რას (არ)ასწავლიან სკოლებში პრორუსი ტროლების არმიაზე

რა არის დეზინფორმაცია, პროპაგანდა და როგორ უნდა განასხვაონ ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან ბავშვებმა – ამ თემაზე ქართულ საჯარო სკოლებში თითქმის არ მიმდინარეობს სწავლება. სკოლები არ ფლობენ ინსტრუმენტებს, რაც დაეხმარება როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ეს საკითხი არც სასწავლო კურიკულუმებშია წარმოდგენილი. რა გამოწვევებზე საუბრობენ მასწავლებლები, მოსწავლეები და რაში ითხოვენ ისინი დახმარებას?

რა იციან ბავშვებმა დეზინფორმაციაზე და რას ასწავლიან სკოლაში?

მარიტა 13 წლისაა, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-8ბ კლასში სწავლობს და ამბობს, რომ მისთვის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გარჩევა საკმაოდ რთულია. „როცა ძალიან მაინტერესებს რაღაც, სიმართლეა თუ არა, ვცდილობ მშობლებთან გადავამოწმო, ან ისევ გუგლში“, – გვეუბნება ის.

გუგლი არის უდიდესი საძიებო სისტემა, სადაც მომხმარებელს წვდომა აქვს როგორც ყალბ, ასევე სანდო წყაროებთან.

„ძალიან მინდა ვიცოდე ამ წყაროების შესახებ და სიამოვნებით დავესწრებოდი ტრენინგებს, სადაც ამას მასწავლიან“, – ამბობს მარიტა.

თუ რას სწავლობენ დეზინფორმაციისგან თავის დასაცავად, ამაზე მე-10 კლასელ მოსწავლეებსაც ვესაუბრეთ. სერგი მიიჩნევს, რომ ინფორმაცია, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს, სხვასთან უნდა გადაამოწმო. მაგრამ ვინ შეიძლება იყოს ეს „სხვა“? – სერგი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს google.

„ჩაწერ იმ ინფორმაციას, რაც გაინტერსებს და ნახავ, ვინ რას წერს. რამდენი კომენტარი აქვს და ა.შ.“- გვეუბნება ის. როგორც სერგი, ასევე მისი თანაკლასელები ფიქრობენ, რომ არ აქვთ ცოდნა ყალბი ინფორმაციის გადასამოწმებლად. „სამწუხაროდ არ ვიცით“, – გვეუბნებიან ისინი.

ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მირანდა გორგოშიძე ამბობს, რომ სახელმძღვანელოში მედიის თემას ორი პარაგრაფი ეთმობა, რაც 4-5 გაკვეთილს გულისხმობს.

არის თუ არა ეს დრო საკმარისი ისეთი აქტუალური საკითხისთვის, როგორიცაა დეზინფორმაციასთან ბრძოლა? – მირანდა გორგოშიძე ამბობს, რომ ყველაფერი მასწავლებლის მოხერხებაზეა დამოკიდებული. მთავარია, მოსწავლემ იცოდეს ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, რაც ეხმარება ბავშვს გაარჩიოს დეზინფორმაცია და სინამდვილე.

„მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა დაიტოვოს სათავისოდ და რას არ მიაქციოს ყურადღება. ვმუშაობთ საგაზეთო სტატიებზე, სადაც მოსწავლეები მონიშნავენ ფაქტს და მოსაზრებას, ასევე ვაძლევთ დავალებას, მოისმინონ თუ როგორ გაშუქდა ერთი და იგივე ამბავი სხვადასხვა მედიაში, შემდეგ სკოლაში ამას ვაანალიზებთ“.

პედაგოგი ამბობს, რომ მეათეკლასელებს ჟურნალისტური ეთიკის კოდექსიდან გარკვეულ პუნქტებსაც აცნობს, რომელიც ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქებას ეხება. „ბავშვები ეძებენ ისეთ სიუჟეტებს, სტატიებს, სადაც არ იყო დაცული სტანდარტი. სწორედ ეს ეხმარება მათ გაარჩიონ, სანდოა თუ არა ინფორმაცია, ტენდენციურია თუ არა ჟურნალისტი“.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის საილუსტრაციოდ მირანდა გორგოშიძეს ბოშების შესახებ სტატია მოჰყავს, რომელიც სკოლის სახელმძღვანელოშია შესული.

საგაზეთო სტატიაში ავტორი ბოშებზე სიძულვილის ენით საუბრობს და ხელს უწყობს ბოშებთან დაკავშირებული სტერეოტიპების გაღრმავებას.

„მოსწავლეებმა სტატიის წაკითხვის შემდეგ დასვეს კითხვები იმაზე, თუ რა არგუმენტები აკლდა სტატიას. დაინახეს, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და არგუმენტები ჟურნალისტის მხრიდან წარმოდგენილი.

მოსწავლეები წავიდნენ გელაურში, სადაც ბოშების დასახლებაა, გაესაუბრნენ თანატოლებს, ჩაიწერეს მათთან ინტერვიუები და გაიგეს, რომ ბოშებსაც აინტერესებთ სწავლა, დადიან სკოლაში და არ არიან ისეთები, როგორც სტატიაში ჰყავდათ წარმოჩენილი – ქურდები, აგრესიულები და ა.შ. ვფიქრობ, ასეთი თემები ეხმარება მოსწავლეს გაარჩიოს დეზინფორმაცია და რეალური ამბავი“, – გვეუბნება პედაგოგი.

ერთი შეხედვით, თითქოს სისტემა აწყობილია, თუმცა მეორეს მხრივ, ბავშვებთან უშუალო კომუნიკაცია სხვა რეალობას აჩვენებს. მაგალითად, პირველ საჯარო სკოლაში, სადაც  მოსწავლეებს ასევე დეზინფორმაციასა და პროპაგანდის შესახებ ვკითხეთ, უჭირთ ისეთ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა რუსული პროპაგანდა, ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებული ყალბი ამბები…

როგორც მეათე, ასევე მეშვიდეკლასელი მოსწავლეები ამბობენ, რომ მათ ნაკლებად აინტერესებთ პოლიტიკური თუ სოციალური თემები, სამაგიეროდ აღელვებთ კიბერუსაფრთხოება და ყალბი ანგარიშები FB-ზე, რადგან სწორედ აქედან გრძნობენ საფრთხეებს.

„დეზინფორმაცია რა არის?“ – გვეკითხება ერთ-ერთი მეშვიდეკლასელი. მისი თანაკლასელი ბიჭი კი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის საქართველო ევროკავშირშია თუ არა ან „ქართული პოლიცია ევროპულია თუ არა, რომელმაც 15 წლის ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანა“.

მეშვიდეკლასელი ლუკა ამბობს, რომ ევროკავშირში ყოფნა „ნამდვილად არ არის ცუდი, რადგან ევროკავშირი ძლიერია. თუ იქ ვიქნებით, უფრო დაცული იქნება ჩვენი საზღვრები. ნატოც დაგვიცავს და რუსეთი ვეღარ დაგვიპყრობს“, – გვეუბნება ის.

რა იცი, რომ ეს ასეა? – ვეკითხებით ლუკას. ის ამბობს, რომ ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებში ხშირად საუბრობენ და ამის სჯერა.

დეზინფორმაციაზე საუბრისას ერთ-ერთმა მოსწავლემ თურქეთი ახსენა – „როგორც ვიცი, იქ სკოლებში ასწავლიან, აჭარა  ჩვენი ტერიტორიააო“. ბავშვებს ვკითხეთ, რა წყაროებიდან იღებენ საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე ინფორმაციას და გადაამოწმეს თუ არა ვთქვათ, ეს საკითხი რომელიმე სარწმუნო მედიაში. როგორც აღმოჩნდა, ასეთ საკითხებში ბავშვები, ფაქტობრივად, ინფორმირებული არ არიან.

მე-7 კლასელი მოსწავლეები ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ინფორმაცია სანდო წყაროების შესახებ
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ყალბი ანგარიშები და ვებგვერდები სოციალურ ქსელებში

მეშვიდეკლასელი ანანო ელექტრონული ბიბლიოთეკის ხშირი მომხმარებელია და წიგნებსაც იწერს. გვიყვება, რომ ჰქონდა შემთხვევა, როცა წიგნის გამოწერისას რაღაც ბმულზე გადავიდა და პირადი მონაცემები შეიყვანა. „რეგისტრაციის შემდეგ ამ გვერდიდან ვიღაც მწერდა და შეხვედრას მთხოვდა. როცა უარი მივწერე, მუქარა დაიწყო. ტელეფონი გამოვრთე და ნომერი ახლობელს მივეცი. აღმოჩნდა, რომ ჩემს ნომერზე რეკვას და შანტაჟს აგრძელებდა“.

ანანო მიხვდა, რომ სახიფათო ვებგვერდზე აღმოჩნდა, რამაც ის საფრთხის წინაშე დააყენა. ანანოს თანაკლასელი დავითი ინტერნეტში ფულის გამოძალვის მცდელობას იხსენებს. „ბიძაჩემის ფოტო ეყენა ქავერზე, ჩატში მომწერა და ფული მომთხოვა, მასესხეო. მივხვდი, რომ ფეიკი იყო და დავბლოკე“.

11 წლის ნიკოლოზი იხსენებს  შემთხვევას, როცა შეცდომით დარეგისტრირდა გაცნობის გვერდზე. „მწერდნენ სასიყვარულო მესიჯებს, მთხოვდნენ შეხვედრას და მიგზავნიდნენ ფოტოებს“. ინტერნეტ საფრთხეებზე საუბრობს რებეკაც. ამბობს, რომ უცნობი პირი შეხვედრას სთხოვდა და არწმუნებდა, რომ მისი პარალელური კლასელი იყო. „არცერთი ჩემი პარალელური კლასელი არ ჰყავდა მეგობრებში, მივხვდი რომ მატყუებდა“.

ბავშვები ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ უფრო მეტი ცოდნა, როგორ დაიცვან თავი ყალბი ინფორმაციისგან, ასევე ყალბი ანგარიშებიდან გამომდინარე საფრთხეებისგან. „სიამოვნებით დავესწრებოდით მსგავს ტრენინგებს“, – გვეუბნებიან ბავშვები.

დეზინფორმაციის მიზანი არის სიძულვილი, გარკვეულ ჯგუფების დაპირისპირება და საზოგადოებრივი აზრის იქეთკენ მიმართვა, რაც პროპაგანდის მანქანას სურს.

ყალბი ამბები გავლენას ახდენს აზრის ფორმირებაზე და გარკვეულ შეხედულებებს უყალიბებს ადამიანებს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე – პოლიტიკურ თუ კულტურულ პროცესებზე. რუსეთი ამ გზით ცდილობს შეაჩეროს პოსტსაბჭოთა ქვეყნების სწრაფვა ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ, განსაკუთრებით ახალ თაობაში გააჩინოს შიშები დასავლური კულტურის და ღირებულებების მიმართ, რომ ამით შეძლოს ამ ქვეყნების საზოგადოების კონტროლი.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი სკოლებში დაინერგოს ყალბი ამბების ამოსაცნობი ტესტები, სხვადასხა თამაში და ინსტრუმენტი, რომ ბავშვებმა გაიაზრონ რა არის მიზანმიმართული ტყუილი და ჩამოყალიბდნენ თავისუფალ, კრიტიკულად მოაზროვე მოქალაქეებად. სწორედ ეს შესძლო ფინეთმა, როცა შექმნა ყალბი ახალი ამბების საწინააღმდეგო სტრატეგია.

ფინეთში ბავშვებისა და მოზარდების განათლებისთვის სისტემის შექმნაზე სტატიას CNN-ი აქვეყნებს, სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ გაიმარჯვა ფინეთმა ყალბ ამბებთან ომში, რომ ფინური გამოცდილება „შესაძლოა გადამწყვეტი იყოს დასავლური დემოკრატიისთვის“.

ბათუმის პირველი საჯარო სკოლა
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ფინეთმა ყალბ ამბებთან საბრძოლველად ქვეყანაში ამერიკელი ექსპერტების ჯგუფი მიიწვია, რომლებმაც შეიმუშავეს სტრატეგია რუსული ტროლების არმიასთან საბრძოლველად, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში.

საუბარია მეთოდებზე, რომელიც გამოყენებულია მკითხველის მოსატყუებლად სოციალურ მედიაში. დეზინფორმაციისთვის ტროლები ახდენენ ვიდეო-ფოტოს მანიპულაციას, ავრცელებენ ნახევრად სიმართლეს, ქმნიან ყალბ პროფილებს, მიმართავენ დაშინებას და ა.შ.

სქემაში, რომელიც ბავშვებს ასწავლის ბოტების ამოცნობას, საუბარია დეტალებზე, რომელსაც გადამოწმების დროს უნდა მიაქციო ყურადღება. მაგალითად, რამდენი პოსტი აქვს პირს გამოქვეყნებული დღეში, შეამოწმონ თარგმანის სიზუსტე, პირადი ინფორმაციის ნაკლებობა და ა.შ.

ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები ფინელებმა შეიტანეს როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი სასწავლო პროგრამების კურიკულუმში.

ფინეთის მთავრობა ახორციელებს პროექტებს, რომელიც ასწავლის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და, ზოგადად, მოქალაქეებს რუსული დეზინფორმაციისგან დაცვას. მაგალითად, ერთ-ერთი კურსი ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ, ფინეთის მთავრობამ 2014 წელს წამოიწყო, რომელიც რუსეთის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევას ეხებოდა.

ახლახანს ფინურ სკოლებში დაარსდა ე.წ FactBar, ანუ ფაქტების გადამოწმების სააგენტო, ციფრული სახელმძღვანელო, რომელიც დაწყებითი და მაღალი საფეხურის მოსწავლეებს აძლევს ცოდნას ევროკავშირის არჩევნების შესახებ, რომელსაც სხვა ევროპული ქვეყნებიც იზიარებენ.

ფინეთში დეზინფორმაციასთან ბრძოლას ამარტივებს ის, რომ საზოგადოება ენდობა მედიას. – 2018 წელს მედიის ნდობის ინდექსით ფინეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში. დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ფინეთს ისიც ეხმარება, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალია წიგნიერების ინდექსი. წყაროს მიხედვით, ფინეთში წლის განმავლობაში 5.5 მილიონი ადამიანი 68 მილიონ წიგნს კითხულობს. ფინეთს, ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე აქვს ყველაზე მაღალი ქულა PISA-ს კვლევის მიხედვით წიგნიერებაში.

 

მე-7 კლასის სახელმძღვანელო „მოქალაქეობა“

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? – სკოლებში, მოსწავლეებთან გასაუბრებამ აჩვენა, რომ ბავშვებს არ აქვთ ნათელი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ და რა ღირებულებების მატარებელია ის. ბავშვებისთვის ასევე ბუნდოვანია, რა ფორმით ეწევა რუსეთი საქართველოში ანტიდასავლურ და ანტიევროპულ საინფორმაციო კამპანიას.

ლელა ბორჩხაძე, რომელიც საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ახალ საგანს – „მოქალაქეობას“ ასწავლის, ამბობს, სახელმძღვანელოში დეზინფორმაციის საკითხი ცალკე თემად არ არის შესული. წიგნში, რომელსაც ინტერვიუს დროს გვაჩვენებს, მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა ინტერნეტდამოკიდებულებაზე და ასევე სტატისტიკა, თუ როგორ გაიზარდა ინტერნეტის მოხმარება წლების მიხედვით.

პედაგოგის აზრით, კარგი იქნებოდა სახელმძღვანელოებში უფრო მეტად იყოს გაშლილი კიბერუსაფრთხოების, დეზონფორმაციის თუ პროპაგანდის საკითხები. მათ შორის დაბალ საფეხურზე, რადგან „უფროსკლასელებს არაფორმალური განათლება ეხმარება რაღაც მაინც რომ გაიგონ დეზინფორმაციაზე, ვიდრე პატარებს“. ლელა ბორჩხაძე მიიჩნევს, რომ ცნობიერების ამაღლებაში ბავშვებს და პედაგოგებსაც არასამთავრობო სექტორიც უნდა დაეხმაროს.

ვინ ეხმარება სკოლას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში?არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 2019 წლის სექტემბრიდან საჯარო სკოლებში დეზინფორმაციასა და ყალბი ნიუსების ამოცნობაში ეხმარება მოსწავლეებს. პროექტი 40 საგანმანათლებლო დისკუსიას ითვალისწინებს, 30 დისკუსია სოფლის, 10 დისკუსია კი ქალაქის სკოლებში ჩატარდება.

დისკუსიების მოდერატორი სალომე ფუტკარაძე ამბობს, რომ მოსწავლეებს აუხსნიან მექანიზმს, თუ როგორ მზადდება ყალბი ინფორმაცია და ვინ შეიძლება იყოს სამიზნე აუდიტორია. „რამდენიმე დისკუსია უკვე ჩავატარეთ, სადაც ბავშვებს ვასწავლით სანდო წყაროების მოძიებას, სადაც შეძლებენ ინფორმაციის გადამოწმებას. სამწუხაროდ, სკოლებს არ აქვთ სტრატეგია როგორ ებრძოლონ ყალბ ინფორმაციებს.

ჩვენს დისკუსიებს ესწრებიან მასწავლებლებიც და გამოხატავენ გაკვირვებას, როცა ვუხსნით, როგორ შეიძლება შემოგვაპარონ პროპაგანდა ან დეზინფორმაცია“, – ამბობს სალომე ფუტკარაძე.

სალომე ამბობს, რომ ტრენინგების შემდეგ იყო შემთხვევები, როცა მოსწავლეები მასთან ცდილობდნენ ინფორმაციის გადამოწმებას. „მსოფლიო ჩემპიონ ნინო ოძელაშვილზე გავრცელდა ნიუსი, თითქოს ის შეჯიბრებიდან ჯვრის ტარების გამო მოხსნეს. დეზინფორმაციის მიზანი იყო შეცდომაში შეეყვანათ ადამიანები და ეთქვათ: „აი, როგორ ებრძვიან ევროპაში ჩვენს იდენტობას, ტრადიციებს“. სინამდვილეში, წესები მოითხოვს, რომ სპორტსმენს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ნივთი შეჯიბრის დროს“.

სალომეს აზრით, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ოჯახის ფაქტორიც – თუ ოჯახში ძირითადად უყურებენ პროპაგანდისტულ საინფორმაციო საშუალებებს, მათ ზეგავლენას ბავშვებიც განიცდიან. „თუ მშობელი უყურებს მედიას, სადაც ადამიანის უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე სიძულვილის ენით საუბრობენ, ბავშვებზეც აისახება ეს გავლენა“.

რუსული პროპაგანდა მუშაობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ, როცა აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ უარის თქმა მოუწევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ამ ყველაფერზე  სკოლებში ფაქტობრივად არ მსჯელობენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com