მთავარი,სიახლეები

ექიმი: გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შემომივარდა რეანიმაციაში

13.12.2019
ექიმი: გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შემომივარდა რეანიმაციაში

„გუშინ, დღის ორი საათი იყო, რეანიმაციულ განყოფილებაში შემოვარდა მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილია“ – ამბობს ბათუმის „მედცენტრის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი, ექიმი ზვიად ბახტაძე. ექიმის თქმით, შეიარაღებული ადამიანი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს.

„რეანიმაციაში ვუთხარი, რომ უნდა დამლოდებოდა გარეთ და გავიდა,“ – განაგრძობს ზვიად ბახტაძე, – „აღმოჩნდა, რომ თურმე შემოპარული ყოფილა საშვის გარეშე და ამასობაში ამოვიდნენ დაცვის თანამშრომლები… კლინიკის ჰოლში იგი აგრესიულად იქცეოდა და მოკვლით მემუქრებოდა. როცა დამინახა, დანა ამოიღო და მოიწევდა ჩემკენ. საბოლოოდ, დაცვის თანამშრომლებმა ხელების შებოჭვით გაიყვანეს გარეთ…

მანამდე ეს მამაკაცი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მამამისის საფლავზე უნდა მოვიხადო ბოდიში. ვუთხარი, რომ მას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ არ მისმენდა,“ – ამბობს ზვიად ბახტაძე.

ექიმის თქმით, პაციენტი ნოემბერში შეიყვანეს „მედცენტრში“ მწვავე ინფარქტით და მას მიმღებ განყოფილებაში გული გაუჩერდა. „ჰქონდა ასევე ფილტვის და შარდის ბუშტის კიბო, იტარებდა ქიმიოთერაპიას. მკურნალობის დროს ექსცესი არ ყოფილა,“ – დასძენს ზვიად ბახტაძე.

ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, კლინიკაში ექიმები და დაცვის თანამშრომლები უკვე გამოკითხეს, თუმცა დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა. ხვალ, 13 დეკემბერს, ბათუმელი ექიმები ზვიად ბახტაძის მხარდასაჭერად და ექიმებზე ზეწოლის გასაპროტესტებლად „მედცენტრთან“ შეიკრიბებიან.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ექიმ ზვიად ბახტაძეს თავს დაესხნენ – 2019 წლის 20 მაისს „მედცენტრის“ წინ მდებარე სკოლის ეზოში მას თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება ამ საქმეზე დღემდე არ დასრულებულა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: