მთავარი,სიახლეები

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – 15 კილომეტრი გარეგანათების გარეშე

14.07.2019 • 2817
არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – 15 კილომეტრი გარეგანათების გარეშე

ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 13 ივლისს, მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კი კრიტიკულია. 

გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კმ/სთ-ია, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. გზის სიგრძე 31,7 კილომეტრია და ის სრულად 2018 წლის 25 ივნისს გაიხსნა. ამ გზის ქობულეთიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი კი, დღემდე გაუნათებელია.

გარეგანათება აქ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სინოჰიდრომ“ უნდა დაამონტაჟოს, რომელმაც ეს გზა ააშენა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „სინოჰიდროს“, სადაც გვითხრეს, რომ მათ ჰყავთ ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც დაწყებული აქვს გარეგანათების მონტაჟი აღნიშნულ გზაზე. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, „გარეგანათების სამონტაჟო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და სამ თვეში დასრულდება.“

ქობულეთის შემოვლითი გზის შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარას მიმდებარე ტერიტორიამდე მონაკვეთის განათებისთვის კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 373 235 ლარი იყო გამოყოფილი და ამ მონაკვეთზე გარგანათების მონტაჟი 2019 წლის აპრილში დასრულდა.

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ახალი გზა სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა. ექსპერტები კი კონკრეტულ ტექნიკურ მოთხოვნებზე საუბრობდნენ, რომლის შესრულებაც გზაზე მოძრაობას შედარებით უსაფრთხოს ხდის. ეს მოთხოვნები [განათება, გამყოფი ზოლი და სხვა] ამ ეტაპზე ქობულეთის შემოვლით გზაზე შესრულებული არ არის.

გელა კვაშილავა, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი, „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ: „რადგან გზა ორზოლიანია, ხოლო მოძრაობის დაშვებული სიჩქარე 90 კმ/სთ, არსებობს სერიოზული რისკები. პირველ რიგში, ზოლებს შორის უნდა არსებობდეს გამყოფი ბარიერი.“

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე გამყოფი ზოლი იმ შემთხვევაში მოეწყობა, თუ მოძრაობის ზოლების დამატების საჭიროება იქნება.

[red_box]ამ თემაზე: ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება[/red_box]

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხშირი ავარიების გამო ქუთაისის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანი იყო, მალევე გახადა ცალმხრივი [ეს გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა]. მოგვიანებით კი გადაწყდა, რომ ეს გზა ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთებულიყო, რისთვისაც არსებული ორზოლიანი გზის პარალელურად დამატებით ახალი ორზოლიანი გზა აშენდება.

რაც შეეხება კამერებს ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები 2018 წლის 23 აგვისტოდან ამოქმედდა: „აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული“.

მძღოლებისთვის, რომლებიც ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობენ, პოტენციურ საფრთხეს პირუტყვიც წარმოადგენს.

[red_box]ამ თემაზე: პირუტყვი ახალ შემოვლით გზაზე – არის თუ არა გადაადგილება უსაფრთხო[/red_box]

განახლებული ინფორმაცია: აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 14 ივლისს, ბათუმში გარდაიცვალა 6 წლის ბიჭი, რომლის მშობლებიც გუშინ ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. დაღუპული ცოლ-ქმრის კიდევ ერთი შვილი – 5 წლის ბავშვი, რომელიც ასევე ავარიაში მოჰყვა, თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: