ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს მთავრობის ახალ ა[ა]იპ-ს გადაეცემა

27.11.2019 • 3926
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს მთავრობის ახალ ა[ა]იპ-ს გადაეცემა

საქართველოს მთავრობა ახალ ა[ა]იპ-ს აფუძნებს, რომელსაც მართვაში ბათუმის ახალი [რესპუბლიკური] საავადმყოფო გადაეცემა. „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დაფუძნების შესახებ განკარგულება მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გამოსცა.

ამ დოკუმენტის თანახმად, ცვლილება შევიდა მთავრობის მიმდინარე წლის მარტის განკარგულებაში, რომლითაც ა[ა]იპ „რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა“ უნდა დაფუძნებულიყო.

მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულებით, ა[ა]იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დაფუძნება საქართველოს ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა; სააგენტოსთვის ახალი ჰოლდინგის წესდების პროექტისა და ამ ჰოლდინგის ხელმძღვანელი პირ[ებ]ის კანდიდატურ[ებ[ის წარდგენა კი – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დაფუძნების შემდეგ, დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს.

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი ა[ა]იპ-ი ჯერ დაფუძნებული არ არის.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში თავის დროზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სახელმწიფოს ერთიან მართვაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად მოიაზრებოდა კიდევ მინიმუმ სამი კლინიკა: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის სამედიცინო ცენტრი და ზუგდიდის [რუხის] კლინიკა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი, „შეიქმნება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, მოექცევა ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში“. 

მინისტრმა ეს განცხადება 6 ნოემბერს ბათუმში ყოფნისას გააკეთა.

ბათუმის მოქმედი რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ დაქვემდებარებაშია, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, წილის მმართველი კი – აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას, ის ამ შპს-ს ბალანსზე არ არის. შენობა ჯერ კიდევ არ არის ჩაბარებული და ის თავდაპირველად შპს „სტადიონმა“ უნდა ჩაიბაროს.

„სტადიონში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე შენობასთან დაკავშირებით ექსპერტიზები ტარდება, შესაბამისად, მისი ჩაბარება 2019 წელს, შესაძლოა, ვერ მოესწროს.

ვინაიდან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო [ახალი შენობა] ახალი ჰოლდინგის მართვაში უნდა გადავიდეს, ხოლო საავადმყოფოს არსებული [ძველი] შენობა უნდა დაინგრეს, აქედან გამომდინარე, რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მოხდება შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ ლიკვიდაცია. თუმცა, საავადმყოფოს ტერიტორია [22 109 კვ.მ] დარჩება აჭარის საკუთრებაში.

მიუხედავად იმისა, სამშენებლო სამუშაოები დროში საკმაოდ გაიწელა, ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი თანხა საავადმყოფოს ახალი შენობის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით აღსაჭურვად.

ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ყოფნისას განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის შესაბამის აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს, თუმცა, მან ვერ დაასახელა კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყებს ახალი რესპუბლიკური საქმიანობას.

ამ თემაზე:

„მადლობა მოთმინებისთვის“ – ჯანდაცვის მინისტრი „რესპუბლიკურის“ ექიმებს

მთავარი ფოტო: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა ბათუმში, რომელიც ჯერჩაბარებული და აღჭურვილი არ არის / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: