მთავარი,სიახლეები

გოროდოკში გადაიტანენ ბათუმის ხელოვნების, ბალეტის, სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს

25.11.2019 • 3635
გოროდოკში გადაიტანენ ბათუმის ხელოვნების, ბალეტის, სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს

ბათუმში მდებარე სახელოვნებო სკოლებს გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში გადაიტანენ, სადაც ამ სასწავლებლებისთვის ერთი საერთო შენობა აშენდება. ამ მისამართზე გადადის კოლეჯი „ბლექსი“. აქვე აშენდება კომაროვის სკოლაც.

ტერიტორიასთან, სადაც ეს სკოლები უნდა აშენდეს, ახლოს გადის ბათუმის შემოვლითი გზა, იქვე მოეწყობა საავტომობილო კვანძიც, რომელიც ამ ტერიტორიიდან დაახლოებით 170 მეტრით იქნება დაშორებული.

სვიშევსკის ქუჩაზე სახელოვნებო სკოლის ერთიან შენობაში გადაიტანენ მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას; ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას; ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას; რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ასევე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას.

სახელოვნებო სკოლის ახალი შენობის შექმნისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 365 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებული საავტორო ზედამხედველობასაც გაუწევს შემდგომში სკოლის მშენებლობას.

სამშენებლო მოედნისთვის განკუთვნილია დაახლოებით 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობით განთავსებულია 2 სადემონტაჟო შენობა.

სატენდერო პირობების მიხედვით:

პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის არქიტექტურული იერსახის ადგილმდებარეობასთან შესაბამისობა, ენერგო ეფექტური მშენებლობის სტანდარტების
მოთხოვნები, თანამედროვე მასალების გამოყენება, აღნიშნული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი კლიმატური ფაქტორები და შესაბამისი დატვირთვები შენობაზე. პროექტი უნდა მოიცავდეს ზოგად ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს მომავალი კონტრაქტორებისთვის შენობის სამშენებლოდ, ისევე როგორც დეტალურ სპეციფიკაციებს გამოყენებული მასალის, მუშაობის მეთოდებისა და ხარისხის გასაკონტროლებლად.

უნდა დაპროექტდეს 2 ან 3 შენობა, კერძოდ ძირითადი კორპუსი, საკონცერტო დარბაზი და საჭიროების შემთხვევაში მცირე შენობა საამქროებისათვის. შენობები გათვალისწინებულია სახელოვნებო სკოლისათვის, რომელშიც იფუნქციონირებს 5 სკოლა. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შენობები მოემსახურება ჯამში 2500-მდე ადამიანს.

პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის სივრცეების ადაპტაციის მოთხოვნები (პანდუსები, ლიფტები ან სხვ.).

პროექტირება მოიცავს სამ ეტაპს:

I ეტაპი – საძიებო-კვლევითი სამუშაოები და კონცეპტუალური პროექტი – ტერიტორიის შესწავლა, საკადასტრო ინფორმაცია, ტოპოგრაფიული კვლევა, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, პირველადი ინფორმაცია არსებულ საინჟინრო ქსელებთან დაკავშირებით, კონცეპტუალური დიზაინის დამუშავება შემსყიდველთან შეთანხმებით.
II ეტაპი – კონცეპტუალური დიზაინის საფუძველზე ესკიზური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
III ეტაპი – დეტალური პროექტის დამუშავება, საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა და პროექტის ექსპერტიზა.

მიმწოდებელი/საპროექტო ჯგუფი ვალდებულია დამატებითი ანაზღაურების გარეშე განახორციელოს მშენებარე ობიექტზე საავტორო ზედამხედველობა. პროექტირების სავარაუდო ხანგრძლივობაა 225 დღე, საავტორო ზედამხედველობის გარეშე.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 3 დეკემბერს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება.

 

მთავარი ფოტო: სამხატვრო სკოლა ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: