მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

2 წლის საბას სახიფათო “მოგზაურობა” სამედიცინო ლაბირინთში

12.03.2019 • 3224
2 წლის საბას სახიფათო “მოგზაურობა” სამედიცინო ლაბირინთში

საბა ორი წლისაა. 2017 წლის მარტში დაიბადა. დაბადებიდან სამ თვეში, 2017 წლის 29 ივნისს, მას თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზი დაუსვეს. ასე დაიწყო საბას და მისი მშობლების სახიფათო “მოგზაურობა” ქართული ჯანდაცვის ლაბირინთებში.

საბას მამა, დათო რ. იხსენებს, რომ ბავშვი პირველად საქართველოში ცნობილ გულის კლინიკაში “ჯო ენში” მიიყვანეს. საბას გულის მანკის დიაგნოზიც სწორედ აქ დაუსვეს. ექიმებმა საბას მშობლებს უთხრეს, რომ პატარა პაციენტს დინამიკაში დააკვირდებოდნენ, გეგმიური ექოკარდიოსკოპიული გამოკვლევა და კარდიოლოგის კონსულტაცია კი 6 თვეში დასჭირდებოდა.

მშობლებმა გადაწყვიტეს დიაგნოზის გადამოწმება, რადგან ბავშვს სუნთქვა უჭირდა და პერიოდულად მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

პირველი დიაგნოზის დასმიდან რვა თვის მანძილზე საბას მშობლები ცდილობდნენ მეტი გაეგოთ მათი პატარას დაავადების შესახებ. იპოვეს სხვა კლინიკა, სადაც ბავშვს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. 2018 წლის ივლისში საბას მდგომარეობა დამძიმდა. გულის თანდაყოლილ კომბინირებულ მანკთან ერთად, წლის და 4 თვის ბიჭს სხვა დიაგნოზი დაუდგინდა. მშობლის თქმით, 2018 წლის ივნისიდან დღემდე საბა ნევროპათოლოგის დანიშნულებით ინსულტის სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობს.

საბას მამა, დათო რ: „ბავშვი მივიყვანე ერთ-ერთ პროფილურ კლინიკაში. დაიგეგმა ოპერაცია, უცხოეთიდან ჩამოდიოდნენ ექიმები და მზად ვიყავი მისთვის ოპერაციის გასაკეთებლად. მეუბნებოდნენ, რომ მალე უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც ეს ოპერაცია 19 555 ლარით დააფინანსა. ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე ბავშვს სიცხე მისცა, იაშვილში წავიყვანეთ, სადაც ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს. დაგეგმილი ოპერაცია ჩაიშალა და  ვერ გავუკეთეთ“.

დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლის შემდეგ, 2018 წლის  სექტემბერში, საბა მშობლებმა ისევ „ჯო ენის“ კლინიკაში მიიყვანეს. საბას მამა იხსენებს, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კლინიკიდან კლინიკაში სიარულში და ანალიზების გადამოწმებაში დრო გავიდა. „ჯო ენის“ კლინიკის მიერ საბასთვის 2018 წლის სექტემბერში დასმული დიაგნოზი მცირედით განსხვავდებოდა 2017 წლის ივნისში დასმული დიაგნოზისგან.

ექიმებმა ისევ გასცეს რეკომენდაცია დინამიკაში დაკვირვებაზე, გეგმიური ექოკარდიოსკოპიური კვლევისა და კარდიოლოგის კონსულტაციისათვის კი 6-თვიანი პერიოდი გაწერეს.

საბას მამა ამბობს, რომ ბიჭის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდებოდა. ბავშვს უჭირდა სუნთქვა, სიარული, მშობლები ხედავდნენ, რომ ბიჭი განვითარებით აშკარად ჩამორჩებოდა მის ტყუპისცალს. ამიტომ კიდევ ერთი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება გადაწყვიტეს, ამჯერად სამედიცინო კლინიკა სეუ-ში. საბას გულის მანკთან ერთად თავის ტვინის დაზიანება აღმოაჩნდა. საბას მშობლებმა საქართველოში ჩატარებული ყველა ანალიზის პასუხი შეკრიბეს და საზღვარგარეთ გაგზავნეს. მშობლებმა გადაწყვიტეს ოპერაცია საზღვარგარეთ, მრავალპროფილურ კლინიკაში გაუკეთონ. თუმცა აქ იწყება მორიგი, ფინანსური სირთულე, რომელიც საბას მშობლებისთვის დღემდე დაუძლეველ ბარიერად იქცა.

რისი ეშინია საბას მამას

საბას მამა ამბობს, რომ თურქეთის საუნივერსიტეტო კლინიკიდან მიღებული პასუხების მიხედვით, საბას, დიაგნოზიდან გამომდინარე, სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია გულზე. გარდა ამისა, განმეორებით ესაჭიროება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და  24-საათიანი ენცეფალოგრამა.

დათო რ: „საბას პირველ დიაგნოზს დაემატა სხვა გართულებები. ბავშვს ოპერაციამდე სჭირდება სრულყოფილი გამოკვლევა, დიაგნოსტირება. საქართველოში ამას ვერ მიკეთებენ. არც მაძლევენ საშუალებას, სხვაგან წავიყვანო“.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზღვარგარეთ მხოლოდ იმ ოპერაციებს აფინანსებს, რაც საქართველოში არ ტარდება. ოპერაცია, რომელიც საბას სჭირდება, ძვირადღირებულია. ოჯახს დამოუკიდებლად ამ თანხის გადახდა არ შეუძლია.

დათო რ. ამბობს, რომ „ჯო ენის კლინიკაში“, სადაც გულის მანკზე ოპერაცია კეთდება, იმ ტიპის პაციენტისთვის, როგორიც საბაა, არ არსებობს ზუსტი დიაგნოსტირების საშუალება.

დათო რ: „იცით, რატომ მინდა ბავშვი საზღვარგარეთ წავიყვანო და იქ გავუკეთო ოპერაცია? ბავშვი იყო სამი თვის, დაწერეს სამი მანკი აქვსო. ყველა ექიმი მეუბნებოდა სასწრაფოდ სჭირდება ოპერაციის გაკეთებაო. გახდა ორი წლის, გადაბერებული აქვს გული უკვე, გამოსულია მთელი ორგანიზმი მწყობრიდან და ისევ მეუბნებიან დაკვირვებას საჭიროებს დინამიკაშიო. მატყუებენ. თურქეთის საუნივერსიტეტო კლინიკიდან მომივიდა პასუხი, რომ ბავშვს სჭირდება 24-საათიანი ენცეფალოგრამა, სჭირდება მაგნიტურ რეზონანსული კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს ოპერაცია. საქართველოში კი მეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი არ უნდა და ისე გააკეთებენ ოპერაციას. მე ამაზე თანახმა არ ვარ.

ბავშვს სჭირდება გამოკვლევა, დეტალურად შემოწმება ყველაფრის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ოპერაცია. შეხედეთ, ერთი კლინიკა მიწერს, რომ ბავშვს პრობლემები აქვს თავის ტვინში. მე არ ვარ ექიმი, უბრალოდ, საბას ავადმყოფობამ ამ ორი წლის მანძილზე მაიძულა, რომ დეტალურად გამომეკვლია ჩემი შვილის დიაგნოზი. ვესაუბრე სხვადასხვა ექიმს, მათგან ვიცი, ოპერაციის დროს, ბავშვის გაჭრა რომ დაიწყება, რადგან დაზიანება აქვს ტვინში, შეიძლება ინსულტი დაემართოს ან კომაში ჩავარდეს. წინასწარ უნდა იყოს ყველა რისკი გათვლილი, დეტალურად გაწერილი, რა შემთხვევაში რას გააკეთებენ და ამასთან ეს ყველაფერი ექიმმა უნდა ამიხსნას. ამას არ აკეთებენ. მეუბნებიან, რომ გავაკეთებთ ოპერაციას და ვნახოთ. რა ვნახოთ? ასე როგორ შეიძლება?

სტატისტიკა გამოვითხოვე, ერთი წელში 70-ზე მეტი ბავშვია გარდაცვლილი კლინიკებში გულის მანკით. მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი სტატისტიკის ნაწილი გახდეს. სწორედ ამიტომ ვთხოვე კლინიკას, მოეცათ მიმართვა, რომ იმ ოპერაციას, რაც სჭირს საბას, ვერ აკეთებენ საქართველოში, წავიყვან ბავშვს აქედან და გადავარჩენ-მეთქი. ამას არ აკეთებენ.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მივმართე „ჯო ენის კლინიკის“ წინააღმდეგ. ამ მიმართვიდან მალევე, კლინიკის ხელმძღვანელმა, ავთანდილ ცინცაძემ მითხრა, რომ ჩავსულიყავი თბილისში. გამიხარდა, ეტყობა გულისხმიერი ადამიანია და ჩემი ტკივილი გულთან მიიტანა-მეთქი. ჩავედით.

ვკითხე, იძლევით გარანტიას, რომ „ჯო ენში“ ყველა აუცილებელი კვლევა და მომსახურება ჩაუტარდება ბავშვს, რომელიც მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია? დაიწყო ისევ იმის მტკიცება, რომ ბავშვს ოპერაციას გაუკეთებენ. როდესაც დეტალებში შევედი და ბევრი კითხვა დავსვი, გაბრაზდა. „ბავშვს უნდა გავუკეთო ოპერაცია და მორჩაო“.

ერთადერთ რამეს ვითხოვ, დადონ ექსპერტული დასკვნა, რომ იმ ოპერაციას, რომელიც საბას სჭირდება და ითხოვს რამდენიმე პროფილის ექიმის ჩართვას, საქართველოში აკეთებენ. თუ საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ, მომცენ მიმართვა, რომ ვერ აკეთებენ და მე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს ოპერაციის დასაფინანსებლად. ამას არ აკეთებენ.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბავშვს მიწირავენ, ოღონდ თვითონ არ დაკარგონ შემოსავალი“ .

რას ამბობს „ჯო ენის“ კლინიკის ხელმძღვანელი

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „ჯო  ენის“ კლინიკის ხელმძღვანელს. ავთანდილ ცინცაძემ სატელეფონო ინტერვიუზე უარი თქვა. ჩვენ მას შევთავაზეთ კითხვების წერილობით გაგზავნა. ავთანდილ ცინცაძემ ამ ფორმით ინტერვიუზეც უარი განაცხადა.

„მაგ პაციენტის თაობაზე სრული ინფორმაცია აქვს სამინისტროს. მათ შორის ჩემი დასკვნაც. სჯობს მიმართოთ სამინისტროს უფრო სრული ინფორმაციისათვის“, –  მოგვწერა მან სმს შეტყობინებით.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პაციენტის მამამ განცხადება დაწერა არა მკურნალობის ხარისხზე, არამედ ითხოვდა ექსპერტების დასკვნას. იმის გამო, რომ შესაბამისი ექსპერტები რეგულირების სააგენტოში არ არის, პაციენტის მამის განცხადება გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტს გამოსაკვლევად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში “ბათუმელებს” სამდღიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს რომ, “ის დამატებითი პრობლემები, გულის გარდა, რაც აქვს ბავშვს, კარდიოქირურგიულ ოპერაციას, ხელს არ უშლის”. სამინისტროს ამ დრომდე არ მიუწოდებია პაციენტის მშობლისათვის ექსპერტთა დასკვნა, რომელსაც დათო რ. ითხოვდა.

გულის მანკით გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა ციფრებში

„ბათუმელებმა“ საქსტატისგან გამოითხოვა 2015-2018 წლებში საქართველოს საავადმყოფოებში 0-4 წლის ასაკში გულის მანკით გარდაცვლილ ბავშვთა რიცხოვნობა.

საქსტატისგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 0-4 წლის ასაკის 66 ბავშვი გარდაიცვალა გულის მანკით. 2016 წელს – 40 ბავშვი, 2017 წელს კი – 74 ბავშვი. ჯამში სულ  -184 ბავშვი. ჯერჯერობით არ არის დათვლილი 2018 წელს გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებების მიერ შევსებული გარდაცვალების სამედიცინო ცნობაში მითითებულ სიკვდილის მიზეზს ეყრდნობა.

საქსტატს არ მოუწოდებია ინფორმაცია კლინიკების მიხედვით. „ბათუმელები“ საქსტატისგან ასევე ითხოვდა წარმატებით ჩატარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციასაც. უწყებაში განგვიმარტეს, რომ ამ ტიპის აღრიცხვა არ წარმოებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: