ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალის მშენებლობა, სვიშევსკის ქუჩის N1-ში მდებარე ნაკვეთზეა დაგეგმილი. სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ამ ნაკვეთზე ბათუმის შემოვლითი გზა [მშენებარე ავტობანი] გადის. ამ ნაკვეთზე უნდა აშენდეს კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობაც.
კომაროვის სკოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგისთან“ – 11 399 994 ლარზე.
„ბლექსის“ შენობისთვის კი, რომელსაც ახლა აპროექტებენ, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო ტერიტორია 70352 კვ/მ-ია, თუმცა, „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ უნდა აშენდეს ამ ნაკვეთზე ორი სასწავლო კომპლექსი, ჩქაროსნული მაგისტრალი და როგორაა ეს არქიტექტურულად გადაწყვეტილი.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, რომელმაც ტენდერი გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანია „დაგის“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს ახორციელებს.

ტერიტორია [ლურჯი ხაზით შემოსაზღვრული], სადაც კომაროვის სკოლა და კოლეჯი „ბლექსი“ უნდა აშენდეს და რომელსაც ბათუმის შემოვლითი გზა კვეთს [წითელი წყვეტილი ხაზი] / რუკა სატენდერო დოკუმენტებიდან

ნაკვეთი [წითელ ხაზში], სადაც კომაროვის სკოლა და კოლეჯი უნდა აშენდეს და ტერიტორია მის მომიჯნავედ, სადაც ბათუმის შემოვლითი გზისა და საავტომობილო კვანძის მშენებლობა მიმდინარეობს / ფოტოს წყარო google
დღეს არსებული გეგმით, კომაროვის სკოლის და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობები 2020 წელში უნდა დასრულდეს.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/228615/