კლიმატისთვის მსოფლიო გაფიცვას საქართველოც უერთდება – რას ითხოვენ მოქალაქეები

20 სექტემბერს, გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე, იგეგმება  გლობალური გაფიცვა გარემოსდაცვითი და კლიმატური სამართლიანობისთვის, რომელსაც საქართველოს მოსწავლეები და სტუდენტებიც უერთდებიან.

„ერთ წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან, როცა გრეტა ტუნბერგი, 16 წლის შვედი მოსწავლე, პირველად გაიფიცა მოთხოვნით, რომ პოლიტიკოსებმა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება და ჩვენს თაობას კლიმატური კრიზისის ყველაზე კატასტროფული შედეგები აარიდონ. წინა გლობალურ გაფიცვას, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, 123 ქვეყანაში და 2 000 ქალაქში შეუერთდა 1.4 მილიონი მოსწავლე და სტუდენტი. ახალგაზრდები გარემოსთვის თბილისშიც გაიფიცნენ.

ჩვენ 20 სექტემბერს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და თბილისის მერიასთან ვაწყობთ აქციას!… შეძლებისდაგვარად: წამოიღე სასტვენი, წამოიყვანე მეგობრები, კლასელები, კურსელები, და-ძმები, ნათესავები…

დახატე/დაწერე გარემოს თემაზე შენი მოთხოვნა, მოწოდება ან ციტატა მუყაოზე ან ფორმატის ქაღალდზე და მოიტანე გაფიცვაზე” – წერია ახალგაზრდა მწვანეების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციის მოწოდებებში.

თბილისის გარდა კლიმატისთვის გაფიცვას შესაძლოა მოქალაქეები ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეუერთდნენ.

თბილისში საპროტესტო აქციის ძირითადი მოთხოვნებია სახელმწიფოს ქმედებები, გარემოს დაცვის მიმართულებით, ეყრდნობოდეს ობიექტურ კვლევებსა და მიუკერძოებელ სპეციალისტებთან კონსულტაციებს, ცალკეული ბიზნესების ინტერესების ნაცვლად.

უფრო კონკრეტულად კი აქციის მონაწილეები მოითხოვენ:

რეკრეაციული ზონების და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტას; დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორიის გამოსყიდვას და მოქალაქეთა საერთო საკუთრებაში დაბრუნებას, ასევე, პოტენციური მშენებლობების შეჩერებას; ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობას;  დამანგრეველი ჰესების მშენებლობების აღკვეთას და ამის მაგივრად არსებული ჰესების შეკეთებას; თბილისში ტრამვაის ხაზის გაყვანას.

გაერო მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.

გლობალური გამონაბოლქვი აღწევს რეკორდულ მაჩვენებლებს. ბოლო ოთხი წელი იყო ისტორიაში ყველაზე „ცხელი“ წლები, ხოლო არქტიკაში ზამთრის ტემპერატურა 3° C- ით გაიზარდა 1990-იანი წლების შემდეგ. იზრდება ზღვის დონე; კვდება მარჯნის რიფები და ჩვენ ვხედავთ, თუ რა საშიში გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჰაერის დაბინძურების, სითბური ტალღებისა და საკვების ხარისხის უსაფრთხოების მხრივ”.

კლიმატის ცვლილების თვალხილული მაგალითია, პირველ რიგში, ზღვის დონის მატება. National Geographic-ი წერს, რომ საშუალოდ ზღვის დონე 1880 წლის შემდეგ 8 ინჩით (23 საინტმეტრით) გაიზარდა, აქედან დაახლოებით 3 ინჩი – ბოლო 25 წლის მანძილზეა მომატებული. ყოველ წელს ზღვის დონე დაახლოებით 3,2 მილიმეტრით მატულობს.

აჭარის რეგიონში შტორმებისა და ღვარცოფების გაზრდილი რაოდენობაც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. რაც სპეციალისტების მიერ 25-25-წლიანი პერიოდების შედარებით გამოვლინდა. ამის შესახებ სპეციალისტებმა,  ბათუმში, ჯერ კიდევ ორი წლის წინ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის – CENN-ის მიერ გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.

ორგანიზაცია Climate Central-მა, რომელიც  კლიმატის შესახებ ანალიტიკურ მასალებზე და ანგარიშებზე მუშაობს, შექმნა ინტერაქციული რუკა სხვადასხვა სანაპიროსი, სადაც ნაჩვენებია როგორ შეიცვლება ჩვენი ქალაქების სანაპიროები 2050 წლისთვის, თუ არაფერს მოვიმოქმედებთ ატმოსფერული ჰაერის დათბობის შესაჩერებლად.

მარცხენა მხარეს ნაჩვენებია ზღვის დონის მატება ბათუმის სანაპიროზე იმ შემთხვევაში, თუ კლიმატი  კიდევ 4 გრადუსით გათბება, მარჯვენა მხარეს კი იგივე სურათი, კლიმატის 1,5 გრადუსით დათბობის შემთხვევაში.

“საკმარისია კედელი, რაც ქალაქსა და ზღვას შორის აღმართეთ” – დღეს ბათუმში აქცია გაიმართება

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში, საზოგადოება „ბათომი“ რივიერას ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს.

აქცია – „არა ბათუმის ჩაბეტონებას!“ –  მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან, „ვარდების სკვერში“, 17:00 საათზე დაიწყება.

აქტივისტები ითხოვენ შეჩერდეს პროექტი, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

აქტივისტები ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, კარგად შეაფასონ ის ეკოლოგიური საფრთხეები, რომლებიც ბათუმს ემუქრება ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში.

„19 სექტემბერს, 5 საათზე გამოვდივართ ვარდების სკვერში და ვეუბნებით არას ცათამბჯენების მშენებლობას რივიერაზე. მოვითხოვთ, არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა და ერთადერთი ღია სივრცე, რომლითაც ბათუმი ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის ზღვისპირა ქალაქის იდენტობას, ხოლო ჩვენ, ბათუმელებს, გვაქვს შემორჩენილი ერთადერთი ღია სივრცე ზღვაზე გადასასვლელი, შეუნარჩუნდეს ქალაქს. რივიერას ჩაბეტონებით ბათუმს საბოლოოდ ამოქოლავენ ბეტონის კედლით. საკმარისია ის კედელი, რაც ქალაქსა და ზღვას შორის აღმართეთ და წაგვართვით ჰაერი, ეკოლოგია და ქალაქის სწორად განვითარების შანსი. ჯერ კიდევ არ არის გვიან ძველ ბათუმს შევუნარჩუნოთ სანაპირო. ჯერ კიდევ რივიერას გახსნილი სივრციდან ზღვის ჰაერი მთისას უკავშირდება და ქალაქი ნიავდება, ჩვენ კი ვსუნთქავთ. მოვითხოვთ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მეცნიერების კვლევები, რომლებიც საფრთხეებზე მიუთითებენ და ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ,” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში იაპონელი მეზღვაურების ფოტოგამოფენა გაიმართება

23  სექტემბერს, ბათუმში, იაპონელ მეზღვაურთა ჯგუფის (Hato-Kai) ფოტოგამოფენა გაიმართება სახელწოდებით Beyond the Horizon. გამოფენაზე მეზღვაურების მიერ გადაღებული ფოტოები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც გემზე მეზღვაურთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს.

გამოფენა საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის რიგით 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართება.

საერთაშორისო საზღვაო ლექტორების ასოციაცია – IMLA – აერთიანებს საზღვაო ლექტორებს მსოფლიო მასშტაბით.  კონფერენციის მონაწილე ლექტორები ერთმანეთს გაუზიარებენ საზღვაო სფეროში არსებულ მიღწევებს, პროფესიულ გამოცდილებას და გამოწვევებს.

იაპონელ მეზღვაურთა ფოტოგამოფენა და კონფერენცია სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ღონისძიება ბათუმის საზღვაო აკადემიის მიერაა ორგანიზებული.

ეკუთვნით თუ არა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება მამებს – დავა საკონსტიტუციოში

მოქალაქე გივი კაპანაძე ჯანდაცვის სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. დავის საგანი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც დეკრეტულ შვებულებაში ანაზღაურებას მხოლოდ ბავშვის დედა იღებს. კანონი ითვალისწინებს ბავშვის მოვლის მიზნით შვებულებას მამაკაცისთვისაც, თუმცა შვებულების ანაზღაურების საფუძველი, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მხოლოდ საავადმყოფო ფურცელია, რომელსაც ბავშვის დედას აძლევენ. გამონაკლისი მხოლოდ   ბავშვის დაბადებისას ქალის გარდაცვალების შემთხვევაა, როცა დახმარებას ბავშვის მამა იღებს ან მეურვე.

დავას არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

მოსარჩელე გივი კაპანაძემ ანაზღაურებადი შვებულება 2014 წელს ითხოვა, როცა მას მეორე შვილი შეეძინა. ის თბილისის 113-ე საჯარო სკოლაში პროგრამული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. თავდაპირველად მას დეკრეტულ შვებულებაზე სკოლის ადმინისტრაციამ უარი უთხრა, თუმცა სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ დირექტორი თანამშრომლის შვებულებას დათანხმდა.  მაშინ გივი კაპანაძეს სოციალური მომსახურების სააგენტომ შვებულების ანაზღაურებაზე უარი უთხრა.

სოციალური მომსახურების სააგენტოდან გივი კაპანაძეს ასევე მისწერეს, რომ „2011-2016 წლებში არც ერთ ბიოლოგიურ მამას არ უსარგებლია ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით, კერძოდ მხოლოდ 5 შემთხვევაში მამაკაცისთვის გაცემული ანაზღაურებადი შვებულებიდან ერთ შემთხვევაში დახმარება გაიცა ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ხოლო 4 შემთხვევაში იმ საფუძვლით, რომ მშობიარე ქალი გარდაიცვალა.“

„ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო  ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებასთან მიმართებით არსებითად თანასწორად მიიჩნევს ქალებსა და მამაკაცებს საქმეზე Konstantin Markin v. Russia და ამ კუთხით სტერეოტიპებზე დაფუძნებულ განსხვავებულ მოპყრობას დისკრიმინაციად ცნობს. ანალოგიურ განმარტებას აკეთებს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო მაისტერლისის საქმეზე, მსგავსია მიდგომა ალვარესის საქმეზეც, სადაც სასამართლო იზიარებს შეხედულებას მათ შორის იმის შესახებ, რომ ბავშვის მოვლის პერიოდში ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული შვებულების განსაკუთრებული რეჟიმი არ არის დაკავშირებული მხოლოდ ბიოლოგიურ მოვლენასთან და იგი ასევე ბავშვის ხელოვნურ კვებასაც გულისხმობს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

დავით ფერაძე და ნათია თურნავა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე 17-18 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და მის მოადგილეებთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის ეკონომიკის და ტრანსპორტის მინისტრებთან და „აზერბაიჯანის რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნების სრულფასოვან ეკონომიკურ განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო – ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას, ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებას საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას.

 

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – 19 სექტემბრის აფიშა

დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგ ფილმებს აჩვენებენ:

12 საათზე – „სიყვარულის ავტომობილი“, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019; 103 წთ.

შებინდებისას გერმანიის სოფლებში ძველი მინივენები მწკრივდებიან გზატკეცილზე, რომელიც კარტოფილის მინდვრებსა და ბნელ ტყეებს შორის გადის. ამ მინივენებში აღმოსავლეთევროპელი და აფრიკელი სექსმუშაკები გამვლელ კლიენტებს ელოდებიან. ფილმი გვიჩვენებს ქალებს, რომლებიც ფულისა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად შორიდან მოვიდნენ. ერთ დღეს სიბნელეში ერთ-ერთ მეძავს კლავენ, რაც ყველაფერს ცვლის და ყველას მოქმედებისკენ უბიძგებს.

14 საათზე – „კინომექანიკოსი“, იური შილოვი, უკრაინა/პოლონეთი, 2019; 72 წთ.

ვალენტინი 60 წელსაა გადაცილებული და ორმოცზე მეტი წელია კიევის უძველეს კინოთეატრში მუშაობს. დასალევად და საცეკვაოდ წასასვლელად ბევრი ხვეწნა არ სჭირდება. ექსცენტრიული კაცი ასაკს არაფრად აგდებს, კინოსამყაროში ბედნიერად ცხოვრობს და ავადმყოფ დედას სიყვარულითა და იუმორის გრძნობით უვლის. თუმცა ცხოვრება მასაც ახალ დაბრკოლებებს უქმნის. ფილმი მხიარული, კომუნიკაბელური ვალენტინის პორტრეტზე მეტს გვთავაზობს. ნოსტალგიური თვალით დანახული წარსული მოხუცების სახითაა წარმოდგენილი, რომელთანაც ერთადაც ვალნტინი სვამს, კინოპროექტორი კი არ ჩერდება.

ფოტო: zagrebdox.net

15.30 საათზე – „ეს ცხოვრება“, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, საქართველო, 2016; 85 წთ.

ფილმში 5 მთავარი გმირია და ყველას თავისი ისტორია აქვს. ისინი თელავში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ერთი მათგანი გერმანელია და სათნოების სახლში პიანინოზე უკრავს. ის ყოფილი მეხანძრეა. გადარჩენილი აქვს წინანდლის სახლ-მუზეუმი. მეორეც გერმანელია, რომელსაც 20 წელია, რაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს და მან გამოიგონა ღუმელი, რომელიც დენს გამოიმუშავებს. მესამე პერსონაჟი 80 წლის, კავშირგაბმულობის ყოფილი დირექტორია. მისი სახლი ისტორიული ძეგლია, მაგრამ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. მეოთხე პერსონაჟი – ყოფილი ინჟინერია, წარსულში თელავის უნივერსიტეტის ლექტორი იყო, ის სახლში ზის, როკ-მუსიკას უსმენს და ცხოვრებას უჩივის. მეხუთე პერსონაჟი – წარმატებული ფერმერია, ბიზნესმენი. მას სჭირდება დამხმარე ძალა, მაგრამ ვერავის პოულობს. მას ფერმაში მინისალოცავი აქვს და ლოცულობს უკეთესი მომავლისთვის.

17.30 საათზე – „სეზონის დასასრული“, ელმარ იმანოვი, გერმანია / აზერბაიჯანი / საქართველო, 2019; 92 წთ.

აზერბაიჯანული ოჯახი ინციდენტითაა შეძრული. მამა სამირი, დედა ფიდანი და მათი 18 წლის შვილი მაჰმუდი ოჯახის დამოუკიდებელი წევრების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა სრული დამოუკიდებლობა ზოგჯერ გაუცხოებას, ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის ნაკლებობას იწვევს. სანაპიროზე ოჯახის გამგზავრება მოლოდინს არ ამართლებს.

19.30 საათზე – „მენკილერი“, ვალერი რედ-ჰორსი აშშ, 2017; 74 წთ.

ეს არის ამერიკული ლეგენდის, ვილმა მენკილერის ისტორია – ქალის, რომელმაც გადალახა სექსსიზმი, პირადი პრობლემები და ჩეროკის ტომის პირველი ქალი მმართველი გახდა 1985 წელს.

22 საათზე -„მოღალატე“, მარკო ბელოკიო, იტალია/საფრანგეთი/ბრაზილია/გერმანია 2019; 145 წთ.

1986 წელს Cosa Nostra-ს წარმომადგენელი ტომასო ბუსჩეტა იტალიაში მაფიის წინააღმდეგ გამართული პირველი დიდი სასამართლო პროცესის მთავარი მოწმე იყო. გამოძიებას აწარმოებდა გამომძიებელი ჯიოვანი ფალკონე. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა მისი მთელი ოჯახი ამოეწყვიტათ [სასამართლოზე მოწმედ გამოსვლა მაფიისთვის ღალატს ნიშნავდა] პროკურორმა ფალკონემ დაპატიმრებულ ბუსჩეტას შესთავაზა წინადადება, რომელზეც ის უარს ვერ იტყოდა. რეჟისორი ფოკუსირდება ადამიანზე, რომელმაც მოინანია და დაეხმარა მართლმსაჯულებას მაფიის 300 ლიდერის გასამართლებაში და პოლიტიკურ წრეებთან მაფიის კავშირების გამომჟღავნებაში.

კინოჩვენებებზე დასწრება „აპოლოში“ უფასოა, თუმცა დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ ე.წ. „უფასო ბილეთების“ (რაც კონტროლისა და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ “აპოლოში” მხოლოდ 160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ უფასო ბილეთები ადგილის რეზერვაციის მიზნით. ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ 2 დღის კინოსეანსების ბილეთების აღება. „უფასო ბილეთების“ დაჯავშნა შესაძლებელია ცალკეულ კინოჩვენებებზე ინტერნეტითაც. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: ბილეთების დაჯავშნა BIAFF 2019.

___________

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „კინომექანიკოსი“. ფოტო: imdb.com

დღეს და ხვალ ბათუმში თბილი ამინდია მოსალოდნელი, შაბათ-კვირას კი იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 სექტემბრის 21 საათიდან 20 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 24-29 გრადუსი
  • ღამით: 12-17 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი 
  • ღამით: 5-10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს,  20-21 სექტემბერს, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი.

___________________________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ბათუმში ორ რესტორანში ფალსიფიცირებულ სასმელებს ამზადებდნენ და ყიდდნენ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებბმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბათუმში ორი პირი ამხილეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს ქალაქ ბათუმში გააჩნდათ ორი რესტორანი, სადაც ახდენდნენ ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის ჩამოსხმას უცხოური ბრენდირებული წარმოების ბოთლებში, მის ნიშანდებას მათივე დამზადებული ყალბი აქციზური მარკებით და შემდგომ რეალიზაციას აღნიშნულ რესტორნებში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებას დაექვემდებარა დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ყალბი აქციზური მარკები და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი და მე-2001 მუხლის მეორე ნაწილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6-წლამდე ვადით.

19-21 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში Ad Black Sea 2019 გაიმართება

სამი დღის განმავლობაში, ბათუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები, ტრადიციულად ისევ შავი ზღვის სანაპიროზე მოიყრიან თავს.

წელს ფესტივალი დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს, რის გამოც, ორგანიზატორები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობენ და ასევე განსაკუთრებულად ემზადებიან.

Ad Black Sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო, აღნიშნულ ფესტივალს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. მისი მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და წელს დაინტერესებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, ვორკშოპებს. მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების შესახებ, გაიფართოვონ პროფესიული წრე, გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.

ფესტივალის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზატორების ინიციატივით საქართველოში ოცამდე ცნობილი სპიკერი ჩამოვა, ხოლო ჟიური, რომელიც ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში შეაფასებს, ოცდაათამდე პროფესიონალისგან შედგება. ერთი სიტყვით ბათუმში წელს ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იქნება.

საპატიო სტუმრების სიაში იქნებიან: მაიკლ კონრადი, ბერლინის კრეატიული სკოლის დამფუძნებელი, ბრაზილიელი ლეგენდა მარსელო სერპა, იაპონური სააგენტოს „ჰაკუჰოდოს“ კრეატიული დირექტორი – კენტარო კიმურა, ფეისბუქის კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი ჩინეთში – კიტი ლუნი, ესპანეთის წამყვანი სააგენტოების ლიდერები ჩაჩო პუებლა და მიგელ სიმოესი, ცნობილი სააგენტოს TBWA/Manchester-ის დირექტორი ლორნა ჰოუთინ ბრიტანეთიდან, ჰერმან ვასკე თავისი გახმაურებული ფილმით კრეატივის შესახებ, რომელსაც წლების მანძილზე იღებდა, ყველაზე პრესტიჟული მაიამის სარეკლამო სკოლის თანადამფუძნებელი ნიკლას-ფრინგს რუპი – ეს იმ სტუმრების არასრული ჩამონათვალია ვისგანაც დელეგატები სემინარებს მოისმენენ.

ქართული სარეკლამო ინდუსტრიის განსავითარებლად, უცხოური გამოცდილების მიღება საკმაოდ მნიშვნელოვანია, პარალელურ რეჟიმში ახალგაზრდები შეძლებენ კომუნიკაციის მათთვის საინტერესო ადამიანებთან დამყარებას. სტუდენტებისთვის ტრადიციულად შეღავათიანი პირობები მოქმედებს.

ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილის პარალელურად, Ad black sea-სთვის კონკურსი განუყოფელი ნაწილია. ოთხ ჯგუფად გაყოფილი და ოცდაათზე მეტი წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური, ნამუშევრებს 11 კატეგორიაში შეაფასებს.  ● Film, ● Film & Craft, ● Print & Publishing, ● Out of Home, ● Radio, ● Design & Branding, ● Digital & Mobile, ● Advertising Campaigns, ● Media, Branding Content & Visual Storytelling. წელს მნიშვნელოვანი სიახლეა, მე-11-ე კატეგორია: Creative Effectiveness, რომელიც კამპანიების შედეგებს და მათ ეფექტურობას ზომავს. აღნიშნული კატეგორია ფესტივალს ბრიტანული კომპანია WARC-ის რეკომენდაციით დაემატა.

საერთაშორისო ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც.

კონკურსში ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს 17 ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ Ad Black Sea 2019 ჯილდოზე წელს ფესტივალის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ერთიანი საქართველოს რუკის კონტური იქნება დატანილი, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა გამოსახული.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო მიიღებს. Ad Black Sea 2019-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაა.

3 დღიანი სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გალა დაჯილდოებით დაიხურება და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.

 

7 ორგანიზაცია ბათუმის მეჩეთის მშენებლობაზე პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურება

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებს ეხმაურება, მათ შორის, სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის – მამუკა ხაზარაძის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16 სექტემბერს ნათქვამ ფრაზას: „ოცა ლაპარაკია მეჩეთის მშენებლობაზე, მე არ ვიცი დეტალები, არც სასამართლო დავის დეტალები, გავეცნობი აუცილებლად, რომ საქმის კურსში ვიყო, მაგრამ ჩვენი ისტორიული ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, თქვენ გინახავთ რა მდგომარეობაშია? ”

„აღნიშნული განცხადება პოპულისტური შინაარსისაა, უგულებელყოფს საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებას, ისარგებლონ რელიგიის თავისუფლებით და ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. დაუშვებელია, საქართველოში მეჩეთის მშენებლობის საკითხი და საქართველოს მოქალაქეების რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლება განხილული იყოს სხვა სახელმწიფოსთან პარალელის გავლებით, “ნაცვალგების” კონტექსტში,“ – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს ორგანიზაციები არიან: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი  (IDSDI), საფარი.

არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმა „არა ფობიას“ ასევე ეხმაურება 17 სექტემბერს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მიერ 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას.

„საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს წლების განმავლობაში არ ეძლევათ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის, ლოცვისა და, შესაბამისად, რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლება… ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები და ბათუმის მერიის მიდგომა აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხის სამართლიანი და ადამიანის უფლებების სასარგებლოდ გადაწყვეტის პოლიტიკური ნება.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან არადომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელთა მისამართით პოპულისტური, თანასწორუფლებიანობის საწინააღმდეგო და დისკრიმინაციული რიტორიკა განსაკუთრებით თვალშისაცემია წინასაარჩევნო პერიოდებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საჯარო პირებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ქსენოფობიური და დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებების გაკეთებისგან და იხელმძღვანელონ კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებით,“ – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის მერიის უარი მეჩეთის მშენებლობაზე 2017 წელს სახალხო დამცველმა შეისწავლა და დაადგინა, რომ გადაწყვეტილება საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე იყო მიღებული. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ბათუმის მერიას, მშენებლობის ნებართვაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, ახალი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ბათუმში მუსლიმების სალოცავი სივრცის პრობლემა და სახელმწიფო პოლიტიკა კრიტიკულადაა შეფასებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც.

მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული სასამართლო დავა ორ წელზე მეტია გრძელდება. ბოლო სასამართლო სხდომა 2019 წლის 12 სექტემბერს გაიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე 26 სექტემბერს გამოაცხადებს.

 

ვის მისცემს სახელმწიფო ბინას „ოცნების ქალაქში“, თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა

36 წლის ნათია (ნათელა) დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნების ქალაქში“ წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქმართან და ორ შვილთან ერთად, თუმცა რამდენიმე თვეა, რაც ქმართან განქორწინდა და ნაქირავებ ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობს. ნათია სოციალურად დაუცველია. ის საუბრობს მეზობლების და სამთავრობო კომისიის წევრების მხრიდან მორალურ წნეხზე და ამბობს, რომ ცდილობენ  ყოფილი ქმრის სასარგებლოდ ბინაზე უარი ათქმევინონ.

„ნაცნობები, მეზობლები ცდილობენ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მომაქციონ, მსაყვედურობენ, ქმარს რატომ დაშორდიო. ყოფილი ქმარი შეურაცხყოფას მაყენებდა, აღარ შეგვეძლო ერთად ცხოვრება და დავშორდი. ეს ადამიანები კი ჩემს პირად ცხოვრებაში ერევიან“, – გვითხრა ნათიამ.

36 წლის ქალი ამბობს, რომ „ქმარი ფოთში დაცვაში მუშაობდა და სახლში ხშირად არ იყო“. ბავშვების გაზრდა კი თითქმის მარტოს უწევდა.

„გვშიოდა თუ გვწყუროდა არ მოუკითხია. სოციალურ შემწეობას გვიყოფდნენ მეზობლები და ასე ვიყავით. ვიწვალე, შვილები ასეთ მძიმე მდგომარეობაში გავზარდე და ახლა მეუბნებიან, რადგან ქმარს დაშორდი, ბინას ვერ მიიღებო“.

ნათია ამბობს, რომ ქმართან დაშორების შემდეგ, სანამ საცხოვრებელს იპოვიდა, ბავშვები მამასთან იყვნენ, სწორედ ამ პერიოდში ჩაწერა სამთავრობო კომისიამ ბავშვები და მამა ბინის მიმღებთა სიაში, თუმცა ბავშვები დღეს მასთან არიან და ერთად ცხოვრობენ ნაქირავებში.

„მამამისი ბავშვებს მათ კუთვნილ სოციალური დახმარების თანხასაც არ აძლევს. ეუბნება, დედასთან რადგან წახვედით, დედაშენმა გარჩინოსო. მივმართე სოციალური მომსახურების სააგენტოს და ვაცნობე, რომ ბავშვები ჩემთან ცხოვრობენ. ბევრი პრობლემა გადავიტანე, 15-ლარიანი სამუშაო მქონდა, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ქირის გადასახდელი ფული მეშოვა და შვილები ჩემთან წამომეყვანა. „საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ დამეხმარა – მე და ჩემს შვილებს საჭმელი მოგვცა. ახლა საათობრივად ვმუშაობ დამლაგებლად.

ერთი ბავშვი ათი წლისაა, მეორე – 13-ის. სიცივეში, ნახევრად მშიერი, გაჭირვებაში ძლივს გამოვზარდე ბავშვები. ყველამ იცის, რომ იქ ვცხოვრობდი, მათ შორის სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა რამაზ ჯინჭარაძემ და შოთა დოლიძემაც. მათ ვეხმარებოდი კიდეც ოჯახების გადამოწმებაში. ახლა კი მეუბნებიან, რომ შეიძლება ვერ მივიღო ბინა, რადგან ქმართან აღარ ვცხოვრობ“, – ამბობს ნათია.

ნათია დიასამიძე ამბობს, რომ განცხადებით სახალხო დამცველსაც მიმართა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, აქვს თუ არა აჭარის მთავრობის კომისიას კონკრეტული სტრატეგია მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად და ვის ეკუთვნის ბინა, თუკი უკანონოდ აშენებულ ქოხს იურიდიული მეპატრონე არ ჰყავს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელი, რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს:

„ნათელა (ნათია) დიასამიძის შესახებ მონაცემები გვაქვს, ადრე ცხოვრობდა ის „ოცნების ქალაქში“, განქორწინების შემდეგ ბავშვები მამასთან იყვნენ, ამიტომ მამაა დარეგისტრირებული ჩვენთან ბაზაში. თუმცა ახლა დაწერა განცხადება, ამიტომ მათი საკითხი ერთობლივად იქნება განხილული“.

მისი თქმით, კომისიაში ამ ეტაპზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, ხოლო ვის ეკუთვნის ან არ ეკუთვნის ბინა, ამის განხილვა შემდეგ ეტაპზე დაიწყება.

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, კომისია აპირებს ნათია დიასამიძის საკითხის განხილვას. მისი თქმით, რადგან „ოცნების ქალაქში“ ქოხი ყოფილმა მეუღლეებმა ერთობლივად ააშენეს, მათ თანაბარი წილი ეკუთვნით. „თუ ცოლი გაშორდა ქმარს და ქმარს საკუთრება აქვს, ცოლს შეუძლია სამართლებრივად უჩივლოს და როგორც მეწილემ წილი მიიღოს“, – გვეუბნება ის.

როგორ წყვეტს სახელმწიფო, ვინ არის ქონების მფლობელი – ცოლი თუ ქმარი, თუ ქონება უკანონოდაა აშენებული და არ ჰყავს იურიდიული მესაკუთრე? – ამ კითხვის პასუხად რამაზ ჯინჭარაძე ამბობს: „უყურადღებოდ არავის დავტოვებთ, მით უმეტეს, როცა ბავშვებზეა საუბარი. სამართლიანობის პრინციპი არ იქნება დარღვეული. თუ ქალი დაშორდა ქმარს და დარჩა უსახლკაროდ, ამაზე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ კომისიურად“.

იმის შესახებ, რომ „ოცნების ქალაქში“ უკანონოდ ჩასახლებულ პირებს ხელისუფლება ბინებს აუშენებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ  მიმდინარე წლის 6 თებერვალს განაცხადა.

კორპუსების ასაგებად მთავრობამ ტენდერი 2019 წლის 21 თებერვალს გამოაცხადა. პროექტისთვის მთავრობა, პირველ ეტაპზე, 10 მილიონი ლარის გამოყოფას აპირებს.

17 წლის ბათუმელი კრივში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა – მას მგზავრობა არ დაუფინანსეს

17 წლის ბათუმელი ლუკა მაჭუტაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩემპიონის მგზავრობა, ასევე, სასტუმროს ხარჯი სახელმწიფოს და არც ფედერაციას არ დაუფინანსებია – საჯარო უწყებებმა ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ბიუჯეტიდან 4450 ლარის გამოყოფა ვერ შეძლეს. ზუსტად ეს თანხა სჭირდებოდა 17 წლის ბიჭს ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ჩასასვლელად, სადაც ახალგაზრდული ჩემპიონატი 11 სექტემბერს  ჩატარდა.

„ეროვნული ნაკრების წევრი ვარ რამდენიმე თვეა და უკვე აღარაა პრობლემა წვრთნებზე სიარული, აღჭურვილობა, მაგრამ ბულგარეთში მგზავრობის და სასტუმროს თანხის გამოყოფა ვერ მოხერხდა სამწუხაროდ… რომ არა გოჩა მასწავლებელი, ვერ წავიდოდი ევროპის ჩემპიონატზე,“ – გვიყვება ბულგარეთიდან დაბრუნებული ლუკა მაჭუტაძე. მისი თქმით, საჭირო თანხის მოძიება რამდენიმე ბიზნესმენთან მისმა ბათუმელმა მწვრთნელმა, გოჩა აბაშიძემ მოახერხა. მწვრთნელი ლუკას ჩემპიონატზე არ ახლდა.

„მეც ვერ წავედი დაფინანსების არქონის გამო, მაგრამ მთავარია, მედალი ჩამოგვიტანა ლუკამ,“ – გვითხრა გოჩა აბაშიძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოდან წელს ევროპაში წასული 8 მოკრივიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ლუკამ შეძლო. ლუკა მაჭუტაძის მწვრთნელი ეროვნულ ნაკრებში ლაშა დუნდუაა.

რატომ არ დაფინანსდა ლუკას მგზავრობა ბიუჯეტიდან?

აჭარის განათლების სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია ქათამაძე განმარტავს, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას ფედერაციები აფინანსებენ და ამისთვის თანხა აჭარის ბიუჯეტიდან ვერ გამოიყოფოდა.

„ეს უნდა დაეფინანსებინა კრივის ეროვნულ ფედერაციას, რადგან საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრების სახელით გამოდიოდა ლუკა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობის თანხას ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით გასცემენ შესაბამისი ფედერაციები. ჩვენ მოგვმართა ოფიციალურად კრივის ეროვნულმა ნაკრებმა, რომ ტურნირი ჩაუტარებიათ დამატებით, თანხა აღარ გვაქვსო და გვთხოვეს, იქნებ, თქვენ დააფინანსოთო. ჩვენ ამისთვის თანხა წინასწარ გათვალისწინებული არ გვქონდა,“ – გვითხრა მინდია ქათამაძემ.

თუმცა თანხა აჭარის ბიუჯეტში იყო. სამინისტროს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ლუკა მაჭუტაძე საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აჭარის ბიუჯეტიდან საჩუქრად 2500 ლარს მიიღებს, ანუ ლუკა ჯილდოს მიიღებს იმ ჩემპინატში გამარჯვებისთვის, რომელშიც დაუფინანსებლობის გამო შესაძლოა საერთოდ ვერ ეასპარეზა.

„ბათუმელებმა“ სცადა კრივის ეროვნულ ფედერაციასთან დაკავშირებაც – რატომ არ დააფინანსეს ჩემპიონატში მონაწილე, როცა ამის ვალდებულება ჰქონდათ? ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. კრივის ფედერაციის ბათუმის ორგანიზაციის  წარმომადგენელმა ბიძინა ბერიძემ კი გვითხრა, რომ ფედერაციის პასუხისმგებელი პირები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან და ვერავისთან დაგვაკავშირებს.

ლუკა მაჭუტაძემ წლევანდელ ჩემპიონატზე ფინელი, ლატვიელი და ხორვატი მოწინააღმდეგები დაამარცხა, ფინალში მონაწილეობა კი ხელის ტრავმის გამო ვერ შეძლო – მას ექიმებმა თამაშის უფლება აღარ მისცეს. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში სულ 32 ქვეყნის 450 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ევროპიდან დაბრუნებული სპორტსმენი სხვა პრობლემებზეც საუბრობს:

„მე უკვე ოთხი წელია ვარ გატაცებული კრივით… თავიდან ტაისონის თამაშებს ვუყურებდი და მომწონდა. მშობლებმა „ბასკოში“ მიმიყვანეს. იქ დავდიოდი ორი წელი, მერე გოჩა მასწავლებელთან ვიყავი „მარინაში“. იშვიათად არის წვრთნები. არის დაფინანსება, მაგრამ ძალიან ცოტა… წელიწადში ერთი ან ორი შეკრება ხერხდება მარტო. ხან ბორჯომში მივდიოდით, ხან – ბაკურიანში. სიმცირეა ხელთათმანებისაც, ტომრების და ასე შემდეგ… გამიმართლა და ეროვნულ ნაკრებში ამიყვანეს. ბათუმიდან მარტო მე ვიყავი ჩემპიონატზე. ვინც ეროვნულ ნაკრებშია, მისთვის უკვე ბევრი პრობლემა გადაჭრილია, ვინც ბათუმში ვარჯიშობს ისევ, მისთვის არაფერი შეცვლილა,“ – აღნიშნავს ლუკა მაჭუტაძე „ბათუმელებთან“.

ლუკა მაჭუტაძე წელს ორთაბათუმის საჯარო სკოლას ამთავრებს. ამბობს, რომ ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ აქვს, მაგრამ დიდი ალბათობით, სპორტული კარიერის გაგრძელების ნაცვლად, საზღვაო აკადემიაში ჩააბარებს.

 

 

ბათუმის მერია „იაფი სახლის“ მსურველთა განცხადებების მიღება-გადარჩევას იწყებს

ბათუმის მერია ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება-გადარჩევის დაწყებას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში ოჯახები, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მერიამ ხელმისაწვდომი საცხოვრისით უნდა უზრუნველყოს.

პროგრამა ბინების გადაცემას 15 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებით ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება.

გამოსყიდვის შემდეგ მუნიციპალიტეტმა გადაცემული საცხოვრებელი ბინა ოჯახებს საკუთრებაში უნდა დაურეგისტრიროს. თუმცა პრობლემას ქმნის ის, რომ კანონით მერიას მუნიციპალური ქონების გასხვისება მხოლოდ აუქციონის წესით შეუძლია. ამიტომაც საჭირო გახდა ამ პროცესში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობა.

ბათუმის მერიამ თორნიკე რიჟვაძეს სთხოვა ადმინისტრაციული დაპირების გაცემა, რომელიც აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერას და მომავალში შესაბამისი ფართობების, მის მიერ სიმბოლურ ფასად გადაცემას გაითვალისწინებდა. მერია მომავალში ამ ფართობების მთავრობის თავმჯდომარეს გადასცემს იმ პირობით, რომ ის შემდეგ ამ ქონებას მერიის მიერ შერჩეულ ოჯახებს საკუთრებაში გადასცემს.

ასეთი დაპირება ბრძანების სახით თორნიკე რიჟვაძემ 2019 წლის 5 სექტემბერს გამოსცა. ამავე ბრძანებაში მითითებულია ისიც, რომ მთავრობის თავმჯდომარე არ იღებს პასუხისმგებლობას პროგრამაში მონაწილე პირების შერჩევასა და მუნიციპალიტეტის პროგრამის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

„იაფი სახლის“ პროგრამასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, რაც ბათუმის მერიამ საკრებულოში პროექტის სახით წარადგინა, საკრებულო ხვალ, 19 სექტემბერს იმსჯელებს. საკითხი უკვე დაგეგმილი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

„იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში ბათუმის მერიამ ორი ხუთსართულიანი კორპუსი უკვე ააშენა. ორივე სახლში 40 ბინაა. კორპუსის აშენებაზე 2,3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

„იაფი სახლის“ ფარგლებში კიდევ ორი კორპუსის აშენება იგეგმება.

ამავე თემაზე:

ორი 5-სართულიანი კორპუსი აშენდა, ორი კიდევ აშენდება – „იაფი სახლი“ ბათუმში

„კომაროვის სკოლა“ ბათუმში 2020 წლის სექტემბრამდე უნდა აშენდეს – ტენდერი

„კომაროვის სკოლა“ ბათუმში 2020 წლის სექტემბრამდე უნდა აშენდეს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სკოლის დეტალური პროექტის მომზადებასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 935 915 ლარია დღგ-ს ჩათვლით; შეთავაზების კლების ბიჯი კი – 100 ათასი ლარი.

ტერიტორია [ორი ნაკვეთი], სადაც „კომაროვის სკოლა“ უნდა აშენდეს, მდებარეობს ბათუმში [გოროდოკის დასახლებაში], სვიშევსკის ქუჩა N1-ში და ჯამში, მისი ფართობი 97 383 კვ.მ-ია.

ამონარიდი ესკიზური პროექტიდან

ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში, სააგენტოში უნდა წარადგინოს ესკიზური პროექტის მიხედვით შედგენილი შენობის კონსტრუქციული პროექტი; სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია კი – 60 დღის ვადაში.

ტენდერის მიხედვით, პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე [გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი] 2014 წლის პირველი იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს შენობის [არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი] სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება 25 871 830 ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 12 935 915 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს სხვადასხვა დოკუმენტაცია, რაც მოთხოვნილია სატენდერო კომისიის მიერ.

„კომაროვის სკოლის“ [სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ქ. ბათუმის ფილიალის] დაპროექტება-მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 2019 წლის 3 ოქტომბერს დაიწყება და ამავე წლის 8 ოქტომბერს დასრულდება.

„კომაროვის სკოლა“ ბათუმში / ფოტო ესკიზური პროექტიდან
მთავარი ფოტო: „კომაროვის სკოლა“ ბათუმში / ფოტო ესკიზური პროექტიდან

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” დაკავებული ოთხივე ბრალდებული მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა სასამართლო დარბაზიდან დღეს, 18 სექტემბერს, გაათავისუფლა. მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა პროკურატურამ.

ჩხუბი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 მარტს მოხდა – დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დანით დაჭრეს.

ეს ის სისხლის სამართლის საქმეა, რომელზეც ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, თუმცა ის, ვინც ამ კონფლიქტის დროს შეიარაღებული იყო, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ოთხი ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

ბრალდებულების ახლობლებმა ამ დრომდე სასამართლო პროცესების პარალელურად, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, გადაკეტეს ჭავჭავაძის ქუჩაც.

“დღეს თუ არ გაფორმდა საპროცესო, ისევ გადავკეტავთ ქუჩას,” – ამბობდნენ დაკავებულების ახლობლები, რომლებმაც სასამართლო დიდი დარბაზი სრულად შეავსეს.

სხდომის დასაწყისშივე მოსამართლეს ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ უთხრა, რომ ბრალდებულებს განცხადების გაკეთება სურდათ.

დაკავებულების ახლობლები სასამართლოსთან ელოდნენ მოსამართლის გადაწყვეტილებას
დაკავებულების ახლობლები სასამართლოსთან ელოდნენ მოსამართლის გადაწყვეტილებას

“ვაღიარებთ დანაშაულს. ბოდიშს ვუხდით სამედიცინო პერსონალს,” – უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს. აქამდე ისინი ხულიგნობის ფაქტს ადასტურებდნენ, მაგრამ არ აღიარებდნენ მის განზრახ ჩადენას.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, რეზო წულუკიძეს, დავით ქამადაძეს და ტარზან ქედელიძეს სამი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, ელდარ ანთაძეს – 3 წლით და 6 თვით. ოთხივე მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა პირობით ჩაეთვალა.

“მიხარია, რომ შეთანხმდით,” – მიმართა მოსამართლემ მსჯავრდებულებს, ვიდრე იგი სხდომის დარბაზს დატოვებდა.

რატომ დათანხმდა პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას და ხომ არ უკავშირდება იგი ამ საქმეზე რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ბრალდებულის [ის ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული] გირაოთი გათავისუფლებას და შემდეგ მასთან საპროცესო შეთანხმებას?

ჩხუბის საქმეზე დაკავებული რეზო წულუკიძე

“არა, ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს დღეს გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებას… შეთანხმება გავაფორმეთ მას შემდეგ, როცა ბრალდებულებმა სრულად აღიარეს ჩადენილი დანაშაული,” – გვითხრა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ.

რაც შეეხება გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს, მათ გვითხრეს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ოჯახური მდგომარეობის გამო წავიდნენ.

“განზრახ ჩადენას არ ვაღიარებდით, მაგრამ ასე მოხდა… ოჯახური მდგომარეობის გამო ასე შევთანხმდით ოთხივე,” – ამბობს რეზო წულუკიძე. იგი ერთ-ერთია, ვინც “რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” წინასწარ პატიმრობაში იყო.

 

 

სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 23 სახლის ბედი სააგენტომ 6 თვის შემდეგაც ვერ გადაწყვიტა

სექტემბრის ბოლოს სრულდება ექვსთვიანი ვადა, რა დროშიც საქართველოს ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურს ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად 23 კონკრეტული სახლის მდგომარეობა უნდა შეესწავლა.

სამსახურს ამ დროში უნდა მოემზადებინა დასკვნა წარდგენილი სახლების მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული  ღირებულების შესახებ, რასაც საბჭოს წარუდგენდა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა  ასეთი დასკვნა ჯერ მზად არ არის. სააგენტომ ამ დასკვნის მომზადებისთვის ვადა კიდევ ექვსი თვით გააგრძელა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, წარდგენილი 23 სახლიდან რამდენი იმსახურებს ძეგლის სტატუსს ბათუმში. გადაწყვეტილება ამ სახლებიდან ჯერ ერთთან დაკავშირებითაც არ არსებობს. სააგენტოში ამბობენ, რომ საკითხზე ისევ მუშაობენ.

ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლები კომპანია „გეოგრაფიკმა“ ბათუმის მერიის დაკვეთით 2015 წელს შეარჩია. 2015 წლიდან 2019 წლამდე, ბათუმის მერიას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ეროვნულ სააგენტოს შორის გრძელვადიანი გადარჩევა-დაზუსტების შემდეგ, სააგენტომ გადაწყვიტა და 2019 წლის მარტში ამ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიანიჭა. შესაბამისად, დარჩენილია ბოლო ეტაპი – შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება.

კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის მინიჭების შემდეგ, კონკრეტული შენობების მიმართ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ყველა დამცავი რეჟიმი ამოქმედდა, რაც ამ სახლების ათვისებით დაინტერესებული მშენებლებისგან დაცვას უზრუნველყოფდა. როგორც სააგენტოს დანართშია მითითებული, ამ სახლების უმრავლესობა არქიტექტურის თვალსაზრისით ღირებულია.

ბათუმში 23 ისტორიულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიენიჭა

 

 

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი განმეორებითი გამოცდა ნოემბერში დაიწყება

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 17 სექტემბერს დასრულდა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის. დარეგისტრირდა 26 600 – ზე მეტი აპლიკანტი.

წელს პრაქტიკოს მასწავლებლებსა  და მასწავლებლობის მსურველებს მეორედ მიეცათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა.

ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია, პრაქტიკოს მასწავლებელს  კი უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები.  საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

„პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები (ანუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება) აუქმებს იმავე საგანში  საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს,“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ბათუმის 3 და ქობულეთის 2 სკოლაში იტალიური ენის სწავლება დაიწყო

ბათუმის პირველ, მე-2 და მე-6 საჯარო სკოლებში იტალიური ენის შესწავლა დაიწყო. იტალიურს შეისწავლიან ასევე ქობულეთის პირველ და მე-6 საჯარო სკოლებშიც. საგანი არჩევითი იქნება და სწავლება მეხუთე და მეათე კლასებიდან დაიწყება.

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, საჯარო სკოლებში იტალიური ენის შესწავლა განათლების სამინისტროსა და საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომლობით გადაწყდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროექტის კორდინატორია ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია „მინერვა“, რომელმაც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შეადგინა იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლების პროგრამა და სტანდარტი.

სკოლებს სახელმძღვანელოებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. „მან ასევე გამოყო დამატებითი თანხები მასწავლებლების სახელფასო ფონდისთვის. ასევე, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ქართულ-იტალიურ „მინერვას“  შორის, რომლის მიზანია განათლების სისტემაში იტალიური ენისა და კულტურის დანერგვის ხელშეწყობა.

მხარეები უზრუნველყოფენ იტალიური ენის მასწავლებლების პროფესიულ გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას“, – აცხადებენ აჭარის განათლების სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზაციამ ასევე აიღო ვალდებულება, ყოველწლიურად შეარჩიოს იტალიურენოვანი მოხალისე მასწავლებლები „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს სასწავლო რესურსების მოძიებაში დახმარებას.

„სწავლება დაფუძნებული იქნება როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინსწავლებაზე. პარტნიორი მხარეების ხელშეწყობით დაგეგმილია გაცვლითი კულტურული პროგრამები იტალიურ და ქართულ სკოლებს შორის“, – გვითხრეს სამინისტროში.

წელს, ახალი სასწავლო წლიდან იტალიური ენა თბილისის 20 სკოლაშიც შეისწავლება. აქედან 13 საჯარო, 7 კი კერძო სკოლაა.

ვის დაუფინანსდება უცხოეთში ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლის ბიუჯეტის 18 პროცენტით გაზრდას გეგმავს. სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 3 237 365 ლარით გაიზრდება და 21 000 000 ლარი იქნება.

სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი წლიდან, 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა პირველად დაფინანსდება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებში.

კერძოდ, სამინისტრო დააფინანსებს:

ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაციას – არაუმეტეს 100 000 ლარით;

ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას – არაუმეტეს 180 000 ლარით;

ძვლის ტვინის ჰაპლოიდენტურ ტრანსპლანტაციას – არაუმეტეს 210 000 ლარით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი წლიდან მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში გაიზრდება ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე, [მუცინიპალიტეტებში რეგისტრირებული] პაციენტების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, რომლებიც ოპერაციას საქართველოში ჩაიტარებენ.

ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით, ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდებათ 80 000 ლარით [დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ბათუმის მერია], აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს კი – 100 000 ლარით.

ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდება 130 000 ლარით [დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ბათუმის მერია], ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს – 150 000 ლარით.

ასევე, ამავე პროგრამის ფარგლებში გაიზრდება ღვიძლის ტრანპლანტაციის დაფინანსება, კერძოდ: ბათუმში რეგისტრირებული პაციენტებისათვის ნაცვლად 65 000 ლარისა, დაფინანსდება 70 000 ლარით (დამატებით 30 000 ლარს გამოყოფს ბათუმის მერია), აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს კი სამინისტრო 100 000 ლარით დააფინანსებს.

ასევე, გაფანტული სკლეროზის მკურნალობა მაღალეფექტური, ძვირადღირებული მედიკამენტით ნაცვლად 10 პაციენტისა დაუფინანსდება 18 პაციენტს.

სამინისტროს ცნობით, 2020 წელს პირველად დაგეგმილია რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსება ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით. პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ პაციენტები, რომელთაც აქვთ რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმა, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ მკურნალობა დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატოიდული მედიკამენტებით, მაგრამ კვლავ აღენიშნებათ რევმატოიდული ართრიტის მაღალი აქტივობა.

ცოლზე ძალადობა ზღვაზე დასვენების დროს, ქობულეთის პარკში

“თავს დამნაშავედ ვცნობ” – უთხრა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ზურაბ გ.-მ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს. მას ოჯახში ძალადობა ედება ბრალად. ზურაბ გ. თბილისიდანაა და სასამართლოში ადვოკატის გარეშე მოვიდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს, ვისთან ერთადაც ის ბოლო 12 წელია ცხოვრობს, ქობულეთის ზღვისპირა პარკში ყოფნისას სახის და თავის არეში  ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ზურაბ გ.-მ დასაშვებად და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ ამ საქმეზე სასამართლოში წარმოადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერც ერთი მოწმის, მათ შორის, დაზარალებული ქალის ჩვენებას ვერ მოისმენს.

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 150 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება მოუწევს ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე.

“ქობულეთში ვისვენებდით და მოხდა ეს ამბავი… პოლიციას თვითონ ჩემმა ცოლმა დაურეკა. ჩვენ საერთო შვილი გვყავს, უკვე შევრიგდით და ისევ ერთად ვცხოვრობთ,” – გვითხრა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულმა.

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში „კომაროვის სკოლასთან“ აშენდება

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩის პირველ ნომერში, იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც „კომაროვის სკოლის“ მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში უთხრეს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, „ბლექსის“ ახალი შენობის მშენებლობას, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი დასჭირდება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესკიზური პროექტის მომზადება, რომლის დასრულების შემდგომ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია ტენდერის გამოსაცხადებლად დიზაინბილდით. ტენდერი, სავარაუდოდ, გამოცხადდება 2019 წლის ბოლოს. კოლეჯი აშენდება ბათუმის განათლების ქალაქის ტერიტორიაზე [სვიშევსკის ქუჩა N1]. კოლეჯის ახალი შენობა იქნება სამსართულიანი“, – აცხადებენ სააგენტოში.

კოლეჯი „ბლექსი“ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 92ა-ში მდებარეობს. ამ მისამართზე 6479 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები [საერთო ფართობით 2071.99 კვ.მ] სახელმწიფოს ეკუთვნის და კოლეჯს სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული.

„ბლექსი“ ბათუმში, თავდადებულის N61-ში, ასევე სახელმწიფოსგან სარგებლობის უფლებით ფლობს 2834 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 2377 კვ.მეტრ შენობა-ნაგებობებს. თუმცა, ეს შენობა ამჟამად არ გამოიყენება სასწავლო მიზნით.

რა ბედი ეწევა ამ შენობებს კოლეჯის სვიშევსკის ქუჩაზე გადასვლის შემდეგ? –

„ჯერ არ მაქვს საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად აშენდება ახალი შენობა. მიმდინარეობს ტექნიკური პროცედურები. უნდა გაკეთდეს გეოლოგიური დასკვნები… ერთ-ერთ საკითხად მშენებლობისთვის სვიშევსკის N1-იც განიხილება. რაც შეეხება ლერმონტოვისა და თავდადებულის ქუჩებზე მდებარე შენობებს, არც ამაზე ვართ შეთანხმებული. ჯერჯერობით არის ჩვენს ბალანსზე და როცა გადაწყდება, სად უნდა აშენდეს ახალი შენობა, შემდეგ ვიმსჯელებთ, იქ რა გავაკეთოთ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში გიორგი გოგიტიძემ, კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორმა.

„ბლექსისთვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემული შენობა თავდადებულის ქუჩაზე ბათუმში, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. შენობა ამ დროისთვის უფუნქციოდაა / 18.09.2019
მთავარი ფოტო: თავდადებულის ქუჩაზე მდებარე შენობა ბათუმში, რომელიც „ბლექსის“ ბალანსზეა / 18.09.2019

– – –

სვიშევსკის ქუჩა N1-ში ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ბათუმის ფილიალის მშენებლობა იგეგმება. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში „კომაროვის სკოლის“ მშენებლობას, სავარაუდოდ, 14 მილიონი ლარი დასჭირდება.

ამ თემაზე:

14 მილიონი ლარი ბათუმში კომაროვის სკოლისთვის, როდის დაიწყება მშენებლობა

პრეზიდენტი: ჩემი წუხილიც არის, როცა საზოგადოება რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე შფოთავს

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: 

„მინდა მივმართო საზოგადოებას, იმიტომ, რომ მესმის მისი წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის, როცა საზოგადოება შფოთავს რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე თუ გადაწყვეტილებებზე.

მე მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის გამართლება ვინმესი. ეს არ არის ამავე დროს არც რევიზია რომელიმე სასამართლოსი. ეს არ არის რაღაცა მოეთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რაიმე გამოცდილება. ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, შეფასება იმ მოცემულობის და შეფასება, კიდევ ერთხელ, ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, მაგრამ ადამიანის მიერ, რაც არ გამორიცხავს შეცდომას და არც გამორიცხავს, რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმავე გარემოებების.

ამიტომაც, მე წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივით გამოვიდოდი, რომ ეს წესები, რომელიც ეხება შეწყალებას, იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ამ ახალ წესებს, გადაეცემა ჩვენი ვერსია პარლამენტის თვამჯდომარეს და ალბათ უკვე მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტიები შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს სწორედ ასეთი შეშფოთება საზოგადოების.

გამომდინარე ამ ვითარებიდან, რაც შედგა, მე ვაცხადებ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტი და ეს არის ჩემი სრული უფლება, მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები შემუშავდება და ან ჩემ დროს ან შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორი იქნება შეწყალება.

… კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ნიშანდობლივი არის, ამ ტიპის აჟიოტაჟები, აქ ამ შემთხვევაში საზოგადოების წუხილი მაწუხებს, თორემ ის მედიააჟიოტაჟი რაც ხდება რეგულარულად ჩემ რომელიმე უცხოეთში წასვლის წინ, ან დაბრუნებისას, ან წარმატებული ვიზიტის დროს, არის, მე მგონი, ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელი. ეხლა მივიდივარ სწორედ, ამ კვირის ბოლოს გაეროში, გენანსამბლეაზე, სადაც უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იქნება არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის. ეს უნდა შევიგნოთ, რომ როცა მე ვარ უცხოეთში, არა ვარ მე, ვარ საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოსთვის კეთდება საქმე.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე არა ვარ ჩვეული არც კონსპირაციულ თეორიებს და არც კონსპირაციებს. ამიტომ მე ჩუმად არავის არ შევხვდები ნიუ იორკში, თუ ვინმეს შევხვდები, ყველას გეცოდინებათ მთელი ჩემი განრიგი, იქნება ცნობილი თქვენთვის, როგორც კი დაზუსტდება.“

_____________

წყარო: სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები:

12 საათზე – „სამასთვის“, უაად ალ ქათები/ედუარდ უატსი, დიდი ბრიტანეთი/აშშ, 2019; 95 წთ.

„სამასთვის“ ახალგაზრდა ქალის, ვაად ალ კატეაბის ცხოვრების გზას გვაჩვენებს. ის სირიის ქალაქ ალეპოს ხუთწლიანი რევოლუციის განმავლობაში სიყვარულს, ქორწინებასა და დედობას გამოცდის. ომის პერიოდში ქალი არჩევანის წინაშე დგება: გაიქცეს თუ არა ქალაქიდან, რათა თავისი ქალიშვილი გადაარჩინოს, თუმცა წასვლა თავისუფლებისთვის ბრძოლის მიტოვებას ნიშნავს, რისთვისაც მან უკვე ბევრი რამ გაიღო.

14 საათზე – „ჩრდილოეთის სული“, შონ მაკალისტერი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 73 წთ.

ცნობილი დოკუმენტალისტი, შონ მაკალისტერი, მშობლიურ ქალაქ ჰალში ბრუნდება, როგორც „კულტურის ქალაქის“ ღონისძიებათა გახსნითი ცერემონიის დამდგმელი რეჟისორი. მაკალისტერი მოგვითხრობს ქალაქში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რაც საჯარო ხარჯების შემცირებამ და „ბრექსიტმა“ გამოიწვია. 

ფოტო: seanmcallister.com

16 საათზე – პუნტო ი რაიას კინოფესტივალის (პოლონეთი) საუკეთესო აბსტრაქტული/ექსპერიმენტული ფილმების კოლექცია 2018 წ. 70წთ.

კოლექცია მოიცავს 2018 წლის 25-28 ოქტომბერს ვროცლავში – CeTA-ში(აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების ცენტრი) ჩატარებული ფესტივალის პროგრამის 18 ფინალისტ და პრიზიორ ფილმს. 

18 საათზე – „და იქმნა ნათელი“, მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019; 93 წთ.

მილანს სამი შვილი ჰყავს და გერმანიაში მშენებლობაზე მუშაობს, რათა სლოვაკეთში ოჯახი არჩინოს. საშობაოდ სახლში დაბრუნებული მილანი იგებს, რომ მისი უფროსი ვაჟი ადამი პარამილიტარისტული, ახალგაზრდული ჯგუფის წევრია. ბიჭი თანაკლასელის ჩაგვრასა და სიკვდილშია გარეული. მამამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. ამ პროცესში, თავის ცოლთან ერთად, სიმართლეს არკვევს ვაჟის, მათი ოჯახის, საკუთარი თავისა და გარშემომყოფი საზოგადოების შესახებ. 

20 საათზე – „სატყუარა”, მარკ ჯენკინი, დიდი ბრიტანეთი, 2019; 89 წთ.

შავ-თეთრ, 16 მმ. კამერით გადაღებულ ფილმში მოქმედება თანამედროვე სოფელში ხდება. უკმაყოფილო მეთევზე მარტინს, რომელიც გემის შეძენას ცდილობს, ოჯახურ პრობლემებთან, Airbnb-ისა და ქალაქის წვეულებების შემოტევის გამკლავება უწევს. ზაფხულის სეზონზე ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულებს შორის დაძაბულობაც მატულობს, რაც ტრაგიკულ შედეგებს იწვევს. 

22 საათზე – „ტრანზიტი“, კრისტიან პეტცოლდი, გერმანია/საფრანგეთი, 2019; 101 წთ.

ნაცისტების შეჭრის შემდეგ კაცი საფრანგეთიდან გარბის, ის გარდაცვლილი მწერლის სახელით გადაადგილდება. ფილმის გმირი მარსელში აღმოჩნდება, სადაც ხვდება ახალგაზრდა ქალს, რომელიც დაკარგულ ქმარს ეძებს – სწორედ იმ კაცს, ვისი სახელითაც იგი ცხოვრობს.

კინოჩვენებებზე დასწრება „აპოლოში“ უფასოა, თუმცა დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ ე.წ. „უფასო ბილეთების“ (რაც კონტროლისა და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ “აპოლოში” მხოლოდ 160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ უფასო ბილეთები ადგილის რეზერვაციის მიზნით. ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ 2 დღის კინოსეანსების ბილეთების აღება. „უფასო ბილეთების“ დაჯავშნა შესაძლებელია ცალკეულ კინოჩვენებებზე  ინტერნეტითაც. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: ბილეთების დაჯავშნა BIAFF 2019.

___________

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ტრანზიტი“. ფოტო: imdb.com

შსს: „კოკა-კოლას“ თანამშრომელი 133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, თბილისში 133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული 1 პირი დააკავეს.

შსს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სს „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, მოპარული თანხა სრულად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შეავსე ტესტი და გაიგე, რა შანსი გაქვს გაიმარჯვო კონკურსში – „შენი იდეა ბათუმს“

მონაწილებითი ბიუჯეტის პროექტმა – „შენი იდეა ბათუმს“ სტარტი 2019 წელს აიღო და პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული იდეა: წარწერა „ბათუმი“ ბათუმგორაზე, „ნატვრის ხე“ და „ფრანების ფესტივალი“.

მალე დაანონსდება იდეების მიღება 2020 წლისთვის.

გაიარე ტესტი და გაიგე უფრო მეტი პროექტის შესახებ – „შენი იდეა ბათუმს“. იქნებ, მორგი გამარჯვება შენმა იდეამ მოიპოვოს.

ქართველ მუსლიმთა კავშირი ბათუმის მეჩეთზე ხაზარაძისა და ვოლსკის განცხადებებს ეხმაურება

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას და ქართველი მუსლიმების უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა. განცხადებას გთავაზობთ სტილის დაცვით:

„მინდა გემოვეხმაურო უმრავლესობის ლიდერის ბატონი გია ვოლსკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, ბატონი მამუკა ხაზარაძის საჯარო განცხადებებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.

ორივე პოლიტიკოსის განცხადებაში ჩანს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხის მნიშვნელობის არაღიარების და პოლიტიზირების ნიშნები. სამწუხაროა, რომ საჯარო საქმიანობის გამოცდილების მქონე ადამიანებს არ ყოფნით ხედვა, ცოდნა და მგრძნობელობა გაიაზრონ მუსლიმი თემის ისტორიული საჭიროება, მოთხოვნა და უფლება და მას სათანადო პასუხისმგებლობით უპასუხონ.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი ქართველი მუსლიმი თემისთვის რელიგიური საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, საკუთარი უფლებების, მოქალაქეობის და ღირსების აღიარების საკითხი გახდა. ეს საკითხი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობის ტესტიც გახდა, რომელსაც უნდა ეჩვენებინა, რომ ის ყველა სოციალური ჯგუფისთვის თანასწორ და სამართლიან პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოს ქმნის. სამწუხაროდ, ჩვენმა სახელმწიფომ ეს ტესტი ამ დრომდე ვერ ჩააბარა.

ქართველი მუსლიმი თემისთვის ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრში ახალი მეჩეთის მშენებლობა, როცა მისი საჭიროება აშკარა და თვალსაჩინოა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მიუღწეველი მიზანია. ამ უსამართლობას სხვა დამაჯერებელი ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს გარდა იმისა, რომ ის უთანასწორობის ლეგიტიმაციაა.

ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ადამიანების, ჯგუფების იერარქებს მუდმივად ქმნის და ჩვენი კონსოლიდირების ნაცვლად, ჩვენს დაყოფას ცდილობს. ეს მათ მომგებიანი ეჩვენებათ  დღეს, მაგრამ ის არსებითად აზიანებს ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოებრიობის განვითარებას მომავალში. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლების არსი პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს არ ესმით.

საკუთარ განცხადებაში ბატონი გია ვოლსკი საზოგადოებრივი კონსენსუსის აუცილებლობაზე უთითებს. ცხადია, ჩვენ გვესმის საზოგადოებრივი შეთანხმების და სოლიდარობის მნიშვნელობის, მაგრამ ჩემი მთავარი კითხვა სხვაა: რატომ სჭირდება უმცირესობების უფლებების აღიარებას უმრავლესობის თანხმობა? ნუთუ ეს მიდგომა დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპია და ამას ადგენს კონსტიტუცია?! ანდა რას აკეთებს მთავრობა ამ კონსენსუსის მისაღწევად, როცა მისი წარმომადგენლები რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო მარტივი განცხადებების გაკეთებასაც ვერ ბედავენ?

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც უკვე 3 წელია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მიზნით თვითორგანიზებას და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას ცდილობს, ყველა საშუალება გამოიყენა მეჩეთის თემისთვის პოლიტიკური, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური შინაარსის მოხსნისთვის.

2013 წლიდან ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიწის შეძენას და სახელმწიფოს მხარდაჭერით მეჩეთის მშენებლობას ვთხოვდით. ამ მოთხოვნით ჩვენ მეჩეთის მშენებლობის საკითხის დეპოლიტიზირებას ვისახავდით მიზნად, მაგრამ მთავრობამ და მისმა ყველაზე პრობლემურმა  უწყებამ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ არა თუ მხარი დაუჭირა ამ სახელმწიფოებრივ და შემხვედრ ინიციატივას, არამედ ყველაფერი გააკეთა ამ პროცესის შეჩერებისთვის და ხელის შეშლისთვის. სწორედ ხელისუფლებამ დაიწყო ამ თემის პოლიტიზირება და დაყოფის და განსხვავებების სტრატეგიის გამოყენება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებაში მთავარ პოლიტიკურ შეცდომას ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების საკითხის სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის კონტექსტში დანახვა იყო. ეს ჩვენი თემის თურქეთთან გაუმართლებელი დაკავშირების და ნაცვალგების კიდევ ერთი მაგალითია. რატომ დგას ჩვენი, ქართველი მუსლიმების უფლებების საკითხი თურქეთში ქართული ეკლესიების საპირწონედ? რა ისტორიული ან სამართლებრივი კავშირი არსებობს ამ დაკავშირებაში? სამწუხაროა, რომ ბატონი ხაზარაძე, რომელიც თითქოსდა პროგრესული იდეებით შემოდის პოლიტიკურ სივრცეში, ასეთი ტიპის არადემოკრატიულ განცხადებებს აკეთებს და ნაციონალისტური და რელიგიური სენტიმენტების გამოყენებას ცდილობს.

მე მივმართავ ბატონ ვოლსკის და ბატონ ხაზარაძეს და მათ კონსულტანტებს, თუ აქვთ ინტერესი ახალი მეჩეთის მშენებლობის თემაზე რეალობა უკეთესად გაიგონ, შეგვხვდნენ ქართველი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს და მიიღონ ობიექტური ინფორმაცია პროცესის შესახებ.

ამასთან, იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხის შემდგომი პოლიტიზირების რიტორიკას პარტიები არ გამოიყენებენ და ბაზისური დემოკრატიული პრინციპების ერთგულები დარჩებიან“.

 

ახალშენში საბავშვო ბაღი ახალ ადგილზე აშენდება – ადრე ბაღი მეწყერსაშიშ ზონაში შენდებოდა

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 474 610 ლარია. ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო, რის გამოც პროექტი ვერ განხორციელდა. ახალი ნაკვეთი იმ ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს, რომელიც მეწყერსაშიშია და სადაც ბაღი უნდა აშენებულიყო.

ბაღის მშენებლობისთვის ახალშენში ამჯერად 8 344 კვ.მ მიწის ნაკვეთია გამოყოფილი. ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღის შენობა უნდა აშენდეს, სატენდერო განაცხადს თან ახლავს.

პროექტის მიხედვით: „ბაღის შენობა ორსართულიანია; ის კარკასული ტიპისაა და მის მზიდ ნაწილს წარმოადგენს რ/ბ სვეტები და რიგელები. სვეტებს შორის კედლები ამოშენებულია მცირე ზომის საკედლე ბლოკით ზომით 20X20 სმ. გარე კედელი კი 40X40. შენობის გარე კედლები უნდა შეილესოს დუღაბის ხსნარით და შეიღებოს წყალმედეგი ფასადის საღებავით. შენობის განსათავსებელი მიწის ნაკვეთის რელიეფი მარტივი კონფიგურაციისაა. შენობაში განთავსებულია: ორი კიბის უჯრედი და ორი ლიფტი, პირველი ლიფტი გათვლილია ადამიანებისთვის და მეორე სამზარეულოს დამხმარეა. პირველ სართულზე განთავსდა ბაგა-ბაღის ორი სამყოფი ოთახი თავისი გასახდელებით სველი წერტილებით და საძილე ოთახებით, ასევე პერსონალის ოთახები, სამზარეულო დამხმარე სათავსოებითა და სპორტული დარბაზით, მეორე სართულზე მუსიკის კაბინეტი…“

ბაღის შენობის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღეში უნდა დაიწყოს და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. უშუალოდ ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2019 წლის 3 ოქტომბერს დაიწყება და 8 ოქტომბერს დასრულდება.

ახალშენის ახალი საბავშვო ბაღი / ფოტომონტაჟი / სატენდერო დოკუმენტებიდან

კომპანია „ლადასთან“, რომელიც მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე ადრე ბაღს აშენებდა, ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა და პროექტის ხელახლა შესაძენად ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. მერიას მშენებელი კომპანია სასამართლოში 151 842 ლარის ანაზღაურებას სთხოვს, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანია „ვეგა+“ კი დავების საბჭოში უჩიოდა. დავების საბჭომ მომჩივანის მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ახალი ბაღი, ახალ ტერიტორიაზე სწორედ „ვეგა +“-ის პროექტით აშენდება.

საბავშვო ბაღის მშენებლობის თაობაზე საუბარია აუდიტის ანგარიშშიც, რომლის მიხედვითაც, კომპანია „ლადამ“ 2018 წელს შეისყიდა საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ახალშენში ბაღის მშენებლობისთვის შეძენილი საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და მისი გამოყენება მოცემულ მიწის ნაკვეთზე საბავშვო ბაღის ასაშენებლად დაუშვებელი იყო. მუნიციპალიტეტს კი, პროექტის ავტორის მიმართ, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსთვის დაჯარიმების მექანიზმი არ გამოუყენებია.

ამ თემაზე ვრცლად:

სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს

წითელი ყელსახვევი ანუ საბჭოთა აჩრდილი სკოლებში

საჯარო სკოლებში, პერიოდულად, სხვადასხვა კონტექსტში ჩნდება ხოლმე წითელი ყელსახვევი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროინდელი მოსწავლის სიმბოლოა. საბჭოთა ეპოქაში ამ სიმბოლოს გარეშე მოზარდების სკოლაში ყოფნა დაუშვებელი იყო. საბჭოთა მოსწავლე ვალდებული იყო, ყოველდღე ეტარებინა ალისფერი ყელსახვევი. ასევე მოსწავლეები ატარებდნენ საბჭოთა ბელადის გამოსახულებიან გულსაბნევს.

16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა გადაწყვიტა, რომ მისი მოსწავლეები წითელი ყელსახვევებით დაესაჩუქრებინა. წითელი ყელსახვევი მან გოგონებს მოახვია, ბიჭებს კი ლურჯი ყელსახვევები გაუკეთა.

პედაგოგის ამ ინიციატივაზე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პარალელი მაშინვე გაავლო საბჭოთა პიონერის სიმბოლოსთან. მასწავლებელი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ მისი იდეა არ იყო საბჭოთა წარსულთან კავშირში, რომ უბრალოდ მოსწონს ეს ფერი (ბორდოსფერი) და ამიტომ გადასცა მოსწავლეებს საჩუქრად ყელსახვევები. პედაგოგი ამბობს, რომ არ უფიქრია, თუ ვინმე წითელ ყელსახვევს საბჭოთა სიმბოლოსთან გააიგივებდა.

ამავე წლის მაისში მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის პირველკლასელებს შემოახვიეს ალისფერი ყელსახვევი და კითხვის ნიშნები მაშინაც გაჩნდა. დამრიგებელი მაშინაც თავის მართლების პოზიციაში ჩადგა და ამბობდა, რომ „არ უფიქრია თუ  პიონერის ყელსახვევად აღიქმებოდა“ წითელი ყელსახვევი.

ისევ მაისში იყო შემთხვევა, როცა ოზურგეთის წმ. გაბრიელის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში მოსწავლეებს საბჭოთა წარსულის სადიდებელი სიმღერა ამღერეს. ამ შემთხვევაშიც ითქვა, რომ ღონისძიება საბჭოთა სისტემის გაშარჟებას ემსახურებოდა, თუმცა სიმღერის ტექსტი პოზიტიურად წარმოაჩენს სტალინს და გურიის განვითარებას სწორედ მას უკავშირებს.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუქის გამოხმაურებებიც აჩვენებს, რომ ზოგიერთ პედაგოგს საბჭოთა წარსულისადმი ნოსტალგია ჯერ კიდევ აქვს. „მერე რა, ჩვენ რომ გვეკეთა ყელსახვევი, ამით რა დაშავდა,“ – ეს დამოკიდებულებები ნათლად აჩვენებს, რომ განათლების სისტემა ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულა საბჭოთა სკოლის აჩრდილისგან.

განათლების სპეციალისტი, კოალიცია „განათლება ყველასთვის – საქართველო“ პოლიტიკის ანალიზის ოფიცერი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრი რევაზ აფხაზავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საბჭოთა რეჟიმის მიმართ ნოსტალგიური დამოკიდებულებები პედაგოგთა გარკვეულ ნაწილში ისევ არსებობს, მაშინ როცა ქართული სკოლის ერთ-ერთი ამოცანა საბჭოთა იდეოლოგიისგან გათავისუფლებაა: „სკოლა უნდა იყოს ფლაგმანი ამ საქმეში, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ თანამედროვე, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი და უნდა დავამთავროთ ჩვენშიც და მომავალ თაობაშიც საბჭოთა კავშირი.

მე არ ვიცნობ ამ კონკრეტულ პედაგოგს, ვინც ყელსახვევი გაუკეთა პირველკლასელებს და გამიჭირდება მის შინაგან მოტივაციაზე საუბარი, მაგრამ, ზოგადად, ეს ტენდენცია არის, რადგან საბჭოთა იდეოლოგია ძალიან მყარად იყო გამჯდარი 70 წლის განმავლობაში და ხდებოდა მისი კულტივირება.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, მათ შორის პედაგოგებიც, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური ნოსტალგიური დამოკიდებულებები საბჭოთა წარსულის მიმართ,“ – გვეუბნება რევაზ აფხაზავა.

მისი თქმით, შესაძლოა ამ კონკრეტულ პედაგოგს მართლაც არ გაუვლია პარალელი საბჭოთა წარსულთან, მაგრამ „ჩვენმა მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში, სადაც  საბჭოთა რეჟიმი არსებობდა, ამაზე ექნებათ მგრძნობელობა ადამიანებს და  კარგიცაა, რომ არ გვსიამოვნებს ასეთი გამოვლინებები,“ – დასძენს ის.

რევაზ აფხაზავას თქმით, წითელი ყელსახვევი პიონერთან ასოცირდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამიტომ პედაგოგები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ.

„სკოლაში მასწავლებლობა არ ნიშნავს მარტო საგნის სწავლებას, იქ ხდება მოქალაქის აღზრდა და შენ თვითონ, როგორც მასწავლებელი, თუ არ აღიარებ იმ ღირებულებებს, რასაც სახელმწიფო, მაშინ შენ ვერც გადასცემ ამ ღირებულებებს სხვა ადამიანს. კარგად უნდა გაარკვიონ ადამიანებმა, მათ შორის მასწავლებლებმაც, რას ემსახურებიან თავისუფალ, დემოკრატიულ, ქართულ საზოგადოებას, თუ საბჭოთა იდეოლოგიას. თუ პედაგოგი არ იქნება თანამედროვე დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი და რაიმე ბმა ექნება საბჭოთა წარსულთან, ან იქნება შოვინისტი, დისკრიმინაციის მატარებელი და ასე შემდეგ, ასეთი პედაგოგების ადგილი სკოლაში არ არის“.

რევაზ აფხაზავას თქმით, მასწავლებელი თვითონ უნდა იყოს როლური მოდელი და მაგალითი დემოკრატიული ღირებულებების.

„მაგრამ ვხედავთ ადამიანებს რას წერენ ფორუმებში, ფეისბუქში, რაც სამწუხაროდ აჩვენებს, რომ საბჭოთა ნოსტალგია ჯერ კიდევ არსებობს გარკვეულ პედაგოგებში. ამიტომ დირექცია, საზოგადოება უნდა იყოს ყურადღებით, რომ ჩვენ მომავალ თაობას არ დავუმახინჯოთ მსოფლმხედველობა,“- ამბობს ის.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიანსაც ესაუბრა. მისი თქმით, საგანმანათლებლო სივრცეში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სასწავლო მიზნის მისაღწევად, რომ ეპოქის გასააზრებლად. „სხვა შემთხვევაში, არამცთუ მიუღებელია, კანონითაც დაუშვებელია“.

მანანა რატიანის თქმით, სამწუხაროდ, არის ღირებულებითი პრობლემები სკოლებში. ქობულეთის სკოლის შემთხვევაზე კი შესაბამისმა კომისიამ უნდა იმსჯელოს და რეაგირებაც მოახდინოს.

„იმედია, ეს მომხდარი უკანასკნელი იქნება და ჩვენ მეტი ინიციატივა გვექნება ევროპული ღირებულებების დამკვიდრების მიმართულებით. გვქონდა პროექტი „ევროპა ჩვენს გაკვეთილზე“, რომლის ფარგლებში ჩაუტარდათ პედაგოგებს სხვადასხვა ტრენინგი და გამოიცა საგანმანათლებლო რესურსიც,“ – ამბობს მანანა რატიანი.

მისი თქმით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთობლივი ყოველწლიური კონფერენცია „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“, ემსახურება ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას სკოლაში, ამ ტიპის აქტივობებში პედაგოგების ჩართვა ნებაყოფლობითია.

„წლევანდელი ეროვნული კონფერენციის თემატიკა და რამდენიმე ტრენინგი ღირებულებით განათლებაზეა მომზადებული და უკვე ოქტომბერში შევთავაზებთ ყველა მასწავლებელს,“ – ამბობს მანანა რატიანი.

ამავე თემაზე:

ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს

რატომ არის საშიში ტელეფონი ბავშვებისთვის – სპეციალისტის განმარტება

„გაჯეტებთან ბავშვის ურთიერთობა საერთოდ აკრძალეს შეერთებულ შტატებში 2 წლამდე… მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მაისში ასევე დადო რეკომენდაცია გაჯეტების შეზღუდული დროით გამოყენებაზე,“ – ამბობს კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, მარიამ ხვადაგიანი. მას ვესაუბრეთ საფრთხეებზე, რასაც ბავშვის ადრეულ ასაკში გაჯეტებთან ურთიერთობა ქმნის. ფსიქოლოგს ასევე ვკითხეთ მოსაზრებაზე – შესაძლოა თუ არა ბავშვს ჩამოუყალიბდეს აუტიზმი, თუკი ის დროის დიდ ნაწილს მობილურ ტელეფონთან, პლანშეტთან ან კომპიუტერთან ატარებს.

„არსებობს ევროპის ქვეყნებში ჩატარებული რამდენიმე დამოუკიდებელი კვლევა, რაც ადასტურებს იმას, რომ ჭარბი დოზით გაჯეტების გამოყენება იწვევს თავის ტვინში ნეირონების განსხვავებულ აქტივობას. შედეგად ვიღებთ ჰიპერაქტიულ ბავშვებს. ასევე, გვხდება მეტყველების დაგვიანების შემთხვევები. დრო, რომელსაც ბავშვი იყენებს გაჯეტებთან, აკლდება რეალურად კომუნიკაციას. კომუნიკაცია კი პირდაპირ ავითარებს მეტყველებას, აზროვნებას, კოგნიტურ უნარებს. არსებობს სპეციალური გადაცემებიც, რომელიც ბავშვის განვითარებაზეა ორიენტირებული, მაგრამ, მაგალითად, შეერთებულ შტატებში ამ გადაცემების ნახვაც ადრეულ ასაკში აკრძალეს,“ – ამბობს მარიამ ხვადაგიანი.

ნეიროფსიქოლოგის აზრით, გაჯეტებთან შეხება ბავშვებს მხოლოდ სამი წლიდან უნდა ჰქონდეთ, თუმცა მხოლოდ დროის განსაზღვრული ოდენობით და მშობელთან ან იმ ადამიანთან ერთად, ვისაც ბავშვი გარკვეულ ემოციას გაუზიარებს. მარიამ ხვადაგიანის თქმით, გაჯეტებთან ბაშვები, ასაკის შესაბამისად, დაახლოებით ნახევარი საათიდან ერთ საათამდე უნდა ატარებდნენ და უმჯობესია, თუკი დროის კონკრეტულ ინტერვალს თავად მშობელი განსაზღვრავს.

ნეიროფსიქოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ დამატებით სტრესს მიაყენებთ ბავშვს, თუკი დაწყებული მულტფილმის ბოლომდე ნახვას აუკრძალავთ – „დროის ლიმიტი ამოწურვის“ მოტივით.

შესაძლოა თუ არა გაჯეტებთან დიდი დროის გატარებამ ბავშვი აუტისტად აქციოს?

„შესაძლოა, ბავშვს ჰქონდეს ტიპიური განვითარება, მაგრამ გაჯეტების ჭარბი მოხმარების შედეგად მას აუტისტური სპექტრის აშლილობის ტიპიური სიმპტომები გაუჩნდეს, ანუ მას გაუჩნდეს მეტყველების, კომუნიკაციის პრობლემა, თუმცა თუ მოვაშორებთ გაჯეტებს, ამ ბავშვის წინსვლა მოხდება სწრაფად. აუტისტური სპექტრის ბავშვებშიც მოხდება წინსვლა, თუკი მას გაჯეტებს მოვაშორებთ, მაგრამ განსხვავება არის მნიშვნელოვანი…

აუტიზმის სპექტრის აშლილობას ვერ ჩამოაყალიბებს გაჯეტები, თუმცა ფაქტია, რომ ჭარბი მოხმარება ბავშვს აზიანებს. დღეისთვის ზუსტი პასუხი არ არსებობს, რა არის თავად აუტისტური სპექტრის აშლილობა. არსებობს ვარაუდები, რომ ორსულობის დროსაც ხდება ნეირონების არასწორად გადანაწილება და ამან შესაძლოა გააჩინოს აუტისტური სპექტრის აშლილობა,“ – განმარტავს მარიამ ხვადაგიანი.

ნეიროფსიქოლოგის თქმით, მნიშვნელოვანია, მშობელმა დროულად მიაქციოს ყურადღება ბავშვის როგორც ფიზიკურ და ინტელექტუალურ, ასევე ემოციურ განვითარებას.

„მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორედ კომუნიკაცია, მაგალითად, რამდენად გიბრუნებთ ბავშვი ღიმილს, გეთამაშებათ, ესმის მისკენ მიმართული მეტყველება… ჩვენს რეალობაში საკმაოდ გვიან ხდება ამის გამორკვევა, რადგან ყურადღება გადატანილია ძირითადად დასწავლის უნარებზე. თუ ბავშვს უჭირს ფერების ცნობა ან ასოების ცნობა, მაშინ მიმართავენ სპეციალისტს. რაც უფრო დროულად მიმართავს მშობელი სპეციალიტს, მით უფრო მარტივია ის დაეხმაროს ბავშვს,“ – გვითხრა მარიამ ხვადაგიანმა.

 

 

 

 

გია ვოლსკი: მეჩეთებთან და ქართველ მუსლიმთა უფლებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ არსებობს

გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:  

„ქართულ მუსლიმ თემს აქვს საგანგებო დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, ყველანაირად, გინდა ერთგულებით, გინდა თავგანწირვით და ისტორია შეგვიძლია ამაზე მოვყვეთ. მეორე საკითხი არის ის თემა, რასაც ჰქვია საზოგადოების კონსენსუსის აუცილებლობა, ვინაიდან მეჩეთებთან და ჯამეებთან დაკავშირებით, ქართველ მუსლიმთა უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს.

აქედან გამომდინარე, არიან ადამიანები, საზოგადოების ერთი გარკვეული ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრობლემაა თვითონ ხელოვნური და ამან შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ამ იდეის მხარდამჭერი მუსლიმ თემშიც არსებობს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი, კონსენსუსი არის მათთვის მნიშვნელოვანი. ასე რომ ამ თემის გაღვივება, წამოწევა, გამწვავება, რასაკვირველია არის ის, რასაც ჩვენ ოპონენტები ყოველთვის შეეცდებიან. ვფიქრობ, საზოგადოებრივი კონსესუსის მომზადება, საზოგადეობის მომზადებაა ამისთვის მნიშვნელოვანად საჭირო, რომ ეს გადაწყდეს“.

________

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

 

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ვოლსკი აკრედიტაციის შეჩერებით დაემუქრა

„ამ გამოდევნებას თუ არ დაანებებთ თავს, მე გეუბნებით თქვენ, რომ ვითხოვ, აკრედიტაცია შეგიჩერონ… მეჩქარება, უნდა დავჯდე, თავმჯდომარე უნდა ვიყო, საკითხები მაქვს მოსამზადებელი“ – ასე მიმართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ნინო ხოზრევანიძეს, გია ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მისი გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის მცდელობამ, ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული პოზიციის შესახებ.

„მე გესაუბრებით და თითქოს თქვენ ჯინაზე მიღებთ, მერე თუ გნებავთ გიპასუხებთ“ – უთხრა გია ვოლსკიმ ჟურნალისტს.

მანამდე კი ვოლსკი გააღიზიანა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვამ – რატომ არ აძლევენ მუსლიმ თემს მეჩეთის მშენებლობის საშუალებას.

„უკვე გადაწყვიტეთ, რომ ჩვენ არ ვაძლევთ? გირჩევთ, როგორც ჩემ ახალგაზრდა მეგობარს, და მე ამას ტყვილა არ ვამბობ, პოლიტიკური ინსინუაციების ჩამოკიდებას თქვენ კითხვებზე დაანებეთ  რა თავი… ქართულ მუსლიმ თემს აქვს საგანგებო დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, ყველანაირად, გინდა ერთგულებით, გინდა თავგანწირვით და ისტორია შეგვიძლია ამაზე მოვყვეთ. მეორე საკითხი არის ის თემა, რასაც ჰქვია საზოგადოების კონსენსუსის აუცილებლობა, ვინაიდან მეჩეთებთან და ჯამეებთან დაკავშირებით, ქართველ მუსლიმთა უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს.

აქედან გამომდინარე, არიან ადამიანები, საზოგადოების ერთი გარკვეული ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრობლემაა თვითონ ხელოვნური და ამან შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ამ იდეის მხარდამჭერი მუსლიმ თემშიც არსებობს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი, კონსენსუსი არის მათთვის მნიშვნელოვანი. ასე რომ ამ თემის გაღვივება, წამოწევა, გამწვავება, რასაკვირველია არის ის, რასაც ჩვენ ოპონენტები ყოველთვის შეეცდებიან. ვფიქრობ, საზოგადოებრივი კონსესუსის მომზადება, საზოგადეობის მომზადებაა ამისთვის მნიშვნელოვანად საჭირო, რომ ეს გადაწყდეს“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, საყვედური გამოუცხადეს

ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი გ კლასის მასწავლებელს, ქეთევან ვეკუას, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ვეკუა კლასის დამრიგებლობიდანაც გაათავისუფლეს.

16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, ქეთევან ვეკუამ თავისი სადამრიგებლო კლასის პირველკლასელ გოგონებს წითელი ყელსახვევები გაუკეთა, ბიჭებს კი – ლურჯი, რასაც საზოგადოების კრიტიკული რეაქციები მოჰყვა.

წითელ ყელსახვევს საბჭოთა სკოლებში ატარებდნენ ბავშვები და ის პოსტსაბჭოთა სივრცეში საბჭოთა რეჟიმის სიმბოლოდ მიიჩნევა. სკოლებში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება, რომელსაც არ აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება, კანონდარღვევაა.

სკოლის დისციპლინურმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 17 სექტემბერს, მიიღო.

 

ამავე თემაზე:

ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს

ჯავახიშვილის ქუჩაზე ბათუმის მერიამ 650-მეტრიანი არხი „აღმოაჩინა“

ქალაქის ბიუჯეტიდან 387 485 ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯი დასჭირდება იმ არხის რეაბილიტაციას, რომლის შესახებ ბათუმის მერიამ არაფერი იცოდა. ჯავახიშვილის ქუჩის მორიგი გადათხრისას მერიამ „აღმოაჩინა“, რომ მიწისქვეშ არის 650 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი, რომელსაც, თურმე, გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. ეს ქუჩა ერთხელ უკვე გადაითხარა, როცა აქ ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყო [სამუშაოები დასრულდა 2018 წელს], მორიგი სამუშაოები კი ახლა მიმდინარეობს, რაზედაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მერიას 2,2 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ჯავახიშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მერიამ ისე დაგეგმა, აქ არსებული არც მიწისქვეშა სანიაღვრე არხის შესახებ იცოდა და არც ახალი არხის მოწყობა გაუთვალისწინებია.

„2019 წლის 12 სექტემბერს ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის დროს გატანილი იქნა რამდენიმე ფენა გრუნტი. მუშაობის პროცესში გამოჩნდა სანიაღვრე არხი მყიფე, შლადი კედლებით… ვინაიდან ის მიწისქვეშა არხია, მისი მდგომარეობის შესახებ შემსყიდველი [ანუ, ბათუმის მერია – ავტ.] ინფორმაციას არ ფლობდა. არც მოსახლეობის მხრიდან არ შემოსულა რაიმე სახის შეტყობინება, ამიტომ კეთილმოწყობის სამუშაოები მოცემულ პერიმეტრზე დაიგეგმა და დაპროექტდა სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის გარეშე. თუმცა, სამუშაოების განხორციელებისას პირველსავე ეტაპზე გამოვლინდა არხის რეაბილიტაციის აუცილებლობა. სანიაღვრე არხი არ ფუნქციონირებს დანიშნულებისამებრ და უხვი ნალექის შემთხვევაში მოხდება წყლის ნაკადების გადინება გვერდზე ქუჩის მონაკვეთებში: დაიტბორება ეზოები და სარდაფები. ასევე დაგეგმილი კეთილმოწყობის სამუშაოები ვერ გაგრძელდება მანამ, სანამ არხი არ შეკეთდება,“ – აღნიშნულია მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს განაცხადში.

ჯავახიშვილის ქუჩის [ორბელიანის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე] კეთილმოწყობაზე ტენდერი მერიამ 2018 წლის თებერვალში გამოაცხადა და გამარჯვებულთან, შპს „ბონდი-2009“-სთან ხელშეკრულება ამავე წლის აპრილში გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 2 293 468 ლარი და 63 თეთრია [საწყისი სატენდერო თანხა 2 959 322 ლარი იყო. ტენდერში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა].

რატომ დაგეგმა ბათუმის მერიამ ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ისე, რომ არ გაითვალისწინა სანიაღვრე არხი? – „ბათუმელებმა“ შეისწავლა სატენდერო დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანს, რომ ამ სარეაბილიტაციო არხის შესახებ მერიამ მართლა არაფერი იცოდა. ასევე დანამდვილებით იცოდა, რომ აქ არხი არ არსებობდა. ამის მიუხედავად, სანიაღვრე არხის მოწყობა, რაც ნებისმიერ ქუჩისთვის აუცილებელია, პროექტში მაინც არ გაითვალისწინა.

„დასაპროექტებელ ქუჩაზე, ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, გზის საფარი მოწყობილია გასული საუკუნის 80-იან წლებში… ვინაიდან ქუჩას არ გააჩნია გამართული სანიაღვრე არხები, ატმოსფერული ნალექების დროს მოდინებული წყლების ძირითად ნაწილს „იწოვს“ არსებული გრუნტი, ხოლო დარჩენილი წყალი გროვდება გზის ზედაპირზე გუბეების სახით,“ – აღნიშნულია 2018 წლის სატენდერო განაცხადში.

ფასების ცხრილში კი აღნიშნულია: „არსებული საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების გადახურვის ფილების მოყვანა საპროექტო ნიშნულამდე [ამაღლება ან დაწევა საჭიროებისამებრ]“. გამოდის, რომ სატენდერო პირობით მერია ტენდერში გამარჯვებულს არარსებული [უკეთეს შემთხვევაში, გაუმართავი] სანიაღვრე არხის ჭების სახურავების ფილების ამაღლება-დაწევას ავალდებულებდა.

რას ნიშნავს ბათუმში, ისიც „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩის კეთილმოწყობა სანიაღვრე არხის გარეშე, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ჩანს [თუ „შეიარაღებული თვალით“ დააკვირდები], რომ მერიას ამაზე „უფიქრია“, თუმცა გამოსავალი შემდეგნაირად უპოვია:

„დაბალ ნიშნულის ადგილებში გავრცელებული ზედაპირული დაჭაობება შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს სადრენაჟო გრუნტის [ხრეშ-კენჭნაროვანი ქვიშის შემავსებლით] დაყრით და ზედაპირული შემკვრივებით [შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწრეტი არხები]“ – ეს ერთი, რაც პროექტშია აღნიშნული და მეორე – „პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ უბანში არსებული ქუჩებისა და მონაკვეთების გზის არსებული საფარის შეცვლას. საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე მილებისა და არხების მოწყობას“.

ეს „საჭიროების შემთხვევა“, ბათუმის მერიაში მას შემდეგ დამდგარა, რაც ტენდერიც ჩაატარეს, ხელშეკრულებაც გააფორმეს, სამუშაოები დაიწყო, თუმცა მიწისქვეშა არხის გამო გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ასეთი „საჭიროებით“ კი, ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი [საბოლოოდ ტერიტორია რომ არ დაიტბოროს] თითქმის 400 000 ლარით გაძვირდა.

„სანიაღვრე არხი ამორტიზებულია. ორბელიანის და ჯავახიშვილის ქუჩებიდან შეკრებილი სანიაღვრე წყლები უერთდება ამ არხს და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ ტერიტორიაზე წყლის შეკრებისა და ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ კოლექტორში ჩაშვებისათვის. აქედან გამომდინარე, არხი საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტაციას“, – აღნიშნულია მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 2019 წლის 16 სექტემბრის განაცხადში, რომლითაც სამმართველო არხის რეაბილიტაციისთვის  387 485 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას გეგმავს – „აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები… გამოჩნდა სანიაღვრე არხი, რომლის კედლები იშლება, ინგრევა ოდნავი ვიბრაციის დროს და იმ ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი ხდება, როგორც ტექნიკური კუთხით, ასევე მიზნობრივადაც, რადგან ტერიტორიის კეთილმოწყობა აუცილებლად ითვალისწინებს ასევე მიწისქვეშ არსებული სანიაღვრე არხის სწორ ფუნქციონირებას, რომელიც პროექტით არ იყო გათვალისწინებული და ეს გარემოება დადგა, როგორც გაუთვალისწინებელი“.

ტენდერის გარეშე ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას კანონი არეგულირებს. შესყიდვების სააგენტო საჯარო უწყებებს ასეთ შეკითხვასაც უსვამს – „რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?“ – ამ კითხვაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პასუხი ასეთია – „შემყიდველს [ამ შემთხვევაში ბათუმის მერიას-ავტ.] არ ექმნება საფრთხე“, – თუმცა, „ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს, რადგან დღეის მდგომარეობით არის ასეთი მოცემულობა: ჯავახიშვილის ქუჩის რამდენიმე კვარტალი გადაკეტილია და გადათხრილია, სანიაღვრე არხი არ ფუნქციონირებს დანიშნულებისამებრ და წვიმის შემთხვევაში მოხდება წყლის ნაკადების გადინება გვერდზე ქუჩის მონაკვეთებში: დაიტბორება ეზოები და სარდაფები. ასევე დაგეგმილი კეთილმოწყობის სამუშაოები ვერ გაგრძელდება მანამ, სანამ არხი არ შეკეთდება“.

ასეთი „აპოკალიფსი“, რაზეც მერიის სამმართველო აკეთებს აქცენტს, ბათუმის გარკვეული უბნებისთვის უცხო არ არის, მაგრამ ჯავახიშვილის ქუჩის ამ მონაკვეთში სანიაღვრე არხი რომ „არ ფუნქციონირებდა დანიშნულებისამებრ“, ამ ვითარების შესახებ ბათუმის მერიამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ შარშან, ტენდერის გამოცხადებამდე იცოდა, ტენდერის მიმდინარეობისას და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დროსაც.

ამჯერად, „ვითარების აღმოსაფხვრელად“, ბათუმის მერია ერთ თვეს და დამატებით 387 485 ლარს ითხოვს ქალაქის ბიუჯეტიდან.

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების“ დადგომას კი მერია არა საკუთარ თავს, უფრო ბუნებას აბრალებს – „ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულების დადება შესაძლებელი იქნება სულ მცირე 45 დღეში, ამ პერიოდში უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, შესაძლებელია მთლიანად მოხდეს არხის ჩამოშლა და ირგვლივ ტერიტორიის დატბორვა [ეზოების, სარდაფების], რადგან მეზობელი ქუჩებიდან შეკრებილი სანიაღვრე წყლები უერთდება სწორედ ამ არხს და [არხი] სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე“.

სანიაღვრე არხების მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს და მათ გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მერიის შპს „ბათუმის წყალი“. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, მერიის და „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლებმა „ვითარება ჯავახიშვილის ქუჩაზე 2019 წლის 12 სექტემბერს შეისწავლეს და მიიღეს გადაწყვეტილება სანიაღვრე არხის აუცილებელი რეაბილიტაციის შესახებ“.

შესაბამისი წერილი მერიას „ბათუმის წყლისგან“ 2019 წლის 16 სექტემბერს მიუღია, ამის შემდეგ მერიას მიუმართავს ერთ-ერთი საპროექტო ორგანიზაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით. საპროექტო ორგანიზაციას კი მერიისთვის პროექტი ასევე 2019 წლი 16 სექტმბერს მიუწოდებია. ამავე დღეს, 16 სექტემბერს, მიმართა შესყიდვების სააგენტოსაც მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ თანხის ტენდერის გარეშე დასახარჯად თანხმობის მისაღებად. შესყიდვების სააგენტოში საკითხის განხილვის საბოლოო თარიღად 19 სექტემბერია მითითებული.

მერიის სამმართველოს განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიას „აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხრევად არ გააჩნია არც შრომითი და არც სამართლებრივი რესურსი“.

ცალკე საკითხია 2018 წელს გამოცხადებული ტენდერი, რომლის მიხედვითაც ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის [ორბელიანის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე]  კეთილმოწყობა 2019 წლის 1-ელ ივლისს უნდა დასრულებულიყო. 9 დღით ადრე, 2019 წლის 21 ივნისს, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოების დასრულების ვადად 2019 წლის 20 დეკემბერი განისაზღვრა.

ცვლილების მიზეზად დასახელებულია ის, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობდა სანიაღვრე კოლექტორის [ე.წ. ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის] მოწყობა, „რის გამოც კომპანია [„ბონდი-2009“] ვერ ახერხებდა სამუშაოების დაწყებას“.

შესყიდვების გვერდის დღევანდელი, 2019 წლის 17 სექტემბრის მონაცემებით, 2 293 468 ლარიდან კომპანია „ბონდი-2009“-სთვის ქალაქის ბიუჯეტიდან გადახდილია მხოლოდ 385 645 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 17%].

ჯავახიშვილის ქუჩა [ორბელიანისა და ბაგრატიონის ქუჩებს შორის] სადაც სანიაღვრე არხის მოწყობა აუცილებელია. ამ მონაკვეთთან 30-მდე მრავალბინიანი კორპუსია დაკავშირებული.

„ბათუმელების“ სახელით „სირცხვილის კორიდორმა“ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა

13 სექტემბერს ფეისბუქგვერდმა „სირცხვილის კორიდორი“ „ბათუმელების“ სახელით ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. გვერდზე გამოჩნდა გაყალბებული სქრინი, სადაც იკითხებოდა სათაური – „სად სწავლობენ და რა უჯდებათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შვილების სწავლა?“ და გაყალბებული სტატიის პირველი აბზაცი, რომლის მიხედვითაც დეპუტატ სალომე სამადაშვილის [ენმ] შვილი მოსკოვში სწავლობს, ხოლო დეპუტატი გიგა ბოკერია [ევროპული საქართველო] შვილის სწავლისთვის საზღვარგარეთ 16 451 ლარს იხდის. სქრინს თან არ ახლდა სტატიის ბმული.

მსგავსი სათაურის და შინაარსის სტატია „ბათუმელებს“ არც 2019 წლის 13 სექტემბერს და არც მანამდე არ გამოუქვეყნებია.

ფეისბუქგვერდ „სირცხვილის კორიდორს“ 6 300 ადამიანი იწონებს ფეისბუქზე. გვერდი ძირითადად დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, მოძრაობა „სირცხვილიას“ და იმ პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების უარყოფითად წარმოჩენით, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ. გვერდზე არ გვხვდება არც ერთი პოსტი, რომელიც შეიცავს მთავრობის ან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების კრიტიკას.

„ბათუმელების“ სახელით გაყალბებული ინფორმაცია ამ დრომდე გვერდზე, აპინული რჩება. ამ დროისათვის ყალბ ინფორმაციას 73 გაზიარება აქვს. „ბათუმელებმა“ მისწერა აღნიშნულ გვერდს და მოსთხოვა, წაშალოს ყალბი ინფორმაცია და ასევე, რედაქცია დაუკავშირდა facebook-ის ადმინისტრაციას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არაიდენტიფიცირებული გვერდები და გამოცემები „ბათუმელების“ სახელით ავრცელებენ ინფორმაციას. 2019 წელს შეიქმნა ვებგვერდი batumelebi.cc, რომელიც იყენებდა „ბათუმელების“ სახელს და ძირითადად სხვადასხვა, ყვითელი გამოცემებიდან მოპარული ინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებული. ამავე ვეგბგვერდზე გამოქვეყნდა ყალბი, ქსენოფობიური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნოტრ-დამის დაწვას მუსლიმები ზეიმობდნენ.

ამ დროისთვის აღნიშნული გვერდი აღარ იძებნება.

კლუბში უცხოელებზე თანხის გამოძალვის ბრალდებით ბათუმში 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი: 1981 წელს დაბადებული გ.გ., 1977 წელს დაბადებული მ.ზ., 1982 წელს დაბადებული ფ.ბ. და 1978 წელს დაბადებული გ.ძ. დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 2 580 თურქული ლირა და 400 ლარი გამოსძალეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სალაძე: პრეზიდენტის მადლობა RMG-ს წაახალისებს კულტურული მემკვიდრეობის ნგრევას

“ეს იქნება წახალისება პრეზიდენტის მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ნგრევაზე,” – ასე აფასებს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე პრეზიდენტის მხრიდან RMG-სთვის მადლობის გადახდას. მისი აზრით, ამ გზით სალომე ზურაბიშვილიც იმ ხელისუფალთა რიგში ჩადგა, ვინც მემკვიდრეობის ნგრევისთვის, მათ შორის, საყდრისის განადგურებისთვის, პასუხი არავის მოსთხოვა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორია RMG. ​სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანია ,,არ-ემ-ჯის” გარემოს დაცვისა და ძეგლთა დაცვის საქმეში ჩართვისათვის, „რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და საჭიროა ქვეყნისა და რეგიონისათვის“.

„ცოტა უცნაურია, როდესაც უხდიან მადლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის კომპანიას და ასე სწრაფად ივიწყებენ ოფიციალური პირები იმას, რაც გააკეთა ამავე კომპანიამ საყდრისში. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა, რაშიც, ერთი მხრივ, მთელი სახელისუფლებო მანქანა მონაწილეობდა და მეორე მხრივ, კომპანია არ იშურებდა არაფერს, რომ მიეღწია იმისთვის, რის მიღწევაც სურდა.

ნაცვლად იმისა, რომ პასუხი ეგოთ კონკრეტული ძეგლის განადგურებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ ვინმეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც დამდგარიყო, ამ კომპანიას უხდიან მადლობას,” – ამბობს სულხან სალაძე. ის სალომე ზურაბიშვილს საყდრისის აფეთქების დროს გაკეთებულ განცხადებას ახსენებს, როცა იგი ხელისუფლებისგან კონკრეტულ რეაგირებას ითხოვდა.

საია-ს ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ „საყდრისის საქმემ“ არაფორმალური მმართველობა გამოაჩინა და პროკურატურამაც უარი თქვა ამ საქმის გამოძიებაზე.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში… ამიტომაც ამ ფონზე, როდესაც დაგვცინოდნენ და კომპანიამ ნებართვის გარეშე ააფეთქა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ასეთ დროს პრეზიდენტი მადლობას უხდის კომპანიას. სამართლებრივი სახელმწიფო კი მოითხოვს რეაგირებას.

რეალობა არის ის, რომ ამ ქვეყანაში არასდროს კულტურული მემკვიდრეობა არ ყოფილა პრიორიტეტი. როცა დიდი ინტერესები ეჯახებიან ერთმანეთს, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ვხედავთ ნგრევის და განადგურების ხელშეწყობას. სამწუხაროა, რომ ამ რიგს შეუერთდა პრეზიდენტიც.

უსუსურია ქვეყანა, როცა ის მადლობას უხდის ვინმეს კულტურული მემკვიდრეობის ნგრევისთვის,”- აღნიშნავს სულხან სალაძე.

Exit mobile version