მთავარი,სიახლეები

„არ მინდოდა ამის თქმა და მათქმევინეთ ძალით“ – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძეზე

30.11.2019 • 3342
„არ მინდოდა ამის თქმა და მათქმევინეთ ძალით“ – გიორგი კოხრეიძე ნათია ზოიძეზე

ფაქტების გასაჯაროება და სისხლის სამართლებრივი დევნა – ეს „აჭარის ტელევიზიის“ ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის სვლაა იმისთვის, რომ მოადგილე ნათია ზოიძე ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს. გიორგი კოხრეიძე გუშინ ღამით შეხვდა ჟურნალისტებს და, მათ შორის, ნათია ზოიძეს, რომელიც ამბობს, რომ თუკი კონკრეტულ ფაქტებს ახალი დირექტორი პროკურატურას არ მიაწვდის, ამას თავისი სახელი დაერქმევა – შანტაჟი.

ნათია ზოიძის პოზიცია მკაფიო. ის მასთან წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას ეყრდნობა, სადაც წერია, რომ „მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე სარედაქციო პოლიტიკის მართვა“ მისი უფლებამოსილებაა.

  • ბატონო გიორგი, ცნობილია თქვენი მოადგილის, ნათია ზოიძის პოზიცია – ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. თქვენ მას სარედაქციო პოლიტიკისგან სრულად ჩამოშორება მოსთხოვეთ. რას აპირებთ? 

ნათია ზოიძემ უნდა შეასრულოს კანონი. კანონის მიხედვით კი, თავად საინფორმაციო სამსახურის გარდა, არავის აქვს უფლებამოსილება ჩაერიოს საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში. ეს წერია „მაუწყებლის შესახებ“ კანონში. მე, დირექტორს შემიძლია კონკრეტული უფლებამოსილების დელეგირება მოადგილეზე, მაგრამ შეუძლებელია იმ უფლების დელეგირება, რომლის უფლებაც თავად მე არ მაქვს. მე კი არა, ამის უფლება არ აქვს არავის დედამიწის ზურგზე. ნათია კაპანაძეს ასეთი უფლება აქვს დელეგირებული ნათია ზოიძეზე და მისი ეს უფლება არის არაკანონიერი, ეს ხელშეკრულება არის კანონსაწინააღმდეგო. მან [ნათია კაპანაძემ] ისეთი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინა, რის უფლებაც მას არ ჰქონდა.

  • კანონში სად წერია კონკრეტულად, რომ სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება არ შეიძლება ჰქონდეს დირექტორის მოადგილეს? 

კანონში საინფორმაციო დამოუკიდებლობაზე არის საუბარი. როგორ სად წერია? – არავის არ აქვს ამის უფლება, დირექტორი ვერ მისცემს მას იმის უფლებას, რის უფლებაც თავად არ აქვს. თუ ვერ ხვდებით, გამოდის, არ გინდათ, რომ მიხვდეთ… მოადგილე ნიშნავს იმას, რომ ის არის დირექტორის დამხმარე… გადაწყვეტილებას მე არ მივიღებ, გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოება. რა ვქნა, ჟურნალისტები არიან ის კატეგორია, ვისაც ყველაფერი ეპატიება, თუ არ არიან? მე ამ კითხვას დავსვამ მხოლოდ, მეტი არაფერი.

  • ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე იურისტს. მათი აზრით, ეს ხელშეკრულება არ არის კანონსაწინააღმდეგო და მაუწყებლის შესახებ კანონი არ კრძალავს ტელევიზიის ხელმძღვანელის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში მონაწილეობას.

დაწერონ ეს დასკვნები იურისტებმა, ხელი მოაწერონ – გვარი, სახელი და მერე ვიმსჯელოთ… თქვენ ხომ გითხრეს იურისტებმა არაო, მოაწერონ ხელი და მერე ერთად ვიმსჯელოთ საჯაროდ.

  • კანონის ზუსტი ჩანაწერი მიგვითითეთ მაშინ, საიდან გამომდინარეობს, რომ ნათია ზოიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება უკანონოა? 

რა გინდათ ახლა? მოაწერონ ხელი იურისტებმა და მერე გავცემ პასუხს, როცა ვნახავ მათ დოკუმენტს. მაგ ჩანაწერს და ყველაფერს დოკუმენტს რომ გავაკეთებ მე, იქ იქნება მითითებული.

  • აპირებთ ნათია ზოიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას? 

მე შევთავაზე ქალბატონ ნათიას, მობრძანდით ჩემთან და დამეხმარეთ, წარვუძღვე ორგანიზაციას. მან ხელები გაასავსავა და თქვა, მე არ შემიძლია ამ საქმიანობას მოვშორდეო. მე ხელშეკრულებას მოვიყვან წესრიგში. ამის უკან თუ თქვენ ვერ ხედავთ ვერაფერს, ამ ტელევიზიაში ამ ხნის განმავლობაში საპირისპიროს რომ ლაპარაკობდა ყველა.

  • რა გულისხმობთ კონკრეტულად?

საპირისპირო დასკვნებს რომ ლაპარაკობდნენ, თურმე ყველაფერი ყოფილა ყირამალა. სადღაც რომ ვეძებთ ჩვენ ვიღაცის ინტერესებს, არ ვიცი, ვისი ინტერესები ჩანს. ამ ტელევიზიაში შესაძლოა ყველაფერის სათავე გამოჩნდეს, რადგან იყო ჩარევა.

  • ნათია ზოიძე როცა მონაწილეობდა საინფორმაციოს მუშაობაში შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ფიქრობთ, რომ ეს იყო ჩარევა?

იყო ჩარევა, ეს იყო უკანონო ქმედება. რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი მე არ ვიცი, იმ შენობას არც გავკარებივარ, ვარ რადიოს შენობაში და ვზივარ ჩემთვის.

  • რა იგულისხმეთ, როცა თქვით ყველაფერი ყირამალა იყოო? 

კანონი გვავალდებულებს, რომ უნდა იყოს ასე  და როცა არ არის ასე, იქ შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს, მეტი არაფერი. დაირღვა კანონი? ესე იგი, იქ ყველაფერი შესაძლოა უკანონო იყოს. მარტივი ლოგიკაა, ამაზე ალბათ იურისტები გააკეთებენ შესაბამის დასკვნას ძალიან მალე.

  • რის საფუძველზე მიიჩნევთ, რომ ნათია ზოიძე არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“?

მომისმინეთ, ძვირფასო, ეს ყველაფერი არ ხდებოდა უმიზეზოდ, ამ ყველაფერს ჰქონდა რაღაც მიზეზი. ამას ჰქონდა საფუძველი. მაქვს მე ეჭვები და მაჩვენებს დრო, დაკვირვება, ვისთან ჰქონდა, როგორ ჰქონდა კავშირი, მე როდესაც პირადად ვესაუბრე, არ იყო საჭირო ამ ყველაფერის გამოტანა, მე ამას ვამბობ, მაგრამ… იმიტომ არ იყო, რომ მინდოდა მიეღო გადაწყვეტილება და ყოფილიყო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფები მე, მაგრამ, სამწუხაროდ, ხედავთ, გამოვა ისეთი სახით, რომ თითქოს  მე, არა ბატონო, მე სერიოზული ეჭვი მაქვს.

  • რაზე გაქვთ ეჭვი კონკრეტულად და რაზე დაყრდნობით?

იქნება  მტკიცებულება და გამოვიტან საჯაროდ. არ მინდოდა ამის თქმა და მათქმევინეთ ძალით. მე ჰაერზე არ ვლაპარაკობ, მაცალეთ რა ცოტა ხანი, ერთ კვირაში ყველაფერი შეუძლებელია. მე ვიქნები საჯარო და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებ. რა ნაბიჯიც იქნება მზა, ყველაფერის შემსწრე გახდეთ. მე მინდა, რომ მედია იყოს რეალურად თავისუფალი…

  • როდის შემდეგ გახდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა. როგორც გავიგეთ ნათია ზოიძეს ასევე ედავებით საჯარო ინფორმაციაზე დროულად გაუცემლობას. 

მომისმინეთ, ტელევიზიიდან არის გატანილი ტელევიზიის არქივის ნაწილი ყოველგვარი სასყიდლის გარეშე და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ვინ ჩაიდინა, ამას გავარკვევთ. შეიძლება ამის გაყიდვა, მაგრამ გაჩუქება არ არსებობს, თუ გინდა დირექტორი იყო და თუ გინდა მრჩეველთა საბჭო. ამას კანონის ჩანაწერი ამბობს და ეს არ ეხება იმ ნაწილს, რომ ნებისმიერი დოკუმენტი შეიძლება მიიღოს, მაგალითად, მრჩეველთა საბჭოს წევრმა. ეს მოხდა იმ პერიოდში, როცა ნათია ზოიძე იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ის ამბობს, რომ არ იყო გატანილი, მაგრამ მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დაამოწმებენ ამას, რომ გატანილია, რა მიმართულებით გაიტანეს და ვინ წაიღო.

  • ნათია ზოიძე ასევე ამბობს, რომ თქვენ მას კონკრეტული ფაქტის გასაჯაროებით დაემუქრეთ, თუკი არ ჩამოშორდებოდა სარედაქციო პოლიტიკას…

არა, ასე არ არის: მე კონკრეტულ ფაქტებს გავასაჯაროებ, მე არ ვიქნები ცრუ. მე ვიქნები ყველგან დოკუმენტებით. იქეთ კვირაში ვაპირებ საჯარო აქტივობას და დავანახებ საზოგადოებას ყველაფერს, მაქვს შეხვედრა დანიშნული სახალხო დამცველთან, აინტერესებს რაღაც და პრობლემა არ არის, შეხვდები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: