მთავარი,რეკლამა,სიახლეები,ჯანმრთელობა

„გადამწყვეტია პირველი საათები“- ყველაფერი, რაც ინსულტზე უნდა ვიცოდეთ

27.11.2019 • 8267
„გადამწყვეტია პირველი საათები“- ყველაფერი, რაც ინსულტზე უნდა ვიცოდეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ავადდება ინსულტით. კვლევები აჩვენებს, რომ ინსულტით ყველაზე ხშირად განვითარებად ქვეყნებში ავადდებიან. მსოფლიოში ინსულტის შემთხვევების ორი მესამედი სწორედ განვითარებად სამყაროზე მოდის,  თუმცა ინსულტი გლობალური პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, სადაც მედიცინა კარგადაა განვითარებული.

რა იწვევს ინსულტს, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანს ამ დროს და რატომ არის გადამწყვეტი პირველი საათები? – ამ საკითხების შესახებ მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური ჰოსპიტლის, „მედცენტრის“ ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯამბულ მაკარაძე საუბრობს.

რა არის ინსულტი და  როგორ ამოვიცნოთ დაავადების ნიშნები?

ინსულტი თავის ტვინის სისხლძარღვოვანი მიზეზით გამოწვეული დაზიანებაა, რომელიც 24 საათზე მეტხანს გრძელდება ან მთავრდება სიკვდილით 24 საათის განმავლობაში.

არსებობს 2 სახის ინსულტი:  იშემიური, ანუ ტვინის ინფარქტი  და ჰემორაგიული ინსულტი ანუ სისხლჩაქცევა ტვინში. ორივე ტიპის ინსულტისთვის ხშირად დამახასიათებელია:

  • სახის ასიმეტრია რომელიმე მხარეს;
  • ხელის, ფეხის ან ორივეს დაბუჟება ერთად;
  • ძალის დაქვეითება;
  • პაციენტის გაბრუება;
  • წონასწორობის დაკარგვა;
  • მხედველობის ველის დარღვევა;
  • გულისრევა, ღებინება და ა.შ.

რა იწვევს ინსულტს და რა არის ამ დაავადების რისკ-ფაქტორები

ისევე, როგორც დაავადებათა უმრავლესობას, ინსულტსაც თავისი რისკ-ფაქტორების სპექტრი აქვს. ზოგადად ინსულტი პოლიეტიოლოგიური დაავადებაა – მრავალი მიზეზი აქვს. რისკ-ფაქტორი არის სხვა დაავადება ან ცხოვრების სტილი, ჩვევა, რომელიც უფრო მეტად ახასიათებს ამ დაავადების მქონე ადამიანებს, ვიდრე დანარჩენ პოპულაციას.ეს რისკ-ფაქტორებია:

  • ცხოვრების სტილი, მავნე ჩვევები: ნიკოტინის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ნარკოტიკი მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკს;
  • ორივე ტიპის ინსულტის რისკ-ფაქტორია არტერიული ჰიპერტენზია ანუ მაღალი წნევა;
  • იშემიური ინსულტის ერთ-ერთი უხშირესი გამომწვევი ასევე არის გულის მოციმციმე არითმია, ანუ წინაგულთა ფიბრიდაცია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • პერიფერული ან კისრის მსხვილი არტერიების ათეროსკლეროზი;
  • დისლიპიდემია (ქოლესტერინის ცვლის დარღვევა)
  • გულის სხვადასხვა დაავადებები: გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის მანკები და ამ დროს ჩატარებული ოპერაციები, როცა იქმნება ხელოვნური სარქვლები

ეს უკანაკნელი გულიდან გამომავალი ემბოლებით განპირობებული ინსულტის რისკებია.

ყველა ზემოთჩამოთვლილი დაავადების მატარებლები ინსულტის მაღალი რისკის ქვეშ მყოფები არიან. ინსულტი შეიძლება განვითარდეს ქოლესტერინის ცვლის დარღვევით მიმდინარე პროცესების დროსაც.

ასაკთან ერთად ინსულტის რისკი იზრდება. ხანდაზმულობაში რისკების დაგროვება-კუმულაცია ხდება, რის შედეგადაც თითქოს გეომეტრიული პროგრესით იზრდება ინსულტის რისკი. მაგალითად იშემიური ინსულტის რისკი 80 წლის ადამიანს 30 ჯერ მეტი აქვს ვიდრე 50 წლისას.

ინსულტი ზოგადად ასაკოვანი ადამიანების დაავადებაა, მაგრამ გვხვდება ძალიან ახალგაზრდებშიც. ამ დროს მისი განმაპირობებელი არტერიული ჰიპერტენზია, მაგალითად ახალგაზრდა ქალებში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების, კონტრაცეპტივების ხშირმა მოხმარებამ  შესაძლებელია გამოიწვიოს ინსულტი. ამ დროს ვითარდება ე.წ. ტვინის ვენური ინფარქტები, ტვინიდან გამომავალ ვენებში ჩნდება თრომბი, ვენებში გუბდება სისხლი და შესაბამისად ზიანდება ტვინის მიმდებარე ქსოვილი – ეს იშვიათი, მაგრამ მძიმე ფორმის ინსულტია.

ზოგადად ინსულტი უფრო მამაკაცების დაავადებაა, რადგან ამ დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორები უფრო მამაკაცებშია გავრცელებული.

თრომბოლიზისი – როგორ მოქმედებს ინსულტის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი „მედცენტრში“

იშემიური, ანუ ტვინის ინსულტის დროს თავის ტვინის მკვებავი რომელიმე არტერია იხშობა თრომბით და თუ ის არ გაიხსნა, ამ დროს ტვინის ნაწილი, რომელსაც ეს სისხლძარღვი კვებავს, განიცდის სისხლნაკლებობას, შედეგად ყალიბდება ტვინის ინფარქტი.

აჭარაში „მედცენტრის“ ინსულტის მიმართულება  ყველაზე მეტად უახლოვდება მსოფლიო სტანდარტებს. აქ უკვე ინერგება უახლესი მეთოდით, სისტემური თრომბოლიზისით მკურნალობის პრაქტიკა, რაც გულისხმობს იშემიური ინსულტის პირველივე საათებში ინტრავენურად ნივთიერება ალტეპლაზას შეყვანას, რომელსაც  აქვს თრომბის დაშლის და არტერიაში სისხლნაკადის აღდგენის უნარი.

თრომბოლიზისის ჩასატარებლად  საჭიროა  პაციენტთა სიფრთხილით შერჩევა  ჩვენებების და უკუჩვენებების  გათვალისწინებით. დროის ფაქტორი გადამწყვეტია და პროცედურა უნდა ჩატარდეს ინსულტის დაწყებიდან პირველ  სამ, მაქსიმუმ ოთხსაათ-ნახევარში.

„მედცენტრის“ ინსულტის ცენტრში არის სრული მზაობა, დროულად მიიღონ ინსულტიანი პაციენტები. იშემიური ინსულტის დროს,  ერთეულ შემთხვევებში, შესაძლებელია მექანიკური ბრძოლაც ტვინის ინფარქტთან. ამ დროს დაზიანებული სისხლძარღვის სანათურში არსებულ თრომბს მექანიკურად გამოდევნიან – ამ პროცესს მექანიკური  თრომბექსტრაქცია   ქვია. ამ შემთხვევაში პაციენტის შველა შესაძლებელია ინსულტიდან პირველი ექვსი საათის განმავლობაშიც. ექსტრაქცია საკმაოდ რთული მექანიკური პროცედურაა და შესაძლებელია მოგვცეს გარკვეული ეფექტი, თუმცა არა ყოველთვის.

ნევროლოგიის განყოფილება „მედცენტრში“

რა კვალს ტოვებს ინსულტი ადამიანზე

ინსულტი მთელს  მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის შრომისუუნარობის გამომწვევ  მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა, ვინაიდან  ინსულტი ხშირად იწვევს კიდურების დამბლას,  მხედველობის, მეტყველების, კომუნიკაციის უნარების დარღვევას.  ავთვისებიან სიმსივნეებთან და გულის იშემიურ დაავადებებთან ერთად ინსულტი სიკვდილიანობის გამომწვევი დაავადებების სამეულში შედის.

ინსულტის გადატანის შემდეგ პაციენტთა ერთი ნაწილი შესაძლოა დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას, ეს ხდება მაშინ, როცა ტვინის დაზიანების უბანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არ არის, დაზიანების კერამ  შეიძლება არ დატოვოს რაიმე მნიშვნელოვანი დეფექტი, მაგრამ ასე იშვიათად ხდება.

ზოგადად ინსულტგადატანილებს უხშირესად  სჭირდებათ კვალიფიციური ნეირორეაბილიტაცია, რაც რეალურად პირველი თვეების და ნახევარი წლის განმავლობაში უფრო მიღწევადია,  ვიდრე მოგვიანებით. თავის ტვინს გააჩნია უნიკალური თვისება: ნეიროპლასტიურობა, ანუ ტვინის ქსოვილის ნაწილი ინსულტისას ნეკროზდება და მისი ფუნქციონირება გამორიცხულია, მაგრამ მიმდებარე ჯანსაღი ქსოვილი დროთა განმავლობაში ითავსებს დაკარგულ  ფუნქციებს და ასე ხდება პაციენტის რეაბილიტაცია – ხელ-ფეხის ამუშავება, კომუნიკაციის უნარების აღდგენა და ა.შ.

როგორ უნდა დავეხმაროთ ინსულტისას პაციენტს კლინიკაში გადაყვანამდე

პირველ რიგში დროულად უნდა დავუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას. ინსულტი, ურგენტული, ანუ გადაუდებელი საჭიროების მქონე დაავადებაა და აქ გადამწყვეტი ფაქტორი დროა.

სანამ სასწრაფო მოვა, ვეცადოთ ადამიანი იწვეს და არ ჰქონდეს სუნთქვის პრობლემები, ირგვლივ არ ეხვიოს ხალხი, არ ჩავერიოთ მედიკამენტოზურად მაღალი წნევის შემთხვევაშიც კი – ამან შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს თავის ტვინი. პაციენტი ინსულტისას სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

როგორ დავიცვათ თავი ინსულტისგან

ინსულტის გამომწვევ რისკ-ფაქტორებზე ზემოქმედება ინსულტის რისკის შემცირებას ნიშნავს – ეს არის ამ დაავადების პრევენცია. ინსულტის გამომწვევ რისკ-ფაქტორების შორის გამოყოფენ მოდიფიცირებად და არამოდიფიცირებად  ფაქტორებს – ანუ მიზეზებს, რაზეც შეიძლება ჩვენი ნებით ვიმოქმედოთ და მიზეზებს, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ჩნდება.

მოდიფიცირებადია, მაგალითად, ნიკოტინის მოხმარების ჩვევაზე უარის თქმა, რაც პრევენცია იქნებოდა არა მხოლოდ ინსულტის, არამედ  გულის ინფარქტის, ფილტვის კიბოსდა  სხვა არაერთი დაავადებისა.

უმოძრაო ცხოვრები სტილიც ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია, რაც შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სპორტით – ფიზიკური აქტიურობა ხელს უშლის არტერიული ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჭარბი წონის განვითარებას.

ცხოველური ცხიმი,  ქოლესტერინი, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია იშემიური ინსულტის განვითარებისა, ამიტომ უარი უნდა ვთქვათ მის ჭარბ მოხმარებაზე, მივირთვათ ბევრი ხილი და ბოსტნეული, (ე.წ. ხმელთაშუა ზღვის ტიპის დიეტა) – ჯანსაღი კვების რეჟიმი ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან თავის არიდების საშუალებაა.

დადასტურებულია, რომ სუფრის მარილი ვნებს მაღალწნევიანებს. უმჯობესია თუ ამ პროდუქტს საერთოდ ამოვიღებთ ხმარებიდან ან უკიდურესად შევამცირებთ მის დოზას.

ინსულტის გამომწვევ  მძლავრ  რისკ-ფაქტორებად ითვლებაე.წ. ათეროგენული რისკ-ფაქტორები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რადგან თავის ტვინის დაზიანება სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებული ფორმაა. მაგალითად,  ძალიან გავრცელებულია  არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ინსულტიანი პაციენტების 80-90 პროცენტს აღენიშნება.  პაციენტების ნაწილი არტერიულ ჰიპერტენზიას ხშირად მხოლოდ რამდენიმე კვირა ან ერთი-ორი წელი მკურნალობს, თუმცა ეს ქრონიკული დაავადებაა და მუდმივად და განუწყვეტლივ  სჭირდება მკურნალობა.

ინსულტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შაქრის კონტროლი – შაქრიანი დიაბეტისას.

იშემიური ინსულტის მძლავრი  რისკ-ფაქტორია წინაგულთა ფიბრილაცია ანუ  მოციმციმე არითმია. ის  ხელს უწყობს გულის მარცხენა წინაგულის  ყურში თრომბის წარმოქმნას, რომელიც მიედინება სისხლთან ერთად, ეს სისხლის ნაკადი როგორც წესი,  პირველ რიგში თავის ტვინის დიდ მაგისტრალურ არტერიებში ხვდება. მოციმციმე არითმიის დროს პაციენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს მუდმივად ანტიკუაგულანტები, ეს იქნება ამ დაავადების მატარებლებისთვის ინსულტისგან თავდაცვის საშუალება.

„მედცენტრი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: