Batumelebi | ტურიზმის სააგენტო 325 000 ლარს დახარჯავს საახალწლო კონცერტებში გოდერძიზე, ქობულეთსა და ბათუმში ტურიზმის სააგენტო 325 000 ლარს დახარჯავს საახალწლო კონცერტებში გოდერძიზე, ქობულეთსა და ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

ტურიზმის სააგენტო 325 000 ლარს დახარჯავს საახალწლო კონცერტებში გოდერძიზე, ქობულეთსა და ბათუმში

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ზამთრის და საახალწლო ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს კურორტ გოდერძიზე, ქობულეთსა და ბათუმში, რისთვისაც 325 ათას 845 ლარს დახარჯავს. ღონისძიებების ორგანიზების მომსახურებას სააგენტო ტენდერის გარეშე აპირებს, რის შესახებაც შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

სააგენტოს ინფორმაციით, დაგეგმილია ქართული თანამედროვე და კლასიკური მუსიკის კონცერტები, ელექტრონული მუსიკა, ასევე, სხვადასხვა გასართობი და სარეკლამო აქტივობები:

  • კურორტ გოდერძიზე – 28 დეკემბერს [1 დღე],
  • ქობულეთში – 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით [7 დღე].
  • ბათუმში – 31 დეკემბერს [1 დღე].

ღონისძიებების ორგანიზება მოიცავს: მონაწილეთა ჰონორარებს, ტრანსპორტირებას, განთავსებას, საორგანიზაციო ხარჯებს, დეკორაციებს, განათებას და ა.შ.

„აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო თანხის მობილიზება მოხდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში არსებული ეკონომიების საფუძველზე. ამასთან, არსებული ეკონომიების საკმაოდ დიდი ნაწილის შესახებ სწორედ მიმდინარე წლის ნოემბრის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი. 2019 წლის 13 დეკემბერს განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების შედეგად ღონისძიებას დაემატა დამატებითი სახსრები მასშტაბური ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით. გამომდინარე აქედან, ამ ღონისძიების შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი“, – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

ამავე განაცხადში, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მიუთითებს, რომ მასშტაბური საახალწლო და ზამთრის ღონისძიებების ორგანიზება პროგრამით არ იყო გათვალისწინებული, შესაბამისად, ბიუჯეტში არ იყო ასახული ღონისძიების დასაფინანსებლად საჭირო თანხაც:

„სააგენტოს საახალწლო ღონისძიებების დაგეგმვისა და საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობის შესახებ ეცნობა 4 ნოემბერს, რომლის შემდგომაც დაიწყო მუშაობა ღონისძიების დაგეგმვასა და საორგანიზაციო საკითხებზე, ხოლო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით თანხმობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ იქნა 2 დეკემბერს“.

დოკუმენტების მიხედვით, 2019 წლის ბიუჯეტის მუხლში – „რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე“ – გათვალისწინებული იყო 5 478 400 ლარი, რომელიც 2019 წლის 13 დეკემბერს შემცირდა 275 846 ლარით. ეს თანხა კი დაემატა მუხლს – „ტურისტული პროდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია“. ძირითადად ეს თანხა მოხმარდება საახალწლო ღონისძიებებს.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით:

  • „კურორტ გოდერძიზე, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად აქტიურად ვითარდება, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მაინც დამსვენებლების ნაკლებობა რჩება, ამიტომაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და სტიმულირების მიზნით კურორტ გოდერძიზე საახალწლო მასშტაბური ღონისძიების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების მოზიდვას, ისე კურორტის პოპულარიზაციას.
  • ქობულეთი ტურისტული ქალაქია, განიცდის კულტურული ღონისძიებების ნაკლებობას, ამიტომაც მნიშვნელოვანია ბათუმთან ერთად მოხდეს ქობულეთის, მეორე საზღვაო ტურისტული ქალაქის გააქტიურება.
  • ბათუმში, რადგან წელს ახალი წლის ღონისძიება იგეგმება ბულვარის ტერიტორიაზე, იქნება გამორჩეული და ტურიზმის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია ღონისძიების მასშტაბების გაზრდა“.

საახალწლო ღონისძიებების ჩატარებასა თუ ქალაქის გაფორმებაში ჩართულნი არიან ასევე ქალაქ ბათუმის მერიის სამსახურები, ბათუმის ბულვარი და სხვა ორგანიზაციები. ახალი წლის ღონისძიებებისთვის ჯამში, ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან, მიმდინარე წელს 1,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ამ თემაზე: 

1 მილიონს გადააჭარბა ბათუმში საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა თანხამ 

მთავარი ფოტო: კურორტი გოდერძი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com