განათლება,მთავარი,სიახლეები

პაატა პაპავა: განათლების რეფორმების ფრაგმენტულობა და ბოლომდე არ მიყვანა აჩენს ნიჰილიზმს

25.11.2019 • 2892
პაატა პაპავა: განათლების რეფორმების ფრაგმენტულობა და ბოლომდე არ მიყვანა აჩენს ნიჰილიზმს

ბოლო 15 განმავლობაში განათლების სამინისტრომ 11 მინისტრი გამოიცვალა. ყველა ახალი მინისტრი ამბობდა, რომ რომ იწყებდა რეფორმების ახალ ტალღას, რაც საგანმანათლებლო სივრცეში, სპეციალისტების თქმით, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი პროცესების განცდას აჩენდა. იტანს თუ არა მსგავსი ტიპის რყევებს განათლების სფერო და რა აჩენს სიახლეების მიმართ ნიჰილიზმს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კომპანია „თიმბოუთის“ დირექტორი პაატა პაპავა საუბრობს.

  • ბატონო პაატა, რას ნიშნავს, როცა განათლების მინისტრი ერთ წელზე დიდხანს ვერ ინარჩუნებს პოსტს, მაშინ როცა ყველა მინისტრი საუბრობდა იმ ცვლილებების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, რასაც აანონსებდნენ?

დავიწყოთ იმით, რომ ყველა სისტემას სჭირდება მდგრადობა  და იმ დაწყებული საქმეების დასრულება, რომლებიც მასში მიმდინარეობს. მეორე მხრივ, ყველა სისტემას სჭირდება გამდიდრება ახალი წამოწყებებით და ინიციატივებით. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციების დაცვა.

განათლების სისტემა მართლაც სენსიტიურია დიდი რყევების მიმართ, რადგან ეს არის დიდი და მრავალკომპონენტიანი სისტემა, რომელშიც დასაქმებულია უამრავი ადამიანი, რომელსაც ჰყავს ბევრი დაინტერესებული მხარე და მომხმარებელი. ეს არის სისტემა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ადამიანის მომზადება და დაკვალიანება იმისთვის, რომ შემდგომში წარმატებით შეძლოს თვითრეალიზაცია.

ერთი მხრივ, ამ სფეროში მნიშვნელოვანია ექსპერიმენტების ჩატარება, რადგან მთელი მსოფლიო დღეს დაკავებულია ძალიან საინტერესო ექსპერიმენტების, ახალი აღმოჩენების, მიგნებების, პროგრესის და პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის პროცესით. ცხადია მნიშვნელოვანია, რომ არ ჩამორჩე  გლობალურ პროცესებს და ამის მცდელობები სისტემაში იყო და არის.

  • მაგალითად რა ექსპერიმენტების? 

მაგალითად, კრიტიკული აზროვნების კომპონენტის აქტიურად შემოტანა სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებში, სკოლისა და უნივერსიტეტის დემოკრატიულად მართვის ინიციატივები, სასწავლო პროგრამების განახლება და ა.შ.

მიუხედავად ამისა, არის ორი სერიოზული პრობლემა. პირველი, რაც უკვე მთელი 20 წელია შესამჩნევია, არის დემოტივირებული მასწავლებელი, რომლის სამუშაო მოსწრება, მიზეზთა გამო, ვეღარ ეწევა თანამედროვე მოთხოვნებს, სასწავლო გარემოში განხორციელებულ სერიოზულ ცვლილებებს.

მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა განათლების სისტემის დაფინანსება, მასწავლებლის ხელფასი, სხვა პროფესიების მუშაკთა საშუალო შემოსავალს რომ შევადაროთ, მაინც დაბალია. აქედან გამომდინარე, მასწავლებლების მოსწრებასაც ბევრი ვერაფერი ეშველა, რადგან ანაზღაურება პირდაპირ ბმაშია მოტივაციასთან და პროფესიულ ზრდასთან.

მეორე დიდი პრობლემაა განათლების სისტემის პოლიტიზირებულობა. და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია არჩევნების წინ, როცა ხელისუფლება იწყებს ლაპარაკს ხელფასების მატებაზე, პედაგოგებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. ეს ყველაფერი მიბმულია საარჩევნო ხმების დაგროვებასთან და იმასთან, რომ განათლებაში ინვესტირების თემა ყველა მთავრობისთვის მომგებიანია.

  • ეს აჩენს ნიჰილიზმს რეფორმის მიმართ?

ანგარებიანი დაპირებები ალბათ ნიჰილიზმის და გულგრილობის ყველაზე დიდი წყაროა. ნიჰილიზმს ბადებს ასევე სარეფორმო ექსპერიმენტების ფრაგმენტულობა, ბოლომდე არ მიყვანა, გზადაგზა წამოჭრილი შეფერხებები, ზედმეტი ბიუროკრატია, დეცენტრალიზაციის ნაკლებობა და, რაც მთავარია, მანიპულაციები. უკვე იმდენი ციკლი აქვთ გამოვლილი მასწავლებლებს, რომ ეს აჩენს სკეპტიციზმს.

სამწუხაროდ, არ გამოჩნდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც მნიშვნელოვან სარეფორმო ხაზს შეინარჩუნებს და გაატარებს, მართლაც მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეს დანერგავს, ისეთს, რაზეც დღეს მთელი მსოფლიოა ორიენტირებული. მაგალითად, ბევრი ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს შემოქმედებითი აზროვნების, საგამომგონებლო პოტენციალის გაძლიერებას, რასაც ახალი მუხტი და ენერგია შემოაქვს სკოლებში.

სარეფორმო პროექტები ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ეფექტურია, არ არის ვაკუუმიდან მოტანილი და თავის თავში სასიკეთო ძვრების მატარებელია, მაგრამ ხშირად პროექტები ფრაგმენტულია და ეს არის მათი მთავარი პრობლემა. მინისტრების ხშირი ცვლა კი ამ ფრაგმენტულობას კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის. სინამდვილეში, ის რაც ყველაზე მეტად აკლია ამ რეფორმებს და წინსვლის პროცესს, არის შეთანხმებული და თანმიმდევრული მოქმედება.

განათლების სისტემაში ახალი მიდგომების დანერგვა არ არის გასაკვირი ამბავი – პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფიზიოლოგია, ანთროპოლოგია და ბევრი სხვა მეცნიერება კვებავს განათლებას, სწავლებისა და სწავლის პროცესს. ამიტომ ამ მეცნიერებებში წინსვლა, გვინდა თუ არ გვინდა, რეფორმებზე და სკოლების ცხოვრებაზე აისახება. ასე რომ, ის კი არ არის გასაკვირი, რომ რაღაც ახალი ინიციატივები ჩნდება, არამედ ის, რომ თანმიმდევრულობა აკლია ამ ყველაფერს.

  • არსებობს საერთაშორისო კვლევები, რომლებიც გვაჩვენებს, რამდენად ჩამორჩებიან მოსწავლეები საქართველოდან სხვა ქვეყნებში მოსწავლეებს აკადემიურ მოსწრებაში, კრიტიკულ აზროვნებაში და ა.შ. ასევე, რამდენად დიდია განსხვავება საგანმანათლებლო რესურსებზე სოფლად და ქალაქად მცხოვრებ, მდიდარსა და ღარიბ მოსწავლეებს შორის. ამ განსხვავებულობის შემცირება ვერ შეძლო ვერცერთმა ხელისუფლებამ. როგორ ფიქრობთ, რატომ?

სწორედ ამიტომ ყვავის რეპეტიტორობის ინსტიტუტი, ისევ მივდივართ იმისკენ, რომ სკოლა როგორც სისტემა ხელახლაა დასალაგებელი.

რესურსების ხელმისაწვდომობის თანასწორობისთვის ერთი კარგი პროექტი მუშაობს, ეს არის „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელმაც მართლაც შეამსუბუქა ეს პრობლემა, როცა ძალიან მწვავე გახდა სკოლებში მასწავლებლების დეფიციტი. თუმცა აუცილებელია ამ პროგრამის გაფართოვება და, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება რესურსების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. უნდა გაფართოვდეს პროგრამის მასშტაბი და უფრო მეტი ახალგაზრდა უნდა მოიზიდონ ამ პროგრამაში. ამისთვის საჭიროა ფართო სოციალური კამპანია, გადასახედია კონტრაქტის პირობებიც, შესაძლებელია უფრო მოკლევადიანი კონტრაქტებითაც გაიზარდოს ახალგაზრდების დაინტერესება.

  • მოკლევადიანი კონტრაქტი ანაზღაურებაზე არ იმოქმედებს? 

დარწმუნებული ვარ, ანაზღაურებით კი არა, მოხალისეობრივ საწყისებზეც კი შეიძლება დიდი მოძრაობის აგორება. გამომიცდია, მიკეთებია და მჯერა. მინახავს, უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუდენტები როგორ ჩადიოდნენ ზაფხულობით სოფლებში და ეხმარებოდნენ ბავშვებს უცხო ენის შესწავლაში. ევროკავშირის პროექტი იყო და ძალიან კარგად იმუშავა.

ამ ყველაფერს სჭირდება ლიდერობა და პატრონობა, კარგი გონებრივი იერიშის გაკეთება, სერიოზული დაპროექტება, კომისიის შექმნა, რომელიც ცალსახად ამ თემაზე იქნება კონცენტრირებული. შესაძლებელია დონორების მოძიებაც.

  • საჯარო მოხელეების შვილები ძირითადად სწავლობენ კერძო სკოლებში და არის ნაწილი, ვინც უცხოეთში აძლევს შვილებს განათლებას. წლების შემდეგ, რამდენად კონკურენტული იქნებიან ამ ადამიანებთან ისინი, ვისაც დღეს იმის შესაძლებლობაც კი არ აქვს რომ რეპეტიტორი დაიქირაოს. რა სურათს მოგვცემს ეს მომავალში?

თუ რამე არ შეიცვალა, სამომავლოდ სურათი იქნება კიდევ უფრო მწვავე, უთასწორობის უფსკრული გაღრმავდება მდიდარ და ღარიბ ოჯახებს შორის. მომავალში ეს მოზარდები განსხვავებულ პირობებში იქნებიან შრომის ბაზარზეც. თუ არსებული რესურსები თანმიმდევრული, კარგად დამუშავებული პროექტებით არ წარიმართა, მაშინ ეს „რეფორმები“ ფუჭ მცდელობებს შეიძლება დაემსგავსოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: