მთავარი,სიახლეები

„გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები სააპელაციომაც გაამტყუნა – საია საკონსტიტუციოს მიმართავს

27.11.2019 • 1903
„გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები სააპელაციომაც გაამტყუნა – საია საკონსტიტუციოს მიმართავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ოზურგეთის მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილება, რომლითაც აქციის „გააღვიძე ოლიგარქის“ 9 წევრი გააფრთხილეს „დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურისთვის“.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ტიპის საქმეებზე საბოლოოა და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის კუთხით სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. საია ამ აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავდა.

აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეების: ხათუნა ბერიძის, ნინო კვიტაიშვილის, მამუკა კომახიძის, ბონდო თედორაძის, მანუჩარ გოხიძის, მამუკა ქობულაძის, ანზორ გუბაევის, გიორგი დიასამიძის და დარეჯან ცხვიტარიას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 26 ივლისს შეადგინა. ოქმში ეწერა, რომ აქციის მონაწილეები დასაშვებ ზღვარზე მეტად ხმაურობდნენ და ეს სპეციალური აპარატურით გაზომეს. სამართალდარღვევის ოქმს თან ახლდა ვიდეოჩანაწერებიც. საპროტესტო აქციები ივანიშვილის რეზიდენციასთან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო. რეზიდენციასთან აქციის მონაწილე რამდენიმე ადამიანი შიმშილობდა – ისინი ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.

მოსამართლე ბიძინა სტურუამ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები სამართალდამრღვევებად მიიჩნია და გაფრთხილებით შემოიფარგლა.

„ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს,“ – აღნიშნულია ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც საია-ს იურისტი, პატა დიასამიძე „გაუგებარს“ უწოდებს.

მოსამართლე ბიძინა სტურუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მსგავსი ბევრი წინადადება წერია.

პაატა დიასამიძე აცხადებს, რომ ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას“. საიას შეფასებითაც, ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიში პრეცედენტია.

მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, უცნობია, რა არგუმენტით დაინახა სამართალდარღვევა საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მეორე ინსტანციის სასამართლომ.

მთავარი ფოტო: 2019 წლის ივლის საპროესტო აქცია შეკვეთილში და ოზურგეთის სასამართლოს თავმჯდომარე ბიძინა სტურუა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: