მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმელი ბავშვები, რომლებიც NASA-ს აქტივობაში ერთვებიან

13.12.2019 • 3283
ბათუმელი ბავშვები, რომლებიც NASA-ს აქტივობაში ერთვებიან

ჩვენ დედამიწის შვილები ვართ!

„დედამიწა…

,,დედასა” და ,,მიწას” შორის მე ვარ…

…შვილი დედისა და შვილი მიწისა…

როგორც შვილი არ არსებობს დედის გარეშე, ისე მიწაც არ არსებობს შვილის გარეშე… ჩვენ დედამიწის შვილები ვართ!” – ამბობს ნანა ჭეიშვილი, ეკო-კლუბ «კოლიბრის» სულისჩამდგმელი.

ეკო-კლუბი „კოლიბრი“ უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და საკმაოდ ბევრი სასარგებლო ღონისძიება ჩაატარა. იდეა კლუბის შექმნაზე მაშინ გაჩნდა, როცა ქართულ-ამერიკული სკოლა «პროგრესის» პედაგოგებმა – ნანა ჭეიშვილმა და  ჯაბა შაინიძემ დედამიწის მინი მოდელი შექმნეს.

„ბავშვებმა ხელში აიტაცეს ,,დედამიწა” და ,,ხელისგულზე” ატარეს. სწორედ, მაშინ მივხვდი, რომ ,,ვალდებული” ვარ ამ ბავშვების წინაშე, რადგან ჩემმა თაობამ ვერაფერი შეძლო და ,,ცუდი მემკვიდრეობა” გადასცა მათ. გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეკო-კლუბი, რომელსაც დავარქმევდით  „კოლიბრს“. რატომ ,,კოლიბრი?” ჩვენი 10-წევრიანი კლუბი პლანეტის ისეთივე პაწაწინა ნაწილია, როგორც კოლიბრი, რომელიც ყველა მიმართულებით ფრენის უნარით გამოირჩევა. ჩვენი მცირე წვლილი გვინდა შევიტანოთ დიდი დედამიწის საქმეში“, – ამბობს ნანა ჭეიშვილი.

კლუბის წევრებს და მათ მეგობრებს კარგად აქვთ გაცნობიერებული  გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას. ისინი დიდი ინტერესით და აქტიურად მუშაობენ: ეძებენ ინფორმაციას ეკოლოგიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიების შესახებ და აქტიურად ერთვებიან ისეთ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებში, როგორიცაა გარემოსდაცვითი დასუფთავებითი აქციები, ნერგების დარგვა, ფრინველების ფესტივალი. კლუბის წევრები ასევე ხვდებიან სხვა სკოლის მოსწავლეებს და აკეთებენ პრეზენტაციებს. ერთ-ერთი აღსანიშნავი აქტივობაა NASA-ს მიერ ორგანიზებულ ვებინარში [ინტერაქტიული პრეზენტაცია ინტერნეტში] ჩართულობა.

პროგრესელები

“ძალიან ამბიციური სურვილები გვაქვს. გვინდა გვქონდეს საკუთარი მიწა, სადაც გავაშენებთ ბაღს და შევქმნით ახალ ეკოსისტემას. გვინდა დავრგოთ ხეები, რომლებიც აუცილებლად იქნება მონიშნული NASA-ს რუკაზე”, – თავის სურვილს ამხელს მეშვიდე კლასის მოსწავლე ლევან მელაძე.

ეკო-კლუბი პედაგოგებთან ერთად შეუერთდა NASA-ს მიერ ორგანიზებულ ვებინარს ონლაინ რეჟიმში. ვებინარში აქტიური ჩართულობით „პროგრესელებმა“ აიმაღლეს ცნობიერება ისეთი სამეცნიერო კამპანიის შესახებ, როგორიცაა ,,GLOBE”,  ანუ კამპანია ხეების შესახებ. საქართველო პირველად შეუერთდა ამ ღონისძიებას.

პროგრესელები

“ხშირად უტოპიური სურვილებიც აქვთ ბავშვებს. ეკო-კლუბის ერთ-ერთმა წევრმა NASA-ს წარმომადგენელს ჰკითხა, შეუძლიათ თუ არა მათ დაეხმარონ აფრიკელებს, რათა უვარგისი მიწები გახადონ ვარგისი ხე-მცენარეებისთვის. მერწმუნეთ, როდესაც ბავშვები ამ კითხვას სვამენ, მათ სიღრმისეულად აქვთ გააზრებული, რა შეიძლება მათი ამ სურვილის განხორციელებით მოხდეს”, – აღნიშნავს ჯაბა შაინიძე.

ამბიციურ გეგმებს შორის კიდევ ერთია: საჭმლის ნარჩენების სათანადოდ გამოყენება. ნანა ჭეიშვილი: “ვფიქრობ, აქტუალური საკითხია. ნაგვის ურნებზე მუდამ ვხედავთ პოლიეთილენის პარკებით დაკიდებულ პურის ნარჩენებს. ვეთანხმები აზრს, რომ ,,პური ჩვენი არსობისა” არ უნდა მოთავსდეს ნაგვის ურნაში. გვაქვს იდეა, რომ ნაგვის ურნებთან განთავსდეს მართკუთხა ფორმის ბამბუკისგან დამზადებული ყუთები პურის ნარჩენებისათვის. ხშირად ვხედავთ მაღაზიებსა და რესტორნების მიერ ჩამოწერილ და გადასაყრელად გამზადებულ  პურეულს, რომელთა გამოყენება შეიძლება სხვაგვარად.”

პროგრესელები

“კოლიბრის” წევრებს დიდი გეგმები აქვთ და ამ ღონისძიებებს ნებისმიერი შეიძლება შეუერთდეს. დაგეგმილია კონფერენცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, ქობულეთის დაცული ტერიტორიების მონახულება, ცნობიერების ამაღლება სფაგნუმის ხავსის შესახებ, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების რეგულაციაში. მიმდინარეობს მოკვლევა სფაგნუმის გამრავლების ხერხებსა და მეთოდებზე.

“ისლანდიაში ამა წლის ივლისში, ყველაზე დიდი, 700 წლის მყინვარი ,,ოკჯოკული” დადნა,  შვეიცარიის ალპებში მყინვარი ,,პიზოლი” დადნა… რიგში უამრავი მყინვარია… ჰოდა, გამოვფხიზლდეთ, სანამ დროა… იქნებ თითოეულმა ჩვენგანმა კოლიბრისოდენა წვრილი შევიტანოთ და დედამიწა გადავარჩინოთ. უნდა გავერთიანდეთ ყველა უკლებლივ, დევიზით ,,ეს მე მეხება!”.

იდეალურ შემთხვევაში, ვისურვებდი, რომ აღზრდა ოჯახსა და სკოლაში, სწავლა-განათლება წარიმართოს ერთი მიმართულებით, პლანეტის გადასარჩენად“, – ამბობენ კლუბის წევრები.

პედაგოგებს და კლუბის წევრებს სკოლა პროგრესის დირექცია მხარში უდგას და ყველა პროექტის განხორციელებაში ეხმარება. ეკო-კლუბი «კოლიბრი» ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსშიც მონაწილეობს. ეკო-კლუბი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ღიაა, სხვა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეუძლიათ ჩაერთონ გარემოს დაცვით ღონისძიებებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: