მთავარი,სიახლეები

ფრონტერა საქართველოს $3,5 მილიარდის ანაზღაურებას სთხოვს – დავა ჰააგაში

27.12.2019 • 6721
ფრონტერა საქართველოს $3,5 მილიარდის ანაზღაურებას სთხოვს – დავა ჰააგაში

უცხოური კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს სახელმწიფო კომპანიისგან და სააგენტოსგან 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დავა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 2018 წლის 15 იანვარს მიმართეს.

კორპორაცია და სააგენტო ამერიკულ კომპანიას ხელშეკრულების დარღვევას ედავება. უცხოური კომპანია კი შეგებებულ სარჩელში მიუთითებს, რომ კორპორაციისა და სააგენტოს მიერ ამავე ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაზარალდა.

„ფრონტერასთან“ [Frontera Resources Georgia Corporation] ხელშეკრულება, ნავთობისა და გაზის პროდუქციის წილობრივ განაწილებაზე, 1997 წელს გაფორმდა. ეს ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია. ვინაიდან დავა საარბიტრაჟო სასამართლოშია, დეტალებზე კორპორაციაში არ საუბრობენ. „ბათუმელებმა“ დავასთან დაკავშირებული ინფორმაცია სხვადასხვა დოკუმენტის მიხედვით მოიძია.

„ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორს ევალება ათვისების ფართობს გარეთ არსებული საკონტრაქტო ტერიტორიის 100%-ის დაბრუნება, ძებნა-ძიების მეორე ფაზის დასრულებამდე… აღნიშნული ვალდებულება უგულებელყოფილი იქნა კონტრაქტორის მიერ, რასთან დაკავშირებითაც მას გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება კორპორაციის მიერ. აღნიშნულის საპასუხოდ, კონტრაქტორმა უარი განაცხადა საკონტრაქტო ტერიტორიის დაბრუნებაზე“, – განმარტავს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

სახელმწიფო კომპანიების სარჩელს „ფრონტერამ“ შეგებებული სარჩელით უპასუხა და თავისი მოთხოვნებიც წარადგინა:

„მათგან ყველაზე არსებითია მოთხოვნა 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც საკონტრაქტო ფართობზე ვითომდა აღმოჩენილი გაზისა და ნავთობის უზარმაზარი რეზერვების ათვისებისთვის „სააგენტოს“ და „კორპორაციის“ მიერ თითქოსდა ხელის შეშლას უკავშირდება. გარდა ამისა, „კონტრაქტორი“ ითხოვს მის მიერ გადახდილი დღგ-ს და აქციზის თანხების [3,5 მილიონი აშშ დოლარი] და საკონტრაქტო ფართობის ზოგიერთ უბანზე უფლებების მოპოვებასთან დაკავშირებით გაწეული იურიდიული ხარჯების [7,4 ათასი აშშ დოლარი] ანაზღაურებას“, – აცხადებს „კორპორაცია“.

„ფრონტერამ მოითხოვა 3,5 მილიარდი აშშ დოლარი, როგორც დაკარგული მოგება 2012 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში, სახელმწიფო კორპორაციასა და სააგენტოს მხრიდან ხელშეკრულების კონკრეტული პირობების დარღვევების გამო“, – აღნიშნულია კორპორაციის 2018 წლის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში.

ფრონტერა“ 1996 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. კომპანიამ საქმიანობა საქართველოში 1997 წლიდან დაიწყო. ის აწარმოებს კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში [კახეთში], XII სალიცენზიო ბლოკზე, რისთვისაც საქართველოში დააფუძნა ოპერატორი კომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“.

ნავთობისა და გაზის ძებნაძიებისა და მოპოვების სალიცენზიო ბლოკების რუკა

წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ამ რუკაზე „ფრონტერას“ სალიცენზიო ტერიტორია აღნიშნულია ყვითელი ფერით. კორპორაციის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, კომპანიამ სწორედ ამ ტერიტორიის 99% უნდა დააბრუნოს უკან.

კორპორაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე მეთოდურად მიმდინარეობდეს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება, პერსპექტიული საბადოების აღმოჩენა, შესაბამისი ინვესტიციების განხორციელება და ნავთობისა და გაზის მოპოვება: „ამ კუთხით ერთ-ერთ პერსპექტიულ საკონტრაქტო ფართობზე კი [XII ბლოკი], „ფრონტერა“ ფლობს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებებს, რომელიც შესაბამის ლიცენზიასთან ერთად, რეგულირდება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით“.

„თუმცა კონტრაქტორი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ათვისების ფართობის მიღმა არსებული საკონტრაქტო ფართობის 100%-ის დაბრუნების ნაწილში. ამით სახელმწიფოს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. როგორც „სააგენტო“ აღნიშნავს თავის წერილში, კონტრაქტორის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, აღნიშნული ფართობი კანონით დადგენილი წესით შეთავაზებული იქნებოდა ახალი ინვესტორებისთვის, ეს კი სხვასთან ერთად, სახელმწიფოსთვის დამატებითი ფინანსური შემოსავლების [ბონუსი და სხვა] მომტანიც იქნებოდა“, – აცხადებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

კორპორაციის ინფორმაციით, „ფრონტერასთან“ ურთიერთობების მოგვარებისა და პოტენციური „დავის“ გადაწყვეტის გონივრულ ვადად მიჩნეული იყო 2019 წლის დეკემბერი, თუმცა აღნიშნული ვარაუდი ვერ გამართლდა სხვადასხვა გარემოების გამო.

იურიდიულ მომსახურებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას კომპანია Hogan Lovells International LLP-ი უწევს, რომელთანაც ხელშეკრულება, დოკუმენტების მიხედვით, 7.4 მლიონ აშშ დოლარზეა გაფორმებული.

ვინაიდან საარბიტრაჟო დავა დროში გაჭიანურდა, კორპორაცია, Hogan Lovells International LLP-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გაზრდას 2020 წლის ივლისამდე ითხოვს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

სახელმწიფო კორპორაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება არ გამოიწვევს ამ ხელშეკრულების თანხის გაზრდას.“

საკონტრაქტო ფართობის დაბრუნების გარდა, „კორპორაცია და სააგენტო  ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას, მათ შორის ფულად კომპენსაციას, ნავთობის განაწილების და ტერიტორიის დაბრუნების ვალდებულებების დარღვევისთვის და კორპორაციის მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ანაზღაურებას, რომელიც არ იყო ანაზღაურებული „ფრონტერას“ მიერ“.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 100%-იანი წილის მფლობელი 2012 წლის ზაფხულიდან არის სს „საპარტნიორო ფონდი“, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. კორპორაციას მართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და „ფრონტერა“ კი სხვა კომპანიაში პარტნიორებიც არიან. 2019 წლის ნოემბრის რეესტრის ამონაწერით, შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 50% წილს კორპორაცია ფლობს, დანარჩენ 50%-ს კი – „ფრონტერა“.

„ფრონტერამ“ კუთვნილი 50% სხვა კომპანიას გადასცა, თუმცა, საჯარო რეესტრმა წილის გადაცემა არ დაარეგისტრირა.

კახეთში მომუშავე „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 84 დასაქმებული 11 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც უხელფასოდ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. ისინი დახმარებას სახელმწიფოსგან ელიან.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია კი, რომელიც ამ კომპანიის 50%-ს ფლობს, აცხადებს, რომ კომპანიის საქმიანობაში ვერ ერევა და არც შესაძლო დარღვევების აღმოფხვრის შესაძლებლობა აქვს.

„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა კომპანია „ფრონტერას“ თუმცა, კომპანიის ტელეფონზე არავინ პასუხობს.

2014 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ რაზე დაყრდნობით ამბობდა „ფრონტერა“, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოჩნდა: „ეს არის ძველი საბადო, რომელსაც „მწარე ხევის“ საბადო ჰქვია და საბჭოთა კავშირის [სსრკ–ს] დროს არის აღმოჩენილი“.

კორპორაციაში მაშინ ასევე აცხადებდნენ, რომ როცა „ფრონტერამ“ საბადოზე ბურღვითი სამუშაოები დაიწყო, უწყებაში და საქართველოს მთავრობაში წარადგინა დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულ ჭაბურღილზე მხოლოდ 23 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის დამტკიცებული მარაგი მოიაზრებოდა: “ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ამ 23 მილიონ კუბურ მეტრსაც დასაბუთება სჭირდებოდა“.

კომპანია „ფრონტერამ“ 2015 წელს კი განაცხადა, რომ კახეთში 3.8 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი იყო. მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ სამინისტროს კომპანიისაგან კახეთში ახალი სამუშაოების დაწყების თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

„აი ფაქტის“ ინფორმაციით, „ფრონტერა“ არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც აცხადებდა, რომ გაზის დიდ მარაგებს პოულობდნენ, თუმცა ამოღებული გაზის რაოდენობა არასოდეს ემთხვეოდა კომპანიის მიერ გამოცხადებული რესურსის ოდენობას.

2017 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გამოეხმაურა „ამერიკელი კონგრესმენების ტედ პოსა და გეინ გრინის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც კონგრესმენები საუბრობენ საქართველოში კომპანია „Frontera Resources“ საქმიანობის შესახებ“.

„ქართული მხარე მოქმედებს [„ფრონტერასთან“ გაფორმებული] ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით და ამასთან, მოითხოვს „ფრონტერას“ მხრიდან მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას. გავრცელებული ინფორმაცია კომპანია „ფრონტერას“ ინტერესების სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არასწორია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოითხოვს მხარეების მიერ კონფიდენციალურობის პირობების დაცვას, ამიტომ მოკლებული ვართ დამატებითი დეტალების გასაჯაროების შესაძლებლობას“, – აღნიშნული იყო სააგენტოს მაშინდელ განცხადებაში.

2019 წლის იანვარში „აი ფაქტი“ წერდა, რომ „ფრონტერა რესურსი“ ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან (AIM) მოიხსნა.

მთავარი ფოტო: „მწარე ხევის“ ველი, ფოტო: fronteraresources

გადაბეჭდვის წესი


ასევე: