„უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაახლოებით 5-7 პროცენტით გააძვირებს პროექტს… გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში, 10 პროცენტამდეც გაიზრდება,“ – ამბობს ამირან ბერიძე. ის სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორია. მას ვესაუბრეთ ხარჯებზე, რომლის გაღებაც სამშენებლო კომპანიებს უწევთ მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა და შრომის უსაფრთხოების რეგულირება გამკაცრდა. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან შრომის ინსპექციას ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე შეუძლია შესვლა და იქ უსაფრთხოების პირობების შესწავლა.
„ჩვენთანაც იყვნენ ორი კვირის წინ. რეკომენდაციები დაგვიწერეს,“ – გვითხრა „გუმბათი ჯგუფის“ უსაფრთხოების მენეჯერმა, რეზო სეფერთელაძემ, როცა მას ბაგრატიონის ქუჩაზე, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე ვესაუბრეთ. რეზო სეფერთელაძის თქმით, ინსპექტორებმა აივნის დროებითი მოაჯირები დაიწუნეს, ასევე დააფიქსირეს მაღალ სართულზე მომუშავე მუშები უსაფრთხოების ღვედების გარეშე.
„მანამდე მოაჯირები იყო არმატურისგან დამზადებული. ახლა უკვე დამონტაჟებულია მყარი მოაჯირები ხის მასალისგან. მოაჯირი უნდა უძლებდეს 90 კილოგრამ დარტყმას და 30 სანტიმეტრზე გასვლა არ უნდა ჰქონდეს,“ – გვიმარტავს რეზო სეფერთელაძე.
უსაფრთხოების ამ მენეჯერს თავისი „კანონებიც“ შეუმუშავებია: „ის, ვინც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, დაჯარიმდება ხელფასიდან 50 ლარით. ამას წინათ, ერთი მუშა დავაჯარიმეთ, ჩაფხუტი არ ეკეთა,“ – დასძენს რეზო.
„გუმბათი ჯგუფის“ დირექტორის, ამირან ბერიძის თქმით, ერთი მუშის აღჭურვილობა უსაფრთხოების საშუალებებით წელიწადში დაახლოებით 400-500 ლარი ჯდება.
„ამაში შედის სპეცტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩაფხუტი თავისთავად, უსაფრთხოების ღვედი… პერიოდულად ამ ნივთებს განახლება სჭირდება,“ – გვიყვება ამირან ბერიძე.
ამას ემატება სამშენებლო ობიექტზე შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვის ხარჯი, მაგალითად, დროებითი მოაჯირები, ღიობების დამცავები, ბადურები…
„მე, მაგალითად, სამი კუბური მეტრი ხის მასალა ახლა შევიძინე, როცა შრომის ინსპექციამ რეკომენდაცია მოგვცა. 1 კუბური მეტრი ხის მასალა 600 ლარი ღირს. ამას დასჭირდა ცალკე მუშახელი, კიდევ სხვა ხარჯები, დაახლოებით 3 ათასი ლარი დაჯდა ახალი მოაჯირების მოწყობა… რაც შეეხება უსაფრთხოების ბადეებს, ეს დამოკიდებულია ხარისხზე. საშუალოდ, ერთი სამშენებლო ობიექტის ბადეებისთვის 5 ათას ლარამდეა საჭირო“, – გვიხსნის ამირან ბერიძე.
ამირან ბერიძე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ ფაქტორზეც, რაც ასევე გააძვირებს ნებისმიერი სამშენებლო ობიექტის ფასს, თუკი იქ უსაფრთხოების ზომებს დაიცავენ.
„ესაა თავად საერთო სამშენებლო ფართის დანაკარგი… წინათ თუ დანაკარგი იყო 20-22 პროცენტი, ახლა იქნება დაახლოებით 30 პროცენტამდე. ეს ყველაფერი საჭიროა ევაკუაციისთვის, რაც პირველივე დღეებიდან უნდა გაითვალისწინო. მაგალითად, იზრდება კიბეების რაოდენობა,“ – აღნიშნავს ამირან ბერიძე „ბათუმელებთან“.
რატომ იღუპებიან მუშები ისევ იმის მიუხედავად, რომ კანონში ცვლილებები შევიდა და შრომის ინსპექციაც ამოქმედდა? – მშენებელი, რომელიც უკვე 7 წელი ამ სფეროშია, მიიჩნევს, რომ ორი მთავარი პრობლემა არსებობს:
„შეჩვევა უნდა მოხდეს ისე, როგორც ადამიანები უსაფრთხოების ღვედების ტარებას შეეჩვივნენ, მე ამას ვადარებ… არ უნდა შეჩერებულიყო ეს მოთხოვნები თავის დროზე. უნდა გაიაზროს ყველამ, რომ საფრთხე ექმნება ადამიანს. შესაძლოა, ეჩქარება დეველოპერს, ჩქარა უნდა აშენება და რისკავს, მაგრამ საბოლოოდ, ის აუცილებლად დაზარალდება. თუკი მოხდება შემთხვევა, იქ დაზღვევაც არაფერს შველის. ჩვენთან თითოეული მუშის სიცოცხლე 50 ათას დოლარად არის დაზღვეული…
მეორე არის მუშების განათლება. მუშა მოდის პირდაპირ ქუჩიდან და გეუბნება: მე ეს ვიცი. სინამდვილეში, ფაქტობრივად არ იცის… უსაფრთხოებაზეც გიპასუხებს, რომ ჰო, ყველაფერი იცის. მერე ავა 22-ე სართულზე, დასცხება და იხდის ჩაფხუტს… ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური მუშები, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ, რას აკეთებენ,“ – უთხრა ამირან ბერიძემ „ბათუმელებს“.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება.
2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევა მოხდება წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი:
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის წყალმომარაგების ქსელის ქალაქის გამანაწილებელ ქსელზე დაერთების სამუშაოების გამო, დღეს, 30 სექტემბერს, 11:00 საათიდან 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 სექტემბრის 21 საათიდან 1-ელი ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით – 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 22-27 გრადუსი
ღამით: 12-17 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 10-15 გრადუსი
ღამით: 3-8 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ოქტომბრის პირველი დღეებში – 2, 3, 4 ოქტომბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ დღეს, 30 სექტემბერს, დასრულდა.
სასამართლომ სარჩელის მესამე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას.
“ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა მოსამართლემ.
მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა მხოლოდ ამ კონკრეტული აქტის გამოცემის დროს დაინახა სასამართლომ და ეს არ არის ზოგადად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს სისტემური დამოკიდებულება მუსლიმი თემის მიმართ.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ მიუთითა, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად სამი სტადიის გავლაა საჭირო, ნებართვას კი ბათუმის მერია გასცემს.
“სასამართლო არ არის ის ორგანო, რომელიც გასცემს ამ აქტებს… არ იქნება სწორი ინტერპრეტირება, რომ სასამართლომ გასცა ნებართვა ან არ გასცა. სასამართლო ამოწმებს, ეს აქტები კანონიერია, თუ კანონშეუსაბამო,” – დასძინა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ამ საკითხის “იდეალური გადაწყვეტა” მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.
მოსამართლემ ხაზი გაუსვა სარჩელში მითითებულ ფაქტსაც – ზონაში, სადაც მუსლიმი თემი მეჩეთის აგებას ითხოვს, 7 ეკლესიაა და მერიას ამ მშენებლობებისთვის ხელი არ შეუშლია.
“უსაფუძვლო იქნება იმის მტკიცება, რომ მუნიციპალიტეტი თანაბრად ეპყრობა ორივე რელიგიის წარმომადგენლებს,” – დასძინა მოსამართლემ.
მოსამართლის გადაწყვეტილების მოსასმენად მერიის წარმომადგენელი სასამართლოში არ მოსულა.
სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ
ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს უთხრა უარი მუსლიმ თემს ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. საუბარია პირველი ეტაპის ნებართვის მიღებაზე. მერიამ მაშინ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საცხოვრებელ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობას ვერ დაუშვებდა. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა.ამ საქმის განხილვა თვეობით ჭიანურდებოდა. მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ: „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“.
მუსლიმი თემი სასამართლოში ითხოვდა ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, დისკრიმინაციის დადგენას და მერიისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას.
დღეს, 30 სექტემბერს, რამდენიმე წუთის წინ, ავარია მოხდა ბათუმში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, მოპედის მძღოლი დაჟეჟილობებით, პოლიტრავმით გადაყვანილია კლინიკაში. სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტური იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით:
„ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ“.
მედია ყოველ კვირა იტყობინება დასაქმების ადგილებზე დაშავებული და დაღუპული მუშების შესახებ. 2011-2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად 393 მუშა დაიღუპა, 1097 კი – დაშავდა.
2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმები ამოქმედდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის EMC-ის შეფასებით, ეს ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების კუთხით. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს რიგი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც აუცილებელია შრომის ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვისა და საწარმოო შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით.
რა შეიცვალა 1-ლი სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით?
1-ელ სექტემბრამდე ორგანული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, 1-ელი სექტემბრიდან კი მისი მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე.
1-ელ სექტემბრამდე შრომის ინსპექციას საწარმოს/დაწესებულების არაშერჩევითი/არაგეგმიური კონტროლის განხორციელება შეეძლო მხოლოდ წინასწარი სასამართლო ნებართვით. ამიერიდან კი შრომის ინსპექცია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.
EMC-ი ამბობს, რომ აუცილებელია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება, ამისთვის კი დროულად უნდა დაიწყოს შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის დამოუკიდებელ ორგანოდ ტრანსფორმირების პროცესი. ასევე, გამოწვევას წარმოადგენს ინსპექტორთა რაოდენობა, რაც საერთაშორისო სტანდარტზე ორჯერ ნაკლებიადა ინსპექციის რეგიონული წარმომადგენლობის არარსებობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს შრომითი პირობების ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობას თბილისის გარეთ. ამიტომაც, აუცილებელია ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით.
“ასევე, აუცილებელია, მოხდეს შრომის ინსპექციის მანდატის იმგვარი გაფართოება, რაც საშუალებას მისცემს ინსპექციას, ზედამხედველობა განახორციელოს არამარტო შრომის უსაფრთხოების ნორმებზე, არამედ, ზოგადად, შრომის კანონმდებლობის ნორმების აღსრულებაზეც. შრომითი უფლებები და უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ამგვარი ხელოვნური გამიჯვნა უარყოფითად აისახება დასაქმებულთა მდგომარეობაზე. ხშირ შემთხვევაში საწარმოო შემთხვევები სწორედ შრომითი უფლებების, ზეგანაკვეთური შრომის, დაურეგულირებელი სამუშაო დღეების, დასვენების თუ შესვენების არარსებობითა და სხვა მსგავსი გარემოებებით იყო გამოწვეული, რომელიც აღნიშნული დაყოფის შედეგად შრომითი ინსპექციის ზედამხედველობის სფეროს გარეთ რჩება” – წერს EMC-ი.
1-ელი სექტემბრიდან ყველა ტიპის დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, მოიწვიოს ერთი ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ან აღნიშნული მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური. ხოლო დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს ორგანული კანონით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა. შრომის უსაფრთხოებაზე EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: ამ მხრივ პრობლემურია, რომ ამ დრომდე არსებული აკრედიტებული პროგრამები არ არის სტანდარტიზებული და ვერ იძლევა შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით სათანადო ცოდნისა და კვალიფიკაციის გარანტიას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC-ი მოუწოდებს:
საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს:
დროულად შეიმუშავონ და მიიღონ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც გაწერილია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით და აუცილებელია ორგანული კანონის სრულფასოვნად ამოქმედებისა და შრომის უსაფრთხოების სრულფასოვანი სისტემის დანერგვისა და ეფექტურობისთვის;
დროულად შეიმუშავონ და მიიღონ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ შესაბამისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება შრომის ინსპექციის ინსტიტუციურად გაძლიერებისა და მის დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბებისთვის;
დროულად შეიმუშავონ და მიიღონ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოების მიზნით, რათა იგი გავრცელდეს ზოგადად შრომის კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობაზე;
უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოების სწავლების აკრედიტებული პროგრამების სტანდარტიზება და გამართვა.
დამსაქმებლებს:
დროულად დანერგონ სამუშაო ადგილზე საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი შრომის უსაფრთხოების სისტემა.
__________
მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
ეროვნული ლიგის 28-ე მატჩში ბათუმის „დინამო“ ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მატჩი წყალტუბოში გაიმართა. ანგარიში „ტორპედოელებმა“ გახსნეს მატჩის მე-12 წუთზე ზაზა ციცქიშვილის გოლით. ანგარიში მალევე გათანაბრდა, მეთხუთმეტე წუთზე გოლი „ტორპედოელების“ კარში ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიული მანჯგალაძემ გაიტანა გიორგი ნავალოვსკის პასით.
39-ე წუთზე გიორგი მანჯგალაძის ჩაწოდებული კუთხურის შედეგად „ტორპედოს“ მცველს გოდერძი მაჩაიძეს ბურთი ხელზე მოხვდა. მატჩის არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ „ტორპედოელების“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯოვინო ფლამარიონმა შეასრულა. ანგარიში 1:2 გახდა, დინამო „ბათუმის“ სასარგებლოდ. საბოლოოდ სწორედ ეს ანგარიში დაფიქსირდა ტაბლოზე.
დინამო „ბათუმი“ მომდევნო თამაშს კვირას, 6 ოქტომბერს ბათუმში, ანგისის სტადიონზე გამართავს. მისი მეტოქე თბილისის „დინამო“ იქნება.
ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმის „დინამო“ 61 ქულით ისევ ჩემპიონატის ლიდერია. მას 3 ქულით ჩამორჩება თბილისი „დინამო“ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
ბათუმში, გორგილაძის #22-დან 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე და ამ გადაკვეთიდან მემედ აბაშიძემდე დაბალსართულიანი სახლების ათვისებას და ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობას გეგმავენ. ამ უბანში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად რამდენიმე კომპანია იბრძვის, მათ შორის, ორს ერთ ეზოზე აქვს პრეტენზია. გასულ ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ისინი ერთმანეთს ზონალური საბჭოს სხდომაზე დაუპირისპირდნენ.
გორგილაძის #22-სა და #24-ში მშენებლობის ნებართვის მოპოვებას შპს „მინი 77“ და შპს „კომფორტი“ ცდილობენ. შპს „მინი 77“, რომელიც ამ ადგილზე ადრე ორი ათსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას ითხოვდა და არ მისცეს, ახლა ერთი შვიდსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას ითხოვს.
შპს „კომფორტს“ კი #24-ში მცხოვრებლებთან აქვს მოლაპარაკება და მიიჩნევს, რომ შპს „მინი77“-ის პროექტი მას ხელს შეუშლის. ამ კომპანიის მფლობელი ამტკიცებს იმასაც, რომ პირველმა „ამ ეზოს ათვისების პროექტი თვითონ გააკეთა და „მინი 77“ იქ აღარ უნდა შესულიყო“.
გორგილაძის #22-ში, სადაც ერთსართულიანი ისტორიული სახლები მდებარეობს, შპს „მინი 77“ 1016 კვადრატული მეტრი ფართობი აქვს რეგისტრირებული, #24 კი სულ 775 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს.
შპს „კომფორტის“ წარმომადგენელი სხდომაზე #24-ში მცხოვრებლებთან ერთად მივიდა, მათ შორის, ერთ-ერთი პირი საკითხის განხილვისას აცხადებდა, რომ მათი სახლი ორი საუკუნისაა, ამიტომ ამ სახლში აღარ იცხოვრება და აუცილებელია მის ნაცვლად ახალი სახლის მშენებლობა.
საბჭოს წევრებს ამ ინფორმაციაზე ყურადღება არ მიუქცევიათ. არც იმით დაინტერესებულან, ხომ არ არის ეს სახლი მართლაც ორი საუკუნის და ხომ არ იმსახურებს ძეგლის სტატუსს. საგულისხმოა ისიც, რომ ამ სახლზე რაიმე ჩანაწერი არც „გეოგრაფიკის“ კვლევაში იძებნება.
გორგილაძის #22-ში ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი ერთსართულიანი არქიტექტურის ბელეტაჟი მდებარეობს.
ბათუმი, გორგილაძის #22
აქვეა პატარა, ერთსართულიანი შენობა, სადაც ადრე რესტორანი „ოქროს გასაღები“ იყო განთავსებული. ამ სახლის გაგრძელებაზე შეულესავი კედელია დარჩენილი, რომლითაც ირკვევა, რომ ის რიყის ქვებითაა ნაშენი.
#24-ში მდებარე სახლი კი მართლაც ძალიან დაძველებული და მოუვლელია. ამ სახლის ფასადზე ჯერ კიდევ შემორჩენილია საბჭოთა პერიოდის თუნუქის აბრა, სადაც ქართულ-რუსულად წერია „გორკის #24“.
გორგილაძის #24
26 მაისის ქუჩაზე, შპს „როიალ ბილდინგი“ ათსართულიანი მრავალბინიანი სახლის აშენებას გეგმავს. კომპანიას ახალი პროექტი #28-30-ში არსებული ძველი სახლების ათვისების ხარჯზე აქვს დაგეგმილი. კომპანია აქ მცხოვრებ მესაკუთრეებს უკვე მოელაპარაკა და რამდენიმე ფართობი მომავალში სამშენებლო მომსახურების გაწევის პირობით დაირეგისტრირა კიდეც. ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე ჯერ არ განუხილავთ.
კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, ამ ერთსართულიანი სახლისა და გვერდით მდებარე ორსართულიანი სახლის გარდა კომპანიას გორგილაძის ქუჩამდე სურს ახალი სახლისთვის პერიმეტრის გასუფთავება
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟის გამო მტვრის ბუღი დგას. ბათუმის ბულვართან ახლოს მდებარე ამ სახლის დემოტაჟი კომპანიამ „ალიანს სიტი“ ივნისში დაიწყო.
რამდენიმე წუთის მანძილზე ასე გამოიყურებოდა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა დღეს, 29 სექტემბერს. კომპანიამ “ლუჟკოვის სახლი” დაანგრია
ქალაქის მერიამ „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევაზე ნებართვა იმ დროს გასცა, როცა კომპანიას მასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ ჰქონდა, თუმცა დამტკიცებული იყო გენგეგმა, რომელიც სამომავლოდ გარკვეული პარამეტრების მშენებლობას უშვებს.
ამ პარამეტრების მიხედვით, კომპანია „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად 50-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ადგილზე შეიძლება ააშენონ არა ერთი, არამედ სამი ცათამბჯენი, რომლებსაც ერთი სივრცე გააერთიანებს.
ჩაქვში მცხოვრები სულხან დუმბაძე ბათუმის მიწის საკუთრების კომისიას სასამართლოში უჩივის. დავის საგანი მიწის საკუთრებად აღიარებაა, რაზეც კომისიამ უარი იმ მოტივით თქვა, რომ მიწაზე ხის სახლი დგას. მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს.
„ხის სახლიაო და არ დამირეგისტრირეს… ჩვენი ოჯახი 90-იანი წლებიდან ჩაქვში ვართ. სახლი, რომელიც ჩვენი საკუთრებაა და სადაც ახლა ვცხოვრობთ, ძალიან პატარაა, ძმაც მყავს… მამაჩემმა ჩვენს სახლთან ახლოს თავისუფალი მიწის ნაკვეთის დამუშავება დაიწყო, თხილი გააშენა, მერე ხის სახლიც ავაშენეთ…“ – გვიყვება სულხან დუმბაძე.
სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, დუმბაძეებმა ხის სახლი სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთში 2005 წელს ააშენეს. კანონმდებლობა ამ პერიოდში დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის გამოყენება დასტურდება და მასზე „განთავსებულია შენობა-ნაგებობა“
სულხან დუმბაძემ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს 2016 წელს მიმართა. რეესტრმა მოთხოვნა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა. კომისიამ 2018 წელს სულხან დუმბაძეს მიწის საკუთრების აღიარებაზე უარი შემდეგი მოტივით უთხრა:
„მიწაზე განთავსებულია ხის შენობა-ნაგებობა, რომელიც არ არის გრუნტთან უძრავად დაკავშირებული… არ დასტურდება აღნიშნული შენობის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება“, – აღნიშნულია ბათუმის მიწის საკუთრების კომისიის დადგენილებაში, რომლის ბათილად ცნობას ითხოვს სულხან დუმბაძე. სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა გოცირიძე იცავს.
„კომისია არასწორად იაზრებს შენობის განმარტებას, როცა იგი მიიჩნევს, რომ ხის სახლი არ შეიძლება ჩაითვალოს შენობა-ნაგებობად. კომისია გრუნტთან უძრავად დაკავშირებულ ნაგებობად განიხილავს მხოლოდ ღრმასაძირკვლიან კონსტრუქციებს, რაც არ გამომდინარეობს კანონიდან.
კანონი არ მოითხოვს ნაგებობის შენობად მიჩნევისათვის მისი საძირკველის არსებობას. ამასთან, საინტერესოა კომისიის მოსაზრება: გრუნტთან როგორი კავშირი უნდა გააჩნდეს ნაგებობას, რომელსაც კომისიები დადგენილი პრაქტიკის მიხედვით მიიჩნევენ შენობად – ერთსაფეხურიანი საძირკველი, თიხატკეპნილი საძირკველი, კოჭოვანი საძირკველი, მასიური საძირკველი, მთლიანი საძირკველი, ნაკრები საძირკველი ნაყარი საძირკველი, რკინაბეტონის საძირკველი, სვეტური საძირკველი, ყორებეტონის საძირკველი, ძელყორის საძირკველი, თუ ხიმინჯოვანი საძირკველი?“ – აღნიშნულია სარჩელში.
მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო იცავს“.
ფრანების ფესტივალი ბათუმში დღეს, 29 სექტემბერს გაიმართება. ფრანებს დღის ორი საათიდან გაუშვებენ. ფესტივალი ცენტრალური პარკის პირდაპირ, ზღვის სანაპიროზე გაიმართება. ფესტივალზე სტუმრებს შეეძლებათ თავადაც გაუშვან თავიანთი ფრანები.
ფესტივალი გუშინ, 28 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ იგი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო.
ფესტივალი ტარდება ბათუმის მერიის მხარდაჭერით „შენი იდეა ბათუმს • Idea Batumi“ პროექტის ფარგლებში. ორგანიზატორები: ბათუმის სპორტული ცენტრი და კლუბი Kitedreams Georgia
„ოცნების ქალაქში“ საპროტესტო აქციაა. შეკრებილები საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროულად დაწყებას ითხოვენ.
„იმ ადგილას შევიკრიბეთ, სადაც მთავრობამ ტერიტორია მოასწორა. არ გვინდა, მოტყუებული დავრჩეთ. დღეს აქ მშენებლობის ლენტი უნდა გაჭრილიყო. მერე მთავრობაც შეიცვლება და გვეტყვიან, რიჟვაძეს მოსთხოვეთ პასუხიო,“ – გვითხრა აქციაზე მყოფმა ცისანა აფხაიძემ. მისივე თქმით, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ, თუკი მთავრობა დაპირებული სახლების მშენებლობას არ დაიწყებს.
„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუცხადებია.
„კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. უკვე მზად გვაქვს ტექნიკური დავალების მონახაზიც“ – ეს განცხადება „ბათუმელებთან“ მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ 7 სექტემბერს გააკეთა. ამ დრომდე საბოლოო პროექტი მომზადებული არ არის.
პოლიციამ სამი ველოსიპედის ქურდობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული რ.მ ბათუმში დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი ნაქურდალი ველოსიპედი ნივთმკიცების სახით ამოიღეს. ველოსიპედები აგვისტოსა და სექტემბერში მოიპარეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე.
თურქეთში, ართვინის გუბერნიის ქალაქებში – ბორჩხასა და არჰავში დღეს ძლიერი წვიმა მოვიდა და მეწყერი ჩამოწვა. წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებში. ქალაქში წყალდიდობის შედეგად გზები ჩაიკეტა. როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ახლახანს [21:00] უთხრა, ამ დროისთვის ბორჩხაში გზებზე მოძრაობა აღდგენილია, არჰავში კი სპეცტექნიკა ჩამოწოლილი მეწყრისგან გზებს წმენდს.
წყალდიდობა ბორჩხაში – თურქული მედიის მიერ გავრცელებული ფოტოწყალდიდობა ბორჩხაში – თურქული მედიის მიერ გავრცელებული ფოტო
წყალდიდობა ბორჩხაში – თურქული მედიის მიერ გავრცელებული ფოტოწყალდიდობა ბორჩხაში – თურქული მედიის მიერ გავრცელებული ფოტოწყალდიდობა ბორჩხაში – თურქული მედიის მიერ გავრცელებული ფოტო
მოზარდებს და 25 წლამდე ახალგაზრდებს, რომლესაც ქცევითი და ემოციური აშლილობა აქვთ, ბათუმში ფსიქოსოციალური დახმარების უფასოდ მიღების შესაძლებლობა მიეცათ. დღეს, 28 სექტემბერს კლუბი „სინერგია“ გორგილაძის #12-ში გაიხსნა.
ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრით შეიძლება ისარგებლონ იმ მოზარდებმა, რომლებიც ფსიქოაქტიურ საშუალებებს მოიხმარენ, ან დამოკიდებული არიან აზარტულ თამაშებზე, უჭირთ თანატოლებთან, ან ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, არიან სევდიანები, ბრაზის მართვის პრობლემა აქვთ, ან მაღალი შფოთვის ეპიზოდები, ახასიათებთ აგრესიულობა, ძილის პრობლემები და სხვა.
„ცენტრში გვყავს კვალიფიციური ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკი. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე ფსიქიატრის ჩართვა პროცესში… მომსახურებით შეიძლება ისარგებლონ ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდების მშობლებმაც, ჩვენ მათ არ ვაცალკევებთ. არსებობს ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიები,“ – გვითხრა მაია ხუნდაძემ, „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ბათუმის ცენტრის ხელმძღვანელმა.
ცენტრის სერვისებით სარგებლობა უფასოა. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მაია ხუნდაძე ამბობს, რომ შემდეგ მერიაზე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა ეს პროექტი.
“ფონდს „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“ აქვს გამოცდილება პროექტების ფარგლებში დააფუძნოს და აამუშაოს პილოტური სერვისები, რომლებიც მომავალში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის ნათელი მაგალითია კრიზისული ინტერვენციის სერვისი და ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის ცენტრი, რომელის მუშაობის მოდელი შემდეგში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნა გამოყენებული,”- აღნიშნა მაია ხუნდაძემ „ბათუმელებთან“.
შესაძლებელია თუ არა მოზარდმა თავად მიმართოს ცენტრს? – მაია ხუნდაძემ გვიპასუხა, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში მშობლის თანხმობა იქნება საჭირო.
კლუბი „სინერგია“ ბათუმში სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმუშავებს დღის 2 საათიდან საღამოს 7 -მდე. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი იმუშავებს შაბათსაც 11-დან საღამოს 5-მდე.
ქობულეთში „ჩერნოვეცკის ფონდის“ ორი ბავშვთა საოჯახო სახლი დაიხურა. 18-მა ბავშვმა სახლები უკვე დატოვა.
„ბავშვები დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში. ეს ოჯახები დამატებით სოციალურ დახმარებას მიიღებენ თითოეულ ბავშვზე. მათ შორის ერთია პრობლემური და კრიზისული მართვის პროგრამაში ჩავრთეთ,“ – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, თემურ ჭანტურიშვილმა.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „ჩერნოვეცკის ფონდის“ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია 23 სექტემბერს ძალადაკარგულად მიიჩნია. ამ ბრძანების საფუძველზე ლიცენზია შეუჩერდა თბილისში მდებარე ბავშთა საოჯახო სახლსაც.
რატომ დაიხურა ბავშვთა საოჯახო სახლები? -„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს „ჩერნოვეცკის ფონდში“ არ უპასუხეს. კომენტარის გაკეთება ქობულეთის საოჯახო სახლების უკვე ყოფილმა დირექტორმა, ხათუნა ჯავახაძემ არ ისურვა. სატელეფონო საუბრის დროს მან გვითხრა, რომ ოფიციალურად პირველი ოქტომბრიდან შეწყვეტენ, თუმცა ბავშვებმა სახლები უკვე დატოვეს.
„ჩემი ინფორმაციით „ჩერნოვეცკის ფონდმა“ მოითხოვა ლიცენზიის შეჩერება. წერილში მიუთითეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან იყო გაუგებრობა. ისინი ითხოვდნენ იმ დაფინანსებას, რასაც გავცემთ მინდობით აღზრდის დროს. სამართლებრივად ასე ვერ გამოვიდოდა, რადგან ეს ფონდი საქველმოქმედო მიზნებისთვის არის შექმნილი. ჩვენ არ გვქონდა ფონდის საქმიანობის დაფინანსების უფლება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თემურ ჭანტურიშვილმა.
„ჩერნოვეცკის ფონდმა“ ქობულეთში ბავშვთა პანსიონი 2014 წელს გახსნა. მაშინ ეს ფაქტი 51-მა არასამთავრობომ გააპროტესტა, რადგან პანსიონს არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. შემდეგ კი, პანსიონი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლად გადაკეთდა.
27 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში ღია ცის ქვეშ, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც პირველად, თავისი ისტორიის მანძილზე ზღვისპირა ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება.
ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ და კომპანია „ბაუ დიზაინის“ თანადამფუძნებელმა მიხეილ ბალიაშვილმა მოაწერეს ხელი.
„დღეს ისტორიული დღე არის, ვინაიდან ხელი მოვაწერეთ ბათუმის ბულვარის მნიშვნელოვან დოკუმენტს. ჩვენი ძირითადი ორიენტირი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარისათვის არსებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია, სარეკრეაციო ზოლის, კვების თუ დასასვენებელი ობიექტების მოწესრიგება იქნება.
ბულვარში ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში. ეს ნიშნავს ბულვარის, როგორც სწორ განვითარებას, ასევე კულტურული ღირებულების მქონე ძეგლის შენარჩუნებას. ყველა ჩვენგანისათვის, განაშენიანების გენერალური გეგმა ყველა ქმედითი წესრიგის საჯარო ინსტრუმენტად გადაიქცევა“- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, „ბაუ დიზაინი“-ს წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბათუმის ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვა და გეგმის კონცეფცია გააცნეს.
მიმდინარეწლის 18 ივლისს, სსიპბათუმისბულვარისმიერგანაშენიანებისგეგმისშემუშავებისთვისკვლევის, ფუნქციურიზონირებისადადენდროლოგიურისაპროექტოდოკუმენტაციისშედგენისშესყიდვაზეგამოცხადებულელექტრონულკონკურსშიგამარჯვებულიპრეტენდენტიშპს „ბაუდიზაინი“ გამოვლინდა.
ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაში ჩართული საპროექტო ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის, კულტურული მემკვიდრეობის და მოწვეული დარგობრივი სპეციალისტებისგან, არქიტექტორებისგან, ადგილობრივი ექსპერტებისგან, ასევე “კრის ბლენდორფის ასოციაცია”-ლანდშაფტის არქიტექტორების ჯგუფისგან (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო)
კომპანიას, 2016 წელს მიღებულია აქვს არქიტექტურული პრემია „წლის საუკეთესო ქალაქგეგმარებითი პროექტი“. აგრეთვე, 2016-2018 წლებში სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული გახდა. კომპანიის მიერ განხორციელებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალაქგეგმარების, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, ლანდშაფტის დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში. დასრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია: რადიო ქალაქი I მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისში; კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა; ბაკურიანის და დიდი მიტარბის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; ვერეს ხეობის განვითარების კონცეფცია და ა.შ.
„ჩვენი გეგმა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დამუშავდება, განსაზღვრავს ბულვარის სამომავლო განვითარებას. ბულვარი მოიცავს როგორც ძველ ნაწილს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ასევე მოიცავს ახალ ბულვარს. ამიტომ ბულვარი უნდა იქნეს გააზრებული ერთ მთლიან ხედვაში. რაც შეეხება ძველ ბულვარს, აქ მიდგომა იქნება კონსერვაციის მიმართულებით, რასაც გვავალდებულებს კანონი. ახალ ბულვარში დაიგეგმება ჩარევები ამ სივრცის გასაუმჯობესებლად,-” განაცხადა ირაკლი ჟვანიამ.
ბულვარის განაშენიანების გეგმა მოიცავს სარეკრეაციო ზოლის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავებას, ასევე ძველი ბულვარის კონსერვაციას, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებასა და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ბულვარის კულტურული მემკვიდრეობითი ღირებულებების დაცვასა და გაძლიერებას.
პროექტის მთავარი მიზანია შემუშავდეს ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციისა და განაშენიანების გეგმა მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით და ხაზგასმით. უნდა შეიქმნას ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებელთა ყველა ჯგუფისათვის – ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, კომფორტული და უსაფრთხო რეკრეაციული გარემო შესაბამისი ფუნქციებითა და ზონებით.
პროექტი მოიცავს სამ ნაწილს: კვლევით ნაწილს, განაშენიანების გეგმას და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინების) ნაწილს. საპროექტო კომპანიის მიერ განაშენიანების გეგმის საბოლოო დოკუმენტის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ჩართული იყო არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების, აგრეთვე დარგის საუკეთესო სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია.
ბათუმში, გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლი ბევრისთვის სტუდენტური წლების ასოციაციას იწვევს – ამ სახლის პირველ სართულზე, გორგილაძის ქუჩის მხრიდან, წლების განმავლობაში კაფე „იუნგა“ ფუნქციონირებდა. „იუნგას“ პიცის გემო კი ყველას ახსოვს, მათაც კი, ვინც ამბობს, რომ არც ისე გემრიელი იყო.
გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლი
არიან ისეთებიც, ვისაც ეს ადგილი სამოქალაქო აქტივობას – „არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ საკუთარ წვლილს ახსენებს: „ როცა საარჩევნო კომისიის წევრი იყო“, „როცა დათვლილი ხმების ოქმის ჩასაბარებლად რიგში იდგა“, „როცა პოლიციამ შენობაში არ შეუშვა“, „როცა გაიმარჯვეს“, „როცა დამარცხდნენ“, „როცა გაასაჩივრეს“ – ეს ყველაფერი იმის გამო, რომ დემეტრე თავდადებულის ქუჩის მხრიდან ამ სახლის მეორე სართულზე ათ წელზე მეტია ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებს, ყოველი არჩევნებისთვის კი ეს ადგილი ერთგვარი მოვლენების ეპიცენტრად იქცევა ხოლმე.
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია, თავდადებულის ქუჩა #29
ამ სახლს თითქმის კვარტალი უკავია, ორივე მხრიდან აკრავს ძველი ბათუმის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი გრძელი ვიწრო აივანი, ძველებური რკინის მოაჯირით. გარდა ამისა, სახლს შენარჩუნებული აქვს კრამიტის სახურავი, მისი პირველი სართული კი მთლიანად დატვირთულია კომერციულად.
ცოტა ხანში ამ ადგილას შესაძლოა ადამიანებს იგივე ემოციები აღარ გაუჩნდეთ, რადგან აქ მცხოვრებლებმა ამ ორსართულიანი სახლის დაანგრევენ და მის ნაცვლად, მაღლივი კორპუსის აშენება გადაწყვიტეს. მათი განაცხადი ახალი მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად შესაბამის სტრუქტურებში უკვე შევიდა.
გასულ ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ განიხილა, თუმცა რა გადაწყვეტილება მიიღეს საბჭოს წევრებმა ჯერ არ ვიცით. საკუთარი პოზიცია სხდომაზე ხმამაღლა მხოლოდ ერთ ერთმა წევრმა, ზვიად ბურჭულაძემ დააფიქსირა. „რა პრობლემაა, ააშენონ“, – თქვა მან.
მშენებლობა გორგილაძის #4-შია დაგეგმილი და თავდადებულის #29-მდე ტერიტორიის ათვისებას ითვალისწინებს. ამ სახლის გვერდით, გორგილაძის #2-ში მდებარე შენობა კი ძეგლის სტატუსის მატარებელია. „გეოგრაფიკის“ ინფორმაციით, ეს სახლი [გორგილაძის #2-ში მდებარე ოთხსართულიანი სახლი] საბჭოთა პერიოდში, XX საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული. ძეგლის პერიმეტრში არსებულ ფონურ ნაგებობებს კი კანონი იცავს.
სახლის ვიზუალური დათვალიერებით ირკვევა, რომ ბევრმა მათგანმა აქ სახლის საკუთარი ნაწილი უკვე დაცალა
გორგილაძისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სახლის მშენებლობის მოთხოვნით შესაბამის სტრუქტურებს მეგი ვარშალომიძემ და არქიტექტორმა გიორგი გაბაშვილმა მიმართეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ სახლს შვიდი მესაკუთრე ჰყავს და შვიდივე ვარშალომიძეა.
მთავარი ფოტო: ზონალურ საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის რენდერი
წვიმის გამო ბათუმში „ფრანების ფესტივალი“ გადაიდო. ფესტივალი დღეს, 28 სექტემბერს უნდა გამართულიყო. ფესტივალის ორგანიზატორები ფეისბუქგვერდზე წერენ, რომ „ფესტივალი გადაიწევს მომდევნო დღეებში, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ განახლებულ ინფორმაციას“.
ფრანის ფესტივალი ცენტრალური პარკის პირდაპირ, ზღვის სანაპიროზე გაიმართება. ფესტივალზე სტუმრებს შეეძლებათ თავადაც გაუშვან თავიანთი ფრანები.
ფესტივალი ტარდება ბათუმის მერიის მხარდაჭერით „შენი იდეა ბათუმს • Idea Batumi“ პროექტის ფარგლებში. ორგანიზატორები: ბათუმის სპორტული ცენტრი და კლუბი Kitedreams Georgia.
18 პოზიციას ღია კონკურსი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტო აცხადებს, მათ შორის, სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე. კონკურსი ჩატარდება ბათუმშიც – პრობაციის აჭარის ბიუროში.
კონკურსის შედეგად აჭარის პრობაციის ბიურო პრობაციის ოფიცერს შეარჩევს, რომლის თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი იქნება. ბიურო ასევე შეარჩევს სპეციალისტს. ამ პოზიციაზე ხელფასი 1000 ლარია.
სახელმწიფომ ბათუმის იახტკლუბთან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაირეგისტრირა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნაკვეთის რეგისტრაცია შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ წერილის საფუძველზე, იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელდა. ამჯერად „ბათუმელებმა“ ოფიციალურად მოიპოვა წერილი, რომლითაც ჩანს, რომ კომპანია აღნიშნული ნაკვეთის 2037 წლის დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს.
სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის მიერ სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოში შესულია შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ განცხადება, რომლითაც „დასმულია საკითხი ნავსაყუდელის მიმდებარედ შავი ზღვის აკვატორიის [9698 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი] 2037 წლის 30 ნოემბრამდე სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე“.
პრივატიზების დეპარტამენტი თხოვს მომსახურების ცენტრს, მოკლე ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირება.
კომპანიის წერილში ნახსენები „მიწის ნაკვეთი“ და დეპარტამენტის მიერ აღნიშნული „უძრავი ქონება“, როგორ „ბათუმელებმა“ გაარკვია ზღვის ნაწილია ბათუმის იახტკლუბთან, რომელიც სახელმწიფომ მართლაც დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთად.
„გთხოვთ, მოიკვლიოთ აღნიშნული უძრავი ქონების ირგვლივ არსებული მდგომარეობა და გვაცნობოთ ადგილზე არსებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც შესაძლოა გავლენას ახდენდეს პრივატიზების საკითხზე“, – აღნიშნულია პრივატიზების დეპარტამენტის მიერ მომსახურების ცენტრისადმი გაგზავნილ წერილში.
სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის მიერ სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრში გაგზავნილი წერილიდან
„ბათუმელებისთვის“ უცნობია, რა მოიკვლია სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრმა ქონების პრივატიზების კუთხით, ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, რაც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა, ეს არ ჩანს. თუმცა, სააგენტოდან რამდენიმე დღის წინ მოგვწერეს, რომ „ამ ეტაპზე აღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზების ან დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი არ განიხილება“.
ბათუმის იახტკლუბის განვითარება პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს.
შპს „ბათუმის იახტ კლუბი“, რომლის წერილის საფუძველზეც სახელმწიფომ ზღვის ნაწილი ცალკე ნაკვეთად დაირეგისტრირა, ის კომპანიაა, რომელსაც იახტკლუბი და მიმდებარე ტერიტორია განსაკარგავად 19-წლიანი იჯარით შპს „რივიერამ“ გადასცა. თავის მხრივ, „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ შპს „რივიერას“ ეს ტერიტორია 20 წლით აჭარის მთავრობამ გადასცა 1 ლარად – იახტკლუბის განვითარების ვალდებულებით.
ქვემეიჯარე „რივიერასა“ და ქვემოიჯარე „ბათუმის იახტ კლუბს“ შორის ქვეიჯარის ხელშეკრულება რეესტრში 2018 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა. იჯარის საბოლოო ვადა სწორედ 2037 წლის 30 ნოემბერია.
როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი? – „ბათუმელებს“ თავის დროზე მოგვაწოდეს პროექტის თავდაპირველი ვერსია. ამ პროექტის შესახებ შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ ამ ბმულზე.
აღნიშნული პროექტით იახტკლუბთან დაგეგმილია მცურავი საშუალებების სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის აშენებაც. პროექტში აღნიშნული იყო, რომ სადგური „უზრუნველყოფს ბენზინის ავზის შევსებას, ბუნებაზე მიყენებული ზიანის გარეშე. აგრეთვე, ამ სერვისის დახმარებით იახტების მფლობელები თავს აარიდებენ ბენზინის მოძიების და მოტანის რთულ პროცესს. ამისათვის, მიწაში განთავსდება საწვავის ავზი, ხოლო საწვავის შესავსები სპეციალური აპარატურა განთავსდება ნავსაყუდელის ტერიტორიაზე. ბენზინის ჩასასხმელი აპარატურა იქნება დამონტაჟებული საერთაშორისო სტანდარების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. შესაბამისად, აუცილებელია ადგილობრივი მთავრობის დახმარება, რომ უზრუნველყოს იქ მდგომი თევზსაჭერი გემების გაყვანა იახტკლუბის ტერიტორიიდან“.
„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კაზინოს, საზოგადოებრივ სივრცეებს. ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად, ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებულია ნავმისადგომი იახტებისთვის.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.
„საქართველოში მე არ გამიგია, რომელიმე კონფესიას რაიმე პრობლემა შექმნოდეს. ისეთ რაღაცას ნუ „გავაჯაზებთ“, რომელიც ჩვენს სისხლსა და ბუნებაში არ არის და ნუ მოვიგონებთ ისეთ რაღაცას, რაც არ არსებობს. ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს,“ – ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე რელიგიური კონფესიების მიმართ თანასწორი დამოკიდებულების კუთხით „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუს დროს. ჩვენ მას ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების პრობლემაზეც ვკითხეთ, რასაც მუსლიმი თემი წლებია ითხოვს.
„როდესაც აჭარის ტელევიზიამ ამ თემაზე გკითხათ, გაიხსენეთ თურქეთში ქართული ეკლესიების საკითხი. რა შუაში იყო ეს ორი რამ ერთმანეთთან?“ – ვკითხეთ მამუკა ხაზარაძეს.
„ნუ დააკავშირებთ ერთმანეთთან. ორი სხვადასხვა რამ ვთქვი: რომ ბათუმის მეჩეთის საკითხს არ ვიცნობ, სასამართლოში ყოფილა საქმე და დეტალები არ ვიცი. აუცილებლად გავეცნობი, როცა ჩავალ და დაველაპარაკები თემს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს, მუსლიმი ქართველია თუ მართლმადიდებელი ქართველი თუ ა.შ. საქართველოს მოქალაქე საქართველოს მოქალაქეა და მისი უფლება უნდა იყოს დაცული, როგორც რელიგიური, ისევე სხვა. ეს გვიწერია ნათლად და ამას უნდა გავყვეთ.
მე მეორე ნაწილში ვთქვი, რომ გვაქვს პრობლემები, რომლებიც ასევე მაწუხებს მე და არაფერ კავშირში არ არის თურქეთი. რატომ დააკავშირეს არ ვიცი, ინტერვიუში ვთქვი უბრალოდ ჩემი გულისტკივილი, რომ ეს უნიკალური ძეგლები ინგრევა და, სამწუხაროდ, არ გვაქვს საშუალება, გადავარჩინოთ კულტურული მემკვიდრეობა. ლოცვაზე არცაა საუბარი… “ – გვითხრა მამუკა ხაზარაძემ.
ინტერვიუს დროს მამუკა ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ ის „ყველა სახის დისკრიმინაციას ემიჯნება“, თუმცა ამავდროულად იგი მიიჩნევს, რომ რელიგიურ კონფესიებს პრობლემები არ აქვთ.
„დაუშვებელი ამბავია… როგორ შეიძლება. თუ რაიმე კონკრეტული იცით, მითხარით, მაგრამ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს დაცული მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა, მე ამას ვამბობ და უამრავი ძმაკაცი მყავს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი, ამიტომ მეუხერხულება კიდეც ამ თემაზე საუბარი,“ – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების პირველი ეტაპის ნებართვის გაცემაზე 2017 წლის მაისში ბათუმის მერიამ უარი თქვა. მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ამ საქმეზე გადაწყვეტილება 26 სექტემბერს უნდა გამოეცხადებია, თუმცა იგი 30 სექტემბრამდე გადადო.
„როცა მოსამართლე მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმსაც არ კითხულობს და ისე იღებს გადაწყვეტილებას, ეს აჩენს კითხვებს. არ მინდა შეთქმულების თეორიაში წასვლა, მაგრამ ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს იმისთვის, რომ ვიფიქრო: სასამართლო ხელისუფლება ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული მხარეების მხრიდან. ეს არის ეჭვები, ვარაუდები,“ – ეს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ თქვა NGO სექტორთან შეხვედრის დროს. დღეს, 27 სექტემბერს, „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებს რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეხვდა ბოლო მოვლენებზე სასაუბროდ.
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული რიგით მეოთხე კონკურსი ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. სასამართლოს გიორგი კოხრეიძემ მიმართა, რომელიც თვლის, რომ არჩეული დირექტორი თვითონაა. მან ბორდის ბოლო სხდომაზე მყოფი ოთხი წევრიდან ორის მხარდაჭერა მიიღო. ერთ-ერთი მათგანი კენჭისყრაში საერთოდ არ მონაწილეობდა.
ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე ჟურნალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მრჩეველთა საბჭოს შესაძლოა ამ შემთხვევაში მაინც მიეღწია შეთანხმებისთვის და ამ რისკის, ანუ არასასურველი კანდიდატის გადირექტორების თავიდან ასაცილებლად შეჩერდა კონკურსი. მალე აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ ბორდს აირჩევს – განაცხადების მიღება გუშინ, 26 სექტემბერს შეწყდა.
სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც აქვთ კითხვები მოსამართლე კობა გოცირიძის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, თუმცა საბოლოო პოზიციისთვის სამართლებრივ ანალიზს ელიან. NGO სექტორმა უახლოეს დღეებში შესაძლოა განცხადება გაავრცელოს „აჭარის ტელევიზიაში“ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
„ნათია კაპანაძის შემთხვევაში სასამართლომ არ შეაჩერა კონკურსი. ამ შემთხვევაში კი ჩათვალა, რომ უნდა გაეჩერებინა,“ – თქვა ნათია შავაძემ, საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა.
„შემაშფოთებელი იყო ის, რაც გიორგი კოხრეიძემ თავის სარჩელში თქვა, რომ ბეჟან გობაძე არ მონაწილეობდა ამ სხდომაში და ის იქ სეირნობდაო. არადა, არსებობს სხდომის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სხდომას ესწრებოდა ოთხი წევრი,“ – აღნიშნა ნათია ზოიძემ.
„სასამართლოს შეექმნა დასაბუთებული ეჭვი, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომ კონკურსი უნდა გაეჩერებინა… მხოლოდ განჩინებას ვერ შევაფასებთ, თუ თანმდევი ყველა დოკუმენტი არ შევისწავლეთ. დიდი ალბათობით ჩვენ ამას გავაკეთებთ. სარჩელის უზრუნველყოფის დროს მთავარია დასაბუთებული ეჭვი, რომ ადამიანის უფლებების რეალიზებას შეექმნა საფრთხე. კანონი არ ითხოვს ასეთ ღრმა სტანდარტს,“ – აღნიშნა საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, ანნა მდინარაძემ.
ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაია მერკვილაძემ ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მას ელის, რომ ნიჰილისტურ ფონზე, რაც ტელევიზიის დირექტორის არჩევნების მიმართ გაჩნდა, ძალიან მალე დაუსვამენ წერტილს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას.
„მე მგონია, რომ გაჩერდა ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორი, რადგან გარედან და შიგნითაც ეს პროცესი იყო დისკრედიტებული… არავინ აღარ მიაქცია ყურადღება იმას, რომ შესაძლოა მეოთხე არჩევნები ყოფილიყო გადამწყვეტი. ახლა ვხვდებით, რომ შესაძლოა ძალიან სწრაფად დასვან წერტილი. ასეთი ნიჰილიზმი და ბორდის მიმართ უპატივცემულობა არის მათთვის ხელსაყრელი ვითარება,“ – აღნიშნა მაია მერკვილაძემ.
„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტები ელიან იმასაც, რომ გიორგი კოხრეიძე სასამართლოდან სარჩელს გამოითხოვს, რადგან საქმის მოგების შანსი არ აქვს და ეს „დროის მოსაგებად“ გაკეთდა.
„დღეს დავუკავშირდით გიორგი კოხრეიძეს. გვითხრა, რომ არ არის გამორიცხული უკან გამოვიტანო სარჩელიო,“ – თქვა შეხვედრაზე „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტმა, მაია ვარშანიძემ.
„ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შესაძლებელი იყო კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმება… ჩვენ შესაძლოა დღეს გვაქვს პროფესიონალიზმის პრობლემა, მაგრამ არ გვაქვს თავისუფლების პრობლემა. თავისუფლების გარეშე კი არ მიღწევა პროფესიონალიზმი,“ – დასძინა ნათია ზოიძემ, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
მოსაზრება შეხვედრაზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა, ასლან ჭანიძემაც დააფიქსირა. მისი აზრით, სასამართლოსთვის მიმართვა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ახალ ბორდს აერჩია ტელევიზიის დირექტორი.
„კარგი იქნება, თუკი კონკრეტული ადამიანები ერთად, ან ცალ-ცალკე გააკეთებენ განცხადებას ამ ტელევიზიაში. საინტერესოა, დანარჩენები რას ფიქრობენ,“ – მიმართა ასლან ჭანიძემ ტელევიზიის თანამშრომლებს. პროდიუსერმა მაია მერკვილაძემ მას უთხრა, რომ საერთო ღირებულებები ტელევიზიის თანამშრომლებს არასდროს ჰქონიათ, „თუმცა ამ შემთხვევაში რაოდენობა, მგონი, არაფერს შეცვლის,“ – დასძინა მან.
საფრთხეს ხედავს რომა დოლაბერიძეც. იგი „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ ხელმძღვანელია.
„ეს პროცესი დაიწყო ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით და ახლა სასამართლოს გამოყენებით ცვლიან სარედაქციო დამოუკიდებლობას. მმართველ პარტიას აწყობს ეს პროცესი“, – გვითხრა რომა დოლაბერიძემ.
სასამართლოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ კონკრეტულ საფრთხეს ვერ ხედავს არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. იგი „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატია.
„შესაძლოა, ეს ტაქტიკურად გამოიყენა კოხრეიძემ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი: სამია უმრავლესობა, თუ ორი მსგავს ვითარებაში? ვერ ეტყვი ადამიანს, რატომ დავობო. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. დროსთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს კითხვები, მაგრამ ესეც მისი უფლებაა…“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ არჩილ ხახუტაიშვილმა. მას შევახსენებთ ფაქტი, რომ ამ დრომდე მმართველმა ძალამ მისთვის სასურველი კანდიდატი ვერ გაიყვანა – ტელევიზიას არჩეული დირექტორი არ ჰყავს.
„დაშვება ბევრი შეიძლება არსებობდეს. დაშვებაა ისიც, რომ შესაძლოა, ახალ ბორდს უფრო არ ენდოს ხელისუფლება… არსებული ბორდიც ხომ ანალოგიური კონფიგურაციით აირჩიეს: ორი ოპოზიციიდან და სამი მმართველი პოლიტიკური ძალისგან? ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად პოლიტიზებულია პროცესი. მეც კანდიდატი ვარ და ჩემს თავს ხომ ვერ ვიგულისხმებ?“ – გვიპასუხა არჩილ ხახუტაიშვილმა.
„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუცხადებია.
„კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. უკვე მზად გვაქვს ტექნიკური დავალების მონახაზიც“ – ეს განცხადება „ბათუმელებთან“ მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ 7 სექტემბერს გააკეთა. მიუხედავად ამისა, სამინისტროში დღეს, 27 სექტემბერს, გვითხრეს, რომ საბოლოო პროექტი კვლავ არ აქვთ.
პროცესის გაჭიანურების გამო „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აქციის გამართვასაც აპირებენ. ორგანიზატორებმა აქცია 29 სექტემბრისთვის იმ ადგილზე დაგეგმეს, სადაც მთავრობამ სახლების ასაშენებლად ტერიტორია მოასწორა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობისგან მიღებული დაპირებების მიხედვით, აქ მშენებლობა დაწყებული უნდა ყოფილიყო.
„ტენდერში გამარჯვებულ საპროექტო კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია და არის პირობა, რომ პროექტის საბოლოო ვარიანტს კომპანია უახლოეს დღეებში მოგვაწვდის. გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რის შემდეგაც სამინისტრო გეგმავს პროექტის პრეზენტაციას,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.
პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობაც გეგმავდა, რის შესახებაც მთავრობის პრესსამსახეურში თითქმის ორი თვის წინ, პირველ აგვისტოს გვითხრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსების არარსებობს გამო აჭარის მთავრობა პროექტის ჩაბარებას ხელოვნურად აჭიანურებს, თუმცა, აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში „ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობისთვის 3 750 000 ლარია გათვალისწინებული.
„ეს თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში რჩება. რაც შეეხება 2020 წელს, მუშა პროექტით, მომავალი წლის ბიუჯეტში მშენებლობისთვის 12 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი,“ – გვითხრეს სამინისტროში.
„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამით კი, 2020 წლისთვის ოცნების ქალაქში ბინათმშენებლობის დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარია გაწერილი. ამ პროგრამის მიხედვით „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფისთვის ჯამში 48 750 000 ლარის გამოყოფაა დაგეგმილი. პროგრამა 2022 წლის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.
აღნიშნული პროგრამით, 2019 წელს ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაწყებული უნდა იყოს. დაიწყება თუ არა მშენებლობა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის ჩაიბარებს საბოლოო საპროექტო დოკუმენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როდის გამოაცხადებს ტენდერს მშენებლობაზე და რა შედეგით დასრულდება ტენდერი. ამ ყველაფრისთვის კი 3 თვეა დარჩენილი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე, ხელშეკრულება, 2019 წლის 25 მარტს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინჟარქიტექტთან“ 320 001 ლარზე აქვს გაფორმებული [სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო]. პროექტი 2019 წლის ივნისის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად.
პირველი ორი ეტაპის დროულად შეუსრულებლობისთვის კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
მესამე ეტაპი გულისხმობს კომპანიის მხრიდან „სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენას“.
შესყიდვების სააგენტოს პორტალის მონაცემებით, კომპანიისთვის ჯერ თანხა გადახდილი არ არის. სატენდერო პირობის მიხედვით „ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის, ხოლო ავანსის შემთხვევაში შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში“.
ამავე პორტალის მიხედვით, ხელშეკრულებაში ვადებთან დაკავშირებით ცვლილებები შეტანილი არ არის. მეტიც, პორტალზე ატვირთული ხელშეკრულება 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით იყო ძალაში, ანუ მას ვადა ისე გაუვიდა, რომ სამინისტროს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ ჩაუბარებია.
„ბათუმელებმა“ კომპანია „ინჟარქიტექტთან“ დაკავშირებაც სცადა, თუმცა კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
___________________________
მთავარი ფოტო: „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსი / რენდერი და ტერიტორია, სადაც კორპუსები უნდა აშენდეს – ფოტოკოლაჟი
მიშლენის გიდი ძალიან პოპულარული და ელიტური გზამკვლევია მსოფლიო გურმანებისთვის. 2016 წელს პირველად ისტორიაში მიშლენის ვარსკვლავი მიენიჭა ე.წ. Street food – ქუჩის სამზარეულოს წარმომადგენელს ჩან ჰონ მენგს, რომელიც სინგაპურში ფლობს საკვებ ობიექტს.
ეს წარმატება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოდგა „სტრიტ ფუდის“ განვითარებისთვის.
ჩან ჰონ მენგი, წყარო Getty
როცა საკვები ქუჩაში ინაცვლებს, ის ფორმირდება და ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეროვნული კერძები თანამედროვე სახეს იღებს. ჩვენს რეალობაში, მაგალითად, შესაძლებელია მჭადის, ფხალეულის, აჭარული ხაჭაპურის მორგება სტრიტ ფუდის ფორმატისთვის.
სწორედ ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდათ „ბაგსის“ იდეის ავტორებს. სივრცის თანადამფუძნებელი, ასევე მზარეული მარია სურმანიძე ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი პირველი ადგილია ბათუმში, რომელიც უშუალოდ ქუჩის სამზარეულოს მხარდაჭერისთვის შეიქმნა:
“საზღვარგარეთ ბევრგან გვინახავს და მოგვწონებია ქუჩის ვაჭრობის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, განსაკუთრებით კვების ნაწილში. უცხოეთში ხშირად არც ბევრი ფული გაქვს და არც დრო, რომ ტრადიციულ სამზარეულოს რესტორნებში გაეცნო. გინდა, რაც შეიძლება ბევრი რამ ნახო და თან ყველაფერი გასინჯო. ამ დროს გზადაგზა ყიდულობ საჭმელს და ეს ძალიან მოსახერხებელია. ქუჩის სამზარეულოს უპირატესობები იმაში მდგომარეობს, რომ სწრაფად მზადდება და წასაღებადაც მარტივია, ვინაიდან ერთჯერად შეფუთვშია და ფასიც მისაღებია.
ჩვენც ამ იდეით დავიწყეთ ბაგსი-ს პროექტად ქცევა, თან გვინდოდა ქართული სამზარეულოს გადაფუთვა და ქუჩაზე მორგება. ჩვენი ეროვნული სამზარეულო დღითიდღე უფრო და უფრო ცნობილი ხდება მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს.”
ბაგსი აბრევიატურაა და იშიფრება როგორც “ბულვარის ალტერნატიული გამოცდილების სივრცე”.
ბაგსი
ტერიტორიულად მდებარეობს ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარედ. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ორი თვეა, რაც სივრცე გაიხსნა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ შესთავაზეს სტუმრებს.
მოდით, დავიწყოთ ყველაზე გემრიელი ნაწილით:
სამზარეულო:
ყველაფერი, რაც ბაგსი-ში მზადდება, გათვლილია ქუჩაში მისართმევად, მაგალითად, მჭადები და ფხალეული. როგორც აქ თქვეს, ეს ნაკრები მალევე გახდა მოთხოვნადი მისაყოლებელი ლუდთან.
ფხალის ბურთულები, შებრაწული მჭადები და ქართული ყველი
ხინკალმაც თავისი გზა გაიარა, სანამ გარეთ გამოვიდოდა; შეიბრაწა და ისეთი ფორმა მიიღო, რომ საერთოდ აღარ არის საჭირო ხელსახოცებისა და თეფშების მომარაგება მისი მირთმევისას. გარეგნულადაც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.
დაბრაწული ხინკალი
ამბობენ, მახლობელ სანაპიროზე ხარჩოს ვერსად გასინჯავო. ჰოდა, ბაგსი-ში აქვთ აჭარულების ნაკრები, რომელთაგან ერთ-ერთიც საქონლის ხარჩოს შიგთავსით იწონებს თავს “კონკურენტებში”.
აჭარულის სამეული “3ა” – ყველი, ლობიო, ხარჩო
სამზარეულოს მიღმა ბაგსი-ს სივრცეში სასმელიც დაგხვდებათ: ქართული ღვინო, ადგილობრივი ჭაჭა, ბევრი ლუდი, კოქტეილები და ფრეშსასმელები.
გარდა მეტად შესარგი სმა-ჭამისა, ბაგსი-ში მთელი ამ ხნის მანძილზე მოისმენდით ცოცხალს მუსიკას ადგილობრივი მუსიკოსების შესრულებით:
ცოცხალი მუსიკის საღამო
ნახავთ ეროვნულ ცეკვებსაც რომლიც ქრონიკაც Giffer- მა შემოგვინახა.
ამასთან, სივრცეში არის სუვენირების მაღაზია და საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის.
დილის 11 საათიდან ღამის 1 საათამდე შეგიძლიათ გაატაროთ დრო სასიამოვნოდ ბაგსი-ში ანბანის კოშკის მიმდებარედ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში ფეშენებელურ სახლს იშენებს. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რომელიც მინისტრის მეუღლის, დავით ვეშაპიძის სახელზეა გაცემული, საცხოვრებელ სახლს აქვს დიდი ღია ტერასა, საზაფხულო ფართობი, მცირე ზომის აუზი ეზოში და ასე შემდეგ. პროექტის მიხედვით, სახლის საერთო ფართობი დამხმარე ნაგებობებით 561,8 კვადრატული მეტრია. აქედან 462 კვადრატული მეტრი უშუალოდ საცხოვრებელი ფართობია.
სახლის კარკასი უკვე აშენებულია.
ამ პროექტისთვის მინისტრის მეუღლემ დადგენილი კ2 კოეფიციენტის გაზრდა ითხოვა და თანხმობაც მიიღო.
ვაკეში მშენებარე სახლის ტერასა – რენდერი
ამ სახლის მშენებლობისთვის ადგილი, 380 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ზემო ვაკის პირველ შესახვევში მინისტრის მეუღლემ, დავით ვეშაპიძემ, 2015 წელს 100 000 აშშ დოლარად იყიდა. ამის შესახებ ნათია თურნავას ქონებრივ დეკლარაციაში უწერია.
თუმცა ამავე ქონებრივ დეკლარაციაში ნათია თურნავას არაფერი უწერია იმის შესახებ, რომ სახლს იშენებს ზემო ვაკეში.
მინისტრის ქონებრივი დეკლარციის მიხედვით, ნათია თურნავას კიდევ ერთი მიმდინარე სამშენებლო პროექტი აქვს მცხეთაში, სოფელ არაშენდაში, სადაც მისთვის 1 615 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2016 წელს უჩუქებიათ. დეკლარაციაში მინისტრმა არ მიუთითა, ვინ აჩუქა მას ეს ნაკვეთი. რეესტრის მონაცემებით კი, 2014 წელს ამ ნაკვეთის მესაკუთრედ ლეილა თურნავა ფიქსირდებოდა [სავარაუდოდ მინისტრის და]. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მინისტრი ამ ნაკვეთზე აგარაკს იშენებს.
მინისტრმა დეკლარაციაში ჩაწერა ასევე ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე [130,79 კვ.მეტრი], რომელიც მან ასევე საჩუქრად მიიღო, ხოლო ბინა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე [137,21 კვ/მეტრი] მას 2010 წელს 60 000 დოლარად შეუძენია.
2008 წელს ბინა საჩუქრად მინისტრის მეუღლესაც მიუღია. დავით ვეშაპიძისთვის უჩუქებიათ ბინა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე [63,3 კვ/მეტრი]. მინისტრს ქონებრივ დეკლარაციაში არც ამ შემთხვევაში აქვს მითითებული, ვინ აჩუქა მის მეუღლეს ბინა. რეესტრის მონაცემებით, ეს ბინა 2008 წელს თამარ ვეშაპიძეს ეკუთვნოდა.
საერთო ჯამში, მინისტრი და მისი მეუღლე ხუთ ბინას ფლობენ, მათ შორის ორი ბინა მათ ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლში, კობალაძის ქუჩაზეც შეიძინეს [2013- 2017 წლებში, ჯამში 73, 75 კვ.მ.]
მინისტრ ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი მეუღლე დავით ვეშაპიძე, რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ორი მიწის ნაკვეთი მათ სხვადასხვა წლებში სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შეისყიდეს.
2007 წელს დავით ვეშაპიძემ აუქციონის წესით ორი ნაკვეთი, ჯამში 75 ჰექტარი [750 000 კვ.მ] შეიძინა კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დედოფლისწყაროში [ადგილი კარაულკა]. ამ ნაკვეთებში მას ჯამში 16 500 ლარი გადაუხდია. გამოდის, იმ დროისთვის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მეუღლემ 1 კვადრატულ მიწაში 2.2 თეთრი გადაიხადა. ინტერნეტში არ იძებნება, რამდენი იყო 2007 წელს მიწის ნორმატიული ფასი დედოფლისწყაროში. 2010 წლის მონაცემებით კი, ამ მუნიციპალიტეტში 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი, საშუალოდ, 1 ლარი იყო.
მინისტრის რანგში შევსებულ დეკლარაციაში მოცემული ინფორმაციით, მინისტრის მეუღლეს დავით ვეშაპიძეს ლაგოდეხში, დაცულ ტერიტორიასთან ახლოს, 28 ჰექტარზე მეტი [ზუსტად 282 957 კვადრატული მეტრი] ფართობის მიწის ნაკვეთი 2011 წელს, ჯამში, 50 000 აშშ დოლარად შეუძენია.
თბილისი, ვაკე – ნათია თურნავას სახლის კარკასის მშენებლობა დასრულებულია
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია საქართველოში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია და ამას სტატისტიკური მონაცემები მოწმობს. 2019 წლის მონაცემებით, ლაგოდეხის ნაკრძალს 18 830 ვიზიტორი ესტუმრა. რას გააკეთებს მომავალში მინისტრის ოჯახი ნაკრძალთან ახლოს არსებულ ფართობზე, „ბათუმელებისთვის“ ცნობილი არ არის. თუმცა დეკლარაციაში მითითებულია, რომ მინისტრს გასულ წელს საპროექტო სამუშაოებისთვის 15 000 ლარი დაუხარჯავს, რა საპროექტო სამუშაოებზეა საუბარი, დეკლარაციით არ ირკვევა.
მინისტრის რანგში ქონებრივი დეკლარაცია ნათია თურნავამ მხოლოდ ერთხელ შეავსო – 2018 წლის 14 ნოემბერს. მანამდე მან ქონებრივი დეკლარაცია 2007 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რანგში შეუვსია. ნათია თურნავა ეკონომიკის სამინისტროში თანამდებობაზე დაბრუნებამდე – 2013-2018 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, თუმცა მას ამ პერიოდში ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ ჰქონდა.
ნათია თურნავა
ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას მინისტრს ანგარიშზე დანაზოგის სახით 50000 აშშ დოლარი ჰქონდა. ამავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრს და მის მეუღლეს დანაზოგთან ერთად აქვთ სესხებიც, სესხების დასაფარად ისინი ყოველწლიურად სოლიდურ თანხას იხდიან.
მთავარი ფოტო: პროექტის რენდერი
შენიშვნა:
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრისგან „ბათუმელებმა“ მიიღო განმარება ნათია თურნავას მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს 2018 წლის 14 ნოემბერს, მაშინ როდესაც ის დაინიშნა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.
აღნიშნული დეკლარაცია ასახავს მის ქონებრივ მდგომარეობას 2017 წლის საანგარიშო პერიოდისათვის.
2017 წელს სტატიაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები არ იწარმოებოდა (იმ პერიოდისათვის მიწაზე არ იყო განთავსებული დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაგებობა) და ბუნებრივია არ არსებული ნაგებობის ასახვა დეკლარაციაში ვერ მოხდებოდა. მიმდინარე წელს ქალბატონ თურნავას მოუწევს ქონებრივი დეკლარაციის შევსება 2018 წლის პერიოდისათვის, სადაც შეტანილი იქნება მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ნაკვეთზე განთავსებული შენობა იმ ღირებულებით, რა ღირებულებაც გააჩნდა ამ მშენებარე სახლს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს. ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, სავარაუდოდ, ის გადაფრენისას ჯგუფს ჩამორჩა. ფლამინგო პარკის რეინჯერმა აღმოაჩინა და მას დახმარება გაუწია.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს. ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის ეროვნული პარკი მადათაფის, სულდის, ხანჩალის, კარწახისა და ბუღდაშენის აღკვეთილებს აერთიანებს. იგი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. აქ გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და პატარა ტბა. ჯავახეთში წლის სხვადასხვა დროს 140 სახეობის მობუდარ და გადამფრენ ფრინველთა ნახვაა შესაძლებელი.
ფლამინგოები გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში.
„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მოხდა, მხოლოდ აქაური მრჩეველთა საბჭოს ინიციატივა იყო. მე საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში ყოფნის დროსაც [სულხან სალაძე ორი წლის განმავლობაში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი], სამუშაო შეხვედრის ფორმატში მომისმენია მოსაზრება – „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გვჭირდება თუ არა, გავაუქმოთ“ და ასე შემდეგ.
ვფიქრობ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი როლი და ადგილი და ის უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამაზე მსჯელობა მე მომისმენია.
ბოლო წლების მაგალითზე მედიის მდგრადობის ინდექსი უარესდება ქვეყანაში. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები, დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება, მათ შორის დირექტორის ვერ არჩევა, ასევე „ტვ პირველის“ გარშემო განვითარებული მოვლენები, აისახება 2019 წლის მედიის მდგრადობის ინდექსის ნაწილში.“
ნანა ინჯგია 24 წლისაა, ბოლო 5 წელია, ჟურნალისტად მუშაობს, თუმცა, მხოლოდ 1 წელია, რაც ანაზღაურებადი სამსახური აქვს. 3 წელი ახალგაზრდულ ტელევიზიაში მუშაობდა, სადაც ჰონორარის სახით, ჯამში, მხოლოდ 300 ლარი აიღო. ნანა იმ ასაკობრივ ჯგუფში შედის, რომელსაც სამუშაოს პოვნა ყველა მეტად უჭირს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის მოქალაქეებში უმუშევრობის მაჩვენებელი 3-ჯერ მაღალია, ვიდრე მთლიანად მოსახლეობაში.
ბოლო 10 წელია, უმუშევრობა, სიღარიბესთან და ინფლაცასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება. NDI-ის მიერ 2019 წლის ივლისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 18-34 წლის მოსახლეობის 55% თავს უმუშევრად მიიჩნევს. უმუშევრობის მიზეზად ისინი სხვა მოვალეობებს, პირადი კავშირების არ ქონასა და შესაბამისი უნარების/განათლების ნაკლებობას ასახელებენ.
სწავლის პარალელურად მუშაობა ახალგაზრდებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. ანა ზაქაშვილი პირველი კურსიდან სწავლის პარალელურად მუშაობს. არჩევანს მხოლოდ ისეთ ვაკანსიებზე აკეთებდა, რომლებიც სწავლაში ხელს არ შეუშლიდა, თუმცა მსგავს პოზიციებზე ანაზღაურება დაბალი იყო, პირობები კი – მძიმე. ანას თქმით, გამოცდილების გარეშე სამსახურის დაწყება ძალიან რთულია, სტუდენტისთვის კი გამოცდილების მიღების ერთადერთ შესაძლებლობად მომსახურების სფერო რჩება.
https://www.youtube.com/watch?v=n-qzGvG4y-8
CRRC-ის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, შრომისმოყვარეობასთან ერთად, სამუშაო გამოცდილება, გამართლება და ნაცნობაა. გამოკითხვის შედეგებს იზიარებს სოფო წულაია, რომელიც პროფესიით იურისტია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯად მუშაობს. იურისტად დასაქმება ბევრჯერ სცადა, თითქმის ყველა ღია კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რაც გამოცხადდა, თუმცა დღემდე პასუხის მოლოდინშია. სოფოს აზრით, კარგ განათლებასთან და შესაბამის უნარებთან ერთად, რეკომენდატორის დახმარება აუცილებელია.
ეკონომისტების შეფასებით, უმუშევრობის მყისიერად შემცირება შეუძლებელია, რადგან მთავარი მიზეზი მცირე ეკონომიკაა. გამოსავალს ისინი ეკონომიკის ზრდაში ხედავენ, თუმცა, თუ არსებული ტემპი შენარჩუნდება, პრობლემა ვერ მოგვარდება. მათი შეფასებით, ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, აღნიშნულ პრობლემასთან ერთად, რამდენიმე დამატებითი მიზეზითაა განპირობებული. ეკონომისტ აკაკი ცომაიას თქმით, ახალგაზრდები მეტად ფიქსირდებიან სამუშაოს მაძიებლად. უფროსი თაობისგან განსხვავებით, მათში ნიჰილისტური დამოკიდებულება ნაკლებია და, შესაბამისად, მათი წილი დასაქმების მსურველ მოქალაქეებში მაღალია. მეორე მიზეზი, რაზეც ეკონომისტი საუბრობს, საქსტატის მეთოდოლოგიაა, რომლითაც უმუშევრების რაოდენობას ითვლიან. საქსტატის მიხდევით, საქართველოში 688 ათასი 15-დან 29-წლამდე ახალგაზრდა ცხოვრობს, მათგან ეკონომიკურად აქტიური ნახევარზე მეტია, დანარჩენები კი სამსახურს არ ეძებენ, ან არ არიან მზად, დაიწყონ მუშაობა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.
საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ბოლო 7 დღის განმავლობაში 1 საათით მაინც ეხმარებოდით ოჯახის წევრს სოფლის მეურნეობაში, უმუშევრად არ ითვლებით. ეკონომისტებისთვის მსგავსი მეთოდოლოგია დამაკმაყოფილებელი არ არის, რადგან არ აჩვენებს რეალურ სურათს, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, თუმცა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და გარკვეული დასკვნების გამოტანა შესაძლებელია.
კიდევ ერთი მიზეზი, რაც ახალგაზრდებში უმუშევრობას იწვევს, არასწორად არჩეული პროფესიაა. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები შრომით ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესაბამისი არ არის. ამას 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შდეგებიც მოწმობს. 623 პროგრამიდან ყველაზე მაღალი კონკურსი ფილოსოფიის, საერთაშორისო ურთიერთობების, საინჟინრო უსაფრთხოებისა და მედიცინის ფაკულტეტებზე დაფიქსირდა. აღნიშნული პროფესიებიდან საჯარო სამსახურებში მაღალი მოთხოვნა კი მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებზე იყო. Hr.gov.ge-ის მონაცემებით, 2018-2019 წელს ყველაზე მეტი ვაკანსია ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტებისთვის, იურისტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის გამოქვეყნდა. 2018 წლიდან დღემდე ვებ-გვერდზე 14 000-მდე ვაკანსია გამოქვეყნდა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მიმართულებების ათეული კი ასეთია:
დასაქმება გაცილებით მარტივია იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით სპეციალიზდებიან, მაგალითად, პროგრამისტებისთვის, დიზაინერებისა და კომუნიკაციების სპეციალისტებისთვის. მსგავსი პროფესიის ადამიანებს საერთაშორისო კომპანიებისთვის დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობაც აქვთ. დათო ბუმბეიშვილი პროგრამისტია და, ძირითადად, მონაცემების მიმართულებით მუშაობს. ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკში მუშაობდა, თუმცა პარალელურად დისტანციურად თანამშრომლობდა უცხოელ დამკვეთებთან. ერთი წლის წინ ბანკში მაღალანაზღაურებადი სამსახური დატოვა და დღეს მხოლოდ შეკვეთებზე მუშაობს. მისი თქმით, ეს მეტ თავისუფლებასა და შემოსავალს აძლევს, თუმცა დამწყებ სპეციალისტებს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებს ურჩევს.
საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში, EURAXESS-ში გაწევრიანდა, რის შემდეგაც ქართველ მეცნიერებს წვდომა ექნებათ ევროპულ სამეცნიერო-კვლევით პლატფორმასთან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფუძნდება EURAXESS GEORGIA, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს ევროპასთან თანამშრომლობაში.
სამინისტროს ცნობით, EURAXESS GEORGIA-ზე გარდა ქართული ენისა, ინფორმაცია აფხაზურ ენაზეც განთავსდება, რაც შესაძლებლობას მისცემს აფხაზ მეცნიერებს, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში საქართველოს სახელით.
საქართველოს დროშა EURAXESS-ის პლატფორმაზე 2020 წლიდან გაჩნდება, რომლის ქვეშ განთავსდება ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე პროექტებისა და კონკურსების შესახებ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მეცნიერებს, ასევე, ექნებათ პირდაპირი წვდომა EURAXESS-ის წევრ, 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან კვლევით პროექტებზე, მათ შორის პროგრამა Horizon 2020-სა და მის ქვეპროგრამებზე.
სამინისტროს ინფორმაციით, პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილია გრანტი 200 000 ევროს ოდენობით.
ქართულ საჯარო სკოლებში უცხოელი მოხალისე მასწავლებლები შევლენ.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის შრომითი ხელშეკრულება 40 მასწავლებელს გაუფორმდა. აქედან 15 ინგლისურენოვანი მასწავლებელია, 2 – იტალიურენოვანი, 1 – გერმანულენოვანი, 4 – ფრანგულენოვანი და 18 – ჩინურენოვანი მოხალისე მასწავლებელი.
ორი ინგლისურენოვანი მასწავლებელი აჭარაში, კერძოდ, ჩაქვის პირველ სკოლაში და სოფელ ახოს საჯარო სკოლაში შეასწავლის ბავშვებს ინგლისურ ენას.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ოქტომბერში კიდევ 5 მოხალისე მასწავლებელი ჩამოვა საქართველოში.
ამ დროისთვის მოხალისე მასწავლებელთა ახალ ჯგუფს საორიენტაციო ტრენინგები უტარდებათ. ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილეები ქართული ენის მოკლე კურსს, ინტერკულტურულ კომუნიკაციასა და მეთოდოლოგიას ეცნობიან.
მოხალისე მასწავლებლები მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ. პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წელს ამოქმედდა.
„უფრო მეტი, ვიდრე წიგნის კლუბი“- ამ დევიზით English Book Education-მა სკოლის მოსწავლეებისათვის ინგლისურენოვანი წიგნების კითხვის კლუბი შექმნა. კლუბის მთავარი მიზანია, მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს განუვითაროს სხვადასხვა უნარ-ჩვევა: კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, დებატებში ჩაბმა. ეს ყველაფერი მოსწავლეს ინგლისური ენის დონის ამაღლებაში ეხმარება.
რაარის The King’s and Queen’s Club?
The King’s and Queen’s Club – ასე ჰქვია English Book Education-ის წიგნის კლუბს, რომლის დახმარებით სკოლებსა და მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეავსონ პირადი ბიბლიოთეკები ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურით.
„ჩვენ დავინახეთ პრობლემა, რომ სკოლებში არ არსებობს სრულყოფილი ბიბლიოთეკები. ამიტომ გვინდოდა დაგვეწყო პროექტი, რომელიც შექმნიდა სკოლებში ბიბლიოთეკებს და არსებობის შემთხვევაში გააუმჯობესებდა მათ,“- ამბობს კლუბის ადმინისტრაციული ოფიცერი დავით წერეთელი.
კლუბში მოსწავლეები ორ კატეგორიად იყოფიან: მეხუთედან მერვე კლასის და მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. პროექტის ფარგლებში, მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეები საჩუქრად იღებენ შვიდ ინგლისურენოვან წიგნს, რომლებსაც ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კითხულობენ ყოველთვიურად. წიგნის წაკითხვის შემდეგ, ინიშნება შეხვედრა უცხოენოვან მოდერატორთან. თითოეულ სესიაზე წაკითხული წიგნის განხილვა და კრიტიკული ანალიზი მიმდინარეობს.
კლუბის წევრები ასევე მონაწილეობენ „ქვიდიჩის“ ინტელექტუალურ შეჯიბრში და აქვთ სპეციალური შეთავაზება საზაფხულო სკოლაზე, რომელსაც წიგნის კლუბი წმინდა გიორგის სახელობის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.
მეხუთედან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, წაიკითხონ ათი ადაპტირებული წიგნი. თითოეული წიგნი არის მორგებული მათ ასაკზე და ინგლისური ენის დონეზე. ამ საფეხურზე მყოფი ბავშვებიც ანალოგიური პრინციპით ესწრებიან შეხვედრებს და წიგნებთან ერთად იღებენ სხვადასხვა საჩუქრებს წიგნის კლუბისგან.
უცხოელი სპიკერის მთავარი ამოცანაა, წიგნის გარშემო არსებული ყველა შეკითხვა მოსწავლეებთან ერთად ამოწუროს და დაეხმაროს მათ, გამოხატონ საკუთარი პოზიცია მათთვის საინტერესო თემებზე.
„სესიები არის ინტერაქტიული და ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში, მათ შორის არის კრიტიკული აზროვნება. აღსანიშნავია, რომ ენის ცოდნას იუმჯობესებენ ოთხივე კომპონენტში: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. რაც მთავარია, ისინი სწავლობენ დისკუსიას,“ – ამბობს დავით წერეთელი.
ქვიდიჩისინტელექტუალურითამაში
English Book Education-ის ინიციატივით ქვიდიჩის ინტელექტუალური თამაში 2016 წლიდან იმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, ქართლი). თითოეული რეგიონიდან გამარჯვებული ფინალისტი მიემგზავრება თბილისში სუპერფინალზე, სადაც გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი ქვიდიჩის ინტელექტუალურ შეჯიბრში.
2019 წელს ქვიდიჩის ინტელექტუალური შეჯიბრი და The King’s and Queen’s Club-ი გაერთიანდა. რაც ნიშნავს, რომ კლუბის ყველა წევრი ავტომატურად ხდება ინტელექტუალური თამაშის მონაწილე.
თამაშის სტრუქტურის თანახმად, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ეჯიბრებიან ერთმანეთს გუნდურად. გუნდი შედგება 5 მონაწილისგან. თამაშის თითოეული ეტაპი შედგება 10 ძირითადი კითხვისაგან. შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ზოგადი განათლება და ლოგიკური მსჯელობა. რაც ყველაზე მთავარია, თამაში ანვითარებს გუნდური მუშაობის უნარს და ლოგიკურ აზროვნებას.
როგორც კლუბის კოორდინატორი, მიხეილ ოტიაშვილი ამბობს, პირველი ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ლეპტოპებს, მეორე ადგილის – პლანშეტებს, მესამე ადგილის – ელექტრონული წიგნების წამკითხველებს, მეოთხე ადგილის – უფასო TOEFL გამოცდებს, მეხუთე ადგილის კი – წიგნებს.
როგორგავხდეთკლუბისწევრი
კლუბში რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდის (www.kingsnqueens.co.uk) საშუალებით ან საჯარო თუ კერძო სკოლებში, სადაც მოსწავლეებს თავად English Book Education-ის წარმომადგენლები დაარეგისტრირებენ.
მკითხველთა კლუბის ჯგუფები ორ კატეგორიად იყოფა:
[checklist]
5-8 კლასი – ერთი აკადემიური წელი ერთჯერადად 120 ლარი.
9-12 კლასი – ერთი აკადემიური წელი ერთჯერადად 90 ლარი.
[/checklist]
ამასთანავე, წიგნის კლუბის ყველა წევრს წელს საჩუქრად გადაეცემა საზაფხულო სკოლის ფასდაკლებაც – 1700 ლარის ნაცვლად გადაიხდიან 350 ლარს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მოსწავლეები გაივლიან საუნივერსიტეტო საგნებს. ეს მათ დაეხმარება მომავალში აირჩიონ სასურველი პროფესია.
„საზაფხულო სკოლა ბავშვებს ეხმარება დაგეგმონ საკუთარი მომავალი და გააკეთონ პროფესიული არჩევანი. დაესწრონ ცნობილი უნივერსიტეტების ლექტორების ლექციებს. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ფილოსოფია, მათემატიკა, პოლიტიკა, ხელოვნება და ბიზნესი, რაც მათ საშუალებას აძლევს, წარმოდგენა შეიქმნან იმაზე, თუ სამომავლოდ უნივერსიტეტში რას ისწავლიან,” – ამბობს კლუბის კოორდინატორი მარიამ სამხარაძე.
რეგისტრაციისთვის ასევე შესაძლებელია დაუკავშირდეთ English Book Education-ის წარმომადგენლებს:
[checklist]
მარიამ სამხარაძე, The King’s and Queen’s Club – ის პროექტის კოორდინატორი; E-mail: m.samkharadze@englishbook.co.uk; მობ.: 555 523 850; ტელ.: +995 (0) 322 00 12 44 | EXT: 1017;
მიხეილ ოტიაშვილი, The King’s and Queen’s Club – ის პროექტის კოორდინატორი; E-mail: mikha.otiashvili@englishbook.co.uk; მობ.: 571 800 124; ტელ.: +995 (0) 322 00 12 44 | EXT: 1028;
დავით წერეთელი, The King’s and Queen’s Club – ის ადმინისტრაციის ოფიცერი; E-mail: d.tsereteli@englishbook.co.uk ; მობ.: 558 143 414; ტელ.: +995 (0) 322 00 12 44 | EXT: 1029;
მის.: თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქუჩა N92.
[/checklist]
English Book Education-ის შესახებ:
English Book Education დაარსდა 2007 წელს. ის აერთიანებს ექვს სექტორს: 1. დაწყებითი და საშუალო განათლება, 2. უმაღლესი განათლება, 3. მასწავლებლების პროფესიული განვითარება, 4. ინგლისური ენის ცენტრი Unique Learning, 5. საერთაშორისო გამოცდები (TOEFL), 6. The king’s and Queen’s Club.
English Book Education-ის საგანმანათლებლო და პერსონალური განვითარების პაკეტი შეიცავს რესურსებსა და გამოცდილებას მსოფლიოს წამყვანი გამომცემლების (Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press and Cambridge University Press), რომლებიც შესაბამისობაშია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასთან. English Book Education-ის მიზანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სკოლებსა და უნივერსიტეტებს) მიაწოდოს ყველა საჭირო რესურსი, რომელიც თანხვედრაში იქნება მათ საჭიროებებთან.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 აგვისტოდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, ნადირობის წესების დარღვევისა და უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა.
„უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 247 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში უკანონო ნადირობის – 12 ფაქტი გამოვლინდა, ქვემო ქართლში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 49, აჭარასა და გურიაში – 27, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 15 ფაქტი გამოავლინეს“.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ხშირია აკრძალული საშუალებით, ე.წ. მანოკით, ნადირობის ფაქტები.
„ყველაზე მეტი – 215 „მანოკი“ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 39, აჭარასა და გურიაში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 23, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 7. ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 309 ხელნაკეთი მოწყობილობა „მანოკი“ ამოიღეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია).
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე მედიის როლი განსაკუთრებული იქნება. ამასთან დაკავშირებით „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია – „მედია და არჩევნები“, სადაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ისაუბრა.
სატელევიზიო მედია არის ყველაზე დიდი გავლენის მქონე, ყველაზე დიდი რაოდენობის მაყურებლისა და ინფორმაციის გავრცელების წყარო. დღეს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს ან საკუთარი ტელევიზია აქვთ, ან აფილირებულნი იყვნენ/არიან რომელიმე ტელევიზიასთან.
ზოგადად, მგონია, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ტელევიზიების ნაწილი უბრალოდ გაქრება.
ჩვენ გვახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დღევანდელმა მმართველმა პარტიამ და მაშინდელმა ოპოზიციამ რომ მოიგო, ამაში დიდი წილი ჰქონდა იმ ტელევიზიას, რომელიც სპეციალურად შეიქმნა. ამაში გასაკვირი არაფერია, ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენთან იყენებენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მეორე საკითხია მედიაში დასაქმებულების შრომითი უფლებები. მაგალითად, „იბერიას“ შემთხვევაში შეწყდა მაუწყებლობა. საიას ჰქონდა ეს საქმეები წარმოებაში და ყველა საქმე მოვიგეთ პირველივე ინსტანციაში იმ ჟურნალისტების სასარგებლოდ, რომლებსაც არ მისცეს ანაზღაურება.
ჩვენ ვიცით, რომ სატელევიზიო მედიის სარეკლამო ბაზარი არ არის საკმარისი ტელევიზიისთვის, ის დამოკიდებულია ასევე დამფუძნებლის შემოტანებზე, დამატებით ფინანსური თანხის მობილიზებაზე. კიდევ უფრო რთულია არსებობა ონლაინ და ბეჭდური მედიისთვის.
დისკუსია
2013 წლიდან გაჩნდა ნიშნები, რომ მედია ვერ იქნებოდა ისე, როგორც ეს იყოს 2012 წლის არჩევნების პირველ ეტაპზე. „ მეცხრე არხთან“ დაკავშირებით იყო განცხადებები, რომ ის აღარ იყო საინტერესო, იყო განცხადებები GDS-თან დაკავშირებით, რომელსაც უნდა შეეცვალა ფორმატი, როცა ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდა რამდენიმე მაუწყებელი – GDS , „მაესტრო“ და „იმედი“. მინდა გითხრათ, რომ ეს არასწორი იყო, თუმცა ამაზე მარეგულირებელი კომისია თავისთავად არ ამახვილებს ყურადღებას. არ შეიძლება ერთი ჰოლდინგის ქვეშ იყოს ორი საინფორმაციო მიმართულების მქონე განსხვავებული კომპანია.
ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტების განცხადებებიც, რომლებმაც დატოვეს ტელევიზიები, მაგალითად, ინგა გრიგოლიას განცხადება.
ახლა პროცესებმა უფრო კულისებს მიღმა გადაინაცვლა.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე პრობლემა იყო ქვეყნის შიგნით არსებული ინსტანციები. შემიძლია ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სასამართლო. იდენტური ტიპის, ადრე დაწყებულ საქმეებზე, დღემდე გრძელდება დავა სასამართლოში. ჩვენ ასევე გვახსოვს „ტვ პირველის“ საქმე, მისი დამფუძნებელი არცთუ დიდი ხნის წინ საუბრობდა იმაზე, რომ მაშინდელი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი და ასევე, ბატონი ჯეჯელავა, სთავაზობდნენ წილების დათმობის შესახებ გარკვეულ მოლაპარაკებებს. ეს ინფორმაცია ამ ადამიანებმა მაშინ უარყვეს, თუმცა ეს იყო პირველი სიგნალი და ამ თემის საჯაროდ გამოტანის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
მეორე ამბავი უკავშირდება იმ წერილს, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ დაწერა. მთელი ერი მსჯელობს იმაზე, არის თუ არა ამ წერილზე გახარიას ანაბეჭდები. საინტერესოა, ასეთი წერილი თუ იწერება, ვისი ინიციატივაა. ბუნებრივია, მე დაშვების დონეზე ვსაუბრობ ამ წერილთან დაკავშირებით, თუმცა „ტვ პირველი“ მუდმივად რჩება ამ დისკუსიების ნაწილად.
ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ სატელევიზიო მედია არის პოლარიზებული, განსაკუთრებით ის მედიასაშუალებები, რომლებსაც ბევრი მაყურებელი ჰყავთ. ბოლო დროს იყო 2 პოლუსი, ერთი, როგორც წესი, ერთი პარტიის დღის წესრიგს მიჰყვებოდა, მეორე კი – მეორე პარტიისას. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, კერძო მაუწყებელი თავად წყვეტს რა როდის და როგორ, მაგრამ მთავარი კითხვაა – სად დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი?!
დაახლოებით 2 წელი ვიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ჩემთვის ამ ქვეყანაში მაუწყებლის დამოუკიდებლობის მითზე საუბარი დასრულდა, როდესაც ვასილ მაღლაფერიძე იქნა არჩეული გენერალურ დირექტორად. ჩვენ ერთ-ერთი ონლაინმედიის საშუალებით გავიგეთ, რომ ბატონი ბარათაშვილი აპირებდა პოსტის დატოვებას და ამის შემდეგ, როდესაც საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე ერთი მთავარი შეთანხმება იყო ის, რომ უნდა არჩეულიყო ისეთი ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. შეიძლება ვთქვათ, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად იყო აფილირებული მმართველ პარტიასთან. შემდგომი პროცესებიც კარგად აჩვენებს, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებასთან საზოგადოებრივ მაუწყებელს.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მოხდა, მხოლოდ აქაური მრჩეველთა საბჭოს ინიციატივა იყო. მე იქ, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში ყოფნის დროსაც, სამუშაო შეხვედრის ფორმატში მომისმენია მოსაზრება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გვჭირდება თუ არა, გავაუქმოთ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი როლი და ადგილი და ის უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამაზე მსჯელობა მე მომისმენია.
დისკუსია
მედიაში შემთხვევით არაფერი ხდება, განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა დღის წესრიგში დააყენა საკითხი, რომ აუცილებელი იყო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის მედიასთან დაკავშირებით.
ორ ნაწილად იყოფა ეს ცვლილებები. ერთი ცვლილება შეეხება მაუწყებლობის შესახებ კანონს. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი არის მაუწყებლების შიდა სისტემიდან თვითრეგულირების ინსტიტუტის გადატანა მარეგულირებელ კომისიაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია იმ პირობებში, როდესაც სასამართლო უფრო მოწყვლადია, როდესაც მარეგულირებელი კომისიის მიმართ არსებობს მნიშვნელოვანი კითხვები და მთელი რიგი ფაქტები გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მარეგულირებელი კომისიისთვის ამ უფლების მინიჭება პირდაპირ ნიშნავს შინაარსში ჩარევას. მისი საქმე შეიძლება იყოს ის, რომ მიაქციოს ყურადღება და სანქცია დაუწესოს მედიას, თუ ის არ ატარებს თვითრეგულირების სხდომებს, ან არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შეასრულოს ამ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ევროდირექტივაშიც არაფერი მსგავსი არ წერია.
მეორე მხრივ, საარჩევნო კანონმდებლობაში ვხვდებით რამდენიმე უცნაურ ჩანაწერს. მაგალითად, დღეს თავისუფლად შეიძლება პოლიტიკური რეკლამის ნაწილი იყოს ანტირეკლამა. ხელისუფლება ამბობს, რომ 25% იქნება ანტირეკლამა. ლოგიკური ახსნა არ არსებობს არსად, თუ რატომ 25 პროცენტი. შემოაქვთ ასევე სიძულვილის ენა, ოღონდ ვერსად ნახავთ მის განმარტებას. როდესაც ვსვამთ ამაზე კითხვას, პასუხი არ აქვთ. მათი მოსაზრებით, ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალური შეფასებით და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის იურიდიული ჩანაწერი შეიძლება გახდეს პოლიტიკური ნიშნით გამოყენების საგანი.
კიდევ ერთი ცვლილება ეხება რეკლამის შინაარსზე მედიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. მაუწყებელი ვერ შეაფასებს რეკლამის შინაარსს, ის აფასებს ქრონომეტრაჟში ჯდება თუ არა, დაცულია თუ არა მინიმალური სტანდარტი. თუ გავიხსენებთ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს, მედიაში გადიოდა ის, რასაც ამბობდნენ პოლიტიკოსები, სიძულვილის ენას არ იყენებს მაუწყებელი, მას იყენებენ პოლიტიკოსები. ეს მარტივი საკითხი არ არის და მაუწყებლებისთვის დამატებითი ტვირთია.
დღეს უკვე დიდი და მზარდია სოციალური ქსელების როლი. ბევრი შემთხვევა ვიცით მსოფლიოში, როდესაც სოციალური ქსელებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მომხდარა. გავიხსენოთ გავრილოვის პარლამენტში მისვლა და ცნობილი აქცია, რომელმაც რუსთაველზე ათასობით ადამიანი შეკრიბა, რომელიც დაიგეგმა სოციალური ქსელის საშუალებით. დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია ვინმემ ტოტალურად გააკონტროლოს ინფორმაცია.
რა ტიპის ცვლილებებიც არ უნდა ჩაიწეროს კანონში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მედიის სრულ კონტროლს შევძლებთ. დღეს შეიძლება ყველა არხი გათიშო, მაგრამ სოციალური ქსელის საშუალებით ერთ ადამიანს შეუძლია მინიმუმ 5000 ადამიანს მიაწოდოს ინფორმაცია. თუმცა აქაც არის პრობლემა. ჩვენ ვხედავთ ყველა მნიშვნელოვანი პროცესის დროს გარკვეული ჯგუფების გააქტიურებას, ე.წ. ბოტების თემას ვგულისხმობ.
არჩევნების დროს განსაკუთრებული თავდასხმა იყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც სადამკვირვებლო მისიებით იყვნენ წარმოდგენილნი.
ბუნებრივია, სოციალური ქსელი გამოიყენება არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლადაც. იგივე ჯგუფები, რომლებიც ახდენდნენ სიცრუის ტირაჟირებას, გააქტიურდნენ მაშინაც, როდესაც დასახელდნენ უზენაესი სასამართლოს კანდიდატები. ჩვენ არ ვიცით კონკრეტული ჯგუფების უკან ვინ დგას სინამდვილეში და საიდან ფინანსდება ეს დასპონსორებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში.
თუ მკითხავს ვინმე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გავიხსენო სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, ერთი უდავოდ იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამაში დამსახურება ნაკლები აქვს მმართველ პარტიას, ეს არის იმ საზოგადოების დამსახურება, რომელიც იყო შეკრებილი 20 ივნისის მოვლენების შემდგომ აქციებზე. 2020 წლის არჩევნებზე განსაკუთრებული როლი ექნება მედიას, რადგან ჩვენ გვექნება განსხვავებული ძალთა ბალანსი.
დისკუსია
ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: ვთქვათ, გავიდა რომელიმე ტელევიზიაში სიძულვილის ენის შემცველი ანტირეკლამა. მაინტერესებს, პროცედურულად რა სანქციებზეა საუბარი, ტელევიზიაზე რა მხრივ აისახება და მეორე მხრივ, როგორ აისახება ეს იმ საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც იყენებს სიძულვილის ენას.
სულხან სალაძე: 25% ანტირეკლამას როგორ დათვლიან, ეს არ ვიცი. საკანონმდებლო ცვლილებებით, რაც ამ დრომდე რჩება ჩანაწერში, თუ ტელევიზია არ მოხსნის რეკლამას, ამას გარკვეული სახის სანქციები მოყვება მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. პოლიტიკურ პარტიას შეუძლია წავიდეს და იდავოს სასამართლოში, მაგრამ აქ მეორე საკითხია, რამდენად წავა სასამართლო სიღრმისეულად პროცესში, შეიძლება თუ არა გვქონდეს სასამართლოს იმედი და იტყვის თუ არა ის, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების ამბავია. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ქვეყნის პრობლემა არის არა ანტირეკლამის არსებობა, არამედ უკიდურესი სიღარიბე, გაჭირვება, სხვა ტიპის პრობლემები. ეს არ არის დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც ახლა უნდა გვარდებოდეს ამ ქვეყანაში. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს არასასურველი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების განიარაღებისათვის.
ბოლო წლების მაგალითზე მედიის მდგრადობის ინდექსი უარესდება ქვეყანაში. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები, დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება, მათ შორის დირექტორის ვერ არჩევა, ასევე „ტვ პირველის“ გარშემო განვითარებული მოვლენები, აისახება 2019 წლის მედიის მდგრადობის ინდექსის ნაწილში. ვიცით სასამართლოს დამოკიდებულება, ვიცით ისიც, რომ ყველა მოსამართლეს არ ეწერება საარჩევნო დავების განხილვა, კონკრეტულად, ნდობით აღჭურვილ მოსამართლეებს მხოლოდ. მარტივი მექანიზმია ვისთან მოახვედრო საქმე, ბევრ საქმეში გვინახავს ეს და მხოლოდ არჩევნებს არ ეხება, რა თქმა უნდა.
დისკუსიის ვიდეოჩანაწერი:
________________________
დისკუსია ქვეყნდება შემოკლებით, პროექტის „დემოკრატიული ღირებულებების და იდეების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 სექტემბრის 21 საათიდან 28 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დღისით – ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით – 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20-25 გრადუსი
ღამით: 10-15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 6-11 გრადუსი
ღამით: 1-6 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 22.5 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 29 სექტემბერს, შენარჩუნებული იქნება წვიმა, ორშაბათიდან კი გამოიდარებს.