მთავარი,სიახლეები

საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის ყიდვა საკრებულოს წევრის მეუღლის კომპანიას სურს

13.12.2019 • 3420
საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის ყიდვა საკრებულოს წევრის მეუღლის კომპანიას სურს

შპს „სახლი ბარათაშვილზე“, რომელსაც ბათუმში, ბარათაშვილის #30-ში მდებარე ორსართულიანი შენობის შესყიდვა და მასზე ორი სართულის დაშენება, გვერდით კი [გორგასლის ქუჩის მხრიდან] 8-სართულიანი ახალი შენობის აშენება სურს, ბათუმის საკრებულოს წევრის, მიხეილ ართმელაძის მეუღლის, მანანა ტუნაძის კომპანიაა. ის კომპანიის 50 პროცენტის მფლობელია. მანანა ტუნაძე რუსეთის მოქალაქეა. ამ კომპანიის 50 პროცენტს კი მანონი ლასარეიშვილი ფლობს [ისიც, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრის ახლობელია]. კომპანია „სახლი ბარათაშვილზე“ 2019 წლის მარტში დააფუძნეს.

მიხეილ ართმელაძე საკრებულოში „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა და დღემდე ამ პარტიის ყველა გადაწყვეტილების მხარდამჭერია.

 

მიხეილ ართმელაძე

საკრებულოს წევრის მეუღლის კომპანიისთვის სასურველი მიწის ნაკვეთი და შენობა [ბარათაშვილის #30-ში] აჭარის მთავრობამ აუქციონზე გასაყიდად 10 დეკემბერს გამოიტანა. კომპანიამ „სახლი ბარათაშვილზე“ კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს ამ ადგილზე სამშენებლო პროექტის პირველი ეტაპი აუქციონამდე 25 დღით ადრე შეათანხმა.

„მაგ ადგილზე, უკანა ნაწილში კი, არის ინტერესი. შეიძლება, რომ აუქციონში მივიღოთ მონაწილეობა, შეიძლება არ მივიღოთ. რაღაც ეტაპზე ვიყავით დაინტერესებული. დიახ, კომპანია აპირებდა პროექტის საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობასთან ერთიან კომპლექსში განხილვას. ახლა არ ვიცი, შევხედავთ, დრო გვაჩვენებს. შეიძლება „სახლი ბარათაშვილმა“ ვერც შეიძინოს, აუქციონია და ამიტომ“, – გვითხრა მიხეილ ართმელაძემ.

კითხვაზე, გამოიყენა თუ არა საკრებულოს წევრმა პარტიული გავლენები მეუღლის კომპანიის მხარდასაჭერად, იმისთვის, რომ ზონალურმა საბჭომ საკითხი წინსწრებით, მიწის ნაკვეთის შესყიდვამდე განიხილა, საკრებულოს წევრმა გვიპასუხა, რომ პროექტების უმეტესობა სწორედ ასეა შეთანხმებული:

„ჩვენ არც ერთ ეტაპზე ჯერ თანხმობა არ მიგვიღია, არ არის პირველი ეტაპი შეთანხმებული, არაფერი არ არის შეთანხმებული“, – გვითხრა მან და გვირჩია კარგად გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია, იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ: „კი ბატონო, ზონალური საბჭო გავიარეთ, მაგრამ საბჭო არ შეთანხმდა“.

თუმცა „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტით [ზონალური საბჭოს სხდომის ოქმი] დასტურდება, რომ საბჭომ კომპანია „სახლი ბარათაშვილის“ განცხადება განიხილა და ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეითანხმა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ბარათაშვილის #30-თან დაკავშირებული სამშენებლო პროექტის პირველი ეტაპი 14 ნოემბერს შეითანხმა

______

ამავე თემაზე:

 

აჭარის მთავრობის ელექტრონული აუქციონი წინასწარ გამოცხადებული მყიდველით

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: