მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„ნუ შეგაშინებთ სტერეოტიპები, ქალის და კაცის შესაძლებლობებს შორის განსხვავება არ არის“

16.12.2019 • 1697
„ნუ შეგაშინებთ სტერეოტიპები, ქალის და კაცის შესაძლებლობებს შორის განსხვავება არ არის“

თამუნა მიქელაძე, 17 წლის, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პირველი კურსის სტუდენტი, ეუფლება გემბანის რიგითი მეზღვაურის პროფესიას.

„რა თქმა უნდა გაცნობიერებული მაქვს, რომ არ არის ადვილი ქალმა მოირგო ასეთი რთული პროფესია, თუმცა იმდენად დიდია ინტერესი, ლტოლვა და სურვილი, რომ ეს ყველაფერი მიქრობს შიშს და პირიქით, მოტივაციას მაძლევს.

ალბათ ძნელად დასაჯერებელია, რომ 17 წლის გოგომ შეიძლება შევძლო ამ გამოწვევის დაძლევა, მაგრამ მე ვთვლი, რომ პირველი სირთულე უკვე გადავლახე. გადავლახე იმით, რომ 25 ბიჭთან ერთად ვსწავლობ და ერთადერთი გოგო ვარ კურსზე

ბავშვობაში პოლიციელობა მინდოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პროფესიით მეზღვაური მამიდაშვილის ისტორიებს ვისმენდი, რადიკალურად შემეცვალა სურვილები. სახლში რომ განვაცხადე, ზღვაში მინდა წასვლა-მეთქი, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდათ ოჯახის წევრებს. მეუბნებოდნენ, ვერ შეძლებო. ყველას დავუმტკიცე, რომ ეს შესაძლებელია და ახლაც, ამ წუთასაც ამის მტკიცების პროცესში ვარ.

იყო დისკრიმინაციული მიდგომებიც, რომ ეს კაცის საქმეა და ქალი ზღვაში არ უნდა მიდიოდეს. მე ასე არ ვფიქრობ. ვთვლი, რომ ქალისა და კაცის შესაძლებლობებს შორის განსხვავება არ არის და ეს კლასიფიკაციაც შეუსაბამოა. თავიდანვე ვიყავი ჩვეული ე.წ. „კაცის საქმის“ კეთებას, მამაჩემს ხშირად ვეხმარებოდი და არასდროს გამიმიჯნავს საქმე გენდერული შესაძლებლობების მიხედვით. შტორმსაც ავიტან, ტალღებსაც და სტრესულ გარემოსაც. მე ძლიერი ქალი ვარ, ე.ი მე შემიძლია!

მანდ რა გინდოდა, რისთვის, რატომ?“ – ყველას ასეთი რეაქცია ჰქონდა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცხოვრებას სხვების არჩევანით გეგმავს, მე კი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე.

მეზღვაურობის მთავარი სირთულე, მაინც, თვეობით ოჯახისგან შორს ცხოვრება მგონია. თუმცა, პროფესიის არჩევისას, ეს გაცნობიერებული უნდა გქონდეს. თავდაგადასვლების ძიება, უცხო ქვეყნების კულტურისა და სხვადასხვა ტრადიციების გაცნობა, დაუგეგმავი მარშრუტები – ეს ყველაფერი ყოველღიურ რუტინაზე გაცილებით საინტერესოა.

ძალიან მინდა გამოვცადო ნაოსნობაში წასვლის ფორიაქი და გემზე ასვლის ნერვიულობა. მინდა ვიცოდე, რა განცდაა, ტალღებში მუშაობა. ეს შიში დაძლევადია და მინდა, რომ სასიამოვნო განცდად მექცეს.

სწავლას ისევ აქ გავაგრძელებ. ვაპირებ, გავხდე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი. ჩვენს სასწავლებელს ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს და მეც კმაყოფილი ვარ სწავლების ხარისხით.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: