Batumelebi | სახლი, სადაც ცხოვრობდა სტალინი სახლი, სადაც ცხოვრობდა სტალინი – Batumelebi
RU | GE  

სახლი, სადაც ცხოვრობდა სტალინი

 

 

პუშკინის ქ. N 19 მდებარე სახლს, სადაც სტალინი ცხოვრობდა ანგრევენ.

 

სახლის შესახებ შედგენილ ბარათში, რომლის ავტორები ხელოვნებათმცოდნე მაია ჭიჭილეიშვილი და ძველი ბათუმის კოლექციონერი შოთა გუჯაბიძეა ვკითხულობთ:

 

 

 

სტალინის მუზეუმის ყოფილი შენობა წარმოადგენს ბელეტაჟის ტიპის ნაგებობას ეზოს მხარეს გამართული ლოჯიით. ძველი ფოტოების მიხედვით ჩანს, რომ თავდაპირველად სახლი ემყარებოდა ხიმინჯებს. მოგვიანებით ხიმინჯების დონეზე არსებული ნაწილი სარდაფის სართულად დახურეს, ხოლო აივანი შუშაბანდებში ჩასვეს. მე-19  საუკუნის 50-იანი წლებიდან შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნეს და ეზოში სკვერი გააშენეს.

ასეთი ტიპის საცხოვრებელი სახლები ძველი ბათუმის არქიტექტურაში XIX საუკუნის დასასრულიდან ვრცელდება. მის თავისებურებას წარმოადგენს ოთახების ერთმანეთის გვერდით იზოლირებულად განთავსება და მათი ორიენტირება აივნის მხარეს. შეიძლება ითქვას, რომ ნაგებობა XIX ს-ის დასასრულის “შემოსავლიანი სახლის” ერთ-ერთი ადრეული ტიპური ნიმუშია.

ასეთი გეგმის მქონე შენობები, ძველ ბათუმში, ძირითადად, გასაქირავებლად გამოიყენებოდა. სტალინის მუზეუმის ყოფილი შენობა თავდაპირველად არსებული წაგრძელებული გეგმის მქონე საცხოვრებელი ნაგებობის მხოლოდ ნაწილია.

ეზოს მხარეს აივნით ორიენტირებული შენობის ერთადერთი მხატვრული დეტალი – ხის კბილანებიანი კარნიზია, სხვა მხრივ მის შემკულობას მარტივი პროფილის კარ-სარკმელთა საპირეები შეადგენს. სახლი ნაგებია შერეული ტექნიკით – ქვითა და “ფახვერკული” (ბათუმისათვის ტიპური ე.წ. “დრანკით”) წყობით, გადახურულია კრამიტის სახურავით.

შენობას არ გააჩნია განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება, მაგრამ იგი წარმოადგენს XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი ნაგებობის ავთენტურ ნიმუშს ძველი ბათუმის განაშენიანებაში.

შენობას აქვს ისტორიული ღირებულება, რომელიც თავის მხრივ გამყარებულია XIX-XX სს-ის მიჯნის ავთენტური გარემოს შენარჩუნებით. აღსანიშნავია ის, რომ შენობა განთავსებულია ეზოს სიღრმეში და შესასვლელებითა და აივნით გახსნილია სწორედ ეზოს მხარეს, რაც, გარკვეულად გულისხმობს კურდონერის დეკორატიული მოწყობის შესაძლებლობას.

ქუჩისაკენ ეზოებით მიმართული კურდონერები ტრადიციულია ბათუმის განაშენიანებაში და სწორედ ამ თავისებურების გათვალისწინებით 50-იანი წლებიდან მუზეუმის ეზოში გაშენებული იყო დეკორატიული “სკვერი” ეგზოტიკური მცენარეებით.
სტალინის მუზეუმის ყოფილი შენობა XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი ტიპური ნიმუშია, რომელსაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს ავთენტურობა.

1936 წელს ამ შენობაში გაიხსნა და გარკვეული პერიოდულობით ფუნქციონირებდა სტალინის მუზეუმი (1936 წელს გახსნილმა მუზეუმმა 1956 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. 1964 წლიდან მუზეუმი განახლდა და 1988 წელს კვლავ დაიხურა. 1995 წლის 9 მაისს მუზეუმი ისევ გაიხსნა და 2011 წლის 12 იანვარს დაიხურა).

ამ შენობაში სტალინის მუზეუმის გახსნა განაპირობა იმან, რომ ეს იყო სახლი, სადაც ცხოვრობდა სტალინი. XIX საუკუნის დამლევს სახლი მესაათე სიმხოვიჩს ეკუთვნოდა. ამ უბანში სახლებს მეტწილად გასაქირავებლად აშენებდნენ. რამდენიმე ერთად ქირაობდა ოთახს. ყოველი მათგანი სახლის პატრონს თვიურად სამ მანეთს უხდიდა ერთი საწოლისათვის. ამ სახლის ერთ ოთახში ცხოვრობდა მანთაშევის ქარხნის მუშა კოტე კალანტაროვი და კოწია კანდელაკი.

რსდმპ თბილისის კომიტეტის დავალებით იოსებ სტალინი ბათუმში ჩამოვიდა 1901 წლის გვიან შემოდგომაზე. რადგანაც მას ბათუმში არავინ არ ჰყავდა, კარგა ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რკინიგზის სადგურში. ამის შესახებ არსებობს ჟანდარმერიის პატაკები ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის სახელზე.

1901 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სტალინი უკვე დადის პუშკინის ქუჩაზე არსებულ სიმხოვიჩის სახლში, რადგან არსებობს სტალინის თანამებრძოლების დარახველიძისა და განსაკუთრებით კალანტაროვის მოგონებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ამ სახლში სტალინთან ერთად გეგმავდნენ რევოლუციურ გამოსვლებს.

ასევე, 1902 წლის 9 მარტის ბათუმის ცნობილი მუშათა დემონსტრაცია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა, სწორედ ამ სახლში დაიგეგმა. მაგრამ ამ სახლში სტალინი სისტემატურად არ ცხოვრობდა, რადგან მას, როგორც საეჭვო პირს, პოლიცია უთვალთვალებდა და ისიც იძულებული იყო გამოეცვალა საცხოვრებელი ადგილები.

სიმხოვიჩის სახლის გარდა, სტალინი ათევდა ბარცხანაში, როტშილდის ქარხნის მუშა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ და სტალინთან ყველაზე დაახლოებულ პირთან, სილიბისტრო ლომჯარიასთან.

ლომჯარიას ბინაში ჩატარდა 1901 წლის 31 დეკემბერს შეკრება, სადაც აირჩიეს რსდმპ ბათუმის კომიტეტი. ასევე სტალინი ბათუმში ხანმოკლე ყოფნის პერიოდში ჩერდებოდა კიდევ 5 ადგილზე. ერთ-ერთი კონსპირაციული ბინა იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია და აგრეთვე, ჭაობის დასახლებაში, ახმედ ბერიძის სახლი.

სიმხოვიჩის სახლში ხშირად იმართებოდა საიდუმლო პარტიული შეკრებები. მაგ. 1902 წლის თებერვალში აქ შედგა რსდმპ ბათუმის კომიტეტის საიდუმლო შეკრება, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა ცნობილი ბოლშევიკი ფეოდოროვი და დავით ლაღიძე.

აქ ცხოვრებისას სტალინმა ჩამოაყალიბა რამდენიმე არალეგალური სოციალ-დემოკრატიული წრე, რომლებსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. აქვე მომზადდა ამ წრის პირველი არალეგალური კონფერენცია.

ამ სახლში ინახებოდა სტამბა, რომელიც 1902 წლის დამდეგს გამართა ბათუმის კომიტეტმა.

ოთახი, სადაც სტალინი ცხოვრობდა, 14 კვ. მეტრია. ოთახში იდგა ხის სამი საწოლი, ერთი უჯრიანი ძველი მაგიდა, რომლის თავზე კედელზე თუნუქის პატარა ლამპა ეკიდა. ოთახში იდგა ოთხი ხის სკამი და ნავთქურა.

მუზეუმში დაცული იყო 400-მდე ექსპონატი და 2000-მდე წიგნადი ფონდი. ექსპონატები გადატანილია ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში.
2013 წლის 18 ივლისისთვის სტალინის სახლი შენარჩუნებულია პირვანდელი სახით.

 

2014 წლის 9 მარტი.  სახლს, სადაც სტალინი ცხოვობდა, ანგრევენ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"