მთავარი,სიახლეები

ექიმების საპროტესტო აქცია ბათუმში: ლინჩის წესია? – გამოიძიეთ ექიმზე თავდასხმა

14.12.2019 • 2221
ექიმების საპროტესტო აქცია ბათუმში: ლინჩის წესია? – გამოიძიეთ ექიმზე თავდასხმა

ბათუმელი ექიმები დღეს, 14 დეკემბერს, კლინიკა ,,მედცენტრთან” ექიმებზე ზეწოლის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. აქცია ექიმებმა მას შემდეგ დაგეგმეს, როცა გარდაცვლილი პაციენტის ახლობელი ექიმ ზვიად ბახტაძეს თავს დაესხა. ექიმის თქმით, ეს ფაქტი 12 დეკემბერს მოხდა.

ექიმი ზვიად ბახტაძე ბათუმის „მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსია. მისი თქმით, დანით შეიარაღებული ადამიანი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი უფლებები და ჩვენი სიცოცხლე იყოს დაცული კანონის ფარგლებში. თუ მე დამნაშავე ვარ, მცნონ დამნაშავედ. თუ არ ვარ დამნაშავე, ვინც არის დამნაშავე, ის დასაჯონ. რა თქმა უნდა, მაქვს პროტესტი. ჩვენ მაშინ მოვითმინეთ [ზვიად ბახტაძეს ფიზიკურად 6 თვის წინაც გაუსწორდნენ] იმიტომ, რომ მივანდეთ შესაბამის ორგანოებს ამ საქმის ძიება. მაგრამ გავიდა 6 თვე და მეორედ დამესხნენ თავს“, – გვითხრა აქციაზე მყოფმა ზვიად ბახტაძემ.

ექიმ ზვიად ბახტაძეს თავს 2019 წლის 20 მაისს „მედცენტრის“ წინ მდებარე სკოლის ეზოში დაესხნენ თავს და ფიზიკურად შეურაცხყეს. ექიმი ამბობს, რომ გამოძიება ამ საქმეზე დღემდე არ დასრულებულა.

„ექიმებთან მიმართებაში აბსოლუტური განუკითხაობაა. რა უფლებით ავიწროებენ ექიმს, როცა მას არავითარი დანაშაული არ მიუძღვის. დანაშაული რომც იყოს, სად არის სახელმწიფო. ლინჩის წესია, ქუჩაში უნდა ვარკვიოთ საქმე… მართალი გითხრათ ეს არის ანარქია, სახელმწიფო არ იცავს ექიმს, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს ისედაც. ბატონი ზვიადის შემთხვევაში რა ხდება? გაოცებული ვართ მთელი ექიმები… ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, ეს წარმოუდგენელია. ბატონ ზვიადთან მიმართებაში არის ხულიგნური საქციელი, რომელსაც მფარველობს მთავრობა“, – განაცხადა ლევან გოგუაძემ, ოზურგეთის რეანიმაციის უფროსმა, რომელიც აქციაში მონაწილეობის მისაღებად დღეს ბათუმში სპეციალურად ჩამოვიდა.

ბათუმში და, ზოგადად, საქართველოში პაციენტები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს ექიმების მიმართ და აკრიტიკებენ არა მხოლოდ სამედიცონო მომსახურების ხარისხს, არამედ აქცენტს აკეთებენ ექიმების ეთიკაზეც.

კანონმდებლობით უკმაყოფილო პაციენტს ან მის ოჯახს აქვს უფლება მიმართოს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების მიმართ საჩივრით, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ სააგენტო საქმეების შესწავლას დიდ დროს ანდომებს და ზოგ შემთხვევებში კვლევის პროცესი ერთ წელზე მეტ ხანსაც იწელება.

____

ამავე თემაზე:

ექიმი: გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შემომივარდა რეანიმაციაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: