მთავარი,სიახლეები

ქუჩის კალათბურთი, ჭარტი და კიდევ 4 იდეა – კონკურსის საუკეთესო ექვსეული

22.11.2019 • 1609
ქუჩის კალათბურთი, ჭარტი და კიდევ 4 იდეა – კონკურსის საუკეთესო ექვსეული

21 ნოემბერს, ბათუმის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე პროექტის -„შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული იდეების
განხილვა გაიმართა. მრჩევლებმა 30 იდეიდან გამოარჩიეს 6 იდეა, რომელთა შორის გამარჯვებულ იდეებს უკვე ბათუმელები გამოავლენენ ხმის მიცემის საფუძველზე.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა შემდეგი 6 იდეა:

ქუჩის კალათბურთი

იდეის ავტორია ნიკოლოზ კიკვაძე. პროექტის მიზანია, კალათბურთის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ახალი ტალანტების აღმოჩენა. პროექტის ფარგლებში ბათუმის ათ უბანში შეიქმნება კალათბურთის გუნდი ადგილობრივი ახალგაზრდებისგან, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს შეთანხმებულ დროს მოედანზე და მიიღოს უფასოდ საკალათბურთო განათლება, პროექტის დასასრულს კი, ერთი თვის განმავლობაში ბათუმელი გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. პროექტის ბიუჯეტი 40 600 ლარია.

ძაღლების პარკი

იდეის ავტორია მევლუდ საბაშვილი. პროექტი ითვალისწინებს სპეციალიზირებული გარემოს შექმნას ძაღლებისათვის, სადაც მათ შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ აქტიურობა. პროექტის აღწერის თანახმად, მოცემული პარკი საშუალებას მისცემს როგორც ცხოველებს, ასევე მათ მეპატრონეებს სოციალიზაციისთვის და ასევე,  პარკი იქნება ტურისტული ობიექტი, რომელიც ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. პროექტის ბიუჯეტი 55 000 ლარია.

ჭარტი

იდეის ავტორიები არიან გაბრიელ ღვინიანიძე და სოფიო ქამადაძე. პროექტის თანახმად, ბათუმის სხვადასხვა უბანში არსებული საკანალიზაციო ჭების ლუქები მოიხატება ბათუმისთვის სახასიათო ილუსტრაციებით, შედეგად ფეხით გადაადგილება გახდება ბევრად უფრო საინტერესო და შეიქმნება პოზიტიური განწყობა ქალაქის ქუჩებში. პროექტის ბიუჯეტია 46 000 ლარი.

ჭიდაობის ღია დარბაზი

იდეის ავტორია პაატა ურიადმყოფელი. პროექტის აღწერის თანახმად, საჭიდაო მოედანი დაიდგმება ახალ ბულვაში და მისი მიზანი იქნება ქართული ჭიდაობის განვითარება. ყოველ კვირას გაიმართება ქართული ჭიდაობა, გაიყიდება მაყურებლებისათვის ბილეთები და შემოსავალი შევა ქალაქის ბიუჯეტში. იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ უამრავი ტურისტი და ვიზიტორი ქართული ჭიდაობის საყურებლად, გადაიღებს ვიდეოებს, ფოტოებს და სოციალურ ქსელებში გაავრცელებენ. პროექტის ბიუჯეტია 194 556 ლარი.

Star OnlineE-Book

იდეის ავტორია თემურ დიასამიძე. პროექტის თანახმად, შეიქმნება მობილური აპლიკაცია და ვებგვერდი, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. მომხმარებელი ონლაინ რეჟიმში შეძლებს ატვირთოს მიღებული მომსახურების შესახებ შთაბეჭდილებები და შეფასებები, ასევე გაუგზავნოს კონკრეტული ბიზნესის მფლობელსა და მმართველს მათი სურვილების თუ იდეების შესახებ ინფორმაცია. პროექტის ბიუჯეტია 36 100 ლარი.

Batumi Dots

იდეის ავტორია ნინო ბასილაძე. აღწერის თანახმად, Batumi Dots იქნება ios და android ოპერატიული სისტემებზე მომუშავე ონლაინ თამაში. ეს იქნება ინოვაციური პროექტი, რომელსაც ჯერჯერობით საქართველოში ანალოგი არ აქვს. თამაში იქნება უფასო,  ამიტომ ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის და აგრეთვე არ ექნება ასაკობრივი შეზღუდვა. ის იქნება შესრულებული ორ ენაზე,  ქართულად და ინგლისურად და საინტერესო როგორც ბათუმელებისთვის ან/და ადგილობრივი ტურისტებისთვის, აგრეთვე ტურისტებისთვის სხვა ქვეყნებიდან. რაც შეეხება თვითონ თამაშს, ეს იქნება კონკრეტული რაოდენობის ტურებისგან შემდგარი ონლაინ თამაში. პროექტის ბიუჯეტია 21 000 ლარი.

რაც შეეხება სხვა იდეებს, მათ 5-ზე ნაკლები ხმის მოგროვება შეძლეს და კონკურსს გამოეთიშნენ.

ახლა უკვე ჯერი ბათუმელებზეა, სწორედ ბათუმელები ირჩევენ გამარჯვებულ იდეებს ხმის მიცემით.

ხმის მიცემა დაიწყება 25 ნოემბერს და გაგრძელდება 21 დეკემბრამდე. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე „შენი იდეა ბათუმს“

ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული იდეების რაოდენობა პროექტის საერთო ბიუჯეტის გათვალისწინებით განისაზღვრება, რომელიც 2020 წლისთვის 500 000 ლარს შეადგენს. მინიმალური ხმის რაოდენობა კი ბათუმში რეგისტრირებული მოსახლეობის 0,5 % -ი, დაახლოებით 700 ხმაა.

ის საპროექტო განაცხადები, რომელთა შერჩევაც არ მოხდა საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, თავსდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პლატფორმაზე შესაბამის ბლოკში, სადაც მიეთითება დეტალური მიზეზი, თუ რატომ არ იქნა შერჩეული აღნიშნული პროექტი ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღება.

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) , პური მსოფლიოს (Bread for the World) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: