მთავარი,სიახლეები

მუფთის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ მის დაშინებას ცდილობენ

27.12.2019 • 1955
მუფთის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ მის დაშინებას ცდილობენ

მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, სრულიად საქართველოს ყოფილი მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მრჩეველი თემურ გორგაძე ამბობს, რომ მის დაშინებას ცდილობენ.  „ბათუმელებმა“ თემურ გორგაძეს მომხდარი ფაქტის დეტალები გამოკითხა.

„გუშინ, 26 დეკემბერს, ძველ ბათუმში, დაახლოებით ოთხი საათისკენ, საქმე მქონდა და მანქანას ვაპარკინგებდი. პატარა ადგილი იყო, ძლივს ჩავაყენე მანქანა. ამ დროს გვერდით ამომიდგა შავი მანქანა,ზუსტი მოდელი არ ვიცი, ტოიოტა ქამრის მივამსგავსე. შუშა ჩამოწია, მძღოლის გვერდით მჯდომმა რაღაც მომაძახა „…დააყენეო“. პირველი სიტყვა ვერ გავიგონე და ვიფიქრე, რომ მანქანის დაყენებაზე მითხრა, ვიფიქრე, რომ ალბათ უკან მელოდა და შევაწუხე. მადლობა, ძლივს ჩავაყენე-მეთქი.

თურმე მაგას კი არ მეუბნებოდა, გამიმეორა – „ტრაკი დააყენეო. ძალიან ცანცარებ და ხომ იცი ყველაფერი ვიცით და ყველაფერს ვხედავთო“. უცებ ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა.

ვერ მივხვდი, ვინ ხარ, რა გინდა ვერ გავიგე-მეთქი.

„რაც გითხარი ის ხომ გაიგეო. დანარჩენი საჭირო აღარ არიო, რომ არ გაიგო, ისეც შეიძლებაო“. აწია შუშა, დააწვა გაზს და მოძრაობის საპირისპირო  მიმართულებით წავიდა,“ – გვიყვება გუშინდელი დღის დეტალებს თემურ გორგაძე.

მეორე შემთხვევა, თემურ გორგაძეს ასევე გუშინ, 26 დეკემბერს, საკუთარ სახლთან ჰქონდა.

„ეზოში საღამოს  მანქანას ვაჩერებდი. პოლიცია მოვიდა. ვინც მიცნობს ყველამ იცის, პირველი რასაც ვაკეთებ, მანქანაში ჩაჯდომისას ღვედს ვიკეთებ. ჩვევად მაქვს. პატრული რომ მოვიდა, ღვედი რატომ არ გიკეთიაო. თან ღვედზე მიყურებდა. გამეცინა. ალკოტესტი გამატარეს. სიტყვიერი გაფრთხილება დამიწერეს და წავიდნენ,“ – ამბობს თემურ გორგაძე.

კითხვაზე, 25 დეკემბერს საქართველოს მუფთის არჩევნების შესახებ თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს ხომ არ უკავშირებთ ამ ამბავს, მუფთის ყოფილი მრჩეველი პასუხობს, რომ – „შესაძლოა“.

„დამთხვევა შეიძლება იყოს? მაგრამ არ მჯერა ასეთი დამთხვევის. რაღა მაინც და მაინც გუშინ მოუნდათ ჩემი შეშინება? ადრე ხუთი-ექვსი წლის წინ დამსდევდნენ მანქანები, მაგრამ რამდენიმე წელია აღარ შემიმჩნევია ასეთი საქციელი. არც მანქანები დამსდევს. მშვიდად ვიყავი. ახლაც მშვიდად ვარ. არ არის მარტივი ჩემი შეშინება,“ – ამბობს თემურ გორგაძე.

რა მოხდა მუფთის არჩევნებზე

2019 წლის 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მეჯლისმა ახალი მუფთი აირჩია. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე იქნება. მუფთად არჩევამდე ადამ შანთაძე ბოლო ოთხი მუფთის მოადგილე იყო.

მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომლებმა თქვეს, რომ „არჩევნები სუსმა ჩაატარა“. პროტესტის  ნიშნად თანამდებობა დატოვეს მუფთის მრჩეველმა თემურ გორგაძემ, სამუფთოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რეზო მიქელაძემ, რომელიც სამმართველოში განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და სამუფთოს პრესსამსახურმა ოთარ ნადირაძემ.

თემურ გორგაძემ და რეზო მიქელაძემ ჟურნალისტებთან ღიად ისაუბრეს, რომ საარჩევნო პროცესი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო მართული.

რას აპროტესტებენ სამუფთოს ყოფილი თანამშრომლები

სამუფთოს ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი აპროტესტებენ არა ადამ შანთაძის მუფთად არჩევას, არამედ ფორმას, თუ როგორ აირჩიეს ის.

თემურ გორგაძის თქმით, 2011 წელს მუსლიმთა სამმართველო დააფუძნა მაშინდელმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა. კუდ-ის გაუქმების შემდეგ არაფორმალური მმართველობა გადაიბარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი). გორგაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ერევა მუსლიმების საქმეში და მათ შორის, მუფთის არჩევნებშიც.

„როგორ ვიკადრო და როგორ ჩავიწერო, მაგრამ პირად საუბრებში ყველა ლაპარაკობს ამის შესახებ, არავინ არაფერს მალავს. მაგალითად, ლაპარაკობენ, რომ სუს-ში არსებობს რელიგიის განყოფილება. მათგან წამოსულ მითითებებს ორნაირად ეძახიან -„სახელმწიფომ ასე გადაწყვიტა“ ან „უსაფრთხოებამ ასე გადაწყვიტა“. იქ (სუსის რელიგიის განყოფილებაში) არიან ვიღაცა ტიპები, რომლებსაც აქვთ ამ ჩვენებთან (მეჯლისის წევრებთან) კონტაქტი. ასე ხდება წლებია. ჩვენთვის ჩვეულებრივი რუტინა იყო ეს ამბავი. ყველამ ვიცით სისტემა როგორ იმართება.

35 წლის ვარ. ხუთი მუფთი მინახავს. ადამ შანთაძე იყო ბოლო ოთხი მუფთის მოადგილე. პატივს ვცემ, განათლებული კაცია. ჩემი გულწრფელი აზრით, არამარტო შემსრულებელია (სუს-ის მითითებების), არამედ მსხვერპლიცაა.

ადამ შანთაძის საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს. შეეძლო თვითონ მისულიყო მეჯლისის წევრებთან, თანამშრომლებთან და ეთქვა – მე მინდა მუფთი გავხდე. დღესაც შემიძლია ორივე ხელით მხარი დავუჭირო ნებისმიერ კანდიდატურას, მათ შორის ადამსაც, ოღონდ ვინმეს ზემოდან დარეკვით კი არა, არამედ მართლა რომ მოუნდეს ვიღაცას მუფთობა. ადგეს, თავის მეგობრებს,  მრევლს, მეჯლისის წევრებს აუხსნას. უთხრას, მე მუფთობა მინდა, ამის ამის გაკეთებას ვაპირებ და თუ დამიჭერთ მხარს. ეს რომ ასე ხდებოდეს, არავინ იქნება წინააღმდეგი. ჩვენი პროტესტი გამოიწვია ზუსტად ამან. არჩევნების წინა საღამოს ჩაის ვსვამდი ადამ შანთაძესთან ერთად, სიტყვა არ უთქვამს, რომ მუფთობას აპირებდა,“ – ამბობს თემურ გორგაძე.

___

ამავე თემაზე: 

„მუფთად ადამ შანთაძე აირჩია სუსმა და არა მეჯლისმა“ – დაპირისპირება სამუფთოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: