ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების დამპროექტებელი კომპანია სამინისტრომ 24 000 ლარით დააჯარიმა

02.07.2019 • 2162
„ოცნების ქალაქში“ კორპუსების დამპროექტებელი კომპანია სამინისტრომ 24 000 ლარით დააჯარიმა

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებს. სამეტაპიანი სამუშაოდან პირველი და მეორე ეტაპების დროულად შეუსრულებლობისთვის კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა უკვე დააკისრა.

ამხანაგობა „ინჟარქიტექტთან“ სამინისტრომ ხელშეკრულება 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საბოლოო პროექტი და სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია ამხანაგობას სამინისტროში 2019 წლის 25 ივნისამდე უნდა წარედგინა. შესყიდვების გვერდზე კი მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე [2 ივლისი] არ არის ატვირთული.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიამ პროექტი წარადგინა, თუმცა სამინისტროს ჰქონდა შენიშვნები და კომპანიას ეთხოვა, პროექტის კორექტირებული ვერსია ხელახლა წარადგინოს. „კორექტირებულ პროექტს უკვე ველოდებით,“ – გვითხრეს სამინისტროში.

ამხანაგობა „ინჟარქიტექტის“ თავმჯდომარე შალვა უგრეხელიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ზუსტ დროს, თუ როდის იქნება მზად საბოლოო პროექტი, ვერ დაასახელებს: „არის მოლაპარაკება, მუშა პროცესია. მიმდინარეობს სხვადასხვა ვარიანტის განხილვა… ჩვენს ინტერესშიც შედის დროულად წარვადგინოთ საბოლოო პროექტი. პირველ რიგში კი იმით ვართ დაინტერესებული, რომ ხარისხიანად გაკეთდეს ყველაფერი. “

სამინისტროს, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, შენიშვნები კომპანიასთან მეორე ეტაპის სამუშაოების მიღების დროსაც ჰქონდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის წერილის მიხედვით, კომპანიას საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ჩაუტარებია მიწის იმ მონაკვეთზე, სადაც კორპუსის განთავსება არ იგეგმება.

„თქვენ მიერ მეორე ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიმართ გაგვაჩნია რიგი შენიშვნები:
1. სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ჩატარებულია სამშენებლო მიწის იმ მონაკვეთზე, სადაც არ არის გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების განთავსება. მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე (მდინარის მიმდებარე), შემდგომში დამატებითი სამუშაოების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ჭაბურღილების განთავსება დაიგეგმოს საპროექტო ობიექტის კონტურში. ასევე, საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას ხელს არ აწერს უშუალოდ სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტი – ინჟინერ-გეოლოგი;
2. კონსტრუქციული გადაწყვეტის სქემის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, რკინაბეტონის კონსტრუქციებში გამოყენებულია ბეტონი კლასით B-30, ხოლო პირველ ეტაპზე წარმოდგენილ განმარტებით ბარათში სართულშუა გადახურვაში, ანუ რკინაბეტონის კონსტრუქციებში და გამსხვილებულ ხარჯთაღრიცხვაში გამოყენებულია ბეტონი კლასით B-25. ეს უზუსტობა ზეგავლენას მოახდენს მშენებლობის საბოლოო ღირებულებაზე…“ – აღნიშნულია მინისტრის წერილში.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიისთვის მომსახურების თანხა ჯერ არ გადაურიცხიათ. ხელშეკრულების მიხედვით, სამინისტრო ანგარიშსწორებას განახორციელებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან ათი სამუშაო დღეში. ამავე ხელშეკრულებით, დასაშვები იყო ავანსის გადახდაც, ოღონდ სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე.

კომპანიას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წარდგენილი აქვს „თიბისი ბანკის“ მიერ 2019 წლის 18 მარტს გაცემული გარანტია 16 000  ლარზე. აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაა 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

——

ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ ორმა კომპანიამ დააფუძნა: შპს „გეოანალიტიკამ“ და შპს „სენსონიმ“. შპს „სენსონი“ კი ის კომპანიაა, რომელმაც შეადგინა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 3 750 000 ლარით უნდა დაფინანსდეს.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: