მთავარი,სიახლეები

ექიმი ამბობს, რომ ქუჩაში თავდამსხმელებმა მძიმედ დააზიანეს, გამოძიება კი არავის აკავებს

24.06.2019 • 3829
ექიმი ამბობს, რომ ქუჩაში თავდამსხმელებმა მძიმედ დააზიანეს, გამოძიება კი არავის აკავებს

„მას შემდეგ, რაც ეს პირები ამოვიცანი, ერთი თვე გავიდა. გამოძიება არავის აკავებს. გამომძიებელმა მითხრა, რომ შვებულებაში გავიდა და ჩემს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს…“ – გვიყვება ექიმი, კლინიკა „მედცენტრის“ ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ბახტაძე. მას 20 მაისს, დღის 2 საათზე, კლინიკის წინ მდებარე სკოლის ეზოში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„შესვენებაზე გამოვედი, რაღაც სასწრაფო საქმე მქონდა. სკოლის ეზოში ჩვენი კლინიკის პარკინგია, მანქანაში ჩავჯექი, მაგრამ გაუმართავი მეჩვენა. გადმოვედი და დავიწყე დათვალიერება. ამ დროს მომეპარა უკნიდან ორი ადამიანი და ფიზიკურად იძალადეს ჩემზე. მათ საერთოდ არაფერი უთქვამთ, ისე წავიდნენ… არ უთქვამთ, რა უნდოდათ ჩემგან, არც დამმუქრებიან, არც შეუგინებიათ… მე კლინიკაში გადამიყვანეს იქვე, მძიმე დაზიანებები მქონდა,“ – ამბობს ზვიად ბახტაძე.

იმავე დღეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ამ შემთხვევას ჰყავდა თვითმხილველები. თავდამსხმელები გამოჩნდნენ სკოლის ეზოში დამონტაჟებულ ვიდეოსათვალთვალო კამერაშიც. ექიმი გვიყვება, რომ ის ინციდენტიდან მალევე დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში ამოცნობაზე.

„მე ისინი ამოვიცანი… მოჭიდავეები არიან, იქ ვნახე ორი შეშინებული ახალგაზრდა. ეჭვი მაქვს, რომ ისინი ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ… ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა დანაშაული, მაგრამ არ უთქვამს მოტივი, რატომ გააკეთა ეს. მეორემ საერთოდ უარყო ყველაფერი, თუმცა ამ პირველმა უთხრა გამომძიებელს, რომ მეორე ბიჭი თურმე ჩვენ გვაშველებდა,“ – აღნიშნა ზვიად ბახტაძემ ჩვენთან საუბრის დროს.

ამოცნობისა და გამოკითხვის შემდეგ ბრალი გამოძიებას არავისთვის წარუდგენია. ექიმი ამბობს, რომ ის პერიოდულად ტელეფონით უკავშირდება ამ საქმის გამომძიებელს ზვიად მკერვალიშვილს, თუმცა ბოლო 10 დღის განმავლობაში მას არც გამომძიებელი პასუხობს. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს ბათუმის სამი კლინიკის ექიმებმა წერილითაც მიმართეს, გამოძიების დროული და ეფექტური დასრულების მოთხოვნით.

„ეჭვი მაქვს, რომ გამოძიება შესაძლოა ხელს აფარებდეს დამნაშავეს, ამას აკეთებს სამმართველო… კარგი იქნება, თუ ეს ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდება,“ – მიიჩნევს ზვიად ბახტაძე.

ექიმმა ზვიად ბახტაძემ ამ დრომდე არ იცის, რის გამო დაესხნენ თავს ქუჩაში. იგი არ გამორიცხავს, რომ ინციდენტი მის საექიმო საქმიანობას უკავშირდებოდეს – ზვიად ბახტაძე 2000 წლიდან ექიმია. ზვიადს აქვს ვერსიაც, რომ შესაძლოა, ეს შემთხვევა მისი მამის სამშენებლო ბიზნესს უკავშირდებოდეს. ზვიადი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რა კონფლიქტიც უნდა ჰქონოდა წარსულში, ეს ვერ გაამართლებს ქუჩაში დახვედრას და ადამიანის ცემას.

„ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ… ნათელი უნდა გახადოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ მსგავსი ტიპის ქმედება ისჯება, რომ არსებობს სამედიცინო რეგულირება, პოლიცია და სასამართლო. ამ მაგალითმა უნდა აჩვენოს ქვეყანას, რომ ადამიანი, მნიშვნელობა არა აქვს, მეეზოვეა თუ კოსმონავტი, უფლება აქვს, ქუჩაში გადაადგილდებოდეს შიშის გარეშე“, – გვითხრა ზვიად ბახტაძემ.

„დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები და გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან ექიმის ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: