მთავარი,რეკლამა,სიახლეები

შენი იდეა ბათუმს – ადამიანები პროექტებს მიღმა

27.11.2019 • 3588
შენი იდეა ბათუმს – ადამიანები პროექტებს მიღმა

ბათუმის მერია ახორციელებს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტს, შენი იდეა ბათუმს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების იდეების დაფინანსებაზე 2020 წლისთვის გამოყოფილია 500 000 ლარი.  მრავალდონიანი განხილვისა და ანალიზის შედეგად ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 6 იდეა, რომლებიც უკვე  თანაქალაქელების მხარდაჭერას ელიან.  მათგან ყველა გამორჩეული და ინდივიდუალურია.

დავინტერესდით რა ისტორიები აქვთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ქალაქის მართვაში და იზრუნონ მის განვითარებაზე.

მევლუდ საბაშვილი – ძაღლების პარკი

პირველი ადამიანი, ვისაც გავესაუბრეთ მევლუდ საბაშვილია. ის ამჟამად აეროპორტიდან ზრუნავს თვითმფრინავების უსაფრთხო ფრენაზე. მისი იდეაა შეიქმნას პარკი ძაღლებისთვის, როგორც თქვა, პირველად მსგავსი დაწესებულება მოგზაურობისას ნახა და მას შემდეგ ამ იდეის ჩვენს ქალაქში განხორციელებაც მოუნდა. წაიკითხა კვლევები, ნახა სხვა ქვეყნების გამოცდილებაც და ახლა უკვე “შენი იდეა ბათუმის” კონკურსის ფინალშიცაა.

” ეს პარკი ქალაქში ახალი სოციუმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძაღლებს ექნებათ ადგილი, სადაც ბედნიერად გაატარებენ დროს, ითამაშებენ და შეხვდებიან სხვა ძაღლებს. მე სულ მანქანით ვატარებ ხოლმე ძაღლის საჭმელს და ვცდილობ ქუჩის ძაღლების გამოკვებას, ამის გამო მიწევს ხოლმე ვეტერინარიულ მაღაზიებში მისვლაც, სადაც შემიმჩნევია როგორი გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანები არიან ძაღლების პატრონები. ძაღლის ყოლა ადამიანზე დადებითად მოქმედებს და ამ პროექტის განხორციელებაც, ვფიქრობ, ქალაქში გაზრდის ცხოველების მიმართ მიმღებლობას. თან ძაღლები ენერგიას სწორად დახარჯავენ და აგრესიულები აღარ იქნებიან. მე და ჩემი მეგობარი დავდიოდით ამ პერიოდში და ვარჩევდით ადგილს ძაღლების პარკისთვის, ვფიქრობ ეს პარკი უნდა იყოს დასახლებისგან და საგზაო ნაწილისგან დისტანცირებული, რათა დავიცვათ ძაღლების უსაფრთხოება და არ გამოვიწვიოთ ადამიანებში დისკომფორტის განცდა.”

მევლუდ საბაშვილი – ძაღლების პარკი

ნინო ბასილაძე – ონლაინ თამაში Batumi Dots

ნინო ბასილაძეს სურს პროექტ “შენი იდეა ბათუმის” ფარგლებში დაიგეგმოს ერთგვარი city game ქალაქში, რაც მოიცავს იმას, რომ ადამიანები ჩაერთვებიან თამაშში, ივლიან ქალაქში და აღმოაჩენენ ისტორიებს შენობების, ძეგლების, ადგილების მიღმა და თუ ყურადღებით იქნებიან, პრიზებსაც მოიგებენ. ამჟამად, როგორც ნინომ აღნიშნა, ბევრი თავისუფალი დრო აქვს, დადის ქალაქში, იღებს ფოტოებს და თავიდან იცნობს ქალაქს:

ნინო ბასილაძე: “ვფიქრობ, ეს თამაში გაზრდის მგრძნობელობას ქალაქის მიმართ. ხშირად ისეა, რომ უმეტესად ვმუშაობთ, დრო არ გვაქვს იმისთვის, რომ აღვიქვათ ჩვენი ქალაქი, ამბები შენობების მიღმა. მინდა ამ თამაშმა ადამიანებს აღმოაჩენინოს ბათუმი თავიდან. რათა სამომავლოდ, უფრო მეტმა ადამიანმა დაიცვას ქალაქის კულტურულ-ისტორიული ნაწილი.

როცა მიღება გამოცხადდა ვფიქრობდი, ინფრასტრუქტურული პროექტის შემოტანას, თუმცა ბოლო დღეს მივხვდი, რომ რაღაც სხვა გვჭირდებოდა. ისეთი პროექტი, რომელიც ქალაქს უფრო საინტერესოს გახდიდა, ეს თამაში თანამედროვე იქნება, ტექნოლოგიებთან დაახლოებული და ჩემთვისაც სიახლეა, სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ რამეზე.”

ნინო ბასილაძე – ონლაინ თამაში Batumi Dots

პაატა ურიადმყოფელი – ქართული ჭიდაობის მოედანი

პაატა ურიადმყოფელის ინიციატივაა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ღია ტიპის ქართული ჭიდაობის მოედნის მოწყობა, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება ვარჯიშები, ყოველ კვირას კი უშუალოდ ჩემპიონატები, რასაც, როგორც თვითონ ამბობს, დიდი გამოხმაურება მოჰყვება, როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების მხრიდან. ის თავადაც გახლავთ მრავალი ფედერაციის დამაარსებელი ჭიდაობის სფეროში. ახლახანს მათ რიგს ქალთა ფედერაციაც შეემატა. :

“თამაშები იქნება ყველა სეზონზე, შაბათ-კვირას ადამიანებს შეეძლებათ მოვიდნენ და ცოცხლად ნახონ ქართული ჭიდაობა. მე წარმოშობით ხაშურიდან ვარ, იქ რამდენიმე სოფელში არის საჭიდაო მოედნები, რაც იქცევა ხოლმე სოციალურ სივრცედ, ადამიანები დადიან იქ ჭიდაობის საყურებლად, ერთმანეთთან შესახვედრად და გასაცნობად. ჩვენს ქალაქში ეს სტადიონი დატვირთავს ახალი ბულვარის ტერიტორიას, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და თუ ახლა 100 ბავშვი დადის ჭიდაობაზე მერე დარწმუნებული ვარ, მინიმუმ გახუთმაგდება ეს რიცხვი.”

პაატა ურიადმყოფელი- ქართული ჭიდაობის მოედანი

თეიმურაზ დიასამიძე – ელექტრონული შთაბეჭდილებათა წიგნი

თეიმურაზ დიასამიძის იდეაა, რომ შეიქმნას ელექტრონული შთაბეჭდილებების წიგნი ბათუმში არსებული მომსახურების სფეროს შესახებ. მისი თქმით, მსგავსი ლოკალური აპლიკაციები უფრო მეტად ავითარებს არსებულ სერვისებს, რადგანაც, ეს კლიენტსა და სერვისის მომწოდებელს უშუალოდ აკავშირებს ერთმანეთთან და ადამიანები ხედავენ მათ თვალწინ როგორ უმჯობესდება სერვისები, მაგალითად, რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებსა თუ მაღაზიებში.

თეიმურაზიც თავად ტურიზმის სფეროში მოღვაწეობს და გამოცდილების საფუძველზე, ფიქრობს, რომ ქალაქში ტურიზმის განვითარებას მისი პროექტი წაადგება:

თეიმურაზ დიასამიძე “გარდა ამ პირდაპირი ბენეფიტისა, რაც ამ სისტემას ექნება, კიდევ ის ნაწილიცაა, რომ შეგროვდება უამრავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა კატეგორიის ადამიანებს რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ. კვლევითი ნაწილის გამართვაც იქნება მონაცემებზე დაკვირვებით შესაძლებელი.”

თეიმურაზ დიასამიძე – ელექტრონული შთაბეჭდილებათა წიგნი

გაბრიელ ღვინიანიძე და სოფო ქამადაძე – მოხატული ლუქები – ჭარტი

ესენი კი “ჭარტის” იდეის ავტორები გაბრიელი და სოფო არიან. ისინი ძირითადად მარკეტინგისა და ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ. მათი იდეა ისაა, რომ ქალაქში არსებული საკანალიზაციო ჭების სახურავები თემატურად მოიხატოს:

სოფო ქამადაძე: ქალაქში ლუქები იმდენად ხშირად გვხვდება, რომ თავს ვერ აარიდებ მასზე გავლას. ხშირად ვფიქრობდი, რა იქნებოდა, ლუქები მოხატული რომ ყოფილიყო, ქალაქს გაახალისებდა, ტურისტულად მიმზიდველიც იქნებოდა. ჩვენ ქალაქშიც ბევრ მოხეტიალე ტურისტს შევხვედრივარ, რომლებიც ზუსტად რომ ასეთ მცირე დეტალებს ეძებენ მოგზაურობისას. ამასთანავე, შესაძლებელია ეს ლუქები ისეთი კონცეფციის იყოს, რომ ერთის ნახვის შემდეგ, მოგინდეს სხვა მოხატული ლუქის პოვნაც და ამ ძიების პროცესში ერთგვარი წრე შეიკრას “ჭარტის” ირგვლივ და იქცეს ეს ერთგვარ მარშრუტად ჩვენი ქალაქისთვის.

გაბრიელ ღვინიანიძე: ლუქების მოხატვაში შეიძლება ჩაერთონ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული არტისტებიც, რაც გაამრავალფეროვნებს პროექტის კონცეფციას.

გაბრიელ ღვინიანიძე და სოფო ქამადაძე – მოხატული ლუქები – ჭარტი

ნიკოლოზ კიკვაძე – ქუჩის კალათბურთი

ნიკოლოზ კიკვაძესთან შეხევედრისას და საუბრისას რწმუნდები, რამდენად მთელი გულით ეკიდება იმ საქმეს, რომელსაც აქამდეც აკეთებდა და ახლაც იმედი აქვს, რომ პროექტის ფარგლებში გააგრძელებს. მას უამრავი ბავშვი გულშემატკივრობს, რომლებიც მისი წყალობით ეზიარნენ ქუჩის კალათბურთს.

ნიკოლოზ კიკვაძე: “ქუჩის კალათბურთის ორგანიზების იდეა წამოვიდა იქედან, რომ მსურდა სხვებისთვის შემექმნა ის გარემო და ემოციები, რაც მე მაკლდა ბავშვობაში. პირველი ტურნირი ჩავატარე ჩვენთან, უნივერსიტეტში. ეს აღმოჩნდა ძალიან დატვირთული ემოციურად. შემდეგ მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროექტშიც გავიმარჯვე და აქედან დაიწყო ყველაფერი. შეიქმნა ონლაინ გვერდები, ქუჩის კალათბურთის კულტურა გაჩნდა ქალაქში.

ეს პროექტი თუ განხორციელდება ექნება რამდენიმე მიმართულებით კარგი შედეგები: ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებას და დროის სასარგებლოდ ხარჯვას შეუწყობს ახალგაზრდებში ხელს. კიდევ ის არის, მოვიძიებთ ტალანტებს ქუჩებიდან. NBA-შიც მაგალითად უმრავლება საკალათბურთო ვარსკვლავებისა ქუჩიდან წამოსულია. შეიძლება ამ ტურნირების მანძილზე მოვიწვიოთ ცნობილი მწვრთნელები და მოთამაშეები, რომლებიც აღმოაჩენენ ტალანტებს და ეს საბოლოო ჯამში განავითარებს ამ სპორტის ამ სახეობას ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში.”

ნიკოლოზ კიკვაძე – ქუჩის კალათბურთი

 

ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. თქვენ შეგიძლიათ ხმა მისცეთ რჩეულ პროექტებს და შემატოთ ქალაქს ახალი მუხტი.

ხმის მიცემა მიმდინარეობს ონლაინ, ვებგვერდზე www.idea.batumi.ge და გაგრძელდება 21 დეკემბრამდე. გამარჯვებული იდეისთვის დაწესებულია ხმათა მინიმალური რაოდენობა, რაც ბათუმში რეგისტრირებული მოსახლეობის 0,5 % -ი, დაახლოებით 700 ხმაა. თითოეულ მოქალაქეს საშუალება აქვს ხმა მისცეს 3 იდეას.

ხმის მისაცემად აუცილებელია პირველადი რეგისტრაციის გავლა, რომელიც მიმდინარეობს ბათუმის მერიაში, მერიის 14 სერვის ცენტრში ან ონლაინ www.idea.batumi.ge (საჭიროა ელექტრონული ხელმოწერა).

მერიის სერვის ცენტრის მისამართები იხილეთ ბმულზე.

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“  ახორციელებს ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები:  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI), პური მსოფლიოს (BftW) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: