10 ყველაზე საინტერესო რამ, რასაც აჭარაში შემოდგომაზე ნახავთ

ზაფხული დასრულდა და შემოდგომის მშვიდი დღეები დგას. ზღვისპირეთში მთელი სექტემბრისა და ოქტომბრის პირველი ნახევრის განმავლობაში ჯერ კიდევ სასიამოვნო სითბო ტრიალებს, ეს არის დრო, როცა ჯერ კიდევ ზაფხულის სამოსი გაცვია, მაგრამ საღამოს ცხელ ჩაისაც სიამოვნებით მიირთმევ, დრო, როცა ლაშქრობებისას სიცხე აღარ გაწუხებს, ცა ლურჯად მუქდება, ჰაერი ოდნავ გრილდება და სუნთქვა იქცევა სიამოვნებად. უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ წელიწადის ეს ულამაზესი, ფერთა სიუხვით გამორჩეული დრო აჭარაში გაატაროთ, ჩვენ მათ შორის ათ მთავარ რამეზე გიამბობთ, რითაც აჭარაში შემოდგომაზე შეგიძლიათ დატკბეთ, დაისვენოთ და განიტვირთოთ.

 

[checklist]

  • 1 ხავერდოვანი სეზონი ზღვაზე

[/checklist]


სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში აჭარაში თბილი და სასიამოვნო დღეები დგება, ზღვისპირა კურორტების ქუჩები გადატვირთული აღარაა და მათთვის, ვისაც შვებულება ზაფხულში არ ჰქონია საუკეთესო პერიოდია განტვირთვისა და დასვენებისთვის. ხავერდოვან სეზონზე ზღვა თბილია და კამკამა. ეს არის ზაფხულის სიცხის შემდეგ შემოდგომის ოდნავ გრილი, სასიამოვნო საღამოების დროც, სეირნობისა და განტვირთვისთვის ზედგამოჭრილი პერიოდი, კულტურული დასვენების მოყვარულებისთვის კი, შემოდგომაზე აჭარაში ყოფნა უამრავ საინტერესო ფესტივალთან ასოცირდება.

 

[checklist]

  • 2 კინოფესტივალი Biaff 2019

[/checklist]

გარდა ზღვაზე დასვენებისა, სექტემბრის ბათუმი დაუვიწყარ დღეებს დაგამახსობრებთ კინოფესტივალით Biaff 2019, რომელზეც გამორჩეულ ფილმებს აჩვენებენ მთელი მსოფლიოდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროს კინოდარბაზი სავსეა სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან ჩამოსული კინომოყვარულებით, ჩვენებები იმართება როგორც ბათუმის უძველეს კინოთეატრ ,,აპოლოში“, ასევე ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, ძველ ბათუმში. ქალაქის ამ სადღესასწაულო დღეების გამოტოვება ნამდვილად არ ღირს, მოიმარჯვეთ Biaff-ის პროგრამა, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი ფილმები და ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად დააგროვეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

გარდა კინოჩვენებებისა, Biaff-ზე იმართება ცნობილი რეჟისორების მასტერკლასები და შეხვედრები, რაზეც დასწრება ყველასთვის უფასოა. წელს Biaff 2019  15-22 სექტემბერს იმართება.

 

[checklist]

  • 3 გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება

[/checklist]

ბათუმში 15 აგვისტოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეუიარაღებელი თვალითაც ყველა შენიშნავს ფრინველებით დაფარულ ცას. გუნდ-გუნდად და მწყობრად გადამფრენი ფრინველები ევრაზიიდან აფრიკისკენ მიფრინავენ. აჭარა სიდიდით ფრინველთა მესამე სამიგრაციო ძაბრად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ცას ყოველ წელს მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. შემაღლებული ადგილებიდან ამ სანახაობაზე დაკვირვება ერთი დიდი სიამოვნებაა. ბოლო რამდენიმე წელია აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი იმართება. სოფელ ჩაისუბანსა და სახალვაშოში სპეციალურად მოწყობილი მთავარი სადამკვირვებლო პუნქტებიდან, შეგიძლიათ ახლოდან დაინახოთ სხვადასხვა სახეობის მტაცებელი ფრინველი.

 

[checklist]

  • 4 ღვინის დაწურვა ქედაში

[/checklist]

ქედა განსაკუთრებული ყურძნის ჯიშითა და ღვინითაა განთქმული – ჩხავერი სწორედ ქედის ყურძნის ჯიშია და მისგან უგემრიელეს ვარდისფერ ღვინოს ამზადებენ, მსუბუქსა და არომატულს. შემოდგომის რთველი და ყურძნის დაწურვა შეგიძლიათ ქედის აჭარულ ღვინის სახლში ნახოთ, ან სოფელ ვაიოს, პირველი მაისის,  დანდალოს  საოჯახო ღვინის მარნებს მიაკითხოთ, სადაც ფელამუშის მომზადებაშიც მიიღებთ მონაწილეობას, რთველშიც ჩაერთვებით და ადგილობრივ კერძებსაც დააგემოვნებთ. როცა ყურძნის ქარვისფერი რთველი დამთავრდება, ღვინო დაიწურება და დადუღდება აჭარაში იწყება სულ სხვა –  ციტრუსის ნარინჯისფერი რთველი.

 

[checklist]

  • 5 ნარინჯისფერი რთველი ქობულეთში

[/checklist]

 

ციტრუსს აჭარაში 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე კრეფენ. ეს საოცარი მცენარე მაისიდანვე სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, ციტრუსის ყვავილობას თუ არ შესწრებიხართ მაისში და გამაბრუებელი არომატით სავსე ბაღი არ გინახავთ, შემოდგომაზე მაინც უნდა აღმოჩნდეთ ციტრუსის რთველში, მიირთვათ რამდენიც გსურთ იმდენი მანდარინი და ახალდაკრეფილი ფორთოხლის წვენით დაიწყოთ შემოდგომის ყოველი დილა. მზისფერი ციტრუსის ბაღი ქობულეთში თითქმის ყველა ოჯახს აქვს.

 

[checklist]

  • 6 შემოდგომის ფერები ეროვნულ პარკებში

[/checklist]

ყველას ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა მხოლოდ ბუნებასთან ურთიერთობა გჭირდება, აქტიური გართობისა და ხმაურის გარეშე. ხანდახან გინდა შემოდგომის ფერადი ფოთლებით მოფენილ ტყეში წამოწვე და დიდხანს,  ჩუმად უყურო ფოთოლცვენას, მერე ეს ფოთლები სიარულისას ფეხებით აშრიალო, საღამოს კოცონს მიეფიცხო და კარავში გაათენო ღამე ველურ ბუნებაში განთიადის სანახავად. საით გავწიოთ, თუ ასეთი განწყობა დაისადგურებს ჩვენში? რა თქმა უნდა, მტირალას ეროვნულ პარკში ან კინტრიშის ნაკრძალში, სადაც მცენარეთა ენდემური სახეობები ხარობს, ფოთლოვანი ტყე ნაკრძალებში შემოდგომაზე ათასფრად ჭრელდება და თუ გულწრფელები ვიქნებით, უნდა ვთქვათ, რომ შემოდგომის რამდენიმე დღის გატარება ხელუხლებელ ბუნებაში ყველაზე სასიამოვნო რამ არის, რაც კი წელიწადის ამ დროს შეიძლება აკეთო. აქვე, ბათუმიდან 40 წუთის სავალზეა მაჭახელას ეროვნული პარკიც, სადაც სხვადასხვა პერიოდის ქვითკირის თაღოვან ხიდებს, ციხეებს, საწნახელებს ნახავთ. წიფლნარისა და წაბლნარის კორომებში გაისეირნებთ, შემდეგ კი მთავარანგელოზის მთიდან ბათუმის, მაჭახელას ხეობის, მდინარე ჭოროხისა და ზღვის შესართავის ხედებით დატკბებით. ასეთი დღეების მოსაწყობად მინიმალური თანხა, ზურგჩანთა და კარავიც საკმარისია.

 

[checklist]

  • 7  ხაბელაშვილების ხიდი

[/checklist]

ქალაქიდან გასვლა თუ გსურთ, შეგიძლიათ სოფელ ჭვანასა და ხაბელაშვილებს ესტუმროთ შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც გარდა ულამაზესი ბუნებისა, დაგხვდებათ 300 წლის წინ აგებული 25-მეტრიანი ხის ხიდი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეს ნაგებობა ,,ხაბელაშვილების ხიდითაა“ ცნობილი.

როგორც სოფელ ხაბელაშვილებში ამბობენ, ხიდი სამი საუკუნის წინ ოსტატ ბერიძეს აუგია ჭვანის ხეობის  სოფლების – ბრილის, მოხევისა და ბარათაულის დასაკავშირებლად.

ხიდი ბზის მასალითაა აგებული, გამოყენებულია წაბლის მასალაც, მისი ბალავარი კი ქვითკირით არის ნაგები.

 

[checklist]

  • 8 ჯიპტური ჩირუხიდან გოდერძიმდე

[/checklist]

მანქანით გადასაადგილებელ საშემოდგომო ტურებს შორის იდეალურია „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის“ მარშრუტი.

გზა ალპურ ზონაში მიემართება,  საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. გაივლით ტბებს, ჩანჩქერებს, ხიხანის ციხესა  და იალაღებს. გაეცნობით მთიან აჭარას და სოფლებშიც შეჩერდებით.

ჩირუხის იაილების, ხიხანის უძველესი ციხის ნახვის შემდეგ, მარშრუტის დასასრულს გოდერძის უღელტეხილთან მწვანე ტბასაც ნახავთ, ტბას, რომლის სახელწოდებაც სულაც არ არის გადაჭარბებული და მართლა მუქი მწვანეა.

 

[checklist]

  • 9 სოფლის ფესტივალი ,,განდაგანა“

[/checklist]

 

აჭარული შემოდგომა თქვენთვის ისეთივე დაუვიწყარი გახდება, როგორც ზაფხულის დასვენება ზღვაზე, ამისთვის საკმარისია ერთხელ მაინც აღმოჩნდეთ ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ,,განდაგანა“, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს აძლევთ უნიკალურ შანსს 2 დღით იმოგზაუროთ მთიან აჭარაში ქალაქიდან გაუსვლელად.

აქ შეგიძლიათ თავად მოამზადოთ და დააგემოვნოთ აჭარის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები, ჩაერთოთ ფოლკლორულ შოუებსა და სპეციალურ გათამაშებებში, დააგემოვნოთ უგემრიელესი აჭარული ჩხავერი, ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტები, ხილი თუ ტკბილეული. შემოდგომის ამ ფერადოვან ფესტივალზე ყველა ინტერესისა და ასაკის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო კუთხეს და კულტურულ გასართობს.

ფესტივალზე იმართება სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც შენაძენით შეგიძლიათ გაახაროთ მეგობრები და ოჯახის წევრები. ფესტივალის მთელი პროგრამის მიზანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს აჭარის კულტურა და ტრადიციები, გასტრონომიული მრავალფეროვნება და აჭარული სოფლის ნამდვილი შემოდგომა, რომელიც ფესტივალის 2 დღეს სოფლებიდან ქალაქში თავად ჩამოდის.

 

[checklist]

  • 10 თევზაობა ზღვაზე

[/checklist]

ბათუმში ახალდაჭერილი, უგემრიელესი თევზის დაგემოვნება არაერთ ადგილასაა შესაძლებელი, თუნდაც თევზის ბაზრობაზე, სადაც იქვე დაჭერილ, ნებისმიერი სახეობის ახალ თევზს იყიდით და შეაწვევინებთ.

შემოდგომაზე აჭარაში მეთევზეები სტავრიდას, ლიფორს, ბარაბულსა და კეფალს იჭერენ: პორტის სანაპირო, ნურის ტბა, ჭოროხი და აჭარისწყალი – ეს ის ადგილებია, სადაც თევზის მომლოდინე უამრავ მეთევზეს ნახავთ ანკესით ხელში.

არსებობს ტურისტების განსაკუთრებული კატეგორიაც, რომლებსაც აჭარაში იმიტომ მოსწონთ დასვენება, რომ აქ თევზაობის შესაძლებლობა ეძლევათ. სცადეთ თქვენც.

რეჟისორ რეზო ესაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ბათუმში

დღეს, 17 სექტემბერს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში ცნობილი რეჟისორისა და მხატვრის, რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.

რეზო ესაძის ნამუშევარი

რესო ესაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „წკიპურტები“, „ერთი ნახვით შეყვარება“, „ნეილონის ნაძვის ხე“ და ა.შ. როგორც მსახიობს, შესრულებული აქვს 15 მთავარი როლი, ასევე არის ლექსების ორი კრებულის ავტორი, მხატვარი წიგნისა – „სიბრძნე მინიატურაში“. მისი ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრების კატალოგში.

გამოფენა ბათუმში 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.

______________

ფოტოზე: რეზო ესაძე. ფოტო „ნეტგაზეთის“ არქივიდან

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში. შეხვედრას სერბეთის მხრიდან მინისტრის მოადგილე ლაზარ რადაკოვიჩი, სერბეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის საკითხების დირექტორი, Serbia Cargo-ს გენერალური დირექტორი, სერბეთის რკინიგზის კომერციულ-სატრანსპორტო ოპერაციების დირექტორი და ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ესწრებოდნენ.

შეხვედრა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში

შეხვედრა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში

დავით ფერაძემ სერბ კოლეგებს გააცნო ის სატრანზიტო შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა სთავაზობს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისა და მის მეზობელ ქვეყნებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან ერთად. სერბული მხარისათვის ასევე მოხდა აღნიშნული მარშრუტის კომერციული და ლოგისტიკური უპირატესობების გაცნობა და ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით ხედვების გაზიარება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრაზე გაცვლილი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით ღონისძიებებს დაგეგმავენ თანამშრომლობის კონკრეტული სფეროების გამოკვეთის მიზნით. აღნიშნულისათვის უახლოეს პერიოდში საქართველოს სერბეთის რკინიგზის მენეჯმენტი ეწვევა და მხარეთა შორის თანამშრომლობის კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება.​

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 სექტემბრის 21 საათიდან  18 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22-27 გრადუსი
  • ღამით: 13- 28 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი 
  • ღამით: 5-10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს,  18-20 სექტემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“

დარდენების „ახალგაზრდა აჰმედი“ და სხვა ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს, 17 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები:

12 საათზე – „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი

„ფორმანი ფორმანი წინააღმდეგ“ „ოსკარის“ მფლობელი რეჟისორის, მილოშ ფორმანის პორტრეტია. ფილმი საარქივო მასალებისა და ოჯახისა თუ მეგობრების კოლექციებიდან ამოღებული, უცნობი კადრების ნაკრებს წარმოადგენს. ცნობილი რეჟისორის ავტობიოგრაფიული მოგონებების მთხრობელი მისი ვაჟი, პეტრ ფორმანია.

14 საათზე – „საბჭოთა პროპაგანდის მიღმა“ [ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები] 

კინოჩვენებაზე ნახავთ გოდერძი ჩოხელის, სერგო ფარაჯანოვის, თოკო მზარელუას და დავით ქემხაძის მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

16 საათზე – „ახალგაზრდა აჰმედი“, ლუკ დარდენი, ჟან-პიერ დარდენი, ბელგია / საფრანგეთი

ძმები დარდენების 2019 წელს გადაღებული ფილმი წელს კანის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისურისთვის.

 18 საათზე – „დღის სასიამოვნო დასასრული“, იაცეკ ბორცუხი, პოლონეთი
პოლონელი რეჟისორის ფილმი მოგვითხრობს პოლონელი ებრაელის,  ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია ლინდეს შესახებ, რომელიც ტოსკანაში ცხოვრობს, სადაც თავის ოჯახურ ვილაში სითბოთი და ქაოსითაა გარემოცული. მარიას ახალგაზრდა ეგვიპტელ მამკაცთან აქვს ფლირტი. რომში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ მარია არ აჰყვება ისტერიულ შიშსა და ანტიემიგრაციულ სენტიმენტებს, რომელიც სწრაფად იჩენს თავს საზოგადოებაში. ადგილობრივი ჯილდოს გადაცემის დროს, თავის საჯარო გამოსვლაში ის გადაწყვეტს, რომ თამამად გააკრიტიკოს ევროპული დემოკრატია, თუმცა არ აღმოჩნდება მზად იმ საჯარო თუ პირადი პრობლემებისთვის, რაც მის გამოსვლას და კომენტარებს მოჰყვება. 
„დღის სასიამოვნო დასასრული“, ფოტო: imdb.com
20 საათზე – „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია

სამი და – რეჰანი, ნურჰანი და ჰავვა, გარკვეული პერიოდის განშორების შემდეგ, მშობლიურ, შორეულ, მთიან სოფელში ხვდებიან ერთმანეთს. სამივეს სურვილია, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ქალაქში. ამის მიღწევა კი დამოკიდებულია მათი სოლიდარობის, კონკურენციის ტაქტიკაზე და ასევე, მათ გარშემო მყოფი მამაკაცების – მამის, მამობილის და რეიჰანის ქმრის გადაწყვეტილებებზე. 

22.30 საათზე – „ოქროს ხელთათმანი“, ფატიჰ აკინი, გერმანია / საფრანგეთი

ერთი შეხედვით, ფრიც ჰონკა, მეტსახელად Fiete, ყველას საცოდავი ლუზერი ჰგონია, ნაიარევსახიანი ტიპი, რომელიც ყოველ საღამოს უბნის ცნობილ კაფეში Golden Glove [„ოქროს ხელთათმანი“] მარტოსულ ქალებს აბამს. ვერავინ წარმოიდგენს, რომ უწყინარი „ფიეტეს“ უკან შესაძლოა მონსტრი იმალებოდეს. „ოქროს ხელთათმანს“ ჰაინც სტრუნკის ამავე სახელწოდების წიგნი უდევს საფუძვლად. ფრიც ჰონკას ისტორია ნამდვილ ამბავზეა, კაცზე, რომელმაც უამრავი ქალი მოკლა და მის საყვარელ ბარზე – „ოქროს ხელთათმანი“.

 

კინოჩვენებებზე დასწრება „აპოლოში“ უფასოა, თუმცა დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ ე.წ. „უფასო ბილეთების“ (რაც კონტროლისა და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ “აპოლოში” მხოლოდ 160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ უფასო ბილეთები ადგილის რეზერვაციის მიზნით. ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ 2 დღის კინოსეანსების ბილეთების აღება. „უფასო ბილეთების“ დაჯავშნა შესაძლებელია ცალკეულ კინოჩვენებებზე  ინტერნეტითაც. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: ბილეთების დაჯავშნა BIAFF 2019.

___________

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ახალგაზრდა აჰმედი“. ფოტო: imdb.com

რატომ არ აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს საერთო გზავნილები ნატოსა და ევროკავშირზე?

დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში „დემოკრატიის სკოლის“ ოფისში, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ დემოკრატიის ასპექტებზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. დისკუსიის დროს საკითხი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ევროკავშირის  როლს კონფლიქტის მოგვარებაში. გიორგი მუჩაიძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ უპირისპირდება სახელმწიფო რუსულ პროპაგანდას.

„პატრიოტთა ალიანსი“ ხშირად იყენებს პრორუსულ ნარატივს ნატოსთან მიმართებაში – „რა საჭიროა, როცა ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან ავღანეთში“ და ბევრ სხვა საკითხზე, რაც რუსულ ნარატივს აძლიერებს ქვეყანაში. ხელისუფლება კი ვერ უპირისპირდება ამ ყველაფერს ერთიანი, შეთანხმებული გზავნილებით.

საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შენ არ იყო მხოლოდ სარგებლის მიმღები, არამედ  შენი კონტრიბუციაც უნდა შეიტანო უსაფრთხოებაში, რომ გაიზარდოს შენი როლიც. ამაზე კი ჩვენ ნაკლებად ვსაუბრობთ,“ – ამბობს გიორგი მუჩაიძე.

შეხვედრაზე კითხვა დაისვა იმის თაობაზე, თუ რა წვლილი შეაქვს ევროკავშირს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მათი პრობლემების მოგვარებაში. გიორგი მუჩაიძის თქმით, სწორედ ევროკავშირის მონიტორინგის მისია ეხმარება საქართველოს იმაში, რომ პროაქტიულად გაიტანოს ობიექტური ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში და შეასუსტოს რუსული პროპაგანდა.

„რუსული პროპაგანდა საქართველოში და არა მარტო აქ, ძალიან ძლიერად მუშაობს. ამ პროპაგანდას რომ დავუპირისპირდეთ საჭიროა მეტი რესურსი, რაც საქართველოს ნაკლებად აქვს, ამ შემთხვევაში  ევროკავშირი არის ყველაზე სანდო დამხმარე პიარის კუთხით, რომ საერთაშორისო საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ევროკავშირის მისია ოკუპაციის ხაზზე მუდმივად პატრულირებს და თუ რაიმე დარღვევაა, მაშინვე აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას,“ – განაცხადა მან.

გიორგი მუჩაიძის თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენლების მესიჯბოქსი განსხვავებულია და ხშირად რუსულ ნარატივს აძლიერებს:

„კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, ახლახან რაჭაში  გვქონდა საინფორმაციო შეხვედრა, ბევრი ვისაუბრეთ და შეხვედრის ბოლოს გუნერნატორი ხალხის თანდასწრებით ამბობს, რომ რა კარგია ეს გზა რომ კეთდება, რადგან რუსი ტურისტები შემოვლენ და მაშინ გვეშველებაო. წარმოიდგინეთ, რა ევროკავშირზე და ნატოზე უნდა ესაუბრო ხალხს, თუ მთავრობისთვის ეკონომიკის ბურჯი და მთავარი ხსნა რუსი ტურისტები არიან?

კახეთში ვიყავი, სადაც გლეხებს ვკითხე, მათი აზრით, საიდან მოდის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის. მეუბნებიან, რომ რუსეთიდან, მაგრამ როცა ვეკითხები, თუ რაშია ჩვენი შველა, ამბობენ, რომ რუსეთში.  სამწუხაროდ,  ეს არალოგიკური ბმა არსებობს და ის, რომ „ევროკავშირი და ნატო კარგია, მაგრამ შორია“, – ამ ნარატივით შეუძლებელია რუსულ პროპაგანდას მოერიო“.

მისი თქმით, პროპაგანდასთან საბრძოლველად საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაცია და გზავნილები, თუ რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირთან თანამშრომლობას, ნატოში გაწევრიანებას და ა.შ.:

„ეს უნდა მოხდეს ყველა დონეზე, იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობა თუ ცენტრალური ხელისუფლება,  სხვადასხვა მედიასაშუალებით, სხვადასხვა ტრიბუნიდან გაჟღერებით, ამისთვის კი აუცილებელია ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის აწყობა.

ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს პრემიერ-მინისტრის დონეზე, მონიტორინგიც იქ უნდა ხდებოდეს და შესაბამისად, ყველას ერთნაირი გზავნილი უნდა ჰქონდეს ევროკავშირისა და ნატოს თემაზე.

როცა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის მიერ წამოიწია საკითხი, რომელიც პირიქით გეხმარება იმაში, რომ რუსეთის ვეტო გადალახო და ამ დროს ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ლიდერი იძახის, რომ ეს მავნეა, ეს პირდაპირ თუ არა ირიბად რუსულ ნარატივს აძლიერებს“.

მუჩაიძის თქმით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ სახელმწიფო დონეზე შეიქმნას სისტემა, სადაც გუბერნატორიც და მინისტრიც  თავიანთი განცხადებებით რუსულ პროპაგანდას არ გააძლიერებენ.

სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადება

მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 17/09/2019-ში 01:00 საათიდან 17/09/2019 04:00 საათამდე გაითიშება სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული ქსელი.

რის შედეგადაც შეფერხებით იმუშავებს გარე და შიდა სერვისები:

[checklist]

  • სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის;
  • კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი;
  • ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა;
  • რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი;
  • რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ;

[/checklist]

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

სახლები, აგარაკები, მიწები – გომელაურის და სხვა მინისტრების ახალი შენაძენი

საქართველოს ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის რანგში, 2019 წლის 19 ივნისს შეავსო. ეს დეკლარაცია 2018 წლის მოიცავს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ყველაზე დიდი თანხა, 16 000 ლარი, მას აგარაკის მოწყობისთვის დაუხარჯავს. ამ აგარაკს ვახტანგ გომელაური სამი წლის განმავლობაში აშენებდა და ჯამში 50 000 ლარი და 107 000 აშშ დოლარი დაუხარჯავს.

გომელაურმა ქონებრივ დეკლარაციაში კიდევ ერთი აგარაკის შესახებ ჩაწერა, თიანეთის რაიონის სოფელ გორანაში ეს აგარაკი, 1422 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთთან ერთად, მისი ცოლის – ნინო კუდუხაშვილისთვის 2018 წელს უჩუქებიათ. ქონებრივი დეკლარაციით არ ირკვევა, ვინ აჩუქა შს მინისტრის ცოლს ეს ქონება.

რაც შეეხება აგარაკსა და მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელ ტაბახმელაში, რომელიც ასევე მინისტრის მეუღლის ნინო კუდუხაშვილის საკუთრებაა, ეს ნაკვეთი ცოლს 2014-2017 წლებში შეუძენია 170 000 აშშ დოლარად. ნაკვეთი ტაბახმელაში ვახტანგ გომელაურის დეკლარაციაში 2015 წლიდან ჩნდება. ამავე წელს მას 50 000 დოლარად გაუყიდია ბინა.

გომელაურის დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე 2013 წლიდან იძებნება. ამ წელს შევსებული დეკლარაციით, მას და მის მეუღლეს მხოლოდ ორი ბინა ჰქონდათ ვარკეთილში [64 და 80 კვ.მ].

აგარაკი არა, მაგრამ ბინა და ავტოფარეხი გასულ წელს შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემაც იყიდა. ამ ქონებაში მან ჯამში 45 000 აშშ დოლარი გადაიხადა. შს მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ, ლევან კაკავამ კი ბოლოს შევსებული დეკლარაციის გასავლებში  60 000 აშშ დოლარის შესახებ  მიუთითა, რომელიც მას 2016- 2018 წლებში სამშენებლო კომპანიისთვის გადაუხდია, მას ბინა შეუძენია.

შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბოლოს დეკლარაცია 2019 წლის აპრილში შეავსო, ამ დეკლარაციაში მან ავეჯის შეძენის შესახებ მიუთითა, რაშიც 8000 ლარი გადაუხდია. გარდა ამისა, მან დეკლარაციაში მეუღლის შენაძენზეც ჩაწერა, ლანა სუხიშვილს [ის აშშ-ის საელჩოში თარჯიმნად მუშაობს] 7000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა volkswagen jetta [2016 წლის მოდელი] შეუძენია. 2017 წელს კი მინისტრის მოადგილეს ბინის გარემონტებაში 30 000 ლარი დაეხარჯა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მინისტრის ოჯახის 2018 წლის დანახარჯებს ასახავს, მინისტრის მეუღლეს გასულ წელს 22 121 ლარის სამშენებლო მასალები შეუსყიდია.

ცქიტიშვილის მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ კი, რომელიც ამავდროულად გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეა, 2017 წელს 100 000 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთის შესახებ ჩაწერა დეკლარაციაში. ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე  2018 წლის აპრილში დაინიშნა. ამავე წელს მის მეუღლეს 10 400 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა „TOYOTA CAMRY“ შეუძენია. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის ოჯახს გასულ წელს 6000-მდე ლარად ღირებული ავეჯი უყიდია. ირაკლი ქარსელაძე მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე კერძო კომპანიებში მუშაობდა.

ძვირადღირებული აგარაკის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ-ის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქონებრივ დეკლარაციაშიც მოხვდა. გიორგი დუგლაძის ინფორმაციით, 107 000 აშშ დოლარად აგარაკი [1000 კვ.მ] წავკისში მის მეუღლეს ლალი იოსელიანს შეუძენია. 2017 წელს კი თავად გიორგი დუგლაძეს 11 ათას დოლარად შეუძენია მიწის ნაკვეთი ბორჯომში, ციხიჯვარში [1695 კვ.მ]. ამავე წელს მას შეუძენია ავტომანქანა „Porsche Cayenne“, რაშიც 6000 ევრო გადაუხდია. გიორგი  დუგლაძე საჯარო სამსახურში ბიზნესიდან მოვიდა.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილეს, შალვა გოგოლაძეს, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 29 ივლისს აქვს შევსებული და მასში 2018 წლის შემოსავალ-გასავალია აღწერილი. ამ დეკლარაციის მიხედვით, გოგოლაძეს 2019 წელს შეუძენია მიწის ნაკვეთი თბილისში, სოფელ თხინვალაში [1500 კვ.მ], რაშიც 40 000 დოლარი გადაუხდია. გარდა ამის, 2017 წელს ბინა უჩუქებიათ მინისტრის მოადგილის შვილისთვის თბილისი ბაგებში. მჩუქებლის ვინაობაზე დეკლარაციაში არაფერი წერია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მეუღლეს 2017 წელს ბინა შეუძენია ბათუმში, კობალაძის #2-ში [40,72კვ.მ]. ნათია თურნავას მეუღლეს ამ შენაძენში 69 880 ლარი გადაუხდია.

 

 

 

„ადვოკატებს მოწმის დისკრედიტაცია სურთ“ – პროკურორი „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„სადაა დოკუმენტი, სადაც გაწერილია სატენდერო კომისიის ვალდებულება, რომ მას უნდა მოეთხოვა საბანკო ამონაწერი?“ – ეს კითხვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე დაუსვა აუდიტორ ჰენრი სანიკიძეს.

დღეს, 16 სექტემბერს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა „მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე“ აუდიტორის ჩვენება მოისმინა. აუდიტის დასკვნა მთავარი მტკიცებულებაა ამ საქმეში.

სასამართლო პროცესზე ადვოკატების საპასუხოდ მოწმის სახით დაბარებულმა მთავარმა აუდიტორმა, ჰენრი სანიკიძემ რამდენჯერმე თქვა, რომ შესაძლოა, ყველაფერი გაწერილი არ იყოს ნორმატიულ აქტებში, მაგრამ საჯარო მოხელეებს ჰქონდათ „თანხის გადარჩენის ვალდებულება“.

აუდიტორის ამ პასუხის შემდეგ ადვოკატი რამინ პაპიძე მიიჩნევს, რომ აუდიტს კომპეტენცია აკლია, ან ის მიზანმიმართულად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

„გაირკვა, რომ აუდიტის დასკვნა გაცემულია არასწორად, ეს მოხდა მიზანმიმართულად და არაკომპეტენტურად. დასკვნაში ისეთი ფაქტებია მიჩნეული დარღვევებად, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. აუდიტორი ამბობს, რომ ყალბი საბანკო ამონაწერი წარმოადგინა კონკურსანტმა და მიზანმიმართულად არ გაუკეთეს დისკვალიფიკაციაო. კანონით, კომისიას არ ევალებოდა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა მოეთხოვა კომპანიისთვის. აუდიტის დასკვნა არ ეყრდნობა კანონის მოთხოვნებს. ჩვენ საჯარო მოხელეების ქმედება უნდა შევაფასოთ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და არა მორალური და ადამიანური მოქმედების ფარგლებში. მტკიცებულება, რომელიც არის საკმარისი პროკურატურის აზრით, ვერ გამოდგება ბრალის დასადასტურებლად,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ შესვენების დროს.

აუდიტორმა შესვენების დროს ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. საქმის პროკურორმა, რამაზ შავაძემ კი თქვა, რომ ადვოკატებს „მოწმის დისკრედიტაცია სურთ“. პროკურორს ვთხოვეთ დაესახელებინა კონკრეტებული სამართლებრივი აქტები, რის დასახელებასაც ადვოკატები სთხოვდნენ სასამართლო პროცესზე აუდიტორს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში არის გაწერილი საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებები, სისხლის სამართლის საქმეში არის შესაბამისი ტენდერის დოკუმენტაცია, არსებობს „შესყიდვების შესახებ“ კანონი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ამას შესაბამის შეფასებას მისცემს სასამართლო,“ – ამბობს პროკურორი რამაზ შავაძე.

კიდევ ერთი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე კი საქმეში არსებულ რუსულენოვან დოკუმენტზე ამახვილებს ყურადღებას. საუბარია, ბათუმის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანდართულ დოკუმენტაციაზე.

„საქართველოში სამართალწარმოების ენა არის ქართული. სხვა ენაზე წარმოდგენილი მტკიცებულება არის დაუშვებელი მტკიცებულება, რომელსაც ვერ დაეფუძნება გამამტყუნებელი განაჩენი…“ – ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

პროკურორ რამაზ შავაძის თქმით კი,  კონკრეტული რუსულენოვანი დოკუმენტები გამოძიების ეტაპზე ითარგმნა ქართულ ენაზე და საქმეში დევს.

„სასამართლოში დღეს დაბარებულმა მოწმემ თქვა ის, რომ აუდიტის შემოწმებაში რამდენიმე აუდიტორი მონაწილეობდა, მათ შორის, იყო აუდიტორიც, რომელსაც რუსული განათლება გააჩნია და მან მიიღო აღნიშნული დოკუმენტის შემოწმებაში მონაწილეობა,“ – გვითხრა რამაზ შავაძემ.

ამ თემაზე:

ახალი დეტალი, რამაც შესაძლოა „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ ამოაყირავოს

 

 

 

 

 

 

 

 

ბუსსს „ანრი“ პირველკურსელებს საზეიმოდ დახვდა

სს „ანრი“ პირველკურსელებს საზეიმოდ დახვდა. მომავალმა მეზღვაურებმა დაათვალიერეს სასწავლებლის ტექნიკური ბაზა, აუდიტორიები და კამპუსი.

უმაღლესი სასწავლებლის კონტინგენტი სტაბილურად იზრდება, რაც წელსაც დადასტურდა- „ანრის“ როგორც უმაღლეს სასწავლებელს, უფრო და უფრო მეტი აბიტურიენტი ირჩევს.

სტუდენტებს მიმართა რექტორმა და მათ წარმატებები უსურვა სწავლასა და პროფესიულ საქმიანობაში.

„მეტი გულისყურია საჭირო“ – აუდიტორის ჩვენება „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„ტენდერში გამოვლენილი კომპანიის დისკვალიფიკაცია არ მოხდა. ასევე დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, რაც არ უნდა დაფინანსებულიყო,“ –  უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ჰენრი სანიკიძემ. იგი სახელმწიფო აუდიტის წამყვანი აუდიტორია და  დღეს, 16 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ მან ჩვენება მისცა სასამართლოს – აუდიტის დასკვნის საფუძველზე მისცა პროკურატურამ პასუხისგებაში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები „იაფი სახლის პროექტთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ბათუმის ყოფილი მერი – გია ერმაკოვი.

ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

„კონკრეტულად რა დანაშაულის ნიშნები დაინახეთ თქვენ?“ – ჰკითხა აუდიტორს არჩილ ვანაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

მოწმის თქმით, აღმოჩენილ დარღვევას კვალიფიკაციას აუდიტორი არ ანიჭებს. მან განმარტა, რომ „თაღლითობის რისკის“ შემთხვევაში, ინფორმაცია სამართალდამცავებს ეგზავნება.

„მოხდებოდა თანხის გადარჩენა… გაიფლანგა საბიუჯეტო სახსრები, მილიონ 400 ათასზეა საუბარი,“ – დასძინა აუდიტორმა მას შემდეგ, რაც ადვოკატმა კითხვის რამდენჯერმე განმეორებით ეცადა კონკრეტული პასუხი მიეღო.

ადვოკატი ასევე დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კონკრეტული ვალდებულება მერიის იმდროინდელ საფინანსო სამსახურის უფროსს, არჩილ ვანაძეს პირადად გადაემოწმებია „იაფი სახლის“ მშენებლობა.

„არა, მაგრამ როცა საჯარო ფინანსებზეა საუბარი, მეტი გულისყურის გამოჩენა სასურველია,“ – აღნიშნა ჰენრი სანიკიძემ.

„თქვენ თქვით სასურველიაო… ანუ მისთვის არავის დაუვალებია ვინმეს ადგილზე მისვლა და შემოწმება,“ – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

„ეს არ ვიცი მე,“ – თქვა მოკლედ აუდიტორმა.

მოწმეს კითხვები დაუსვეს „ბაზის ბანკის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიის დადასტურებაზეც. ამ ბანკის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავობს ბათუმის მერია, რადგან კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“, რომელმაც „იაფი სახლი“ არ ააშენა, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოდგენილ საგარანტიოზე ე.წ. ავიზირება „ბაზის ბანკმა“ მისცა.

„მიანიშნა ფაქტობრივად ამ ბანკმა მერიას, რომ არ აქვს ინფორმაცია გარანტორის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და მე პასუხს არ ვაგებო…“ – უთხრა ადვოკატს აუდიტორმა, ჰენრი სანიკიძემ.

აუდიტორს კითხვებს შესვენების შემდეგ სხვა ადვოკატები დაუსვამენ.

 

 

 

 

ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს

ქობულეთის მე-3 საჯაროს სკოლაში პირველკლასელ გოგონებს კლასის ხელმძღვანელმა ქეთევან ვეკუამ წითელი ყელსახვევები გაუკეთა, ბიჭებს კი – ლურჯი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პედაგოგმა პიონერების სიმბოლოს გამოყენება, სკოლის დირექტორმა თქვა, რომ ეს პედაგოგის გადაწყვეტილება იყო და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ბორდოსფერია, წითელი არ არის. თვითონ მოიფიქრა კლასის ხელმძღვანელმა, ეს მისი არჩევანია, აჩუქა ბავშვებს და ჩვენ აქ არაფერი ცუდი არ დაგვინახავს. ასეთივე, თმისაბნევებიც აჩუქა მოსწავლეებს და ალბათ ხვალაც გაიკეთებენ,“- გვითხრა სკოლის დირექტორმა, ნანა მენაბდემ.

მისი თქმით, წითელ ყელსახვევებზე არც მშობლებს გასჩენიათ კითხვები, „ტაში შემოჰკრეს, ისე მოეწონათ“-ამბობს დირექტორი. მისი თქმით, პედაგოგმა ყელსახვევები იმიტომ გაუკეთა პირველკლასელებს, რომ დასვენებაზე ადგილად გამოერჩია სხვებისგან.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ აირჩიეს წითელი ყელსახვევი, რომელიც საბჭოთა პიონერებთან ასოცირდება, მასწავლებელი ქეთევან ვეკუა ამბობს, რომ ამაზე არ უფიქრია:

„არანაირად არ მიფიქრია მაგაზე, საყვარელი ფერია. წითელი არ არის, ბორდოსფერია. პიონერის ყელსახვევი არის წითელი ატლასი, ეს არის ბორდოსფერი, საყვარელი ფერია. ძაან ლამაზები არიან,“ – ამბობს მასწავლებელი.

„ბათუმელები“ აჭარის განათლების სამინისტროს დაუკავშირდა შეფასებისთვის, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ყელსახვევების შესახებ ინფორმაცია მედიისგან მიიღეს. „აუცილებლად მოვიკვლევთ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე“, – გვითხრეს პრესსსამსახურში.

დღეს, 16 სექტემბერს, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

_______________________

ფოტოზე: პიონერის ყელსახვევი

მაიაკოვსკის ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა აღდგა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ავტომანქანების მოძრაობა აღდგა. ქუჩა თითქმის შვიდი თვის განმავლობაში გადაკეტილი იყო, რის გამოც ავტომანქანები შემოვლითი გზებით გადაადგილდებოდნენ.

ქუჩის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა დარჩენილია ტროტუარის ნაწილის რეაბილიტაცია, რომელიც მერიის კეთილმწყობის სამსახურის ინფორმაციით, სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ქუჩის რეაბილიტაციაზე მერიის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 704 ათასი ლარი დაიხარჯა. განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა / 16.09.2019 / ფოტო: როინ გუნდაძე

მაიაკოვსკის ქუჩა ეტაპობრივად 2019 წლის მარტიდან იკეტებოდა.

ამ თემაზე:

მაიაკოვსკის ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება – სამუშაოები უკვე დაიწყო

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – აფიშა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 15 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა, დღეიდან, 16 სექტემბრიდან, კი კინოჩვენებები მიმდინარეობს კინოთეატრ „აპოლოში“.

რა ფილმებს ნახავთ დღეს? – შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ დღევანდელ განრიგს, ფილმის თრეილერებსა და ფოტოებს.

კინოჩვენებებზე დასწრება „აპოლოში“ უფასოა, თუმცა დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ ე.წ. „უფასო ბილეთების“ (რაც კონტროლისა და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ “აპოლოში” მხოლოდ 160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ უფასო ბილეთები ადგილის რეზერვაციის მიზნით. ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ 2 დღის კინოსეანსების ბილეთების აღება. „უფასო ბილეთების“ დაჯავშნა შესაძლებელია ცალკეულ კინოჩვენებებზე  ინტერნეტითაც. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: ბილეთების დაჯავშნა BIAFF 2019.

დღეს, 16 სექტემბერს კი, შეგიძლია ნახოთ ეს ფილმები: 

  • 12 საათზე –  „მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, [დოკუმენტური ფილმი]

ბრიტანელი რეჟისორის ფილმი 2019 წელსაა გადაღებული. სურათი კორლეონური მაფიის პირობებში სიცოცხლისა და სიკვდილის მძიმე რეალობას წარმოაჩენს. ფოტოგრაფი ლეტიცია ბატალია მაფიას დაუპირისპირდა და სწორედ მისი კამერის საშუალებით ვაკვირდებით რიტუალური ჟლეტის, ომერტის, ნაწილობრივ რელიგიური ჩაგვრის და ფეოდალური მართვის სამყაროს. მაფიის სისასტიკისა და გავლენის მასშტაბი ნაჩვენებია იშვიათი, საარქივო მასალების, ვიდეოჩანაწერების, პირადი სურათებისა და მოგონებების დახმარებით. 

  • 14 საათზე – „თეთრი ქარავანი“, ელდარ შეგელაია, საქართველო

რეჟისორ ელდარ შენგელაიას ეს სურათი 1964 წელსაა გადაღებული. გამოცდილი მწყემსი მარტია სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარს ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკებაფილმი მონაწილეობდა 1964 წელს კანის საერთაშრისო კონკურსის პროგრამაში.

„თეთრი ქარავანი“. ფოტო: festival-cannes.com
  • 16 საათზე  -„სიცარიელე“, ალექსი სალმენპერა, ფინეთი

ფინელი რეჟისორის ფილმი მწერალზე გვიამბობს, რომლის კარიერა დაღმა მიექანება. ალექსი სალმენპერა ერთ -ერთი ყველაზე აღიარებული ფინელი კინორეჟისორია, რომლის ფილმები ნაჩვენები  იყო საერთაშორისო კინოფესტივალებზე  – ბერლინალე (ცუდი ოჯახი, 2009), Hot Docs ფესტივალი (Alcan Highway, 2013) და სან სებასტიანი (მამაკაცის სამუშაო 2007). მან მოიგო Jussi პრემია საუკეთესო რეჟისორისთვის distractions (2105), ხოლო ფილმი „მაღარო“ (2016) ნომინირებული იყო საუკეთესო სკანდინავიური ფილმის ნომინაციაზე.  „სიცარიელე“ 2018 წელს გადაღებული სურათია. 

  • 18 საათზე – „ბიუზჰალტერი“, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი

გერმანელი რეჟისორის 2018 წელს გადაღებული ფილმი მემანქანეზე გვიამბობს, რომელიც  პენსიაზე გასვლამდე ბაქოსკენ უკანასკნელად მიემართება. ქალაქის უბნებში გამავალი მისი მატარებელი სარეცხის თოკიდან ლურჯ ლიფს ააწყვეტს. მძღოლი თავის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი თავგადასავლის გზას ადგება, მას უნდა ლამაზი ლიფის მფლობელი იპოვოს. 

  • 20 საათზე – „ეთერი“, ქშიშტოფ ზანუსი, პოლონეთი / უკრაინა/ლიტვა/უნგრეთი/იტალია

ცნობილი პოლონელი რეჟისორის, ქშიშტოფ ზანუსის 2018 წელს გადაღებული ფილმი. ფილმში მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში, მეფის რუსეთის იმპერიაში ხდება. ექიმი ახალგაზრდა ქალს ეთერული ნარკოზის სასიკვდილო დოზას აძლევს მასთან დაწოლის მიზნით. შემდეგ ავსტრო-უნგრულ ციხეში იწყებს მუშაობას, სადაც განაგრძობს თავის ექსპერიმენტებს. მისი მიზანი ეთერული ნარკოზის საშუალებით ტკივილის შემცირებასთან ერთად ადამიანის ქცევით მანიპულირებაა. 

„ეთერი“. ფოტო: hollywoodreporter.com
  • 22.30 საათზე – „ალფა: მკვლელობის უფლება“, ბრილანტე მენდოზა, ფილიპინები

ფილმი ნაჩვენები იქნება „დიდოსტატთა კოლექციის“ სექციის ფარგლებში. ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისთვის ფილიპინების მთავრობის სადამსჯელო ღონისძიებების ფონზე, პოლიცია მანილას ნარკობარონის – აბელის – დაკავების ოპერაციას იწყებს. მშვიდობიანად დაწყებული ოპერაცია მალე პოლიციასა და აბელის ბანდას შორის ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზრდება. 

 

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ბიუზჰალტერი“. 

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათება 15 დეკემბრამდე მოეწყობა – გზების დეპარტამენტი

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები 2019 წლის 15 დეკემბრამდე ჩატარდება. „დროის აღნიშნულ პერიოდში საჭიროა საავტომობილო გზის მონაკვეთებზე სავალი ნაწილის დროებით შევიწროება ერთ მხარეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კმ/სთ-ია, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. გზის სიგრძე 31,7 კილომეტრია და ის სრულად 2018 წლის 25 ივნისს გაიხსნა. ამ გზის ქობულეთიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი კი, დღემდე გაუნათებელია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „Sinohydro Corporation limited“-ის და მისი ქვეკონტრაქტორი შპს „ჯავას“ მიერ დაგეგმილი იყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის არსებულ კმ12+400-კმ31+259 (საპროექტო კმ0+000-კმ17+964, ლოტი 2) მონაკვეთზე, გარე განათების მოწყობის სამუშაოების განხორციელება – 2019 წლის 18 სექტემბრამდე, „თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების შემსრულებელმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო დაგეგმილ პერიოდში აღნიშნული სამუშაოების ჩატარება“.

„სამუშაოების წარმოების პერიოდში, სამუშაოთა წარმოების ადგილი ღამის საათებში იქნება განათებული და საავტომობილო გზის მონაკვეთზე განთავსდება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, სამუშაოთა წარმოების და შეზღუდვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი  თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში შეწყვეტილ იქნება სამუშაოები. სამუშაოების დაწყების და დასრულების შესახებ წინასწარ ეცნობება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სამორიგეო ნაწილს,“ – აცხადებს დეპარტამენტი.

ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთი, სადაც გარე განათებაა დამონტაჟებული / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა გარე განათების გარეშე / აგვისტო, 2019 /  ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – 15 კილომეტრი გარეგანათების გარეშე

 

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1 273 პირველკურსელი მიიღო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, 16  სექტემბერს, სწავლა დაიწყო. წელს უნივერსიტეტმა 1 273 პირველკურსელი მიიღო. აქედან, სახელმწიფო გრანტი 100-მდე სტუდენტს აქვს, 400 სტუდენტი კი 10 პრიორიტეტულ პროგრამაზე ჩაირიცხა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს.

ბათუმის უნივერსიტეტმა წელს 1273 პირველკურსელი მიიღო. აქედან 100-მდე სტუდენტი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა.

ბსუ-ს ინფორმაციით, 140 სტუდენტი სხვა უნივერსიტეტებიდან გადმოვიდა. მთლიანობაში, უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს, აქედან 650 სტუდენტი უცხოელია. ისინი, ძირითადად, ტურიზმისა და სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობენ.

ბსუ-ში სწავლა დაიწყო / 16.09.2019
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბსუ-ს ინფორმაციით,  განახლდა უნივერსიტეტის ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა. 200-მდე სტუდენტი ახალ საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს:„ამჟამად მიმდინარეობს ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა, სადაც ტექნოპარკი განთავსდება, ასევე ოქტომბერში გაიხსნება ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო ცენტრი“.

სწავლის დაწყების ცერემონია უნივერსიტეტის ბენდმა გახსნა/16.09.2019

როგორც ბსუ-ს ადმინისტრაციაში ამბობენ, გაცვლითი პროგრამების სტატისტიკით, ბსუ, საქართველოს მასშტაბით, მესამე ადგილზეა. „ამოქმედდა ახალი გაცვლითი პროგრამა, ერაზმუს+-ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) შერჩევის შედეგების მიხედვით, ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით 6 პროექტი დაფინანსდა, აქედან ოთხი ბსუ-ს ჩართულობით“.

უნივერსიტეტის რექტორის, მერაბ ხალვაშის თქმით, გასულ წელს უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით, გამოკითხული 2 000 კურსდამთავრებულიდან, 70 პროცენტი არის დასაქმებული. „მათ შორის, 55-დან 60-პროცენტამდე არის სპეციალობით დასაქმებული, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის კარგი მაჩვენებელი,“ – ამბობს ხალვაში.

სწავლის დაწყება სტუდენტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემაც მიულოცა / 16.09.2019

წელს, აგვისტოს ჩათვლით, ბათუმის სასამართლომ 19 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, განხილული 727 სისხლის სამართლის საქმიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 19 საქმეზე მიიღო გამამართლებელი განაჩენი. ამას გარდა, სასამართლომ 6 საქმეზე ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს ინიციატივით წელს 15 საქმეს შეეცვალა პროკურატურის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია. სტატისტიკა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში სულ 16 გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

2017 წელს კი, მთელი წლის განმავლობაში, სრულად გამართლდა 31 ადამიანი, ნაწილობრივ – 19. განხილული 727 საქმიდან 463 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.

ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოჭიდავემ ლაშა გობაძემ ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ლაშა გობაძე 82 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობდა და აზერბაიჯანელი მოჭიდავე ჰუსეინოვი დაამარცხა.

გუშინ, 14 სექტემბერს, მან უზბეკი ხაშიმბეკოვი დაამარცხა და  მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.

შავი „პაბედა“ და რუხი „პიკაპი“ – აჭარის ქონება აუქციონზე იყიდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „პაბედას“ და „პიკაპს“ ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. „პაბედას“ გასაყიდი საწყისი ფასი ამჯერად 4 500 ლარია, ხოლო „პიკაპის“ – 3 500 ლარი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „GAZ M20 POBEDA“, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი 600 ლარი იყო, სამინისტრომ ჯერ 12 255 ლარად გაყიდა, თუმცა აუქციონში გამარჯვებულებმა „პაბედა“ არ წაიღო,  შემდეგ კი – 10 080 ლარად, თუმცა, გამარჯვებულს მანქანა არც ახლა წაუღია.

იგივე „პაბედა“ ამჯერად მესამედაა აუქციონზე, თუმცა საწყისი ფასი თითქმის 7-ჯერაა გაზრდილი.

„ავტოსატრანსპორტო საშუალება არის არამუშა მდგომარეობაში, აღენიშნება დიდი რაოდენობით ჟანგვა, ვიზუალურად არადამაკმაყოფილებელია, დაზიანებული აქვს სავალი ნაწილი და ძრავი. სახელმწიფო ნომერი: ავტომანქანა   „GAZ M20 POBEDA” (სახელმწიფო ნომერი: BB 194 BT, საიდენტიფიკაციო N; 40842, ძრავის საიდენტიფიკაციო N: 258972, გამოშვების წელი: 1953)“ – აღწერილობა აუქციონიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული, „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა „გრეით ვოლ ვინგლი 5“-ის მდგომარეობაც ცუდია. მისი გაყიდვის საწყისი ფასი 3 500 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 70 ლარი.

„ავტოსატრანსპორტო საშუალება არის არამუშა მდგომარეობაში, აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: ძარა, ძრავი კომპლექტში, რადიატორი წყლის, რადიატორი კონდენციონერის, წინა ბამპერი, წინა ცხაურა, კაპოტი, მარჯვენა ფრთა,  დისკი, საჭის აირბაგი, მგზავრის აირბაგი, ტორპედო, ფარი, ნისლის მაშუქი, ამორტიზატორი, წერო, საქარე მინა წინა, გიტარა, ყუმბარა, სათუნუქე-სამღებრო სამუშაოები (შეკეთების პროცესში შესაძლოა აღმოაჩნდეს სხვა სახის დაზიანებებიც). ავტომანქანა „გრეით ვოლ ვინგლი 5“-ის სახელმწიფო ნომერი: SCA-885, გამოშვების წელი: 2012, საიდენტიფიკაციო ნომერი: LGWDBE17XCC667415.“ – აღწერილობა აუქციონიდან.

ავტომანქანების უპირობო გაყიდვაზე აუქციონები ცალ-ცალკეა გამოცხადებული. „პაბედას“ შემთხვევაში აუქციონი 23 სექტემბერს დასრულდება, „პიკაპის“ კი – 27 სექტემბერს.

შენ, დააზღვიე სტიქიისგან უფასოდ ავტომობილი?

როცა ახალი ამბებში ძლიერი წვიმის, ქარიშხლის, სეტყვის ან მეწყრის პროგნოზს გადმოსცემენ, ერთადერთი, რაზეც ბათუმელი ლევან ხაბურზანია არასდროს ღელავს, მისი „მეგობარი“, ნაცრისფერი „ფოლკსვაგენია“.

ლევანის „ფოლკსვაგენი“ ღია ცის ქვეშ დგას, მაგრამ მისი მფლობელის სიმშვიდის მიზეზი ავტომანქანის უფასო დაზღვევაა, რომლითაც იგი დაახლოებით ერთი წელია სარგებლობს.

„ჩემთვის ავტომობილი ფუფუნების საგანი არაა, ეს ყოველდღიური აუცილებლობაა.

ავტომობილის სადაზღვევო პოლისი – „სტიქია“ „ჯიპიაი ჯოლდინგმა“ შემომთავაზა სრულიად უფასოდ და ცხადია, დავთანხმდი.

არ მაქვს საშუალება, სტიქიამ დააზიანოს მანქანა და მეორე შევიძინო, ახლა კი, რამე რომ მოხდეს, დაზღვევა სრულად ამინაზღაურებს ზარალს, ამიტომ მშვიდად ვარ“ – ამბობს ბატონი ლევანი.

მძღოლი – ლევან ხაბურზანია

ლევან ხაბურზანიას ერთგულ „ფოლკსვაგენს“ პოლისი „სტიქია“ საბედნიეროდ ჯერ არ დასჭირვებია, მაგრამ დავით გოგაშვილისთვის კი ეს პოლისი ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა.

ბატონი დავითისთვის მისი სატვირთო ავტომობილი შემოსავლის მთავარი წყაროა. იგი ორი კვირის წინ რთველიდან ქარხანაში ბრუნდებოდა ყურძნის ჩასაბარებლად, როცა უეცრად ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, ხე მოგლიჯა და მანქანას დაეცა.

სტიქიის შედეგად სატვირთო მანქანის ძარა დეფორმირდა და რომ არა პოლისი „სტიქია“, დავით გოგაშვილის ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩებოდა.

ამ ინციდენტის შედეგად კი დავითის ოჯახი არ დაზარალებულა, ერთი მარტივი მიზეზის გამო: დავით გოგაშვილმა ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევის უფასო პოლისი ზაფხულში გააფორმა, ქარიშხალი კი ამ პოლისით დაზღვეული რისკია.

კომპენსაციის სახით ავტომფლობელმა 1800 ლარი მიიღო. „რომ არა ეს დაზღვევა, გამიჭირდებოდა მანქანის აღდგენა და მწყობრში ჩაყენება“ – ამბობს ბატონი დავითი.

ახლა კი, დროა მეტი გაიგოთ ჯიპიაი ჰოლდინგის პოლისის შესახებ, რომელიც თქვენს საყვარელ ავტომობილს სტიქიისგან უფასოდ დააზღვევს.

 

რა არის უფასო პოლისი „სტიქია“?

პოლისი ,,სტიქია“ ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური სოციალური პროექტია და საჩუქრად გადაეცემა ავტომობილის მფლობელ ყველა ფიზიკურ პირს. თუ ავტომობილი წყალდიდობის, დიდთოვლობის, ქარიშხლის, მეწყერის, ღვარცოფის ან მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, ანაზღაურდება მანქანის შეკეთების ან ჩანაცვლების ხარჯები სრულად.

 

ვის შეუძლია სარგებლობა?

პოლისით სარგებლობა შეუძლია განურჩევლად ყველა ფიზიკურ პირს, ჯიპიაი ავტომობილების სტიქიისგან დაზღვევას უკვე მეხუთე წელია აფინანსებს და მსურველებს უფასოდ სთავაზობს. ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს.

 

რატომაა პოლისი „სტიქია“ უფასო?

სტიქიისგან უფასო ავტოდაზღვევა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სოციალური პროექტია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა, სადაზღვევო კულტურის განვითარებაა.

4 წლის განმავლობაში ჯიპიაის პროგრამაში 80 000 ავტომფლობელი ჩაერთო, საჩუქრად გაცემული პოლისების საფუძველზე ჯიპიაიმ მხოლოდ წელს ასზე მეტ დაზღვეულს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

 

როგორ დავაზღვიოთ ავტომობილი სტიქიისგან უფასოდ?

სტიქიისგან დაზღვევის სოციალურ პროგრამაში ჩასართავად ნებისმიერმა მსურველმა უნდა დარეკოს ჯიპიაის ცხელ ხაზზე: 032 2505 111.

არსებობს მეორე, მარტივი გზაც: მიჰყევით ბმულს და დარეგისტრირდით ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.

 

და ბოლოს, რატომ ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“?

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი – 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ, ისე საცალო მიმართულებით. კომპანიის 6 ფილიალში დასაქმებულია 830 ადამიანი ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით კი „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა.

 

კიდევ გაქვთ კითხვები?

დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე: 032 2505 111, მოგვწერეთ ელექტორნულ ფოსტაზე – info@gpih.ge,  ეწვიეთ ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ ვეგვერდს და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს.

მთავრობამ 1 ჰექტარი მიწა მიყიდა ოფშორულ კომპანიას საპატრიარქოს რეზიდენციასთან

საქართველოს მთავრობამ ქობულეთში, ზღვისპირას, ბობოყვათის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციასთან, 10 495 კვ.მ მიწის ნაკვეთი აუქციონზე 3 835 000 ლარად, უპირობოდ გაყიდა. მიწა ოფშორულმა კომპანიამ შეისყიდა და მას [საპრივატიზებო თანხის გადახდის გარდა] ერთადერთი ვალდებულება აქვს – საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილ მიწის ნაკვეთსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის [საპტრიარქოს] საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს [ყოფილ რეზიდენციას] შორის ზღვაზე გადასასვლელის მოწყობა გარე განათებითა და ქვაფენილით.

ქობულეთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აუქციონზე შპს „კ ენდ ლ ინვესტმენტმა“ იყიდა, რომელიც 2015 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული. ამ კომპანიის მფლობელი კი ოფშორულ ზონაში, სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს Alasta Enterprise-ა. „კ ენდ ლ ინვესტმენტის“ დირექტორი ზვიად გორგიძეა. კომპანიას, წესდების მიხედვით, უფლება აქვს, მოგების მიღების მიზნით  განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.

მიწა აუქციონზე 2 110 000 ლარად იყო გატანილი და ის 2019 წლის 23 ივლისს 345-ე ბიჯზე გაიყიდა. ვაჭრობის ბიჯი 5 ათასი ლარი იყო. აუქციონში ორი მომხმარებელი მონაწილეობდა.

აუქციონის პირობის მიხედვით, კომპანიამ „შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის 433 კვ.მ მიწის ფართზე, რომელზეც დადგენილია სერვიტუტის უფლება, უნდა უზრუნველყოს ზღვასთან მისასვლელი გზის შექმნა მოპირკეთებული ქვაფენილით და მოწყობილი გარე განათებით“.

კომპანიასა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2019 წლის 9 აგვისტოს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს უფლება აქვს სახელმწიფოსთან შეთანხმებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მიწის ნაკვეთი გაასხვისოს ან დატვირთოს იპოთეკით.

10 495 კვ.მ მიწის გაყიდვის პარალელურად, სახელმწიფო გეგმავს ამ ნაკვეთსა და პლაჟს შორის მდებარე 1 226 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემასაც. ეს ჩანს ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის წერილიდან, რომელიც მან „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის უფროსს გაუგზავნა.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ განიხილა თქვენი 2018 წლის წერილები, რომლებითაც ითხოვთ მოსაზრების მოწოდებას ქ. ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა N-90-ის მიმდებარედ არსებული 10 495 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისა და მის მიმდებარედ არსებული 1 226  კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის თაობაზე გაცნობებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია არ არის წინააღმდეგი პრივატიზებული იქნას [აღნიშნული] მიწის ნაკვეთი, ხოლო მის მიმდებარედ არსებული 1226,0 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იჯარის უფლებით სარგებლობაში იქნას გადაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ასევე გაცნობებთ, რომ მყიდველმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიის მართლმადიდებელი ეკლესიის (საპტრიარქოს) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შორის ზღვაზე გადასასვლელის მოწყობა გარე განათებითა და ქვაფენილით“, – აღნიშნულია მირიან ქათამაძის წერილში.

დიდი ალბათობით ამ ნაკვეთს სახელმწიფო ისევ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას გადასცემს იჯარით სარგებლობაში, თუმცა, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, ამ ქონებაზე იჯარის უფლება ამ დროისთვის [15.09.2019] არ ფიქსირდება.

ქობულეთი, გასხვისებული ნაკვეთი და ბობოყვათის ყოფილი რეზიდენციის ტერიტორია [მარცხნივ] და აუქციონზე გაყიდული ტერიტორია [მონიშნულია მწვანე ზოლით, მარჯვნივ / ფოტო: ყოფილი რეზიდენცია პეტრას ციხიდან / „ბათუმელების“ არქივიდან
პეტრას ციხიდან ქობულეთის მიმართულებით მდებარე ზღვისპირა [მათ შორის ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის] ტერიტორიისთვის სპეციალისტები არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ, თუმცა, თავის დროზე სტატუსის არმინიჭება „ბათუმელებთან“ შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა იმით ახსნეს, რომ ასეთი ზონები „ინვესტორებს აფრთხობს“. იმ დროს სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია საინვესტიციოდ იყო გამზადებული, თუმცა, საბოლოოდ ეს ტერიტორია სახელმწიფომ საკუთრებაში საქართველოს საპატრიარქოს გადასცა.

ამჯერად, პეტრას ციხესა და რეზიდენციას შორის მდებარე ტერიტორია სახელმწიფომ უპირობოდ ისე გაასხვისა, მინიშნებაც კი არ არის მის არქეოლოგიურ ღირებულებაზე. მითუმეტეს, დღეს ეს ტერიტორია არქეოლოგიური დაცვის ზონაშია.

„საპრივატიზებო ობიექტი [გაყიდული მიწის ნაკვეთი]მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მიმდებარედ, საქართველოს კანონის შესაბამისად კი, გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს მონაკვეთში, გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება; სარკინიგზო ლიანდაგთან სიახლოვის გამო მასზე რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები წინასწარ უნდა შეთანხმდეს სს „საქართველოს რკინიგზასთან“; საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მრავალწლიანი წიწვოვანი ნარგავები“ – აღნიშნული იყო მიწის აღწერილობაში, როცა ის აუქციონზე გაიტანა სახელმწიფომ.

ამ თემაზე:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

ამინდი ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ორშაბათს, 15 სექტემბერს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში შენარჩუნებული იქნება მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა.

15 სექტემბრის 21 საათიდან 16 სექტემბრის 21 საათამდე კი აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით წვიმა ელვა-ჭექა. ორშაბათს დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 3-8, დღისით 10-15 გრადუსი სითბო.

16 სექტემბრის ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, დღისით უმეტესად უნალექო. ხილვადობა: 4-10კმ. ტალღის სიმაღლე: 13-15 დმ(3-4ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +25,5 გრადუსი.

სამშაბათსა და ოთხშაბათს [17-18 სექტემბერს] აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა; დღის განმავლობაში კი ცვალებადი მოღრუბლულობა და ძირითადად უნალექო ამინდი.

 

ბათუმში 7 ახალი გაზსაცავის მოწყობაზე ნავთობტერმინალი გზშ-ს მოამზადებს

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას აპირებს; ასევე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელის რეკონსტრუქციას, რათა უზრუნველყოს 10 ათასი ტონა ტევადობის გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის დამონტაჟდება ახალი მილსადენები.

ამ პროექტის განხორციელებით, „ბათუმის ნავთობტერმინალი“ თხევადი გაზის გადატვირთვის მოცულობის თვეში 50 ათას ტონამდე, ანუ წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დაგეგმილი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის მომზადებას დაექვემდებარა.

„სკოპინგის პროცედურის შედეგად განსაზღვრული და დადგენილი იქნა დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ს ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი და გზშ-ს პროცესში დეტალურად შესასწავლი ზემოქმედებები“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გაცემულ სკოპინგის დასკვნაში.

სკოპინგის [პროცედურა გზშ-ს მომზადებამდე] ანგარიში „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ სამინისტროს 2019 წლის 11 ივლისს წარუდგინა, სკოპინგის დასკვნა კი, მინისტრის ბძანებით, 2019 წლის 12 სექტემბერს გაიცა. „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის მომზადება უზრუნველყოს სკოპინგის დასკვნის შესაბამისად.

სკოპონგის ანგარიშის მიხედვით – „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გაითვალისწინებს, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების პროცესში მოსალოდნელია გაიზარდოს ეკოლოგიური და სამრეწველო რისკები. მათ შორის:

  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიებით, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები;
  • ადგილი ექნება ზედაპირული წყლების ბუნებრივ ჩამონადენზე ზემოქმედებას.
  • მოსალოდნელია შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარე კუბასწყალის წყლის ხარისხის გაუარესების გარკვეული რისკები;
  • მოსალოდნელია ნარჩენების რაოდენობის ზრდა და შესაბამისი გაზრდილი ზემოქმედება გარემოზე და ა.შ.

„სკოპინგის ანგარიშში ნეგატიური ზემოქმედებების ხასიათი, მასშტაბები და შეფასება მოკლედ არის განხილული და ეს ყველაფერი დეტალურად განხილული იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის შესაბამის პარაგრაფებში“, – აცხადებს „ბათუმის ნავთობტერმინალი“.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს

მთავარი ფოტო: ბათუმის პორტი / გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირის N 2 ნავმისადგომზე გადატვირთვის პროცესი / ფოტო: სკოპინგის ანგარიშიდან

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის მარტიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ა.ხ. ბათუმში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გაახსნევინა ანგარიშები, თითოეულ ანგარიშზე გაააქტიურებინა ინტერნეტბანკი და გამოართვა საბანკო და სხვა პერსონალური მონაცემები. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ მათი გამოყენებით აიღო ონლაინსესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას – ჯამში, 56 345 ლარს და მიიმალა. 2019 წლის მარტში ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, რის შემდეგაც იგი ქვეყნის მასშტაბით იძებნებოდა,“ – აცხადებს შსს.

გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბათუმის თოჯინების თეატრი 83-ე თეატრალურ სეზონს კარნავალით გახსნის

ხვალ, 15 სექტემბერს, ბათუმის თოჯინების თეატრი 83-ე თეატრალურ სეზონს ხნის. სეზონს სპექტაკლი „ვეშაპი-კო“ გახსნის, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება. სპექტაკლის შემდეგ პატარებს და მათ თანმხლებებს შეეძლებათ მოიწყონ ფოტოსესია და დაათვალიერონ ძველი თოჯინები და აფიშები.

ძველი თეატრალური აფიშები ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. თეატრალური სეზონის გახსნასთან დაკავშირებით,  სტუმრებს მათი დათვალიერების საშუალება თოჯინების თეატრში ექნებათ.

19:00 საათზე გაიმართება სპექტაკლი „მერი პოპინსი“, საღამოს კი მუსიკალური ბენდი „ჩერი“ დახურავს.

თოჯინების თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, კარნავალზე მოქმედებს დრეს კოდი – სტუმრებს უნდა ეცვათ აკადემიურად და თან უნდა ჰქონდეთ კარნავალზე დასასწრები ნიღბები.

ბილეთები იყიდება როგორც თეატრის სალაროში, ისე  ელექტრონულად biletebi.ge-ზე.

აუტანელი სუნი და ანტისანიტარია – რატომ გამოიძახა მოსახლეობამ პოლიცია

ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის #8-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა მოთხოვნით, შეწყდეს მათი სახლის მიმდებარედ საზამთროების თვითნებური ვაჭრობა.

მოსახლეობის თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში ძალიან მძიმე სიტუაციაა, რადგან ადგილზე ჩერდება სატვირთო ტრაილერები, რის გამოც შეუძლებელია ბავშვების გასეირნება, ფანჯრების გაღება, რადგან გარემოვაჭრეები ქუჩაში ყრიან საზამთროს ნარჩენებს, ასევე გაფუჭებულ პროდუქტს, რის გამოც არის აუტანელი სუნი.

მერიის წარმომადგენელი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ორშაბათს გარემოვაჭრეები მათთვის განკუთვნილ ადგილზე გადავლენ.
ფოტო: ნანა კვაჭაძე/ბათუმელები

აქ მცხოვრებლებმა დღეს, 14 სექტემბერს, პოლიციაც გამოიძახეს. ადგილზე მივიდა მერიის წარმომადგენელი, რომელიც მოსახლეობას დაჰპირდა, რომ პრობლემა მოგვარდება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გარევაჭრობა კანონით აკრძალულია. ყველას გავაფრთხილებთ პატრულთან ერთად და მოგვარდება ეს საკითხი, გარემოვაჭრეები გადავლენ გოგოლის ქუჩაზე, სადაც მათთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი“, – ამბობს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნოშრევან საგინაძე.

საცხოვრებელ კორპუსებთან მოსახლეობა გარევაჭრობის წინააღმდეგია

მოსახლეობის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ორშაბათს გარემოვაჭრეების მანქანები  ჩხაიძის ქუჩაზე ისევ იდგებიან, ისინი საპროტესტო აქციას გამართავენ.

გაფუჭებული საზამთროს და ნესვის წვენი საცხოვრებელ კორპუსებთან  მიედინება. ტერიტორიაზე აუტანელი სუნი დგას.

„არა ცათამბჯენებს რივიერაზე!“ – მორიგი საპროტესტო აქცია კვირას გაიმართება

კვირას, 15 სექტემბერს, საზოგადოება „ბათომი“ და, ასევე, ბათუმის მცხოვრებთა ერთი ნაწილი რივიერას ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. აქცია – „არა ცათამბჯენებს რივიერაზე!“, „არა ბათუმის ჩაბეტონებას!“ –  მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, „ვარდების სკვერში“, 17:00 საათზე დაიწყება.

აქტივისტების განცხადებით, ბათუმი არ დათმობს საკუთარ ისტორიას და იდენტობას. ისინი მოითხოვენ შეჩერდეს პროექტი, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

აქტივისტები ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, კარგად შეაფასონ ის ეკოლოგიური საფრთხეები, რომელიც ბათუმს ემუქრება ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში.

აქტვისტები და სპეციალისტები მიუთითებენ ეკოლოგიურ საფრთხეებზე, რომელიც  შესაძლოა ამ  მშენებლობებმა გამოწივიოს. საუბარია იმაზე, რომ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობით გამოწვეული ჩარევების სიმძიმეს შესაძლოა ვერ გაუძლოს კონცხმა და ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონი ჩაიგრეს.

ამავე თემაზე:

ვაპროტესტებთ ბეტონის ბატონობას ქალაქზე [ფოტორეპორტაჟი]

ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერი ვაჟა ბ. დააკავეს.  

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა ბ-მ 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური მეტრი ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები, ქრთამის სახით შესთავაზა 1800 ლარი, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა,“- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ანაკლია ქვიშის მტვერს მიაქვს, უცნობია რას აპირებს ხელისუფლება [ვიდეო]

ანაკლიაში სტუმრად რომ მიხვალ, სანამ მასპინძელი სკამს შემოგთავაზებს, ჯერ მშრალი ტილოთი წმენდს მასზე სქლად დადებულ მტვერს. მტვერია ყველგან, ყველა სახლში – იატაკზე, ფანჯრებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე.

ახლა ანაკლიაში ყველაზე მეტად ამინდის პროგნოზი ფასობს – ადგილობრივები დღეში რამდენჯერმე აკონტროლებენ როგორია ქარის სიჩქარე. ძლიერი ქარი ნიშნავს, რომ მათი სახლები ისევ ქვიშით აივსება.

ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის 5 მილიონი კუბი ქვიშა ზღვის ფსკერიდან ამოიღეს და ამ ქვიშით 60 ჰექტარი ჭაობი დაფარეს. ახლა მშენებლობა გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. სანამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ცდილობს ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაალაგოს და მშენებლობა გააგრძელოს, ანაკლია ყოველი ქარის ამოვარდნისას ქვიშის მტვერში ეხვევა.

ხელისუფლებიდან პასუხისმგებლობას შექმნილ სიტუაციაზე არავინ იღებს, პორტის მშენებლები კი ამბობენ, რომ  ერთადერთი გამოსავალი – მშენებლობის გაგრძელებაა.

თორნიკე ბუბუტეიშვილი ანაკლიაში დაიბადა. 1900 წელს მისი ბაბუა გურიიდან ანაკლიაში გადასახლდა – „გაუგია, ანაკლიაში პორტს აშენებენო, ამდგარა და წამოსულა. ბაბუაჩემი მოკვდა. მამაჩემიც. აგერ მეც დავბერდი, პორტი კი ჯერ არ აშენებულა,“ – ამბობს თორნიკე.

თორნიკე ბუბუტეიშვილი და მისი მეზობლები ანაკლიაში  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თორნიკეს და სხვა ანაკლიელებს ანაკლიაში შევხვდით.

„ხვალ ზუგდიდში უნდა წავიდე და წამლები ვიყიდო, სუნთქვა მიჭირს, ალერგიას მაძლევს ეს მტვერი,“ – გვეუბნება ოთარ ქირია.

„ბინა მაქვს აქ და თვეში ერთხელ ჩამოვდივარ. ახლა დასასვენებლად ჩამოვედი. ბინაში რომ შევედი სილით დამხვდა სავსე. ვინმე არაა გამკითხავი, დაკეტილ სახლში სილა  გვხვდება, ამაზე ვინმეს პასუხი ხომ უნდა ჰქონდეს, რატომ?“ –  კითხულობს ავთანდილ კოჩაძე.

„დღეს 10-12 მეტრია წამში და იმდენი მტვერი არაა.  შეხედეთ ამ ძაღლს, ადრე თეთრი იყო, ახლა გაშავებულია ლამის. ხილი დააბინძურა ამ მტვერმა, ისიც არ ვიცით არის თუ არა სახიფათო ჯანმრთელობისთვის. მთავრობიდან არავინ მოსულა და არსებული მდგომარეობა არ შეუსწავლია,“ –  გვეუბნება თორნიკე ბუბუტეიშვილი.

ლალი შელიას სახლის ერთ-ერთი ოთახი, რომელიც ქვიშითაა დაფარული

10 სექტემბერს ქარისგან სახლში შეტანილი ქვიშის კვალი ბევრ ოჯახშია შემორჩენილი. ყველაზე მძიმე სიტუაცია ლალი შელიას სახლშია. საწოლებიც კი წვრილი ქვიშა-სილითაა დაფარული.

„15 დღე უნდა ამის დალაგებას. დავიწყეთ, მერე ისევ ამოვარდა და ისევ შემოიტანა. გაუსაძლის დღეში ვართ,“ – ამბობს ლალი შელია. მისი სახლი ზუსტად იქ დგას, სადაც პორტი შენდება. ლალის სახლის აივნიდან ქვიშის დიუნები ჩანს.

„თუ დროზე არ მოგვხედავენ, ანაკლია საჰარას დაემსგავსება,“ – ამბობენ ანაკლიაში.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე?

ანზორ მანწკავა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ რეგიონალური დირექტორი ამბობს, რომ მცდელობა, შექმნილი მდგომარეობა გამოესწორებინათ, არ დაუკლიათ. თუმცა მისი ბოლომდე მოგვარება შეუძლებელია.

„ოთხი მანქანა ვიქირავეთ, რომელიც წყლით რწყავს ამ ტერიტორიას. მაგრამ იმდენად დიდი ტერიტორიაა – 60 ჰექტარი… ქვიშა მალე შრება. ეს მეთოდი არ აღმოჩნდა ეფექტური. გუშინწინაც ქარმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ამის ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დროზე  უნდა დავიწყოთ მშენებლობა და შევთანხმდეთ ყველაფერზე მთავრობასთან, რომ დროზე შევიყვანოთ ტექნიკა. სხვანაირად 60 ჰექტარზე დაყრილ ქვიშას არ უშველის არაფერი,“ – ამბობს ანზორ მანწკავა.

მისივე თქმით, როდესაც მშენებლობა დაიწყება, იქ, სადაც ახლა ქვიშაა, ბეტონის მოედანი მოეწყობა.

[red_box]ხელისუფლების პასუხისმგებლობა[/red_box]

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ზუგდიდის მერიას, გვაინტერესებდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ შეისწავლა ანაკლიაში არსებული სიტუაცია და რა დაადგინა.

„თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ, გაესაუბრნენ სკოლის დირექტორს. არ დაფიქსირებულა ფაქტი, რომ რაიმე ზიანი მიადგა რომელიმე ოჯახს. არც პირად საუბრებში უთქვამთ და არც ოფიციალურად,“ – გვითხრეს  ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება ცენტრალურ ხელისუფლებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ მათ ვერანაირი რეაგირება ვერ ექნებათ ამ სიტუაციაზე, რადგან „სახელმწიფოს  მონაწილეობა ამ პროექტში არის სულ სხვა განზომილებაში და სხვა წესებს და შეთანხმებებს ეხება“.

სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ ამ კონკრეტული პრობლემის (ქვიშის მტვერი ანაკლიაში) მოგვარებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და  ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახური უნდა ჩაერთოს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ სამინისტროში ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმის პოზიციაზე, რომ პრობლემიდან გამოსავალი პორტის მშენებლობის გაგრძელებაა.

„ჩვენც მოხარულები ვიქნებით თუ ისინი გააგრძელებენ მუშაობას,“ –  განგვიცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა

ბათუმის მე-18 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, დახარჯულია 622 ათასი დოლარი 

„ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდის პროექტის ფარგლებში, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სკოლა 16 სექტემბერს განახლებული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე აღჭურვილობით დაიწყებს ახალ სასწავლო წელს. ფონდმა სკოლის რეაბილიტაციაზე 622 ათასი აშშ დოლარი დახარჯა.

შესაბამისი ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილია სკოლის ლაბორატორიები, რაც აუცილებელია ექსპერიმენტების ჩატარებისთვის. მოსწავლეები ქიმიაში ცდების ჩატარების დროს ჩაიცვამენ შესაბამის ტანსაცმელს, მათი უსაფრთხოება დაცული რომ  იყოს. სამუშაო ოთახში დამონტაჟდა გამწოვი სისტემები.

სამუშაო ოთახში დამონტაჟდა წყლის სისტემაც, რაც ასევე დაეხმარება მოსწავლეებს ექსპერიმენტების უსაფრთხოდ ჩატარებაში.  როგორც სკოლის დირექტორი რუსუდან დავითაძე გვიხსნის, ლაბორატორიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სრულყოფილად იმუშაონ.

მულაჟები ბიოლოგიის გაკვეთილებისთვის

„გაკვეთილები ბევრად უფრო საინტერესო გახდება, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ სწავლა ექსპერიმენტების პარალელურად. ძალიან მიხარია, რომ ეს დღე დადგა და შევძლებთ გაკვეთილების ჩატარებას ლაბორატორიაში“, – გვეუბნება დონარი გეგიძე, მე-18 სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

განახლებული სპორტული დარბაზი მე-18 საჯარო სკოლაში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მისი თქმით, მოსწავლეებს მხოლოდ თეორიით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ვერ შეაყვარებ. „ახლა ბავშვი თვითონ დაინახავს რა უნდა გააკეთოს, თვითონ მოიძიებს, უშუალოდ იქნება პროცესებში ჩართული და დარწმუნებული ვარ, მათი მოტივაცია ბევრად მაღალი იქნება“, – გვეუბნება მასწავლებელი.

მასწავლებლის თქმით, ლაბორატორიაში ყველა პირობაა შექმნილი როგორც ქიმიისა და ფიზიკის, ასევე ბიოლოგიის გაკვეთილების საინტერესოდ ჩატარებისთვის.

ლაბორატორიაში დამონტაჟებულია წყლის სისტემები და აღჭურვილია ექსპერიმენტებისთვის საჭირო ჭურჭლით

ფონდმა სკოლას ქიმიური ექსპერიმენტებისთვის  საჭირო რეაქტორებიც შეუძინა, რომელიც დირექტორის თქმით, მინიმუმ ხუთი წელი ეყოფათ.

განახლდა როგორც სკოლის ფასადი, ასევე იატაკი, ჭერი, კომუნიკაციები, გათბობის სისტემა. ცალკე განთავსდა საქვაბე. სკოლაში თანამედროვე სტანდარტებითაა გაკეთებული სველი წერტილები. საპირფარეშოებში დამონტაჟდა ჰაერის გამწმენდი სისტემაც.

სკოლას აქვს ადაპტირებული საპირფარეშო, ადაპტირებულია სკოლის შესასვლელიც, რაც იშვიათობაა საჯარო სკოლებში.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა ფედოტოვა გვეუბნება, რომ სკოლაში ძირფესვიანი ცვლილება მოხდა და არსებულთან შედარებაც კი არ შეიძლება.

სკოლაში თანამედროვე სტანდარტებითაა გაკეთებული საპირფარეშოები

„აქამდე კათედრებს არ ჰქონდა დამოუკიდებელი ოთახი და კომპიუტერები, ახალა ყველა  პირობაა შექმნილი, რომ უფრო მეტად დავიხარჯოთ და ვიმუშაოთ შემოქმედებითად. თუ აქამდე გვზღუდავდა ტექნიკური თუ სხვა ტიპის პრობლემები, ახლა მეტი სტიმული გვაქვს, რომ უკეთ ვიმუშაოთ“, – გვეუბნება ის.

განახლდა სკოლის სააქტო და სპორტული დარბაზებიც.  ამჟამად მიმდინარეობს სკოლის ეზოს კეთილმოწყობა. სკოლის შენობა და ეზო რამდენიმე ჰექტარია

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია მე-18 საჯარო სკოლაში

„ირგვება მცენარეები, გაკეთდა ღობე, დაგეგმილია სპორტული მოედნის კეთილმოწყობა, რომელიც აჭარის განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე მოვახერხებთ ამ სამუშაოების დასრულებასაც“, – გვეუბნება დირექტორი.

მე-18 საჯარო სკოლაში თამარის დასახლებაში [ბენზე] მდებარეობს. ამ სკოლაში 1200-მდე ბავშვი სწავლობს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში საქართველოში არაერთი საჯარო სკოლა განახლდა. სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით, 54 მილიონი დოლარი დახარჯა.

ავტომობილის მოპარვის მცდელობის ფაქტზე ბათუმში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ძ.-მ ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბათუმი-სუფსის საავტომობილო გზის სუფსის მონაკვეთზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი ამოღებულია ნივთმტკიცებად“-ნათქვამია შსს განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, მ.ბ. პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ბათუმში, ზვიად გამსახურიდას ქუჩიდან მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

„ქუცნაშვილის ცოლმა მკითხა, ვის უწოდე შენ მონაო და სახეში გამარტყა“ – კონფლიქტი გონიოს პლაჟზე

გონიოს პლაჟზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტი, ირაკლი არეშიძე გონიოს პოლიციამ უკვე გამოკითხა. ირაკლი არეშიძის თქმით, მას ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სახეში ხელი გაარტყა.

„თავიდან სასტუმროს აივნიდან დავინახე, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ჩემს ნაცნობ ქალებს ეკამათებოდა. დავუძახე, გავრილოვის მონა ხარ, შენ გამო ხალხი ციხეში ზის-მეთქი. ჩამოდი, აბა, ქვემოთო, დამიძახა, მაგრამ არ ჩავედი… შემდეგ ჩემოდნები ჩავალაგე, სასტუმროს დღეს ვტოვებდი და შესასვლელთან ზაქარია ქუცნაშვილი ცოლთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად დამხვდნენ. დაცვის თანამშრომელმა მკითხა, რა ხდებოდაო და ვუთხარი, რომ უბრალოდ, პროტესტი გამოვხატე. მერე ქალმა მკითხა, ვის უწოდე შენ მონაო და შენს მეუღლეს-მეთქი. ამ დროს გამარტყა ხელი სახეში… ზაქარია ქუცნაშვილი კონფლიქტში არ ჩარეულა,“ – გვიყვება ირაკლი არეშიძე.

ირაკლი არეშიძის თქმით, ადგილზე მისულ პოლიციას არ მოუხდენია იდენტიფიცირება, ვინ მონაწილეობდა კონფლიქტში და გამოკითხვაზე ამ კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები არ წაუყვანიათ. ირაკლი არეშიძე ასევე ამბობს, რომ ამ შემთხვევას კიდევ ორი პირი შეესწრო.

„ბათუმელებმა“ სცადა ზაქარია ქუცნაშვილთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.

 

ასაკის გამო დაზღვევაზე უარი – სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

სადაზღვევო კომპანია „არდის“ წინააღმდეგ სახალხო დამცველმა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. ამ კომპანიამ 1943 წელს დაბადებულ ს. ხ.-ს და 1937 წელს დაბადებულ ა. გ.-ს სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა. კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის დოკუმენტითაა დადგენილი ზღვრული ასაკი, რაც „დაზღვევის მომსახურებაზე ერთმნიშვნელოვანი უარის თქმის საფუძველია“.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მსგავსი დამოკიდებულება ასაკოვანი ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება. „ამასთან, სადაზღვევო კომპანიების მსგავსმა ბლანკეტურმა მიდგომამ, შესაძლოა, მიუწვდომელი გახადოს ხანდაზმული ადამიანებისთვის სამოგზაურო დაზღვევა, რაც, თავის მხრივ, მიმოსვლის თავისუფლების უფლებაში ჩარევასაც გულისხმობს,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

რეკომენდაციაში ასევე მითითებულია, რომ ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, შესაძლოა, რაციონალურ ფაქტორებსაც ემყარებოდეს და სოციალურ, ეკონომიკურ მიზნებს ემსახურებოდეს, თუმცა, შესაძლოა, განზოგადებულ დასკვნებს და სტერეოტიპებსაც ეფუძნებოდეს.

„ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვერპლი შეიძლება გახდნენ როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმული ადამიანები. ეს ვარაუდები და დასკვნები ხშირად შეცდომაში შემყვანია და ვერ ასახავს ადამიანების ინდივიდუალურ მრავალფეროვნებას. ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია ისეთ ნეგატიურ სოციალურ შედეგებსაც იწვევს, როგორიცაა საზოგადოებისგან ხანდაზმული ადამიანების გარიყვა და საბაზისო სერვისებსა და პროდუქტებზე მიუწვდომლობა“, – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენმა „არდს“ მიმართა რეკომენდაციით არ დაადგინოს ასაკი, როგორც მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძველი და ამ საფუძვლით მომსახურების გაწევაზე უარი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში წერილობით დაასაბუთოს.

რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა

მთავრობის მაღალჩინოსნების ქონებრივ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, შეიძლება დაზუსტებით  ვთქვათ, რომ ისინი საკუთარი შვილებისთვის საჯარო სკოლას იშვიათად ირჩევენ და ძირითადად კერძო სკოლებს მიმართავენ. ეს მომსახურება მათ საკმაოდ ძვირი უჯდებათ, გადასახადი კი ასევე ხშირად არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ აშშ დოლარში ან ევროშია გამოხატული.

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლოს დეკლარაცია 2019 წლის 30 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში შეავსო. ამ დეკლარაციაში მან 2018 წლის მონაცემები შეიტანა. პრემიერს შვილის სწავლის საფასურის სახით გასულ წელს 5 220 ევრო გადაუხდია, იგივე თანხა აქვს მას მითითებული  წინა წლების მონაცემებშიც. ამავე დეკლარაციაში მითითებული თარიღების მიხედვით პრემიერის შვილი სკოლის მოსწავლეა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ კი, გასულ წელს სკოლის ასაკის სამი შვილის სწავლისთვის 7000 ევრო გადაიხადა. ამის შესახებ მან ქონებრივ დეკლარაციაში ჩაწერა.  რომელ სკოლაში სწავლობენ მინისტრის მოადგილის შვილები, კახაბერ საბანაძის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

2000 გირვანქა-სტერლინგი შეიტანა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გასულ წელს შვილის, ნატა ხატიაშვილის ანგარიშზე. ეს დეკლარაცია მინისტრმა 2019 წლის 31 იანვარს შეავსო და 2018 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდს ასახავს. წინა წლის დეკლარაციის მიხედვით კი [2017 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდი] ცქიტიშვილმა შვილის ანგარიშზე თანხა სამჯერ შეიტანა. ამ შენატანმა ჯამში 59 000 დოლარი და 7407 გირვანქა-სტერლინგი შეადგინა. გარდა ამისა, მან დანახარჯებში ცალკე მიუთითა 8 316 ლარი, როგორც ნატა ხატიაშვილის სწავლის ღირებულების თანხა.

მაია ცქიტიშვილის შვილი სავარაუდოდ სტუდენტია.

3 524 ევრო მიუთითა ორი შვილის სწავლის წლიურ საფასურად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 2019 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში. მან დეკლარაციაში ჩაწერა ისიც, რომ შვილებს გერმანულ სკოლაში ასწავლის.

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გასულ წელს შვილის სწავლის საფასურის სახით 6 775 ლარი გადაიხადა. ეს დეკლარაცია მინისტრმა 2019 წლის 13 აგვისტოს შეავსო და ის 2018 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ამავე დეკლარაციაში წერია, რომ შვილის სწავლის საფასურის სახით 2200 აშშ დოლარი გადაიხა მისმა მეუღლემ ნინო დოლიძემაც. დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, მინისტრის შვილი სასკოლო ასაკის, 16 წლისაა.

გასულ წელს  სასკოლო ასაკის ორი შვილის სწავლის საფასურის სახით 8000 ევრო გადაიხადა განათლების მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ. მას იგივე თანხა აქვს გადახდილი 2017 წელსაც. განათლების მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ ირინე აბულაძემ კი შვილის სწავლის გადასახადის სახით, გასულ წელს, 9900 ლარი გადაიხადა.

შვილების სწავლის საფასურის სახით გასულ წელს 5 400 ევრო გადაიხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კი, ორი შვილის სწავლის საფასურის სახით გასულ წელს 5 600 ლარი გადაუხდია.

შვილების განათლებისთვის სოლიდურ თანხას ხარჯავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც. მისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის აგვისტოშია შევსებული და 2017 წლის, ნაწილობრივ კი, 2018 წლის მონაცმებს მოიცავს. ამავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრმა სკოლის ასაკის უმცროსი შვილის  სწავლის საფასურის სახით გადახდილ თანხად 22 000 ლარი, ხოლო მეორე სრულწლოვანი შვილის სწავლის გადახდილ საფასურად 16 150 ლარი მიუთითა.

4500 ლარი გადაუხდია გასულ წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, აკაკი საღირაშვილს  სასკოლო ასაკის შვილის სწავლის გადასახადის სახით, ხოლო ბაღის ასაკის შვილისთვის  – 3600 ლარი.

24 483 ლარი აქვს გასულ წელს გადახდილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ალავიძეს. მისი ერთი შვილი სრულწლოვანია, ორი – არასრულწლოვანი. ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2019 წლის 10 მაისიდან მუშაობს.

20 520 ლარი გადაიხადა ორი შვილის სწავლის საფასურის დასაფარად ნინო ენუქიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ამავე თემაზე:

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 29 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 257 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის  აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 29 ფაქტი.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 31 სამართალდარღვევა გამოავლინეს. იმერეთში – 23, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -17, შიდა ქართლშიც – 17, მცხეთა-მთიანეთში – 9,  გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6-6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 2 ფაქტი დაფიქსირდა. თბილისში, აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 970 კუბ/მ-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი და ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“  – აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

ამავე დეპარტამენტის ინფორმაციით, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი; შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით აწარმოებს.

 

მთავარი ფოტო: დაურეგისტრირებელი სახერხი / ფოტო: დეპარტამენტი

ქებული კლიმატი წარმოგიდგენთ 2019 წლის ექსკლუზივს კომპანია Haier-ისგან

კომპანია „ქებული კლიმატი“ გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. 14-წლიანი გამოცდილებითა და პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ბაზარზე.

კომპანია 13 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მაშტაბით, მათ შორის ბათუმშიც, 26 მაისის ქუჩა #59-ში.

„ქებული კლიმატი“ ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია Haier-ის, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვებში ლიდერი კომპანიაა და 1984 წლიდან დღემდე მას არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

2019 წლის ექსკლუზივი : Haier Aquila გათბობისა და ცხელი წლით მომარაგების ქვაბის ინოვაციური და ენერგოეფექტური მოდელი. მას გააჩნია გარე ტემპერატურის სენსორი, რომელიც რეაგირებს გარე ტემპერატურის ცვლილებაზე და სტაბილური ტემპერატურის შესანარჩუნებლად ავტომატურად ახდენს ქვაბის მუშაობის მოდულირებას, რაც მის ეკონომიურობასა და კომფორტული რეჟიმის შენარჩუნებაზე აისახება.

თქვენი საიმედო არჩევანი!

www.qebuli-climate.ge

Exit mobile version