ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა იწყება

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალი, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩის N1-ში აშენდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. არსებული გეგმით, მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

ბათუმის ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელის „ბლექსის“, მულტიფუნქციური ცენტრისა და ხელოვნების სკოლის მშენებლობას.

გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში ახალი სახელოვნებო სკოლის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ახალ შენობაში გადაიტანენ: მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას; ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას; ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას; რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ასევე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას.

ამ თემაზე: 

სახელოვნებო სკოლის პროექტს მოამზადებს კომპანია, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ კორპუსები დააპროექტა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com