ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობას კომპანია მთავრობას 39.8 მილიონად სთავაზობს

16.12.2019 • 2276
„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობას კომპანია მთავრობას 39.8 მილიონად სთავაზობს

დღეს, 16 დეკემბერს, დასრულდა წინადადებების მიღება ტენდერში, სადაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. ელექტრონული ტენდერი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, აუქციონის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ამ ეტაპზე სისტემაში მხოლოდ ის პრეტენდენტი ჩანს, რომელმაც მომსახურება სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა.

სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენის“ შეთავაზება კი 39 მილიონ 809 ათას 280 ლარია. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. შესაბამისად, სატენდერო კომისია გადაამოწმებს კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას – გააფორმებს თუ არა მასთან ხელშეკრულებას.

თუ „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ტენდერის პირობებს, მას კომისია გამარჯვებულად გამოაცხადებს, თუ დისკვალიფიკაციას მისცემს, მაშინ მომდევნო პრეტენდენტის წინადადებას განიხილავენ; ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი, ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, „მაქრო ქონსთრაქშენი“ არის ყოფილი „ბოსფორ – სტროი ჯორჯია“, რომელიც ბათუმში თურქეთის მოქალაქემ 2013 წელს დააფუძნა. დღეს კომპანიის 100% წილის მფლობელი არის ემინ უჩარი [საქართველო/თურქეთი], ხოლო დირექტორი: მურათ ავჯი [საქართველო/თურქეთი].

პროექტის მიხედვით, სამ შენობაში თორმეტ სართულზე მოეწყობა 582 საცხოვრებელი ბინა: I შენობა – 213 ბინა, II შენობა – 285, III შენობა – 84 ბინა. საცხოვრებელი ბინები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვისაა განკუთვნილი.

მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

ოცნების ქალაქის მცხოვრებლები აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: