მთავარი,სიახლეები

ვორქშოპები ბათუმში მუსიკოსებისთვის, ხელოვანებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის

27.11.2019 • 1578
ვორქშოპები ბათუმში მუსიკოსებისთვის, ხელოვანებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 28, 29 და 30 ნოემბერს, ფესტივალ Black Sea Sound-ის ორგანიზებით, მუსიკოსებისთვის, ხელოვანებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირებისათვის ვორქშოპების ციკლი გაიმართება.

28 ნოემბერი, “წარუმატებლობის სასარგებლო ძალა” – თევდორე მაყაშვილი პირადი გამოცდილების საფუძველზე ისაუბრებს, თუ როგორ შეიძლება პრობლემებთან გამკლავება და წარუმატებლობის გარდაქმნა მამოძრავებელ ენერგიად. თევდორე მაყაშვილი 7 წელია ხელმძღვანელობს კომპანია Funday Entertainment-ს, რომლის სახელსაც არაერთი პროექტი უკავშირდება მუსიკის სფეროში. მას, ასევე უმუშავია არაერთ ფესტივალსა და სხვა მუსიკალურ პროექტებზე ესპანეთი, აშშ, უკრაინა და ა.შ.

დასაწყისი: 19:00
ხანგრძლივობა: 90 წუთი

29 ნოემბერი, “როგორ იქმნება ელექტრონული მუსიკა” – ვორქშოპს ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის არტისტი ზვიად ალიევი გაუძღვება. მისი შემოქმედება გაჯერებულია თანამედროვე ციფრული სინთეზატორებისა და ძველი, ფოლკლორული ანალოგ ინსტრუმენტებით. ამ ორი, რადიკალური ხმების დიზაინით იგი აღწევს საინტერესო ხმებს და ახალ ემოციებს. ვორქშოპის შემდეგ გაიმართება არტისტის მუსიკალური პროექტის წარმოდგენა.

დასაწყისი: 19:00
ხანგრძლივობა: 90 წუთი

30 ნოემბერი, “ხმის და მუსიკის როლი ვიზუალურ მედიაში” –  თემაზე ბესო კაჭარავა და ზვიად მღებრიშვილი ისაუბრებენ, კომპანიის, Post Red-ის დამფუძნებლები. მათ ფილმის, რეკლამის და ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში მუშაობა 5 წლის წინ დაიწყეს. ბესო ხმის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ზვიადი კი – მუსიკის. Post Red-ს უკვე არაერთ ცნობილ ფილმზე აქვს ნამუშევარი. მაგალითისთვის, საქართველოს მხრიდან ოსკარზე წარდგენილი ფილმი “შინდისი”, ასევე შვედეთიდან ოსკარზე წარდგენილი ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”. Post Red-მა ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო საკუთარი სერვისების ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებისთვის შეთავაზება. ბესო და ზვიადი, გუნდთან ერთად, არაერთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობენ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა BBC, Netflix, Amazon და ა.შ. თუმცა ქართული საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილია მათი ნამუშევრები ქართული სარეკლამო სააგენტოებისთვის. მაგალითად, “ზუმერული ფასები”, “თუ გიჭედავს, შეამოწმე”, “სექრეთ სანტა” და ა.შ. ასევე აღსანიშნავია, ქართული ანიმაციური ფილმები, რომლებისთვისაც ხმა და მუსიკა ზუსტად Post Red-ში შეიქმნა. ესენია: ნათია ნიკოლაშვილის “ლილე”, დათო კიკნაველიძის “ჯინო”, მამუკა ტყეშელაშვილის “მეთევზე და გოგონა”.

დასაწყისი: 19:00
ხანგრძლივობა: 90 წუთი

ვორქშოპებზე დასწრება უფასოა. მისამართი: ზვიად გამსახურდიას ქუჩა 1/5, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე.

პროექტის ორგანიზატორია EREDELI, მხარდამჭერი კი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: