ინაშვილი ნატო-ს დელეგაციის ვიზიტის წინ ნატო-ს წინააღმდეგ გამოკითხვის შედეგს აქვეყნებს

ბათუმში ნატო-ს დელეგაციის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ირმა ინაშვილმა საკუთარი პარტიის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სასტუმრო „რედისონში“ 77 ათასი ანკეტა წარმოადგინა და თქვა: „გამოკითხულთა 69 პროცენტი ანუ 53 130 ბათუმელი, მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას“.

ეს კითხვარი შედგენილია მოსკოვში“ – ასე შეაფასა „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვა „ბათუმელებთან“ ბათუ ქუთელიამ, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა. მან თქვა, რომ „სამხედრო მიუმხრობლობა“ რეალურად ნიშნავს ნატო-ზე უარს და ეს მოდელი მხოლოდ რუსეთს აწყობს. „სამხედრო მიუმხრობლობის“ შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ კითხვარში კი, საერთოდ არ არის ნახსენები „ნატო“ და ის, რომ მიუმხრობლობაზე თანხმობა რეალურად ნატო-ზე უარს ნიშნავს.

„რატომ არ ჩანს თქვენს კითხვარში, რომ მიუმხრობლობის არჩევით რეალურად ადამიანი ნატო-ზე ამბობს უარს? თანაც, კითხვაში ხაზგასმული გაქვთ, რომ მიუმხრობლობის პარალელურად უნდა შენარჩუნდეს ევროინტეგრაცია? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ირმა ინაშვილს ბრიფინგის დროს.

„ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. გამოკითხვა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს გამოკითხვა მიმართულია იქეთკენ, რომ საზოგადოების განწყობა გამოჩნდეს. ნატო რატომ არ იყო ნახსენები? – ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ამაზე. არც თქვენთან მოვერიდები ამ კითხვაზე პასუხს. ნატოს წარმომადგენლებთანაც როდესაც ვმართავთ შეხვედრებს, ღიად ვსვამ შეკითხვას, აქვს თუ არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა, თქვენ იცით პასუხები როგორია? – კარი ღიაა, მაგრამ საქართველო ნატო-ში ვერ გაწევრიანდება… თუ ვინმეს უნდა ცხოვრება აბსურდულ მოლოდინში, რომ ოდესმე ჩვენ ნატო-ში გავწევრიანდებით, დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ ვერავის ვერ წავყვებით ამ მოლოდინში, რადგან ეს მოლოდინი არის უპერსპექტივო და თავად ნატო-ს წარმომადგენლები ამბობენ ამას,“ – გვიპასუხა ირმა ინაშვილმა.

შეკითხვას უპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გოჩა თედორაძემაც.

„ჩვენ ცალსახად გვქონდა კითხვარში მითითებული პოზიცია. მე მინდა იცოდეთ, რომ მიუმხრობლობა ვერ იქნება მიღწეულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ან პარლამენტის თანხმობით. საჭიროა თანხმობა გაეროს დონეზე. ამ შემთხვევაში ამოქმედდება უსაფრთხოების ზომები. მხოლოდ ერთი ქვეყანა თავისი სურვილით მიუმხრობლობას ვერ გამოაცხადებს,“ – აღნიშნა გოჩა თედორაძემ.

„ესაა საზოგადოების განწყობა. მე პირადად ვმონაწილეობდი გამოკითხვაში და ვხვდებოდი ბათუმში მოსახლეობას,“ – დასძინა ირმა ინაშვილმა. მას ასევე ვკითხეთ, რა მოტივით ამბობდა ქართული ჯარის საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობაზე უარს.

„რატომ უნდა თქვას საქართველომ უარი იმ დახმარებაზე, რასაც მას საერთაშორისო თანამეგობრობა ამ კუთხით სთავაზობს?“ – ვკითხეთ პარლამენტის ვიცე-სპიკერს.

„ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ნაწილებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე გამართულ წვრთნებში, როცა ჩატარდება ჩვენი ქვეყნის მიღმა: თურქეთში ან სხვა ქვეყნებში“, – თქვა ირმა ინაშვილმა. მან არ დააკონკრეტა, რატომ არ უნდა ჩატარდეს ეს წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე, თუკი ეს ქართული ჯარის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„რა დაინტერესება ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მიმართ, თუკი საქართველო ღიად იტყვის იმას, რაც რუსეთს სურს – რომ ნატო-ს წევრი საქართველო არასდროს გახდება?“ – ვკითხეთ დამატებით „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს.

„როდესაც საუბრობენ, რომ სამხედრო მიუმხრობლობა არის თურმე რუსული პროექტი, მე მგონი, უხერხულია ამაზე საუბარი. ვინც განგვიხილავს რუსულ პოლიტიკურ ძალად, ჩვენ მოვითხოვთ სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფების დასჯას და გასამართლებას. მათი აზრი ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა… ჩვენი პოლიტიკური გუნდი საუბრობს კონკრეტულ პლატფორმაზე, რომელიც აპრობირებული და  მიღებულია ევროპაში… ეს მოდელი აქვთ შვეიცარიას, შვედეთს, ფინეთს და ავსტრიას. თქვენ მეტყვით, რომ ამ ქვეყნებს არ აინტერესებთ უსაფრთხოება? მათ აირჩიეს უსაფრთხოების ზუსტად ეს მოდელი,“ – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

მას შევახსენეთ, რომ ევროპის ამ ქვეყნების მეზობელი არ არის რუსეთი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს.

„ფინეთის მეზობელი ხომ არის?“ – მოკლედ გვიპასუხა კითხვითვე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს დღევანდელ ბრიფინგზე არ უთქვამთ კონკრეტული მეთოდოლოგია, როგორ გამოკითხეს ადამიანები.

„ეს არ იყო ენ-დი-აის კვლევა… ჩვენ კარდაკარ დავიარეთ ადამიანები. კითხვარში მითითებულია ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია და საცხოვრებელი მისამართები. გამოკითხვა ამჯერად გაგრძელდება ქუთაისსა და ზუგდიდში. ჩვენ ამ სიებს ასევე საჯაროდ გადავცემთ პარლამენტს“, – აღნიშნა ბრიფინგზე გოჩა თედორაძემ.

„რა მოლოდინი გაქვთ მას შემდეგ, როცა პარლამენტში შეიტანთ ამ გამოკითხვის შედეგებს?“ – ჰკითხეს ჟურნალისტებმა ირმა ინაშვილს.

„ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ტყუილის რეჟიმში. ჩვენ ვცხოვრობთ ტოტალური ტყუილის ატმოსფეროში, ეს ცხადყო ამ გამოკვლევამაც,“ – უთხრა ჟურნალისტებს ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვის მიხედვით, სამხედრო მიუმხრობლობის კუთხით დასმულ კითხვაზე თავი შეიკავა გამოკითხულთა 16-მა პროცენტმა, 15 პროცენტმა კი თქვა, რომ მიუმხრობლობას არ უჭერს მხარს. „ალიანსის“ გამოკითხულთა 75 პროცენტი ასევე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია საქართველოს ერთიანობის აღდგენა რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით და პირდაპირი დიალოგის გზით.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოკითხვის თითო ფურცლის შევსებაში ეგრეთ წოდებულ მოხალისეებს 1 ლარს უხდიდნენ. შესაბამისად, „პატრიოტთა ალიანსს“ ხელმძღვანელებს ვკითხეთ, რა დაუჯდა ამ გამოკითხვის ჩატარება პარტიას? – ჩვენს ამ შეკითხვას „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა უპასუხა.

„კალკულაცია სრულად არ გაგვიკეთებია… ეს ჩაატარეს მოხალისეებმა და ჩვენ მათთვის ფული არ გადაგვიხდია. ძირითადად ტექნიკური ხარჯები იყო და მოგაწვდით ინფორმაციას, უთუოდ გეტყვით, რა დაჯდა,“ – გვითხრა გოჩა თედორაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ინფორმაციით, გამოკითხვა 25 სექტემბერს დაიწყეს და გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, დაასრულეს. გამოკითხვაში ჩართული იყო 1082 მოხალისე. პარტიის ხელმძღვანელების თქმით, ბათუმში 77 ათასი ადამიანი გამოკითხეს.

3 და 4 ოქტომბერს ბათუმში იწყება ნატოს დელეგაციის ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები. დელეგაციას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით.

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თავადაც აპირებს ამ შეხვედრებს დაესწროს.

„პატრიოტთა ალიანსის“ კითხვარი, რომლითაც ბათუმში გამოკითხვა ჩაატარეს

ამავე თემაზე:

„კითხვარი შედგენილია მოსკოვში“ – NATO-ს წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვა

 

,,ნახატის ენა“ – ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების გამოფენა ბათუმში [ანონსი]

4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ,,ნახატის ენა“ – ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების გამოფენა გაიხსნება.

საერთო გამოფენა გამოხატავს ორი ქვეყნის ხელოვნებაში არსებულ ძირითად ტენდენციებს და აჩვენებს ქართველი და ლიეტუველი ილუსტრატორების სტილისა და მხატვრული იდიომების მრავალფეროვნებას. გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ, თუ როგორ ინტეგრირდება მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები წიგნებში და როგორი კავშირი აქვთ მათ ტექსტთან.

გამოფენის ლიეტუვური სექცია წარმოადგენს 15 ყველაზე ცნობილ მხატვარს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საბავშვო წიგნების შექმნაში. წიგნების უმრავლესობას მიღებული აქვს ჯილდოები ლიეტუვაში; ბევრი მათგანი ნათარგმნია სხვა ენებზეც და გამოცემულია უცხოური გამომცემლობების მიერ. კოლექცია სხვადასხვა ასაკის ილუსტრატორების ნამუშევრებს მოიცავს.

გამოფენაზე წარმოდგენილია 17 ქართველი ილუსტრატორის ნამუშევარი, რომლებიც შეირჩა გერმანელი კურატორის – Ulrike Nikel-ის მიერ და 2018 წელს გამოფენილი იყო ბერლინში ფესტივალ ,,Berlin Book Islands” ფარგლებში, ხოლო შემდგომ  – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო მიწვეული.

გამოფენა ბათუმის გარდა მოეწყობა დუშეთსა და თელავში. გამოფენას თან დაერთვება ვორქშოფები, რომლებსაც ქართველი და ლიეტუელი ილუსტრატორები ბავშვებისთვის ჩაატარებენ.

„მე ასე არ ვასწავლი“ – გლობალური ჯილდოს ათეულის მასწავლებელი თბილისში

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი, ინდოელი პედაგოგი სვარუპ რავალი, 4 ოქტომბერს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 16:00 საათზე მასტერკლასებს გამართავს. დასწრება თავისუფალია. ქართველ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაიზიარონ მათი უცხოელი კოლეგის გამოცდილება და სწავლების მეთოდები.

სვარუპ რავალი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ახალი დღე“ საუბრობს სწავლების საკუთარ მეთოდოლოგიაზე. მისი თქმით, წარმატებული სწავლება აგებულია პრინციპზე – სიყვარული, გართობა და დრამატურგიული მეთოდები.

„ჩემს ქვეყანაში, ინდოეთშიც, მასწავლებელი ტრადიციულად არის უფროსი, ხელმძღვანელი, რომელიც მკაცრია და მეფეა, მაგრამ მე ასე არ ვასწავლი, მე ვასწავლი სიყვარულით. ვფიქრობ, თუ ბავშვებს ასწავლი და თან გიყვარს, ისინი ყველაფერს შეითვისებენ, რასაც ეუბნები.

მე მსახიობი ვიყავი და ვარ კიდევაც, ამიტომ სწავლებაში ვიყენებ დრამატულ მიდგომებს, ვიყენებ გამოცდილებაზე დამყარებულ სწავლებას და ეს ძალიან ართობთ ბავშვებს და სიამოვნებასაც იღებენ. მოზრდილებიც კი გართობისას უფრო უკეთ სწავლობენ“, – ამბობს პედაგოგი.

მასტერკლასზე სვარუპ რავალი შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ემოციის აღქმა, ემპათია, ცხოვრებისეული უნარები, – კრიტიკული აზროვნება, პრობლემის მოგვარება, გადაწყვეტილების მიღება.

„ცუდია, რომ დაგვავიწყდა ცხოვრებისეული უნარების სწავლება, ძირითადად, კონცენტრირებული ვართ მეცნიერებაზე, მათემატიკაზე, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ჩვენ ცხოვრებისეული უნარები, კრიტიკული აზროვნება და ამას უნდა ვასწავლიდეთ.

ჩემს ქვეყანაში ვიბრძვი იმისთვის, რომ მთავრობამ გახადოს ცხოვრებისეული უნარები სავალდებულო დისციპლინად, იმიტომ, რომ ეს გვეხმარება შევისწავლოთ ყველაფერი“.

პედაგოგის თქმით, ისტორიას და ლიტერატურას ვერ ასწავლი ბავშვს ემპათიის გარეშე. „რატომ უნდა აინტერესებდეს ბავშვს, რა ხდებოდა 200 წლის წინ, თუ არ გაითავისა და ემპათიით არ დაუახლოვდა“, – ამბობს ის.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, სვარუპ რავალი, თბილისში 5 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ცერემონიასაც დაესწრება, რომელიც 19:00 საათზე გაიმართება.

ხვალ, 3 ოქტომბერს, უცხოელი პედაგოგი თბილისის ორ საჯარო სკოლას ეწვევა. დღეს, 2 ოქტომბერს კი, პედაგოგი საჩხერეს მე-2 საჯარო სკოლაში გამართავს შეხვედრას.

პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 2 ოქტომბერს,  დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება რეგისტრაცია პროფესიული განათლების პროგრამებზე.

ყველა დაინტერესებულ პირს, საქართველოს ყველა რეგიონში, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, შესაძლებლობა აქვს, პროფესიული განათლება მიიღოს ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში.

აპლიკანტებს, ასევე,  საშუალება აქვთ, გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც  www.vet.emis.ge  ვებგვერდის მეშვეობით. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

ტესტირების შედეგების შემდეგ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

სამინისტროს ცნობით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული,“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე წყაროს ცნობით, წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა, დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების გარეშე, „მხოლოდ პარტნიორ, კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე. პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი  კერძო კომპანია“.

ვინ არ გადაიხდის ჯარიმას და საურავს – ახალი კანონი

2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, რომლის მიზანია „ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა“.

ამ კანონით ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება:

[checklist]

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია;
  • ამ კანონის ამოქმედების დროისთვის [2019 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის] ასაკით პენსიონერი [ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან];
  • ამ კანონის ამოქმედების დროისთვის [2019 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის] 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  • ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი;
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი.

[/checklist]

აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა – ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ამ კანონის საფუძველზე, უნდა შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

„ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125​2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე,“ – აღნიშნულია კანონში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ეხება. ამ მუხლის მე-8 ნაწილი: „ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​2 მუხლი კი, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას ეხება.

 

 

ანტიკორუფციულმა ბიზნესმენი 2012 წლის ტენდერისთვის დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შპს „ტ და გ“-ს დამფუძნებელი და დირექტორი ტარიელ ბ. დააკავეს.

ელექტრონული შესყიდვების პორტალის მიხედვით, რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტ. გზის [კმ1+000-კმ18+660] მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულება გზების დეპარტამენტსა და კომპანია „ტ და გ“-ს შორის 2012 წლის 12 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, 3 653 000 ლარი იყო.

სამუშაოები, ტენდერის პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2013 წლის 20 სექტემბრამდე უნდა დამთავრებულიყო. თუმცა, ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 11-ჯერ შევიდა, აქედან ბოლო ცვლილება 2014 წლის ივნისშია შესული. ამავე თვეში გადაუხადეს ბოლოს თანხა კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში – 3 006 874 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 83%. თანხის გადახდა ეტაპობრივად ხდებოდა]. თუმცა, შესყიდვების გვერდზე არც ერთი მიღება-ჩაბარების აქტი დღევანდელი [2.10.2019] მონაცემებით ატვირთული არ არის.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ტ და გ“ აწარმოებდა რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა ტარიელ ბ-მ არასრულყოფილად შეასრულა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების პირობები და მიღება-ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემების შეტანით მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს“, – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

2011-2013 წლებში ამ კომპანიას 12 სხვადასხვა ტენდერი აქვს მოგებული.

რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი რეაბილიტაციამდე / 2012 წელი / ფოტო სატენდერო დოკუმენტიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის 21 საათიდან 3 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით – 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23-30 გრადუსი
  • ღამით: 12-17 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15-20 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 4, 5 ოქტომბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

რამდენი პირი გაასამართლეს პოლიციელზე თავდასხმისთვის და რამდენი გამართლდა

აგვისტოს ჩათვლით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოში 25 პირი გაასამართლეს. ოცდახუთივე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. 2012 წელს იმავე მუხლით მხოლოდ 2 პირი გასამართლდა, 2013 წელს – 1. ოფიციალური სტატისტიკა უზენაესმა სასამართლომ მოგვაწოდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლი გულისხმობს „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას“. ეს მუხლი მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე.

წლების მიხედვით 353​1 პრიმა მუხლით 179 პირი გაასამართლეს, გამართლდა მხოლოდ 9 პირი:

  • 2019 წელი – 25 [აგვისტოს ჩათვლით]
  • 2018 წელს – 33
  • 2017 წელს – 36
  • 2016 წელს – 20 [გამართლდა 7]
  • 2015 წელს – 41 [გამართლდა 2]
  • 2014 წელს – 21
  • 2013 წელს – 1
  • 2012 წელს 2

„ბათუმელებმა“ სასამართლოს ჰკითხა, რამდენი ადამიანი გამართლდა იმ ადამიანებს შორის, ვისაც პროკურატურა „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებოდა? – მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 353-ე პრიმა ერთი მუხლით გამამართლებელი განაჩენები მხოლოდ 2015 და 2016 წლებში გვქონდა. 2015 წელს 2 პირი გაამართლეს საერთო სასამართლოებმა, 2016 წელს – 7.

რაც შეეხება 353-ე მუხლს – „წინააღმდეგობა მუქარა, ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“ – ამ მუხლით 2019 წელს, აგვისტოს ჩათვლით, სულ 83 ადამიანი გაასამართლეს.

წლების მიხედვით 353-ე მუხლით 1230 პირი გაასამართლეს. გამართლდა 39 პირი.

  • 2019 წელს – 83 [აგვისტოს ჩათვლით]
  • 2018 წელს – 139 [გამართლდა 8]
  • 2017 წელს – 119 [გამართლდა 2]
  • 2016 წელს – 151 [გამართლდა 10]
  • 2015 წელს- 244 [გამართლდა 9]
  • 2014 წელს – 224 [გამართლდა 8]
  • 2013 წელს – 162 [გამართლდა 2]
  • 2012 წელს – 108

სსკ-ის 353-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე.

 

 

8 სართული უნებართვოდ – ბათუმური რეკორდი

ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, რვასართულიანი შენობის კარკასი უნებართვოდ ააშენეს. მშენებლობას აქტიურად დღესაც აგრძელებენ. ამ ამბავში, ერთი შეხედვით, ახალი, უჩვეულო და გასაკვირი არაფერია – ბათუმში უკანონო მშენებლობაზე, დაშენება-მიშენებაზე ბევრჯერ ვწერდით, თუმცა უნებართვოდ აშენებული სართულების ამ დრომდე გამოვლენილ რაოდენობას თუ შევადარებთ, რვა სართული რეკორდული მაჩვენებელია.

როგორც წესი, უნებართვო მშენებლობების შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფას ვერ იპოვით. ეს მშენებლობა ამ მხრივაც გამორჩეულია: მართალია, არც ისე გამართულად, თუმცა ადგილზე გამოკრულია სამშენებლო დაფა, სადაც მითითებულია, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ბათუმის მერიაა, ხოლო მშენებლობის დამკვეთი – თამარ როყვა.

საინფორმაციო დაფა, თავდადებულის #48

საინფორმაციო დაფის მიხედვით, თავდადებულის #48ა-ში შვიდსართულიანი სახლი შენდება, თუმცა ამავე დაფაზე წერია ისიც, რომ სახლი ხუთსართულიანი იქნება. რეალურად კი კარკასის სახით 8 სართული უკვე აშენებულია და მეცხრე სართულისთვის ხიმინჯები გამზადებული. მშენებელს თავად დაუდგენია მშენებლობის ვადებიც. ამ ვადების მიხედვით, მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

რეესტრის მონაცემებით, თავდადებულის #48ა-ში თამარ როყვა 201 კვ.მ. ტერიტორიას ფლობს. ამავე ტერიტორიაზე აშენებს ის ცხრასართულიან შენობას [ჯერჯერობით ცხრა სართული გამოდის]. შესაბამისად, ეს პროექტი ნებართვის მისაღებად დღეს მოქმედ რეგულაციებს ვერ დააკმაყოფილებდა. არც ამ ზონაში დადგენილ კ2 კოეფიციენტში ჯდება. გარდა ამისა, რეალურად პროექტს არ აქვს ადგილი პარკინგისა და გამწვანებისთვს, ასევე, ეზოსთვის.

თავდადებულის #48ა

„ნებართვა არ გვაქვს, მაგრამ ველოდებით წუთი-წუთზე“, – გვითხრა თამარ როყვამ, მასთან დაკავშირება ტელეფონით მოვახერხეთ. კითხვაზე, რატომ დაიწყეთ მშენებლობა უნებართვოდ, გვიპასუხა – დავაშავეთ და დაგვაჯარიმესო. მისივე ინფორმაციით, მერიას მშენებელი 4 000 ლარით დაუჯარიმებია.

თამარ როყვას ინფორმაციით, პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ „დაახარვეზა“, ამიტომაც შეეშალათ ხელი მიეღოთ მშენებლობაზე ნებართვა. „შემდეგ ისევ მივმართეთ და დადებითი პასუხი მოგვცა. ჯარიმაც გადავიხადე და ახლა ველოდები მშენებლობის ნებართვას“, – გვითხრა მან.

თამარ როყვა თითქმის დასრულებული მშენებლობის ნებართვას ძეგლის დაცვის ზონაში ითხოვს. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გასაცემად აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს თანხმობა.

სააგენტომ თამარ როყვას მიმართვა 2 სექტემბერს განიხილა. საბჭოს შვიდი წევრიდან ექვსმა უარი თქვა პროექტის შეთანხმებაზე. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად კი, მშენებლობის უნებართვოდ დაწყება დაასახელეს. თუმცა სააგენტოს მხოლოდ 2 სართულზე ჰქონდა ინფორმაცია.

სხდომის ოქმის მიხედვით, ერთადერთი, ვინც პროექტის შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადა, მირიან მეტრეველი იყო, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი [ის ზონალური საბჭოს წევრია]. ამ სამსახურში შედის ზედამხედველობის სამსახურიც, სადაც ამბობენ, რომ  დამრღვევი გააფრთხილეს, დააჯარიმეს და შემდეგ მშენებლობის შეუჩერებლობისთვის ისევ დააჯარიმეს.

რატომ დაუჭირეთ მხარი კანონდარღვევით დაწყებული მშენებლობის შეთანხმებას? – ვკითხეთ მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსს, მირიან მეტრეველს. მან გვითხრა, რომ თამარ როყვამ ხუთსართულიანი სახლის პროექტის შეთანხმება ითხოვა, მერიამ მას პროექტის შეცვლა და ერთი სართულის დაკლება მოსთხოვა, რაც გაითვალისწინა, ამიტომაც ის თანახმა იყო პროექტის შეთანხმებაზე. ის, რომ ამ ადგილას 8 სართული უკვე აშენებულია, მირიან მეტრეველისთვის, როგორც თავად გვითხრა, ცნობილი არ არის. „ეს არ ვიცოდი, ეს თავხედობაა, დიდი სიამოვნებით თანახმა ვარ, რომ მოუშალონ ეს“, – გვითხრა მირიან მეტრეველმა.

ბათუმის მერიაში არც ის იციან, რომ თამარ როყვა სახლს კი არა სასტუმროს აშენებს: „სასტუმროს ტიპის სახლია, აპარტამენტები გვექნება. რაც შეეხება პარკინგს, როგორც მახოვს, სარდაფში ექვსი მანქანის ადგილი იქნება.“

ეს უკანონო მშენებლობა ბათუმის მერიის შენობიდან ოთხ კვარტალში მდებარეობს.

იყო თუ არა საღებავი „სუდანი“ ტყემალში – რა დაადგინა სახელმწიფო უწყებამ

ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავი „სუდანი“ დაახლოებით ორი თვის წინ აღმოაჩინეს ტყემალში და სურსათის კიდევ 5 ნიმუშში, რომელსაც საქართველოში აწარმოებენ. კვლევის შედეგები 15 აგვისტოს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” [momxmarebeli.ge] გამოაქვეყნა. მაშინ კომპანიების წარმომადგენლებმა ტელევიზიებით საზოგადოებას უთხრეს, რომ ამ კვლევას არ ენდობოდნენ და ალტერნატიულ კვლევას ჩაატარებდნენ, რომლის შედეგიც ერთ თვეში გახდებოდა ცნობილი. კვლევის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე მაღაზიების დახლებიდან 6 კომპანიის პროდუქცია ამოიღეს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა გაირკვა ალტერნატიული კვლევებით და რაც მთავარია – რა დაადგინა იმ სახელმწიფო უწყებამ, რომელსაც მომხმარებლის მავნე საკვები პროდუქტებისგან დაცვა ევალება.

„თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება, სტრატეგიული კვლევა იქნება თუ ტაქტიკური, მოვიდეს და შეამოწმოს,“ – გვითხრა შპს „კულას“ ხელმძღვანელმა, ივანე გოგლიძემ. მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა „კულას“ ფეისბუქგვერდზე გერმანიაში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, „კულას“ ტყემალში საღებავი არ არის. გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტყემალს ექსპერტიზა გერმანიაში, ჰამბურგში, Eurofins-ის ლაბორატორიაში შეამოწმეს.

Momxmarebeli.ge-ს პროგრამების მენეჯერი, ვახტანგ კობალაძე უკვე გაეცნო „კულას“ და „მარნეულის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგს, სადაც ხაზგასმით წერია, რომ ტყემალში საღებავი არ არის, თუმცა მას ერთი კითხვა აქვს.

„კონკრეტულად რომელ პარტიაზე ჩაატარეს კვლევა? „მარნეულის“ შემთხვევაში ჩატარებულია კვლევა სულ სხვა პარტიაზე, „კულას“ კი საერთოდ არ აქვს მითითებული, რომელი პარტიის ტყემლიდან აიღეს ნიმუშები,“ – გვითხრა ვახტანგ კობალაძემ.

„თვითონ Momxmarebeli.ge-ს კვლევაშიც არ არის მასე მითითებული კონკრეტული პარტია… რეალურად, როცა ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, ამოგვაღებინეს მთელი პროდუქცია და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დალუქა. შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით აიღეს ნიმუში და ის გაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე,“ – ამბობს „კულას“ დირექტორი, ივანე გოგლიძე.

თარიღზე აკეთებენ აქცენტს „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“. აქ ვახტანგ კობალაძის ხელმოწერილი წერილი გვაჩვენეს, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიული კვლევა 2018 წლის 21 ივნისს გამოშვებულ ტყემალს ჩაუტარეს.

„შემდეგ რატომღაც თარიღი შეცვალეს და დაწერეს 2019 წლის იგივე თარიღი, თარიღშიც ვერ ჩამოყალიბდნენ… მე ჩემს კომპანიას ვენდობი, სადაც მთავარია მომხმარებლის უფლებები. ჩვენ ამოღებული პარტიიდან შემთხვევითობის პრინციპით ავიღეთ ნიმუში და ეს შემოწმდა გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიაში. უვნებლობის სამსახურმა აიღო ნიმუშები შემთხვევითობის პრინციპით,“ – გვითხრეს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პრესცენტრში.

შეცდომებს ადასტურებენ  ორგანიზაციაში Momxmarebeli.ge, თუმცა ვახტანგ კობალაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ტექნიკურ შეცდომებს“ იყენებენ კომპანიები მათთვის არასასურველი კვლევის წინააღმდეგ.

„მართალია, წელი არასწორად წერია, 2018 წელი უნდა ეწეროს „მარნეულისთვის“ მიწერილ წერილში იმ პროდუქტის თარიღიც, საიდანაც ნიმუში ავიღეთ, მაგრამ იმ წერილს თან ახლდა „მარნეულის“ ტყემლის ბოთლის ფოტო, სადაც ასევე კარგად ჩანს თარიღი… ამას დაადასტურებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც, რადგან ჩვენ კვლევის შედეგი მათაც ვაცნობეთ და რადგან ეს შეუსაბამობა იყო, იქაც დააზუსტეს თარიღი. „მარნეულის“ და „კულას“ შემთხვევაში ჩვენ მივწერეთ კომპანიებს კონკრეტულად რომელი პარტიის პროდუქტში აღმოჩნდა საღებავი. „მარნეულის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგის მიხედვით, ნიმუში აღებულია სხვა პარტიიდან, „კულას“ შემთხვევაში კი, საერთოდ არ ჩანს პარტია,“ – აღნიშნავს ვახტანგ კობალაძე.

„Momxmarebeli.ge თავიდან ბოლომდე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს… ის საღებავი, რაზეც საუბარია კვლევაში, ყვითელი საღებავია. რა უნდოდა ყვითელ საღებავს წითელ ტყემალში?“ – კითხულობს „კულას“ დირექტორი, ივანე გოგლიძე. მას ვკითხეთ, ჩაუტარდა თუ არა  კვლევა კონკრეტულად იმ პარტიას, რომლიდანაც ნიმუში Momxmarebeli.ge-მ აიღო.

„ეს იყო პროვოკაცია ან ლაბორატორიის შეცდომა… პროკურატურა მოვიდეს და ამოიღოს საბუთები, ნახოს სადმე, თუ მაქვს საღებავი ნაყიდი… ან თქვენ მოდით, აიღეთ ნებისმიერი ბოთლიდან ნიმუში, ვიდეოც გადაიღეთ, წადით გერმანიაში და გადაამოწმეთ. მე დაგაფინანსებთ, ჩემს ხარჯზე მოინახულეთ გერმანია, ჰამბურგი,“ – გვიპასუხა ივანე გოგლიძემ.

„კულას“ ინფორმაციით, ტყემლის კვლევა გერმანიაში იმავე ლაბორატორიაში ჩატარდა, სადაც კვლევა Momxmarebeli.ge-მ დაუკვეთა. „კულას“ დირექტორს დამატებით ვკითხეთ, როგორ აღმოჩნდა ერთსა და იმავე ლაბორატორიაში ორი სხვადასხვა პასუხი, თუკი ერთსა და იმავე ნიმუშს იკვლევდნენ?

„არ ვიცი, მე ლაბორატორიისთვის მაგ კითხვით არ მიმიმართავს,“ – დასძინა ივანე გოგლიძემ.

კომპანია „მარნეულის სასურსათო ქარხანაშიც“ გვითხრეს, რომ სინჯები ალტერნატიული კვლევის ჩასატარებლად, წესების დაცვით, სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს და ეს გააკეთეს იმ პროდუქციიდან, რომელიც მაღაზიებიდან ამოიღეს. „კულასა“ და „მარნეულშიც“ ირწმუნებიან, რომ კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ყველა პარტია, რაც მანამდე იყო გამოშვებული, დალუქეს.

კონკრეტულად რომელი პარტიიდან აიღეს ნიმუშები ალტერნატიული კვლევის ჩასატარებლად? – ამ კითხვაზე პასუხი „სურსათის ეროვნული სააგენტოსგან“ დღის ბოლომდე ვერ მივიღეთ. აქ განმარტეს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ზედამხედველობით აიღეს ნიმუშები. უწყების პრესცენტრში ასევე გვითხრეს, რომ კომპანიების ალტერნატიული კვლევისგან განსხვავებით, სახელმწიფო უწყებამ კიდევ სხვა ლაბორატორიას შეუკვეთა კვლევა.

„კვლევის შედეგებს ველოდებით და მას აუცილებლად გავასაჯაროებთ,“ – გვითხრეს „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ პრესცენტრში.

 

 

18 მილიონი ლარი წელიწადში – რატომ აფინანსებს სახელმწიფო კერძო სკოლებს

საქსტატის მონაცემებით, 2018-2019 წლებში კერძო სკოლაში 60 416 მოსწავლე სწავლობდა. ამ სკოლებს ვაუჩერის სახით, სახელმწიფო წელიწადში 18 მილიონ 124 800 ლარით აფინანსებს. რა მიზანს ემსახურება კერძო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება და არის თუ არა ის მიზანი მიღწეული, რის საფუძველზეც სახელმწიფო სკოლებს აფინანსებს. ამასთან, ჩააყენა თუ არა სახელმწიფომ კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები არათანაბარ მდგომარეობაში, როცა საჯარო სკოლებში ვაუჩერული დაფინანსების თანხა გაზარდა, კერძო სკოლებში კი იგივე დატოვა?

2019 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სკოლებში მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსება 500 ლარი და მეტია, ამავე წყაროს მონაცემებით, საჯარო სკოლაში 523 958 მოსწავლე სწავლობს. 500-ლარიანი ვაუჩერული დაფინანსების შემთხვევაში, საჯარო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება წელიწადში 261 მილიონ 979 000 ლარია.

საქართველოში მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსება 2005 წლიდან დაიწყო და როგორც მაშინ ითქვა, მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კერძო სკოლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ამ მეთოდმა არ გაამართლა, რადგან კერძო სკოლებმა ვაუჩერული დაფინანსების გარდა, მოითხოვეს სწავლის თანხა. საერთაშორისო პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ ვაუჩერული დაფინანსების დროს კერძო სკოლას უფლება არ აქვს, მოსწავლეს სწავლის საფასური გაუზარდოს.

„სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, პედაგოგი მუხრან გულიაშვილი, რომელიც ამ საკითხზე კვლევასაც აწარმოებდა, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საჯარო და კერძო სკოლების სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსების სახელმწიფო მოდელი გაუგებარია, რადგან ის არ არის განვითარებაზე ორიენტირებული, „ამ სისტემაში, ფაქტობრივად, ქაოსია. ასევე მიმაჩნია, რომ კერძო სკოლების ვაუჩერით დაფინანსების დღეს არსებული მოდელი, სახელმწიფოს ბიუჯეტის გაფლანგვაა,“ – გვეუბნება ის.

„დოკუმენტის დონეზე სახელმწიფოს არ აქვს ჩანაწერი, რომ კერძო სკოლას არ აქვს სწავლის საფასურის გაზრდის უფლება. შესაბამისად, კერძო სკოლები სწავლის საფასურს არა ვაუჩერის თანხაში, არამედ, ვაუჩერს ზემოთ ანგარიშობენ, რაც არღვევს ვაუჩერული დაფინანსების მიზანს. ეს მიზანი კი, როგორც თავიდან ითქვა, იყო ის, რომ მოსწავლეს ჰქონოდა უკეთესი სკოლის არჩევანის შესაძლებლობა.

ვაუჩერის თანხა იმდენად მცირეა, რომ ამ მიზანს ვერ ასრულებს და სკოლები სწავლის თანხას ვაუჩერს ზემოთ ანგარიშობენ, ბევრი სკოლა არც კი ეუბნება მშობელს, რომ მის შვილს აქვს ვაუჩერული დაფინანსება.

ვაუჩერის მიზანი იყო ის, რომ მოსწავლეს შეეძლო ეს დაფინანსება წაეღო იმ სკოლაში, რომელსაც აირჩევდა და ამით უნდა გაზრდილიყო კერძო სკოლებზე ხელმისაწვდომობა, რაც დღეს რეალურად არ მუშაობს,“ – ამბობს გულიაშვილი.

კერძო სკოლა „ნიკეს“ დირექტორი იზოლდა ტაკიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაუჩერის თანხა იმდენად მიზერულია, რომ ის სწავლის საფასურს ვერ ფარავს. „300 ლარი რომ იყოს თვეში, მაშინ, ბუნებრივია, გაიზრდებოდა კერძო სკოლაზე ხელმისაწვდომობა, მაგრამ ეს თანხა გამოყოფილია წლის მანძილზე, რაც თვეში ძალიან მცირეა,“ – გვეუბნება ის.

თუმცა, იზო ტაკიძე მიიჩნევს, რომ თუ ვაუჩერი ბავშვს ეძლევა, მაშინ კერძო სკოლაში გადასვლის შემთხვევაშიც გაზრდილი ვაუჩერი  უნდა გადაჰყვეს და არა – ნაკლები.

„ვფიქრობ, აქ ირღვევა ბავშვის უფლება, რადგან ის ვერ სარგებლობს თავისი ვაუჩერით ბოლომდე და რას ხმარდება ვაუჩერის თანხის ნაწილი, როცა საჯარო სკოლიდან გადმოდის კერძოში, ესეც გაურკვეველია,“ – ამბობს იზო ტაკიძე.

კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის დირექტორი მარინე ცივაძე ამბობს, რომ მას არ აქვს პრეტენზია ვაუჩერის თანხის მატებაზე ან კლებაზე, თუმცა ამბობს, რომ ბავშვების განსხვავება სახელმწიფოს მხრიდან არ არის მოსაწონი.

„ვაუჩერზე არ მაქვს პრეტენზია და არც მაშინ ველოდებოდი სახელმწიფოსგან, როცა ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ როცა ხდება მოსწავლეების განსხვავება, გული მტკივა.

საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერით აჯილდოებენ, კერძო სკოლის მოსწავლეებს – არა, არც პირველკლასელებს აძლევენ ბუქებს. ვფიქრობ, ეს არასწორია. მეც შევუძინე ბავშვებს ბუქები, მაგრამ, სამწუხაროდ, სახლში მაინც ვერ გავატანე,“ – გვეუბნება დირექტორი.

ვაუჩერის თანხა კერძო სკოლებში, როგორც დირექტორები ამბობენ, ძირითადად მასწავლებლების ზაფხულის ხელფასებს ხმარდება.

რესურსცენტრის მონაცემებით, მარტო ბათუმსა და ქობულეთის კერძო სკოლებში 7 457 ბავშვი სწავლობს. ამ ბავშვების წლიური დაფინანსება 300-ლარიანი ვაუჩერით, წელიწადში 2 მილიონ 237 100 ლარი გამოდის.

„რეალურად, ბავშვების დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი იხარჯება, თუმცა კერძო სკოლები მაინც ვერ გახდა თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის,“ – ამბობს მუხრან გულიაშვილი.

მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოსწავლეების არათანაბარი დაფინანსება არღვევს თანასწორობის პრინციპს ბავშვებს შორის, მუხრან გულიაშვილიც იზიარებს და დასძენს, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არც ერთი ბავშვი არ განსხვავდებოდეს სკოლაში პირობების მხრივ, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა.

„სახელმწიფოს აქვს მცდელობა, რომ საჯარო და ელიტური სკოლები ერთდროულად განავითაროს, რაც რეალურად არ გამოდის, რადგან ელიტური სკოლების არსებობა ეწინააღმდეგება საჯარო განათლების იდეას. მდიდრებს ისედაც აქვთ არჩევანის საშუალება, ღარიბებს კი არჩევანი არ აქვთ. განათლებაში კი უპირველესი თანაბრობაა,“ – ამბობს გულიაშვილი.

მისი აზრით, უკეთესი იქნება, სახელმწიფომ ვაუჩერის ნაცვლად კერძო სკოლებს მეტი დამოუკიდებლობა მისცეს, როგორც კურიკულუმში, ასევე სახელმძღვანელოების არჩევანში და ა.შ.  „ეს მილიონები კი, რომელიც კერძო სკოლის ვაუჩერებში იხარჯება, მოხმარდეს სკოლების მშენებლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რადგან დღეს საჯარო სკოლების ყველაზე დიდი პრობლემა, კლასების გადატვირთულობაა“.

ვაუჩერული დაფინანსების მოდელს ბევრ დასავლურ და ევროპულ ქვეყნებში იყენებენ, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, იქ დაფინანსების ოდენობა განსხვავებულია.

კერძო სკოლას არ აქვს უფლება, გაუზარდოს მოსწავლეს სწავლის საფასური, რაც ზრდის კერძო სკოლებზე ხელმისაწვდომობას. გარკვეულ ქვეყნებში ამ მოდელზე უარი თქვეს.

„ვაუჩერული დაფინანსება არის შეჯიბრებაზე აწყობილი სისტემა, რომელიც ამერიკაშია ძირითადად და არ არის მაღალი ხარისხის, ხოლო ზრუნვაზე და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სისტემა არსებობს ფინეთში, სინგაპურში და არის უკეთესი ხარისხის. საქართველოში კი ვერ ვხედავ, რაზეა განათლების სისტემა დაფუძნებული,“ – ამბობს მუხრან გულიაშვილი.

2009 წელს განათლების მკვლევარმა ნათია ანდღულაძემ ჩაატარა ვაუჩერული დაფინანსების სისტემის კვლევა.

ამ კვლევის მიხედვით, მაგალითად, შვედეთში, სადაც ვაუჩერული დაფინანსება 1992 წელს შემოიღეს, ვაუჩერი მოსწავლეს მისთვის სასურველ სკოლაში სწავლის შესაძლებლობას აძლევდა და სკოლას არ ჰქონდა უფლება, გაეზარდა სწავლის საფასური ვაუჩერის თანხის ზემოთ.

თუმცა პოლიტიკური ცვლილების შემდეგ, როგორც კვლევაში წერია, შვედეთში კერძო სკოლებისთვის ვაუჩერის გამოყოფაზე შეზღუდვა დააწესეს.

ახალ ზელანდიაშიც ვაუჩერი მშობელს არჩევანის საშუალებას აძლევდა, შესაბამისად, კერძო სკოლები საბაზრო კონკურენციის პირობებზე დაყრდნობით ცდილობდნენ უფრო მეტი ბავშვი მოეზიდათ.

კვლევის მიხედვით, ბოლომდე ამ მეთოდმა არც ახალ ზელანდიაში იმუშავა, რადგან „კერძო სკოლებმა სელექციურად დაიწყეს ბავშვების მიღება. არ არსებობდა ერთიანი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეარჩევდნენ  მოსწავლეებს. შედეგად ბევრი მოსწავლე ვერ ხვდებოდა მისთვის სასურველ სკოლაში,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, აშშ-ში მხოლოდ კერძო სკოლების დაფინანსების მცდელობები იყო და აქაც მიზანი იყო კერძო სკოლაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოწყვლადი კატეგორიებისთვის. ამავე დროს, აშშ-ში ვაუჩერული დაფინანსება კეთდება კერძო ორგანიზაციების ან მშობლების მხრიდან მათთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭების სანაცვლოდ.

თუმცა, როგორც კვლევა აჩვენებს, ზოგადად, ამ სისტემას არ გამოუწვევია განათლების ხარჯების შემცირება ქვეყნებში და მოსწავლეთა მიღწევების ზრდა.

„მეტიც, ქვეყნის მასშტაბით ვაუჩერების შემოღებამ გამოიწვია მოსწავლეთა მიღწევებში განსხვავებების მნიშვნელოვანი ზრდა სოციალური, ეკონომიკური და ეთნიკური ნიშნის მიხედვით,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

რატომ დაუტოვა 300-ლარიანი ვაუჩერული დაფინანსება სახელმწიფომ სკოლებს, მიუხედავად ამ დაფინანსების არაეფექტურობისა? – მუხრან გულიაშვილის აზრით, შესაძლოა ეს იყოს სახელმწიფოს მხრიდან კერძო სკოლებზე კონტროლის შენარჩუნების ბერკეტი.

რატომ აფინანსებს კერძო სკოლებს სახელმწიფო და რა სარგებელი მიიღო ამ დაფინანსებით თითოეულმა ბავშვმა, ან რატომ დაუშვა დაფინანსების არათანაბარი სისტემა და რაზეა გათვლილი დაფინანსების ვაუჩერული მოდელი? – „ბათუმელები“  ამ კითხვებზე პასუხს საქართველოს განათლების სამინისტროსგან ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 114 წლის ფიქრიე ირემაძეა

აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 1905 წლის 7 ივლისსაა დაბადებული. ფიქრიე ირემაძე ხულოში, სოფელ ირემაძეებში ცხოვრობს. იკვებება მხოლოდ ნატურალური საკვებით, არ ჭამს ნახევარფაბრიკატებს და უარს ამბობს ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არ არის დამზადებული.

„ტანსაცმელი შალის უნდა იყოს, აბა, მასეთ რეზინას (სინთეთიკის ქსოვილისგან დამზადებულ სამოსზე უთითებს) რაფერ ჩევიცვამ“, – ამბობს.

„ზეთიან და მარგარინიან საჭმელს არ ჭამს, ფეხზე მარტო მატყლის ნასკებს იცვამს, ნატურალური საკვებით იკვებება, ჩვენთან არასდროს არავინ ეწეოდა სიგარეტს“, – ყვებიან ოჯახში.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში ას წელს გადაცილებული 36 ადამიანი ცხოვრობს, მათგან სამი – 109 წლისაა. ას წელს გადაცილებულებს შორის მხოლოდ ერთი კაცია, ამირან ბოლქვაძე.

________________________

მთავარ ფოტოზე: ფიქრიე ირემაძე. ფოტო: Maria Che

ეროვნულმა ბანკმა 100 წლის საიუბილეოდ ვერცხლის 5-ლარიანი საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად კი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტა ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 75 ლარია. სულ მოიჭრა 1500 ცალი მონეტა. მონეტის წონა 15,5 გრამია.

საკოლექციო მონეტა/ფოტო: სები / „მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგო და შენობის სტილიზებული გამოსახულება, რომელშიც დღესდღეობით განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკი. ასევე, დატანილია წარწერები: “საქართველოს ეროვნული ბანკი” და “5 ლ”. მონეტა გაფორმებულია სვაროვსკის კრისტალით.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს შენობა, რომელშიც 1919 წელს დაფუძნდა და ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი სახელმწიფო ბანკი (დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი). მონეტაზე დატანილია წარწერები: “5 ლარი”, “საქართველო”,   “1919 . 2019” ,  “Georgia”.“

„მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება – საჯარო ლექციები, კონკურსები, გამოფენები და სხვა. საქართველოს ეროვნულ ბანკს 100 წლის იუბილე პარტნიორმა ორგანიზაციებმაც მიულოცეს… საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 1 ოქტომბერს ღონისძიება ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში – საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა,“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს თბილისში, იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული. აღნიშნულ შენობაში სასადილოს მოსაწყობად ბანკმა ტენდერი გამოაცხადა, სადაც სატენდერო თანხა 865 ათასი ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისი კი თბილისში, მტკვრის სანაპიროსთან, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.

პატიმარი ბათუმის ციხის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

პატიმარი ნუგზარ თაბაგარი სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულების ანუ ბათუმის ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. პატიმრის თქმით, მას უსამართლოდ მოექცნენ, როცა ხანმოკლე პაემნის და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდეს. პატიმარი ციხეში გამოცემული აქტების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მას დისციპლინური სახდელები დაუწესეს.

ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა “გიორგი ოქროპირიძის საქმეში”. მკვლელობისთვის გასამართლებული ამ პირის საქმეში არაერთი კითხვის ნიშანია. თაბაგარი ხშირად ასაჩივრებს სასჯელაღსრულების  დაწესებულების პირობებს. გასულ წელს მან ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო დავა სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუგო.

ნუგზარ თაბაგარს ამჯერად სახდელი ციხეში სასჯელაღსრულების პირობების დარღვევის გამო დაუდგინეს, კონკრეტულად კი, გადაძახილისთვის და ადმინისტრაციის თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

“წარმოადგინეთ ვიდეოჩანაწერი ან აუდიო. იქ გამოჩნდებოდა სიმართლე,” – მიმართა ნუგზარ თაბაგარმა პენიტენციური სამსახურის იურისტს, ნიკა აბრამიშვილს.

“მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ამ მტკიცებულებების წარმოდგენა,” – აღნიშნა ნიკა აბრამიშვილმა.

სასამართლოს არც მოწმეებისთვის მოუსმენია. “წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რაც სრულად ასახავას მომხდარს”, – დასძინა პენიტენციური სამსახურის იურისტმა.

“აქ მიეცათ მოწმეებს ჩვენებები… თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მოწმეები იმავეს გაიმეორებდნენ?”- იკითხა პატიმარმა.

“კი, დარწმუნებული ვარ,” – თქვა პენიტენციური სამსახურის იურისტმა.

“რაში სჭირდებათ თქვენ მიმართ ასეთი დამოკიდებულება? ინტერესი რა არის?” – დაინტერესდა მოსამართლე კობა გოცირიძე.

“ინტერესი არის ის, რომ სულ საჩივრებს ვწერ… 2018 წელს საქმე მოვუგე იუსტიციის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოში… მანამდე სულ იძახდნენ, ჯანმრთელია, ჯანმრთელიაო და გამოჩნდა, როგორ მექცეოდნენ… მაქ ნახავთ, ბატონო მოსამართლევ, ჩამონათვალს, რამდენი რამე მჭირს,” – მიმართა მოსამართლეს პატიმარმა, მაისური აიწია და მოსამართლეს დაზიანებული სხეული აჩვენა.

“ეს ბაჩო ახალაიას დროს მცემეს და ახლაც მეტყობა… მაშინ საჩივარს რომ დავწერდი, თვალწინ მიხევდა ბექა გაგნიძე… ბექა გაგნიძე ახლა ბათუმის ციხის უფროსის მოადგილეა. ახლა ასე მაწამებენ…” – აღნიშნა პატიმარმა.

ნუგზარ თაბაგარმა 2018 წელს მოუგო სასამართლო დავა სასჯელაღსრულების სამინისტროს, თუმცა ამ უწყების სამართალმემკვიდრე – იუსტიციის სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებს.

დავის საგანი ციხეში სამედიცინო მომსახურების ხარისხს შეეხებოდა. მაშინ სამინისტროს სასამართლომ პატიმრის სასარგებლოდ 2 ათასი ლარი კომპენსაციის გადახდა დაავალა.

“სხვაგან რომ მოითხოვოთ გადაყვანა?”- იკითხა მოსამართლემ.

“ვითხოვ რამდენი ხანია და არ გადავყავარ,” – მიუგო მოსამართლეს პატიმარმა.

მოსამართლე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე სკრინინგი სამსახურიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია

თუ თქვენ და თქვენს თანამშრომლებს ჯერ არ ჩაგიტარებიათ გამოკვლევა C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე, შეგიძლიათ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართოთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში თქვენი ორგანიზაციის სახელწოდებას, მისამართს და თანამშრომლების რაოდენობას ჩაინიშნავენ,  თქვენს სამსახურთან სპეციალური ამბულატორიული ავტომანქანა მოვა, რომელშიც მინისამედიცინო კაბინეტია და ადგილზე ჩაგიტარებენ უფასო სკრინინგს.

სკრინინგისთვის რამდენიმე წუთია საჭირო.

„აჭარაში ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მოგვმართოს და მივალთ იმ ადგილას. ზოგს სამუშაო საათებში არ შეუძლია გასვლა და ეს მოსახერხებელია. პირიქით, გვინდა დაგვიკავშირდნენ, რომ პროგრამამ  მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი რაოდენობა მოიცვას,“ – ამბობენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 577 27 87 40

აღნიშნულ აქტივობას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროგრამა „ნულოვანი ტუბერკულოზის“ ფარგლებში ახორციელებს.

„ეს არის სპეციალური, ამბულატორიული მანქანა, რომელშიც გამოკვლევას ატარებენ ექიმი ფთიზიატრი და ლაბორანტი. ტუბერკულოზზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ფთიზიატრი გამოკვლეულ პირს გადაამისამართებს ფთიზიატრიულ სამსახურში, სადაც გამოკვლევა და მკურნალობა უფასოა. აქვე ხდება სისხლის ანალიზი C ჰეპატიტსა და შიდსზე, აღმოჩენის შემთხვევაში  ხდება გადამისამართება ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ფინანსდება ყველა გამოკვლევა და მკურნალობა. C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც დღეს საზღვარგარეთ ღირს 70 000 ევრო, საქართველოში უფასოა  99-პროცენტიანი განკურნების შანსით, მთავარია დაავადება დროულად იყოს აღმოჩენილი,“ – ამბობენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრესსამსახურში.

2018 წლის აგვისტოდან დღემდე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 65 000 ადამიანი იქნა გამოკვლეული.

C ჰეპატიტი პირველადი გამოკვლევის შედეგად აღმოაჩნდა 560 პირს, აივ/შიდსი კი – 57 პირს, თუმცა სკრინინგის დროს ნაჩვენები დადებითი შედეგი შესაძლოა უფრო საფუძვლიანი გამოკვლევების შემდეგ არ დადასტურდეს.

ტუბერკულოზზე ეჭვით 600-ზე მეტი პირი იქნა გადაგზავნილი გამოკვლევაზე, აქედან დადასტურდა ტუბერკულოზის 8 შემთხვევა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში აგვისტოდან დღემდე 200-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ამბულატორიული ავტომანქანით, ორგანიზაციებსა და ქუჩებში, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტი ახალი თაობის პრეპარატს უფასოდ იღებს.

2020 წლის შემდეგ, როცა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის ხუთწლიანი პროგრამა დასრულდება, საქართველოს მოქალაქეს 60-80 ათასი ევრო დასჭირდება იმ მკურნალობის მისაღებად, რომელიც ახლა უფასოა.

საია: გიორგი კოხრეიძის სარჩელზე სასამართლოს ხარვეზი უნდა დაედგინა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მეოთხე კონკურსი შეაჩერა.

„საიამ შეისწავლა აღნიშნული განჩინებები და მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გიორგი კოხრეიძის სარჩელზე ხარვეზი უნდა დაედგინა და განჩინებაში მითითებული საფუძვლით არ უნდა მომხდარიყო დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ახალი კონკურსის შეჩერება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა განაცხადა, რომ ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშეა, განსაკუთრებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

სასამართლო განჩინებებთან დაკავშირებული პრობლემები კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხის რეალურობას აჭარის ტელევიზიაში,“ – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებაშივე განმარტავს, რატომ არ უნდა მიეღო წარმოებაში სასამართლოს გიორგი კოხრეიძის სარჩელი.

„გიორგი კოხრეიძის სარჩელი წარდგენილია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიმართ, რომელიც ხელმძღვანელი ორგანოა და დამოუკიდებელ სამართლებრივ სუბიექტს არ წარმოადგენს.

ცალკე აღებული მრჩეველთა საბჭო ვერ იქნება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც შესაძლებელია სარჩელის წარდგენა. მრჩეველთა საბჭოს ორგანიზაცის მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლებამოსილებაც კი არ გააჩნია. გიორგი კოხრეიძის მოპასუხე ამ შემთხვევაში პირდაპირ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა.

ვინაიდან სარჩელი წარდგენილია ისეთი პირის მიმართ, რომელიც ვერ იქნება მოპასუხე, სასამართლოს უნდა დაედგინა ხარვეზი და დაენიშნა ვადა მის შესავსებად. შესაბამისად, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრებოდა, სასამართლოს სარჩელი არ უნდა მიეღო წარმოებაში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ვკითხულობთ:

„სასამართლომ შეაჩერა დირექტორის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება. საფუძვლად  მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი და იმსჯელა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებაზე.

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველთა საბჭოს 2019 წლის 25 აგვისტოს  აქტის კანონიერებაზე გიორგი კოხრეიძე არ დავობს. შესაბამისად, გაურკვეველია როგორ მიიღო კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საფუძვლით სასამართლომ. ამ მოცემულობაში სასამართლოს გიორგი კოხრეიძის შუამდგომლობა არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სარჩელიდან არ იკვეთება რა საფუძვლით ითხოვდა დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას გიორგი კოხრეიძე. ამიტომ  სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობის განხილვამდე მიზანშეწონილი იქნებოდა მოსარჩელესთვის დაეკონკრეტებინა კონკურსის შეჩერების შესახებ მისი შუამდგომლობა  ეხებოდა ადმინისტრაციული აქტის –  დირექტორის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელიმე ღონისძიების გამოყენებას.“

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დირექტორის კონკურსის შეჩერების განჩინება გაასაჩივრა. დოკუმენტი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე აწერს ხელს, სასამართლოში უკვე გაგზავნილია.

30 სექტემბერს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. მათ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს თხოვნით, ყურადღებით ადევნონ თვალი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს.

„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს,“ – აღნიშნულია განცხადებაში

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდასაჭერად 30 სექტემბერს ბათუმში აქციაც გაიმართა, რომელშიც მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 40-მა მენტორ-ინსტრუქტორმა გადამზადების კურსი გაიარა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში,  საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის  სავაჭრო – სამრეწველო პალატების მიერ ორგანიზებული მენტორ – ინსტრუქტორთა ტრენინგი დასრულდა. 

ინსტრუქტორებს, რომლებმაც პროფესიული გადამზადების კურსები გაიარეს, “საქართველოს რკინიგზის” საწარმოებში სტუდენტებისათვის როგორც პრაქტიკული კომპონენტის სწავლების, ასევე ინსტრუქტორთა ახალი ნაკადის მომზადების შესაძლებლობა ეძლევათ.

აღსანიშნავია, რომ  “საქართველოს რკინიგზა” და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პერიოდულად სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ერთობლივად განლიხიავენ. ამ ეტაპზე პრიორიტეტულ საკითხად, კომპანიაში დასაქმებული პირების დუალურ სწავლებაში მენტორ – ინსტრუქტორებად გადამზადება დასახელდა. პროექტისათვის „საქართველოს რკინიგზამ“  40 ინსტრუქტორი შეარჩია, რომლებსაც ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგების ჩასატარებლად საქართველოში დუალური სწავლების მიმართულებით მდიდარი და წარმატებული გამოცდილების მქონე გერმანიის რკინიგზის (DB) ტრენერები ჩამოვიდნენ.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის შემდეგომი ეტაპი საკვალიფიკაციო გამოცდების გამჭვირვალედ და კვალიფიციურად ჩატარებაა. კოლეჯში იმედოვნებენ, რომ საქართველოს,  მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო – სამრეწველო პალატებთან და გერმანიის რკინიგზასთან თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა გერმანიაში არსებული პროფესიული განათლების წარმატებული პრაქტიკა საქართველოშიც სრულად იყოს გაზიარებული. 

სახელმწიფო ვალიდან რა თანხა რომელ მსხვილ პროექტებზე დაიხარჯება 2020 წელს აჭარაში

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე წარადგინა. პროექტის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მომავალი წლისთვის გამოყოფილია 2 მილიარდ 71 მილიონ 600 ათასი ლარი, რაც მთავრობის განმარტებით, 71,6 მილიონი ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. ეს თანხა ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხო ქვეყნების მთავრობებისგან მიღებული შეღავათიანი და გრძელვადიანი სესხით დაიფარება.

გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის – 1 315,2 მილიონზე  მეტი ლარი, ხოლო რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის – 262,1 მილიონი ლარი.

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტებიდან, 2020 წლისთვის, აჭარაში მიმდინარე პროექტების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია:

[checklist]

  • ბათუმის შემოვლითი გზა – 56 მილიონი ლარი;
  • ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია – IV ფაზა, 24 მილიონი ლარი;
  • ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 11 მილიონ 250 ათასი ლარი;
  • ქობულეთის წყალარინების პროექტი – 300 ათასი ლარი;
  • ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია – III ფაზა – 1,5 მილიონი ლარი;
  • ბათუმის ავტობუსების პროექტი – 2,5 მილიონი ლარი;
  • აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 2 მილიონი ლარი.

[/checklist]

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ვალს – 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ ვალის მომსახურებისა და დაფარვისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 1,32 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. აქედან, საგარეო ვალის ძირითადი თანხის დაფარვისთვის – 950 მილიონი ლარი, ხოლო პროცენტის გადახდისთვის – 370 მილიონი ლარი.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას 2020 წლის ბოლოსთვის, პროექტის მიხედვით, ის განისაზღვრება 22 681 700 000 ლარის ოდენობით; მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 17,7 მილიარდი ლარით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი – 4,9 მილიარდი ლარით.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/394994/

 

ტყიბული – მეშახტეთა მომაკვდავი ქალაქი

ამ მისამართზე 2017-2018 წლებში 11 ადამიანი დაიღუპა – 2018 წლის აპრილში 6 ნანგრევებში მოყვა, 2017-ში კი ლიფტის ჩავარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის ქვანახშირის მომპოვებელი შახტების მაშინდელი მფლობელის, კომპანია ,,საქნახშირის“ ვერსიით, 2018 წლის 5 აპრილის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი „სამთო დარტყმა“ იყო, რომლის დროსაც ქანები სწრაფად ირღვევა და ჰაერის მძლავრი ტალღა გამოიტყორცნება.

2018 წლის მაისიდან, გახშირებული ტრაგედიების შემდეგ, ტყიბულის შახტები უსაფრთხოების დაუცველი ნორმების გამო დაიხურა. შახტებში მუშაობა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ ნოემბრიდან განახლდება და კომპანია ,,საქნახშირის“ ნაცვლად ქვანახშირის შახტების მფლობელი ამჯერად 2-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია Steel International trade company ხდება. ეს კომპანია 2018 წლის თებერვალში თბილისში დაარეგისტრირა გიორგი ჭელიძემ, რომელიც ამავე კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიამ „საქნახშირის“ წილები 27 სექტემბერს 1 ლარად იყიდა.

შპს „საქნახშირის“ 100% წილს შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობდა, რომლის გენერალური დირექტორი ყოფილი პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილია.

„პური უნდოდა ახლა ნისიად და გაბრუნდა, შერცხვა, რომ დაგინახა“ – მეუბნება მაღაზიის გამყიდველი შუახნის კაცზე, რომელიც ფოტოაპარატის დანახვისას ცივად გვივლის გვერდს და ნაბიჯს უჩქარებს.

შახტების შეჩერებისას ივსება ტყიბულში მაღაზიების გამყიდველების „ნისიების რვეულები“, დახლები კი ცარიელდება და ახალი პროდუქციით მაღაზიები ვერ მარაგდება.

ნისიების რვეულს ყველა მაღაზიაში ნახავთ.

პური, მარილი, კვერცხი, მაწონი, შაქარი, ზეთი, მაკარონი და ყავა – მაღაზიების გამყიდველების თქმით, ეს ის ძირითადი პროდუქტებია, რაც მეშახტეებს „ნისიად“ მიაქვთ.

ყავის გამყიდველი ლალი კაკუშაძე გვეუბნება, რომ მეშახტეებს ბოლო დროს მხოლოდ ყავა მიაქვთ მისი მაღაზიიდან და უარს ამბობენ ტკბილეულზე, რაც შახტების მუშაობის შეჩერების პირობებში ფუფუნებად მიიჩნევა.

მაღაზია ტყიბულში, 2019 წელი

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მძიმე სოციალური პირობებისა და უპერსპექტივობის გამო, ტყიბული ბოლო 5 წლის განმავლობაში ბევრმა დატოვა. კაცები ძირითადად პოლონეთში მიდიან სამუშაოდ, არასრულწლოვნები ზაფხულობით ჩაისა და თხილის საკრეფად თურქეთში გადადიან, ქალები კი საბერძნეთსა და იტალიაში მუშაობენ.

პენსიონერ კაპიტონ ჩაფიძის შვილიც რამდენიმე თვის წინ წავიდა სამუშაოდ პოლონეთში. ის მეშახტეა. ყოფილი მეშახტეა კაპიტონიც. პენსიონერს მიღებული აქვს თავის ტრავმა და ორჯერ მოიტეხა ფეხი  შახტში მუშაობისას. ფიზიკური ზიანისთვის მისი პენსიის დანამატი მხოლოდ 150 ლარია. გვიყვება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, სახლში მიაკითხეს მეექვსე კლასის მოსწავლეს და ძალით წაიყვანეს შახტში სამუშაოდ. თავიდან ცხენით ეზიდებოდა ქვანახშირს შახტიდან, მერე კი ამფეთქებელი იყო.

მარჯვნივ – კაპიტონ ჩაფიძე, ყოფილი მეშახტე, ამფეთქებელი, ტყიბული, 2019 წელი

„შახტი რომ დაიხუროს, ტყიბულიდან ყველა წავა, ვისაც შეუძლია. დავრჩებით მხოლოდ პენსიონერები“, – ამბობს ყოფილი მეშახტე.

ტყიბული ერთი შეხედვითაც დაცარიელებული ქალაქია, მოსახლეობის აღწერის მიხედვით, 1989 წელს ქალაქში 21 994 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი ეს რიცხვი 9 770-მდე შემცირდა.

ქალაქი საღამოობით უკაცრიელი ხდება და მხოლოდ ალაგ-ალაგ ანთია შუქი წვრილმანების მაღაზიებსა და აფთიაქებში.

სათამაშოების მაღაზია, ტყიბული, 2019 წელი

სურსათის მაღაზია. ტყიბული, 2019 წელი
ყვავილების მაღაზია, ტყიბული, 2019 წელი

,,გახედეთ სახლებს და მიხვდებით, სად ცხოვრობს ხალხი და სად არა, სადაც მეტალოპლასტმასია ჩასმული, იქ ასე თუ ისე არსებობენ, სადაც არა – იმათი საქმე წასულია. მკვდარია ეს ქალაქი და შახტი თუ არ იქნება ტყიბულში, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ვეღარც ვიარსებებთ“, – გვეუბნება ამწე-მემანქანე მაკა გოტიაშვილი, მინდელის შახტში მას მიწის ქვეშ 300 მეტრი სიღრმიდან ამოაქვს ქვანახშირი. ამ შახტში სულ ორი ქალი მუშაობს მეშახტედ, მაკა ერთ-ერთი მათგანია.

მეშახტეთა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი ტყიბულში, 2019 წელი
მეშახტეთა საცხოვრებელი სახლები. ტყიბული, 2019 წელი

 

ტყიბული. 2019 წელი
ტყიბული. 2019 წელი

„შახტი ტყიბულის ხერხემალია. ვიცით, რომ უსაფრთხო არ არის, მაგრამ რა ვქნათ? შახტის გარეშე ტყიბული მკვდარია. როგორც უნდათ, ისე გაამაგრონ შახტი და გაგვაგრძელებინონ სამუშაო. ყველა მეშახტეს ბანკის ვალი აქვს, ვერ ნახავთ მეშახტეს, სესხი არ ჰქონდეს. მაღაზიების გამყიდველებმა რომ იცოდნენ შახტი მუშაობდა, ნისიად გვაძლევდნენ პროდუქტს. როცა მუშაობა შეწყდა, მაღაზიებმაც აღარაფერი მოგვცეს. ჩემი ხელფასი 600 ლარია. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს ვასრულებ, შვიდი წელია, რაც მეშახტე ვარ“, – ამბობს მაკა.

მაკა გოტიაშვილი, მეშახტე, ამწე-მემანქანე. ტყიბული, 2019 წელი

2018 წლის აპრილის ტრაგედიის შემდეგ ტყიბულის შახტების უსაფრთხოების საკითხებს და შრომით პირობებს გერმანული კომპანია “DMT ჯგუფი” იკვლევდა. უცნობია, რა გამოიკვეთა კვლევის შედეგად – დოკუმენტი არ საჯაროვდება. კვლევის შედეგებს არც მეშახტეები გაცნობიან.

მიუხედავად შახტების შრომითი და უსაფრთხოების პირობების გაურკვეველი მდგომარეობისა, მეშახტეები შახტების დაუყოვნებლივ ამოქმედებას ითხოვენ. აიღებს თუ არა შახტების შრომით უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ახალი კომპანია International trade company, უცნობია. ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, რომელიც ტყიბულის შახტების ყოფილი მფლობელი კომპანია ,,საქნახშირის” გენერალური დირექტორია, შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ნაწილი კომპანიამ 2018 წლის ტრაგედიის შემდეგ შეასრულა. თუმცა, მისივე თქმით, არის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვს შახტების ექსპლუატაციის დროს ცვლილებებს, რაც ,,საქნახშირმა” ამ დრომდე ვერ შეასრულა.

გერმანული კომპანია “DMT ჯგუფის” კვლევის შედეგად ძირითადი რეკომენდაციები, ჯაყელის თქმით, შეეხება ეკოლოგიისა და ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტების მოზიდვას. ახალმა ინვესტორმა ტყიბულის შახტები სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე ერთ თვეში უნდა აამუშაოს. კითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი თვე შახტებში შრომითი უსაფრთხოების პრობლემების სრულად მოსაგვარებლად, 26 სექტემბერს, მეშახტეთა აქციის დასასრულს, ჯუმბერ ჯაყელმა განაცხადა, რომ ,,ეს საკითხი ახალი ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება”.

კომპანია International trade company -ს წარმომადგენელმა, ირაკლი ჩოჩუამ კი, ამავე დღეს შახტების ამუშავების საკითხზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა კომპანიის პოზიტიურ მოლოდინებზე, რომ ტყიბულის ქვანახშირი კომპანიას მოგებას მოუტანს. არაფერი უთქვამს გეგმაზე, როგორ აპირებს კომპანია შახტების გაუმართავი შრომითი უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას ერთ თვეში.

მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულის შახტებში შრომითი უსაფრთხოება დაცული არ არის, ონისე საბანაძისთვის შახტების დაუყოვნებლივ ამუშავებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირველკლასელი შვილისთვის, როგორც მეშახტე ამბობს, ყველაფერი იაფფასიანი იყიდა: ფეხსაცმელი, ჩანთა, საკანცელარიო ნივთები.

30 წლის მეშახტე ონისე საბანაძე. ქვანახშირის შახტში ის 10 წელია დასაქმებულია. ტყიბული, 2019 წელი

„ყველაფერი რომ უხარისხო იყიდო, 300 ლარამდე მაინც გჭირდება ბავშვის სკოლაში გასაშვებად, ეს ფულიც ვისესხე. ხელფასი დაგვიგვიანეს. ჩემს ხელფასზე ოჯახია დამოკიდებული, მეუღლე არ მუშაობს, შვილი წელს პირველ კლასში წავიდა. ჩემი ხელფასი 830 ლარია. ვიცი, რომ საფრთხისშემცველია შახტი, მაგრამ უსამსახუროდ რა ვქნა. რა მნიშვნელობა აქვს, შახტში მოკვდები თუ შიმშილით?“- ამბობს 30 წლის მეშახტე ონისე საბანაძე. ქვანახშირის შახტში ის 10 წლის წინ დასაქმდა და ქალაქში სხვაგან სამსახურს ვერსად იპოვის.

24, 25, 26 სექტემბერს ტყიბულში გაფიცული მეშახტეები ითხოვდნენ კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვასა და შახტების ამუშავებას, რასაც ,,საქნახშირი” ვეღარ ახერხებდა. ახალმა კომპანიამ – International trade company მოლაპარაკების შედეგად ეს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ხელფასების ჩარიცხვას მეშახტეებს უახლოეს დღეებში დაჰპირდნენ. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კი შახტები, სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავდეს. თუმცა უცნობია, როგორი იქნება შახტებში შრომითი და უსაფრთხოების პირობები.

მეშახტეები აქციის დაწყებამდე. ტყიბული, 2019 წელი

,,საქნახშირი ჯი-აი ჯის” ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ენერგეტიკულ ნახშირს, რომელსაც ტყიბულის შახტებში მოიპოვებენ, ქანების უცაბედი მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი საფრთხეები ემუქრება, რის გამოც ტყიბული-შაორის ნახშირის საბადოები ექსტრემალური გეოლოგიური პირობებით ხასიათდება.

 

ამავე თემაზე:

“სხვა გზა არ გვაქვს” – ვინ და რატომ ითხოვს ტყიბულის შახტების ამუშავებას

„ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის” მონაწილეები ევრო-2000-ში

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის” ფარგლებში საერთაშორისო მონაწილეები სკოლა ევრო- 2000-სს ესტუმრნენ.

შეხვედრის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, პრობლემებზე, პროექტის შუალედურ შედეგებზე, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობებზე.

ბიომრავალფეროვნება, რომელიც ყველა ჩვენგანისათვის უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს ეკოსისტემური სერვისების (ეკონომიკური, კულტურული, ესთეტიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო) თვალსაზრისით, მძიმე ზემოქმედების ქვეშაა, რაც მისი დაკარგვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის იმის გამო, რომ ბუნების დამცველები, გარემოსდაცვითი პოლიტიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტები და ადგილობრივი თემები არ თანამშრომლობენ.

მეტიც, გარემოსდაცვითი განათლება ხშირად ფორმალური და არაეფექტურია. ამიტომ ბიომრავალფეროვნების ეფექტური კონსერვაციისა და გარემოს მენეჯმენტის შესახებ უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა საჭირო. პროექტში მონაწილეობენ პრეშოვის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი), ბუნების ისტორიის მუზეუმის (უნგრეთი), სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის (ჩეხეთი), ლოძის უნივერსიტეტის (პოლონეთი), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიისა (აზერბაიჯანი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) მეცნიერები.

ბელა ჯაფოშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი: «ჩართულები ვართ ვიშეგრადის პროექტში. პროექტში ჩართულ მეცნიერს არ აქვს ხელფასი, პროექტით ფინანსდება პარტნიორი მონაწილე ქვეყნებიდან ჩართული მეცნიერების ტრანსპორტირების და საცხოვრებლის ხარჯები საქართველოსა და აზერბაიჯანში. პროექტის გეგმით გაწერილი იყო აქტივობები, სემინარები და ვორკშოპები, შარშან დავიწყეთ თბილისიდან (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში) და ქუთაისიდან (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში), წელს მაისში გვქონდა თელავში (თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტი) და სკოლებში. სექტემბერში უკვე ვიყავით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, სკოლა ევრო 2000-ში და დაცულ ტერიტორებზე. საქართველოში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შეხვედრები და ექსპედიციები გაგრძელდება  აზერბაიჯანში“.

პროექტი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და კიდევ ერთი წელი გაგრძელდება. გასულ წელს პროექტის მონაწილეებმა დასავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაატარეს კვლევითი სამუშაოები და შეაგროვეს მასალა, ძირითადად, მტკნარი წყლის ბიომრავალფეროვნების შესახებ.

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის” მიზანია შეიქმნას ერთიანი ქსელი, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ბიოლოგები, გარემოსდაცვითი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი პოლიტიკის შემქმნელები (სამინისტროში დასაქმებული მოხელეები) და ადგილობრივი საზოგადოება, რომელიც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვის უკეთესი კონცეფციებისა და პრაქტიკის განხორციელებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი რეგიონული სტრატეგიების გაუმჯობესებას კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების კონტექსტში.

ბათუმში #31 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმში #31 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი შემოსავლების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები.

ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, გაფიცულები ითხოვენ, ფიროსმანის ქუჩით არ იმოძრაოს #29 სამარშრუტო ტაქსმა –  მათ „მგზავრები მოაკლდებათ“.

#31 სამარშრუტო ტაქსი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობს. ამ დრომდე გორგასლის ქუჩით გადაადგილდებოდა და რამდენიმე თვეა, რაც ფიროსმანის ქუჩით აგრძელებს გზას. „დავამატეთ მოსახლეობის მოთხოვნით, რადგან მოსახლეობამ ითხოვა იუსტიციის სახლს მიახლოებოდა ტრანსპორტი, გავლით მაინც“, – გვითხრა ემზარ ქავჟარაძემ, ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა.

ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიაში იმ კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებთანაც სატრანსპორტო მომსახურებაზე ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული: „გავერკვევით და შეიძლება ამ მძღოლებს სანქციაც დავაკისროთ, რადგან ხელშეკრულებით ვართ შეთანხმებული, რომ გაფიცვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობებინათ“.

#29 სამარშრუტო ტაქსი თამარის დასახლებიდან მოძრაობს.

ვინ არის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის 23 კანდიდატი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, პირველ ოქტომბერს, გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების საბოლოო სია. სიაში სულ 23 კანდიდატია.

  • ბეჟან გობაძე
  • თამილა დოლიძე
  • გელა ღოღობერიძე
  • რუსლან ბარამიძე
  • ფირუზ ბოლქვაძე
  • სოფიო კობალაძე
  • დიანა ვაშაყმაძე
  • ევგენი თავდგირიძე
  • ლევან ქამადაძე
  • სოსო სტურუა 
  • სტელა ახვლედიანი 
  • ირაკლი ანთიძე
  • რაულ ბერიძე
  • ნიკოლოზ მეგრელიშვილი 
  • როინ სურმანიძე
  • ნათია სირაბიძე
  • გიორგი გოგიბერიძე
  • კონსტანტინე აბაშიძე
  • გია ქარცივაძე
  • ემზარ დიასამიძე
  • თამარ წილოსანი 
  • გიორგი წულაია 
  • არჩილ ხახუტაიშვილი 

23 კანდიდატიდან უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულმა კომისიამ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიტატები უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს, საბჭომ კი მათგან 4 წევრი უნდა აირჩიოს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ამჟამინდელ წევრებს: ნატა იმედაიშვილს, ირაკლი დარცმელიძეს, გიორგი ირემაძეს და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურებათ და საბჭოში რჩება ერთი წევრი – გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც 2018 წლის პირველ ნოემბერს აირჩია უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურება 2 900 ლარია, მოადგილის – 2 700 ლარი, წევრის კი – 2 625 ლარი. აჭარის უმაღლესი საბჭო ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრს 6 წლის ვადით ირჩევს.

მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველი ვალდებულია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, ასევე, კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს დებატებში, რომელიც გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა არჩევამდე.

ჯერ უცნობია, ვინ აირჩევს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორს, ძველი, ჯერ კიდევ მოქმედი მრჩეველთა საბჭო, თუ ახალი წევრებით დაკომპლექტებული საბჭო. დირექტორი ამჟამად მოქმედ მრჩეველთა საბჭოს უნდა აერჩია, თუმცა კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე კონკურსი კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა, რადგან დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი კოხრეიძემ სასამართლოს მიმართა. იგი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის დირექტორი თვითონაა, რადგან  ხუთწევრიანი ბორდიდან,  22 აგვისტოს სხდომაზე, ორის მხარდაჭერა თავად მიიღო.  აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დირექტორის კონკურსის შეჩერების განჩინება გაასაჩივრა. დოკუმენტი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე აწერს ხელს, სასამართლოში უკვე გაგზავნილია.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. მათ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს თხოვნით, ყურადღებით ადევნონ თვალი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს.

„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს,“ – აღნიშნულია განცხადებაში

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდასაჭერად 30 სექტემბერს ბათუმში აქცია გაიმართა, რომელშიც მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ.

ვინ შეარჩევს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრობის კანდიდატებს

უკვე ცნობილია იმ კომისიის შემადგენლობა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს. აჭარის უმაღლესმა საბჭომ სია დღეს გამოაქვეყნა.

კომისიის წევრები არიან:

  • ერმილე მესხია, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
  • ლევან გობაძე, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის, „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე
  • ლევან ჯაყელი, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
  • ასლან ლორთქიფანიძე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე
  • მანანა შარაშიძე, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირის აჭარის საბჭოს თავმჯდომარე

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულმა კომისიამ მრჩევლობის კანდიდატები  უნდა შეარჩიოს 15 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, მეორე ეტაპზე კი – უმაღლესი საბჭოსათვის მათ მიერ წარდგენილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად.

კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისიამ უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტი, ამჯერად მინიმუმ 12 კანდიდატი.

საბჭოს ამჟამინდელ წევრებს: ნატა იმედაიშვილს, ირაკლი დარცმელიძეს, გიორგი ირემაძეს და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურებათ და საბჭოში რჩება ერთი წევრი – გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც 2018 წლის პირველ ნოემბერს აირჩია უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად.

 

ევროპის მოედანზე „აჭარის ტელევიზიის“ მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

„აჭარის ტელევიზიის“ მხარდასაჭერად დღეს, 30 სექტემბერს, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. ამ ტელევიზიის თანამშრომლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს და თქვეს, რომ არსებობს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხე.

„აჭარის ტელევიზია“ რეალურად ერთადერთი ტელევიზია დარჩა ქართულ არხებს შორის, რომელსაც ყოველთვის საინტერესო გადაცემები აქვს. საინფორმაციო კუთხით როცა რაღაცას ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ეს არის აზრი, რომელიც არ არის მიკერძოებული. ჩემი აზრით, ბოლო წლებში შედგა ეს არხი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი. არ მინდა, რომ ამ პროცესმა მიმართულება შეიცვალოს“ , – გვითხრა ფოტოგრაფმა ედო მჟავანაძემ.

დავით ჯაფარიძე, ადვოკატი: „მე ვხედავ საფრთხეს, რომ ეს შეიძლება აღარ იყოს ხალხის ტელევიზია… ხელისუფლება ცდილობს შეუზღუდოს თავისუფლება „აჭარის ტელევიზიას“. თუნდაც ეს ბოლო გარემოება, როცა დირექტორი ვერ აირჩიეს, ამაზე მიუთითებს… მე ვერ დაგისახელებთ კონკრეტულ ფაქტს, რის გამო ვფიქრობ, რომ საფრთხე არსებობს, მაგრამ დღეს ვნახე ჟურნალისტების განცხადება. მე ვიცნობ ამ ჟურნალისტების უმეტესობას და ვიცი, უსაფუძვლოდ არ იტყოდნენ ამას.“

ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომ სარედაქციო დამოუკდიებლობა უნდა იყოს ხელშეუხებელი. მე, როგორც ერთ მომხმარებელს, მაკმაყოფილებს ეს სერვისი. რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი გაუმჯობესდეს. მინდა, ჟურნალისტებს ჰქონდეთ საშუალება, აკეთონ საკუთარი საქმე მესამე ძალების ჩარევის გარეშე. ეს საფრთხეები „აჭარის ტელევიზიაში“ გაჩნდა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესიდან, ეს უკვე მიუთითებდა იმას, რომ რაღაც არაჯანსაღ პროცესთან გვაქვს საქმე.“

ნინო ჩხაიძე, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი: სიტყვის თავისუფლება არის უპირველესი, თუ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ. ბოლო პროცესები, რაც ტელევიზიის შიგნით ვითარდება, ჩემი გადასახედიდან არის საფრთხე და ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა, ვიყო აქ“.

ციალა ქათამიძე, ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი: „მოვედი სოლიდარობის გამოსახატავად იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც აქვთ კითხვები, გარკვეული შიშები და ფიქრობენ, რომ მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას შესაძლოა შეექმნას საფრთხე. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვფიქრობ, უნდა იყოს საზოგადოება აქ. თუ ჟურნალისტებს რაიმე აწუხებთ, ისინი ვერ შეძლებენ დამოუკიდებელი და თავისუფალი ჟურნალისტური პროდუქტის შექმნას.“

ნინო ინაიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი: „სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააჩინა ცალსახა აღქმა, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ძალიან ზედაპირზეა ეს ყველაფერი. მისულიყო პროცესი ბოლომდე, რა საჭირო იყო ასეთი ჩარევა. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ხელში ჩაიგდოს და მოსპოს ის სარედაქციო დამოუკიდებელობა, რომელიც ამ არხზე დღეს არის. ეს ხელისუფლებისთვისაც არ უნდა იყოს კარგი ამბავი“.

დემოკრატიის ინსტიტუტმა ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის სემინარების ციკლი განაახლა 

ინგლისური ენა, რეზიუმეს შედგენა, კომპიუტერული უნარები, ბიზნესგეგმის წერა, დაწყებული ბიზნესის რეკლამირება, სოციალური მარკეტინგი – ბევრი სხვადასხვა საკითხი და უნარია, რაც დასაქმების მსურველს აუცილებლად სჭირდება, როგორც სამუშაოს ძიების საწყის ეტაპზე, ასევე, უკვე დაწყებული საკუთარი, თუნდაც მცირე ბიზნესის განსავითარებლად.

ტექნოლოგიური განვითარებით განპირობებული აუცილებელი უნარების შეძენა და ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების: ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის, რადგან გათავისუფლების შემდეგ მათი დასაქმების უშედეგო მცდელობა ხშირად საბაზისო უნარების არქონითაა განპირობებული.

დემოკრატიის ინსტიტუტი თითქმის ორი წელია ახორციელებს ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციამ ბენეფიციარებისთვის არაერთი სემინარი ჩაატარა მათი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

როგორ უნდა მომზადდეს ბიზნესგეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია სახელის სწორად შერჩევა და რამდენად შესაძლებელია ბიზნესგეგმით დაფინანსების წყაროების მოპოვება – ეს ის ძირითადი საკითხები იყო რის შესახებ ყოფილმა პატიმრებმა, პრობაციონერებმა და პატიმართა ოჯახის წევრებმა “დემოკრატიის ინსტიტუტში” ტრენინგზე მოისმინეს.

ტრენინგს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართული ის ბენეფიციარები ესწრებოდნენ, რომლებსაც უკვე წარმატებული ბიზნესი აქვთ ან სამომავლოდ გეგმავენ ბიზნესსაქმიანობაში ჩართვას და პრაქტიკულ საქმეზე გადასვლამდე თეორიული ცოდნა სჭირდებათ. მათ შორის, სტილისტი, მხატვარ-დიზაინერი, ავეჯის ხელოსანი, სანტექნიკოსი.

„დემოკრატიის ინსტიტუტში“ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის, ასევე, პატიმართა ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა შინაარსის ტრენინგი ხშირად ტარდება. სამუშაოს მაძიებელთათვის CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადება, ციფრული მარკეტინგი, ბიზნესის მართვის ტრენინგი, ინგლისური ენის კურსები, ეს და კიდევ სხვა ტრენინგები ბენეფიციარებს არამარტო სიახლის გაგებასა და ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, არამედ სამომავლოდ დასაქმებაშიც უწყობს ხელს.

არაფორმალური სწავლება ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება.

_______

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

ცნობილი ადამიანები ციხის გამოცდილებით

„აუტანელი იყო ციხეში ყოფა, რომ არ დავეძინებინეთ დარაჯები შუქს მთელი ღამის განმავლობაში არ აქრობდნენ, დღისით ძალიან ცხელოდა, ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსს აღწევდა.

დღეში ერთ საპარსს გვაძლევდნენ, რომლითაც 44 კაცს საკნების განყოფილების ბოლოში მდგარ საშხაპეში უნდა გვესარგებლა. საშხაპე ნიჟარის ძირს დაახლოებით ოთხი ინჩის სისქის სიბინძურე ფარავდა. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც იქ ვიყავი, არც გამიპარსავს და არც დამიბანია,“ – ასე იხსენებს ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი და კომპოზიტორი ფრენკ ზაპა მასზე დაწერილ ერთ-ერთ წიგნში კალიფორნიული ციხის სინამდვილეს.

ზაპა კალიფორნიის „მორალის პოლიციამ“ პროვოკაციაზე წამოაგო და მერე ციხეში ჩასვა. მუსიკოსის მონათხრობის მიხედვით (წიგნიდან „ფრენკ ზაპა – ნამდვილი წიგნი“), გადაცმულმა პოლიციელმა მას სტუდიაში მიაკითხა და სთხოვა პორნოვიდეოს ჩაწერა, რაზეც ზაპამ უარი განუცხადა და მხოლოდ აუდიომასალის დამზადება შესთავაზა. ზაპამ სექსუალური აქტის გარეშე ქალების იმიტირებული ხმები ჩაწერა სტუდიაში, მეორე დღეს კი, როცა ჩანაწერი დამკვეთისთვის უნდა გადაეცა, მუსიკოსი დააპატიმრეს.

ფრენკ ზაპა/ფოტო: stereogum.com

ციხე ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რისგანაც დაზღვეული არავინაა და მოვლენების მოულოდნელი ცვლილებებისას პატიმრობაში შეიძლება ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, ვისაც დანაშაულის ჩადენაზე შეგნებულად არც კი უფიქრიათ.

სტატუსი „ნასამართლევი“ საქართველოში ხშირად ხდება ადამიანთა გარიყვის მიზეზი, რაც ხელს უშლის ყოფილ პატიმრებს დაუბრუნდნენ საზოგადოებას სრულფასოვან მოქალაქეებად, დასაქმდნენ, ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელონ. ცნობილი პრაქტიკაა, რომ რესოციალიზაციის ცუდი მაჩვენებელი განმეორებითი დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

გათავისუფლების შემდეგ  ყოფილ პატიმრებს მათ მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებების გამო საკუთარი თავის სრულფასოვან მოქალაქეებად აღქმა უჭირთ, რაც განაპირობებს მათ შესუსტებულ შრომისუნარიანობას, უიმედობის განცდასა და პასიურობას, რიგ შემთხვევაში, მუდმივი სირცხვილის გრძნობით ცხოვრებას.

ცნობილ მომღერლებს, მსახიობებსა და ჟურნალისტებს შორის ბევრია ისეთი, ვინც პატიმრობაში აღმოჩნდა, თუმცა ყოფილი პატიმრის სტატუსს მათი კარიერული წინსვლისთვის ხელი მნიშვნელოვნად არ შეუშლია.

პოლ მაკარტნი

ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის „ბითლზის“ წევრი პოლ მაკარტნი 1980 წელს ტოკიოს აეროპორტში დააკავეს ქვეყანაში 226 გრამი მარიხუანას შეტანის გამო. მაკარტნიმ საპატიმროში 9 დღე გაატარა. იაპონიის ხელისუფლებამ ამ დროის შემდეგ მაკარტნი გაათავისუფლა.

პერის ჰილტონი
პერის ჰილტონი/ფოტო: huffpost.com

პერის ჰილტონმა შინაპატიმრობის წესი დაარღვია და 45 დღით ჩასვეს ციხეში. ამერიკელი მსახიობი და მომღერალი არაერთხელ დააკავეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით.

პერისი სასტუმროების ცნობილი ბრენდის, „ჰილტონის“ დამფუძნებელ კონრად ჰილტონის შვილთაშვილია.

მთელ მსოფლიოში არსებობს პერის ჰილტონის  მაღაზიები, ბრენდი შეიცავს პარფიუმერიას, ქალის ხელჩანთებს, საათებს, ფეხსაცმელსა და სხვა. წელიწადში მისი შემოსავალი დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარია.

 

მიშელ როდრიგესი
მიშელ როდრიგესი/ფოტო: topplanetinfo.com

2007 წელს მიშელ როდრიგესმა ალკოჰოლთან დაკავშირებული გამოსაცდელი ვადა დაარღვია და აღიარა, რომ ის სვამდა ალკოჰოლს მაშინაც, როცა თან ატარებდა ალკოჰოლის მონიტორინგის აპარატს. ამერიკელმა მსახიობმა ციხეში ექვსი თვე გაატარა.

მიშელ როდრიგესი 30-ზე მეტ ფილმში მონაწილეობს, მათ შორის ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: „ფორსაჟი“ და „ავატარი“.

 

50 cent
50 cent / ფოტო: complex.com

ცნობილმა რეპერმა და მსახიობმა 50 cent-მა 6 თვე გაატარა ციხეში კოკაინის გაყიდვისა და ჰეროინის შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობისთვის. რეპერს გაუმართლა, არსებობდა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მას თავისუფლების 10 წლით აღკვეთა ელოდა.

 

ჯეიმს ბრაუნი

1988 წელს სოულის ვარსკვლავი ჯეიმს ბრაუნი სამი წლით დააპატიმრეს, ის პოლიციელების მოწოდებას არ დაემორჩილა და ავტომანქანა არ გააჩერა. 1998 წელს კი ბრაუნი ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავეს და ნარკომომხმარებელთა სარეაბილიტაციო კურსი დაუნიშნეს.

 

მარტა სტიუარტი

ამერიკელ ტელეწამყვანს, ბიზნესმენს და მწერალ მარტა სტიუარტს 5-თვიანი შინა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ბრალს ფედერალური გამოძიებისთვის აქციების გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში სდებდნენ. 2005 წელს კი, გათავისუფლების შემდეგ, სტიუარტმა შინაპატიმრობა მოიხადა.

 

უესლი სნაიპსი

2008 წელს მსახიობი უესლი სნაიპსი 3 წლით დააპატიმრეს. მისი დაკავების მიზეზი იყო ის, რომ 1994-2000 წლებში მას საგადასახადო დეკლარაცია არ შეუვსია.

ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი უესლი სნაიპსი გადაღებულია არაერთ თრილერსა და სათავგადასავლო ბოევიკში. მსახიობური კარიერის შემდეგ სნაიპსმა დააარსა კინოსტუდია Amen-Ra Films-ი, 1991 წელს კი კომპანია Black Dot Media ჩამოაყალიბა კინო და სატელევიზიო პროექტების განსახორციელებლად.

 

ლორინ ჰილი

ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი 2013 წელს 3 თვით დააპატიმრეს, რადგან ის არ იხდიდა 1,8 მილიონი დოლარის საშემოსავლო გადასახადს.

ლორინ ჰილი ცნობილია, როგორც ჰიპ-ჰოპ ტრიოს The Fugees-ის ყოფილი წევრი. სახელი გაითქვა სოლოალბომით The Miseducation of Lauryn Hill.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

ალექსანდრე ლორდქიფანიძე ბოშებზე: მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის შანსის მიცემა

ბოშები არათუ საკმარისად, საერთოდ არ არიან ინტეგრირებულნი. ზოგადად, სხვადასხვა თემისა თუ ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრაცია სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის თანაბარი პასუხისმგებლობა მგონია. ერთმა მატერიალური პირობები უნდა შეუქმნას, მეორემ – სოლიდარობა გამოიჩინოს და მიიღოს.

სტიგმები და სტერეოტიპები ერთსა და იმავე მორევში ატრიალებს აღნიშნულ ჯგუფს და ისევ უბიძგებს თავადაც ამ სტერეოტიპების (ქურდები, მათხოვრები, მჩხიბავები) მიმართულებით იმოძრაონ, რადგან საზოგადოებაში არ რჩება სხვა, ჯანსაღი სივრცე მათი აქტორობისთვის.

 ვიფიქროთ ასეთ პრობლემურ ჯგუფებზე, მივცეთ მათ საზოგადოებრივი საქმიანობის სივრცე, სახელმწიფომ იზრუნოს მათ განათლებასა და დასაქმებაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. ამავე დროს, მნიშვნელოვანია მათდამი სტიგმური დამოკიდებულების გაქრობა და შემდეგ, ამ ადამიანებისთვის შანსის მიცემა, დახმარების ხელის გაწვდენა, მათი დაბრუნება საზოგადოებრივ წიაღში.

თამარ იოსელიანი: საქართველო საზღვაო ენერგოეფექტურობის პროექტში წამყვანი საპილოტე ქვეყანაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, როგორც გაეროს და ნიპონის ფონდის პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულმა, გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულისა და კლიმატის ცვლილების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

სამიტის ფარგლებში გამართულ პანელზე, რომელიც „მდგრადი განვითარების მიზნების” (SDG goals) მისაღწევად კლიმატური ცვლილებების პროცესში ზღვების, ოკეანეებისა და საზღვაო ტრანპორტის მდგრადი გამოყენების მნიშვნელობას მიეძღვნა, თამარ იოსელიანმა საზღვაო ტრანპორტის ეროვნულ პოლიტიკაში კლიმატის ცვლილების ელემენტის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ხედვაზე ისაუბრა.

„საქართველო ერთ-ერთი წამყვანი საპილოტე ქვეყანაა გლობალურ საზღვაო ენერგოეფექტურობის პროექტში (GloMEEP). ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი ინიციატივით და ძალისხმევით მოხერხდა სამი სახელმძღვანელო დოკუმენტის შედგენა, რომლებიც უახლოეს თვეებში დაინერგება პრაქტიკაში და სხვა ქვეყნები შეძლებენ, ისარგებლონ ამ გამოცდილებით ნახშიროჟანგით დაბინძურების შესამცირებლად, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, დოკუმენტების შემუშავების პროცესში საქართველო აქტიურად თანამშრომლობდა საზღვაო ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნიკის ინსტიტუტთან (IMarEST).

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ოკეანის, ზღვებისა და ზღვის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების, ქვეყნების თანამშრომლობასა და ახალი ტექნოლოგიების, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ზღვის გარემოს დაბინძურებისაგან პრევენციის საერთაშორისო კონვენციის (MARPOL) მე-6 დანართში შესულ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე, რომლებიც 2020 წლიდან შედის ძალაში და მიმართულია 2050 წლისათვის გემებისგან საერთო წლიური სათბური გაზების 50%-ით შემცირებისაკენ 2008 წლის მონაცემებთან შედარებით.

გამოსვლაში ყურადღება დაეთმო მეზღვაურთა განათლების საკითხს. მათ შორის, განსაკუთრებით იქნა ხაზგასმული გემების ენერგოეფექტური მართვის შესახებ IMO-ს მოდელკურსის როლი მეზღვაურების ცნობიერების ამაღლებაში. ასევე, აღინიშნა თანაბარი და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა საზღვაო სფეროში ქალების ჩართულობის გასაძლიერებლად.

ქალი მეზღვაურების განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩემთვის, როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორისთვის. – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს – ბათუმში აქცია გაიმართება

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, 20 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს და სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს,“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, მრჩეველთა საბჭომ ამ დრომდე ვერ მოახერხა ახალი დირექტორის არჩევა. ტელევიზიის დირექტორის კონკუსი სამჯერ ჩაიშალა და მეოთხედ უნდა გამართულიყო, თუმცა მეოთხე კონკურსი ბათუმის საქალაქო სასამართლომ კონკურსის ბოლო დღეს შეაჩერა. ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა კონკურსანტმა, გიორგი კოხრეიძემ, უჩივლა სასამართლოში.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ქარტიის საბჭო იზიარებს ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ეჭვებსა და შიშს. გვსურს ხაზი გავუსვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ როლს და იმ მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელობას, რითიც აჭარის ტელევიზია და რადიო გამოირჩევა. ამ მიუკერძოებლობის შენარჩუნება უნდა იყოს უპირველესი ამოცანა როგორც მრჩეველთა საბჭოსთვის, ისე ყველა იმ პირისთვის, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად ზეგავლენა აქვს პროცესზე. შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ყველა ქმედებას და გაიაზროს ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, საბოლოოდ კი – აუდიტორიას,“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქში“ მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება

დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქში“ დაანსონსებულ კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პროექტირება დასრულებულია და მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ გამართულ შეკრებას ე.წ. ოცნების ქალაქში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მათ შორის „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით, რომ ეს დასახლება გადაიქცევა ნამდვილ „ოცნების ქალაქად“, რა თქმა უნდა, უპირობოდ იქნება შესრულებული.

გადაწყვეტილების მიღებისთანავე გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, როგორც პროექტირების, ასევე, მშენებლობის დაწყებისთვის. დღეის მდგომარეობით უკვე პროექტირება დასრულებულია, ძალიან მალე გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და დავიწყებთ მშენებლობას,“-  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის კომენტარი აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

რიჟვაძის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 4 მილიონი ლარი მშენებლობისთვის „და ასევე, მომავალ წელსაც არსებობს შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ და ჩვენვე მივიყვანთ ბოლომდე,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები 29 სექტემბერს შეიკრიბნენ  და განაცხადეს, რომ მთავრობა პირობას არ ასრულებდა.

„იმ ადგილას შევიკრიბეთ, სადაც მთავრობამ ტერიტორია მოასწორა. არ გვინდა, მოტყუებული დავრჩეთ. დღეს აქ მშენებლობის ლენტი უნდა გაჭრილიყო. მერე მთავრობაც შეიცვლება და გვეტყვიან, რიჟვაძეს მოსთხოვეთ პასუხიო,“ – ამბობდა აქციაზე მყოფი ცისანა აფხაიძე.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება

70 წელს გადაცილებულებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ

მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს ტარდება, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებენ.

„2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე, 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის გაზრდა. პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის მოხდება დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალის წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფების ინტერესებს – ესენი არიან ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, სამართალდამცველები და ჯარისკაცები.

„ეს არის მოქალაქისადმი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი. პრიორიტეტად რჩება ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მესამე პრინციპი გახლავთ ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. აქ ვერ იქნება ვერანაირი კომპრომისი. ამიტომ, კოლეგებო, ყველა ის ძირითადი ვალდებულება, რომელიც თქვენს სამინისტროებს გააჩნიათ ამ ბიუჯეტით, უნდა იყოს შესრულებული დროულად და ეფექტიანად“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია ბიუროკრატიული ხარჯების მინიმუმ არგაზრდა და სადაც შესაძლებელია, მათი ეფექტიანი მართვით შემცირება”, – დასძინა პრემიერმა.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $385 მილიონით გაიზარდა და $18.2 მილიარდია – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა [აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 421.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 24.3 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა]. შესაბამისად, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 18.2 მილიარდი აშშ დოლარი [52.2 მილიარდი ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 113.2 პროცენტია.

მთლიანი საგარეო ვალი ეროვნული ბანკის [სებ] განმარტებით, მოიცავს სახელმწიფო [სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი] და კერძო სექტორის [საბანკო და სხვა სექტორები] საგარეო ვალს.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.5 მლრდ აშშ დოლარი, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 415.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 826.4 მლნ აშშ დოლარი და 894.1 მლნ აშშ დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი.

მთლიანი საგარეო ვალის 90.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 65.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია [„წმინდა საგარეო ვალი წარმოადგენს სხვაობას მთლიან საგარეო ვალსა და სავალო ინსტრუმენტებში განთავსებულ საგარეო აქტივებს შორის“ – სები].

„2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 39.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 38.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 0.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2019 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 415.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

2019 წლის ბიუჯეტში იზრდება ასევე საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის საჭირო თანხის ოდენობაც 43 მილიონი ლარით. პარალელურად იზრდება ქვეყნის საშინაო ვალიც 500 მილიონი ლარით.

ამ თემაზე:

თქვენ ხუთი ათასი ლარი ვალი გაქვთ

სპეცმასწავლებლები 20%-ით გაზრდილ ხელფასს 2019 წელს ვერ აიღებენ

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლები 20 პროცენტით გაზრდილ ხელფასს ვერც ოქტომბერში აიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების ზრდის შესახებ განათლების მინისტრმა 27 აგვისტოს განაცხადა.

განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ დღეს, 30 სექტემბერსაც, უთხრეს, რომ მინისტრის ბრძანება უკვე შევიდა ძალაში და სპეცმასწავლებლები გაზრდილ ხელფასს ოქტომბრიდან მიიღებენ, თუმცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საპირისპიროს აცხადებენ.

„სპეცმასწავლებლების ხელფასის მომატება წელს არ იგეგმება. იანვარში სქემის დამტკიცებასთან ერთად, ვისაც სტატუსი აუმაღლდება და გამოცდას ჩააბარებს, ის მიიღებს გაზრდილ ხელფასსაც“, – უთხერს „ბათუმელებს“ ცენტრში.

კითხვაზე, თუ როდის დამტკიცდება სპეციალური მასწავლებლებისთვის კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო,  ცენტრის პრესსამსახურში გვითხრეს: „ჩვენგან სტანდარტის დოკუმენტი გადაცემული აქვს განათლების სამინისტროს, დიდი ალბათობით 2020 წლის იანვარში დამტკიცდება“.

ამ სტანდარტის დამტკიცების გარეშე კი, სპეციალური პედაგოგები ვერ შეძლებენ კარიერულ წინსვლას და, შესაბამისად, ვერც სტატუსით განსაზღვრულ დანამატს აიღებენ.

2019 წლის 27 აგვისტოს, როცა მიხეილ ბატიაშვილმა სპეცმასწავლებლების ხელფასის გაზრდაზე განაცხადა, ასევე თქვა, რომ შეიცვლებოდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლების დამატებითი დაფინანსების ოდენობაც I-VI კლასის ჩათვლით: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 600 ლარს მიიღებდა. თუმცა სკოლებს, სადაც სპეციალური საჭიროების ბავშვები სწავლობენ, გაზრდილი დაფინანსება არ მიუღიათ.

ამავე ბრძანების მიხედვით, სპეცმასწავლებლებთან ერთად გაზრდილი ხელფასი ოქტომბრის თვეში უნდა აეღოთ სკოლის ადმინისტრაციას და ტექნიკურ პერსონალს. ცენტრის ინფორმაციით, გაზრდილ ხელფასს სპეცმასწავლებლებისგან განსხვავებით, ისინი 2019 წელს მიიღებენ.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან. ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი გაკვეთილზე.

აშენდება თუ არა მეჩეთი ბათუმში – რას შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება

„უფრო თამამი შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამართლე“, – ასე აფასებს TDI-ის იურისტი, ანზორ ხატიაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“. დღეს, 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს გაცემული სამართლებრივი აქტები, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა მერიისთვის მშენებლობის პირველი ეტაპის ნებართვის გაცემის დავალდებულების ნაწილში.

„მისასალმებელია, რომ დისკრიმინაცია დადგინდა, მაგრამ არსებობს რისკი, რომ მერიამ ისევ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს, ისევ გასაჩივრდეს და ამას დასჭირდეს 10 წელი,“ – ამბობს ანზორ ხატიაშვილი. ის ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, სადაც დისკრიმინაციული მოპყრობა დადგინდა და სასამართლომ მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს.

TDI-ის იურისტი ანზორ ხატიაშვილი

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოდ შესასრულებელია ქვედა ინსტანციების სასამართლოებისთვის. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, როცა დისკრიმინაცია დგინდება, მაშინ არსებითად უნდა გადაწყდეს დავა,“ – გვითხრა ანზორ ხატიაშვილმა, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტმა.  ეს ორგანიზაცია და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ.

მუსლიმი თემის ინტერესების დამცველები ასევე უარყოფითად აფასებენ მოსამართლის აქცენტს, როცა მან თქვა, რომ დისკრიმინაცია ჩანს არა ზოგადად მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულებაში, არამედ ამ კონკრეტულ სამართლებრივ აქტებში, რომელიც ბათუმის მერიამ მიიღო.

„მერია არაფერს წარმოადგენს ამ შემთხვევაში. მერი ხელს აწერს იმას, რაც არის ოფიციალურად სახელმწიფოს დამოკიდებულება… მოსამართლე მოერიდა ზოგადი დამოკიდებულების შეფასებას,“ – ასე აღიქვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის განმარტებები ტარიელ ნაკაიძემ, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა. ის ამბობს, რომ ბოლომდე დაელოდება ყველა სამართლებრივი პროცედურის დასრულებას.

„მერია იძულებული გახდება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც სამართლიანია… ჩვენ ახლაც გვაქვს რესურსი, რომ დავიწყოთ ახალი მეჩეთის მშენებლობა, მაგრამ გვინდა შეიქმნას პრეცედენტი, როცა მერია ნებართვებს გასცემს და ამ დროს არ მოქმედებს ვიღაცის სურვილის შესაბამისად… ეს ჩანდა სასამართლოს დამოკიდებულებაშიც, როცა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ამ საქმის განხილვა,“ -აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება მოეწონა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ხელმძღვანელს, ნოდარ პაქსაძეს. მას მოლოდინი აქვს, რომ მერია იძულებული გახდება, ამ შემთხვევაში მუსლიმი თემისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს.

„კმაყოფილი ვართ იმით, რომ მოსამართლემ მიიღო ასეთი სწორი გადაწყვეტილება. როცა სასამართლო მერიას ეუბნება, რომ თქვენი გადაწყვეტილება არის არასწორი და უკანონო. როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მერიამ? თუ არ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, მაშინ მუსლიმი მრევლი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც იღებს საქართველოში ნებისმიერი სხვა აღმსარებლობა – ყოველგვარი ნებართვის გარეშე გათხრის ფუნდამენტს და ისე ააშენებს მეჩეთს,“ – უთხრა ჟურნალისტებს ნოდარ პაქსაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მოსამართლის გადაწყვეტილების მოსასმენად სასამართლოში მერიის წარმომადგენელი არ მივიდა. ამ დრომდე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.  მერიას მოსამართლემ ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე“. გია ერმაკოვის ხელმოწერილი აქტები სასამართლომ დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. ამჯერად ლაშა კომახიძეს მოუწევს ახალი გადაწყვეტილების მიღება.

„მერია ვალდებული იყო საფუძვლიანად გამოეკვლია ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა გარემოება, რაც არ გააკეთა,“ – დასძინა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

 

შეაჩერებს თუ არა კანონის შეცვლა მუშების დაღუპვის სერიას [ვიდეო]

მშენებლობებზე დაღუპულთა თუ დაშავებულთა სტატისტიკა ისევ მძიმეა. ასეა იმის მიუხედავად, რომ კანონი შეიცვალა, შეიქმნა შრომის ინსპექცია, მშენებარე ობიექტებზე კი, შრომის უსაფრთხოების მენეჯერები გამოჩნდნენ… მხოლოდ 2011-2018 წლებში საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა. 2019 წელს სამშენებლო ობიექტებზე 13 მუშა გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაღუპული – 16 წლის მოზარდი იყო. 

ბოლო საკანონმდებლო ცვლილება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში სექტემბრიდან ამოქმედდა – შრომის ინსპექციას უკვე გაფრთხილების გარეშე შეუძლია ნებისმიერ ობიექტზე შესვლა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს.

რას შეცვლის ახალი ჩანაწერები კანონში და როგორია სახელმწიფოს რეაქცია მძიმე სტატისტიკაზე?

დაღუპული მუშის ცოლი: კანონი უნდა გამკაცრდეს ისე, რომ თავად მუშასაც დაავალონ უსაფრთხოების დაცვა

„ნეტა ის დღე კალენდარში საერთოდ არ იყოს,“ – ასე დაიწყო 25 წლის ქმრის დაღუპვის ამბავზე საუბარი 21 წლის მარიამ სირაბიძემ. მისი მეუღლე – მამუკა თურმანიძე 2017 წლის 21 სექტემბერს ჩამოვარდა „მეტროსითის“ მშენებარე კორპუსის მერვე სართულიდან. იმ დღეს მამუკასთან ერთად მეორე მშენებელიც დაიღუპა – რეზო თურმანიძე.

„მითხრეს, რომ ჩამოვარდნიდან რამდენიმე წამი იცოცხლა და მისი ბოლო სიტყვა ჩემი სახელი იყო… ამწე ჩამოვარდა, მერვე სართულზე იყვნენ, ძველი იყო და გაწყდა. მითხრეს, რომ ტვირთი იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე შეიძლებოდა წესით, მაგრამ ცოცხალ ადამიანს რა უნდოდა ტვირთთან ერთად?… არ უნდა გაყოლოდა ასე ტვირთს. კომპანიაში არაფერი უღიარებიათ. მაგის შემდეგ არც პროკურატურა შეგვხმიანებია და არც გამოძიება. ჩვენ დავდიოდით კომპენსაციაზე. მე ფეხმძიმედ ვიყავი მაგ დროს, მოერიდათ ეტყობა…“ – გვიყვება მარიამ სირაბიძე.

მარიამ სირაბიძეს და მის ორ მცირეწლოვან შვილს კომპანიამ საცხოვრებელი ბინები გადასცა. კომპანია „მეტროსითი“ ასევე უხდის მარიამს ყოველთვიურ კომპენსაციას 1000 ლარის ოდენობით, თუმცა მარიამმა არ იცის, როდემდე მიიღებს ამ თანხას.

„ორი წელიც არ ვიყავით ერთად… დილით რვაზე მიდიოდა ზაფხულში, ზამთარში – ცხრაზე. საღამოს ათზე სრულდებოდა სამუშაო, მაგრამ ის დამატებით მუშაობდა, ღამის თორმეტზე მოდიოდა. პირველზეც მოსულა, ორზეც. ხელფასი დღეში 30 ლარი ჰქონდა. კვირას ისვენებდა მხოლოდ,“ – იხსენებს მარიამ სირაბიძე.

როგორ უნდა შეიცვალოს საშიში გარემო მშენებლობებზე? – კითხვის პასუხად მარიამი ამბობს, რომ ისევ ისმენს ტელევიზორიდან ამბებს მუშების დაღუპვის შესახებ. ის არ ამბობს, რომ კანონი უნდა შეიცვალოს, ან რომელიმე კომპანის ხელმძღვანელი დასაჯონ. რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ კი, ემოციურად ამატებს:

„თავად მუშის წინააღმდეგ უნდა გამკაცრდეს კანონი… მუშამ თვითონ თუ არ მიხედა საკუთარ თავს, თვითონ თუ არ ჩაიცვა ისე, როგორც საჭიროა, სხვა ვერ იზრუნებს მასზე, რაც უნდა დაავალონ კომპანიის დირექტორს… მე ვფიქრობ, ესაა გამოსავალი,“ – დაასრულა მარიამ სირაბიძემ.

მშენებლობამდე მამუკა თურმანიძე კარ-ფანჯრებს ამზადებდა. რვა თვე ჰქონდა დაწყებული მუშაობა მშენებლობაზე, როცა დაიღუპაო, გვიყვება მამუკა თურმანიძის დედა.

რა თქვეს კომპანიაში, სადაც ორი მუშა ამწედან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა?

„ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ამწეს გაუმართაობას არ უკავშირდება მუშების დაღუპვა… ამწე პერიოდულად მოწმდებოდა. უბედური შემთხვევა სავარაუდოდ არასწორმა ჩასხდომამ გამოიწვია,“ – გვითხრა რაულ კახაძემ, კომპანია „მეტროსითის“ დირექტორმა.

გამოძიება ორი წლის და ერთი თვის გასვლის მიუხედავად ამ საქმეზე არ დასრულებულა. „მეტროსითიში“ აღნიშნეს, რომ მშენებლობაზე ისევ მუშაობს უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც უბედური შემთხვევის დროს იქ მუშაობდა.

„ველოდებით გამოძიების შედეგს, რომ გამოიკვეთოს შესაბამისი პასუხისმგებლობა… ჩვენ 4 ადამიანი გავუშვით სამსახურიდან ამ შემთხვევის გამო,“ – გვითხრა რაულ კახაძემ. ის დაგვპირდა, რომ საუბარს კომპანიის სხვა წარმომადგენელთან, ან იურისტთან ერთად გააგრძელებდა, თუმცა შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

სატელეფონო საუბრის დროს კი რაულ კახიძემ ასევე გვითხრა, რომ მუშის სიცოცხლე მის კომპანიაში 100 ათასი ამერიკული დოლარითაა დაზღვეული, თუმცა სადაზღვევო კომპანიას ეს ფული არ გადაუხდია და „მეტროსითიმ“ „კეთილი ნების საფუძველზე“ გადასცა ბინები დაღუპულთა ოჯახებს. რაულ კახაძემ ვერ გვითხრა კონკრეტული თარიღი, როდემდე გადაუხდის იგი, მაგალითად, მარიამ სირაბიძეს ფულად კომპენსაციას.

რა ვერ მუშაობს? – „შრომის ინსპექციის“ როლი

„მოცემულობის შეცვლა დამოკიდებულია დროზე. შრომის ინსპექცია ახალი შექმნილია. კომპანიებმა უკვე იციან, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია გაუფრთხილებლად შესვლა, მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადამზადება, გვირეკავენ აქტიურად, როგორ უნდა გაკეთდეს, რაა საჭირო. ამ ცნობიერების შეცვლას დრო სჭირდება,“ – აღნიშნავს მაია მიქაია, შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექციის უფროსი შრომის ინსპექტორი.

მაია მიქაიას თქმით, წელს 400-მდე კომპანია შემოწმდა შრომის უსაფრთხოების კუთხით და დარღვევა ყველგან არ დაფიქსირდა. უფროსი შრომის ინსპექტორი ამბობს, რომ კომპანიების დიდი ნაწილი დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორებას ცდილობს.

შრომის ინსპექცია ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, პირველი იანვრიდან დაგეგმილია ამ უწყების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება, ასევე, რეგიონული ორგანიზაციების შექმნა და შრომის ინსპექტორების რაოდენობის გაზრდა.

„რა არის სუსტი რგოლი, რა ვერ მუშაობს?“ – ვკითხეთ შრომის ინსპექციის წარმომადგენელს.

„ადრე, როცა შევდიოდით მშენებლობებზე, ჟურნალებში მხოლოდ დასაქმებულების ხელმოწერა გვხვდებოდა იმის შესახებ, რომ გაფრთხილებული იყვნენ უსაფრთხოების წესების დაცვაზე. იქ არ იყო არანაირი თემატიკა გაწერილი, თუ რასთან დაკავშირებით უნდა გაევლო დასაქმებულს ინსტრუქტაჟი. ახლა უკვე კომპანიების დიდ ნაწილში გაწერილია თემატიკა, პერიოდულობა. ასევე საუბარია ინდივიდუალური დაცვის სრულად აღჭურვაზე. დამსაქმებელი არის ვალდებული, აღჭურვოს და განახორციელოს კონტროლი უსაფრთხოების დაცვის საშუალებების სრულ გამოყენებაზე. მნიშვნელოვანია, რომ რისკები მხოლოდ ფორმალურად არ იყოს შეფასებული, რასაც მენეჯერი გაწერს. მთავარია, რომ დოკუმენტი, რომელიც გაიწერა, უბრალოდ ფურცელზე გაწერილი არ დარჩეს,“ – გვითხრა მაია მიქაიამ.

ფორმალური დაზღვევა მუშებისთვის 

კანონით მშენებლობაზე დასაქმებული ნებისმიერი მუშა 2019 წლის პირველი იანვრიდან დაზღვეული უნდა იყოს. ასეც მოხდა – კომპანიებმა მუშები დააზღვიეს, თუმცა კანონი დაზღვევის მინიმალურ პაკეტს არ ითვალისწინებდა და კანონის ამოქმედებიდან მალევე ხელისუფლებასაც მოუხდა იმის აღიარება, რომ მუშების დაზღვევამ ფორმალური სახე მიიღო.

ამ პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ 2019 წლის ივლისში წერდა.

„შეთანხმება მიღწეულია და პირველ სექტემბრამდე ჯანდაცვის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას,“ – გვითხრა მაშინ პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თუმცა უკვე ოქტომბერია დ ამ დრომდე ჯანდაცვის მინისტრს არ გამოუცია ბრძანება მშენებლობაზე დასაქმებული მუშების დაზღვევის „მინიმალური ოდენობის“ შესახებ.

„მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ ვართ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა და მაქსიმალურად ისეთი პაკეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ უბედური შემთხვევის დაზღვევის დროს ვიღაცამ არ ისარგებლოს ბოროტად, არ შეიძინოს ორლარიანი პაკეტი და შემდეგ კომპენსაციის სახით, 100, ან 200 ლარი არ მიიღოს. ჩანიშნულია სხვადასხვა ფორმატის შეხვედრა ამ საკითხზე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მაია მიქაიამ, შრომის უსაფრთხოების ინსპექციის უფროსმა შრომის ინსპექტორმა.

„სახელმწიფო ამ კუთხით უფრო პროაქტიული უნდა იყოს“ 

„მთავრობამ გადადგა რიგი ნაბიჯები, თუმცა შესაბამისი აქტები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რომლითაც დამსაქმებლებმა უნდა იხელმძღვანელონ შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისას, ჯერ კიდევ არ არის მზად… სახელმწიფო ამ კუთხით უფრო პროაქტიული უნდა იყოს,“ – მიიჩნევენ „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში“. ეს ორგანიზაცია შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და პირველ სექტემბერს კანონში შესულ ცვლილებებსაც გამოეხმაურა.

კოტე ერისთავი, EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამების დირექტორი რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას: შრომის ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლება, მშენებლობებზე უსაფრთხოების მენეჯერების გადამზადება, შრომის ინსპექციის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბება და მისი მანდატის გაფართოება.

„იგივე შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადამზადება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, პროგრამის გავლა მინიმუმ 1500 ლარი ჯდება. პრობლემაა ის, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი. ზოგიერთ ორგანიზაციაში ამ პროგრამას ორი კვირა სჭირდება, სხვაგან – რამდენიმე თვე,“ – ამბობს კოტე ერისთავი.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში“ ყურადღებას ამახვილებენ სამართლებრივ რეაგირების პრობლემაზეც.

„ტენდენცია არის ის, რომ გამოძიება არ სრულდება, ან საპროცესო შეთანხმებით სრულდება და პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ დაბალი რანგის მენეჯმენტს… მაგალითად, მინდელის მაღაროს შემთხვევაში, გამოძიება მიმდინარეობს ორი ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის, ერთი – ცვლის უფროსია. თავად დაშავებულის ოჯახია წინააღმდეგი, რომ ის მიეცეს პასუხისმგებლობაში. სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მიმართულებით არ უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ იგი შესაძლოა იყოს პრევენციის კარგი მექანიზმი“, – გვითხრა კოტე ერისთავმა.

ვინ გაასამართლეს მშენებლობებზე მუშების დაღუპვის გამო? 

ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევების გამო 2018 წელს სულ 224 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, 2017 წელს – 128 ფაქტზე.

2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 224 შემთხვევიდან დაიწყო მხოლოდ 19 ფაქტზე, 67 საქმეზე – ძიება შეწყდა, დანარჩენ საქმეებზე – ძიება გრძელდება.

საერთო სასამართლოების  წარმოებაში 2018 წელს სულ 35 საქმე იყო, რაც მშენებლობებზე მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდებოდა. სასამართლომ ამ საქმეებიდან არსებითად მხოლოდ 7 განიხილა. რეალური სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა.

საპარლამენტო ანგარიშში ომბუდსმენმა მიმართა გენერალურ პროკურატურასაც: „წარმოადგინოს მსჯელობა/არგუმენტაცია წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დამკვიდრებული პრაქტიკის თაობაზე.“

ცვლილებები შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა.

_________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/349701/

 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. სპეციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენ, ალბათ, კარგად იცნობთ ბოლო 6 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ პროცესებს. 2019 წლის 19 აპრილს, მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს, რისკის ქვეშ დადგა მაუწყებლის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა, უნდობლობის გამოცხადებიდან დღემდე, გუნდმა, რომელიც მონაწილეობს სარედაქციო პოლიტიკის შექმნაში, მოახერხა ძალების მობილიზება და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პოლიტიკის შენარჩუნება.

გულახდილად გეტყვით, ეს იყო ურთულესი 6 თვე და გამოწვევებით სავსე პერიოდი ჟურნალისტთა კორპუსისთვის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა ხელისუფლების და მმართველი გუნდის წარმომადგენლების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ღია თავდასხმის და დისკრედიტაციის მცდელობის მოგერიება. დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ხელმეორედ დაგვჭირდა საზოგადოების ნდობის მოპოვება.  ახლა ვიმყოფებით განსხვავებულ ვითარებაში. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს.

დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი, განაცხადების მიღების დასრულებამდე 2019 წლის 24 სექტემბერს, 4 საათით ადრე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. მოსამართლე კობა გოცირიძე, სარჩელის უზრუნველსაყოფად შემოიფარგლა მხოლოდ დაინტერესებული პირის, მოსარჩელის განცხადებით და არ გაითვალისწინა რისკები, რაც შეიძლება მაუწყებელს კონკურსის შეჩერებამ მოუტანოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასარჩელო მოთხოვნა ნათია კაპანაძესაც ჰქონდა, რომელმაც სასამართლოს უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიმართა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას უკვე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ასეთი პრაქტიკა, ჩვენი აზრით, შერჩევით სამართალზე მიანიშნებს.

მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებულ დირექტორის შესარჩევ სამივე კონკურსში იგრძნობოდა პოლიტიკური ძალების ინტერესი. მეოთხე კონკურსი შესაძლოა დასრულებულიყო შედეგით, რადგან მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილმა არ გამორიცხა დირექტორის არჩევის შესაძლებლობა. მისი  შეჩერებით პროცესის დასრულებამდე მიყვანას ხელი შეუშალეს,  ინსტრუმენტად, ჩვენი აზრით,  სასამართლო ხელისუფლება გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საბჭოს უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალი  მრჩეველთა საბჭო კი, რომელშიც უმრავლესობა „ქართული ოცნების“კვოტით შევა, ჩვენი აზრით, ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ქვეყნის ისტორიაში პირველად გააჩინა შანსი და იმის პრეცედენტი, რომ ხალხის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს. ჩვენთვის ეს არის დასაცავი ღირებულება.

სულ მცირე შანსია სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ამ რეგიონში არ შეფერხდეს დემოკრატია. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში“.

 

Exit mobile version