მთავარი,სიახლეები

სახალხო დამცველი: შეწყვიტეთ თანამშრომელთა იძულება 14 დეკემბერის აქციაში მონაწილეობაზე

13.12.2019
სახალხო დამცველი: შეწყვიტეთ თანამშრომელთა იძულება 14 დეკემბერის აქციაში მონაწილეობაზე

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც  რეგიონებში მოსახლეობას 14 დეკემბერს მმართველი პარტიის მიერ თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ. სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ასახელებს სავარაუდო ზეწოლის ქვეშ მყოფ ჯგუფებს, ესენი არიან: ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების თანამშრომლები, მათ შორის, აჭარაში.

„აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების) თანამშრომლების მიმართ ხორციელდება სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ,“ – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს, 13 დეკემბერს, სახალხო დამცველის ოფისმა გაავრცელა.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ რადგან სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა ინფორმაცია მიიღეს კონფიდენციალობის პირობის დაცვით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას  ვერ მიმართავს:

„საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული იძულება, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღონ რაიმე აქციასა თუ ღონისძიებაში და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირდაპირი თუ ირიბი მინიშნება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და მის რწმუნებულებს მოქალაქეებმა ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიაწოდეს, სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველი ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონკრეტულ პირთა მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. პარალელურად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მათ მიმართ შესაძლო იძულების და ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებების განხორციელების მოთხოვნით.

საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოთქვამს, მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მათ საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის პროცესში“.

ხვალ, 14 დეკემბერს, ქართული ოცნება“ გეგმავს აქციას თბილისში. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები მიჰყავთ რეგიონებიდან, მათ შორის აჭარიდანაც. ოფიციალურად, აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად იმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: