, თავადვე იქნება პასუხისმგებელი უზრუნველყოს შესაბამისობა რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან.
აუქციონში გამარჯვებულ, რეკლამის განთავსების უფლების მქონე პირს, შეეძლება ეს უფლება გადასცეს სხვა, მესამე პირს.
აუქციონის საწყისი ფასი, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ბათუმის ავტოტრანსპორტმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაადგინა.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსებიდან ბათუმის ავტოტრანსპორტმა შემოსავლის სახით მიიღო:
[checklist]
- 2016 წელს – 198 039 ლარი
- 2017 წელს – 182 136 ლარი
- 2018 წელს – 146 061 ლარი
[/checklist]
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე 142 ავტობუსი ირიცხება. ამ ავტობუსების გარე ფასადზე და შიგნით სარეკლამო მთლიანი ფართობი კი ჯამში 3812,41 კვ/მ-ია.