მთავარი,სიახლეები

ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთის ფილიალის შენობის რეაბილიტაციას იწყებს – 5.8-მილიონიანი ტენდერი

28.12.2019
ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთის ფილიალის შენობის რეაბილიტაციას იწყებს – 5.8-მილიონიანი ტენდერი

5 მილიონ 876 ათას 164 ლარია გათვალისწინებული ქალაქ ფოთში, იმ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის, სადაც შემდგომში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი უნდა გაიხსნას. ფილიალი 1 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

ფოთში, წმინდა გიორგის ქ. N24-ში მდებარე, ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა, რომლის რეაბილიტაციაც უნდა ჩატარდეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 22 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს შეწყდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის აკადემიას 5 876 164 ლარს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ეტაპობრივად გამოუყოფს – აკადემიასა და ტენდერში გამარჯვებულ შესაბამის კონტრაქტორ კომპანიას შორის შენობის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

ბათუმის საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, ფილიალი საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული – როგორც მეზღვაურის პროფესია, ასევე საპორტო პროფესიები. მაგალითად: გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური, შედუღება, ხარატი, ამწის ოპერატორი, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი, თევზსაჭერი გემის ნავიგაცია, პორტების ლოგისტიკის ოპერირება, და ა.შ.

აკადემია აცხადებს, რომ „სასწავლებელს გააჩნია სოცილური დატვირთვაც. დღეის მდგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ფიქსირდება მაღალი ინტერესი საზღვაო პროფესიებთან მიმართებით… თუმცა, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეები სოციალურად შეჭირვებული არიან და ბათუმში საცხოვრებელ ხარჯებს ვერ ფარავენ, ამიტომ მათი ამ განათლებაზე წვდომა შეზღუდულია“.

„აქვე აღსანიშნია, რომ 2024 წლამდე თევსაჭერი ლიცენზიის მფლობელებს გააჩნიათ ვალდებულება თევზჭერა განახორციელონ ეტაპობრივად ქართული ეკიპაჟით. აღნიშნული ვალდებულება 2018-2019 წწ. 30%-ია. ლიცენზიის პირობებით კი განსაზღვრულია, რომ პირობის შესრულება დამოკიდებულია კვალიფიციური კადრების არსებობაზე, რომლებსაც შესაბამის მომზადება და წვრთნა დაჭირდება. აღნიშნულ პროცესს აკადემია უზრუნველყოფს ფოთში, რადგან სწორედ ამ რეგიონის მოსახლეობა არის ძირითადად დასაქმებული თევზსაჭერ ფლოტში. საპორტო პერსონალს ასევე მუდმივად ესაჭიროება გადამზადება, განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც კონტეინერიზაციის მაჩვენებელი აღწევს ისტორიულ მაქსიმუმს, შესაბამისად ამწის ოპერატორის, ლოჯისტიკის სპეციალისტის პროგრამებზე მოთხოვნა მაღალია.“ – აცხადებს აკადემია.

საზღვაო აკადემია ასევე აღნიშნავს, რომ „ფოთის სასწავლებელი მოემსახურება რეგიონის ლოგისტიკურ ინტერესებს და ასევე, ნაწილობრივ დაფარავს როგორც მეთევზე მეზღვაურთა, ასევე მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნას, რაც სრულად ახალი კონცეფციაა და ბათუმის სასწავლებლისგან განსხვავდება, რომელიც თავის მხრივ ორიენტირებულია ოფიცერთა შემადგენლობის მომზადებაზე“.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ მემორანდუმს ხელი 2019 წლის 5 მაისს მოაწერეს.

იმ შენობის არსებული სიტუაცია ფოთში, სადაც ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი უნდა გაიხსნას / ფოტო საპროექტო დოკუმენტიდან

შენობის ვიზუალიზაცია რეაბილიტაციის შემდგომ / რენდერი პროექტიდან

შენობის ვიზუალიზაცია რეაბილიტაციის შემდგომ / რენდერი პროექტიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: