ვის სურს აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობა – უმაღლესი საბჭო სიას მალავს

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს, 26 სექტემბერს, ღამის 12 საათზე სრულდება. საღამოს 6 საათის მონაცემებით, ბორდის წევრობის სურვილი 22-მა კანდიდატმა დააფიქსირა და შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭო არ ასაჯაროებს სიას – ვის სურს ბორდის წევრობა. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ სია მას შემდეგ გასაჯაროვდება, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მრჩეველთა საბჭოს წევრობას აპირებენ „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლები: თამილა დოლიძე, ფირუზ ბოლქვაძე, გია ქარცივაძე, ასევე ტელევიზიის ყოფილი დირექტორი – სოსო სტურუა. იგი ამჟამად „აჭარის მუზეუმის“ დირექტორის მოადგილეა.

„ბათუმელებს“ ყველა მათგანმა დაუდასტურა ეს ინფორმაცია.

„ბათუმელებს“ ბორდის წევრობის სურვილი ასევე დაუდასტურეს: ნათია სირაბიძემ – ამერიკული აკადემია „პროგრესის“ აღმასრულებელმა მენეჯერმა, ეთნოლოგმა, უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა რუსლან ბარამიძემ, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა არჩილ ხახუტაიშვილმა, უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწემ სოფიო კობალაძემ, ევგენი თავდგირიძემ [რეპეტიტორი], დიანა ვაშაყმაძემ – პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კონსტიტუციონალისტმა ნიკოლოზ მეგრელიშვილმა.

ბორდის წევრობას პოლიტიკოსიც აპირებს – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ქამადაძე. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართა. ლევან ქამადაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს შუახევის გამგებელი იყო.

მომავალი ბორდის წევრობა დღეს მოქმედი ბორდის ერთ-ერთ წევრs – ბეჟან გობაძესაც სურს. იგი მრჩეველთა საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდა.

„არ ვაპირებ საბუთების შეტანას“ – გვითხრა გიორგი კოხრეიძემ. იგი აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატი იყო და სასამართლოს მიმართა, რადგან მიიჩნევს, რომ არჩეული დირექტორი უკვე თვითონ არის. გიორგი კოხრეიძის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ „აჭარის ტელევიზიაში“ დაწყებული დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეაჩერა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ოთხ წევრს: ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს [არ აპირებენ ახალ კონკურსში მონაწილეობას], ირაკლი დარცმელიძეს [ვერ დავუკავშირდით] და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურებათ. ბორდის კიდევ ერთი წევრი – გოგა ჩხარტიშვილი უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის პირველ ნოემბერს აირჩია.

უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ბორდის ოთხი წევრი უნდა აირჩიოს: ორი კვოტა „ქართული ოცნების“ ფრაქციებს ეკუთვნით. ერთ კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელებს, ერთს – ფრაქციის მიღმა დარჩენილი დეპუტატები: პეტრე ზამბახიძე „ევროპული საქართველოდან“, გიორგი ცინცქილაძე „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობიდან“ და მერაბ ბლადაძე „პატრიოტთა ალიანსიდან“. დასახელებულ კანდიდატს უმაღლესი საბჭოს მინიმუმ შვიდმა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.

რატომ არ ასაჯაროებს უმაღლესი საბჭო კანდიდატების სიას? – უმაღლეს საბჭოში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მიგვითითეს, რომლის მიხედვითაც დავით გაბაიძეს განაცხადების რეგისტრაციის დასრულებიდან ხუთდღიანი ვადა აქვს საკონკურსო კომისიის დასაკომპლექტებლად. ამავე ვადაში უნდა გამოქვეყნდეს კანდიდატთა სია. ამ ვალდებულების პარალელურად, კანონი არ უკრძალავს უმაღლეს საბჭოს სიის გასაჯაროებას ახლაც, თუმცა პრესსამსახურში ვერ გვითხრეს, რატომ არ სურს ბორდის წევრობის კანდიდატთა სიის გასაჯაროება უმაღლეს საბჭოს.

პრესცენტრში განმარტეს, რომ კანდიდატების სიებს უმაღლესი საბჭოს საიტზე ხუთი დღის ვადაში გამოაქვეყნებენ მას შემდეგ, როცა დავით გაბაიძე განკარგულებას მოაწერს ხელს.

ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „ფორმალურად კანონს არ არღვევს უმაღლესი საბჭო, მაგრამ მეორეა მიზანშეწონილობის საკითხი. როცა ინტერესი საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ მიმართ ასეთი მაღალია, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების დროს, რატომ შეიძლება არ ასაჯაროებდე სიას დღეს ან ხვალ? ამ სიის გამოქვეყნებას არ სჭირდება ფართომასშტაბიანი ღონისძიება და მონაცემების სისტემატიზაცია. თუკი კანდიდატების სია არ გასაჯაროვდება ხუთი დღე, ეს აჩენს ეჭვს, რომ რაღაც სხვა პროცესი მზადდება“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის წევრობის კანდიდატებს, პირველ ეტაპზე, 5-კაციანი საკონკურსო კომისია გასაუბრების გზით შეარჩევს და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს 12 კანდიდატს. კომისიას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დააკომპლექტებს.

კანდიდატების სია, რომლებმაც „ბათუმელებს“ 20:00 საათისთვის დაუდასტურეს კონკურსში მონაწილეობა:

  1. ნათია სირაბიძე
  2. რუსლან ბარამიძე
  3. არჩილ ხახუტაიშვილი
  4. ევგენი თავდგირიძე
  5. დიანა ვაშაყმაძე
  6. თამილა დოლიძე
  7. ფირუზ ბოლქვაძე
  8. ნიკოლოზ მეგრელიშვილი
  9. გია ქარცივაძე
  10. სოსოს სტურუა
  11. ბეჟან გობაძე
  12. ლევან ქამადაძე
  13. სოფიო კობალაძე

კანდიდატების სია, რომელიც აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა:

  1. ნანა ახვლედიანი
  2. ირაკლი ანთიძე
  3. რაულ ბერიძე
  4. გელა ღოღობერიძე

ვინ არის და რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი

26 სექტემბერს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილს ხელი პირზე მიარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა და ეკა ბესელიას ასე „შეახსენა“ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე.

ბესელიასა და ზარდიაშვილის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ გახდა შესამჩნევი, როცა ეკა ბესელიამ დატოვა „ქართული ოცნება“ და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად წინა ხელისუფლების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი და „სასამართლოს კლანი“ დაასახელა. მაშინ ზარდიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლას დანაკარგად არ მიიჩნევს.

პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი ხშირად ასოცირდება ე.წ. სასამართლოს კლანთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ვანო ზარდიაშვილი მეჯვარეები არიან, ხოლო ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა 2015 წელს ლევან მურუსიძის ბრძანებით დაინიშნა იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. მურუსიძე 2018 წელს დანიშნა იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ.

პარლამენტარი ზარდიაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა და როგორც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მისი CV-დან ჩანს, მისი სამუშაო გამოცდილება 2004 წელს დაიწყო, როცა ზარდიაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი იყო. 2004 წელი მომავალი დეპუტატისთვის, როგორც ჩანს, წარმატებული იყო, ზარდიაშვილის რეზიუმეში მითითებულია, რომ ამავე, 2004 წელს, იგი იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თანაშემწე და ასევე, 2004 წელს – საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მრჩეველი.

2008 წლიდან ზარდიაშვილის კარიერა უკვე თბილისის მერიაში გაგრძელდა. 2007 წელს იგი თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, 2007-2010 წლებში იყო თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე,  2010-2012 წლებში – უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ვანო ზარდიაშვილმა მუშაობა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო, სადაც იგი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2013 წელს ზარდიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2013-2016 წლებში კი – სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე.

2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის ქონებას, დეკლარაციების მიხედვით ჩანს, რომ მისი ქონება წლიდან წლამდე იზრდება. 2013 წელს ვანო ზარდიაშვილს 2 ბინა ჰქონდა თბილისში, 2015 წელს მის დეკლარაციაში 6 ბინაა ასახული, უკვე 2019 წლის დეკლარაციის თანახმად კი, პარლამენტარ ზარდიაშვილსა და მის მეუღლეს 8 ბინა და 1 კომერციული ფართობი აქვთ.

ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ორი ბინა – 110 კვ.მ თბილისში და  51,6 კვ.მ ბათუმში – თინათინ აბრალავას  მშობლებმა აჩუქეს.

2018 წელს ვანო ზარდიაშვილმა 46 796 ლარი მიიღო როგორც პარლამენტის წევრმა, თინათინ აბრალავამ კი – 54 636.

წელს ვანო ზარდიაშვილს აშშ-დან მიღებული აქვს ფულადი გზავნილი – 34 448 $, დედისაგან. პარლამენტარს „თი ბი სი ბანკში“ აქვს მიმდინარე სესხი – 110 000 $, მის მეუღლეს კი იჯარით გაცემული ქონებიდან აქვს შემოსავალი – 21 182 ლარის ოდენობით.

დეკლარაციაში ასახულია პარლამენტარის შვილების სწავლის გადასახადიც – 3500 $ და  2750 ლარი – ბაღის გადასახადი.

დეკლარაციაში ასახული არ არის, რომ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა, ფლობს 5-პროცენტიან წილს შპს „პენტჰაუსში“. reginfo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თინათინ აბრალავა მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრის, ანზორ აბრალავას შვილია, რომელიც ასლან აბაშიძის „აღორძინების კავშირის“ პარტიული სიით მოხვდა პარლამენტში. ამჟამად ანზორ აბრალავა შპს „იბერია-ექსპრესის“ 25-პროცენტიანი და „თამ მენეჯმენტ გრუფის“ 1.50-პროცენტის მფლობელია.

______

ფოტოზე: ვანო ზარდიაშვილი. ფოტო: პირველი არხი

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე N6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება. არსებული კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და ახალი კორპუსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 491 578 ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯიასა“ და აჭარის განათლების სამინისტროს შორის კი ხელშეკრულება, 2 890 062 ლარზე, 2019 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა.

კომპანიის დირექტორის, მერაბ ბერიძის ინფორმაციით, სკოლის ეზოში უკვე შეტანილია სპეციალური მასალები, შემოიღობება ტერიტორია და დაიწყება ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები.

ახალი კორპუსის მშენებლობა 2021 წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. რაც შეეხება არსებული კორპუსის რეაბილიტაციას, ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები, სავარაუდოდ, 2021 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში შესრულდება.

სამინისტროს განცხადებით, პროექტის მიხედვით „უნდა აშენდეს სამსართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 540 მოსწავლეზე ერთ ცვლაში. შენობაში განთავსდება 18 საკლასო ოთახი და დამხმარე ოთახები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო. შენობა ადაპტირებული იქნება, მოეწყობა ლიფტი, შესაბამისი სველი წერტილები და პანდუსი. ასევე, განხორციელდება არსებული შენობის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია. ეზო სრულად კეთილმოეწყობა. აქვე განთავსდება ღია სპორტული მოედანი ტრიბუნებით“.

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის არსებული კორპუსი [მარჯვნივ] და ტერიტორია, სადაც ახალი კორპუსი უნდა აშენდეს / ფოტო „ბათუმელები“ / 25.09.2019
მთავარი ფოტო: მე-6 სკოლის ახალი კორპუსის მაკეტი პროექტიდან

ამ სკოლის არსებული შენობის მხოლოდ ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე ტენდერი სამინისტრომ 2018 წლის თებერვალშიც გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე დღეში ტენდერი შეწყვიტა. სატენდერო თანხა 610 769 ლარი იყო.

ტენდერის შეწყვეტის შესაბამის ოქმში ვკითხულობთ, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია და ახალი კორპუსის მშენებლობა ერთი პროექტია, ამიტომ ის უნდა გადასცემოდა ბათუმის მუნიციპალიტეტს. თუმცა პროექტს ისევ სამინისტრო განახორციელებს.

ამ თემაზე:

აშენდება თუ არა ბათუმში ახალი საჯარო სკოლა

 

 

2020 წელს ბათუმის მე-2 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება

2019 წელს აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი შეისყიდა. თუმცა, როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, მომავალ წელს სკოლის რეაბილიტაცია არ დაიწყება.

„პროექტი შესყიდული და შეთანხმებულია, რომელზეც სააქციო საზოგადოება „აჭარკაპმშენმა“ იმუშავა. პროექტი შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთანაც, თუმცა 2020 წელს სკოლის რეაბილიტაცია ვერ დაიწყება,“ – გვითხრა აჭარის განათლების სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ჯემალ სურმანიძემ.

მისი თქმით, სკოლის ძველი და ახალი კორპუსის სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით ორი მილიონი ლარია საჭირო.

„2019 წელს დაახლოებით 50 პროექტი ვიყიდეთ და, ბუნებრივია, ყველა ერთად ვერ დაიწყება. ეს პროექტები გადანაწილდება რამდენიმე წელზე, მომავალ წელს დაგეგმილია 11 სკოლის მშენებლობა და 17 სკოლის რეაბილიტაცია აჭარის მასშტაბით. ამისთვის 9 მილიონ 248 ათასი ლარი იქნება ბიუჯეტში გათვალისწინებული,“ – ამბობს ჯემალ სურმანიძე.

მეორე საჯარო სკოლას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ის 1900 წელს აშენდა, სადაც ქალთა გიმნაზია იყო განთავსებული.

სკოლის შენობის რეაბილიტაციაზე რამდენიმე წელია მსჯელობენ.

ამ სასწავლო სკოლაში 1902 მოსწავლე სწავლობს.

ამავე თემაზე:

მეორე სკოლის შენობაზე დაშენება არ იგეგმება – შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 253 ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე ასე გამოიყურება:

პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 239

დარღვეულია დგომის მეთოდი – 1

ნიშანში დგომა – 8

ტროტუარზე დგომა – 3

დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 1

იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 1

პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები გადაღებულია 25-26 სექტემბერს.

რეჟისორი მიშა ჩარკვიანი ბოშებზე – „ეს ეთნიკური უმცირესობა მივიწყებულია“

მიშა ჩარკვიანი, რეჟისორი

ბოშები საერთოდ არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში. ეს ეთნიკური უმცირესობა მივიწყებულია. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი პირადობის მოწმობის გარეშეა და ისინი ვერ სარგებლობენ სახელმწიფო დაზღვევით, ვერ იღებენ ვერავითარ დახმარებას, განათლებას, ვერ ვითარდებიან… მათი ცხოვრება ძალიან შორსაა იმ ელემენტარული საჭიროებებისგან, რაც ადამიანს ყოველდღიურად უდგას.

ჩვენს ქვეყანაში ისედაც ძალიან ცოტა ადამიანს ეძლევა საშუალება, გაიუმჯობესოს ცხოვრება. ეს ასმაგად რთულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საერთოდ არ არიან ინტეგრირებული და ვერავითარი სახელმწიფო დახმარებით ვერ სარგებლობენ.

მგონია, რომ [პროცესი] სახელმწიფომ დოკუმენტაციის მოწესრიგებით უნდა დაიწყოს – საბუთების გაცემით, რათა ისინი იყვნენ სრულფასოვანი მოქალაქეები. საზოგადოება, რა თქმა უნდა, ღიად უნდა შეხვდეს იმ ხალხს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს და ჩვენივე საზოგადოების ნაწილია. ეს რთული პროცესი იქნება, რადგან მათი რეპუტაცია გაფუჭებულია ხალხში. ერთი მხრივ, ქსენოფობია იჩენს თავს საზოგადოებაში და მეორე მხრივ, მათი საქმიანობის გამო – ეს გარიყული საზოგადოებაა.

სახელმწიფო უნდა ეცადოს ცნობიერების ამაღლებას. საჭიროა პროგრამები, რომლებიც ამ ხალხს დაახლოებს და შექმნის სივრცეებს ურთიერთობისთვის. საზოგადოებაში ინტეგრაცია სხვა არაფერია, თუ არა სურვილი, რომ ეურთიერთო ადამიანებს, გიყვარდეს ისინი და გულშემატკივრობდე მათ. მნიშვნელოვანია საზოგადოება ჩაერთოს ამ პროცესში.

ზოგადად, სტიგმები ამ ქვეყანაში ძალიან რთულად დაიძლევა. ის იარლიყები, რაც ბოშებს მიაწებეს, აღარ აძლევს მათ განვითარების საშუალებას, რათა მათ აღარ დაიმსახურონ კრიტიკა. ამისთვის სახელმწიფომ უნდა გააჩინოს სამუშაო ადგილები, სადაც  ბოშები დასაქმდებიან, განვითარდებიან, იქცევიან მშრომელ ადამიანებად და ეს იქნება დადებითად შეფასებული საზოგადოების მხრიდან. ეს, ალბათ, ხუთ წელიწადში არ მოხდება, უფრო ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიღწევადია, თუ საზოგადოება შეჯერდება, რომ ეს მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა შეჯერდეს.

1 მოსწავლესაც რომ სჭირდებოდეს, სკოლას აჭარაში ტრანსპორტი დაენიშნება – სამინისტრო

2020 წლიდან აჭარის მაღალმთიან სკოლებს ტრანსპორტით აჭარის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს, აქამდე ეს პროექტი ცენტრალიზებულად ხორციელდებოდა. ძველი პროექტის მიხედვით, ტრანსპორტით უზრუნველყოფა 176 სკოლას სჭირდება, თუმცა როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს.

სკოლების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„ძირითადად მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სკოლებია, სადაც ფეხით გადაადგილდებიან ბავშვები და ზამთრის პერიოდში გადაადგილება ჭირს. დაახლოებით 176 სკოლაზეა ამ დროისთვის საუბარი, თუმცა დეტალების დაზუსტება ოქტომბერში დაიწყება და შესაძლოა რომელიმე სკოლა დაემატოს,“ – ამბობს აჭარის განათლების სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

მისივე განმარტებით, ნოემბრის ბოლოს უკვე ეცოდინება სამინისტროს, თუ რომელ სკოლას სჭირდება ტრანსპორტით მომსახურება.

სკოლების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის სამინისტრომ ტენდერი უნდა გამოაცხადოს, სადაც გაწერილი იქნება შესყიდვის ტექნიკური დეტალები.

„ტრანსპორტი აუცილებლად უნდა იყოს გამართული, ახალი და მძღოლი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს,“ – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

მისი თქმით, გადასაყვანი ბავშვების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, ტრანსპორტით მომსახურება შეუძლია მოითხოვოს სკოლამ იმ შემთხვევაშიც, თუკი მომსახურება ერთ მოსწავლეს სჭირდება, „მანძილი თუ არის შორი, ყველა შემთხვევაში დაენიშნება სკოლას ტრანსპორტი“.

ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის თქმით, სჭირდება თუ არა სკოლას ტრანსპორტი, ამის შესახებ კვლევას რესურსცენტრები აწარმოებენ: „სკოლა მიმართავს რესურსცენტრს, ის შეისწავლის, თუ რამდენად სამართლიანია მოთხოვნა და შემდეგ სამინისტროში აგზავნის ამ მოთხოვნას. ჩვენ ფაქტობრივად, რესურსცენტრის დასკვნას ვენდობით.“

მე-4 კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების ახლებურად წარდგენა 2021 წლამდე არ ევალებათ

მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშგების ახლებურად წარდგენა 2021 წლამდე სავალდებულო აღარ არის. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო. ამ კატეგორიის კომპანიებს ახალი სტანდარტის შესაბამისად ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე ჰქონდათ. ანგარიშგების არწარდგენის შემთხვევაში ისინი 500 ლარით დაჯარიმდებოდნენ, რაც შემდეგ გაორმაგდებოდა.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შესაბამისი ცვლილება კანონში ჯერ არ ასახულა, თუმცა მთავრობის თანხმობა ამ ცვლილებაზე ნიშნავს, რომ მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის ანგარიშგების წარდგენა დღეიდან ნებაყოფლობითია.

„შესაბამისად, ამ კატეგორიის კომპანია თუ 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე არ წარადგენს ფინანსურ ანგარიშგებას, ეს მათ დაჯარიმებას არ გამოიწვევს. პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე და ცვლილება შესაბამის კანონშიც აისახება,“ – გვითხრეს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში.

ცვლილება უნდა აისახოს საქართველოს კანონში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“.

ამ კანონის მიხედვთ, მეოთხე კატეგორიის საწარმო [კომპანია] არის ის სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

[checklist]

  • აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
  • შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
  •  საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება;

[/checklist]

ამავე კანონით, „სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია, მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, მეოთხე კატეგორიაში დაახლოებით 60 ათასამდე კომპანიაა. აქედან 15 ათასამდე კომპანიას უკვე წარდგენილი აქვს ანგარიშგება.

 

„კითხვარი შედგენილია მოსკოვში“ – NATO-ს წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვა

გამოკითხვა, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ ბათუმში ატარებს, NATO ნახსენები საერთოდ არ არის, თუმცა იგი იწყება კითხვით „სამხედრო მიუმხრობლობის“ შესახებ. აქვე განმარტებულია „მიუმხრობლობა“ რასაც გულისხმობს: „საქართველო არ იქნება არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი“. მიუმხრობლობის გარდა, ნახავთ კითხვას „პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და ცხინვალთან“. მესამე შეკითხვა რეზოლუციის მიღებას ეხება: „ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად“.

გამოკითხვის ფურცელში აღნიშნულია, რომ მას „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ატარებს. „პატრიოტთა ალიანსის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ პარტია არავითარ გამოკითხვას არ ატარებს. შემდეგ „ბათუმელები“ ირმა ინაშვილს დაუკავშირდა. მის ტელეფონზე თანაშემწემ გვიპასუხა და თქვა, რომ ინაშვილი დაკავებულია და კითხვას „პატრიოტთა ალიანსის“ თანამშრომელი – მარინა მოლოდინი უპასუხებს.

„კი, ჩვენ ვატარებთ გამოკითხვას. ბათუმში დავიწყეთ და შემდეგ სხვა ქალაქებშიც ჩატარდება… მიზანი არის ის, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შეიტანოს „პატრიოტთა ალიანსმა“, – გვიპასუხა მარინა მოლოდინმა.

რას ნიშნავს რეალურად „სამხედრო მიუმხრობლობა“, ან რამდენად რეალურია საუბარი „პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და ოსეთთან“? -„პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვის კითხვარის შეფასება „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტს, ბათუ ქუთელიას ვთხოვეთ.

  • ბატონო ბათუ, პირველი შეკითხვა ეხება „სამხედრო მიუმხრობლობას“. აქვე განმარტებული აქვთ, რას  გულისხმობენ „მიუმხრობლობაში“ – საქართველო არ იქნება არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი, საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსდება უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები, საქართველოს ტერიტორიაზე არ ჩატარდება წვრთნები უცხო ქვეყნების მონაწილეობით. ამავე კითხვაში არის ფრაზა: „ევროინტეგრაციის შენარჩუნებასთან ერთად“. არის თუ არა „მიუმხრობლობა“ უარი ნატო-ში ინტეგრაციაზე და ე.წ. ნეიტრალიტეტის მხარდაჭერა, რაზეც რუსეთი საუბრობს? 

რა თქმა უნდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნიშნავს სამხედრო ბლოკში გაერთიანებას. ყველა დანარჩენი პასუხი არის წმინდა წყლის რუსული პროპაგანდა. რეალურად ნატო-ში გაწევრიანება სურს ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტს, რადგან ეს არის ერთადერთი მექანიზმი იმის, რომ დიდი ხნით შეძლოს ჩვენმა ქვეყანამ უსაფრთხოების დაცვა და მშვიდობიანად აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ამ საკითხის ასეთი ფორმით გამოტანის დროს ისინი ემსახურებიან იმ მიზანს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი დააზიანონ.

რა შუაშია მიუმხრობლობა რუსეთს, თურქეთს, ამერიკას და ნატოს შორის? როგორ შეიძლება ამ ქვეყნების ერთ სიბრტყეში დაყენება? რუსეთი არის მტერი და იპყრობს ჩვენს ტერიტორიებს, ნატო – მოკავშირე. სინამდვილეში ძალიან მარტივია: მტერი არის მტერი, მოყვარე არის მოყვარე და, ბუნებრივია, მას უნდა მიემხრო.

  • რეალურად, რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის სამხედრო წვრთნებს უცხო ქვეყნების მონაწილეობით? 

ეს წვრთნები ნიშნავს იმას, რომ საქართველომ მიიღოს დასავლური შეიარაღება და საქართველოს ჯარი იყოს გაწვრთნილი თანამედროვე სტანდარტით. საქართველოს ტერიტორიებზე წვრთნებს აქვს ის ფასი, რომ ქართულ ჯარს შეეძლოს საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, საქართველო არ ვითარდება როგორც სახელმწიფო, კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ჩვენ გვყავს პარტნიორი ქვეყნები, ვისთანაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ექსტრემიზმი, ტერორიზმი ან რუსული აგრესიის შეკავება არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის საფრთხე. რეგიონული თანამშრომლობა, მაგალითად, შავი ზღვის თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი სწორედ ამ კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის წვრთნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას აძლიერებს. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენი წილი უნდა შევიტანოთ უსაფრთხოების დაცვაში. განყენებულად, იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ ეს უსაფრთხოება. გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.

  • გამოკითხვის მეორე კითხვა ასეთია:მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით, მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგით, ეკონომიკური ურთიერთობების და საჰაერო კომუნიკაციის აღდგენით, სავიზო რეჟიმის გაუქმებით“? 

ეს საფუძველშივე არასწორი კითხვაა. რუსეთი არის მტერი და მუდმივად სურს, რომ არშემდგარი სახელმწიფო იყოს საქართველო. ამისთვის იგი აკეთებს ყველაფერს. საქართველოს დემოკრატიული გზა 180 გრადუსით სხვაგან მიდის, ვიდრე რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი. რუსეთის დახმარებით პრობლემის მოგვარებაზე საუბარი არის მცდარი.

საქართველო თუ იქნება წარმატებული დემოკრატია, ბუნებრივია, საქართველოს ექნება უფრო მყარი პოზიციები და მას ექნება დიალოგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან. ჩვენ ამ პროცესში გვჭირდება დასავლელი პარტნიორები და არა რუსეთი, რომლის შეიარაღებული ძალები ახლაც დგანან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოსკოვის ჩართვით ამ პროცესში რუსეთს ვაძლევთ მთავარ ბერკეტს იმისთვის, რომ საქართველომ ვერასდროს აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

  • შესაძლებელია თუ არა კითხვების ამგვარი ფორმულირებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღოს გამოკითხული პირის თანხმობა, მაგალითად, „პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან“ იმ რისკის გათვალისწინებით, რაზეც ახლა ისაუბრეთ? 

ჩემი აზრით, ეს კითხვარი შედგენილია პირდაპირ მოსკოვში. ეს პირდაპირ რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაწერილი კითხვებია. ეს არ არის ახალი. მსგავსი ტექნოლოგიებით იმუშავა რუსეთმა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ბალტიისპირეთში ცდილობდა შეეჩერებინა ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. იმედი მაქვს, რომ არც საქართველოში გამოუვათ. რა თქმა უნდა, გამოკითხვაში ნახსენები პირდაპირი დიალოგი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი კითხვაა: რუსეთს რა როლი აქვს ამ პროცესში? რუსეთი არის მტერი და ეს არის აქ წყალგამყოფი. გამოკითხვის ავტორები ცდილობენ, დააბნიონ მოქალაქე, რომელსაც შესაძლოა მოსწონდეს ეს „პირდაპირი დიალოგი“.

  • რა მიზანი აქვს ამ დროს რუსულ პროპაგანდას. თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებში ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს.

საქართველოში ძნელია დამალო, როცა რუსული პროპაგანდის რუპორი ხარ. მოსახლეობა ამ კავშირს პირდაპირ ხედავს. მოსახლეობამ იცის, რომ რუსეთი აწარმოებდა ომს ჩვენ წინააღმდეგ და ახლაც გვართმევს ტერიტორიებს, დაინახა, რომ უკრაინის წინააღმდეგაც იმავეს აკეთებს. მოსახლეობა ხედავს, რომ ერთადერთი საშუალება უსაფრთხოების დასაცავად არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არჩევანი ძალიან ნათელია.

რუსული პროპაგანდა ცდილობს ე.წ. ნეიტრალიტეტის შემოგდებას, ანუ მიუმხრობლობის მიმართ მხარდაჭერის გაჩენას. ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსენსუსი. ეს კონსენსუსი საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არსებობს. რუსული პროპაგანდის ამოცანაა – ბზარი გააჩინოს ამ კონსენსუსში. თუკი ჩვენ ხელს ჩავიქნევთ, ამით დამთავრდება საქართველოს ყველა პერსპექტივა.

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს ნატო-ში გაწევრიანება. ეს ნიშნავს დიდი ხნით საქართველოს შეუქცევად უსაფრთხოებას და დაცულობის გარანტიებს, ეკონომიკურ კეთილდღეობას, სტაბილურობას, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენას… ამაზე უარი კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ღარიბ, პერიფერიულ დანამატად იქცე, ვერასდროს ჩამოყალიბდე დემოკრატიულ და წელში გამართულ სახელმწიფოდ.

„პატრიოტთა ალიანსის“ კითხვარი, რომლითაც ბათუმში გამოკითხვებს ატარებენ

 

 

 

PHR: აუტიზმის მქონე 9 წლის პეტრე სასამართლომ და პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, აუტიზმის მქონე 9 წლის ნაცემი პეტრე  პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია.

„ბავშვი პერიოდულად სახლიდან გარბის. იგი ვერ ლაპარაკობს. მოწმეები მიუთითებენ, რომ მამა ღიზიანდებოდა პეტრეს დიაგნოზით გამოწვეულ ქცევებზე და ქამრით სცემდა. მამა კრძალავდა პეტრეს ჩართვას თერაპიულ კურსებში და ბავშვის დიაგნოზის გამო დედას ადანაშაულებდა. იგი ბავშვს აუტიზმის დიაგნოზის გამო სასტიკად სჯიდა“.

ორგანიზაცია წერს, რომ გამოძიებამ, რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტზე 2018 წლის სექტემბერში დაიწყო, გამოავლინა, რომ ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ დედაც და პეტრეს დებიც, რომელთა თანდასწრებითაც მამა ცემით და საგნების სროლით უსწორდებოდა მეუღლეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს.  პროკურატურამ ძალადობის მსხვერპლად ცნო დედა და ორი შვილი, მაგრამ უარი თქვა პეტრესთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე,

პროკურორი დადგენილებაში აღნიშნავს: „მართალია, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული რიგი მოწმეები უთითებენ, რომ ბავშვის მიმართ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, თუმცა სისხლის სამართლის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი ინფორმაცია-მტკიცებულება, რომ აღნიშნულმა ქმედებამ ბავშვის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია“.

PHR-ის შეფასებით, ამით პროკურატურამ განაცხადა, რომ  9 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომლის ქამრით და ხელით ცემას არაერთი მოწმე ადასტურებს, დანაშაულის მსხვერპლი არ არის, რადგან ის სიტყვიერად ვერ აღწერს განცდილ ტკივილს.

„პროკურატურისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა არც ის ფაქტი, რომ პეტრე ქამრის დანახვაზე უმძიმეს ემოციურ რეაქციას გამოხატავდა  და ყველა საშუალებით გაურბოდა მოძალადესთან ერთ სივრცეში დარჩენას. პროკურატურამ არ გაითვალისწინა არც ფსიქოლოგის დასკვნა, რომელშიც ბავშვები აღწერენ პეტრეს მიმართ განხორციელებულ  უმძიმეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფიზიკურ ძალადობას“.

საქმეში ჩართულმა PHR-ის ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა, რომელმაც  არ გაიზიარა საჩივარი და უცვლელად დატოვა  პროკურორის დადგენილება 9 წლის აუტიზმის მქონე ბავშვისთვის დაზარალებულის სტატუსზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, რომელმაც ასევე არ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატის საჩივარი.

PHR-ის შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შემაშფოთებელ პრეცედენტს ქვეყანაში.

ორგანიზაციის შეფასებით, დისკრიმინაციული მოტივით მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის უგულებელყოფა ჯერ საქართველოს პროკურატურის, შემდეგ კი სასამართლო სისტემის მხრიდან.

„აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს არა მხოლოდ ერთი ბავშვის კონსტიტუციურ უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან, არამედ, წაახალისებს დაუსჯელობას ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ ქვეყანაში. 9 წლის აუტიზმის მქონე ბავშვის მიმართ აშკარა მტკიცებულებებით დადასტურებული ფიზიკური ძალადობის დაუსჯელი დატოვება ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების კუთხით“.

გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის მშენებლობა კონტრაქტორი კომპანიის მიზეზით შეფერხებულია – მთავრობა

საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, მცირდება დონორული დაფინანსება გრიგოლეთი-ქობულეთის [ჩოლოქის] ახალი გზის მონაკვეთის მშენებლობაზე კრედიტების ნაწილში 22.7 მილიონი ლარით. შესაბამისად, ჯამურად, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 58.5 მილიონი ლარი მიიმართება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეფერხება გამოწვეულია კონტრაქტორი კომპანიის მიერ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14  კმ-იან მონაკვეთს ერთობლივი საწარმო „პოლატიოლი და მაპა“ აშენებს, რომელთანაც ხელშეკრულება 2018 წლის ბოლოს გაფორმდა.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს. პროექტი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.

ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განმარტებითი ბარათით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის კომპონენტში მიმდინარე წელს კრედიტის დაფინანსების ნაწილი ჯამში 143.9 მილიონი ლარით მცირდება, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაწილში იზრდება 36.7 მილიონი ლარით.

ცვლილების გათვალისწინებით, 2019 წელს ამ მიმართულებით 707 მილიონი ლარი დაიხარჯება, მათ შორის საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში – 455 მილიონი ლარი.

„მიმდინარე წლის პროექტების შესრულების პროგნოზი, მათი განსაკუთრებული მასშტაბურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, საჭიროებს კორექტირებას და დაფინანსება ნაწილობრივ გადაინაცვლებს მომდევნო წლებში. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის ოთხივე კომპონენტზე მიმდინარე წლის თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო 315.9 მლნ ლარის დახარჯვა, თუმცა პროექტის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი რიგი სირთულეებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ათვისებული იქნება ჯამში 130 მლნ ლარამდე,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით:

[crosslist]

  • „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB), კრედიტის ნაწილში მცირდება 56.0 მლნ ლარით, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირედი ზრდის გათვალისწინებით ჯამურად მცირდება 54.6 მლნ ლარით და მიმდინარე წელს ასათვისებელი რესურსი განისაზღვრება 25,5 მლნ ლარით. აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხება ძირითადად გამოწვეულია განსახლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეებით;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა ძირულას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB), კრედიტის ნაწილში მცირდება 80.8 მლნ ლარით, ხოლო მასთან დაკავშირებული თანადაფინანსების შემცირების გათვალისწინებით ჯამურად მცირდება 93.6 მლნ ლარით. აღნიშნულ მონაკვეთზე 2019 წელს მიიმართება ჯამურად 26.4 მლნ ლარი. აღნიშნულ კომპონენტში შეფერხება გამოიწვია საზედამხედველო კომპანიის შერჩევის გაჭიანურებამ;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (JICA) მცირდება 38.6 მლნ ლარით (სრულად კრედიტის ნაწილში) და მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 21,4 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით შეიცვალა დონორი. ამ მონაკვეთზე პროექტს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს [JICA] ნაცვლად აზიის განვითარების ბანკი [ADB] დააფინანსებს.

[/crosslist]

[checklist]

  • „რაც შეეხება პირველ კომპონენტს – თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) – აღნიშნული მონაკვეთის დაფინანსებისათვის კანონით განსაზღვრულია 55.6 მლნ ლარი და სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“.

[/checklist]

კანონპროექტის მიხედვით, საგზაო პროექტებში გამოთავისუფლებული რესურსით იზრდება:

  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB) დაფინანსება 125,8 მლნ
    ლარით, მათ შორის კრედიტის ნაწილში 106 მლნ ლარი. ჯამურად ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ათვისებული იქნება 270.7 მლნ ლარი;
  • ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობა დაფინანსება იზრდება 20,5 მლნ ლარით და ჯამურად 74.5 მლნ ლარით განისაზღვრება;
  • საავტომობილო გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის დაფინანსება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან შიდა გზებს, იზრდება 107 მლნ ლარით და ჯამურად ამ მიმართულებით 588.2 მლნ ლარი მიიმართება.
  • რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში პროექტების დაფინანსება, რომელიც მოიცავს სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტებს, მცირდება 42.3 მლნ ლარით, მათ შორის კრედიტის ნაწილში 36.6 მლნ ლარით. ჯამურად ამ მიმართულებით 2019 წელს მიიმართება 258.2 მლნ ლარი. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია რუსთავი-თბილისის საავტომოვილო გზაზე განსახლების ღონისძიებების გაჭიანურებით.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების კანონპროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში დღეს, 26 სექტემბერს, დაიწყო.

მთავარი ფოტო: ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ჩოლოქთან [შეკვეთილში], ადგილი, სადაც ამ გზას გრიგოლეთი-ქობულეთის ახალი გზა უნდა შეუერთდეს

ამავე თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

234 533 ლარი ბათუმის იუსტიციის სახლის ფასადის დეკორატიული განათებისთვის

სსიპ „იუსტიციის სახლს“ ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის ფასადის დეკორატიული განათების მოსაწყობად 234 533 ლარი აქვს გათვალისწინებული. იუსტიციის სახლმა შენობის განათების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.

„სამუშაოთა სპეციფიკიდან გამომდინარე მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს იუსტიციის სახლის ნორმალური ფუნქციონირება“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში. იუსტიციის სახლის ბათუმის ფილიალის შენობაშია განთავსებული აჭარისა და ბათუმის პროკურატურაც.

„დამონტაჟებულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის სრულყოფილი და თანაბარი განათება მთელ სიმაღლეზე [14 სართული, დაახლოებით 55 მეტრი). DMX მართვა უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას ავტომატურ რეჟიმში იცვლებოდეს ფერები სხვადასხვა, წინასწარ დაპროგრამირებული სქემებით“ – აღნიშნულია პირობებში.

ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის განათება, ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 13 ოქტომბერს დაიწყება და 16 ოქტომბერს დასრულდება.

ბათუმის იუსტიციის სახლი 2011 წლის 26 მაისს გაიხსნა / ფოტო: adjara.gov.ge
მთავარი ფოტო: ბათუმის იუსტიციის სახლი [მარცხნივ] / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ქარტიის საბჭო ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეაჩერა ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მეოთხე კონკურსი კონკურსის ბოლო დღეს.

„მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა პროცესზე პოლიტიკურ გავლენებზე მიანიშნაეჭვები გამოთქვა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ზოიძემ, თავად მაუწყებლის ჟურნალისტები კი ქარტიასთან გამოთქვამენ შიშს, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება დირექტორის არჩევაში ხელისუფლების ჩარევას მიანიშნებს.

ქარტიის საბჭო იზიარებს ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ეჭვებსა და შიშს. გვსურს ხაზი გავუსვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ როლს და იმ მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელობას, რითიც აჭარის ტელევიზია და რადიო გამოირჩევა. ამ მიუკერძოებლობის შენარჩუნება უნდა იყოს უპირველესი ამოცანა როგორც მრჩეველთა საბჭოსთვის, ისე ყველა იმ პირისთვის, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად ზეგავლენა აქვს პროცესზე. შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ყველა ქმედებას და გაიაზროს ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, საბოლოოდ კი აუდიტორიას“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ 23 სექტემბერს, გამოსცა განჩინება, რის საფუძველზეც შეაჩერა აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული მეოთხე კონკურსი. ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა კონკურსანტმა, გიორგი კოხრეიძემ, უჩივლა სასამართლოში.

სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი აქამდე სამჯერ გამოაცხადა. გიორგი კოხრეიძემ პირველ ორ კონკურსში 0 ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ერთი ხმის საჭიროებას ადგენს.

გიორგი კოხრეიძემ სასამართლოს მიმართა და საბჭოს მიერ 25 აგვისტოს მეოთხედ გამოცხადებული კონკურსის შეჩერება ითხოვა. ამავე სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მრჩეველთა საბჭოს მესამე კონკურსის გამარჯვებულად გიორგი კოხრეიძე გამოაცხადოს.

ვისგან შეუძლიათ გრანტის მიღება მუნიციპალიტეტებს მთავრობის შუამდგომლობის გარეშე

მუნიციპალიტეტებს მიეცათ ნებართვა, მიიღონ გრანტი ისე, რომ არ დასჭირდებათ საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი მიმართვა შუამდგომლობისთვის გრანტის მისაღებად.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამ ნებართვით მუნიციპალიტეტი ისარგებლებს, თუ საგრანტო ხელშეკრულებით მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება [ფულადი თუ ნატურალური ფორმით] არ აღემატება გრანტის ოდენობას. ამასთან, აუცილებლად იმ შემთხვევაში, თუ გრანტის გამცემ[ებ]ი არიან:

[checklist]

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაცია [UN] ან/და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა [UNDP];
  • ევროპის კავშირი [EU], ევროპის საბჭო ან/და ევროპის კომისია;
  • ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ან/და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] პროგრამა;
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ან/და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება [GIZ].

[/checklist]

მთავრობის აღნიშნული განკარგულება 2021 წლის პირველ იანვრამდეა ძალაში.

 

გარბენი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებებზე ცნობიერების ასამაღლებლად

29 სექტემბერს ბათუმის ბულვარში ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“  მართავს გარბენს, რომლის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

აქციაში მონაწილე სხვადასხვა ასაკის, შესაძლებლობისა და პროფესიის ადამიანები სიმბოლურად იმ ბარიერებს გადალახავენ, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

გარბენი სტარტს აიღებს რესტორან „ახალი გემის“ მიმდებარე მოედანზე, კორტების ბოლოს შემობრუნდება და ფინიშის ხაზს კვლავ მოედანთან გადაკვეთს.

გარბენი დაიწყება კვირას, 29 სექტემბერს, დილის 11 საათზე. 

გარბენს შეიძლება შეუერთდეს ნებისმიერი მსურველი – სირბილით, სეირნობით ან სავარძელ-ეტლით. გარბენის ორგანიზატორების განცხადებით, ფინიშის ხაზის სწრაფად გადაკვეთა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც სოლიდარობა და მონაწილეობა.

„გარბენი ბულვარში ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ გაიმართება ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ პარტნიორებთან ერთად: „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და „ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი“ [ვარშავა]. ღონისძიების მხარდამჭერია „ბათუმის ბულვარი“.

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც სამი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა, მოხდა 2 100 000 ლარის ღირებულების  სამშენებლო მასალის რეალიზაცია, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა დაამზადა და გაასაღა 200 000 ლარის ღირებულების ყალბი ანგარიშფაქტურა, სატრანსპორტო მომსახურების ფიქტიურ გაწევასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

მთავარი ფოტო: კადრი საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

როგორი ამინდი იქნება სექტემბრის ბოლო კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26   სექტემბრის 21 საათიდან 27  სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22-27 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22.5 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 28-29 სექტემბერს, მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

შეცდომები, რომლებიც პირველკლასელის მშობლებმა არ უნდა დაუშვან

ბავშვისთვის პირველ კლასში წასვლა ერთ-ერთი პირველი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ეტაპია. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ბავშვს საამისოდ წინასწარი შემზადება სჭირდება. გარდა ამისა, ფსიქოლოგი გვიზიარებს რამდენიმე ძალიან გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც მშობლები პირველკლასელ ბავშვთან მიმართებაში უშვებენ.

რატომ არის საჭირო ბავშვის სკოლისთვის მომზადება და როგორ უნდა მოხდეს ეს?

პირველი კლასი ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პირველი ნაბიჯია, საამისოდ საჭიროა, რომ ის სწორად მოვამზადოთ. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ბავშვებს სკოლას ვუხატავთ, როგორც საზეიმო, სადღესასწაულო დაწესებულებას, სადაც მივლენ და მხოლოდ სასიამოვნო ამბები დახვდებათ: “აი, შენ ახლა ჩანთა გექნება, ზურგზე მოიკიდებ, ახალ ფორმას ჩაგაცმევ, სკოლაში წახვალ, ახალი მეგობრები გეყოლება…” ყველაფერს ძალიან მხიარულად და ბედნიერად ვუსახავთ.

ჩვენ არ ვუხსნით ბავშვებს რეალობას, არ ვეუბნებით, სკოლაში იმის გამო მიდის, რომ ისწავლოს, რომ იქ ელოდება შრომა, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება არც თუ ისე მარტივი იყოს. ეს წინასწარ უნდა მივაწოდოთ ბავშვს და ვუთხრათ, რომ შენ იქ მოგიწევს ბევრი სწავლა, მაგიდასთან ჯდომა და ა.შ.  მაგრამ  სამაგიეროდ შენ მიიღებ საჩუქრად იმას, რომ გეცოდინება წერა-კითხვა, ეს კი საშუალებას მოგცემს, შენით წაიკითხო ის, რაც მოგინდება, შეგეძლება დაწერო, რაც მოგესურვება და ა.შ.

უნდა შევამზადოთ ბავშვები სირთულეებისთვის, იმისთვის, რომ ის გარკვეული დროით უნდა იჯდეს გაკვეთილზე და შეიკავოს ის ენერგია, რაც მას აქვს (რაც ძალიან რთულია), რომ უნდა იყოს ყურადღებით. ამავდროულად ბავშვი უნდა განეწყოს იმისთვის, რომ მას ყველაფერი გამოუვა.

წინასწარი შემზადების ვადა ინდივიდუალურია, ზოგიერთი ბავშვი ისეთი მონდომებულია, სულ არ სჭირდება შემზადება, ზოგი კი ბევრად უფრო ადრე უნდა შეამზადო ყველაფრისთვის. ამ საკითხებზე საუბარი უმჯობესია ზაფხულში, სკოლის მოახლოების პერიოდში დავიწყოთ. წლობით მზადება არ არის საჭირო.

თხოვნის არასწორი ფორმულირება

ყველაზე მთავარი შეცდომა, რომელსაც, ზოგადად, ბავშვის აღზრდაში ვუშვებთ არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ბავშვის აღზრდას აკრძალვებით – ეს არასწორია. როცა სკოლაში მიყვანილ ბავშვს ვეუბნებით: არ იხმაურო, არ იჩხუბო, არ ადგე სკამიდან, არ… არ… არ… მის  ქვეცნობიერს ეს “არ” – არ აინტერესებს, არ ესმის. ბავშვები ძირითადად ხატოვნად აზროვნებენ, გამოსახულებებით. როცა ვეუბნებით “არ ადგე”, ის გამოსახულებას ხედავს – ადგომას, “არა” ქრება და “ადგე” რჩება. გამოდის, რომ არასწორად ვეუბნებით ყველაფერს. ჩვენ კი არ უნდა ვუთხრათ “არ იხმაურო”, “ნუ იცელქებ”… არამედ  გავუშვათ საპირისპირო დადებითი სიგნალები,  ანუ  პოზიტიურად დავმოძღვროთ ბავშვები და ვუთხრათ: “კარგად მოიქეცი”, “ყურადღებით იყავი”, “მასწავლებელს მოუსმინე” და ა.შ.

პირველკლასელის მშობლის პირველი შეცდომა

პირველი შეცდომა, რასაც ისინი უშვებენ, არის ის, რომ სკოლაში მისვლის პირველივე დღეებიდანვე ითხოვენ ბავშვებისგან ზე-აქტიურობას, თავის გამოჩენას და თვითპრეზენტაციას გაკვეთილზე. თუ ბავშვი კლასში არ აქტიურობს, ან რაიმე კითხვაზე არ უპასუხა, ამის გამო იწყება საყვედურები, ეს საყვედურები ბავშვებისთვის ძალიან მძიმე და მტკივნეულია. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითებში შეფასება არ იწერება, მშობელმა თავიდანვე უნდა სცადოს, რომ სწავლის პროცესში ბავშვი არ იყოს შეფასებაზე ორიენტირებული. მშობელმა უნდა უთხრას, რომ გაკვეთილის მოსმენის შედეგად შენ გეცოდინება წერა-კითხვა და იქნები ძალიან მაგარი, რადგან შენ თვითონ წაიკითხავ იმ ზღაპარს, რომელსაც მე გიკითხავ, რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს… ცოტა რომ წამოიზრდება ვეუბნებით, რომ სწავლის შედეგად კარგი ექიმი გამოხვალ და ა.შ.

რა დოზით უნდა ჩაერიოს მშობელი პირველკლასელი ბავშვის სასკოლო კონფლიქტებში?

ზოგადად, მშობლები ნაკლებად უნდა ჩაერიონ პატარების კონფლიქტებში. რადგან სკოლაში მიგვყავს ბავშვი, ესე იგი, სკოლას ვანდობთ ბავშვს, სადაც არის მასწავლებელი და დამრიგებელი, რომლებიც ზრუნავენ ბავშვის კეთილდღეობაზე, ბავშვის განწყობაზე…

თუ ბავშვებს თუნდაც პატარა წაკამათება მოუვათ, მშობელი ამაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს. ეს საქმე ბავშვს უნდა მივანდოთ. ძალიან ხშირია, რომ მიდიან მშობლები სკოლაში და იწყებენ საქმის გარჩევას, შენ ჩემს შვილს ეს რატომ უთხარი და ა.შ. არავის აქვს უფლება სხვისი შვილი დატუქსოს.

გარდა ამისა, ამით მშობელი ერთგვარ “დათვურ სამსახურს” უწევს ბავშვს. თუ მშობელი მუდმივად მის მაგივრად ჭრის პრობლემებს, ეს შემდგომში აისახება ბავშვზე. ასეთი ბავშვები იზრდებიან უპასუხისმგებლოები და ისევ მშობლები იმკიან ამ არასწორად დათესილ მოსავალს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ბავშვებს მივცეთ მეტი დამოუკიდებლობა, მეტი თავისუფლება, მათ ურთიერთობებში არ ჩავერიოთ და როდესაც სკოლიდან მოვლენ, მოვუსმინოთ მათ, მოვაყოლოთ სკოლაში ვიღაცასთან თუ იკამათა ან იჩხუბა. ეს უნდა დაცალოს ბავშვმა, სახელდება უნდა მოხდეს ემოციების, უნდა თქვას მე გავბრაზდი… რათა  შემდეგ ბრაზის მართვა მოხდეს. ამიტომ უნდა მოვუსმინოთ, თანავუგრძნოთ მათ: “უი, ეს როგორ მომხდარა, მესმის შენი”, მერე უნდა ვუთხრათ: “მე მჯერა, რომ შენ ხვალ ამას თვითონ მოაგვარებ. მოდი, აბა, სცადე, მეგობრობა მაინც უკეთესია…”. სახლში დაბრუნებულ ბავშვს ნუ დავხვდებით კარებში კითხვებით – აბა, რა ქენი? მასწავლებელმა რა გითხრა?… მშვიდად დავხვდეთ და დაველოდოთ სანამ თვითონ არ მოინდომებს, რომ გვითხრას რაღაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ რეალურად ვხედავთ იმის საფრთხეს, რომ ჩვენი ან სხვისი ბავშვი შეიძლება დაზიანდეს, აუცილებლად უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში პედაგოგი და შემდეგ დირექციაც, თუ ამის აუცილებლობა არის. თუმცა პირველკლასელებთან ეს ძალიან იშვიათია.

თუ კი ბავშვი წინააღმდეგია სკოლაში წასვლის

პირველი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ბავშვს არ სურდეს სკოლაში სიარული, შეიძლება იყოს ის, რომ ბავშვს დაუხატეს სკოლა ზედმეტად პოზიტიურად, ბავშვი მივიდა და აღმოჩნდა, რომ მერხთან უნდა იჯდეს და არ მოეწონა. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს სიძნელეები, თუნდაც ათვისების – ვერ აითვისა პირველად რაც მიაწოდეს, ბავშვი შეშინდა და დაიბნა. ასევე, მესამე შეიძლება იყოს ბავშვის ამბიციები – არიან ბავშვები, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ იყვნენ ლიდერები, მაგრამ უცებ ვერ მოახერხეს ეს ლიდერობა და მიიჩნიეს, რომ ვიღაცამ დაჩრდილა, ამის გამო დაყარეს ფარ-ხმალი და აღარ უნდათ იქ წასვლა. ეს მაშინ ხდება, როცა ბავშვი სახლში კერპად არის ქცეული. ბავშვებს, რომლებსაც სახლში ყველაფრის მიღება შეუძლიათ, თავიანთი სიჯიუტით, ძალიან უჭირთ სკოლასთან შეგუება იმიტომ, რომ იქ ეს არ გამოსდით. ასეთ ქცევას აყალიბებს (განსაკუთრებით მაშინ, როცა ქცევა გვაქვს დარღვეული) შემთხვევები, როცა დედა სჯის ბავშვს, მაგრამ ბებია ეფერება, მამა სჯის, მაგრამ ბაბუა ეფერება და ა.შ. მაგრამ შეიძლება უბრალოდ სიახლეების შიშიც იყოს…

როგორ ვიქცევით ამ დროს? – პირველ რიგში, მშობელი უნდა დაჯდეს, მოუსმინოს ბავშვს, კარგად აახსნევინოს და გაუგოს, რატომ ეშინია, რატომ არ უნდა სკოლაში წასვლა. თუ ძალიან ინერვიულა,  შეიძლება ერთხელ დავტოვოთ კიდეც ბავშვი სახლში, მაგრამ ეს თუ რამდენჯერმე მოხდა, შემდეგ საერთოდ აღარ წავა სკოლაში, შინ კომფორტის ზონას შეიქმნის და დარჩება განათლების გარეშე, ამის უფლება კი ნამდვილად არ გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ არ გავუშვით ბავშვი სკოლაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ უნდა შევუქმნათ სახლში კომფორტის ზონა. მაგალითად, არ წავიდა ბავშვი სკოლაში, იტირა, იწუწუნა, ვერ ადგა დილით საწოლიდან,  შემდეგ ადგა და მთელი დღე დაჯდა კომპიუტერთან მულტფილმებს უყურა… მეორე და მესამე დღეს ეს ბავშვი არავითარ შემთხვევაში სკოლაში არ წავა.  მაგრამ თუ ბავშვს სახლში კომფორტი არ ექნება შექმნილი, ბავშვებთან ურთიერთობა მისთვის უფრო სასურველი გახდება და სკოლაში წასვლას არჩევს.

როგორ უნდა ვამეცადინოთ ბავშვი

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყველა გაკვეთილი ზედიზედ მიყოლებით მოამზადოს ბავშვმა. სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი აუცილებლად ცოტა ხანი უნდა მოდუნდეს და დაისვენოს, სასურველია, ერთი საათი-საათნახევარი მაინც მოისვენოს (თუ გახანგრძლივებულში არ რჩება).

როცა ბავშვი დაისვენებს, უნდა შევუქმნათ მეცადინეობისთვის განწყობა, შევახალისოთ სწავლაზე – “რა კარგია ახლა, რომ გაკვეთილებს მოამზადებ და მასწავლებელს აჩვენებ, ნახე როგორ მოეწონება, შენც ძალიან კმაყოფილი იქნები… მოდი, ახლა დავსხდეთ და ვიმეცადინოთ”.

ერთ გაკვეთილს რომ მოამზადებს, მინიმუმ 10 წუთი მაინც უნდა მივცეთ შესვენება, მერე გადავდივართ მეორე საგანზე. სულთამხუთავივით თავზე არ უნდა დავადგეთ, თუ ვხედავთ, რომ უჭირს, დავასვენოთ. მშობელმა შესთავაზოს, მოდი ერთად ვიმეცადინოთ, ჯერ  მე დავწერ და მერე შენ დაწერე. რაც შეიძლება ხშირად გაუმეოროს,  ,,შენ ამას შეძლებ, გამოგივა…“.

ძალიან კარგია, თუ გამოვიყენებთ თამაშის პრინციპს – “ვინ უფრო სწრაფად და ვინ უფრო ლამაზად დაწერს”, ეს პატარა შეჯიბრი მასთან ერთად გააკეთეთ. ასევე პირველკლასელი ბავშვების მშობლებს ვურჩევდი, თუ უჭირს ბავშვს ციფრების და ასოების დამახსოვრება, აიღონ პლასტელინი და გამოაძერწინონ ისინი. არაჩვეულებრივად მუშაობს ეს მეთოდი. ძერწვის დროს ბევრი კოგნიტური უნარი აქტიურდება, რაც ხელს უწყობს მასალის ათვისებას.

დილით ადრე გაღვიძება

აუცილებელია, ბავშვი გააღვიძოთ ძალიან ფრთხილად. ბავშვი უნდა გააღვიძოს მშობელმა მომღიმარი სახით და არა ყვირილით – “დროზე ადექი, გოგო, სკოლაში გაგვიანდება”. ბავშვს დილით უნდა ესმოდეს მშვიდი ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფსიქიკისთვის. არ უნდა ავაჩქაროთ დილით, ჯობია დრო წინასწარ გავთვალოთ, ცოტა ადრე გავაღვიძოთ და  ლოგინში ნებივრობის ცოტა დროც ჰქონდეს. თუ ჩვენ რამეს ვერ ვასწრებთ, ამაში ჩვენი შვილები სულაც არ არიან დამნაშავეები.

აუცილებელია, რომ ბავშვი ვასაუზმოთ, პირველი კლასიდან უნდა გამოიმუშაოს ბავშვმა დღის რეჟიმი. დილით ტვინმა უნდა მიიღოს საკვები, რადგანაც წინ დიდი შრომა ელის და ენერგია სჭირდება.

ბონუსრჩევები:

არასოდეს ვესაუბროთ მასწავლებელს ბავშვის შესახებ ბავშვის თანდასწრებით. პედაგოგთან გასაუბრებას ბავშვი არ უნდა ესწრებოდეს. თუ რაიმე შენიშვნა არსებობს ბავშვთან მიმართ, ეს ჩვენ, უფროსებმა, უნდა გავარჩიოთ. ეს ბავშვებზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს.

როდესაც ტვინი მუშაობს, მას აუცილებლად სჭირდება წყალი. წყლის მიღება ხელს უწყობს იმ ენერგიის აღდგენას, რომელიც გვეხმარება კოგნიტური უნარების მაქსიმალურ გამოყენებასა და სწრაფად აზროვნებაში. აზროვნების დროს ბავშვები იძაბებიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყლის საშუალებით მოხდეს ამ დაძაბულობის განეიტრალება. ბოთლით წყალი ბაშვებისთვის უნდა იყოს ყოველთვის ხელმისაწვდომი. პედაგოგებსაც ვთხოვთ, რომ დართონ ბავშვებს ნება, ედგათ მაგიდაზე ბოთლით წყალი.

პირველკლასელ ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული შეკავების უნარი. ზოგჯერ, როცა მათ საპირფარეშოთი სარგებლობა სურთ, პედაგოგები ეუბნებიან, რომ მოითმინონ და გაკვეთილის დამთავრების შემდეგ დატოვონ კლასი. ეს ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ რთულია მათთვის, ბავშვებს საამისოდ ძალიან დიდი ენერგია სჭირდებათ და ეს მათთვის კიდევ ერთი სირთულეა.

 

აღსრულების ბიურომ ქობულეთში 5 კაფეს დემონტაჟი დაიწყო – მერის განმარტება

დღეს, 25 სექტემბერს, ქობულეთის სანაპირო ზოლში აღსრულების ბიურომ იმ ხუთი კაფეს დემონტაჟი დაიწყო, რომელთა მეპატრონეებსაც მერიასთან  გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების ვადა გაუვიდათ, ვადის გაგრძელებაზე კი, მერიამ მათ უარი უთხრა.

ერთ-ერთ კაფესთან, „მონოპოლთან“ კი, მცირე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი – აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მესაკუთრე დემონტაჟის დაწყების შემთხვევაში თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრებოდა. ამ ფაქტზე შეტყობინება შსს-ში არ შესულა.

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, გადაწყვეტილებას შეთანხმების ვადის გასვლის გარდა, ქობულეთის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც ხნის და განმარტავს, რომ პროექტი ზემოთ აღნიშნულ ობიექტებს არ ითვალისწინებს. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ერთ-ერთი მეპატრონის მიერ პროტესტის  ნიშნად თვითდაზიანებების მიყენების მცდელობის შესახებ, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„… მშენებლობის შესახებ [გულისხმობს ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს] დიდი ხნით ადრე იყო ინფორმირებული აღნიშნული კვების ობიექტი „მონოპოლი“ და არამარტო ეს ობიექტი. ტურისტული სეზონის დაწყებამდე ჩვენ თითოეულ მათგანთან გვქონდა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენ მიერ შეთავაზებული იქნა ობიექტის ნებით დემონტაჟის პირობებში, სხვა, ალტერნატიული ფართობის გამოყოფაზე წარმოედგინათ წინადადებები განსახილველად, რაზეც მეპატრონეებმა სასტიკი უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იმუშავებდნენ და მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე საკუთარი ნებით და საშუალებებით განახორციელებდნენ დემონტაჟს. თუმცა შეთანხმება არ შეასრულეს, შესაბამისად, მერიამ გამოიყენა იძულებითი აღსრულების საშუალება“, – წერს ქობულეთის მერი.

კაფეების მეპატრონეები კი მერიის მხრიდან შერჩევით მიდგომაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ზოგიერთ კაფეს მერიამ გვერდი აუარა და მათ მეპატრონეებს მუშაობის გასაგრძელებლად ხელშეკრულებების ვადაც გაუგრძელა, სხვებს კი ვადა არ გაუგრძელეს, ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ  – დააჯარიმეს და საქმე აღსრულების ბიუროს გადასცეს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმ კაფეების მეპატრონეებს, რომლებზედაც დაჯარიმებულები საუბრობენ, ჯერჯერობით მოქმედი ხელშეკრულებები აქვთ, თუმცა მათი ვადებიც იწურება და ისინიც გააფრთხილეს, ხოლო ერთ-ერთ კაფესთან გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდე გრძელდება.

კაფე „მონოპოლის“ მეპატრონის, სულხან დიასამიძის ინფორმაციით, ქობულეთის მერიას მოლაპარაკების მიზნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მერიამ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა. ხუთი კაფეს მეპატრონე წერილობით გააფრთხილეს და კონკრეტული ვადა მისცეს დემონტაჟისთვის, შემდეგ კი ჯერ 3000, შემდეგ  6000 ლარით დააჯარიმეს. დღეს, 15 სექტემბერს, აღსრულების ბიურომ დემონტაჟის სამუშაოები დაიწყო.

მერიის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციაც. საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძე მიიჩნევს, რომ არასწორია შეთავაზება „თქვენ თვითონ მოძებნეთ ფართობები და ჩვენ გაგიფორმებთ ხელშეკრულებებს“. გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების  მაგალითები არსებობს, ამ პირებსაც ჰქონდათ განცდა, რომ მიაღწევდნენ მოლაპარაკებას, ამიტომაც ჩადეს ინვესტიცია და განავითარეს ობიექტები.“

სამ თვეში სექსუალურ შევიწროებაზე აჭარიდან 5 საჩივარი შევიდა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი – ნინო წილოსანი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის იურისტი – დიანა დავითაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი – ნატი გელოვანი.

საუბარი შეეხებოდა 3 თვის წინ მიღებულ კანონს სექსუალური შევიწროების შესახებ. ნინო წილოსანმა ისაუბრა უშუალოდ საკანონმდებლო ცვლილებებზე, დეფინიციის გაჩენასა და მანამდე არსებულ მიდგომებზე, ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე.

ნატი გელოვანმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ახერხებს შსს შევიწროების ფაქტებზე რეაგირებას. მან აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემდეგ უწყებაში განსახილველად უკვე შევიდა 11 საჩივარი, რომელთაგან 5 აჭარის რეგიონიდან იყო.  უმეტესობა საჩივრებისა შემსწრეს გარეშე იყო, ანუ საქმეს არ ჰყავდა მოწმე.

„ამ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში მსხვერპლის ჩვენებას იღებს და იზიარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოწმე არ გყავს, ეს შემაფერხებელი არ იქნება მომჩივანისთვის”, – თქვა ნატი გელოვანმა.

ამ განცხადებას  უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარას“ თავმჯდომარის, დავით ბაციკაძის რეპლიკა მოჰყვა:

„არაა მტკიცებულება, არაა მოწმე და ვიღაცამ უჩივლა ადამიანს და მაგის გამო დამნაშავედ ცნობენ?“

ნატი გელოვანმა განმარტა, რომ მოისმენენ ყველა მხრის პოზიციას და მხოლოდ შემდეგ გამოაქვთ დასკვნა. მისივე განცხადებით, აღნიშნულ 11 განცხადებაში არც ერთი არ დაკვალიფიცირდა, როგორც ცრუ ბრალდება.

დავით ბაციკაძე შეხვედრაზე

„ერთ-ერთ ლექციაზე ლევან ბერძენიშვილმა თქვა, ქალს რომ უთხრა რა სექსუალურად გამოიყურები, ეგ ქართულად ითარგმნება, როგორც შენთან სექსი მინდაო. ამ შემთხვევაში, თუკი ლევანის ლოგიკას გავყვებით, ეს შეიძლება მიიღონ როგორც შევიწროება“, – ეს მოსაზრებაც დავით ბაციკაძემ გამოთქვა.

ამ კომენტარზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თქვა, რომ საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, ჩვენს საქციელზე გვიწევს რეგლამენტის დადება.

„მათ შორის თქვენც, თუ არ გაქვთ ადამიანთან იმგვარი ურთიერთობა, რომ მან მიიღოს თქვენი კომპლიმენტი – „როგორი სექსუალური ხარ“, არ უნდა უთხრათ ნამდვილად“, – განუმარტა მან დავით ბაციკაძეს.

ბაციკაძემ კი დასძინა – „კარგ დროს მოვასწარი ცოლის მოყვანა“.

შეხვედრას ესწრებოდა ეკატერინე ბოკუჩავაც, რომელიც USAID-PROLoG-ს წარმოადგენს. მან თქვა, რომ კანონის კომპლემენტაციის მიზნით, სამომავლოდ აქტიურად გაგრძელდება შეხვედრები, ტრენინგები და ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებები სექსუალური შევიწროების საკითხებზე.

 

 

რა დაუწერეს მოსწავლეებმა ახალგაზრდა მასწავლებელს ფურცლებზე

26 წლის მინდია ფუტკარაძე მე-3 ა კლასის მასწავლებელია, ის ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კონკურსით დასაქმდა. ჩაბარებული აქვს როგორც პროფესიული, ასევე საგნობრივი გამოცდა. ახალგაზრდა მასწავლებელი „ბათუმელებთან“ ბავშვებზე, მშობლებსა და გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მასწავლებლობა ის საქმეა, რომელიც მას, როგორც ადამიანს, აბედნიერებს.

  • ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებდა, რომ კაცები სკოლას და მასწავლებლის პროფესიას თითქმის აღარ ირჩევდნენ, თქვენი მოტივაცია რა იყო, რატომ აირჩიეთ სკოლა?

ბავშვობაში ორი ოცნება მქონდა – გავმხდარიყავი პოლიციელი ან მასწავლებელი. პოლიციელობა იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო. ისე მოხდა, რომ განათლების ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა მეორე ოცნებაც ავისრულე და ორი წელი შემოსავლების სამსახურში მესაზღვრედ ვმუშაობდი. უმცროსი ოფიცერი ვიყავი და 1400 ლარი მქონდა ანაზღაურება, თუმცა არჩევანი მაინც სკოლის სასარგებლოდ გავაკეთე.

პირველად სკოლაში 2015 წელს შევედი, ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიაში უფროსკლასელებს ხელოვნებას ვასწავლიდი. ბაკალავრიატი როცა დავასრულე, მასწავლებლის გამოცდები ჩავაბარე და სამუშაოდ ქალაქში გადმოვედი. მესამე კლასი მყავს, სადაც ქართულს, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას ვასწავლი. ასევე, სპორტს და ხელოვნებასაც, თუმცა დანამატს მხოლოდ სამ საგანში ვიღებ.

  • რატომ გინდოდათ მასწავლებლობა?

ბანალურია, მაგრამ, რა თქმა უნდა,  ბავშვები მიყვარს, ეს ურთიერთობები, სწავლება, ახსნა მაბედნიერებს. როცა  კლასში შევდივარ, ვხედავ 29 ბავშვის თვალს, რომელიც გიყურებს, რომ რაღაც ასწავლო. „ა, ასე?… გავიგე მას“ – როცა მესმის, აი, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის და ვცდილობ, ყოველდღე გავიბედნიერო თავი.

მინდია ფუტკარაძე თავის მოსწავლეებთან
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ჩემი პირველი ხელფასი 85 ლარი იყო, ამ თვეში ნახევარი თვის ხელფასი – 256 ლარი დამერიცხა, 6-ჯერ იმაზე ცოტა, რასაც ვიღებდი შემოსავლების სამსახურში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფული ყოველთვის არ არის გადამწყვეტი, თუმცა მიმაჩნია, რომ მასწავლებელს, რომელიც ბოლომდე იხარჯება, თავს არ ზოგავს ბავშვებისთვის, რომელიც ამზადებს მოსწავლეს ცხოვრებისთვის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი ანაზღაურება და მე არ ვაპირებ უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გავჩერდე. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემთვის კარგად ყოფნა და წარმატება იმ საქმეშია, რომელიც მაბედნიერებს.

  • რა უნდათ ბავშვებს, რა კითხვები აქვთ, რა მოთხოვნები?

მშობლები მეუბნებიან ხოლმე, რომ მკაცრი მასწავლებელი ვიყო. „ცოტა მკაცრად დაუდექით“, „ცოტა ხელის დარტყმაც საჭიროა მაგიდაზე“  და ა.შ. ამ დროს, ბავშვების დაკვეთა სულ სხვაა, იცით, ერთი კვირის თავზე რა დამიწერეს ფურცელზე? „მას, მინდა ისეთი იყოთ, როგორიც ხართ. თქვენ ყველანაირი ხართ – თბილიც, მოსიყვარულეც და ხანდახან ისეთი მხიარული, რომ ჯამბაზი მგონიხართ“, „მინდა, რომ მინდია მასწავლებელმა სკოლის ყველა საგანი გვასწავლოს, მინდა, რომ სკოლა დაიწყოს დილიდან და იყოს საღამომდე“-  ეს არის საკმარისი მოტივაცია, რომ მასწავლებელი ვიყო.

მე მინდა ისეთი მასწავლებელი ვიყო, როგორიცაა ბავშვის დაკვეთა. მსახიობობის გარეშე მასწავლებლობა არაფერია, რადგან გაკვეთილი ერთგვარი პერფორმანსია.

მიკითხავს ჩემი თავისთვის, თუ რა უნდა ვასწავლო მათ. პასუხი ალბათ ის არის, რომ მხოლოდ საგაკვეთილო მასალა არა. მხოლოდ გაკვეთილის მოყოლა არ არის საკმარისი განათლებისთვის, ცხოვრებისთვის, 21-ე საუკუნისთვის. ჩვენ ვერ ჩავიკეტებით მხოლოდ სასწავლო მასალაში, რადგან გარეთ სხვა რეალობაა, ადამიანები კოსმოსში მიფრინავენ, ახალ წარმატებებს აღწევენ და ა.შ. უნდა ვიფიქროთ კრიტიკულად და გავიზარდოთ შემოქმედებითად.

  • სკოლას ბევრი გამოწვევა აქვს, მათ შორის ბულინგი, ჩაგვრა… როგორ მართავთ ამ პროცესს, თუ გქონიათ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები?

უფროსებს როცა ვასწავლიდი, იქ იყო, თუმცა ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაზე მეტად მეხმარება ის, რომ კაცი ვარ. ბიჭები უფრო მეტად ახერხებენ ღიაობას, საუბარს პრობლემაზე, რასაც ვერ ამბობდნენ, ვთქვათ, ქალ მასწავლებელთან. ვცდილობდი ამეხსნა, რომ საბოლოოდ ყველა კონფლიქტი მოგვარებადია და ჩვენ ორივე მხარე უნდა შევეცადოთ, რომ მოვაგვაროთ.

მინდია ფუტკარაძე კლასში
  • ვამბობთ, რომ  მნიშვნელოვანია სკოლამ ასწავლოს ბავშვს ღირებულებები, როგორ ასწავლით თქვენ?

ღირებულებები ბავშვს ყოველდღიურ ურთიერთობებში შეგვიძლია ვასწავლოთ. მაგალითად, ფუნჯი, რომელიც მაგიდაზე დევს და არ არის თემოსი, თუმცა მას თემო იყენებს. თემომ უნდა იცოდეს, რომ გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს, ვასწავლი, რომ პატივი უნდა სცეს სხვის საკუთრებას.

ასევე, როცა ერთი ფუნჯით ბევრი სარგებლობს, ამით ბავშვებს ვაჩვევთ გაზიარებას, ერთიანობას, სხვაზე ზრუნვას და პატივისცემას. ვაჩვევთ, ითხოვოს ნებართვა მეგობრისგან, რომ გამოიყენოს და ა.შ. ასეთ დეტალებშია ეს ღირებულებები.

ვასწავლით, რომ არ აქვს უფლება, სხვას შეუშალოს ხელი სწავლაში და ამით პატივი სცეს სხვის უფლებას.

  • რა ბეზრდებათ ბავშვებს?

ბეზრდებათ ერთნაირი მიდგომები, ერთნაირი აქტივობები, მათ სჭირდებათ კეთებით სწავლა. გამიჭირდა წესრიგის დამყარება კლასში, როცა მხოლოდ მე ვსაუბრობდი. ათი წუთის შემდეგ ბავშვი აღარ გისმენს, იწყებს თამაშს.  „ფრანი“, – ასეთი ლექსი უნდა გვესწავლა. ვუთხარი, „მოდი გავაკეთოთ ფრანი“ და  დიდი სიხარულით, 15 წუთში ყველამ გააკეთა ფრანი. დასვენებაზეც ამ ფრანებით ირბინეს, იმ ფრანებით წავიდნენ სახლში და მეორე დღეს ყველამ იცოდა ის ლექსი ზეპირად.

მინდია ფუტკარაძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მესამეკლასელებთან
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
  • რესურსებს თქვენ თვითონ ქმნით, თუ სკოლა გეხმარებათ?

მე თვითონ ვქმნი. თუმცა პროექტორის გარეშე ძალიან რთულია გაკვეთილის ჩატარება, რაც არ გვაქვს. კლასში არც ინტერნეტია რომ გამოვიყენოთ, ამიტომ მსგავსი საკითხები საჯარო სკოლებში უნდა მოგვარდეს.

ხშირად მასწავლებლები ინოვაციას ეძახიან იმას, რომ კლასში პროექტორი და კომპიუტერები უდევთ. ბუნებრივია, მხოლოდ ამის ქონა არ არის ინოვაცია, ტექნიკას სჭირდება სათანადო გამოყენება. ვფიქრობ, ბავშვებს თავიანთი კომპიუტერები წამოვაღებინო და მუშაობა ვასწავლო. ჩემი აზრით, ინოვაციაა ის, გააკეთოს ბავშვმა დავალება მარტივად და გაიგოს. მაქვს ბლოგი და მინდა ამ პროცესშიც ჩავრთო მშობლები და ბავშვები.

  • მითხარით, რომ სპორტსაც ასწავლით. გოგონები და ბიჭები ისევ ცალ-ცალკე თამაშობენ  გაკვეთილზე, თუ მხოლოდ ბიჭები, როგორც ეს ბევრ სკოლაში ხდებოდა?

პირველ გაკვეთილზე გოგოები და ბიჭები მეც განვაცალკევე, ასე მასწავლიდნენ, მაგრამ როცა  თამაში დავიწყეთ,  ერთი გოგონა მოვიდა და საწყალი თვალებით მკითხა, – „ჩვენ არ ვითამაშებთ?“ –  ამის შემდეგ გოგონები და ბიჭები არ გამიყვია და ყველა თამაშს ერთად ვთამაშობთ, ძალიან მოსწონთ.

  • რა არის დღევანდელ სკოლაში შესაცვლელი?

ვფიქრობ, მთავარი პრობლემა კლასში ბავშვების რაოდენობაა. 15 მოსწავლეზე მეტი არ უნდა იყოს, რადგან რთულია 30 მოსწავლესთან იმ შედეგზე გახვიდე, რაც გინდა, თუმცა ვცდილობთ მასწავლებლები, რადგან ხელის ჩაქნევით შორს ვერ წავალთ.

ხელვაჩაურის ქსელი ბათუმის ქსელზე დაერთდება – წყლის მიწოდება შეუწყდება გარკვეულ ქუჩებს

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ხელვაჩაურის წყალმომარაგების ქსელის ქალაქის გამანაწილებელ ქსელზე დაერთებითი სამუშაოების გამო, დღეს, 25 სექტემბერს, 22:00 საათიდან 26 სექტემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ხახულის ქუჩას; ფრიდონ ხალვაშის ქუჩას; მესხეთის ქუჩას; ხახულის შესახვევს; ევდემოზ დიასამიძის ქუჩას; აეროპორტის გზატკეცილს; ხასან ჰელიმიშის ქუჩას; ანგისის პირველ შესახვევს.

– – –

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ტექნიკური სამუშაოების გამო ბათუმში წყალმომარაგება შეუწყდება სხვა ქუჩებსაც. ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:

რომელ ქუჩებზე შეწყდება ღამით წყალი ბათუმში – „ბათუმის წყლის“ გაფრთხილება

ნათია ზოიძე: ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარშემო მიმდინარე პროცესს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე მოუწოდებს, ქართულ მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ მაუწყებელში და მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

ნათია ზოიძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „გუშინ ყველა დოკუმენტი მზად მქონდა და 5 საათისთვის კიდევ ერთხელ უნდა მეცადა მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში, მაგრამ ერთი საათით ადრე გავიგე, რომ სასამართლომ ეს კონკურსი შეაჩერა. შორს ვარ შეთქმულების თეორიებისგან, მაგრამ ამდენი დამთხვევის და შემთხვევითობის არ მჯერა.

ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ფლობდეს ტრიბუნას და ეს ყველაფერი არ დასრულდეს დემოკრატიის მარცხით, ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარშემო მიმდინარე პროცესს!“

საქმე იმაშია, რომ გუშინ, 25 სექტემბერს, სრულდებოდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მეოთხედ გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება, მაგრამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით, კონკურსი შეჩერდა. განჩინება მოსამართლემ 23 სექტემბერს მიიღო, ხოლო ტელევიზიას 24 სექტემბერს, ანუ კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო დღეს ჩაჰბარდა.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა, ამ საკითხზე კომენტირებისას აჭარის ტელევიზიასთან დღეს განაცხადა – „ჩვენ წარმოვადგენთ საშიშროებას, ამიტომ შეაჩერეს კონკურსი ბოლო დღეს“.

კონკურსი ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი მსურველის, გიორგი კოხრეიძის საჩივრის საფუძველზე შეჩერდა. საჩივარში გიორგი კოხრეიძე მიუთითებს, რომ მესამე კონკურსის გამარჯვებული თავად არის. ამ კონკურსზე გიორგი კოხრეიძემ 2 ხმა მიიღო. 5-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან კონკურსს 4 წევრი ესწრებოდა, მათგან ერთმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა, 2 ხმა გიორგი კოხრეიძეს მისცა, 1 ხმა კი სხვა კანდიდატმა მიიღო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გიორგი კოხრეიძე ამ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსშიც აპირებს მონაწილეობას. ეს კონკურსი აჭარის უმაღლესმა საბჭომ 27 აგვისტოს გამოაცხადა და განცხადებების მიღება ხვალ, 26 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. გიორგი კოხრეიძეს სამეურვეო საბჭოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვკითხეთ, რაზეც გვიპასუხა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

ამავე თემაზე:

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

ბათუმის სოციალურ სასადილოებსა და თავშესაფარში 4 დღეა გარკვეული პროდუქტები არ შედის

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მათ დაქვემდებარებაში არსებული სასადილოები და დროებითი ღამის თავშესაფარი მეოთხე დღეა რძით, რძისა და სხვა სახის პროდუქტებით აღარ მარაგდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სოსი“ სააგენტომ 23 სექტემბერს 10 ათასამდე ლარით დააჯარიმა, ხოლო დღეს, 25 სექტემბერს, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

სოციალური სერვისების სააგენტოს მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 5 182 ბენეფიციარი და დროებითი ღამის თავშესაფრის 50 უსახლკარო ბენეფიციარი რჩება საკვების გარეშე“, ამიტომ ერთი თვის მარაგს ტენდერის გარეშე შეისყიდიან. ამ პერიოდში კი ხელახლა ტენდერს გამოაცხადებენ, მიმდინარე წლის ბოლომდე შესაბამისი მომარაგების მიზნით.

სოციალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბენეფიციარებისთვის საკვების მიწოდებაში პრობლემა არ შექმნილა, თუმცა ზოგი პროდუქტის მარაგი ამოწურულია და ელოდებიან შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ერთი თვის მარაგის დროულად შესაძენად.

ამონარიდი სააგენტოს მოხსენებითი ბარათიდან

შპს „სოსის“ ორი ტენდერი ჰქონდა მოგებული. შესაბამისად, ხელშეკრულებები 96 946 და 96 493 ლარზე იყო გაფორმებული. შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური პორტალის მონაცემებით, კომპანიისთვის 25 სექტემბრის მდგომარეობით გადახდილია, შესაბამისად, 57 549 ლარი (59%) და 68 352 ლარი (71%).

„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა კომპანიას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

რა ახალი საფრთხე გააჩინა აჭარის ტელევიზიისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებამ

დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე სააპელაციო სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს. ბორდი მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომელსაც მოსამართლემ 23 სექტემბერს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული რიგით მეოთხე კონკურსი შეჩერებულია, ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

სასამართლოს დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა – გიორგი კოხრეიძემ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელევიზიის დირექტორი თვითონაა, რადგან  ხუთწევრიანი ბორდიდან,  22 აგვისტოს სხდომაზე, ორის მხარდაჭერა თავად მიიღო.

მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებს“ მრჩეველთა საბჭომ მოაწოდა, 22 აგვისტოს გამართულ სხდომას 5 მრჩევლიდან 4 ესწრებოდა. ამ ოთხიდან ერთ-ერთმა – ბეჟან გობაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა. კენჭისყრაში მონაწილე სამი წევრიდან ორის ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, თუმცა ეს არ იყო „სხდომაზე დამსწრე მრჩეველთა ხმების უმრავლესობა“, რასაც „აჭარის ტელევიზიის“ რეგლამენტი ითვალისწინებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეგლამენტის მეშვიდე მუხლის მიხედვით, „მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა. მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე მრჩეველთა ხმების უმრავლესობით“.

 

ამონარიდი ოქმიდან, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 22 აგვისტოს მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრებოდა არა 3, არამედ 4 წევრი. ამ სხდომაზე გიორგი კოხრეიძემ მიიღო 2 ხმა. 1 ხმა მიიღო სხვა კანდიდატმა, ბორდის ერთმა წევრმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ამის მიუხედავად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ დააკმაყოფილა გიორგი კოხრეიძის შუამდგომლობა და კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს ჯერ არ გადაუწყვეტია, არის თუ არა ბორდის მიერ არჩეული დირექტორი გიორგი კოხრეიძე.

„ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს, ვინ იგულისხმება ამ „დამსწრე“-ში: ის, ვინც საბჭოს წევრია და სხდომას ფიზიკურად ესწრება, თუ ის, ვინც მონაწილეობს კენჭისყრაში,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.

ამავე რეგლამენტის მიხედვით, „მრჩეველს არ აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. მრჩეველი ვალდებულია განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, თუ იგი ესწრება სხდომას და დააფიქსიროს თავისი პოზიცია,“ – წერია „აჭარის ტელევიზიის“ რეგლამენტში.

იურისტი მარიამ გოგოსაშვილი განმარტავს, რომ იგივე რეგლამენტი პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ითვალისწინებს და შესაბამისად, ბეჟან გობაძეს პასუხს ვერ მოსთხოვენ იმისთვის, რომ ის სხდომას ესწრებოდა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ასევე შესაძლოა, მას მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში და იგივე შედეგი დამდგარიყო, თუკი იგი გადახაზავდა ყველა კანდიდატს და ბიულეტენი გაბათილდებოდა. ბიულეტენის გაბათილების შემთხვევაში, შედეგი იქნებოდა იგივე,“ – დასძენს იურისტი.

საია-ს იურისტის განმარტებით, თუკი სააპელაციო სასამართლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გააუქმებს, კონკურსი ჩატარდება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ორთვიანი ვადა აქვს. თუმცა ორი თვის შემდეგ აჭარის ტელევიზიის ბორდში ახალი შემადგენლობა იქნება – ოთხი ახალი წევრის შესარჩევად კონკურსი უმაღლესმა საბჭომ 27 აგვისტოს გამოაცხადა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილება ბორდის ახალი წევრების შერჩევას არ ეხება, თუმცა ახალ ბორდსაც არ ექნება ახალი დირექტორის არჩევის უფლება, თუკი სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს მოსამართლე კობა გოცირიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კონკურსის შეჩერებაზე.

26 სექტემბერს, ანუ ხვალ, მთავრდება ტელევიზიის მრჩევლობის კანდიდატთა განაცხადების მიიღება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გიორგი კოხრეიძე აპირებს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კონკურსშიც მიიღოს მონაწილეობა.

აპირებთ თუ არა ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კონკურსში მონაწილეობას? – „არა მგონია“ – გვიპასუხა კითხვის პასუხად გიორგი კოხრეიძემ.

თავად აჭარის ტელევიზიამ დღეს გამოაქვეყნა ინტერვიუ ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარესთან. ნატა იმედაიშვილის შეფასებით, „ჩვენ წარმოვადგენთ საშიშროებას, ამიტომ შეაჩერეს კონკურსი ბოლო დღეს“.

ჯერ კიდევ აპრილში, როცა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო,  ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი  ორგანიზაცია, ასევე დიპლომატიური კორპუსი, გამოეხმაურა ამ ფაქტს და შეაფასა, როგორც მიუკერძოებელი ტელევიზიისთვის მაღალი რისკი.

ამავე თემაზე:

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

 

 

 

 

 

რომელ ქუჩებზე შეწყდება ღამით წყალი ბათუმში – „ბათუმის წყლის“ გაფრთხილება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ტექნიკური სამუშაოების გამო ბათუმში წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

[crosslist]

  • ბაგრატიონის ქუჩას – ჯავახიშვილის ქუჩიდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩამდე
  • შარტავას ქუჩას – ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე
  • გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას – ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე
  • გუდიაშვილის ქუჩას
  • კაჭარავას ქუჩას
  • მალაზონიას ქუჩას
  • მიქელაძის ქუჩას

[/crosslist]

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

________

ფოტო: pexels.com

რომელ კოსმეტიკურ ნაწარმში აღმოჩნდა ნივთიერება, რომელიც სხვადასხვა მძიმე დაავადებას იწვევს

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ვებგვერდი momxmarebeli.ge ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმებული 40 პროდუქტის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ყველა კოსმეტიკური ნაწარმისა და თმის საღებავის ნიმუშში, რომლებიც ორგანიზაციამ შეამოწმა, ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა. ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

„ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მისი შემცველობის თავიდან აცილება სამომხმარებლო პროდუქციაში. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება,“ – აღნიშნულია ვებვეგვერდზე.

ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

ვებგვერდზე ასევე ვკითხულობთ, რომ  როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა. „ფორმალდეჰიდის ოდენობას რაც შეეხება, ჩვენ მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში იგი 0,05%-ს არ აღემატებოდა – აღნიშნულია  momxmarebeli.ge -ზე.

„საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა დამტკიცებული და არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ამ აქტის მიხედვით, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქტებში არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, ხოლო პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში – 0,1%-ს. აეროზოლებში კი ფორმალდეჰიდის შემცველობა საერთოდ აკრძალულია.

ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება – სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. არც საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ფორმალდეჰიდის შემცველობის არსებობა ჩვენ მიერ შემოწმებულ ნაწარმში. მოცემული კვლევა იმის მორიგ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესი ნაწილის სახელმწიფო კონტროლის დანერგვა“, – აღნიშნულია ვებგვერდზე. 

ეს შემოწმებული ნიმუშების სიაა, რომელიც ვებგვერდმა გამოაქვეყნა. მათ შორისაა „ნივეასა“ და „გარნიერის“ სახის კრემი, „სანსილკის“ კონდიციონერი, „პრესტიჟის“ თმის საღებავი და სხვა.

სახელმწიფო ვერ იბრუნებს 430 000 ლარს, მეტეოსაშუალების ზღვაში ჩაძირვით მიღებულ ზარალს 

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ზღვაში ჩაძირული მეტეოროლოგიურ-სინოპტიკური საშუალება ქერქეჭელას გამო მიყენებული ზარალის – 430 252 ლარის ანაზღაურების ალბათობა დაბალია. ზარალი სახელმწიფოს უცხოურმა კომპანიამ მიაყენა. შესაბამისად, „ის ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს“. აღნიშნული თანხა ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანია „ჰაიგმასტერს“ საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის უნდა გადაეხადა, თუმცა თანხა დღემდე გადახდილი არ არის. თანხა საქართველოს ბიუჯეტმა, ფაქტობრივად, იზარალა.

აუდიტის მიხედვით, 2007 წლის 26 მარტს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა და შპს „ჰაიგმასტერს“ შორის დაიდო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის ღირებულება შეადგენდა 331 900 აშშ დოლარს. იმავე წლის 15 ნოემბერს კი დადგინდა, რომ შესყიდული მეტეოროლოგიურ-სინოპტიკური საშუალება დაზიანდა და ზღვაში ჩაიძირა.

„აღნიშნულ ფაქტზე, სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ჰაიგმასტერს“ დაეკისრა ჰიდროგრაფიის სამსახურის სასარგებლოდ 430 252 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება. 2010 წლის სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად დაიწყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, თუმცა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული თანხა გადაუხდელია. 2016 წლის შემდეგ ორგანიზაციის [ჰიდროგრაფიული სამსახურის – ავტ.] მხრიდან აღნიშნულ საქმეზე რეაგირება არ მომხდარა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 430 252 ლარის მიღების ალბათობა დაბალია და შესაბამისად, ის ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიშში.

„მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა [საქმეში ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროც], თანხის ამოღება ვერ მოხერხდა. უცხოური კომპანია ამ თანხას, უბრალოდ არ იხდის“, – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ჰიდროგრაფიულ სამსახურში.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, ქერქეჭელა ფოთის მიმდებარე აკვატორიაში, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების დროს ჩაიძირა და მისი პოვნაც ვერ მოხერხდა. „ქერქეჭელას ამ მეტეოროლოგიური პირობებისთვის უნდა გაეძლო“, – გვითხრეს ჰიდროლოგიურ სამსახურში.

 

მთავარი ფოტო: ქერქეჭელა ბათუმთან / ფოტო: hydrography.ge

 

 

ბათუმის რივიერას საკითხზე შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას მიმართეს

საზოგადოება „ბათომმა“, მოძრაობამ – „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივამ“ შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის ხელმძღვანელს, პროფესორ დოქტორ მეჰმეტ ემინ ბირპინარს მიმართეს წერილით. ბრიფინგი ამ თემაზე დღეს, 25 სექტემბერს, გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრებმა ოფიციალური წერილი გაასაჯაროვეს. წერილში აღნიშნულია იმ ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, რაც, ორგანიზაციების განცხადებით, შავი ზღვის სანაპიროს პროექტ „რივიერა ბათუმის” განხორციელების შემთხვევაში ემუქრება.

ბრიფინგი ბათუმში

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვს შავი ზღვის კომისიის ფარგლებში, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციის ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვის პროტოკოლს, რომლის თანახმადაც საქართველო ვალდებულია აღადგინოს და დაიცვას ბუნებრივი, ისტორიული, კულტურული და ესთეტიკური  ღირებულების ლანდშაფტები. ასევე, საქართველო არ ასრულებს  შავი ზღვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას, რომლის თანახმადაც ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ მდგრადი ადამიანური განვითარება და ამისთვის დანერგონ სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი აუდიტი, ეკოლოგიური ტექნოლოგიები, საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მწვანე ტურიზმი და მდგრადი საცხოვრისი.

„ამის მკაფიო მაგალითია ბათუმში შპს „რივიერას“ მიერ დაწყებული მშენებლობა, რომლის თანახმადაც ბათუმის კონცხზე  დაგეგმილია ხუთი  ცათამბჯენის  მშენებლობა, იახტკლუბის, ხელოვნური ტბის და დამატებით 2 ჰექტარის ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის განვითარება.  5 ცათამბჯენი, ყველაზე მაღალი 57-სართულიანი და ყველაზე დაბალი 35-სართულიანი ნაგებობის მშენებლობა ზღვიდან 150 მეტრში, აგრეთვე ხელოვნური არხის შემოყვანა ხმელეთზე იახტკლუბის ლაგუნისთვის  სრულად ცვლის სანაპირო ზოლს. თუმცა  ნებართვის გაცემა ქალაქის საკრებულოს მიერ განხორციელდა ყოველგვარი გარემოსდაცვითი შესწავლის გარეშე, და საერთოდ, არ გახსენებიათ სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპების გამოყენება,“ – აღნიშნულია წერილში.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ბათუმში, და კონკრეტულად, ბათუმის კონცხის გარშემო, მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა კლიმატის ცვლილების პროცესებით, აგრეთვე მდინარე ჭოროხიდან ნატანის ჩამოტანის შეჩერების პროცესში.

მიმართვაში ვკითხულობთ:

„შავი ზღვის სანაპიროს მორფოდინამიკა ბათუმის კონცხთან საკმაოდ პრობლემატურია, როგორც ეს აღნიშნულია არაერთ ნაშრომში და რასაც არაერთი მეცნიერი ამტკიცებს, ვინაიდან, ბათუმის კონცხის აგებულებაში ქვიშა მონაწილეობს მხოლოდ როგორც შემავსებელი, დაახლოებით 10-15 %-ის ოდენობით.

ბათუმის კონცხი, ისევე როგორც სხვა აკუმულაციური კონცხები, ძალზე დინამიკურია და მგრძნობიარეა ბუნებრივი და ანთროპოგენური მოვლენების მიმართ. გაბატონებული ტალღების სამხრეთ-დასავლეთისა და დასავლეთის რუმბის ღელვების დროს, ბათუმის კონცხის წყალზედა და წყალქვეშა ფერდზე ხდება ნატანის დაგროვება, ხოლო აკუმულირებული ნატანის ჭარბი მოცულობა იკარგება დიდ სიღრმეებზე. ეს პროცესი ძალზე ნეგატიურად მოქმედებს კონცხის მდგრადობაზე – საშიში ხდება ქალაქის ამ მონაკვეთის რეკრეაციული მიზნებისათვის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ  აქ მშენებლობების განხორციელებაზე. კონცხის ტექნოგენური დატვირთვა ქმნის საშიშროებებს მეწყრული პროცესების პროვოცირებისა და განვითარების, რომელსაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი [მაგალითად, 1999 წლის 14 იანვარს, სრულიად წყნარ ამინდში მოწყდა 100 მეტრი სიგანისა და 200 მეტრის პლაჟი]. 

…არსებობს საკმაოდ დიდი ეჭვი, რომ ზღვის აკვატორიის დარეგისტრირებული მონაკვეთი, რომელიც ბათუმის პორტის ფორვატერიდან დაახლოებით 60 მეტრითაა დაშორებული, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მშენებლობის დროს ამოღებული მიწის განსათავსებლად და ამ გზით აქ ახალი ხმელეთის ნავმისადგომის მოსაწყობად.

ვინაიდან, ბათუმის კონცხის სტაბილურობა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია საქართველოს შავი ზღვისპირეთისთვის, ხოლო განაშენიანების დამტკიცებული ვარიანტისა და ახალი ნავმისადგომის მშენებლობის კუმულაციურ  ზემოქმედებას შესაძლებელია  მნიშვნელოვნად უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს როგორც ქ.ბათუმის მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოებაზე, ასევე შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე აჭარის სანაპირო ზოლში, მოგმართავთ თხოვნით:

მოსთხოვოთ საქართველოს მთავრობას:

  • შეასრულოს შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენცია და მისი ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვის პროტოკოლი (2009), ასევე შავი ზღვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა (2009);
  • უზრუნველყოს სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპებისა და მექანიზმების ამოქმედება შპს რივიერას განაშენიანების გადახედვის პროცესში
  • ვინაიდან წარმოდგენილი პროექტი თავისი მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუნიციპალური პროექტი და მოიცავს ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებზე აქტიურ ზემოქმედებას, მათ შორის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ცვლილებას,    დაიწყოს  სრულფასოვანი გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზემოქმედების შეფასების (გსზშ) პროცედურა  (შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანგარიშის მომზადება).
  • ხოლო წარმოდგენილი გსზშ-ს ანგარიშის შეფასებისთვის სახელმწიფომ მოიწვიოს გამოცდილი და სპეციფიკურად ამ პროფილის მქონე  დამოუკიდებელი უცხოური კომპანია.“

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფომ, ქონების მართვის სააგენტოს სახით, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული  ოფშორული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს.

ბათუმი რივიერაზე 5 ცათამბჯენის აშენებას „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია აპირებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი. ბათუმის მერიამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გასაცემად უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურები.  ბათუმის რივიერაზე ცათამჯენების აშენებას მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან, ბათუმში უკვე რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა რივიერაზე მშენებლობის წინააღმდეგ.

უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ასოციაციის წევრობა ადვოკატობისთვის – დავა საკონსტიტუციოში

მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც ადვოკატისთვის  სავალდებულოა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა. განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა საქმეზე არსებითი განხილვა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები პირს, რომელსაც სურს საადვოკატო საქმიანობა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებულს ხდის გაწევრიანდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, რადგან სხვაგვარად ვერ განახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. მოსარჩელის პოზიციით, ეს სამართლებრივი რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას, მეწარმეობის თავისუფლებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

„დაუშვებელია რომელიმე პროფესიული ორგანიზაციის წევრობა აიძულო ადამიანს, თავს მოახვიო საკუთარი მართლმსაჯულება, გამოუქვეყნო გადაწყვეტილებები შერჩევითი სამართლის საფუძვლით მიღებული და  ახდევინო ყოველწლიური საწევრო და მოახდინო პროფესიის სრულიად მონოპოლიზება. ეს „სამართლიანი სახელმწიფოსა“ და „სამართლიანი სასამართლოს“ პრინციპებს ღიად არღვევს და ძირს უთხრის ადამიანების თავისუფლებას  და ადვოკატის დამოუკიდებლობას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

წამებში გადარჩენილი სიცოცხლე – აორტის დისექციის ოპერაციები საერთაშორისო ჰოსპიტალ „ბაუში“

„გილოცავთ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და თქვენი მეუღლე გადარჩა“ – ამ სიტყვებს ნინო დოლიძე 9-საათიანი ოპერაციის განმავლობაში ელოდა კართან, რომლის მიღმაც მის მეუღლეს აორტის დისექციის (განშრევების) ურთულეს ოპერაციას უკეთებდნენ. პაციენტი ახლა თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან მალე გაეწერება კიდეც.

„ჩემს მეუღლეს არაფერი სტკიოდა, არც კი ვიცოდით, რომ გულის კედლები ფურცელივით ჰქონდა გათხელებული, ეს პირველად საავადმყოფოში გვითხრეს დიაგნოსტიკის შემდეგ, როცა მწვავე კრიზისითა და ტკივილებით მოვედით სასწრაფოდ კლინიკა ,,ბაუში“. ჩემს მამამთილსაც იგივე პრობლემა ჰქონდა – აორტის განშრევება, უსიმპტომოდ, ერთ დღეს კი აორტის გათხელებული კედელი გასკდა და ის ადგილზე, სახლში გარდაიცვალა. ჩემს მეუღლეს გაუმართლა – სასწრაფოდ მოვედით საავადმყოფოში, კრიზისისთანავე და ოპერაცია დროულად გაკეთდა. ჩემი ქმრის გულის ყოველი წერტილი აწყობილია. მადლობა ამ პროფესიონალიზმისთვის ქირურგს, მახირ ბალაქიშიევს, რადიოლოგს, ექოსკოპისტს, მთელ გუნდს, ვისი ძალისხმევითაც წამებში გადაწყდა სიცოცხლის საკითხი. შინ ახლა ჩვენი წლინახევრის პატარა გველოდება, რომელიც 23 წლის ლოდინის შემდეგ გაგვიჩნდა“, – ამბობს პაციენტის მეუღლე.

ნინო დოლიძე, პაციენტის მეუღლე, რომელსაც კლინიკა ,,ბაუში” აორტის დისექციის ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა სექტემბრის თვეში ბათუმის კლინიკა „ბაუში“ აორტის დისექციის 3 წარმატებული ოპერაცია გაკეთდა. ,,ბაუ“ ერთადერთი კლინიკაა აჭარაში, სადაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია აორტის დისექციით პაციენტს  ჩაუტარდეს სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაცია. სახელმწიფო სხვა კარდიოქირურგიული ოპერაციების მსგავსად ამ ოპერაციებსაც 70%-ით აფინანსებს.

აორტის დისექცია სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო მსოფლიო მასშტაბის პრობლემადაა მიჩნეული, აორტის განშრევების ოპერაცია კი ერთ-ერთი ურთულესია თანამედროვე კარდიოქირურგიაში.

კლინიკა ,,ბაუში” აორტის დისექციის ოპერაციას კარდიოქირურგი მახირ ბალაქიშიევი აკეთებს

აორტა მთავარი სისხლძარღვია და მთელ სხეულს აწვდის სისხლს. განშრევებისას აორტის შიდა შრეზე ჩნდება ნახეთქი, სისხლი შრეებს შორის ჟონავს და შედეგად სასიცოცხლო ორგანოებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა. პაციენტის გადარჩენა ამ დროს მხოლოდ დროული და პროფესიონალური ჩარევითაა შესაძლებელი.

გულსისხლძარღვთა დაავადებები და აორტის განშრევებაც ძირითადად 40-დან 60 წლამდე მამაკაცებში გვხვდება. ამ დაავადებისას ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ სიკვდილიანობა ქირურგიული ჩარევის შემთხვევაშიც კი 20 – 40% იყო. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 5-10%- მდე შემცირდა.

ჩაურევლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირველი 48 საათის განმავლობაში ყოველი საათი თითო პროცენტით ამცირებს პაციენტის გადარჩენის შანსს.

[checklist]

  • აორტის დისექცია უმეტესად ღამით, მოულოდნელად იჩენს თავს
  • ასხამს ცივი ოფლი, რასაც ხშირად მოჰყვება კოლაფსის ნიშნები
  • თუ აღმავალი აორტა განშრევდა, წესისამებრ ამას აორტის სარქველის რეგურგიტაცია მოჰყვება
  • სისხლის დიდი ნაწილი გადის აორტის შრეებს შორის და კოლტებად ლაგდება.
  • მოცირკულირე სისხლის რაოდენობა მცირდება, წნევა დაბლა იწევს და ყალიბდება ტიპური კოლაფსის და კარდიოგენური შოკის სურათი.
  • ხშირად გულის პერანგში იმდენი სისხლი გროვდება, რომ ვითარდება გულის ტამპონადა

[/checklist]

სწორედ ამიტომ არის  აორტის განშრევება ძალიან საშიში დაავადება და მისი განვითარების შემთხვევაში წუთებიც კი გადამწყვეტია. აორტის განშრევება ძირითადად ვითარდება მძიმე ტვირთის აწევის ან ჰიპერტენზიული კრიზის – წნევის მომატების დროს.

კარგი სპეციალისტებისა და თანამედროვე აპარატურის წყალობით აორტის განშრევების დიაგნოსტირება და გამოვლენა დღეს რთული აღარ არის. მთავარია, ექიმმა დროულად მიიტანოს ეჭვი პრობლემაზე.

სამწუხაროდ, დამახასიათებელი ტკივილის გამო აორტის განშრევება ხშირად ერევათ მწვავე კორონარულ სინდრომში (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი).

თუ ექიმმა დროულად იეჭვა განშრევება, პირველად გულის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო. კვალიფიციურ ექოსკოპისტს კარგი აპარატის საშუალებით უმრავლეს შემთხვევაში აორტის განშრევების დიაგნოზის დასმა არ უჭირს.

,,ბაუ“ ერთადერთი კლინიკაა აჭარაში, სადაც ნებისმიერ დროს, 24/7 შესაძლებელია აორტის დისექციით პაციენტს ჩაუტარდეს სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაცია

შსს: ავტომანქანების გაქურდვისთვის ბათუმში დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 2 პირი – 1985 წელს დაბადებული ზ.გ. და 1985 წელს დაბადებული, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ბ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.გ.-მ ბათუმში მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

რაც შეეხება რ.ბ.-ს, სამართალდამცველებმა ის იმ დროს დააკავეს, როდესაც ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილიდან ხელჩანთის მოპარვას ცდილობდა. შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების დროს, დაკავებულმა მის მიერ ჩადენილი ავტომობილის გაქურდვის რამდენიმე ფაქტიც აღიარა.

გამოძიება ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_______________

ფოტო: კადრი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან.

მთავრობისგან მიჩქმალული მეჩეთები აჭარაში, ანუ როგორ შლიან ისტორიის კვალს

რა ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი აჭარაში არსებულ ძველი და უნიკალური მეჩეთების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდებზე? – თითქმის არაფრის. აჭარის 6 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ქობულეთის მერიის ოფიციალურ გვერდზე ნახავთ  ძველი და ახალი 30 ეკლესიის შესახებ მონაცემებს. ამ ჩამონათვალის ბოლოს შეგხვდებათ ჩანაწერი ოთხი ძველი ჯამეს შესახებ: ხალას, კვირიკეს, ხუცუბნისა და დაგვას ჯამეების. სხვა  ჯამეების, თუნდაც ისტორიულის, შესახებ ინფორმაციას, რომელთა დიდი ნაწილი აჭარის მაღალმთიანეთშია, მუნიციპალიტეტების ან ტურიზმის დეპარტამენტის ინტერნეტგვერდზე ვერ იპოვით.

არა მხოლოდ საკულტო ნაგებობების, არამედ მუნიციპალიტეტების, ასევე აჭარის მთავრობის საიტებზე ისტორიის აღწერის ნაწილში ისლამური კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ ვერაფერს იპოვით. ამ პრობლემის შესახებ „ფეისბუქში“ თამთა მიქელაძე წერდა, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

„აჭარის მთავრობის გვერდზე სპეციალური გვერდი ეთმობა აჭარის ისტორიას, სადაც არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები მუსლიმი თემის და ისლამური კულტურის შესახებ და არსებითად ისტორიის ქრისტიანულ ნარატივს იმეორებს. გვერდზე ვნახავთ მსგავს ჩანაწერსაც: “XVII საუკუნეში აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს. 1609 წელს ის გათავისუფლდა და გურიის სამთავროს შეუერთდა. 1614 წელს კი კვლავ ოსმალების ხელში აღმოჩნდა და 1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად აჭარა ისევ დედა-საქართველოს დაუბრუნდა. მთელი ამ დროის მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობა თაობიდან თაობას გადასცემდა ქართულ და მართლმადიდებლურ ადათებსა და ტრადიციებს, იცავდა მშობლიურ ენას.” ადათების და ტრადიციების გადაცემის პროცესში სრულად არის იგნორირებული ისლამის მნიშვნელობა და ღირებულება.

ტურიზმის ოფიციალურ გვერდზე, აჭარის კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების მიმოხილვის დროს, ასევე არაფერია ნათქვამი ისლამურ კულტურაზე და ისტორიულ ძეგლებზე,“ – წერს თამთა მიქელაძე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა აჭარის მუნიციპალიტეტების ვებგვერდებით. მაგალითად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას არც ერთი ისტორიული თუ თანამედროვე მეჩეთის შესახებ არ აქვს ინფორმაცია განთავსებული. ამ გვერდზე განთავსებულ ტურისტულ რუკაზე კი ნახავთ ინფორმაციას ქრისტიანული ტაძრების შესახებ, მათ შორის, მშენებარე ეკლესიების, მაგალითად, სარფში „მუსლიმანთაგან წამებულ მამათა მონასტერი“.

ხელვაჩაურის მერიის ოფიციალურ გვერდზე ნახავთ ინფორმაციას ჩხუტუნეთის [მაჭახლის] ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შესახებაც. ამ გვერდზე მხოლოდ ერთი წინადადებით წერია ის, რომ შენობა, სადაც ახლა მუზეუმია განთავსებული, წინათ მეჩეთი იყო. აქ ვერ ნახავთ ინფორმაციას, როდის ააშენეს მეჩეთი, რით არის გამორჩეული, რას აჩვენებს ფერადი საღებავებით შესრულებული ორნამენტები და ასე შემდეგ.

„ჩვენ გვიდევს ინფორმაცია იმ ტაძრებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მას შევახსენეთ, რომ, მაგალითად, მშენებარე ტაძარი ვერ იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მერიას შეუძლია განათავსოს ინფორმაცია იმ საკულტო ნაგებობზეც, რომელსაც შესაძლოა არ ჰქონდეს ძეგლის სტატუსი. ჯუმბერ ვარდმანიძემ გვიპასუხა, რომ წერილობით მოგვაწოდებდა პოზიციას, თუმცა იგი არ გამოუგზავნია.

მიუხედავად იმისა, რომ ხულოში არაერთი ისტორიული მეჩეთია, მათ შორის, ხისგან აგებული, ხულოს მერიას ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ ერთი სალოცავის – სხალთის მონასტრის შესახებ არის ინფორმაცია. ძველი რელიგიური ნაგებობების შესახებ ინფორმაციას ვერც ქედისა და შუახევის ოფიციალურ ვებგვერდებზე იპოვით. მაგალითად, ისტორიული ხის მეჩეთი ქედაში, სოფელ ზუნდაგაში. ზუნდაგას სანახაობების შესახებ „ბათუმელებმა“ კითხვა 2017 წელსაც დასვა, თუმცა სამთავრობო საიტებზე ზუნდაგას მეჩეთის შესახებ ინფორმაციას ვერც ახლა ნახავთ.

ძველი მეჩეთი ზუნდაგაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ხულოს მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საიტი განახლების რეჟიმშია. აქ განმარტეს, რომ ინფორმაციას იმ მეჩეთებზე განათავსებენ, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მაგალითად, ღორჯომისა და საციხურის ჯამეების შესახებ.

იგივე თქვეს შუახევის პრესცენტრშიც. აქაც მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდი სატესტო რეჟიმშია. მერიის პრესცენტრში თქვეს, რომ ამ დრომდე მეჩეთების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ განთავსებული და არც ახლა იციან ზუსტად, რომელ მეჩეთებზე გამოაქვეყნებენ მონაცემებს.

„მე მაქვს სრული დეცენტრალიზაცია. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ. შესაბამის სამსახურში კი გვითხრეს, რომ ოქტომბრის ბოლოდან თითქმის ყველა მოქმედ მეჩეთზე ექნებათ ინფორმაცია.

ძველი მეჩეთები ტურისტულ ინტერესსაც იწვევს, თუმცა აჭარაში არსებული მეჩეთების შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინტერნეტგვერდზე ვერ იპოვით. აქ მოკლედ მხოლოდ ახოსა და კვირიკეს მეჩეთების შესახებ წერია, ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმში „ორთა ჯამეს“ ნახვა შეუძლიათ ტურისტებს.

„აჭარის ტურისტულ პორტალზე gobatumi.com-ზე განთავსებულია მხოლოდ ძირითადი ინფორმაცია რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ, ზოგადი ინფორმაცია მიმართულებებისა და ტურიზმის სახეობების შესახებ. რაც შეეხება დეტალური ინფორმაციის მიღებას ტურისტული ობიექტების, ღირსშესანიშნაობების, საკულტო ნაგებობების და ასე შემდეგ, ინტერესიდან გამომდინარე შესაძლებელია აჭარის რეგიონის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში“, – მოგვწერეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

„რელიგიური დომინაცია პოლიტიკურ, სიმბოლურ, კულტურულ და ეკონომიკურ დონეებზე იწარმოება და, როგორც წესი, ის ყველა ამ დონეზე თანადროულად ხორციელდება. მისი შედეგი დაქვემდებარებული ჯგუფის გარიყვაა, მიზანი კი, იძულებითი ასიმილაცია ან კონტროლი. სიმბოლური ველიდან აჭარაში ისლამური „კვალის წაშლის“ ეს ტენდენცია ასიმილაციური პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს, რაც დემოკრატიული და ინკლუზიური სახელმწიფოს გაგებასა და პრაქტიკაში არ თავსდება“, – მიიჩნევს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

მთავარი ფოტო: მეჩეთი სოფელ ღორჯომში, მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რა უთხრა მოსამართლემ ბათუმის ყოფილ მერს, ანუ რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ ერმაკოვს 

ზიანის ანაზღაურებაზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილ მერს – გია ერმაკოვს და კიდევ ორ ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლო პროცესზე უთხრა. საუბარია „იაფი სახლის“ პროექტზე და ბიუჯეტიდან დაკარგულ მილიონ 370 ათას ლარზე, რის გამოც პროკურატურა ბათუმის ყოფილ მერს – გია ერმაკოვს და კიდევ 6 მაღალჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამ მათგანს კი, საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავება.

დღეს, 24 სექტემბერს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მერიის ის ოთხი მაღალჩინოსანი გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან, რომლებსაც მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად.

„საფრთხეები არსებობს. ჯერ ყველა მოწმე დაკითხული არ არის,“ – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და გისოსებს მიღმა დარჩენილ გია ერმაკოვს, ეგარსლან ლომაძეს და არჩილ ვანაძეს მიმართა. მან ბრალდებულებს განუმარტა, რომ მუხლი, რომლითაც ამ სამ პირს გამოძიება ედავება, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ გია ერმაკოვს უთხრა, რომ პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდება, თუკი ზიანს, ანუ მილიონ 370 ათას ლარს, ან ამ თანხის ნაწილს მაინც აანაზღაურებს. მოსამართლემ სამ ბრალდებულს პირდაპირ უთხრა, რომ ამ კუთხით შეთანხმება ბათუმის მერიასთან, როგორც დაზარალებულ ორგანიზაციასთან, „ახალი გარემოება“ იქნება სასამართლოსთვის.

„მე 12 წელი ვცხოვრობ ამ ქალაქში. ძნელია ჩემთვის ქალაქის მერთან საქმისწარმოება. მე ნამდვილად არ მსიამოვნებს ის, რომ ქალაქის მერი იმყოფება პატიმრობაში, ან საფინანსო სამსახურის უფროსი, ან მისი მოადგილე, ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება… ახალი გარემოება შესაძლოა ჩაითვალოს შეთანხმება მერიასთან, ან ზიანის შესაძლოა ანაზღაურება. ნაწილის გადახდაც შესაძლებელია… ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ დამნაშავეები ხართ… მე არ გავალდებულებთ, რომ ეს მოქმედებები ასე უნდა განახორციელოთ, მე თქვენ განახებთ გზას, როგორ არის შესაძლებელი, სასამართლო მიუბრუნდეს ამ საკითხის განხილვას,“ – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ისაუბრა ლაშა კომახიძეზეც, რომლის წერილიც დღევანდელ პროცესზე პროკურორსა და ადვოკატებს შორის კამათის საგანი გახდა. ლაშა კომახიძემ მოსამართლეს მისწერა, რომ ის ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების წინააღმდეგი არ არის. პროკურორმა რამაზ შავაძემ კი თქვა, რომ ფული, რომელიც გაიფლანგა, ლაშა კომახიძის საკუთრება არ არის.

„მე ვერ ჩავთვლი, რომ ვინმემ მასზე ზემოქმედება მოახდინა. ბათუმის მერი არის ამ ქალაქში არჩეული თანამდებობის პირი და იგი გამოხატავს ხალხის ნებას. შესაბამისად, მისი წერილი არის ბათუმის მერიის პოზიცია. ის, როგორც დაზარალებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პატიმრობის გირაოთი შეცვლაში ვერ ხედავს პრობლემას… ის პირველი წარდგენის სხდომასაც ესწრებოდა, ეს გამოხატავდა მის პოზიციას და მოსაზრებას, როგორი იყო მისი გულისტკივილი ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლების მიმართ,“ – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

დავით მამისეიშვილმა დღეს წინასწარ პატიმრობაში დატოვა ბათუმის ყოფილი მერი გია ერმაკოვი, ასევე, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე და მერიის მუნიციპალური სერვისების, ქონების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე. დანარჩენი ოთხი მაღალჩინოსანი კი, მოსამართლემ გირაოს – თითოეული 100-100 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამავე თემაზე:

ერმაკოვი პატიმრობაში დატოვეს, 4 ყოფილი მაღალჩინოსანი კი გაათავისუფლეს

ერმაკოვი პატიმრობაში დატოვეს, 4 ყოფილი მაღალჩინოსანი კი გაათავისუფლეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა ბათუმის ყოფილი მერი გია ერმაკოვი, ასევე, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე. დანარჩენი ოთხი მაღალჩინოსანი კი, მოსამართლემ გირაოს – თითოეული 100 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ: ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე.

ბათუმის მერიის ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ბრალდებულებს შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

არჩილ ვანაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ წინასასამართლო სხდომა გაიხსენა, როცა ბრალდებულებს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრეს.

“მაშინ სასამართლომ ამაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ მოწმეები და განსაკუთრებით მერიის თანამშრომლები სასამართლოში დაკითხულნი არ იყვნენ. დღეს მათ მიცემული აქვთ უკვე ჩვენება და დარჩენილია ორი მოწმე, რომლებიც არჩილ ვანაძის საწინააღმდეგოდ არაფერს ამბობენ,” – თქვა ტარიელ კაკაბაძე.

ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ მოწმეებზე ზემოქმედება არჩილ ვანაძეს ციხიდანაც შეეძლო, რადგან მას სატელეფონო საუბრები შეზღუდული არ აქვს.

“მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა,” – დასძინა ტარიელ კაკაბაძემ.

არჩილ ვანაძის ადვოკატმა მოსამართლეს ჯანმრთელობის ცნობები გადასცა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის მცირეწლოვან შვილებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

გია ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა კი აღნიშნა, რომ ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, უპირატესობა აღკვეთი ღონისძიების მსუბუქ ფორმას უნდა მიენიჭოს. ამ ადვოკატმა ყურადღება დაზარალებულის პოზიციაზე გააკეთა, ანუ ბათუმის მერიაზე – ლაშა კომახიძის წერილი უკვე ჩაიბარა მოსამართლემ. ბათუმის მოქმედი მერი წერს, რომ ის არ არის წინააღმდეგი ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლონ.

“მართალია, დასაკითხია მერიის კიდევ ორი თანამშრომელი, მაგრამ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ისინი ცალსახად ადასტურებენ ბრალდებულების უდანაშაულობას,” – დასძინა ადვოკატმა.

“შემეძლო უცხოეთშიც წავსულიყავი,” – მიმართა მოსამართლეს ყოფილმა მერმა, გია ერმაკოვმა. მან ისაუბრა იმაზე, რომ ამ საქმის გამოძიება სამი წლის წინ დაიწყო და ზემოქმედების მოხდენა ჯერ კიდევ მაშინ შეეძლო, როცა მერის პოსტი ეკავა.

ბათუმის ყოფილმა მერმა გია ერმაკოვმა ირიბად მადლობა მოქმედ მერს – ლაშა კომახიძეს გადაუხადა.

“როცა აქედან გამოვალ, თვალებში უნდა ჩავხედო პროკურორს, მოწმეებსაც, იმასაც, ვინც სასამართლოში წერილს აგზავნის… მე ვიცი, ეს რამდენად რთულია,” – თქვა გია ერმაკოვმა.

“150 ათასი კაცის მიერ არჩეული მერის გადაწყვეტილებაა ესო, მიუთითა გუშინ სხდომაზე ადვოკატმა, როცა ბათუმის მერის წერილი გამოაგზავნეს… ეს გაფლანგული ფული არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არ იყო ბათუმის მერის თანხა. ეს ფული ზუსტად იმ 150 ათას კაცს ეკუთვნის,” – უთხრა მოსამართლეს პროკურორმა რამაზ შავაძემ.

“აქ არ ყოფილა მოქალაქე ლაშა კომახიძის განცხადება, ეს იყო ქალაქის არჩეული მერის პოზიცია,” – უპასუხა პროკურორს ერმაკოვის ადვოკატმა.

რეპლიკა ჰქონდა პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძესაც:

“მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კარგად ჩანს გია ერმაკოვის დამოკიდებულებაში, როცა თქვა მოწმეებს თვალებში უნდა ჩავხედოო,” – თქვა მან.

“არ მიგულისხმია მე ეს. მე ვთქვი, რომ ამ ქალაქში ვცხოვრობ და ვთქვი, რომ ყველასთან უნდა მქონდეს ურთიერთობა,” – თქვა ისევ გია ერმაკოვმა.

“სხვათა შორის, მოსამართლე არ გიხსენებიათ თვალებში ჩახედვაზე,” – ღიმილით მიმართა ბრალდებულ ერმაკოვს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

“რაზე უთითებთ თქვენ, როცა ამბობთ, რომ ზიანი ანაზღაურებული არ არის და ამიტომაც არ უნდა გათავისუფლდნენ ბრალდებულები პატიმრობიდან. გთხოვთ სამართლებრივი ნორმა მიგვითითოთ,” – მიმართა პროკურორ რამაზ შავაძეს ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.

პროკურორს კითხვის პასუხად კონკრეტული სამართლებრივი ნორმა არ დაუსახელებია, მაგრამ მან აქცენტი ევროსასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე  გააკეთა, სადაც, პროკურორის თქმით, ზიანის ანაზღაურება გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მთავრობა ბათუმის თევზის ბაზართან მიწას ინვესტორისთვის ამზადებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმის თევზის ბაზართან ახალი შენობის დაპროექტებას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ ეს ტერიტორია აჭარის მთავრობას ინვესტორისთვის სჭირდება. „მელკი მორიასთან“, ზღვის პირას მდებარე 834 კვ/მეტრი ტერიტორიის მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. ნაკვეთი უზუფრუქტით არის გადაცემული სააგენტოსთვის.

ტერიტორიაზე დასანგრევია შენობა, რომელშიც ადრე „საქნაპირდაცვა“ იყო განთავსებული. შენობის დემონტაჟისა და ახალი შენობის დაპროექტებაზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხელშეკრულება 87 674 ლარზე 19 ივნისს აქვს გაფორმებული. თუმცა, პროექტი შეჩერებულია, ვიდრე აჭარის მთავრობა სააგენტოს ბათუმში სხვა ტერიტორიას არ გამოუყოფს. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საქმეში ჩართულია ბათუმის მერიც.

„მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის მიზანია ბათუმში ინვესტიციების შემოდინების პოტენციალის გაძლიერება“, – აღნიშნულია ერთ-ერთ დოკუმენტში:

ამონარიდი გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის დადებული შეთანხმებიდან

კონკურსში გამარჯვებულ შპს „თბილქალაქპროექტს“ ვალდებულების შესრულების ვადის ათვლის დაწყება 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შუეჩერდა. სააგენტოსა და კომპანიას შორის ეს შეთანხმება, ერთი დღით ადრე, 2019 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა. მომდევნო დღეს კომპანიას ტენდერით აღებული ვალდებულება შესრულებული უნდა ჰქონოდა და სააგენტოსთვის სრული დოკუმენტაცია უნდა ჩაებარებინა.

„ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში და ბათუმის მერიაში ამ დრომდე ვერ გაარკვია, გაცვალეს თუ არა მიწის ნაკვეთი. პასუხი ვერც კონკურსში გამარჯვებული კომპანიიდან მივიღეთ. კითხვაზე არ გვიპასუხა ქონების ეროვნულმა სააგენტომაც, სადაც გვითხრეს, რომ პასუხს იმ შემთხვევაში გვაცნობებენ, თუ საჯარო ინფორმაციას ოფიციალურად, წერილობით გამოვითხოვთ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, თევზის ბაზართან მდებარე ტერიტორია, უზუფრუქტით, კვლავ სააგენტოს სარგებლობაშია.

ესკიზი, რომლის მიხედვითაც „მელკი მორიასთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს შენობა უნდა დაპროექტებულიყო / ფოტო საკონკურსო დოკუმენტაციიდან

ახალი შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია თავდაპირველად კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს Modern Architectural Group-ს უნდა შეედგინა. თუმცა სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლეს. საბოლოოდ, ეს კონკურსი [სადაც მომსახურების ღირებულება 49 000 ლარი იყო] დასრულდა უარყოფითი შედეგით.

კონკურსი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელახლა 24 აპრილს გამოაცხადა, ამჯერად 74 300 ლარით. სწორედ ამ კონკურსში გამოაცხადეს „თბილქალაქპროექტი“ გამარჯვებულად, რომელთანაც ხელშეკრულება დღგ-ს ჩათვლით, 87 674 ლარზე გაფორმდა.

კონკურსის პირობის მიხედვით, საპროექტო შენობებისა და ეზოს კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების მთლიანი ღირებულება  1 200 000 ლარს [+10% დასაშვებია] არ უნდა აღემატებოდეს.

სააგენტოს ახალი შენობის მშენებლობა ბათუმში დიდი ალბათობით წელს არ დაიწყება. საქართველოს მთავრობას 2019 წლის ბიუჯეტში შეაქვს ცლილებები, ამ ცვლილებების კანონპროექტში კი აღნიშნულია: „სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს იგეგმებოდა ბათუმში ლაბორატორიის მშენებლობა, თუმცა ვინაიდან შერჩეული ტერიტორიით დაინტერესდა ინვესტორი, მიმდინარეობს მუშაობა ადგილმონაცვლეობის საკითხზე და მიმდინარე წელს შესაძლებელია 1 მილიონი ლარის გამოთავისუფლება“.

ამ თემაზე:

ბათუმში თევზის ბაზართან გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ შენობას ააშენებს

Exit mobile version