სიტყვა „მოთმინება“ დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე ხშირად ისმოდა – დღეს, 6 ნოემბერს, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალ შენობაში ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს შეხვდა. მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საავადმყოფოს შენობა დაათვალიერა, რომელიც ჯერ სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი არ არის.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მოთმინებისთვის,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ, როცა ის ექიმების პირისპირ დაჯდა. ამ საავადმყოფოს ექიმებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს „რესპუბლიკურის“ მშენებლობისა და მისი აღჭურვის გაჭიანურების გამო.
„ჩვენი მოთმინების ფიალა ხან ივსება, ხანაც – იკლებს… კონკრეტული ვადა შეგიძლიათ გვითხრათ, როდის გვექნება ახალი აღჭურვილობა და გაიხსნება ახალი რესპუბლიკური?“ – ჰკითხა მინისტრს ექიმმა ემზარ დიასამიძემ.
„ჩვენ ერთობლივად დავსახავთ სამომავლო სტრატეგიებს…უკვე შეიქმნა ჰოლდინგი, სადაც გაერთიანდება ის კლინიკები, რომლებზეც ჩვენ ვიღებთ პატრონაჟს,“ – მიმართა ექიმებს ჯანდაცვის მინისტრმა. მან ვერ დაასახელა კონკრეტული თარიღი, როცა რესპუბლიკურის ახალი შენობა მუშაობას დაიწყებს, თუმცა თქვა, რომ, პირველ რიგში, ამ კლინიკის აღჭურვისთვის გამოიყოფა თანხა.
„ვადა გვითხარით, კონკრეტული ვადა,“ – გაისმა რეპლიკები დარბაზიდან.
„ჩვენ ამას დავიწყებთ მყისიერად…“ – თქვა მინისტრმა მცირე პაუზის შემდეგ.
დიალოგში ექიმი ბენო ჭელიძე ჩაერთო, რომელმაც აქამდე არაერთხელ საჯაროდ გამოხატა ეჭვი იმის შესახებ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს სახელმწიფო კომპანია „ევექსისთვის“ ამზადებს.
„მყარდება კლანური მმართველობა ამ სფეროში ისევე, როგორც ეს დამყარდა ფარმაციაში. ამიტომაც ღირს ჩვენთან სამჯერ ძვირი მედიკამენტები… გვეუბნებით, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის, მაგრამ წინა წლებში იქ დარჩა ნაშთი. ახლაც როგორ დავიჯეროთ ეს სიტყვები, როცა არც აჭარის და არც ცენტრალურ ბიუჯეტში რესპუბლიკური საავადმყოფო საერთოდ ნახსენები არ არის?“ – იკითხა ბენო ჭელიძემ და კითხვის დასმამდე კონკრეტული შემთხვევა გაიხსენა:
„ზოგჯერ პაციენტს უბრალო ფხვნილს ასმევდნენ, რომ თითქოს ის მორჩება… ამიტომაც არ ვარ ოპტიმისტურად,“ – დასძინა ბენო ჭელიძემ.
„ჩემთვის ქირურგიული ჩარევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ეფექტი,“ – უპასუხა ექიმს ჯანდაცვის მინისტრმა.
„მე უკვე აღარ მიკვირს ბატონი ბენოს, იმდენი ხანია ვიცნობ,“ – სიტუაციის განმუხტვა თორნიკე რიჟვაძემ სცადა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რომელსაც სხვა ექიმებმა შეახსენეს, ახალი რესპუბლიკურის ამოქმედება რომ მისთვის „პრინციპის საქმეა“.
„მე ორი დღის დანიშნული ვიყავი, როცა თორნიკე რიჟვაძემ დამირეკა და მითხრა ამ კლინიკის შესახებ,“ – თქვა ისევ ეკა ტიკარაძემ.
სხვა ექიმებს კითხვა აღარ დაუსვამთ.