ფერდსამაგრი კედელი, რომელიც ბათუმის მერიის დაკვეთით 2018 წელს აშენდა და რაშიც ბიუჯეტიდან 26 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, დასანგრევია. კედლის დემონტაჟისთვის ფული, 6 300 ლარი ისევ ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დემონტაჟის შემდეგ კი, მერიამ ისევ ახალი კედელი უნდა ააშენოს.
საუბარია მახინჯაურის დასახლებაში, ჰორტენზიის ქუჩა N4-ში არსებულ ფერდსამაგრ კედელზე, რომელიც დაზიანებულია. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით:
„აღნიშნულ მისამართზე, ორსართულიანი შენობის წინ შიდა საუბნო გზის მხარეს აგებულია ბეტონის ფერდდამცველი კედელი, რომელიც თავდაპირველად 2019 წლის სექტემბრის თვეში უხვი ატმოსფერული ნალექის გამო დაზიანდა და გადაიხარა ფერდის დახრის მიმართულებით… გადაუდებელი ვითარების დადგომა გამოიწვია ფერდსამგარი კედლის დაზიანებამ, რისი სასწრაფო დემონტაჟიც აუცილებელია, რათა ავიცილოთ თავიდან გადახრილი კედლის თვითნებური ჩამონგრევა და საზოგადოებრივი და სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კედლის დაზიანება და გადახრა შენიშნული იქნა მოსახლის მიერ შემოდგომის უხვი ნალექების მოსვლის შემდეგ, რაც წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული“.
რატომ ვერ გაუძლო „უხვ ნალექს“ კედელმა, რომელიც, ერთი წელიც არ არის გასული, რაც სტიქიის შედეგის სალიკვიდაციოდ აშენდა? – ამ კითხვაზე პასუხად სამმართველოში გვითხრეს, რომ „სტიქიის მასშტაბებს წინასწარ ვერ განსაზღვრავ“.
„შარშან ამ კედლის აშენებაში 26 646 ლარი დაიხარჯა. შემსრულებელი იყო ინდმეწარმე ჯემალ ირემაძე. ეს კედელი არ დაზიანებულა, უბრალოდ, რადგან სტიქია მოხდა, შემდეგ სტიქიას ვეღარ გაუძლებს… ეს კედელი რომ არ ყოფილიყო სავალალო მდგომარეობა იქნებოდა – საცხოვრებელ სახლს წაიღებდა იმდენად დიდი მასშტაბის სტიქია იყო მაგ მისამართზე. ოდნავ გადმოიხარა კედელი. ამჯერად დაიშალოს უნდა და ახალი გაკეთდეს, რათა შემდეგი სტიქიის შემთხვევაში გაუძლოს“, – გვითხრეს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესსამსახურში.
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „სამმართველოში მოწოდებული იქნა გეოლოგიური სამსახურის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა და 5 ნოემბერს გაიგზავნა შეტყობინება ზემდგომ ორგანოში უბნის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო – ძლიერი წვიმების შედეგად განვითარდა მეწყრული პროცესები, რამაც საფრთხე შეუქმნა საავტომობილო მოძრაობას და ქუჩით მოსარგებლე მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას… სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ გადაწყდა ფერდსამაგრი კედლის დემონტაჟისა და ამ სამუშაოებისათვის თანხის [6300 ლარი] გამოყოფა… მომზადებული იქნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ბათუმის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა საჭირო თანხა“.
სამმართველო კედლის დემონტაჟისთვის ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერის გარეშე გეგმავს, ვინაიდან „ტენდერის თავისებურებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებას დასჭირდება მინიმუმ 40 დღე, ამ ხნის განმავლობაში შეიძლება დადგეს სავალალო შედეგი. ვინაიდან კედელი განიცდის თანდათანობით გადახრას და ჩამოშლას, ამავე დროს მოსალოდნელი ნალექები დააჩქარებს მეწყრულ პროცესებს“.
სამმართველოს გათვლებით კედლის დემონტაჟს 2 კვირა დაჭირდება.
ბათუმში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე [მათ შორის აღნიშნული 43 მეტრი სიგრძის კედლის აგებაზე] ტენდერი სამმართველომ 2018 წლის სექტემბერში გამოაცხადა. 21 ადგილზე სხვადასხვა სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულება ინდმეწარმე ჯემალ ირემაძესთან იმავე წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა, ზუსტად იმ თანხაზე, რა თანხითაც ტენდერი იყო გამოცხადებული – 480 370 ლარზე [შესყიდვების პორტალის მიხედვით ტენდერში სხვა არავინ მონაწილეობდა].
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 25 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი 2 წლით განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ვინაიდან კედლის დაზიანების მიზეზად შემსყიდველის მიერ სტიქია სახელდება, მშენებლის თუ დამპროექტებლის პასუხისმგებლობის საკითხს მერია აღარ დააყენებს.