ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სახელოვნებო სკოლის პროექტს მოამზადებს კომპანია, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ კორპუსები დააპროექტა

15.12.2019
სახელოვნებო სკოლის პროექტს მოამზადებს კომპანია, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ კორპუსები დააპროექტა

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლის ახალი შენობის პროექტს ის კომპანია მოამზადებს, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსი დააპროექტა. ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია.

ამხანაგობასთან სამინისტრომ ხელშეკრულება 2019 წლის 21 დეკემბრამდე უნდა გააფორმოს. სახელშეკრულებო თანხა 292 ათას 1 ლარი იქნება. მონაწილეობდა თუ არა სხვა პრეტენდენტი ტენდერში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება.

გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში სახელოვნებო სკოლის ერთიან შენობაში გადაიტანენ მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას; ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას; ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას; რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ასევე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას.

სახელოვნებო სკოლის ახალი შენობის შექმნისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 365 ათასი ლარი იყო. ტენდერში გამარჯვებული საავტორო ზედამხედველობასაც გაუწევს შემდგომში სკოლის მშენებლობას.

ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს 320 ათას 1 ლარზე გააფორმა.
ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ ორმა კომპანიამ დააფუძნა: შპს „გეოანალიტიკამ“ და შპს „სენსონიმ“.
შპს „სენსონიმ“ კი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა. სპორტსკოლის დაპროექტებაზე ხელშეკრულება „სენსონსა“ და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის, 2017  წელს,  420 ათას 1 ლარზე გაფორმდა.

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებაზე „ინჟარქიტექტიმ“ ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა, რისთვისაც მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ახალი სახელოვნებო სკოლისთვის განკუთვნილია დაახლოებით 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სკოლის პროექტირების სავარაუდო ხანგრძლივობა 225 დღეა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/241726/

მთავარი ფოტო: ბათუმის სამხატვრო სკოლის შენობა ფიროსმანის ქუჩაზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008