მთავარი,სიახლეები

10 საუკეთესო ფილმი, რომლებიც რეჟისორმა ქალებმა გადაიღეს

27.11.2019 • 7148
10 საუკეთესო ფილმი, რომლებიც რეჟისორმა ქალებმა გადაიღეს

BBC Culture-მ რეჟისორი ქალების მიერ გადაღებული, 100 საუკეთესო ფილმის სია  გამოაქვეყნა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, სიის შედგენაზე 368 სპეციალისტი მუშაობდა – კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, კინოს სპეციალისტიები, სხვადასხვა ფესტივალის პროგრამის ავტორები. მათ რეჟისორი ქალების მიერ გადაღებული 761 ფილმიდან საუკეთესო 100 გამოარჩიეს. „ბათუმელები“ გთავაზობთ პირველ ათეულს.

1. „პიანინო“ – რეჟისორი ჯეინ კემპიონი

1993 წელს გადაღებული „პიანინოს“ რეჟისორი და სცენარის ავტორიც ჯეინ კემპიონია, ახალზელანდიელი რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი. ამ ფილმმა რეჟისორს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა, „პიანინომ“ ეკრანებზე გამოსვლის წელს კანის კინოფესტივალზე მიიღოს „ოქროს პალმის რტო“, „ოქროს გლობუსი“, 3 „ოსკარი“ – საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო მთავარი და მეორეხარისხოვანი მსახიობის როლისთვის. ჯამში ფილმმა 63 სხვადასხვა ჯილდო მიიღო ფესტივალებზე. ჯეინ კემპიონი პირველი რეჟისორი ქალია, რომელმაც კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ მიიღო.

2. „კლეო 5-დან 7 საათამდე“ – რეჟისორი ანიეს ვარდა

ფრანგი რეჟისორის, ანიეს ვარდას ეს სურათი 1962 წელსაა გადაღებული. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ცხოვრების საათნახევარზე, სანამ იგი ანალიზის პასუხებს ელოდება, რის შედეგადაც უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა მას სიმსივნე.

რეჟისორი ანიეს ვარდა ფრანგული კინოს „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია და ფილმში ეპიზოდურ როლებს ასრულებენ „ახალი ტალღის“ ისეთი ცნობილი სახეები, როგორიცაა ჟან-ლუკ გოდარი, ანნა კარინა და ჟან-კლოდ ბრიალი. ფილმის კომპოზიტორია მიშელ ლეგრანი.

ანიეს ვარდა არა მხოლოდ მხატვრული, არამედ დოკუმენტური კინოს რეჟისორიც იყო, ასევე სცენარისტი, პროდიუსერი და ფოტოგრაფი. იგი წელს, 29 მარტს, გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.

3. „ჟანა დილმანი, სანაპიროს 23, 1080 ბრიუსელი“ – რეჟისორი შანტალ აკერმანი

ბელგიელი რეჟისორისა და სცენარისტის, შანტალ აკერმანის ეს ფილმი 1975 წელსაა გადაღებული. ფილმის მთავარი გმირი, ჟანა დილმანი, მარტოხელა დედაა, ფილმი მის რამდენიმე დღეს აღწერს. „ჟანა დილმანი, სანაპიროს 23, 1080 ბრიუსელი“ ფემინისტური ფილმების სხვადასხვა სიაში შედის.

4. „კარგი სამსახური“ – რეჟისორი კლერ დენი

ფრანგი რეჟისორი კლერ დენი თანამედროვე ფრანგული საავტორო კინოს წარმომადგენელია. „კარგი სამსახური“ ჰერმან მელვილის ნაწარმოების მიხედვით მან 1999 წელს გადაიღო. „კარგი სამსახური“ ყოფილ ოფიცერზე მოგვითხრობს, რომელიც თავის ცხოვრებას იხსენებს. ფილმს ექვსი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული.

5. „თარგმანში დაკარგული“ – რეჟისორი სოფია კოპოლა

ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, სოფია კოპოლას ეს სურათი 2003 წელსაა გადაღებული. ფილმში მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ბილ მიურეი ასრულებენ. ფილმის ბიუჯეტი 4 მილიონი დოლარი იყო, შემოსავალმა კი 119 მილიონს გადააჭარბა. ფილმმა სხვადასხვა ფესტივალის 98 ჯილდო მიიღო, მათ შორისაა ერთი „ოსკარი“ – საუკეთესო სცენარისთვის, „ოქროს გლობუსი“ და ა.შ.

6. „გვირილები“ – რეჟისორი ვერა ხიტილოვა

ფილმი 1966 წელს გადაიღო ჩეხური კინოს ახალი ტალღის წარმომადგენელმა ვერა ხიტილოვამ. რეჟისორს 30-მდე ფილმი აქვს გადაღებული და „გვირილები“ მათ შორის ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ექსპერიმენტული ფილმი.

7. „ქარიშხლის მბრძანებელი“ – რეჟისორი ქეთრინ ბიგელოუ

ამერიკელი რეჟისორი ქეთრინ ბიგელოუ პირველი რეჟისორი ქალია, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო, სწორედ ამ ფილმისთვის. „ქარიშხლის მბრძანებელი“ 2008 წელსაა გადაღებული. ფილს 118 სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 6 ოსკარი და „ოქროს გლობუსი“.

8. „ტონი ერდმანი“ – რეჟისორი მარენ ადე

გერმანელი რეჟისორის 2016 წელს გადაღებული სურათი „ტონი ერდმანი“ მამისა და შვილის ურთიერთობაზე გვიამბობს. ფილმი არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის კანის კინოფესტივალის FIPRESCI-ს პრიზის.

9. „აკვარიუმი“ – რეჟისორი ანდრეა არნოლდი

ფილმი 2009 წელს გადაიღო ბრიტანელმა რეჟისორმა ანდრეა არნოლდმა. ფილმი თინეიჯერ გოგოზეა, რომელიც დედასთან და მცირეწლოვან დასთან ერთად ცხოვრობს. რეჟისორმა ფილმისთვის კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მიიღო, 2010 წელს კი „ბაფტა“ – საუკეთესო ბრიტანული ფილმისთვის.

ანდრეა არნოლდმა გადაიღო ბოლო წლებში პოპულარული მინი სერიალის – „დიდი, პატარა ტყუილები“ – მეორე სეზონი.

10. „ნისლის ქალიშვილები“ – რეჟისორი ჯული დეში

„ნისლის ქალიშვილები“ ამერიკელი რეჟისორის, ჯული დეშის ფილმია, რომელიც 1991 წელსაა გადაღებული.

______________

ფოტოზე: კადრი ფილმიდან „პიანინო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: